ცემა-ტყეპით პრობლემა არ მოგვარდება
თემა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ზომაზე მეტი აქტიურობით სარგებლობს — ლგბტ-ა და მისგან გამომდინარე უმძიმესი შედეგები. ლგბტ-ე რომ უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს მსოფლიოში, განსაკუთრებით ე.წ. განვითარებულ დასავლეთში, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ეს მიმდინარეობა მხარდაჭერასთან ერთად პოპულარობასაც იხვეჭს და რაც დრო გადის ძალისმიერი ზეგავლენით თუ პოლიტიკოსთა გადაქანებული აზროვნებით, ვითარებასთან შეგუებით, ჰეგემონი ქვეყნის რეკომენდაციების გათვალისწინებითა და შესრულებით, ქვეყანას-ქვეყანაზე იპყრობს, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა ამ ქვეყნების მოსახლეობას ესოდენ გაფეტიშებულ – გათამამებული მოვლენა.
ერთნაირსქესიანთა ერთმანეთისკენ ვნებიანი ლტოლვა მას შემდეგ დაიარება დედამიწაზე, რაც ადამიანი გაჩნდა. ეს მანკიერება იყო ყოველთვის — ხან ჭარბად, ხან ნაკლები დოზით. მის ირგვლივ და მასზე ლაპარაკი, მსჯელობა, სჯაბაასი მაქვს მხედველობაში და არა თვით ჩვევა, ადრე რომ დაავადებად მოიხსენიებოდა. აბა ამ მანკიერებას რა გამოლევდა?!
თავი დავანებოთ ისტორიულ წიაღსვლებს და თვალი გავუსწოროდ ჩვენს დღევანდელობას. აწმყო კი ისეთი გვაქვს, ყვავს რომ ჩამოაგდებს ხიდან. როგორც ზემოთ მოგახსენეთ — თავბრუდამხვევი ტემპი წარმატებებისა — ხალხთა დაპყრობის სახით. ლგბტ-ს არა მარტო პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები ემონებიან, არამედ მედიაც. ეს უკანასკნელი აუცილებელი კომპონენტია ლგბტ თემის პოპულარიზაციის საქმეში, რისთვისაც მსუყე ფინანსები იხარჯება. ფულის მიღებაში ვის ექცევა სპონსორთა ყურადღება, მედიას თუ თვით ლგბტ-ლთა ორგანიზაციებს ძნელი გამოსაცნობი არ არის. ორივეს ერთად.
მედიის რეკლამის გარეშე ლგბტ-ე ჩვეულებრივი, თანაც დასაცინი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება და მეტი არაფერი. რეკლამირებული სხვაა.
ანგარიშგასაწევი ძალაა. დიახ! ძალა, თანაც პოლიტიკური, რომელიც დღეს თუ არა ხვალ, როდესაც მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, ხელისუფლების სათავეში მოსვლის — თემასაც წამოსწევს წინა პლანზე. დღესაც შეინიშნება მათი აქტიურობა ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში — განსაკუთრებით აშშ-ი, მის მოკავშირე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ამ ქვეყნების ხალხები, ერთ დროს ანტი-ლგბტ-ურად განწყობილები შეეგუვნენ ვითარებას. რომ იტყვიან ძალა აღმართს ხნავსო-სდან გამომდინარე.
გაკვირვებას აღარ იწვევს ერთმანეთზე დაქორწინებული მამაკაცი მინისტრები ან ქალბატონები. არც იმით ღიზიანდებიან, როდესაც ასეთ „ოჯახებს“ ბავშვები აჰყავთ აღსაზრდელად. ქირურგიული ოპერაციებით სქესის შეცვლა ხომ ჩვეულებრივ რამედ ითვლება, თანაც 13-14 წლის თინეიჯერებში.
თითზე ჩამოსათვლელი წლები გავიდა ლგბტ-ს წინააღმდეგ მილიონი პარიზელის პროტესტის შემდეგ, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლებამ შეასრულა ჰეგემონის „რეკომენდაცია“ და ყური არ ათხოვა მილიონ პარიზელს.
მილიონი ქუჩაში გამოვიდა, თორემ სახლში დარჩენილებიც ხომ ლგბტ-ს წინააღმდეგნი იყვნენ?!
მასობრივმა ლგტბ-ობამ დათრგუნა ფრანგებიც და არა მარტო ისინი. ნახეთ, როგორ შეუტიეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნგრეთის და პოლონეთის ხელისუფლებას ლგბტ-ს წინააღმდეგ კანონის მიღებისთვის — ასეთი ჩვენს კავშირში არ უნდა იყოსო!
პრეზიდენტად გახდომამდე ბაიდენი დაბეჯითებით უჭერდა მხარს ლგბტ-ს. გაპრეზიდენტების შემდეგ ისეთი ნაბიჯები გადადგა ლამის ჯარიც პედერასტთა სავანედ აქცია. როგორც ჩანს კაპიტალიზმმა ახალ გამოსავალს მიაგნო ლგბტ-ს სახით, ისე, როგორც გასული საუკუნის 30-იან წლებში გერმანულ ფასიზმს. მაშინ ხომ მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდებოდა ფაშიზმისთვის მხარდაჭერა?!
მთელი მსოფლიოს კაპიტალმა, განსაკუთრებით ამერიკულმა, გამოკვება ჰიტლერი, მისი ხროვა და მიუქსია კაპიტალიზმის მეტოქე პირველ სოციალისტურ ქვეყანას — საბჭოთა კავშირს. არის რაღაც საერთო მაშინდელ მხარდაჭერასა და დღევანდელში. ისე, როგორც მაშინ, დღესაც დაირაზმნენ ამერიკა-ევროპა ანტი-ლგბტ-ურად განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ.
რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც თვლის, რომ ოჯახი მამაკაცის და ქალის ერთობაა და არა კაცის და კაცის ან ქალის და ქალის. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი თვლის, რომ ლგბტ-ს მედიაში რეკლამირება, პროპაგანდა მიუღებელია, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ის უნდა დაისაჯოს. რაც უნდათ და როგორც უნდათ ისე იცხოვრონ, მხოლოდ გეი-პარადებისა და პროპაგანდის გარეშეო — იყო პუტინის ნათქვამი.
როგორ გაბედა პუტინმა ამის თქმაო — აღშფოთდა დასავლეთი და ჩვენც აღვშფოთდით, მასზე მიწეპებული ქვეყანა. ა.წ. ივლისში განვითარებული მოვლენების შემდეგ თუ ვინმეს ლანძღავს ქართული მედია, არასამთავრობო სექტორი, ლგბტ-ლები, პოლიტიკოსები უპირველესად ხელისუფლებაა, არანაკლებად, თუ მეტად არა რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი.
5 ივლისის დარბევაში ხომ პირდაპირ რუსულ ხელს ხედავენ არა მარტო ქართველი პოლიტიკოსები, არამედ სქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებიც. დავაზუსტებ, ამ უკანასკნელთა დაკვეთით ბღავის საქართველოს პოლიტიკა და უფრო თავგანწირვით იბღავლებს დიდი ფულის მოლოდინში.
რუსული „რბილი ძალის“ წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ა ხომ ათეულობით მილიონი დოლარი გამოუყო საქართველოს? ამ „ნდობას“ გამართლება სჭირდება, მაგალითად გეი-პარადის ჩატარების სახით, ლგბტ-ს დროშებით ქალქის იერსახის გაკეთილშობილების, მედიაში პროპაგანდის, განსაკუთრებით პუტინის ლანძღვის სახით.
ლგბტ-ე იმ სახით, რა სახითაც წარმოგვიდგა — ახალი მოვლენაა, თან არა მარტო ერთნაირსქესიანთა ერთმანეთთან ლტოლვის სურვილით გაჯერებული. ეს პოლიტიკური მოვლენაა და მას სხვაგვარი, სიღრმისეული აღქმა ესაჭიროება. არა ისეთი, ჩვენებური პედერასტიას რომ ვერ სცდება.
ლგბტ-ობა უსერიოზულესი მოვლენაა და რომ ეს ასეა, ლონდონის უემბლის სტადიონმაც გაგვახსენა, როდესაც ფეხბურთში ფინალური მატჩის დაწყებამდე ბურთი, ლგბტ-ს დროშის ფერად შეღებილმა სათამაშო ავტომანქანის მსგავსმა მიიტანა მოედნის შუა ხაზამდე. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა, „უეფამ“ კოჭი გაუგორეს ლგბტ-ს, რითაც მთელი მსოფლიოს ფეხბურთის მოყვარულებს დაანახეს ამ ორგანიზაციისადმი მხარდაჭერა, ამ ორგანიზაციის ძლიერება და ყოვლისშემძლეობა. და როდესაც ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, სხვაგვარმა აღქმამ უნდა იჩინოს თავი, უპირველესად პოლიტიკაში, უპირველესად ხელისუფლებაში. აი, აქ დავსვათ კითხვა — აქვს კი უნარი დღევანდელ ქართულ პოლიტიკას ან ხელისუფლებას ვითარების შესაბამისი დასკვნების გაკეთების?
მოკლედ გიპასუხებთ — არ აქვს! და არ აქვს იმიტომ, რომ არ აქვს ცოდნა, არ აქვს პოლიტიკური ალღო; ვერ აფასებს ვითარებას და რომც შეაფასოს, არ აქვს წინააღმდეგობის გაწევის თავი. ვითარების შესაფასებლად მარტო საქართველოს ყოფაცხოვრება, მართლმადიდებლობა არ გამოდგება, ვინაიდან საკმარისი არ არის. ამ ლოზუნგით ვერ აღუდგები მსოფლიო მოვლენას. მსოფლიო მოვლენის წინააღმდეგ საბრძოლველად მსოფლიო მოვლენების ცოდნაა საჭირო. არის ასეთი საქართველოს ხელისუფლებაში?
დღეს რომ არ არის, ფაქტია, მაგრამ არც ხვალ და არც ზეგ გამოჩნდება, ვინაიდან ის, ვინც ხელისუფლებაშია ასეთს, მე ვიტყოდი სხვაგვარად მოაზროვნეს ხელისუფლებაში არ გააჭაჭანებს.
წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ გაუაზრებელი პოლიტიკური ნაბიჯი ერისა და ქვეყნისთვის დამანგრეველია. გააზრებას კი ცოდნა სჭირდება. ცოდნას სწავლა-განათლება. გაიხსენეთ უწინდელი საქართველო, ქუჩებში გამოსული მომიტინგეები, შეწყვეტილი სწავლის პროცესი და მენშევიკური დროშების ფრიალი. ეს დროშა — სახელმწიფო დროშად იყო მიღებული, ვიდრე ხუთჯვრიანმა დროშამ არ შეცვალა. ვიღას ახსოვდა, ვიღას უნდოდა სწავლა. რევოლუცია ისურვა ხალხმა და მიიღო კიდევაც. მერე იყო კრემლის მიერ ნაბოძები დამოუკიდებლობა, რომელიც მიღებისთანავე გადამთიელს ჩავაბარეთ — აქაოდა პირველი ქვეყანაა, დემოკრატიული, ადამიანის უფლებების უცილობელი დამცველი და ა.შ.
ჩავაბარეთ — თავიდან-ბოლომდე, თხოვნით, ხვეწნა-მუდარით — მოდით და გვიპატრონეთო. ჩავბარდით, თუმცა წარმოდგენა არ გვქონდა ვის ვბარდებოდით. მაშინდელ პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას არათუ აშშ-ს არაფერი გაეგებოდათ, მსოფლიოში რა ხდებოდა ისიც არ იცოდნენ. ვინც ჩაგვიბარა, იმან კარგად იცოდა რა უნდოდა. მას ამის მდიდარი გამოცდილება ჰქონდა შეძენილი საქართველოს მსგავს ქვეყნებში. ალღოც უმალ აგვიღო — მცირე დანახარჯით, ზიზილ-პიპილოებით. მშიერის დამონებას რა უნდოდა, მითუმეტეს, როდესაც თვით ობიექტი ითხოვდა მონობას?
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ მონური განწყობა ჰეგემონისადმი არის იმაზე ძლიერი, ვიდრე მაშინ. რით არის ეს გამოწვეული? ქართველთა გადაგვარებით ანუ ამერიკელთა მიერ ქართველი ახალგაზრდების აღზრდით. ის ახალგაზრდები, დღეს საშუალო ასაკისანი არიან — პოლიტიკაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, შეიარაღებულ ძალებში, დიპლომატიაში, ყველგან და ყველაფერში. და ისინი, ამერიკულწყალდალეულები, აქ ამერიკელებზე მეტი ამერიკელები არიან. კბილებით იცავენ ამერიკას. იცავენ მის პოლიტიკას, ყველაფერს, რისი დაცვაც დაავალეს მათ. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ ამერიკული პოლიტიკის ავღანეთში გასატარებლად, ვითომდაც ამით იცავდნენ საქართველოს ტერორიზმისგან. დაიცვეს?
სამარცხვინო მარცხი განიცადა აშშ-ა, ნატომ და თქვენ წარმოიდგინეთ საქართველომაც ავღანეთის 20-წლიან ომში. გაამერიკელებულ საქართველოსთან შერკინება იმათი მხრიდან, ვინც ჯერ არ გაამერიკელებულა ქარის წისქვილთან შერკინებას ჰგავს. დაახლოებით ასეთად მომეჩვენა 5 ივლისის მოვლენები, როდესაც ხალხი გამოვიდა ქუჩებში, ლგბტ-გან თავის დასაცავად. შედეგი?
უმძიმესი. ათობით ნაცემ-ნატყეპი ჟურნალისტი, ერთი გარდაცვლილი. მტკიცება იმისა, რომ ტელეოპერატორი ნარკოტიკების მიღების შედეგად ძილში გაიპარა, არასერიოზულია. და არასერიოზულია მას შემდეგ, რაც ხალხმა ამ ადამიანის ნაცემ-ნაბეგვი სახე-პირი იხილა ტელეეკრანებზე. მსგავსი ცემის შემდეგ, თანაც თავის არეში არ შეიძლებოდა ტვინის შერყევა არ მიეღო მას. არადა მეორე დღესვე გამოუშვეს საავადმყოფოდან, რაც ჩემის აზრით ექიმების აშკარა გულგრილობაა.
რა მიიღო საქართველომ 5 ივლისის მოვლენების შედეგად? თუ ვიტყვით, რომ შევაშინეთ ლგბტ-ე, ვცდებით! თუ ვიტყვით, რომ ქვეყანა გადავარჩინეთ გაპედერასტებას, ვცდებით! თუ ვიტყვით, რომ შევლახეთ მართლმადიდებლობა — არ ვცდებით! თუ ვიტყვით, რომ გეი-პარადი აღარ ჩატარდება, ვცდებით! პირიქით, ლგბტ ორგანიზაცია არ არის, ის, ვინც თავისუფლად დათმობს პოზიციებს. გეი-პარადი ჩატარდება! თან არაერთი, მედიაში პროპაგანდა გაათკეცდება. გეი-პარადების მოწინააღმდეგეები ქუჩაში აღარ გამოვლენ — დაჭერის შიშით. უფრო მეტიც, ლგბტ-ს საწინააღმდეგოდ მედიაში არც არავინ გამოვა.
მასობრივმა დაჭერებმა და დაჭერილთა ხვეწნა-მუდარამ მართლმსაჯულების წინაშე — გვაპატიეთ, ციხეში ნუ ჩაგვსვამთ, ცოლ-შვილს ნუ დაგვიობლებთო. ამის შემხედვარე ხალხი გამოვა ქუჩაში გეი-პარადის აღსაკვეთად?
ვეჭვობ, ძალიან ვეჭვობ!
5 ივლისის დარბევამ, თანაც ჟურნალისტების და არა ლგბტ-ელების, დათვური სამსახური გაუწია ამ მოვლენასთან ბრძოლას, საპროტესტო გამოსვლებს — შემდგომში. მიზეზი ამისა მრავალია, მათ შორის ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ — დაუფიქრებელი ჩახუტება გადამთიელთან. და ამ პროცესისთვის 30 წლის განმავლობაში პერმანენტული ხელშეწყობა. ნუთუ ძნელი იყო იმის გაგება, რომ ლამაზი თვალებისთვის ქართველს არვინ აჭმევდა, არვინ მისცემდა ფულს, არვინ გაუზრდიდა მომავალ თაობას?
რომ იტყვიან — რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი უჭკო თავითაო, ისეა ჩვენი საქმე. დღევანდელი ვითარება ისეთია, მტერსაც რომ არ გაახარებს. ხელისუფლებისგან მოტყუებული და გაბახებული ხალხი, ცალკე; ჭამისგან, სახელმწიფო ხაზინისგან, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით გაზულუქებული ხელისუფლება, ცალკე. სააკაშვილის კრიმინალური „მოღვაწეობის“ შემდეგ ვერვინ იფიქრებდა, რომ ხალხის დახმარებით გამარჯვებული „ოცნება“— მილიონი დაპირებებით, უარესი გამოდგებოდა.
„ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის, რომ დიდი განსხვავება მხოლოდ სახელშია, ფაქტია. ისინი წყლის წვეთებივით გვანან ერთმანეთს, განსაკუთრებით ხალხის ექსპლუატაციის დარგში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ვერც ერთი ამომრჩეველი ვერ იფიქრებდა, რომ ივანიშვილი მატყუარა კაცია; რომ ის სიკეთეს არ მოუტანს საქართველოს; რომ მისი მიზანი ქვეყნის გაღლეტა, მისი წიაღისეულის, უძრავ-მოძრავი ქონების ხელში ჩაგდებაა.
ვერ იფიქრებდა, რომ ივანიშვილი, შეზღუდული აზროვნების მატარებელი პიროვნება, ჯერ გაყინავდა ქვეყნის წინ მოძრაობას, შემდეგ უკუსვლას დააწყებინებდა. მის მიერ ქვეყნის სათავეში დასმული ხელისუფლება მხოლოდ მისი პირადი კეთილდღეობის დამცველი იქნებოდა, გაუაზრებელი, აბსტრაქტული პროექტებისა თუ იდეების უყოყმანო შემსრულებელი. ივანიშვილმა ფართო გასაქანი მისცა ე.წ. ბიზნესის მიერ აღმასრულებელ-საკანონმდებლო-სასამართლო, ძალოვანი სტრუქტურების დაპყრობას. პოლიტიკის, მართლმსაჯულების, ბიზნესის ერთ ხელში მოქცევას. შედეგი?
დაახლოებით ისეთი, როგორიც გაუბედურებულ ჰაიტში იყო — მისი მმართველი, ამერიკელთა დასმული პაპა დოკის, შემდეგ მისი შვილის ბეიბი დოკის დროს.
რა მიიღო საქართველომ? სიღატაკე, სიდუხჭირე, მორალური დეგრადაცია, ასტრონომიულად გაზრდილი გადასახადები და ფასები პირველი მოთხოვნილების საგნებზე, კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ხალხისგან დაცლილი ქვეყანა.
ლუკმა-პურის საძიებლად თითქმის ყველა ასაკის ადამიანი მიაწყდა დასავლეთს. სად არ ნახავთ ქართველს — ევროპაში, აშშ-ი თუ ლათინურ ამერიკაში? და რას აკეთებენ ისინი იქ, გარდა მძიმე, შავი სამუშაოების შესრულებისა და ქურდობისა, არც არაფერს.
„ოცნების“ ხელისუფლებამ თავი მოიწონა იმით, რომ გერმანიამ ქართველს ნება დართო შეზღუდული ვადით ემუშავა იმ ქვეყანაში. სამწუხაროდ, არც ამ ექსპერიმენტმა გაამართლა მასპინძელთა მხრიდან კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო. ვის უნდა მოვკითხოთ პასუხი, თუ არა ხელისუფლებას? ის არ იწონებდა თავს ამ საქმის გაკვარახჭინებით? ხელისუფლება გაყუჩებულია, თითქოს არაფერი.
ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში ვერ ახერხებს (არ ახერხებს) ხალხისთვის არათუ დანაპირები სამოთხის, არამედ მინიმალური პირობების შექმნას, რასაც ვერ ვიტყვით საკუთარი თავის უზომო პატივისცემაზე. შეხედეთ მათ მიერ წამოჭიმულ სასახლეებს, საცურაო აუზებითა და საქეიფო დარბაზებით, ძვირადღირებულ ავტომობილებს, ვილებს უცხოეთში, ბოლოსდაბოლოს მათ ყოველთვიურ შემოსავლებს. ასეთს, ცხადია ყველა მაძღარი ჰგონია. ასეთს, ყველა სულელი ჰგონია, სხვას ვერაფერს ვიტყვით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებაზე — მიძღვნილს 5 ივლისის მოვლენებისადმი: „მე წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი, მასშტაბური პროვოკაცია, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. კონკრეტული სახელიც და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული შეთქმულების უკან დგას. ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი“.
ვაჰ, როგორ გამოიცანით ბატონო პრემიერო? ბარაქალა თქვენს გონსა და გამჭრიახობას. ასეთი შეძახილი უნდა ყოფილიყო ხალხში. ყოველშემთხვევაში ეს უნდა ეთქვა ხალხს და ის, რომ გვერდში დაუდგებოდნენ ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლ ღარიბაშვილს. მაგრამ ამჯერად აღარ ჭამა ხალხმა, გარდა ზოგიერთი ფანატიკოსისა — ივანიშვილზე შეყვარებულისა და თქვა ის, რაც თქვა და არათუ თქვა, არამედ მოითხოვა ხელისუფლების გადადგომა, ივანიშვილის პოლიტიკური იზოლაცია, სიბინძურეები, რაც ამ ხელისუფლებამ აკეთა 9 წლის განმავლობაში და ა.შ.
ღარიბაშვილის განცხადება იგივეა, რასაც 9 წლის განმავლობაში გვასმენინებს „ოცნება“ — არ აგვირჩევთ ჩვენ და მოვლენ თქვენი მწამებელი ნაცები, ლგბტ-ლები. და როდესაც ხალხი 9 წლის განმავლობაში ისმენს მმართველი პარტიის ასეთ განცხადებას და ვერ ხდება რაშია საქმე, ხელისუფლებას სრული შეგრძნება უჩნდება, რომ ის სულელია.
ცხადია, ყველა ხელისუფალი ამ აზრზეა, თუმცა მხოლოდ საკუთარ თავში, საჯაროდ კი ვიღაც ბუაზე ლაპარაკობს, რომლის არსებობამაც მისცა მას ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება. საინტერესოა, რას მოიფიქრებდა ხელისუფლება სააკაშვილისა და ნაცების არ არსებობის შემთხვევაში?
სწორედ ივანიშვილმა და მისმა „ქოცებმა“ მისცეს ყელყელაობის საშუალება ნაცებსა და სააკაშვილს.
სურვილის შემთხვევაში 2012 წელსვე, საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე შეეძლოთ „ქოცებს“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანონგარეშედ გამოცხადება. არათუ გამოაცხადეს, პირიქით ხელი შეუწყვეს მათ აღზევებას, პირველ ოპოზიციურ ძალად გადაქცევას.
ღარიბაშვილის განცხადებიდან გამომდინარე უმალ მებადება კითხვა — თუ იცოდი, რომ სააკაშვილი აწყობდა პროვოკაციას ათასობით კილომეტრით დაშორებული ქვეყნიდან, რას აკეთებდა ამ ქვეყანაში მცხოვრები უმაღლესი თანამდებობის პირი, სააკაშვილთან შედარებით აურაცხელი ძალაუფლების პატრონი? არც არაფერს?!
და ამ არც არაფერში სხვა დაინახა ხალხმა, ანუ ჟურნალისტთა წინააღმდეგ აგორებული დარბევისადმი ზედაპირული დამოკიდებულება, ორი კურდღლის მოკვლა — ჟურნალისტთა და პედერასტთა დაშინება, ხალხისთვის იმის თქმა — ნახეთ, ვინ არიან ისინი, ხალხის და ქვეყნის მტრები. აი, ასეთის წინააღმდეგ ერთად უნდა დავდგეთ — ხალხი და ხელისუფლებაო.
პარლამენტის წინ გამართულ ჟურნალისთა მიტინგზე ღარიბაშვილის უკანასკნელი სიტყვებით ლანძღვას არცთუ დიდი ხნის წინანდელი აუდიო-ჩანაწერიც აღვივებდა, სადაც ღარიბაშვილ-ბერა ივანიშვილის ლაპარაკია ჩაწერილი. თვით ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ასეთს მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ადრე, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი არ იყო, თითქოს ამას რამე მნიშვნელობა ჰქონდა.
მაშინვე ნათელი უნდა ყოფილიყო ხალხისთვის, რომ ამ დიალოგის მონაწილე არ უნდა ყოფილიყო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის მატარებელი. იმჟამად ხალხმა აუდიო-ჩანაწერს ყურადღება არ მიაქცია, არადა რომ მიექცია, 5 ივლისი არ იქნებოდა.
„ღარიბაშვილმა შესანიშნავად იცის, რა ვერაგ ძალას უპირისპირდება, მაგრამ იგი ამაზე წავიდა. რა უნდა ვიფიქროთ, რატომ გადადგა მან პირადად მისთვის ასე სახიფათო და სარისკო ნაბიჯი? სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, მან ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ერის ღირსების შესანარჩუნებლად გადადგა. იმ მოძალადეთა შესაჩერებლად გადადგა, რომლებიც სულში ხელებს გვიფათურებენ და ჩვენი გადაკეთება განუზრახავთ, თავიანთ თარგზე ჩვენი მოჭრა და იმ გზაზე შეყენება გადაუწყვეტიათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ.“ — ვალერი კვარაცხელია, გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“.
თავიდანვე ვიტყვი — ვერ დავეთანხმები და რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ „ჩვენ რომ აღარ ვიყოთ“ — მათ რომ გადაწყვიტეს — საქართველოს ხელისუფლებამ რა გააკეთა ამის საწინააღმდეგო? 9 წლის განმავლობაში „იმათთან“ ერთად და მათთან ჩახუტებით „საოცნებო“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა „ჩვენ რომ არ ვიყოთ“ პროექტის განსახორციელებლად.
9 წლის განმავლობაში „ქოცებს“ და მათ ხელისუფლებას ერთხელაც არ მიუნიშნებიათ მათი გავლენის ქვეშ მყოფი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედის“ და სხვა ტელეკომპანიებისთვის შეემცირებინათ მაინც ლგბტ-ს თემაზე გამუდმებული ლაპარაკი, და აქედან გამომდინარე რუსეთის, მისი პრეზიდენტის ლანძღვა. რომელმა ხელისუფალმა, რომელმა ღარიბაშვილმა, რომელმა ერთმა მიანიშნა საზოგადოებრივი არხის წითელთმიან ქალ ჟურნალისტს, ვაი ჟურნალისტთან, პუტინის შეურაცხმყოფელ გაბუნიასთან ხანგრძლივი მაამებლური სატელევიზიო დიალოგის თაობაზე, რომლის დროს წითელთმიანმა გონება, გამბედაობა დაულოცა გაბუნიას სიტყვებით — შენთან ვიყავით და ვართ მთელი „საზოგადოებრივი არხის“ ჟურნალისტებიო.
ვერ ვიხსენებ ვერც ერთ განცხადებას, სადაც „ქოცურ“ ხელისუფლებას ოფიციალურად დაეგმო ლგბტ-ობა. ვერ ვიხსენებ ვერც ღარიბაშვილის ან სხვა „ქოცური“ პრემიერის მიერ ნათქვამ ვერც ერთ სიტყვას, პოზიტიურს რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ. საძაგებელს, თანაც მსოფლიოს ტრიბუნებიდან ნათქვამს — უამრავს. არადა „ოცნება“ ხომ იმ დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში, რომ რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებდა?
ბატონი ვალერი წერს, რომ „ღარიბაშვილმა შესანიშნავად იცის რა ვერაგ ძალას უპირისპირდება, მაგრამ იგი ამაზე წავიდა“. ღარიბაშვილმა კარგად იცის, როგორ გააჩუქოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები ძმაკაცებზე, როგორ დაიცვას ივანიშვილი და მისი ოჯახი თავდასხმისგან პოლიციის „მიკაჩავებით“, როგორ აუშენოს ბეტონის კედელი ნოდარ ჯავახიშვილისთვის — თითქმის ნახევარი საუკუნით გადაცემულ მიწას, გაუყვანოს მას კანალიზაცია; ღარიბაშვილმა და მისმა წინამორბედმა გახარიამ კარგად იციან, როგორ ჩამოაჭრან და თურქეთს ერთი საუკუნით გადასცენ მდინარე რიონის ხეობა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საბაბით; ღარიბაშვილმა კარგად იცის პირუტყვი ჭიკაიძის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა, ხოლო გათავისუფლების შემდეგ მისთვის მსუყე ბიზნესის მირთმევა.
ღარიბაშვილმა კარგად იცის საკუთარი მამის მიერ კახეთის დამონება, ჰიდროელექტროსადგურების ბიზნესში ჩართვა; ღარიბაშვილმა კარგად იცის ცოლისთვის დიდი ბიზნესის დაფუძნება რესპუბლიკის მოედანზე ე.წ. ანდროპოვის ყურების ადგილას აშენებულ რესტორანში.
ეს რაც გამახსენდა. ღარიბაშვილმა რომ იცის, ხალხმაც იცის. იმ ხალხმა, რომლის კეთილდღეობისთვის მას არაფერი გაუკეთებია, ისე, როგორც „ოცნებას“, მაგრამ ღარიბაშვილმა არ იცის რა არის ლგბტ, ვინაიდან უცოდინარი, ზერელე განათლების მატარებელი პიროვნებაა. მან რომ იცოდეს მარტივი ჭეშმარიტება, რომ მისი და მისი ხელისუფლების მხარდამჭერი და გადამრჩენი საკუთარი ხალხია და არა ოკეანისგადაღმელი პოლიტიკოსები ერთ, პრაქტიკულ, თუნდაც მცირე ნაბიჯს გადადგამდა მისი გულის მოსალბობად, მაგრამ არა! ეს არ შედის მის მოვალეობაში. მისი მოვალეობა ივანიშვილების სამსახურია, არა საქართველოს და მისი ხალხის, არამედ ივანიშვილის და ამასთანავე საკუთარი ოჯახის, ნათესავების, მეგობრების.
ღარიბაშვილს რომ რაღაც მაინც გაეკეთებინა ამ ხალხისთვის, პრობლემები არ შეექმნებოდა. ახლა შეექმნა და მისგან მივიწყებულ ხალხს მიაკითხა შველისთვის — მე ვარ ლგბტ-გან თქვენი მაშველი, თქვენი გადამრჩენიო. ეს და მხოლოდ ეს ამოვიკითხე მის ნათქვამში და არა „ჩვენი გადამკეთებლების“ წინააღმდეგ ბრძოლა. ამისთვის ღარიბაშვილს არც გამბედაობა, არც შემართება და არც პროდასავლურობა უწყობს ხელს და ცხადია არც განათლება, მითუმეტეს სამშობლოს სიყვარული, რომელიც მარტო პედერასტებთან მოჩვენებითი დაპირისპირებით არ იწყება და თავდება.
სამშობლოს დეკლარირებული სიყვარული საკმარისი არ არის. სამშობლოს სიყვარული საქმით უნდა დამტკიცდეს. სამშობლოს, საკუთარ კუჭზე მაღლა დაყენებით, რასაც საქართველოს მოსახლეობა ვერ ხედავს. რასაც ხედავს ისაა, რაც ჟურნალისტთა მიტინგზე ითქვა. ასეთი საქართველო და მისი ხელისუფლება მხოლოდ ერთჯერადად მოიგერიებს ლგბტ-თა იერიშს, მაგრამ არა მრავალჯერადად, ვინაიდან აუარება პრობლემებით დახუნძლულ ხალხს საპროტესტოდ არც ძალა ექნება და არც შემართება!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
17/07/2021