1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმი (21.03.2021)
საქართველოს თანამედროვე ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უნდა ეკავოს 1991 წლის 17 მარტს, რომელმაც, მიუხედავად მიღებული შედეგისა, საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოში უდიდესი და უძლიერესი საბჭოთა იმპერიის დაშლას.
იმ დღიდან მოყოლებული უამრავ ქარტეხილს ჰქონდა ადგილი ყოფილ საბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით საქართველოში, რომელთა მიზეზი სწორედ 1991 წლის გადაწყვეტილებაში უნდა ვეძებოთ. მკითხველი იკითხავს — რა მაქვს მხედველობაში. გიპასუხებთ — რეფერენდუმი, რომელიც 17 მარტს გაიმართა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეკითხვით — სურს თუ არა საბჭოელებს საბჭოთა კავშირში ცხოვრება.
კრემლის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი არ გაიზიარა 6 საბჭოთა რესპუბლიკამ, მათ შორის ბალტიისპირა სამმა, მოლდოვამ, სომხეთმა და საქართველომ.
საქართველოში იმჟამად, ფაქტიურად, საბჭოთა წყობილება აღარ არსებობდა. მას წერტილი დაუსვა 1990 წლის შემოდგომით ჩატარებულმა მრავალპარტიულმა არჩევნებმა — პირველმა საბჭოთა სივრცეში, რომელშიც გაიმარჯვა დისიდენტურმა, ოპოზიციური პარტიების კოალიციამ, „მრგვალი მაგიდის“ სახით. ახალმა, ეროვნულად წოდებულმა ხელისუფლებამ, საკუთარი რეფერენდუმი ჩაატარა — დამოუკიდებლობის აღდგენის სათაურით, რომელსაც მხარი მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა.
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ყოფნა-არყოფნის რეფერენდუმს — 76% ჩათვალა, რომ საბჭოთა კავშირი უნდა არსებობდეს, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 3/4—მა, მათ შორის იყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
სტატიის დასაწყისში გამოთქმული ჩემი მოსაზრება რეფერენდუმთან დაკავშირებით სულაც არ ეწინააღმდეგება სტატიის დედაარსს და რატომ? — დიახ! რეფერენდუმის გადაწყვეტილება ანუ ხალხის, იყო ნებისმიერ კანონზე მაღალი, მაგრამ მან გამოიწვია რეაქციული, დესტრუქციული და არაკონსტრუქციული ძალების კიდევ უფრო გააქტიურება და საბჭოთა წყობილებისთვის მომაკვდინებელი დარტყმის მიყენება. ჯერ საბჭოეთის გადარჩენის მსურველი გკჩპ-ს, მოგვიანებით ბელორუსიის ბელოვეჟის ტევრში რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი, აშკარა უკანონო, ანტისაბჭოთა ხელშეკრულების სახით.
რეფერენდუმის ჩატარების იდეა გორბაჩოვიდან მოდიოდა, რომელსაც „პერესტროიკის“, „გლასტნოსტის“, სხვა ლოზუნგების საბჭოურ ცხოვრებაში შემოტანამ იმდენად მოურყია ფუნდამენტი იმპერიას, რომ უკეთესს ვერც ერთი ანტისაბჭოურად განწყობილი პოლიტიკოსიც ვერ ინატრებდა.
რეფერენდუმის დადებითი შედეგი ზურგს გაუმაგრებდა გორბაჩოვს — ასე ფიქრობდა ის, მაგრამ მოხდა პირიქით. პოლიტიკურ აბრაკადაბრას, რასაც თან ახლდა საბჭოთა ადამიანის ცხოვრების პირობების მკვეთრი გაუარესება, რეფერენდუმის ჩატარება ვეღარ გადაარჩენდა.
ხალხის თვალში გორბაჩოვი და ხელისუფლებაში მყოფი სხვა პოლიტიკური ფიგურები აღიქმებოდნენ საბჭოეთის მოღალატეებად, გამყიდველებად და სწორედ ამიტომაც დაუჭირა მან (ხალხმა) მხარი საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას და არა იმიტომ, რომ ზურგი გაემაგრებინა გორბაჩოვისთვის.
აი ასე, დაუფიქრებელი, მოუმზადებელი რეფერენდუმი, რომელსაც, დადებითი შედეგის შემდეგ უნდა მოჰყოლოდა ახალი კავშირის ჩამოყალიბების პროექტი, საბჭოთა კავშირის მესაფლავე გამოდგა.
დავუბრუნდეთ საქართველოს, როგორც აღვნიშნე საქართველოს ხელისუფლებამაც 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს სხდომაზე, სადაც ვკითხულობთ:
„1990 წლის 28 ოქტომბერს, მრავალპარტიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“.
საქართველოს უზენაესი საბჭოს დარბაზში ეიფორიული განწყობა ყოველგვარ საზღვარს ლახავდა. უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრები ერთმანეთს ეხვეოდნენ და პრეზიდიუმის წინ მდგარ პატარა მაგიდაზე დადებულ საშუალო ფორმატის ქაღალდს — ისეთს, როგორიც 1918 წლის 26 მაისს იყო, ხელს აწერდნენ.
სხდომის წინა ღამეს, ტექსტზე მუშაობის დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ დოკუმენტზე მარტო უზენაესი საბჭოს წევრებს მოეწერათ ხელი და არა აღმასრულებელ ხელისუფლებას, რაზეც პროტესტი გამოთქვა მთავრობის თავმჯდომარე სიგუამ. ბოლოს, უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დათანხმებოდა სიგუას.
საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ ხელმოწერილ დოკუმენტს, როგორც სამდივნოს უფროსმა, ხელი მოვაწერე, სახელმწიფო ბეჭედი დავუსვი და გადავეცი გამომცემლობა „სამშობლოს“ ხელმძღვანელს ვახტანგ ესვანჯიას ასლების გადასაღებად და სავაჭრო ქსელში გასატანად. მანამდე „საქინფორმის“ ფოტოკორესპონდენტმა გადაიღი დოკუმენტის სურათები პრესაში გამოსაქვეყნად.
ვახტანგ ესვანჯიას მიერ, ერთი საათის შემდეგ, დაბრუნებული დოკუმენტი მოვათავსე სეიფში. საღამოს, ზვიად გამსახურდიამ მთხოვა დოკუმენტის მისთვის გადაცემა და მითხრა, რომ მას დილით დამიბრუნებდა არქივში შესანახად.
დილით გამოსული ყველა გაზეთის პირველ გვერდზე განთავსებული იყო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ფოტოსურათები, ხელმოწერებით — იმ სახით, რა სახითაც სხდომის დროს.
დილით გამსახურდიამაც დამიბრუნა დუკუმენტი (დედანი), სადაც დამატებული იყო გამსახურდიას მეუღლის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერა.
ქალბატონმა მანანამ დოკუმენტზე ხელი სახლში მოაწერა, სხდომის დამთავრების შემდეგ, საღამოს. ე.ი. მას შემდეგ, რაც მე პრესას გადავეცი გამოსაქვეყნებლად. დილით გამოსულ გაზეთებში დოკუმენტზე მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერა არ იყო, ხოლო ორიგინალზე, გამსახურდიას წყალობით — გაჩნდა.
პატივცემული ზვიადის მითითებით, ისევ ვთხოვე „საქინფორმის“ ფოტოკორესპონდენტებს დოკუმენტის ფოტოსურათის გადაღება და პრესაში გამოქვეყნება, რაც შესრულდა კიდევაც, რამაც საზოგადოებაში დიდი დაბნეულობა და გულისწყრომა გამოიწვია. საზოგადოებამ ვერ გაიგო, რატომ აწერდა მანანა არჩვაძე-გამსახურდია ხელს დოკუმენტს — პირი, რომელიც არც უზენაესი საბჭოს და არც მთავრობის წევრი არ იყო.
საზოგადოების განრისხება მრავალი წლის განმავლობაში არ განელებულა, ისე, როგორც მომაბეზრებელი შეკითხვები ჩემს მიმართ — რატომ გაჩნდა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერა დოკუმენტზე.
ამ არცთუ სახარბიელო ისტორიიდან მრავალი წლის გავლის შემდეგ, სხვა თვალით ვაფასებ არა მარტო ბატონი ზვიადისა და მისი მეუღლის „მსუბუქ“, პასუხისმგებლობისგან დაცლილ ქცევას, რომელსაც სახელმწიფოებრიობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, არამედ თვით აქტის ტექსტსაც. დღევანდელი გადასახედიდან სხვაგვარად აღვიქვამ (უფრო ნეგატიურად) აქტში მოხსენიებულ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. და იმას, რაც მაშინ ჩავწერეთ აქტში — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია, დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულიაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.
აქტის მიხედვით, ბოლშევიკური ხელისუფლების შემდგომი 70-წლიანი საბჭოთა პერიოდი სისხლიანი და წამებით აღსავსე იყო, რაც ნაკლებად შეეფერება სინამდვილეს, საკითხისადმი სიღრმისეულ მიდგომას საჭიროებს და არა ზედაპირულს, როგორც გვჩვევია.
საქართველოს ისტორიაში საბჭოური პერიოდი, მიუხედავად სერიუზული გამოწვევებისა, ოქროს ასოებით ჩაიწერა. სწორედ ამ 70 წელმა ააყვავა ქვეყანა არა მარტო ეკონომიკის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის და სხვა დარგებში, არამედ შექმნა ყველა პირობა კატასტროფული დემოგრაფიული სურათის დადებითობისკენ შემობრუნებისა. თუ მე-12 საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა 7 მილიონს აჭარბებდა, მე-18 საუკუნის ბოლოს 500000 ითვლიდა.
ქართველთა განადგურების მთავარი წყარო არაერთი იყო: თურქეთისა და სპარსეთის სადამსჯელო სამხედრო ოპერაციები; ჩრდილო კავკასიის ხალხთა შემოსევები; შიდა ომები, შიმშილი. რომ არა რუსეთი, ცოტაც და საქართველო აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. 1897 წელს რუსეთში ჩატარებული აღწერის შედეგად ამ ქვეყანაში ქართველთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ანუ რუსეთის 83 წლის მფარველობის ქვეშ მოსახლეობის ნამატი საგრძნობი გახდა. აღარაფერს ვამბობ საბჭოთ პერიოდზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ ხუთნახევარ მილიონს მიაღწია.
ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რუსეთის, საქართველოს ისტორიულ მტრებთან —თურქეთთან და ირანთა, ერთ სიბრტყეზე დაყენება. რომ არა რუსეთი, ძნელად წარმოსადგენია, მოაღწევდა თუ არა ეს ქვეყანა დღევანდლამდე.
დღევანდელ, ვითომ გაევროპელებულ ქართველთათვის, ევროატლანტიკურ წყალდალეულთათვის, დასავლელთა მიერ ანტირუსულად მომართულთათვის, არცთუ სასიამოვნო წასაკითხი იქნება ის, რასაც ქვემოთ დავწერ, მაგრამ რა გაეწყობა, ასეთი იყო ჩვენი ისტორია და გვინდა თუ არა თვალი უნდა გავუსწოროთ მას.
220 წლის წინათ, 1801 წლის 30 იანვარს რუსეთის იმპერატორმა პავლე I გამოსცა მანიფესტი — რუსეთის იმპერიასთან საქართველოს მიერთების შესახებ. ამ მანიფესტამდე მისვლას იმპერატორმა საკმაო დრო და განსჯა მოახმარა. 1799 წელს მან კმაყოფილება გამოხატა 1783 წლის რუსეთ-საქართველოს გეორგიევსკის ხელშეკრულების მიმართ და თავისი წარმომადგენელიც გამოგზავნა ისეთი ინსტრუქციებით, რომელთა მიხედვით მთელი ძალ-ღონე უნდა მოხმარებოდა პატარა, დამოუკიდებელი ქვყნის შენარჩუნებას, რომელიც ორი მხრიდან მოქცეული იყო მისადმი მტრულად განწყობილ თურქეთსა და ირანს შორის, მესამე მხრიდან — ჩრდილო კავკასიელ ტომებს შორის, მაგრამ ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII დაჟინებით მოითხოვა რუსეთის იმპერიაში შესვლა.
მეფეს საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა, რომელთა მიხედვით, მართალია ქართლ-კახეთი რუსეთის იმპერიაში შევიდოდა, მაგრამ ის და მისი დინასტია შეინარჩუნებდა მეფის ტიტულს და შემოსავალს. ასეთი გადაწყვეტილება სულაც არ იყო გასაკვირი, ვინაიდან ქვეყანა უკვე კარგახნის დაშლილ-დანაწევრებული იყო ფეოდალურ სამთავროებად, რომლებიც ტრადიციულად თურქეთ-ირანის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ და მხოლოდ სიტყვიერ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ, რეალურად კი მეზობელი ქვეყნების პროვინციებს წარმოადგენდნენ.
1783 წელს საქართველოს არ დაუკარგავს დამოუკიდებლობა, ვინაიდან სინამდვილეში მას ასეთი არ ჰქონია, უბრალოდ მან მუსლიმანური ქვეშევრდომობა, რუსული მართლმადიდებლურით შეცვალა.
1792 წელს ერეკლე II თავისი სამეფო 6 ნაწილად დაჰყო — თავის შვილებს შორის, რამაც მისი სიკვდილის შემდეგ თავისთავად გამოიწვია დაპირისპირება. საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII უეცრად გარდაიცვალა. მაღალი საზოგადოების მოსაზრება ორად გაიყო — გიორგი მე-12-ს შვილ იულონსა და ერეკლე II-ს ძმას ანუ იულონის ბიძას შორის. სამოქალაქო ომის შავი ღრუბლები დაადგა ქართლ-კახეთის სამეფოს თავს.
1800 წლის დეკემბერს ქართველ თავადთა კრებაზე რუსეთის იმპერატორის წარმომადგენელმა გენერალმა ლაზარევმა, ომის თავიდან აცილების მიზნით, გამოაცხადა, რომ ძალაუფლება საქართველოში ეკუთვნის რუსეთის იმპერიის წარმომადგენელს.
იმპერატორ პავლე I-ს მანიფესტით არა მარტო ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთება გადაწყდა, არამედ მთლიანად რუსეთის პოლიტიკა ამიერკავკასიასთან მიმართებაში. რას წარმოადგენდა მაშინდელი დაშლილ-დაქუცმაცებული სახელმწიფო? — ქართლ-კახეთის სამეფოს — ყველაზე დიდს საქართველოში, იმერეთის სამეფოს, სამეგრელოს, გურიის, სვანეთის, აფხაზეთის სამთავროებს.
ქუთაისის სამეფომ 1804 წელს მოაწერა ხელი რუსეთის იმპერიაში შესვლაზე. სამეგრელოს სამთავრო 1803 წელს შეუერთდა რუსეთს, სვანეთი — 1833 წელს, გურია — 1810 წელს, აფხაზეთი — 1809 წელს.
აქვე აღვნიშნავ, რომ მე-18 საუკუნეში აფხაზეთში კარგა ხნის დავიწყებული იყო ოდესღაც მისი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა. სამთავროს შიგნით გააფთარებული ბრძოლა მიმდინარეობდა პროთურქულ და პრორუსულ ძალებს შორის.
არანაკლებ მშფოთვარე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებიც. ჯერ იყოდა 1918 წელს დაიწყო სომხეთთან ომი ლორეს დასაკავებლად, რომელიც ინგლისელებმა ჩააცხრეს — გაყვეს რა ლორე სამ ნაწილად. შემდეგ საქართველოს ჯარი შევიდა სოჭში, დაიკავა ტუაფსე და გამოაცხადა საქართველოს ტერიტორიად.
1918 წლის 25 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ჩავიდა ეკატერინოდარში თეთრების გენერალ დენიკინთან შესახვედრად, რომელსაც წარუდგინა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროინდელი რუკა, რომლის მიხედვით ქართული ჯარის მიერ დაკავებული შავიზღვისპირა ზოლი საქართველოს საკუთრებას წარმოადგენდა.
მოთმინებიდან გამოსული დენიკინის რისხვას ძლივს გადაურჩა გეგეჭკორი. დენიკინის ბრძანებით მისი არმიის ნაწილებმა სოჭსა და ტუაფსეში შესული ქართული ჯარი გამოდევნეს და გადაწყვიტეს თბილისის აღება. და რომ არა ინგლისელები, აიღებდნენ კიდევაც.
თუმცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება არ შეჩერებულა. დაიგულა რა დენიკინი ჩრდილო კავკასიაში ბოლშევიკების წინააღმდეგ ომში ჩართული, მეორედ შევიდა სოჭში, რასაც მოჰყვა იმავე დენიკინის პასუხი. მან აიძულა ქართული ჯარი გასულიყო სოჭიდან და აფხაზეთიდან. ტყვედ აიყვანა 750 კაცი, მათ შორის გენერალი კონიაშვილი და შტაბის უფროსი წერეთელი, რის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა ქვეყანაში მცხოვრები რუსების ქონების კონფისკაცია, დაკეტა თბილისში არსებული რუსული საკათედრო ტაძარი.
დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი მმართველობის კულმინაცია იყო საქართველოდან გაქცევის წინ ქვეყნის ყველა ეკლესიის წმინდა ხატებისა და საგანძურის ხელში ჩაგდება, სახელმწიფო ხაზინის გაძარცვა და ამ განძის ემიგრაციაში წაღება. უწესრიგოდ, ასეულობით ყუთში ჩაყრილი განძი საფრანგეთის ქ. მარსელის ბანკს ჩააბარეს, საიდანაც დროდადრო გამოჰქონდათ უძვირფასესი ნივთები და ყიდდნენ.
განძი, შემდეგ პარიზში გადაიტანეს და როდესაც საფრანგეთმა ცნო საბჭოთა ხელისუფლება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფ ხელისუფლებასთან შეწყვიტა ყოველგვარი კავშირი. ქართული საგანძური საფრანგეთის საკუთრებად გამოაცხადა. და რომ არა სტალინის ძალისხმევა და მისი თხოვნა საფრანგეთის პრეზიდენტ დე გოლისადმი, მენშევიკთა მიერ განიავებულ-გაყიდული, საგანძურის მცირე ნაწილიც კი არ დაუბრუნდა საქართველოს.
თანამედროვე ქართველთა დამოკიდებულება ე.წ. დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებისადმი გაურკვეველი რომანტიზმითა და მითებით არის მოსილი. ისიც მითი და ზღაპარია, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა გადაარჩინა საგანძური.
რომანტიკოსებს ვეკითხები, როგორ შეძლებდა ბატონი ექვთიმე, ერთ პატარა ბინაში მცხოვრები, საგანძურის იქ განთავსებას, შემგედ საფრანგეთის საზღვრის გადალახვას და საბჭოთა კავშირში შემოტანას? იქნებ ჩემოდნით შემოიტანა იმ რაოდენობის ნივთი, ხელოვნების მუზეუმის დარბაზებში რომ ვერ ეტეოდა?
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, მის წევრ ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა განძზე მზრუნველობა, რაც მისთვის შეუძლებელი გახდა მიზეზთა გამო. განძი საფრანგეთის სამხედრო გემზე აიტანეს, სადაც თაყაიშვილი არ აუშვეს. ის სხვა გემით გაეკიდა განძს, რომელიც მარსელში ჩავიდა და მენშევიკთა მთავრობის სხვა წევრების ძალისხმევით, შესანახად ჩაბარდა მარსელის ბანკს, საიდანაც პირადი სარგებლობისთვის მათივე ძალისხმევით დიდი თუ პატარა ზომის უნიკალური ნივთები გადიოდა გასაყიდად.
დამოუკიდებლობის აქტის ტექსტზე მუშაობის დროს ქვეყნისთვის მენშევიკთა არასახარბიელო „მოღვაწეობის“ შესახებ ცოტა თუ იყო ცნობილი, ამიტომაცაა ის პოზიტიურად მოხსენიებული ტექსტში, მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა — მეტი გახსნილობით, ისტორიულ დოკუმენტებზე წვდომის შესაძლებლობით, რაც ობიექტური აზროვნების საწინდარი უნდა იყოს.
მაგრამ არა! ჩვენ მაინც იმას მივტირით, რაც უდავოდ დასატირალი არ არის, მითუმეტეს სამაგალითო და მისაბაძი. ვაგინებთ საბჭოთა კავშირს და საბჭოთა სისტემას, რომელმაც შეკრა, ერთ ქვეყნად აქცია 1555 წელს ოფიციალურად დაშლილი საქართველო;
სახელმწიფოებრივი აზროვნება გაუჩინა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს, სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს. პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, პატიოსნება აქცია მთავარ მიზნად და ამოცანად. ვინ იფიქრებდა, რომ 30 წლის წინათ ჩატარებული საბჭოთა კავშირის ყოფნა-არყოფნის რეფერენდუმი უპირველესად ჩვენზე, საქართველოზე ესოდენ მომაკვდინებლად იმოქმედებდა, ნეგატივისკენ შეგვიცვლიდა აზროვნებას, გადაგვაქცევდა დაუნახავ, უმადურ მასად, რომლის მოთხოვნილება — ინსტინქტების დონეზე დასული, არ ცნობს არც პატრიოტიზმს, არც სამშობლოს სიყვარულს, არც პატიოსნებას. აღმერთებს კუჭს, გაუთავებელ ღრეობას, საკუთარი ბუნაგების მოწყობას, ჭამას-ჭამას, გაუთავებელ ჭამას. გადარჩება ასეთი მასა?
კითხვას თქვენ გისვამთ პატივცემულო მკითხველო. პასუხს თქვენგან არ ველი. თქვენ თვითონ გაეცით პასუხი თქვენს თავს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი