26.12.2024

ნუ გადავაქცევთ სამშობლოს ტკბილი სადღეგრძელოების ნაკრძალად

ეკონომიკურად, სოციალურად, მორალურად, დემოგრაფიულად გავერანებულ საქართველოში ისეთი ვითარებაა, ისტორიულ მომხდურსაც რომ დააღონებდა. ძნელად მოიძებნება თანამედროვე მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც საქართველოს მსგავსი პრობლემებით დახუნძლული, უდარდელად უყურებდეს მის თავს დატრიალებულ მოვლენებს — ხმას არ იღებდეს მათზე, პირიქით ხოტბას ასხამდეს იმათ, ვინც ზემოჩამოთვლილი „სიკეთეები“ მოუტანა.

უპირველესად სოციალური პრობლემები მაქვს მხედველობაში — შიმშილის, უსახსრობის, უმუშევრობის, სიღარიბის პრობლემები. ასეთი ხომ იქაც არის, იმ დემოკრატიულ და განვითარებულ დასავლეთშიო, იტყვიან. არის, მაგრამ არა ამ მასშტაბით, არა პერმანენტულად მრავალი წლით, ისე, როგორც აქ — 30 წლით. არის, მაგრამ მოკლე ვადით და რომ ეს არ იყოს, ხალხის გამოსვლები, დემონსტრაციებიც არის კატეგორიული მოთხოვნით — ვითარების გაუმჯობესება დღეს და ახლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის გადადგომა.

ქართველთა გასაგონად, თვალის ასახელად ვამბობ — ხელისუფლების ცვლა სულაც არ ნიშნავს ქვეყნის ტრაგედიას. ქვეყნის ტრაგედია უვარგისი, ხელმრუდე, ცუდი ხელისუფლებისთვის მხარდაჭერაა, მასზე უარესის არ მოსვლის შიშით. ხელისუფლების ეს პრიმიტიული პოლიტიკური „ფილოსოფია“, რომელიც ასევე პრიმიტიულ მოსაზრებას ეფუძნება — არ აგვირჩევთ, თქვენი მწამებელი დაბრუნდება, შესანიშნავად ჭრის თანამედროვე ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებულ ხალხზე და ხარბი, თავხედი ხელისუფლების, ქვეყნის სათავეში ხანგრძლივი ყოფნის გარანტია ხდება.

ხელისუფლების მიმართ საქართველოს მოსახლეობის აღუშფოთველობის მიზეზი მრავალია, თუმცა მათ შორის სიდუხჭირეს აქვს პირველობა დაპყრობილი. მშიერი კაცი ფიქრობს მხოლოდ ერთზე — თავის გამოკვებაზე, საკუთარი თავისა და ოჯახისთვის ლუკმა-პურის შოვნაზე. მას სხვა საკითხებზე ფიქრის თავი არ აქვს, მითუმეტეს მაღალ მატერიებზე, თუმცა ჩემს მიერ ზემოჩამოთვლილ პრობლემებს „მაღალ მატერიად“ ვერ შევაფასებ — ადამიანის არსებობისთვის მინიმალური პირობების შექმნა „მაღალ მატერიებს“ არ განეკუთვნება.

რა დრო დაუდგა 30 წლის წინანდელ საქართველოს — სოციალისტურ ქვეყანას, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფს!? 30 წლის წინათ ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოში მცხოვრებს ლუკმა-პურის შოვნის პრობლემები შეექმნებოდა?! ვის ან რას მივაწეროთ ყოველივე?

სხვას არავის, მხოლოდ საკუთარ თავს და ჩვენს მიერ არჩეულ ხელისუფლებას, 30 წლის განმავლობაში რომ ღლიტავს ქვეყანას საკუთარი კუჭისთვის. სწორედ ხელისუფლებამ, უფრო სწორად ხელისუფლებებმა აიძულეს ხალხი იფიქროს მხოლოდ ლუკმა-პურზე და არა სხვაზე. ის, რომ ხალხი სხვაზე არ ფიქრობს — სახეზეა, თუმცა არის რაღაც ისეთი, რომელიც მას აღიზიანებს და აღგზნებული, კედელს ეხეთქება, ცხადია არა ყველა, არა მრავლობით რიცხვში, მაგრამ მაინც.

გინდ ხუმრობად ჩამითვალოს მკითხველმა, გინდ საზოგადოების შეურაცხყოფად — ჩვენი აღშფოთება უკანალს უკავშირდება. ხალხი აღშფოთდა, როდესაც სააკაშვილის ბატონობისას ციხის კადრები იხილა — ცოცხის ტარების პატიმართა უკანალში შერჭობა. ახლა აღელდა ივანიშვილის ბატონობისას, როდესაც ერთმანეთის უკანალის მოტრფიალე „მამაკაცებმა“ გადაწყვიტეს ამ უკანალის ეშხიანი ქნევით რუსთაველის პროსპექტზე ჩავლა.

არაო! ამას არ დავუშვებთო!!! — იყვირა ვაჟკაცმა ქართველობამ, მას მხარში საპატრიარქო დაუდგა და მოხდა ის, რაც 5 ივლისს მოხდა! — არა მეტრაკეების (დაიმალნენ), არამედ ჟურნალისტების ცემა-ტყეპა.

გეი-პარადის ჩატარებას რა ხანია გვექადნება ლგბტ ორგანიზაცია, უფრო ზუსტად ამ მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ფილიალი, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი — მოწინავე ევროპაში. რა გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონოდა? — არც არაფერი. ამასწინათ, ჩემი მეზობელი ცოლ-ქმარი წაკინკლავდნენ. გასაშველებლად პატრულის 3 ეკიპაჟი მოცვივდა. 5 ივლისს?!

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფალთ ლგბტ-ს ლიდერებთან გაემართათ პირდაპირი დიალოგი და რუსთაველის პროსპექტი პოლიციის თანამშრომლებით გაევსო, რითაც არ მიეცათ გეი-პარადის ჩატარების მცირედი შანსიც კი, პროცესი დინებაზე მიუშვეს და ეგზალტირებულ ყვინჩილებს მისცეს აგრესიის გამოხატვის საშუალება.

სად იყო ხალხი? თბილისელები? ისინი არ გამოსულან, რუსთაველის პროსპექტი არ შეუვსიათ. რომ შეევსოთ, გეი-პარადის ჩატარება შეუძლებელი გახდებოდა.

გეი-პარადი არ ჩატარდა, რაც მისასალმებელია, მაგრამ არც მომავალში ჩატარდება?! ცემა-ტყეპამ ისე შეაშინა ერთნაირსქესიანები, რომ ვეღარასდროს ვერ ჩაატარებენ პარადს? ვეჭვობ ასე იყოს.

5 ივლისის შემდეგ განვითარებული მოვლენები, ცემა-ტყეპის ინიციატორებისა და მონაწილეების დაჭერები. მათი ხვეწნა მართლმსაჯულების მიმართ — გვაპატიეთ, ნუ დაგვიჭერთ, შეგვინდეთ, ოჯახები გვყავსო — მაფიქრებინებს, რომ საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომელიც 5 ივლისის მსგავს რადიკალურ ნაბიჯს არ გადაადგმევინებს.

დიახ! 5 ივლისს გაიმარჯვა ლგბტ-ს წინააღმდეგ მებრძოლმა ერთმა ნაწილმა, მაგრამ 5 ივლისს. ამასთანავე დაგვიტოვა კითხვა — რა იქნება შემდეგ, მაგალითად 2022 წელს ან შემდეგ წლებში?

ზოგიერთი თვლის, რომ ლიბერალიზმის მზე ჩაესვენა. ბონდო მძინარიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი: „ლიბერალიზმის მზე ჩაესვენა საქართველოში. დიახ, განათლებული კონსერვატიზმისა და ნაციონალიზმის დრო დაბრუნდება ძალიან მალე. და ეს არა მხოლოდ საქართველოში! ეს აუცილებლად მოხდება! ეს უკვე მოხდა!“

„თქვენს პირს შაქარი“ — მაგრამ რა ვუყოთ დღევანდელობას? კონსერვატიზმის დაბრუნებამდე რა ვქნათ, რა ვიღონოთ? მითუმეტეს მაშინ, როდესაც ლგბტ ქვეყანას-ქვეყანაზე იპყრობს? არათუ ქვეყნებს, საერთშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში 24-ზე მეტი ქალად გადაკეთებული კაცი ასპარეზობს, თანაც სპორტის ისეთ სახეობებში, როგორებიც ძალოსნობა და ჭიდაობაა.

პროგრესი სახეზეა — წინა ოლიმპიურ თამაშებში ასეთთა რაოდენობა 50-ს არ აღემატებოდა, იმის წინაში კი — 15-ს. „კოვიდ-19“-სა არ იყოს, პიკს მიაღწევს ლგბტ-ეობა და უკუსვლას დაიწყებს? იქნებ, პირიქით?!

წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ ეს არ არის პედერასტობა, ქართველობა რომ მიიჩნევს. ეს სხვა რაღაცაა, ღრმა ფესვებით და კაცობრიობის წინააღმდეგ აგორებული უსერიოზულესი პრობლემით. სულ ახლახანს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების პირიდან მოვისმინეთ, ვითომ შემთხვევით ნათქვამი —„კოვიდ-19“ არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური გზით გაჩენასთან დაკავშირებული ვარაუდი, რომელიც განცხადებას უფრო ჰგავდა.

ამ თემაზე „კოვიდ-19“-ს გაჩენიდან დაწყებული ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ არა მარტო ჟურნალისტები, არამედ ვირუსოლოგები. ისინი დაბადების კერასაც ასახელებენ — აშშ-ს, ფორტ-დეტრიკის ლაბორატორიას. მიზანი? ისეთი, როგორიც ყველასთვის ცნობილ მღვდელს და ექიმს მალთუსს ჰქონდა — კაცობრიობის გამალებული გამრავლებისთვის ლაგამის ამოდება.

არადა, მალთუსის დროინდელ მსოფლიოში მილიარდნახევარი ადამიანი თუ ცხოვრობდა, დღეს 8 მილიარდია. ჭირს გაზრდილი მოსახლეობის გამოკვება, მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება. რაღაც ახალი რამ გახდა საჭირო გამრავლების დასამუხრუჭებლად. და აი ისიც — „კოვიდ-19“, თანდართული მოწოდებით — გინდათ სიცოცხლე — თავი შეიკავეთ ერთმანეთთან კონტაქტებისგან, ჩაიკეტეთ სახლში. პასუხად ამისა მოხდა მსოფლიოს ჩაკეტვა ე.წ. ლოკდაუნი, ეკონომიკური ვითარების უკიდურესი დეგრადაცია, ადამიანთა ფსიქიკური მდგომარეობის კატასტროფული გაუარესება. ფაქტიურად სიცოცხლითვის წერტილის დასმა!

ბევრი „კოვიდ-19“ და ლგბტ-ობას ერთმანეთს აკავშირებს და უხილავ თანამშრომლობაში სდებს ბრალს. ერთის შეხედვით ამ დაავადებათა შედეგი, უხეშად რომ ვთქვათ, შობადობის შეჩერება, შობილის საიქიოდ გასტუმრებაა. დასავლეთში ბევრს წერენ ამაზე —  დაბეჯითებით, ახალ-ახალი წყალგაუვალი მაგალითებით. სჯერა ამ ვარაუდების ვინმეს?

ვიღაცას სჯერა, ვიღაცას ნაკლებად, თუმცა ამით პრობლემა არ გვარდება. ჯერ-ჯერობით ორივე ლაღად დააბიჯებს დედამიწაზე. მიმაჩნია, რომ კოვიდის დასასრული ხვალ თუ არა ზეგ უდავოდ იქნება, მაგრამ ლგბტ-ს დასასრულს ვერც ხვალ და ვერც ზეგ ვერ ვხედავ!

ალბათ იმიტომ, რომ მძინარიშვილის მსგავსი ოპტიმიზმის წინაპირობას ვერ ვხედავ. რასაც ვხედავ ისაა, ორად გაყოფილი საზოგადოება რომ ჰქვია. სამწუხაროდ გაყოფილთა შორის მედიაც აღმოჩნდა — წყარო ინფორმაციისა და არა მარტო გაყოფილი, დაპირისპირებულიც. ლგბტ-ს მხარეს მყოფი მედია, ქოქოლას აყრის ლგბტ-ს წინააღმდეგ მდგომს და ისიც თავის მხრივ რადიკალური ზომების გატარებისთვის მოუწოდებს ხელისუფლებას. ლგბტ-ს მხარეს მყოფნი, საკუთარი თავის დაცვის, ამასთანავე თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების უყოყმანო შესრულებისთვის ხელისუფლებას სთხოვს პასუხს.

ჩვენ არ გვინდა ერთფეროვნება, ჩვენ ცისარტყელასავით შეფერილი მრავალფეროვნება გვინდაო — აცხადებენ პარლამენტის წინ მოწყობილ მიტინგზე გამოსული ჟურნალისტები. მათი მოთხოვნა არის შემდეგი — ხელისუფლების გადადგომა; 5 ივლისის დარბევებში მონაწილეთა პასუხისგებაში მიცემა; დასავლური პოლიტიკური კურსის უცილებელი შესრულება; გამოხატვის (ამაში გეი-პარადიც იგულისხმება) უფლებების შეუზღუდავად გამოყენება და სხვა.

მოწოდებები, რომლებიც იქ გაისმის, უყურადღებოდ არ რჩება, უპირველესად საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატების მიერ. ისინი, ასრულებენ რა თავიანთ საქმეს ერთობ არასახარბიელო და დასავლეთისთვის უდავოდ შემაშფოთებელ ინფორმაციას აგზავნიან თავიანთ სათავე ორგანიზაციებში.

ხუმრობა საქმე ხომ არ არის 30-წლიანი შრომა წყალში ეყრებათ. რამდენი ფული და ენერგია დახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოსთვის „დემოკრატიის სავანის“ საპატიო დასავლური ტიტული მიენიჭებინათ?! და ერთი რაც მოიფიქრეს სახელდახელოდ ისაა, რომ პროტესტანტები ცოტანი არიან, მათ საქართველოს მოსახლეობა არ უჭერს მხარსო.

სახელდახელოდ ნათქვამი, ჩემის აზრით, სულაც არ არის სახელდახელო. მასში სხვა რაღაც არის ჩადებული. მაგალითად ასეთი — თუ უმრავლესობა მხარს არ უჭერს აურზაურს და ლგბტ-სთან დაპირისპირებას, და ბუნტს მცირე რაოდენობის რადიკალები აწყობენ, ისინი უნდა დაისაჯონ!

საქართველო იყო, არის და იქნება პროდასავლურიო — 5 ივლისიდან დაწყებული უმტკიცებენ ამას დასავლეთს, როგორც „საოცნებო“ ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. 5 ივლისი საერთაშორისო მოვლენად იქცა, შინ — „საძულველი“ დასავლეთის წინააღმდეგ აგორებული ერის გადარჩენის, „მტარვალი“ დასავლეთის კლანჭებიდან თავის დახსნის დასაწყისად.

ლიდერიც გამოჩნდა — დასავლეთის წინააღმდეგ მებრძოლი პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის სახით. დასავლეთის მისამართით ნათქვამ მის სიტყვებს, ჩინელი ხუნვეიბინების დაციბაოების მსგავსად, სისტემატურად აქვეყნებენ ანტიდასავლური ორიენტაციის მქონე გაზეთები, მათ შორის „საქართველო და მსოფლიო“.

„დასავლეთის დღის წესრიგით თუ არ ვიცხოვრებთ, ეგებ, ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს; ეგებ, გაცილებით წინ წავიწიოთ და ეგებ, მართლა ის დრო სჯობდა, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდა. ამიტომ არ შეიძლება ახლა დათმობა და უკან დახევა, ახლა უკან დახევა მონობის გაგრძელებას ნიშნავს“ — წერს ბესო ბარბაქაძე.

მკითხველს არ შეიძლება ერთი მარტივი კითხვა არ გაუჩნდეს — როდის იყო „ჩვენი თავი, რომ ჩვენადვე გვეყუდნოდა“? მეორე კითხვა — ვის ვებრძვით, ვის წინაშე არ უნდა დავიხიოთ უკან? ვისაც „ვებრძვით“, ის ხომ არ გვებრძვის ხილულად? ამ „ბრძოლაში“ ის არც ტანკებს იყენებს და არც რაკეტებს, ვინაიდან არ სჭირდება. ამით ის ხელს არ გაისვრის ანდა რატომ უნდა გაისვაროს, როდესაც მიზანს საღეჭი რეზინებითაც აღწევს? და კიდევ გრანტებით, ტრენინგებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, მედიით. რომელი ერთი ჩამოვთვალო. საქართველოში არ არის დარგი, სადაც მას ღრმად არ ჰქონდეს ფესვი გადგმული.

პროდასავლურობამ დიდი ხანია დაიპყრო პოლიტიკური ელიტა, ინტელიგენცია, საზოგადოების ის ფენა, რომელიც ამინდს ქმნის. სხვა მას არ აინტერესებს. მას გარკვეული რაოდენობის ხალხი აინტერესებს და არა მთლიანად ერი, რაც არ ვიცოდით. გულუბრყვილოებს გვეგონა, რომ ისინი ქართული კულტურით, ისტორიით, ტრადიციებით მოიხიბლებოდნენ და ხელის გულზე გვატარებდნენ „ღმერთის წილხვედრ ქვეყანას“.

რა გულუბრყვილობაა?! ასეთი, მეფის რუსეთი და საბჭოთა კავშირი იყო, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირი, რომელმაც გვაჭამა, გვასვა, სახელმწიფოებრიობაც აღგვიდგინა, პატრიოტიზმიც და სიამაყეც. ჩვენ რით ვუპასუხეთ? — უმადურობით, ვლანძღეთ, ვაგინეთ, ვაფურთხეთ, იარაღითაც გავიწიეთ მასზე — საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთზე. იქნებ ისევ იქით, რუსეთისკენ გავიხედოთ? და მერე რას იზამს ის, სიხარულით ჩაგვიკრავს გულში?!

ვეჭვობ, რომ ასე იყოს.

რა შემობრუნებაზეა ლაპარაკი, როდესაც სულ ახლახანს ბათუმში ანტირუსული უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს კავშირი შეგვაქმნევინეს ჩვენმა ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ევროკავშირელი შარლ მიშელის თამადობით. უკრაინა-მოლდოვის პრეზიდენტები ზელენსკი და სანდუ, ისე, როგორც საქართველოს პრემიერი ღარიბაშვილი, აქაფებული თავებით, მზად იყვნენ შარლ მიშელში შესაძრომად. მკითხველს კარგად მოეხსება სად.

ამ ხელისუფლების და მისი პრემიერის იმედზე ხართ? მაგრამ მარტო ბარბაქაძეა ასე განწყობილი?

არა! გაზეთის ყველა ჟურნალისტი და მასთან მოთანამშრომლე ექსპერტობა. როგორც ჩანს, რაღაც განკარგულების მსგავსი გაიცა სარედაქციო კოლეგიაში, რამაც აიძულა ყველა ჟურნალისტი ექო და ედიდებინა ხელისუფლება, განსაკუთრებით პრემიერი ღარიბაშვილი, სხვას რას მივაწეროთ ბატონი გრიგოლ ონიანის ინტერვიუში, უადგილო ადგილას ღარიბაშვილის ხსენება?

„ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი მუხტი შეიტანა საზოგადოების აზროვნებაში, რომ ქვეყანა გადარჩება და ქართველი გადარჩება, როგორც ერი“. შეკითხვა — „ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე რომ გადარჩენილიყო საქართველო, ერი აღარ ვიქნებოდით?“

პასუხი — „არა! როგორც ერი არ ვიქნებოდით“.

გადავრჩენილვართ და ეს არის. მარტივი კითხვა მებადება, როდესაც ერის ბუმბერაზებზე ლაპარაკობ, შეიძლება არარაობამდე დახვიდე?!

იმ არარაობამდე, რომელმაც უამრავი ნეგატივით დაგვამახსოვრა თავი. სხვას რომ თავი დავანებოთ, ისტორიული შენობის დანგრევის გადაწყვეტილება რად ღირს?!

ახლანდელი ხელოვნების მუზეუმის, ყოფილი სასულიერო სემინარიის, სადაც სტალინი და ერის სხვა ბუმბერაზი ადამიანები სწავლობდნენ?!

არ მითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება კულტურის მინისტრმა წულუკიანმა მიიღო, პრემიერის გარეშე. და თუ ასეთს ჰქონდა ადგილი პრემიერი ვეღარ ხელმძღვანელობს მინისტრთა კაბინეტს. ეს რომ ასეა, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ თვალებს ვხუჭავთ. არ გვინდა ვაწყენინოთ ქვეყნის ნამდვილ და არა ღარიბაშვილივით ფიქტიურ მმართველს, ივანიშვილს, რომელსაც თურმე მიუსაკუთრებია პუშკინის ბაღიდან დაწყებული, მუზეუმის ჩათვლით არსებული ტერიტორია, ისე რომ ამ ქალაქში გამჩუქებელ (მთავრობა) და საჩუქრის მიმღების (ივანიშვილი) გარდა არავინ არაფერი იცოდა. ისე, როგორც არვინ არაფერი იცოდა რიონის ხეობის თურქეთისთვის ლამის ერთი საუკუნით გაჩუქების თაობაზე.

სხვა ანტისახელმწიფოებრივი, მე ვიტყოდი მოღალატური გადაწყვეტილების ჩამოთვლას სტატია ვერ დაიტევს, ისე, როგორც, ნახსენები გაზეთის ჟურნალისტების მიერ ხელისუფლების ხოტბას, მაგრამ ზოგიერთი იმდენად გულუბრყვილოა, რომ გვერდს ვერ ავუვლი. მაგალითად: „ქართველმა ხალხმა ნათელი წერტილი დაინახა — ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ქართველთა ნება აღასრულოს და ხალხის ნებასურვილი უპირატესად აქციოს“ — ეკა ნასყიდაშვილი.

ქალბატონო ეკა, კახელებს ჰკითხეთ, ღარიბაშვილის მამის და მისი მოურავის, მეტსახელად „კაკაშას“ მიერ დაზაფრულებს, რამდენად მიიჩნევენ ღარიბაშვილის მიერ ხალხის „ნებასურვილის უპირატესად გადაქცევას“.

მეორე მაგალითი: „ხელისუფლება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს კარგად აფასებს — ამერიკა ინერტულია, ავღანეთიდან ჯარები გაჰყავს, პრობლემებიც მოუმრავლდა. პრობლემებია ევროკავშირშიც. მის შესაძლო დაშლაზე ბევრი პოლიტოლოგი საუბრობს და საქართველო შეიძლება უმეთვალყუროდ დატოვონ. … სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილმა და მისმა მთავრობამ არ გაითვალისწინეს დასავლეთის მოწოდებები …“.

რეალობისგან ძალიან შორი მანძილით მყოფ ჟურნალისტურ ოპტიმიზმს დამაჯერებელი და აკადემიური პასუხი გასცა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ. მის პასუხს მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ ჟურნალისტის ნათქვამი —  „ღარიბაშვილი და მისი მთავრობა“ ისეთივე აბსურდია, როგორც აშშ-ს დაჩაჩანაკება ან ევროკავშირის დაშლა.

აბსტრაქციაში გადაშვებულ სურვილს, რომ თავის მოტყუება ახლავს — ეს არა მარტო ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, არამედ მის მიერ ნახსენებმა ვაი პოლიტოლოგებმაც. არც ერთი და არც მეორე (აშშ, ევროკავშირი) ისე არ განუტევებს სულს, სიკვდილის წინ მომაკვდინებელი, ლაზათიანი სილა არ სთხლიშონ საქართველოს.

ღარიბაშვილი და მისი მთავრობა ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც ამ ორის დაშლა.  ხელისუფლების ქება-დიდების ზეიმს — გაზეთის ჟურნალისტების მიერ მკითხველისთვის წარმოდგენილს ისეთი მუჯლუგუნი უთავაზა გულბაათ რცხილაძემ, რომ თავმოყვარე ადამიანი, მითუმეტეს ჟურნალისტი ხმას აღარასოდეს ამოიღებდა, კალამს გააგდებდა ხელიდან. მაგრამ ეს შეგნებულ საზოგადოებაში და არა შეუგნებელში, რომელსაც ყვინჩილას მსგავსი აქოჩრების მეტი არაფერი შემორჩენია.

ეს როგორ გვაკადრა „გაპედერასტებულმა“ დასავლეთმა უდიდესი კულტურისა და ტრადიციების მატარებელ მართლმადიდებელ ქვეყანასო და ა.შ.

ამავე გაზეთშია სტატია, სათაურით „თქვენ თვალში ხომ არ გეპატარავებით?!“ — ავტორი არმაზ სანებლიძე. სტატიაში, ისე, როგორც ყოველთვის, ბატონი არმაზი ხოტბას ასხამს შევარდნაძეს. მაგალითად „1997 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თვრამეტი საუკუნის შემდეგ, ათას რვაასწლიანი პაუზის შემდეგ, როგორც უმაღლესი ხელისუფალი, ჩავიდა რომში. იტალიურმა პრესამ ეს შეაფასა როგორც მსოფლიო რეზონანსის მქონე მოვლენა“.

მერე რა? პროტოკოლური მომენტებია, რომელსაც არა მარტო იტალია იცავს, არამედ ნებისმიერი ქვეყანა. ის, რომ იტალიამ სახელმწიფოებრივ დონეზე მიიღო სტუმარი, გასაკვირი არაფერია. სხვათა შორის, ის, რომ იტალიამ მაღალ დონეზე მიიღო საქართველოს პრეზიდენტი, იტალიაში, საქართველოს ელჩის ბეგი თავართქილაძის იქაურ საზოგადოებაში მოპოვებული ავტორიტეტისა და დამსახურების ნაყოფი და ნემსის ყუნწში გაძრომა იყო. ბატონი ბეგი იყო ამ ვიზიტის ინიციატორი და არა შევარდნაძის „ავტორიტეტი“. ვიზიტის მოსამზადებლად, ვიზიტის დაწყებამდე მეც გახლდით რომში და ერთადერთი საკონსულო ხელშეკრულება, რომელსაც მაშინ მოეწერა ხელი, ჩემი და ბეგის შრომის ნაყოფი იყო.

ელჩობამდე ბატონი ბეგი იტალიელ ახალგაზრდებს უკითხავდა ლექციებს უნივერსიტეტში. რით დაუფასეს მას თავდადებული შრომა?

„მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის აკვიატებული მოსაზრების შევარდნაძისთვის თავზე მოხვევის შემდეგ, სრულიად უსაფუძვლოდ დაითხოვეს ელჩობიდან.

ბატონ არმაზს მოჰყავს გაეროში შევარდნაძის ქართულად გამოსვლის მაგალითი: „დარბაზი სულგანაბული უსმენს გაეროში დამკვიდრებული წესის (5 სამუშაო ენა) დარღვევით აჟღერებულ პატარა ქვეყნის უნიკალურ ენას — ქართულს“.

რა არის ამაში გასაკვირი?

პროვინციული აზროვნებიდან გამომდინარე, შევარდნაძეს არ სურდა რუსულად გამოსვლა. სხვა ენა მან არ იცოდა და მოითხოვა მშობლიურ ენაზე გამოსვლა, რაც არ არის აკრძალული, ოღონდ თარგმნა, ხუთიდან ერთ-ერთ ენაზე, გამომსვლელმა უნდა უზრუნველყოს.

ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პირველი პირი გენერალურ ასამბლეაზე რუსულად გამოდის. რუსულად ლაპარაკი არამცდაარამც არ ნიშნავს სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაკარგვას.

ბატონ არმაზს კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს — ბერლინში დახვედრა: „ბერლინი ეროვნებათა სალუტით მიესალმება საქართველოს პრეზიდენტს. ესეც საქართველოზეა, თქვენ რომ გაბონი გგონიათ“.

ცნობიათვის, გაბონის პრეზიდენტსაც ასე ხვდებიან, თუ ვიზიტი „სახელმწიფოა“. სხვათა შორის, ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელს ჰქონდა და აქვს ზარბაზნების ზალპით დახვდედრა, თუკი ვიზიტი ვიმეორებ — „სახელმწიფოა“.

მე, როგორც საქართველოს სსრ პირველ პროტოკოლისტს, კარგად მომეხსენება ვიზიტების თაობაზე და სულაც არ მიკვირს სხვადასხვა სახის დახვედრების ცერემონიალის გამართვა. რატომ იხსენებს ბატონი არმაზი ყოველივე ამას? იმიტომ, რომ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს გააგებინოს, საქართველომ რაღაც იცის, საქართველოს ისეთი მეთაური ჰყავდა, როგორიც შევარდნაძე და საქართველო გაბონი არ არის.

ცნობისთვის, დასავლეთმა და მსოფლიომ გაბონის არსებობის შესახებ გაცილებით ადრე შეიტყვეს, ვიდრე საქართველოს. დიპლომატია, დიპლომატიური პროტოკოლი, მიუხედავად ჩვენი 30-წლიანი უთავბოლო, სხვაზე დამოკიდებული, უფრო ზუსტად ჩამოკიდებული, აქეთ-იქით ბოდიალისა, ქართული „დიპლომატიისთვის“ ჯერაც ძნელად გამოსაცნობი საგანია, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათზე უკეთ ვიცით.

ცრუ თავდაჯერება დიპლომატიაში დაშვებული არაერთი უხეში ნაბიჯის საწინდარი იყო და არის. აქ აკრედიტებულმა დიპლომატებმა ჩვენზე უკეთესად იციან შევარდნაძის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდი. ისიც იციან, თუ როგორ მოხიბლა დასავლეთმა გორბაჩოვ-შევარდნაძე-იაკოვლევი და გადაიბარა ისინი, რასაც საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა.

საბჭოთა კავშირის დაშლისთვის თავგამოჩენილ შევარდნაძეს ამისთვის უწყობდნენ გულთბილ შეხვედრებს და არა იმისთვის, რომ მსოფლიო დიპლომატიის კორიფე იყო.

მას შემდეგ 30 წელი გავიდა. დიპლომატიაში ახალი თაობა მოვიდა, რომელმაც იცის მაშინდელი ისტორია და იცის, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებაც — პირველი პრეზიდენტის ძალისმიერი დამხობა, ქვეყანაში შექმნილი, ენით აუწერილი ქაოსი, სამოქალაქო ომი, რამაც განაპირობა საქართველოს გაეროს წევრად არ მიღება.

ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა 1992 წლის დასაწყისშივე გააწევრეს გაეროში, ჩვენ — არა. მხოლოდ დიდი ხვეწნა-მუდარის და ახალი არჩევნების დანიშვნის გამოცხადების შემდეგ, 1992 წლის ივლისის ბოლოს შეგვიყვანეს გაეროში, თან იმ პირობით, რომ ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკების გზით გადავწყვეტდით.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსულმა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ თავის გამოსვლაში ლამის ფიცი დადო, რომ თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან არსებულ ყველა პრობლემას მოლაპარაკების გზით გადაწყვეტდა. ჩვენ რა ვქენით?

ორ კვირაში, გამოგონილი საბაბით, ჯარით შევვარდით აფხაზეთში და დავიწყეთ საკუთარ ხალხთან შეიარაღებული ანგარიშსწორება და ა.შ.

უცხოელი დიპლომატებისთვის ყოველივე ეს კარგად არის ცნობილი და ისიც, როგორ ვიქცევით ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც მათ უფლებას აძლევთ მოიქცნენ ისე, როგორც იქცევიან.

ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ისეთია, რომ ხავსსაც ვეჭიდებით — ამ შემთხვევაში ღარიბაშვილს, მივიჩნევთ რა მას ქვეყნის მხსნელად. უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო, ისეა ჩვენი საქმე. რახან ღარიბაშვილმა თქვა — ოჯახი ქალის და კაცის ერთობააო — ძალიან კარგი, მაგრამ ამ ერთი ნათქვამით ვაფასებთ მის „თავდადებას“ ერისა და ქვეყნის წიანაშე?  ან რა ფიგურაა ის, მასზე იმედებს რომ ვამყარებთ?

ის, ისეთივე თოჯინაა ივანიშვილის ხელში, როგორიც მისი წინამორბედები იყვნენ. არ მოეწონება „ღმერთს“ და ისე მოისვრის, თითქოს არაფერი. რა, განა ასე არ იყო? ღარიბაშვილი, ისე, როგორც ქვეყნის ვითომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კუჭავა, ნებისმიერი მინისტრი, პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“ და ა.შ. ივანიშვილის არჩეულია და მათი უპირველესი საქმე ივანიშვილის და მისი ოჯახის სამსახურია — არა ქვეყნის, არა ხალხის, ივანიშვილის.

„საოცნებო“ ხელისუფლება ივანიშვილის ბრძანებით ასხვისებს ქართულ მიწებს, ზოგს ივანიშვილზე, ზოგსაც საკუთარ ნათესავებსა და ძმაკაცებზე, ან მეზობელ ქვეყანაზე, მაგალითად თურქეთზე. და ყველაფერი ეს ხდება ღარიბაშვილის, სხვა „ოცნებელი“ მინისტრების დროს და მხარდაჭერით.

სულ ახლახანს გახდა ცნობილი ივანიშვილისთვის გადაცემული ტერიტორიის თაობაზე, რომელზეც ჯერ-ჯერობით დგას ხელოვნების მუზეუმის შენობა. ივანიშვილის დანიშნულმა კულტურის მინისტრმა წულუკიანმა ბრძანა — შენობა უნდა დავანგრიოთ, ავარიულიაო. დავანგრევთ და ახალს ავაშენებთ — ბრძანა ქალაქის მერმა კალაძემ.

ახალაშენებული რამდენად იქნება ისტორიული, თვითონ განსაზღვრეთ.

ამ ორ უცოდინარს და პლიუს პრემიერ ღარიბაშვილს ჰგონიათ,  ახალი შენობის აშენებით ისტორიას ეშველება — ახალი შენობა ჩაანაცვლებს ისტორიულს? ასეთი ხელისუფლების იმედზე ყოფნა, მითუმეტეს მისთვის ხოტბის შესხმა ყველა გონიერს უგონოდ აქცევს, ყველა ჭკვიანს, უჭკუოს, ყველა პატიოსანს, ხელმრუდეს, ყველა თავისუფალ მოაზროვნეს, მონას — მონას ივანისვილის!

დასასრულს, მადლობას ვუხდი გულბაათ რცხილაძეს პოზიციისთვის, რომელიც მტაცებელს — მტაცებლურად იხილავს, უჭკუოს და უგონოს შესაბამისად.

ვიდრე კალამს მოვიმარჯვებთ ვიღაცის ნაკარნახევის შესასრულებლად და იმ „ვიღაცის“ საქებარ სიტყვებს მოვიშველიებთ, დავფიქრდეთ. არ მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენ გვჩვევია — ჯერ რომ ვაკეთებთ, შემდეგ ვნანობთ და მოვთქვამთ. ხოტბას ნუ შევასხამთ ადამიანს, რომელიც ამის ღირსი არ არის. ნუ გადავაქცევთ სამშობლოს ტკბილი სადღეგრძელოების ნაკრძალად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

25/07/2021