26.12.2024

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლის აღსანიშნავად (08.05.2021)

საბჭოთა ადამიანების გონებაში მტკიცედ არის ჩაბეჭდილი „დიდი სამამულო ომის“ და არა „მეორე მსოფლიო ომის“ სახელი, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში არსებული ყველა ომის მასშტაბებს, მსხვერპლს, ნგრევას, უბედურებას ასჯერ და ათასჯერ გადააჭარბა. დიდმა სამამულო ომმა, წითელი არმიის მიერ ტრიუმფალურად გავლილმა საბჭოეთის ტერიტორიაზე და მეორე მსოფლიო ომის სახელით, ასევე ტრიუმფალურად დასრულებულმა აგრესორი, ომის გამჩაღებელი ფაშისტური გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, კაცობრიობას თვალნათლივ დაანახა იმჟამინდელი საბჭოეთის სიმტკიცე, მისი ხელმძღვანელობის გამჭრიახობა, საბჭოეთში მცხოვრები ერების თავგანწირვა ერთიანი სამშობლოს დაცვის მიზნით, საბჭოთა მეომრების თავდადება საკუთარი ოჯახის, ქვეყნის, ხალხის გადარჩენისთვის, მშვიდობისა და მშვიდობიანი მომავლისთვის.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76-ე წელს ტრიუმფალური ზეიმით რომ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი ხვდება, სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან „დიდი სამეულიდან“ ორი — დიდი ბრიტანეთი და აშშ-ი კარგა ხანია რევიზიონიზმის გზას ადგანან და თავს არიდენებ ფაშიზმზე გამარჯვების ისე აღნიშვნა, როგორც რუსეთში. გამარჯვებას აღნიშნავენ — ზედაპირულად, თითქოს ნაძალადევად, მაგრამ მაინც, ომის მონაწილე შემორჩენილი ვეტერანების გახსენებით, მათთვის პატივის მიგებით.

მიზეზი ამ ორის და სხვათა, მათ შორის ევროპელთა ესოდენი „გულმავიწყობის“ არა მარტო განვლილი 76 ხანგრძლივი წელია, არამედ იმჟამინდელი პერიოდის, განსაკუთრებით ომის წინა წლების, ომის დროინდელის, ომის შემდგომის სხვაგვარი აღქმა — სათავისო, სუბიექტური, რევიზიონისტული, ისტორიის ახლიდან გადაწერის მცდელობის წლები. მეორე მსოფლიო ომმა და მისმა შედეგებმა კაცობრიობას დაანახა ახალგაზრდა საბჭოთა ქვეყნის სიძლიერე, მისი პოლიტიკური და სამხედრო სიმტკიცე, შეუპოვრობა, ყველა ის დადებითი თვისება, რომელიც ევროპისა და სხვა ქვეყნებს საჭირო მასშტაბით არ აღმოაჩნდათ.

მსოფლიო ხალხებს, მათ შორის ევროპის და არა მთავრობებს, უდიდესი სიმპათია გაუჩნდათ ფაშიზმის გამანადგურებელი საბჭოეთის მიმართ, რაც თავისთავად იწვევდა ხელისუფალთა შფოთს, ხალხის მიერ არა ისეთი მომავალი პოლიტიკური სისტემის არჩევაში, როგორიც მათ სურდათ.

წითელი არმიის მიერ აღმოსავლეთი ევროპის ფაშიზმისგან განთავისუფლების შემდეგ, რომ წარმმართველ იდეოლოგიად, ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ინსტრუმენტად სოციალიზმი შეირჩა, გასაკვირი არ არის. გასაკვირი ისაა, რასაც ბრძენი პაპებისა და მამების გადაწყვეტილებას მათი შთამომავლები, ანტისაბჭოურ პროპაგანდას აყოლილნი, უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ, ლანძღავენ და აგინებენ, გათავისუფლებას, საბჭოურ ოკუპაციას არქმევენ.

პროპაგანდას დიდი ძალა აქვს, მითუმეტეს ყოველმხრივს, გამუდმებულს, სახელმწიფოს მიერ შექმნილი მრავალი პროპაგანდისტული დაწესებულების, სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოებულს.

ანტისაბჭოური მანქანა სრული დატვირთვით ფაშისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციასთან ერთად დაიწყო და დღემდე გრძელდება. მას გზამკვლევის გამოკვეთილი სახე შესძინა დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის აშშ-ს პატარა ქალაქ ფულტონში წარმოთქმულმა სიტყვამ, რომელმაც მსოფლიოს აუწყა ახალი ერის, ახალი ცხოვრების დასაწყისი — „ცივ ომად“ წოდებულის, ხშირად ლამის „ცხელში“ გადასულის. ფულტონმა ჩამოაფარა რკინის ფარდა საბჭოთა კავშირსა და მეორე მსოფლიო ომის შედეგად ფაშიზმისგან განთავისუფლებულ აღმოსავლეთ ევროპასა და დანარჩენ მსოფიოს შორის.

დასავლური პროპაგანდის წყალობით, ევროპასა და მსოფლიო ხალხებს ჩაუნერგეს საბჭოური კომუნისტური სისტემის დანაშაულებრივი არსის თაობაზე, რომელიც ჩაგრავს საკუთარ ხალხს, არ აძლევს მას თავისუფალი ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობას, ემუქრება ცივილიზებულ, დემოკრატიულ მსოფლიოს დაპყრობით, ბარბაროსული განადგურებით, დამონებით.

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული, ევროპელთათვის სამაგალითო საბჭოთა კავშირი, მეორე მსოფლიო ომის გმირი და ფაშიზმისგან განმათავისუფლებელი, საშიშ ურჩხულად, მტაცებელ ეშვებიან ცხოველად, უზომო გაბარიტების მქონე ხახადაღებულ დათვად გადაიქცა — მათივე ხელისუფალთა მეცადინეობით.

ომით დანგრეული ევროპის ეკონომიკის აღსადგენად და იქ საკუთარი გავლენისა და ინტერესების გასაფართოებლად აშშ-ს ყველა ადმინისტრაციამ საგანგებო შრომა გაწია. მიზანი — საბჭოეთის წინსვლის შეჩერება, შესაბამისი სამუშაოების ჩატარება იყო სოციალისტური ბანაკისა და თვით საბჭოთა კავშირის დაშლისთვის.

შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია. 1990 წლის დეკემბერს საბჭოთა კავშირი დაიშალა. მანამდე კი სოციალისტური ბანაკი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები „გათავისუფლდნენ“ კომუნიზმის საბჭოური „უღელისგან“ — ასეთი შეფასება მისცა გამარჯვებულმა დასავლეთმა ისტორიულ პროცესს, რომელიც უპირველესად მისი სცენარით წარიმართა. თუმცა დაშლა-დაქუცმაცების დასავლური მანქანა ამით არ შეჩერებულა.  საბჭოეთის დაშლით გახარებულმა გააგრძელა მუშაობა, გეზი მისი მემკვიდრის დაშლაზე გადაიტანა და ალბათ იმასაც მოუღებდა ბოლოს, რომ არა ისტორიული შემთხვევითობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ისტორიულ კანონზომიერებასთან. ერთი რიგითი, რუსეთისთვის სრულიად უცნობი პოლკოვნიკის, დასაწყისში ერთობ უღიმღამო პიროვნების გამოჩენა, სწრაფი აღზევება რა ისტორიული შემობრუნების მაუწყებელი იყო?

დაშლისთვის გამზადებული რუსეთი შედგა და დაიწყო დაკარგულის შეგროვება, უპირველესად დაკარგული გმირის სახის. უღიმღამო „სახე“ საწინააღმდეგო იერის მატარებელი, ქვეყნის აღორძინებაზე მომართული გამოდგა — „სახე“, რომელმაც ერთი ნახტომით ისტორიული შემთხვევითობა, ისტორიულ კანონზომიერებად აქცია. „სახე“, რომელმაც ტერიტორიით მსოფლიოს პირველი ქვეყნისთვის შესაფერისი ადგილის დაკავება მოითხოვა — შესაბამისი პატვისცემით, თანაფარდობით, ურთიერთგაგებით.

ეულად დარჩენილ მსოფლიო ჰეგემონს მეტოქე გამოუჩნდა. მეტოქე, რომელმაც ქვეყნის სამხედრო ძლიერება ჰეგემონისას გაუტოლა, ეკონომიკა გამოაღვიძა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე ფართომასშტაბიან, რუსეთის უმთავრეს დღესასწაულად აქცია.

მიზანმიმართული რუსული „სახის“ შესწავლა და ატანა უმეტოქეობას მიჩვეული პირველი ქვეყნისთვის რთული და მიუღებელი გამოდგა, მითუმეტეს ქვეყნის მართვაში საბჭოური გამოცდილების გამზიარებლის და დაიწყო იმ საბჭოურის გამალებული ჭრა-ამოძირკვა, რომელზეც, მათი აზრით, თანამედროვე რუსეთი დგას. მიზანი? — მარტივი! სამჭოთა კავშირის და მისი ბელადის, ნაცისტურ გერმანიასთან გათანაბრება. მისთვისაც ისეთივე დამნაშავის ტიტულის მიკერება, როგორითაც ნიურნბერგმა ნაცისტური გერმანია „დააჯილდოვა“, საბჭოთა „დანაშაულების“ გამასამართლებელი მეორე ნიურნბერგის მოწყობა.

და ისევ დასავლური პროპაგანდა, ევროპის დაპყრობით — ჯაგარაშლილი, ბრჭყალებდალესილი რუსული დათვი. მეორე მსოფლიო ომის ამსახველი დასავლური ფალსიფიცირებული ისტორია, მაგიდაზე მუშტის მობრახუნე სტალინი, წითელი არმიის ჯარისკაცების მიერ „ოკუპირებულ“ ტერიტორიებზე ქალთა მასობრივი გაუპატიურება და სხვა. ჯამში, მთავარი გამარჯვებულის იმიჯის ისე შელახვა, უკეთესს რომ ჰიტლერიც ვერ ინატრებდა.

რუსეთის უცხოელ მტრებს შინაური ლიბერალებიც დაემატნენ და ისეთი დუეტი შექმნეს,  შოპენის გენიალური ქმნილება ყვავის ჩხავილად მოგეჩვენებათ. დასავლურმა პროპაგანდამ მიაღწია მთავარს — საზოგადოების ტვინის გამორეცხვას და იქ ახალი იდეების ჩათესვლას, რომლის მიხედვით მეორე მსოფლიო ომი აშშ-ა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, სხვა ცივილიზებულმა ქვეყნებმა მოიგეს. საბჭოთა კავშირმა ისე რა, მთავარი ისინი იყვნენ და არა სსრკ.

ამ ცრუ თეორიის ავტორნი მარტონი არ არიან. ამ საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს და შეაქვთ რუსეთმოძულე რუს ლიბერალებს, რომლებმაც თავიანთი ბინძური მეცადინეობით დაშალეს უდიდესი მსოფლიო იმპერია — სსრკ-დ წოდებული — დაშლილთა გაურკვეველი აწმყოთი და მომავლით, მსხვერპლით, შიმშილით, გაუტანლობით, სისხლიანი დაპირისპირებით.

დიდი სამამულო ომის დროს ერთმანეთის გვერდიგვერდ მეომარი ერები, დასავლური პროპაგანდის წყალობით ისე გადაეკიდნენ ერთმანეთს, როგორც მათი წინაპრები ფაშისტებს. უფრო მეტიც, ვაშინგტონის მეცადინეობით, ფინანსურ-იდეოლოგიური დახმარებით შეძლეს უკრაინული ფაშიზმის აღორძინება. დღევანდელი უკრაინა ფაშისტი ბანდერელების სათარეშო ადგილად არის ქცეული. უკრაინის ხელისუფლება კი — მათი მოთხოვნების დამაკმაყოფილებელად.

ყოფილ საბჭოეთში ხშირად იბადება კითხვა — ვითომ რა უბედურებას მოგვიტანდა გერმანიის გამარჯვება, თუ არა სიკეთეს — გერმანული ავტომანქანებით სეირნს და ბავარიული ლუდის სმის? ახალგაზრდა ქართველობაც სვამს ასეთ კითხვას, რაც ოჯახის, სკოლის, უმაღლესის „დამსახურებაა“. ასეთ შემთხვევაში არცოდნა, არცოდვააო, ვერ ვიტყვით!!!

ეს, დანაშაულია — სახიფათო უცოდინრობა, წარსულის იგნორირება, შეუფასებლობა, დასავლურ პროპაგანდაზე ბრმა აყოლა.

საბჭოთა კავშირის ბოლო ხელისუფალთა წყალობით რა მიიღო მისმა მემკვიდრე რუსეთმა? დაქცეული, დაშლილი, მტრად გადაკიდებული ქვეყანა. განადგურებული უზარმაზარი სამრეწველო კომპლექსები, გავერანებული სოფლის მეურნეობა, დასავლური ანტისახელმწიფოებრივი, ანტირუსული პროპაგანდით გადაგვარებული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ფაშიზმზე გამარჯვებული სახელმწიფოს ნატოს სამხედრო ბლოკის რკალში მოქცევა.

ევროპის ქვეყნები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირს ფაშისტური გერმანიის კოალიციაში ებრძოდნენ, ახლა ნატოში გაწევრებულები არსებობის, სუნთქვის საშუალებას არ აძლევენ და მოგონილი ტყუილებით, პროვოკაციებით, ნორმალური ცხოვრების, განვითარების საშუალებას არ აძლევენ.

ხმა ამოიღეს ისეთმა ქვეყნებმაც, რომლებსაც წინსვლა-განვითარების შესაძლებლობა არ მოკლებიათ საბჭოეთის შემადგენლობაში ყოფნის დროს. ინტენსიურად დაირაზმნენ ბალტიისპირელები, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ყაზახური ნაციონალიზმით გაჟღენთილი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, სხვები — ყოფილი საბჭოელები, რომლებიც რუსებთან ერთად ებრძოდნენ მტერს.

ბევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში 9 მაისი ცალყბად აღინიშნება, ისე, თითქოს რიგითი მოვლენა ყოფილიყოს. ის ომი, მაშინდელი სამამულო, დღეს ასეთად არ მიიჩნევა. როგორც ამჟამინდელი გაევროპელებულ-გაამერიკელებული ქართველობა ამბობს — ის ომი, რუსეთის ომი იყო, რომელშიც ქართველობა ძალით გარეკეს. 750000 კაცი — დიდ სამამულო ომში მონაწილე, ძალით გარეკეს? მაინც რა ძალა ჰქონია კრემლს, ნახევარ მილიონზე მეტი საქართველოს მოსახლე ძალით გაერეკა ომში? გამოდის რომ დანარჩენმა საბჭოთა რესპუბლიკებმაც მოსკოვის დაძალებით შეაკლეს თავი ფაშისტებს? იქნებ საკუთარი ოჯახის, რესპუბლიკის, მომავალი სიკეთისთვის ეკვეთნენ ისინი გერმანულ ფაშიზმს და არა ვიღაცის კარნახით?

წლევანდელ 9 მაისს თითო-ოროლა ომის ვეტერანი თუ შეხვდება, მაგრამ სად? გამარჯვების პარკში არსებულ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იკრიბებოდნენ ისინი ყოველ წელს, რაც ამჟამად, მერიის მიერ პარკის სარემონტოდ „ალყაში მოქცევის“ შემდეგ, იქ მისვლა შეუძლებელია.

ისევ მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარისკაცი“, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და მისი კოლეგები თუ გადაარჩენენ ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა მხრიდან მივიწყებაშეპარულ 9 მაისობას, გაიხსენებენ დაღუპულ გმირებს და კანტიკუნტად შემორჩენილ ვეტერანებს.

მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარისკაცი“ საქართველოს მოსახლეობას ხომ გაზეთის მეშვეობით სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ომში მონაწილეთა და მათი ოჯახების თაობაზე, რითაც გვახსენებს იმ ომის პერიპეტიებს, რომელსაც სამართლიანად ეწოდება „დიდი სამამულო ომი“.

ყველა ომს, რასაც კაცობრიობის ისტორიაში ჰქონდა ადგილი, თავისი მთავარსარდალი ჰყავდა. მათზე ტომებია დაწერილი, ასობით ფილმია გადაღებული, მაგრამ ყველაზე მეტად მწერლისა და რეჟისორის ყურადღება დიდი სამამულო ომის დროინდელი საბჭოეთის ხელისუფალის იოსებ სტალინის პიროვნებისადმი არის მიპყრობილი. ამ ზღვა მასალას შორის — სიყალბითა და ტენდენციურობით გაზავებულში, შეინიშნება ისეთიც, რომელიც ობიექტურად ასახავს ამ უაღრესად ბუმბერაზი პიროვნების ფოლადისებურ, მტკიცე სახეს, რომელსაც უდიდესი პატივით მოიხსენიებდნენ მისი ოპონენტებიც კი ჩერჩილის, რუზველტის, დე გოლის და თქვენ წარმოიდგინეთ ჰიტლერის სახით.   

მოვიყვან ჰიტლერის უსაყვარლესი არქიტექტორის, მესამე რაიხის შეიარაღებისა და მრეწველობის მინისტრის, ფიურერის ვიწრო წრის წარმომადგენლის ალბერტ შპეერის მოგონებების წიგნიდან ამონარიდს — შპეერს, ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალმა 20 წლით მიუსაჯა პატიმრობა, რომლის მოხდის შემდეგ ლონდონში დასახლდა, სადაც 1981 წელს გარდაიცვალა. აი რას წერს ის:

„სლავების განუვითარებლობის თეორიით შეპყრობილი ჰიტლერი მათ წინააღმდეგ ომს „ქვიშაში თამაშს“ უწოდებდა, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა ომი, მით უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებდნენ მისგან რუსები. ჰიტლერს მოსწონდა ის, თუ როგორ მედგრად ხვდებოდნენ რუსები თავიანთ დამარცხებას. სტალინს ჰიტლერი პატივისცემით მოიხსენიებდა ხოლმე, განსაკუთრებით ხაზს უსვამდა მის თავდაჯერებულობასა და სიმტკიცეს და პარალელებს ავლენდა საკუთარ თავსა და სტალინს შორის. ის საფრთხე, რომელიც 1941 წლის ზამთარში მოსკოვს ემუქრებოდა, ჰიტლერის აზრით, მის ახლანდელ — 1943 წლის მდგომარეობას წააგავდა. როგორც კი ფრონტზე გამარჯვებების ტალღა იწყებოდა, ჰიტლერი მაშინვე ხუმრობის ტონით ამბობდა, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, რუსეთზე გამარჯვების შემდეგ ქვეყნის მმართველობა ისევ სტალინისთვის ჩაებარებინათ, რადგან რუსებთან ურთიერთობას სტალინზე უკეთ ვერავინ შეძლებდა.

საერთოდ ჰიტლერი სტალინს ისე უყურებდა, როგორც თავის კოლეგას. როდესაც სტალინის ვაჟიშვილი ტყვედ ჩავარდა, ჰიტლერმა ბრძანა, რომ მას განსაკუთრებით კარგად მოპყრობოდნენ. ალბათ ეს ფაქტიც სტალინის მიმართ პატივისცემით აიხსნება“.

„სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება ჰქონდა ჰიტლერს ჩერჩილისა და რუზველტის მიმართ. მისი აზრით, ჩერჩილი სმის მოყვარული, არაფრის მაქნისი, დემაგოგი იყო, ხოლო რუზველტთან დაკავშირებით მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ ამერიკის პრეზიდენტს დამბლა ბავშვობიდან კი არ ჰქონდა, არამედ სიფილისის შედეგად განუვითარდა, რის გამოც იგი ყოვლად არაპროგნოზირებად პრეზიდენტად ჩამოყალიბდა“.

გამარჯვების დღეს გილოცავთ, დიდი სამამულო ომის პატივცემულო ვეტერანებო, თქვენი ოჯახების წევრებო, საქართველოს მოსახლეობავ! ჯანმრთელობას და სულიერ ამტანობას გისურვებთ ბედკრული ქვეყნის გადარჩენისთვის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი