ჩაის საკრეფად თურქეთში გაკრეფილი გურულები, სოციალური პრობლემები და გამოუსწორებელი დემოგრაფია (22.02.2021)
ტელეკომპანია „ობიექტივის“ ღამის ეთერში ბატონმა ვალერი კვარაცხელიამ საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა 2011 წელს გადაღებული ვიდეო-ფილმი, რომელიც მიძღვნილია მეზობელ თურქეთში ლუკმა-პურის საძიებლად გასულ ქართველობაზე. რეჟისორმა (ინაშვილი) დააფიქსირა ის აუტანელი ყოფა ქართველი ქალ-კაცისა, რომლებიც უმძიმესი ფიზიკური შრომის, დამცირების, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების ფასად ტყავს იძრობენ, საქართველოში დარჩენილი ოჯახების შესანახად.
ფილმი ძველია, თუმცა იქ მოთხრობილი ამბავი დღესაც აქტუალური, უფრო სწორად იგივე ან უარესი. უმუშევრობის პრობლემა მაშინაც და დღესაც გადაუჭრელია. დღეს, მეტად, ვინაიდან „კორონავირუსმა“ დამატებით ნახევარი მილიონი უმუშევარი გააჩინა, რომელიც ვირუსამდე თავს მეტნაკლებად საშუალოდ გრძნობდა საკუთარი ბიზნესის, შრომის, მოხერხებული ბიზნესურთიერთობების შედეგად.
„კოვიდ-19“-ს პანდემიამ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს ისეთი ცრემლი ადინა, რომ ვირუსული დაავადების წლისთავზე მსხვერპლთა რაოდენობით (გარდაცვლილთა სახით) დაზაფრულმა ისღა მოახერხა შეგუებოდა ვითარებას.
ვირუსი არ ცხრება, არც წასვლას აპირებს და არც დამარცხებას. შიგადაშიგ ცვლილებას განიცდის და მოჭარბებული ძალებით მუსრს ავლებს გადარჩენილ მოსახლეობას. ჯერ-ჯერობით „კორონავირუსის“ წინააღმდეგ გამოგონილი არაერთი ვაქცინა ვერ ახერხებს მდგომარეობის კარდინალურ ცვლას. როგორც ჩანს შედეგი მოგვიანებით იქნება — ზაფხულის მიწურულში.
ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა სატელევიზიო გამოსვლის დროს ილაპარაკა დაავადებაზე, რომელმაც 450000 ამერიკელი გაისტუმრა საიქიოს, ხოლო ეკონომიკა, უმუშევრობა ისეთ დღეში მოაქცია, როგორიც ამერიკის ისტორიის უმძიმეს დეპრესიულ წლებში სუფევდა. „75 მილიონი ამერიკელი ლუკმა-პურის გარეშეა დარჩენილიო“, — ბრძანა პრეზიდენტმა.
არც სხვა ქვეყნები გრძნობენ თავს კომფორტულად და ამ ფონზე საქართველოს პრობლემები სულაც არ ჩანს ტრაგიკულად. ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები გამუდმებით იშვერენ ხელს ეკონომიკურად ჩვენზე ძლიერი ქვეყნებისკენ და ნიშნის მოგებით გვეუბნებიან — იქ თუ ასეთი ვითარებაა, რა გასაკვირია, რომ ჩვენთან პრობლემები იყოსო. ბრიყვი მავანისთვის მსგავსი განცხადებები დამაჯერებელია, თუმცა მათთვის, ვინც მეტნაკლებად თვალს ადევნებს ქართულ პოლიტიკას — დაუჯერებელი.
დასაქმების, მიგრაციის, დემოგრაფიის საკითხები დამოუკიდებლად არსებობის 30-წლიანი პერიოდის გადაუჭრელი პრობლემებია და როგორც ჩანს, ასეთად დარჩება, ვინაიდან ქართული პოლიტიკა არც პროფესიონალური და არც უბრალო ადამიანური თვალსაზრისით მზად არ არის მათთან შესაჭიდებლად. თუ რისთვის არის მზად, ამომრჩეველმა საკუთარი თვალით იხილა განვლილ მძიმე წლებში. დავსვათ ასეთი კითხვა — მაინც რისთვის არის მზად ხელისუფლება?
ხელისუფლება მზად არის მონურად ემსახუროს ევროატლანტიკურ სივრცეს, კერძოდ ვაშინგტონს, ბრიუსელს, მაგრამ არა საკუთარ ხალხს, ვინაიდან დასავლეთმა მოიყვანა ის ქვეყნის სათავეში და არა ხალხმა.
ხალხი, მთავარი კერძის „გარნირია“, ანუ კიტრის, პომიდვრის, სხვადასხვა სახის ბოსტნეულის პატარ-პატარა ნაჭრების სახით. მთავარი კერძი — ხორცი ან თევზია ანუ დასავლეთში შემუშავებული პროგრამა. ხალხი იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მის ხმებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ხმის დამთვლელნი ისე თვლიან და ისეთი შედეგი გამოჰყავთ, წინასწარ რომ ჰქონდათ დაგეგმილი.
ასე რომ, გამარჯვებული პარტია გუნდრუკს უკმევს დასავლელ ბოსებს და არა ხალხს. ის ანგარიშვალდებულია დასავლეთის და არა ხალხის წინაშე. „ხალხი“ სიტყვის მასალაა — „რას იტყვის ხალხი“, „ხალხი აღშფოთდება“, „ხალხი იტყვის თავის სიტყვას“ და ა.შ.
ხალხს რომ აღშფოთების სურვილი ჰქონოდა, აქამდე ათასჯერ აღშფოთდებოდა — გაუსაძლისი ეკონომიკურ-სოციალური ვითარებიდან გამომდინარე. არათუ აღშფოთდებოდა, ხელკეტებით შეიარაღებული გარეკავდა ხელისუფლებას; მოითხოვდა ახალი არჩევნების ჩატარებას; 20 ლარიდან დაწყებული, ას და მეტ ლარზე არ გაყიდდა საკუთარ ხმას მოღალატე პარტიის სასარგებლოდ.
ხალხი იმ დასავლეთშია შემოქმედი, კატეგორიული და მომთხოვნი ხელისუფალთა მიმართ. მას რომ ისეთი სოციალური პრობლემები ჰქონდეს, როგორიც ჩვენ — დღეში 10 რევოლუციას მოაწყობდა. უნახავს ვინმეს სოციალურ საკითხებზე საქართველოში მოწყობილი სახალხო გამოსვლები, მიტინგები, სხვა აქციები? არც არავის.
„ოცნების“ ხელისუფლებას ორმაგი დაქვემდებარება აქვს — დასავლეთის და ბიძინა ივანიშვილის. ორივე ძვირფასია მისთვის. დასავლეთი აძლევს ძალაუფლებას, ივანიშვილი — ძალაუფლებას და ფულს. ანუ 20-20 ათას დოლარს ყოველთვიურად „ოცნებელი“ მაღალჩინოსნების ხარბი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
მარტივი ენით — ამას კორუფცია ჰქვია. ივანიშვილი ყიდულობს საკუთარი პარტიის ბობოლების ლოიალურობას ფულით, რითაც არა მარტო საკუთარ პარტიას რყვნის, არამედ მთლიანად ქვეყნის პარტიულ ცხოვრებას, რამეთუ მავნე საქციელი გადამდებია. და გაჩნდნენ პარტიების გამსვლელ სიებში ე.წ. ბიზნესმენები, ფულიანი ტომრები, რომელთა ძირითადი საქმიანობა პარტიის ლიდერების მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაა.
ასეთ ვითარებაში ვინ იფიქრებს ხალხზე, მის პრობლემებზე, უმუშევრობაზე, მიგრაციაზე, მეზობელ თურქეთში ან სხვა ქვეყანაში გადახვეწილ ქართველებზე, რომლებიც მძიმე შრომით შოულობენ პურის ფულს, ისეთით, როგორიც ინაშვილის ფილმშია. ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდები, საშუალო ასაკის მამაკაცები შესეული არიან თურქეთის ჩაის ბუჩქებს კაპიკებად და იხსენებენ იმ დროს, დღევანდელი „გაევროპელებული“ ქართველები რუსეთის მონობის წლებად რომ ნათლავენ.
აი, სწორედ იმ „მონობის“ ჟამს მეჩაიეობის ყველაზე წარმატებულ რეგიონში, გურიაში, უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი ჩაის კულტურა. გურიის ცენტრ მახარაძეში (დღევანდელი ოზურგეთი) 25 ჩაის პირველადი გადამუშავების ფაბრიკა ფუნქციონირებდა. სოფელ ანასეულში კი განთავსებული იყო საკავშირო მნიშვნელობის ჩაის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა სახელგანთქმული მეცნიერი ქსენია ბახტაძე.
ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოში. ანასეულის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამოყვანილი ყინვაგამძლე ჩაი სამაგალითო იყო სუბტროპიკულ ზონებში მოყვანილ ჩაის შორის და ტოლს არ უდებდა ტროპიკულ ზონებში მოყვანილს. საქართველო 95%-ით აკმაყოფილებდა საბჭოთა კავშირის მოთხოვნილებას ჩაიზე.
მეჩაიეობით დაკავებული კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები, პირდაპირი მნიშვნელობით, მოიხსენიებოდნენ როგორც მილიონერი მეურნეობები. იქ დასაქმებული კოლმეურნე-გლეხობა უზრუნველყოფილი იყო მაღალი შემოსავლებით, აწყობილი სოციალური პირობებით. მოსახლეობით 25000-იანი მახარაძე მართლაცდა კულტურის ცენტრი იყო შესანიშნავი თეატრით, კინოთეატრებით, კულტურისა და დასვენების პარკებით, სპორტული მოედნებით, ხალხური შემოქმედებით, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებით, პროფესიონალი თეატრალური დასით. რომელი ერთი ჩამოვთვალო.
30-წლიანმა დამოუკიდებლობამ მიწასთან გაასწორა ყველაფერი. ჩაკლა მჩქეფარე ცხოვრება, დაამშია ხალხი, უმუშევრად დატოვა მოსახლეობა, თურქეთის, სხვა ქვეყნების გზას გაუყენა გურიის, სამეგრელოს, აჭარის მოსახლეობა. ვიღას ახსოვს ქართული ჩაი — მაღალხარისხიანი, არომატული. რუსეთის ბაზარი დაიპყრო აზერბაიჯანულმა ჩაიმ და არა მარტო რუსეთის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბაზრები. საქართველოს ნებისმიერი სუპერმარკეტის დახლებიდან შემოგვცქერის მდიდრულ კოლოფებში დაფასოებული აზერბაიჯანული ჩაი, გაცილებით ნაკლები არომატის, სურნელის მატარებელი, ვიდრე მაშინდელი ქართული ჩაი.
დოკუმენტური ვიდეო-მასალის გაცნობის შემდეგ ბატონმა ვალერი კვარაცხელიამ სტუდიაში მყოფ აფხაზეთის ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეებს შესთავაზა ფილმში წამოჭრილი პრობლემების განხილვა. როგორ არ უტრიალა ყოლბაიასა და გვაზავას, ხან აქედან, ხან იქიდან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ვერ ამოაღებინა ხმა ერისთვის უმნიშვნელოვანეს თემებზე — ესოდენ მწვავედ წამოჭრილზე დოკუმენტურ ვიდეო-ფილმში.
მოლუღლუღე დუეტმა პასუხი ვერ გასცა ტელეწამყვანის ვერც ერთ კითხვას, ვერ დაანახა ტელემაყურებელს საკუთარი თვალთახედვა ერთი ლოკალური საკითხისადმი — დაკარგული მეჩაიეობა რომ ჰქვია, მისგან გამომდინარე სავალალო შედეგებით. დუეტმა საქართველოს პრობლემები უმალ მსოფლიო პრობლემებთან დააკავშირა და მასთან ერთად „კოვიდ-19“-თან.
ტელეწამყვანმა დელიკატურად, რამდენჯერმე შეახსენა მათ, რომ ფილმი 2011 წელს არის გადაღებული და არავითარი კავშირი მას პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან არ აქვს. ტელეწამყვანმა, მისთვის ჩვეული სიღრმისეულობით, განიხილა ფილმში დასმული საკითხები, მათდამი საქართველოს ხელისუფალთა ზერელე, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, მაგრამ ვერც ამ შემთხვევაში აალაპარაკა დუეტი. უბრალოდ იბადება კითხვა — რატომ?
მარტივი მიზეზის გამო — ორივენი დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელია და მოწიწებით ეპყრობა მმართველი „ოცნების“ ხელისუფლებას, მის დამაარსებელს ბიძინა ივანიშვილს. ერთი რაც თქვეს, მათი გაგებით დადებითი, იყო ის, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის მილიონები გაიღო.
გახსოვთ, ალბათ ერთჯერადი, გაუაზრებელი აქცია — ე.წ. ფერმერთათვის ფულის ჩამორიგება რომ ჰქვიოდა. ისიც გემახსოვრებათ, რომ თითოეულზე მიცემული თანხა ვერაფრით გაწვდებოდა მიწის სამუშაოებს, მის სამჯერად დამუშავებას, ამ საქმისთვის შესაბამისი ტექნიკის დაქირავებას და რაც გლეხმა მოახერხა ის იყო, რომ „სატაქსაოდ“ ნახმარი ავტომანქანა შეიძინა და იოლი გზით ოჯახის რჩენას შეუდგა.
მიწაზე შრომა, თუნდაც მექანიზაციის არსებობის შემთხვევაში, იოლ სამუშაოდ არ ითვლება. გარდა ამისა შრომაგადაჩვეულ გლეხებს შრომისკენ რაღა შეაბრუნებდა? სოფელი დაიცალა; სოფლელი ქალაქად იქცა. არა თბილისელად, ქუთაისელად, არამედ სტამბოლელადა, ათენელად, მადრიდელად, ბარსელონელად, ნიუ-იორკელად და ა.შ. და რას აკეთებენ იქ? დღიური სამუშაოთი ირჩენენ თავს. ხშირ შემთხვევაში ევროპაში სახელგანთქმულ ქართულ მაფიაში ხვდებიან და ბინების ქურდობაში ხელოვნდებიან. გოგონები და ახალგაზრდა ქალები მეძაობენ, შუა ხნისანი მომვლელებად მუშაობენ. მაგრამ მიუხედავად მომთაბარეობისა, არალეგალობისა და აქედან გამომდინარე პრობლემებისა, რომელიც ხშირად სამშობლოში დეპორტაციით თავდება, აქეთ გამოხედვა აღარ სურთ. იქ ურჩევნიათ ყოფნა. იქ დღიურ სამუშაოს მაინც აგნებენ, აქ რომ პრობლემად არის ქცეული.
ასედაამრიგად იცლება ქვეყანა. ტელეწამყვანმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა დემოგრაფიული პრობლემით, თუმცა, როგორც წინა თემებზე საუბრის წამოწყების დროს, აქაც ყრუ კედელს წააწყდა. ერთი რაც წამოცდათ, რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების საქართველოს სოფლის მეურნეობაში ჩართვა იყო. და როდესაც ამას ამბობდნენ, დაავიწყდათ გურიის ტერიტორიაზე ფეშენებელური აგარაკის მეპატრონე, ყველაზე მდიდარი ქართველი, მილიარდერი ივანიშვილი.
მეგობრებო, იქნებ უპირველესად აქ მცხოვრებმა მილიონერ-მილიარდერებმა გამოიღონ ხელი სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად? მაგრამ არა, კონკრეტულ ლაპარაკს აბსტრაქტული არ სჯობს?
და ასე აბსტრაქტულად ვლაპარაკობთ 30 დამოუკიდებელი წელი. ვლაპარაკობთ ზერელედ, სამომავლო პერსპექტივაში; ვლაპარაკობთ და ამ დროს გავერანებულ გურიაში, საკუთარ ბაღჩაში, მილიარდერი ივანიშვილი 10000-იან თანამედროვე საკონცერტო დარბაზს აშენებს. მშიერ რეგიონში, ლუკმა-პურის საძიებლად უცხოეთში გადახვეწილში.
საკონცერტო დარბაზზე დახარჯული ფული მეჩაიეობის აღორძინებას რომ მოხმარებოდა, ოდნავ მაინც სულს მოათქმევინებდა მშიერ გურიას. უადგილოდ მოსჩანს შეკვეთილში პარკის გაშენებაც, მაშინ, როდესაც შიმშილის მახვილი ტრიალებს გურულების თავებზე. ესოდენ ზერელე, ფუქსავატური დამოკიდებულება მდიდარი ივანიშვილის მხრიდან არსებული პრობლემებისადმი არის ხალხის შეურაცხყოფა, დაცინვა. ნათქვამია — მაძღარს, ყველა მაღძარი ჰგონიაო — ასეა ივანიშვილის საქმე და თუ არა, დამისახელეთ თუნდაც მის მიერ გაკეთებული ერთი საქმე, სადაც მისი სარგებელი არ ჩანს.
აფინანსებს ხელოვნების მუშაკებს, ცნობილ ადამიანებს იმ მიზნით, რომ მათ არ აკრიტიკონ ის. ხმა ჩაიკმინდონ მძარცველი მმართველი პარტიის ქცევაზე და თუ რამეს იტყვიან, თქვან მხოლოდ დადებითი. აი, თუნდაც ისეთი, ემზარ კვიტაიშვილმა რომ საკუთარ თავს და მკითხველს აკადრა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ — „ოცნების“ საქებარ სტატიაში. კარგა ხანია ესოდენ თავგასაპნული არვინ მინახავს.
არანაკლებ ფუქსავატური გადაწყვეტილება იყო ქუთაისის უნივერსიტეტის მშენებლობა და მასში გადაყრილი მილიონები, მაშინ, როდესაც ქალაქს სასმელი წყლის პრობლემა ჯერაც გადაუჭრელი აქვს, ხოლო საქართველო უნივერსიტეტებს მიაქვს. რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ის, რომ საქართველოს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა უმძიმესია, მტკიცება არ სჭირდება. გერმანიის მიერ გამოცხადებულმა კონკურსმა — 3 თვის განმავლობაში ქართველთა დასაქმების შესახებ, უმალ 60000-იანი რიგი გააჩინა გერმანიის საელჩოსთან, განა ეს ფაქტი აუტანელ სოციალურ ყოფაზე არ ღაღადებს?
ხელისუფლებას საკთარი ქვეყანა არ აინტერესებს, არც ჩვენს „სტრატეგიულ“ პარტნიორებს. ვისაც უნდა აინტერესებდეს და საგანგაშო ზარებს რეკდეს — არც მას ანუ ხალხს არ აინტერესებს. და როდესაც არვის არ აინტერესებს ერისთვის მომაკვდინებელი პრობლემა — ცუდი დემოგრაფია რომ ჰქვია, მაშინ ის მწვერვალებს მიაღწევს. შეძლებს ასეთი გადარჩენას?!
ხომ გადავრჩითო — მეტყვიან და ერეკლე II-ს მაგალითს მომიყვანენ. მეგობრებო, მაშინ მტერი ხილული იყო. დღეს, გაღიმებული სახითაა და მის მზაკვრულ სურვილსა და გეგმებს მრავალი წლის შემდეგ თუ გამოვიცნობთ, თუკი გამომცნობი შემთხვევით შემორჩება ამ წუთისოფელს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი