16.10.2024

კუზიანს საფლავი გაასწორებს

2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ისეთივე დაძაბული იქნება, როგორიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მაშინ ოპოზიციამ ჩათვალა, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტის ნიშნად უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე.

ნახევარი წელი მოანდომეს აშშ-სა და ევროკავშირის დიპლომატებმა ხელისუფლება-ოპოზიციის დროებით შერიგებას, ევროკავშირის მაღალჩინოსნის შარლ მიშლის პირადი ჩართულობით, რომელიც რამდენჯერმე ეწვია თბილისს.

ევროკავშირმა დაზავების დოკუმენტიც შექმნა, რომელსაც ხელი მოაწერეს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. დოკუმენტის მიხედვით, ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლება თუ ვერ დააგროვებდა 43%, დანიშნავდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

43%-იანი ბარიერი გახდა დაპირისპირებულ მხარეთა, მათთან ერთად საზოგადოების ისეთი ინტერესის გამომწვევი, როგორიც არასდროს ჰქონია ადგილობრივ არჩევნებს. არჩევნებისადმი ინტერესის გაღვივებას ხელი შეუწყო ეუთოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევნების დაკვირვების სურვილის გაჟღერებამაც.

2 ოქტომბრის არჩევნების დამკვირვებელთა სოლიდური რაოდენობა თავისთავად მეტყველებდა, რომ ადგილობრივი არჩევნები, თავისი მნიშვნელობით გაცილებით მეტი იქნებოდა, თუნდაც ისეთი, როგორიც საპარლამენტო არჩევნებია. მას ისეთი ელფერი დაჰკრავდა, როგორიც ოპოზიციამ შეარქვა — რეფერენდუმი.

2 ოქტომბრის არჩევნებს არა მარტო გამარჯვებულის გამოვლინება ევალებოდა, არამედ იმის გამოცნობაც, რამდენად აქვს ამომრჩეველს მმართველი „ოცნებისადმი“ ნდობა; სურს თუ არა მას კვლავ იხილოს „ოცნება“ ხელისუფლებაში.

მმართველმა „ოცნებამ“, შექმნილი ვითარება გააანალიზა და თვალნათლივ წარმოიდგინა დამარცხებულის როლში საკუთარი თავი — შესაბამისი შედეგებით. შედეგი კი, მისი აზრით „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება იქნებოდა, პარტიის — რეპრესიებით ცნობილის, განსაკუთრებით მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების მიმართ, რომ აღარაფერი ვთქვათ საზოგადოებაზე, ბიზნესზე.

მიუხედავად ნაცთა მტკიცებისა, რომ ისინი, ისეთები აღარ იქნებიან, როგორებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყვნენ, არც „ოცნებამ“ და არც საზოგადოების ნაწილმა, განსაკუთრებით რეპრესირებულმა არ დაიჯერეს — მგლის, კრავად გადაქცევა. შეშინებულებს, არც ნაცთა დიდი ბელადის სააკაშვილის განცხადებამ მოგვარა შვება — დაშვებული შეცდომების გაუმეორებლობის თაობაზე.

„ოცნების“ ბობოლებმა, გარდა ციხის კამერებისა, 9 წლის განმავლობაში მოხვეჭილი უძრავ-მოძრავი ქონების წაგლეჯვის პერსპექტივაც დაინახეს, რაც ავადმოსასმენ საუნდტრეკად გასდევდა ნაცთა 9-წლიან ბატონობას.  დაინახეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები რადაც არ უნდა დაჯდომოდათ — უნდა მოეგოთ.

პირველი ნაბიჯი 2 ოქტომბრამდე გადაიდგა, როდესაც „ოცნებამ“ ცალმხრივად მიატოვა შარლ მიშლის დოკუმენტი, განაცხადა რა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში ნული პროცენტის მიღების შემთხვევაშიც, „ოცნება“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავდა.

„ოცნების“ ლიდერთა გამაღიზიანებელმა განცხადებებმა, დაზავების დოკუმენტის ფეხებზე დაკიდებამ, დასავლეთის ნეგატიური ლექსიკით მოხსენიებამ, ევროატლანტიკური კურსისადმი შეურიგებელ ქართველ ფსევდო პატრიოტთა შორის არნახული, ლამის რევოლუციური აღმაფრენა გამოიწვია, რასაც შიგადაშიგ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ნავთს ასხამდნენ.

გაიხსენეთ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის, მინისტრ წულუკიანის, თბილისის მერის კალაძის, სხვათა მიერ დასავლელი პარტნიორების მიმართ გაკეთებული უკმეხი, ყოველგვარ დიპლომატიას, თუნდაც პოლიტიკურ ზრდილობას მოკლებული განცხადებები, დაახლოებით ასეთი — მან თავის ქვეყანას მიხედოს, ჩვენ ვიცით ჩვენი საქმე. ან ევროპარლამენტარი ჩვენი უფროსი არ არის, ჩვენი უფროსი ქართველი ხალხია და ა.შ.

რამ გამოიწვია ესოდენ დიდი ფერიცვალება? ვინ აიძულა „ოცნების“ ხელისუფლება დატაკებოდა დასავლეთს?

ხელისუფლება, რომელიც 9 წლის განმავლობაში ფულს არ ზოგავდა თავის გასაპოღი ვაზელინის შესაძენად, რათა დასავლელთა ანალურ არხში ეკრა თავი, უეცრად უარს ამბობს 30-წლიან ტრადიციაზე — ჩამოყალიბებულს ე.წ. დამოუკიდებლად ცხოვრების ჟამს, ბატონს ეწინააღმდეგება და არა მარტო, მის მიერ გამოყოფილ 75 მილიონ ევროს დახმარებაზეც უარს აცხადებს, იბუტება, სიამაყის პოზაში დგება — თქვენი ფული არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ, მუყაითი შრომის შედეგად ჭარბი ფული გამოვიმუშავეთ ჩვენი ბიუჯეტისთვისო და ა.შ.

კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა — ვინ არის ის ადამიანი, ვინც მშიშარა „ქოცური“ მთავრობა „ამაყ“, „უდრეკ“ „პატრიოტად“ აქცია?

მგონი, კითხვის გარეშეც ცნობილია იმ ადამიანის სახელი და გვარი — ბიძინა ივანიშვილი. მის გარეშე „ოცნება“ ნაბიჯსაც არ დგამს, არათუ დასავლეთის ლანძღვას  მიჰყოფს ხელს. ახლა დავსვათ კითხვა, რამ აიძულა ბიძინა საკუთარი ჯიბის ხელისუფლებისთვის ანტიდასავლური დირექტივის გაცემაში?

2 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების და ნაცთა ხელისუფლებაში შემობრუნების შიშმა. შიშმა დაავიწყა მას და მასზე დაქვემდებარებულ ხელისუფლებას შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლაც, დასავლელი პოლიტიკოსების გამონათქვამებზე უკმეხი პასუხების გაცემაც და რაც მთავარია 2 ოქტომბრის არჩევნების თავის ჭკუაზე ჩატარებაც — ყველა იმ მეთოდის, ხერხის გამოყენებით, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი დონის არჩევნებში ბოლო 30 წლის განმავლობაში.

რა ჰქვია ასეთ არჩევნებს? ის, რაც ოპოზიციამ გასული ერთი წლის წინათ შეარქვა — სიყალბე!

სიყალბე, რომელიც მანამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებში იყო მთავარი მიზანი  ნებისმიერი ხელისუფლებისა და რომელიც ძველებური სიზუსტით განხორციელდა გასული, 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში. 2 ოქტომბერს ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ადმინისტრაციული რესურსი და დადო ის პროცენტი (47%), რომელიც მას ათავისუფლებს იძულებითი ვადამდელი არჩევნების ჩატარებისგან.

როგორ ჩატარდა 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები, თითქოს ვიცით — „ოცნების“ 47%-იანი გამარჯვებით. თუმცა უამრავი კითხვა ჩნდება და მასთან ერთად გაყალბების ფაქტებიც, რაც მშვიდი ცხოვრების საწინდარი არ არის.

ვითარების დაძაბვას 30 ოქტომბრის გამეორებითი არჩევნების გამართვის შემდეგ უნდა ველოდეთ, მანამდე კი „დავტკბეთ“ საქართველოში აკრედიტებული აშშ-ს საელჩოს განცხადებით, რომელიც მან 2 ოქტომბრის არჩევნებს  მიუძღვნა. ამ განცხადებიდან ამონარიდები — ერთობ შემაშფოთებელი და მიუღებელი დემოკრატიული არჩევნებისთვის, წინა წერილში გაგაცანით და ვისაც სურვილი გაუჩნდება, შეუძლია იქ წაიკითხოს.

30 ოქტომბრის გამეორებითი არჩევნების შედეგების მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებას“ წყალი შეუდგა, რაშიც თვით ის არის დამნაშავე და არა სხვა, მითუმეტეს დასავლეთი. „ოცნებას“, რომ 2012 წელს გაცემული დაპირებებიდან მცირედი, სინამდვილედ ექცია, ვინ გაიხსენებდა „ნაცებს“?

გაიხსენებდნენ ცოტანი. დღეს, ის ლამის მოსახლეობის 30%-მა გაიხსენა. ნებისმიერ ქვეყანაში ამომრჩევლის 30%-იანი მხარდაჭერა ნიშნავს პარტიის სიცოცხლისუნარიანობას და არა დეგრადაციას.

2 ოქტომბერმა „ნაცების“ აღიარება დააკანონა. ცხადია, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის შექმნილი რეალობა ტანში ჟრუანტელის და შიშის მომგვარელია, მაგრამ რა გაეწყობა? ამომრჩეველმა, რომელიც 2 უბედურების წინაშე დადგა, ხმა მისცა მისსავე სულთამხუთავ „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინაიდან „ოცნება“ და ივანიშვილი ნაცებზე მეტად სულთამხუთავად შეაფასა — რეტროსპექტულად გაიხსენა რა მათი 9-წლიანი „მოღვაწეობა“, რომლის დროს მხოლოდ ერთს ჰქონდა ადგილი — არაფერი ხალხს, ყველაფერი საკუთარ კუჭს. დღევანდელი, შეადარა 9 წლის წინანდელ სააკაშვილის მმართველობას და მივიდა დასკვნამდე, რომ ის ჯობდა.

დამოუკიდებლად ცხოვრების 30-წლიანმა პერიოდმა თუ რამ გვასწავლა ისაა, ხალხის ფართო მხარდაჭერით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკოსები, როგორ იფუჭებენ საკუთარ რეპუტაციას, „მგზნებარე“ პატრიოტობიდან, როგორ იქცევიან მგზნებარე კორუფციონერებად, ხალხის კეთილდღეობისთვის მებრძოლები, როგორ ხდებიან საკუთარი კეთილდღეობის მებრძოლებად.

მოდით დავუსვათ კითხვა ღარიბაშვილს, წულუკიანს, სხვებს და საზოგადოების „პატრიოტულ“ ნაწილს — აშშ-ა დაგავალათ საკუთარი სასახლეების აშენება — საცურაო აუზებით, ჩოქბურთის კორტებით, საქეიფო დარბაზებით, … ; აშშ-ა გიკარნახათ ბრიყვი, უცოდინარი მინისტრების ჭიკაიძის, გომელაურის, ტიკარაძის, ლილუაშვილის, …, რომელი ერთი ჩამოვთვალო, დანიშვნა?

ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიტიკოსების, ბიზნესმენების მიერ სიმდიდრისა და ფუფუნების დემონსტრირება სასირცხვო საქმეა. აქ — საამაყო, მისაბაძი. მექსიკელი მილიარდერი, ბიძინაზე 20-ჯერ მდიდარი კარლოს სლიმი „კუზიანი“ „ფოლკსვაგენით“ დადის და არა ავტობუსისხელა შავი „ჯიპით“. სიეტლში მცხოვრები მილიარდერების ორსართულიანი, მოკრძალებული ვილები ერთად აღებული, ახლოსაც ვერ მივა ბიზნესმენ ფხაკაძის უკიდეგანო ან ივანიშვილის არაერთ სასახლესთან!

ამომრჩეველს, რომელსაც პურის ყიდვაც კი უჭირს, ძნელია დააჯერო, რომ ცალ-ცალი კალოშით პოლიტიკაში („ოცნებაში“) მოსული მავანი, თავისი შრომით და ბებია-ბაბუის დანატოვები ფულით გახდა მილიონერი. ცხადია, მას არც ნაცები ეხატება გულზე, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავს.

ქოცთა ცხრაწლიანმა მმართველობამ მოიტანა ესოდენ „საამური“, გაუსაძლისი ცხოვრება, რომელშიც „დამნაშავე“ აშშ-ია და მასთან ერთად ევროკავშირი, მანამდე კი რუსეთი იყო თავისი კრემლით და პუტინით?! ქართველობა არაფერ შუაში ვართ — ღმერთის წილხვედრი ხალხი და ქვეყანა?!

საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრეს“ მაგონებს. მაინც რა სიზუსტით აღწერა გადამთიელმა ის ვითარება, რომელიც ასერიგ შეეფერება ჩვენს დღევანდელობას?!

შეიძლება თუ არა საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი, გაუყალბებელი, დემოკრატგიული არჩევნები?

30-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა გაჭირდება. დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, დემოკრატიულად აღზრდილი ამომრჩეველი, ხალხი და ამ ხალხის წიაღიდან გამოსული ხელისუფლება სჭირდება.

ხელისუფლება, რომელიც ცას არ გამოეკიდება და ხალხის დანაპირებს პირნათლად შეასრულებს, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში აუხსნის იმ მიზეზთა შესახებ, რამაც არ მისცა მას დაპირების შესრულების შესაძლებლობა; ხელისუფლება, რომელიც პატარა შეცდომის გამო ბოდიშის მოხდით გადადგება და გზას მისცემს სხვას, თუნდაც ოპოზიციას. ამის მაგალითი სულ ახლახანს ვიხილეთ ავსტრიის კანცლერის კურცის შემთხვევაში. ჩვენთვის სასაცილო მიზეზის გამო ის გადადგა.

კურცი უნიკალური არ არის. ევროპელი პოლიტიკოსები კურცის მსგავსი მენტალიტეტით დამუხტულები, სისტემატურად დგამენ ასეთ ნაბიჯს და რატომ? იმიტომ, რომ იციან ამომრჩევლები მაინც არ აპატიებენ და იძულებას, ნებაყოფლობითობას ამჯობინებენ.

საქართველომ ხელი მოაწერა „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება“-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც მაინც უნდა გადაეღო იქიდან. და ეს „რაღაც“, უპირველეს ყოვლისა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაა, რომლის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ გამართულ სახელმწიფო მმართველობით სისტემაზე, არაკორუმპირებულ სასამართლოზე, პატიოსან ბიზნესზე და ა.შ.

ყალბი არჩევნები თავიდანვე გვიკარნახებს კორუმპირებული ხელისუფლების მოსვლას, კორუმპირებულ სასამართლო სისტემას, ხალხის მძარცველი ბიზნესის ბოგინს, ხელისუფლებისა და ბიზნესის „საამურ“ კოჰაბიტაციას და ა.შ.

ყოველივე ამის შესახებ არის აღნიშნული აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. ყოველივე ამის თაობაზე რახანია ჩაგვიჩიჩინებენ ამერიკა-ევროპა, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ კი ერთიდაიგივეს ვიმეორებთ ბოლო 30 წლის განმავლობაში.

კუზიანს საფლავი გაასწორებსო, ისეა ჩვენი საქმე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

13/10/2021