08.12.2024

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ 100 წლის განმავლობაში მიღწეულის თაობაზე

„1976 წლის თებერვალში ჯარში გამიწვიეს, და დავაგდე მშობლიური მხარე, დუნბეის გაომი, რომელიც მიყვარდა კიდეც და მძულდა კიდეც. ზურგზე მოგდებულ ტავარჯუხში „ჩინეთის მოკლე ისტორიის“ ოთხტომეული მედო, რომლის საყიდელი ფულის გულისთვის დედაჩემმა თავისი საქორწინო სამკაულები გაყიდა.

დაიწყო ჩემი ცხოვრების ფრიად მნიშვნელოვანი ხანა. უნდა ვაღიარო, რომ არა ჩინელი საზოგადოების ოცდაათ წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე უზარმაზარი განვითარება და პროგრესი, თუ არა რეფორმებისა და გულღიაობის პოლიტიკა, ისეთი მწერალი, როგორიც მე ვარ, შეიძლებოდა რომ არ ყოფილიყო.“ — მო იენი. ჩინელი მწერალი, რომელიც 2012 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით რომანისთვის — „დიდი ძუძუ-მკერდი, განიერი გავა“. ეს სიტყვები ჩინელმა მწერალმა ნობელის პრემიის მინიჭების დროს წარმოთქვა შვედეთის მეცნიერებათა აკადემიაში.

თავის რომანში, გრძელსა და უაღრესად საინტერესოში (800-სამდე გვერდი) მწერალმა ერთი პატარა სოფლის მაგალითზე სრულიად ჩინეთის ბობოქარი ცხოვრების ისტორიის მოკლე მონაკვეთი, გასული საუკუნე აღწერა, რითაც მისცა საშუალება არა მარტო მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს გულთან ახლოს მიეტანათ მწერლის გავლილ-განცდილი ცხოვრება, არამედ კითხვის მოყვარულ საზოგადოებას ჩინეთის ახლო მანძილიდან გაცნობის შესაძლებლობა.

მდიდარია ჩინეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ფათერაკებით აღსავსე დღეებითა და წლებით, ასეულობით წლით, თვითმყოფადი კულტურით, ხელოვნებით, ფილოსოფიური აზროვნებით, ასერიგად რომ ავსებს და ამშვენებს მსოფლიოს კულტურულ საგანძურს.

მო იენის შემოქმედების დიდი ნაყოფის, ნობელის პრემიით დაჯილდოებულის, გულდასმით წაკითხვა უდავოდ ხელს შეუწყობს ყველას, მათ შორის პოლიტიკოსებსაც იოლად აუღონ ალღო ჩინეთში განხორციელებულ პოლიტიკურ რეფორმებს, რასაც ქვეყნის სწრაფი განვითარება მოჰყვა, წინსვლა ყველა დარგში — მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მთლიანად ეკონომიკაში, ხელოვნებაში, კულტურაში, მეცნიერებაში, სამხედრო მშენებლობაში, კოსმოსის ათვისებაში, … .

სულ ახლახანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ დიდი ზეიმით აღნიშნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლისთავი, პარტიის, რომლის მეთაურობით ჩინეთმა შეძლო მრავალი შეცდომის დაშვება, მაგრამ უფრო მეტი წარმატების მოპოვება. შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ როდესაც უშვებ შეცდომებს, თუ მათ გამოსწორების გზები მოჰყვება, პოზიტიური შედეგებიც არ აყოვნებს.

სწრაფი რეაგირების, შეცდომების დაძლევის სურვილი თუ მოიკოჭლებს საზოგადოებაში — შეცდომას, შეცდომა ემატება; დროში გაჭიმული ნეგატიური მოვლენა, სამარადისოდ იქცევა, რომლის ამოსაძირკვად ჩვეულებრივი რეფორმები უძლურია. ის კარდინალურს, რევოლუციურს მოითხოვს, რაც თავის მხრივ ძველის ნგრევას და სისხლს უკავშირდება — ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლას.

რევოლუცია გამოცანაა — ან გამოადგება საზოგადოებას, ან არა. რევოლუციას გაცილებით სჯობს გარდაქმნა, რაც შეუძლებელია დაბალი საზოგადოებრივი განვითარების სტადიაში მყოფი ქვეყნისთვის, ვინაიდან მმართველი კლასი ჯიუტად აგრძელებს თავის მიერ ამორჩეულ, მაგრამ საზოგადოებისთის მიუღებელ გზაზე სვლასა და მარტივ ნიშნებსაც არ ავლენს მის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.

მკითხველი მიხვდება ვინ მყავს მხედველობაში — საქართველო და მისი ყველა ხელისუფლება, ბოლო 30 წლის განმავლობაში რომ ჯიჯგნის ქვეყანას.

არსებული ცუდი ცხოვრების კარგით ჩანაცვლება, ცუდის გამკეთებლის შეცვლით უნდა განხორციელდეს — სწრაფად და საქმიანად. დროის გაყვანა, გაჭიანურება საიქიოსკენ ექაჩება ქვეყანას, ხალხს. მაგრამ ისმის კითხვა — არის თუ არა მმართველ პარტიაში ძალა, რომელიც მზადაა რეფორმების გასატარებლად?

აი, ჩინეთის კომპარტიაში ასეთი ძალა გამოჩნდა, ჯერ მაო ძედუნის, ხოლო შემდეგ დენ სიაოპინის სახით. პირველმა ჩამოაყალიბა კომპარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, მეორემ — არსებულ საზოგადოებას ქვეყნის გარდაქმნის პროექტი შესთავაზა. არა ძველის ლანძღვა-გინება, რეპრესიებით, არამედ თვალნათელი მაგალითებით, ახალი წარმატებების დემონსტრირებით.

გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო დენ სიაოპინის რეფორმები — კომპარტიასთან ერთად, კომპარტიის დახმარებით და დომინანტური როლით. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო — მაღალჩინოსანი პარტიელის, მაო ძედუნის დროს რეპრესირებული დენ სიაოპინის მხრიდან.

არადა იმ ჩანაფიქრის განხორციელებას, რომლითაც დენ სიაოპინი ქვეყნის განვითარებას გეგმავდა, კომპარტიის გაჭაჭანებაც კი მიუღებელი უნდა ყოფილიყო — ისე, როგორც საბჭოთა კავშირში. დენ სიაოპინმა სხვა გზა აირჩია — შეუჯვარებელის შეჯვარება კომუნისტურ საზოგადოებაში, აზროვნებაში კაპიტალიზმის შეტანა.

„არ აქვს მნიშვნელობა რა ფერის არის კატა, მთავარია თაგვებს იჭერდეს“ — დენ სიაოპინის ამ ნათქვამიდან ნათელი იყო, რომ ქვეყანა განვითარების ახალ გზას დაადგა — ისევ კომუნისტური პარტიის წინამძღოლობით. და დროის სულ მცირე მონაკვეთში, მშიერი (პირდაპირი მნიშვნელობით) ქვეყანა, მსოფლიოს ლამის პირველ ქვეყანად გადაიქცა.

სიტყვა „ლამის“ შემთხვევით არ გამომიყენებია, ვინაიდან მსოფლიოს ექსპერტთა მონაცემებით, სულ მალე ჩინეთი მსოფლიო პირველობას ჩამოართმევს აშშ-ს. ის გახდება უძლიერესი — მოსახლეობის სიმრავლიდან დაწყებული, მეცნიერებისა და ეკონომიკის, აგრეთვე სხვა დარგების განვითარებით დამთავრებული.

მე-20 საუკუნის განმავლობაში ჩინეთს ჰყავდა დამხმარე ქვეყნები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს მისი ჩამოყალიბების გზაზე. პირველი იყო საბჭოთა კავშირი, მეორე — აშშ-ი. სწორედ პირველის დახმარებით დაიწყო ჩინეთმა არსებობისთვის ბრძოლა. პირველის დახმარებით ჩამოყალიბდა ჩინეთის კომპარტია; პირველის დახმარებით შეიქმნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და საერთაშორისო არენაზე გაეწია მას პოლიტიკურ-იდეოლოგიური მხარდაჭერა.

დარწმუნებული ვარ ძველი თაობის საბჭოელები შურით უმზერენ კომუნისტური ჩინეთის სასწაულებრივ წინსვლას. არადა, ასეთი ხომ ისინი და მათი ქვეყანა უნდა ყოფილიყო — საბჭოთა კავშირი?!

უნდა ყოფილიყო, მაგრამ … . პარტიაში გაჩენილმა „დაავადებამ“ დააზიანა, საბოლოო ჯამში დაშალა ძველი აზროვნება და მასთან ერთად პარტია.

დღეს მთელი მსოფლიო აღფრთოვანებით და შურით შეჰყურებს ჩინეთის წარმატებას, მათ შორის ყოფილი საბჭოელები, რუსეთი, რომელიც უნდა ყოფილიყო შურისა და აღფრთოვანების ობიექტი, რომ არა პარტიული ღალატი. აშშ-ს ჩამოკიდებულმა 2 პიროვნებამ — პირადი კეთილდღეობის, პირადი გამდიდრების სურვილით შეპყრობილმა — გორბაჩოვმა და ელცინმა წარმატებით გააგრძელეს ხრუშჩოვის ანტისაბჭოურ, ანტისტალინურ, ანტიკომუნისტურ გზაზე სვლა, რითაც მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენეს მსოფლიოს კომუნისტურ მოძრაობას, საბჭოთა კავშირის კომპარტიას, ჯერ საბჭოთა კავშირს, შემდეგ მის მემკვიდრე რუსეთს.

ხრუშჩოვის ანტისტალინურ გამოსვლას სკკპ მე-20 ყრილობაზე მოუთმენლად ელოდა კაპიტალისტური სამყარო. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო იმ ღრმად ფესვამდგარი სისტემის ნგრება, სტალინური რომ ჰქვიოდა? ელოდა და გაუმართლა კიდევაც. მე-20 ყრილობიდან დაიწყო კომუნიზმის დისკრედიტაცია. კომუნისტი ამხანაგების იმედგაცრუება, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მაშინ მსოფლიოში იშვიათად მოიძებნებოდა ქვეყანა, სადაც კომუნისტური იდეები სამაგალითო არ ყოფილიყო. ბევრმა მათგანმა — იმედგაცრუებულმა და შერცხვენილმა საკუთარი ხალხის თვალში, არსებობა შეწყვიტა, სახელი და ფერი შეცვალა და თვითგვემას მოჰყვა ძახილით — რა მტარვალ ქვეყანასთან, რა მტარვალ ბელადთან გვქონია საქმეო.

ჩინეთი ამ გზას არ გაჰყვა. მან ფაქტიურად გაწყვიტა ურთიერთობა საბჭოეთის ლიდერ ხრუშჩოვთან, შეარქვა რა მას ფალსიფიქატორი, ისტორიის გამყალბებელი, ცილისმწამებელი, გონსგადასული მმართველი.

ჩინეთისთვის სტალინი დარჩა ისეთივე ბელადი, როგორიც იყო და ასეთად რჩება დღემდე. სტალინის ნაშრომებს, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებში, ჩინეთის კომპარტია საგულდაგულოდ სწავლობს და იყენებს პრაქტიკულ ცხოვრებაში.

ჩინეთმა არ მიაფურთხა თავის ისტორიას, ისე, როგორც საბჭოთა კავშირმა და რუსეთმა. ჩინეთის კომპარტიამ მაო ძედუნი უდიდეს პიროვნებად აღიარა და მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა მიიჩნია, რომ მაო სამაგალითოა არა მარტო 90-მილიონიანი ჩინეთის კომპარტიის წევრებისთვის, არამედ მილიარდნახევარი ჩინეთისთვის.

მაოს გარდაცვალების შემდეგ, მისმა შემცვლელმა დენ სიაოპინმა განაცხადა — მაო ძედუნის მიერ დაშვებული შეცდომები თუ 30%-ს არ აღემატება, კეთილი საქმეები 70%-ს აჭარბებს. ეს იყო და ეს. მას შემდეგ მაოს აუგად არვინ იხსენებს ჩინეთში. მისი უდიდესი პორტრეტი დაჰყურებს პეკინის მთავარ მოედანს ტიანანმენსა და არა მარტო მას — სრულიად ჩინეთს.

გასული საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკების პარტიამ დაიწყო აქტიური კავშირების დამყარება ჩინეთთან. მას სათავეში სტალინი ედგა. იმჟამად ჩინეთის კომპარტია ჩანასახში იყო და რუსი ბოლშევიკების დახმარებით ახორციელებდა საორგანიზაციო საკითხებს.

მაშინ ყველაზე ძლიერი ძალა გომინდანი იყო. სწორედ მასთან დაამყარა ახალგაზრდა საბჭოეთმა კავშირურთიერთობა. გომინდანმა გამოხატა საბჭოთა ქვეყნისადმი სრული ლოიალურობა, რითაც რუსეთიდან მიიღო ფულადი და სამხედრო დახმარება. რუსმა ბოლშევიკებმა ურჩიეს ჩინელ კომუნისტებს გომინდანთან შეერთება, მაგრამ მკვეთრი დაპირისპირების გამო ეს ვერ მოხერხდა. თუმცა 1937 წელს იაპონიის მილიტარიზმის მხრიდან ჩინეთზე განხორციელებული აგრესიის დასაწყისში მოხდა ამ ორს შორის შეთანხმება.

გომინდანისა და მისი ლიდერის ჩან კაიშის საწინააღმდეგოდ არაფერი უღონია სტალინს და 1945 წლის შემდეგ გაგრძელდა მათ შორის ურთიერთობა. მხოლოდ 1946 წელს, როდესაც გენერალისიმუსმა ჩან კაიშიმ, ნაცლად საბჭოთა კავშირისა, საკუთარი ინტერესები აშშ-სკენ მიმართა, სტალინმა შეცვალა მისდამი დამოკიდებულება და მაო ძედუნსა და კომპარტიას გზა გაუხსნა გომინდანის წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირებისკენ, რაც გომინდანის ტაივანზე განდევნით დამთავრდა.

მაო ძედუნისა და სტალინის ურთიერთობებზე არაერთი ტომი დაიწერა, მეტად საინტერესო და ჭკუის სასწავლებელი. სსრკ-ს დახმარებით შეძლო ჩინეთმა ფეხზე დადგომა და რომ არა ხრუშჩოვი, ალბათ ეს ურთიერთობები გაგრძელდებოდა.

სამწუხაროდ შეწყდა, რითაც ისარგებლა აშშ-ა და კომუნისტური ჩინეთი დაუპირისპირა კომუნისტურ საბჭოთა კავშირს. აშშ-ა ჩინეთის კაპიტალისტურ რელსებზე შესაყენებლად სერიოზული მუშაობა ჩაატარეს. ათეულ-ათასობით ჩინელი ახალგაზრდა გაწვრთნეს აშშ-ი. სამშობლოში დაბრუნებულმა, ტვინგადაბრუნებულმა ჩინელმა ახალგაზრდებმა ამერიკული ცხოვრების გადმოტანა მოისურვეს გაბმული მიტინგებითა და ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლებით, რაც ვერ აიტანა ჩინეთის კომპარტიამ, მისმა ლიდერმა დენ სიაოპინმა და ტიანანმენის მოედანზე შეკრებილ ხალხზე ტანკები მიუშვა. იყო თუ არა ეს სისასტიკე?

უდავოდ იყო, მაგრამ ჩინეთი გადარჩა. რომ არა 1991 წლის ტიანანმენი ჩინეთი არ იქნებოდა მსოფლიო სახელმწიფო.

დღევანდელ ჩინეთში ვერავითარი „ფერადი რევოლუციები“ ვერ იქნება, რაც იცის დასავლეთმა, რომელსაც ისღა დარჩენია უზარმაზარი ქვეყნის წარმატებებზე შურით სავსე ნერწყვები ყლაპოს.

ჩინეთმა, 1979 წლამდე მშიერმა ქვეყანამ, დაძლია სიღარიბე, მიაღწია მაღალ სოციალურ სტანდარტებს, მილიარდნახევრიან ჩინეთს შეუქმნა სიამაყის გრძნობა. ჩინეთის კურსი არა ისე, როგორც ამერიკის, შორსაა სხვა ქვეყნებისა და ხალხების ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკისგან. და ყოველივე ეს განხორციელდა ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელობით.

იყო თუ არა შესაძლებელი ყოველივე აღნიშნულის საბჭოთა კავშირში ხილვა? უდავოდ, იყო, რომ არა სკკპ მე-20 ყრილობა, სტალინის დაგმობა, ხრუშჩოვის ბატონობა, გორბაჩოვ-ელცინის მოღალატეობა და კომუნისტური იდეალებისთვის მღვრიე, ჭუჭყიანი წყლის შეყენება.

ვიმეორებ, ჩინელ ხალხს არ ულანძღია წარსული, საბჭოეთმა გალანძღა. შედეგიც თვალნათელია, პირველობისთვის გამზადებული ჩინეთი სახეზეა, სსრკ-ს მემკვიდრე რუსეთი?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

21/07/2021