„პოზნერის ღამე“ (08.04.2021)

თემას, სამარცხვინოს, თავისმომჭრელს ერისა და ქვეყნისთვის, მოკლედ შევეხე წინა სტატიაში და განმეორებით არ შევეხებოდი, არა იმიტომ, რომ ეს საზარელი ფაქტი არ იმსახურებს ყურადღებას, არამედ მარტივი მიზეზის გამო — გამომდინარე ხალხური გამონათქვამიდან — განავალს თუ გაქექავ, მძაფრი სუნი აუვა. განავლურია ქართული პოლიტიკა და აქედან გამომდინარე ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება. მხედველობაში რიგითი ადამიანები მყვანან და არა ხელისუფლებაში მყოფნი, სახელმწიფო ბიუჯეტის მთქვლეფელნი. იმ ბიუჯეტის, რომელიც ჩვენისთანა რიგითთა მიერ იკვებება.

მხედველობაში მყავს ოპოზიციაც, რომელმაც მოჭარბებული მადიანი ჭამით — 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ისე გამოხრეს ქვეყანა, როგორც ფაროსანამ მოსავალი.

მხედველობაში მყავს საქართველოს ინტელიგენცია — უტყვი და დაუნახავი, ბრმა და ყრუ, რომელიც არათუ ხმას არ იღებს მის მიერ არჩეული ხელისუფლების აღვირახსნილი მოქმედების გამო, სისტემატურად იღვწის მასთან ტანდემში და ქოქოლას აყრის მეზობელ რუსეთს, აქებს და ადიდებს ევროატლანტიკურ სივრცეს, რომელიც გადაშენებით თუ არა, მწვავე მენტალურ-ეკონომიკურ-სოციალურ კრიზისში აქცევს ქვეყანას, ისეთში, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელი ხდება.

თბილისში მომხდარი ინციდენტის გახსენების ერთ-ერთი მიზეზი ზოგიერთი პოლიტიკოსის ხმამაღალი განცხადებითაც არის გამოწვეული. პოლიტიკოსის, რომლისგანაც სხვას ელოდა საზოგადოება და არა სააკაშვილ-ბოკერიას ოპოზიციასთან შეკვრას, რუსოფობური განცხადებების ფრქვევას და ყველაფერ იმას, რითაც სააკაშვილი არის გამორჩეული — დაუფიქრებელი, გონებამჩატე, დამნაშავე, ხალხისა და ქვეყნის წინაშე, ე.წ. პოლიტიკოსი, სამშობლოდან გადახვეწილი, თუმცა სამშობლოში თეთრ ცხენზე ამხედრებული დაბრუნების მსურველი.

ბურჯანაძის გამონათქვამზე ყურადღების გამახვილება ერთის მეტად, რაც ამასწინათ გავაკეთე, არ მიმაჩნია საზრიან მოქმედებად, არა იმიტომ, რომ მას პოლიტიკოსად არ ვთვლი, არამედ იმიტომ, რომ ცერცვისა და კედლის (შეაყარე კედელს ცერცვი) ფილოსოფიასთან გვაქვს საქმე და რაც არ უნდა ვთქვა, ის ვითომც არაფერი, გვერდს აუვლის და გააგრძელებს თავის „სტრატეგიულ“ გზას. არადა ამ „გზამ“ რომ მის რეიტინგს ბევრი დააკლო, მტკიცება არ სჭირდება. მჩატე პოლიტიკოსთაგან პოლიტიკური კურსისა  და მსოფმხედველობის შეცვლა ჩვეულებრივი რამაა, მითუმეტეს ქართულ პოლიტიკაში მყოფთათვის.

ბურჯანაძეს იცნობდნენ, როგორც რუსეთისადმი კეთილად განწყობილ პოლიტიკოსს, რაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში მის მიმართ სიმპათიებს აჩენდა, მაგრამ პარლამეტში შესვლის მსურველმა არათუ აღებულ პოლიტიკურ ვექტორში შეიტანა ცვლილება, არამედ თავდავიწყებული პროდასავლური პოლიტიკის მქადაგებლად გადააქცია.

ბოლო დროს ის სისტემატურად ადანაშაულებს რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში და არაფრად აგდებს იმ გამოწვევ მიზეზებს, რომელთა შესახებ წინათ, ხმამაღლა, საჯაროდ აცხადებდა, და რომელმაც აიძულა რუსეთი გადაედგა ასეთი ნაბიჯი.

ბურჯანაძის ფერიცვალება არც ამომრჩევლის მხრიდან დარჩა ყურადღების მიღმა და შედეგმაც არ დააყოვნა — ბოლო არჩევნებში პარლამენტში გამსვლელი ხმების შეუგროვებლობა. ამჯერადაც „გაგვახარა“ ქალბატონმა ნინომ პროდასავლური შეფასებით იმ მოვლენებისა, რომელსაც თბილისში ჰქონდა ადგილი და რომელმაც, როგორც ერთი, ისე ააზუზუნა რუსეთის ყველა ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალება.

„მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ქვეყანა. ის, არ არის არც რესტორანი და არც სახინკლე, სადაც შეიძლება შეხვიდე 50 კაცით და დაარღვიო წესები“. სხარტი, მოსწრებული ნათქვამია და მეტი არაფერი, მაგრამ შორს არის რეალობისგან, მითუმეტეს პატრიოტიზმისგან, რასაც განცხადების ავტორი იჩემებს.

 დიახ! გეოგრაფიულად საქართველო — მსოფლიო რუკაზე დატანებული (ჯერ-ჯერობით) ქვეყანაა, მაგრამ გაეროს გათვლით, მძიმე დემოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე, 20-30 წლის შემდეგ მხოლოდ გეოგრაფიულ ერთეულად დარჩება და არა აბორიგენ ქართველთა ქვეყნად.

დამოუკიდებლობის მიღებიდან და არა მოპოვებიდან, 30 წელი გავიდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ე.წ. ქართულ პოლიტიკას არაფერი გაუკეთებია საკუთარი ეროვნულობის დასამტკიცებლად. ზედმეტია ლაპარაკი ეკონომიკასა და სოციალურ ყოფაზე. საბჭოთა პერიოდის სამაგალითო საბჭოთა საქართველო მათხოვრად არის ქცეული — დანგრეული მრეწველობით, განადგურებული სოფლის მეურნეობით, გადასხვაფერებული აზროვნებით.

დამოუკიდებელ პოლიტიკაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, რისი დასტურიცაა ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის დანიელსონის ორჯერადი ვიზიტი თბილისში. ვიზიტის მიზანს თუ გავიხსენებთ — მოქიშპე პარტიების შერიგებას, ზედმეტია დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი. სხვა ბევრი მაგალითის მოყვანაც შეიძლება. ასე, რომ ბურჯანაძის ნათქვამი — საქართველო ქვეყანაა, ჯერ-ჯერობით გეოგრაფიული მცნებაა და არა პოლიტიკური, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენულობის ამსახველი.

რაც შეეხება საქართველოს რესტორნობას ან სახინკლეობას და იქ არსებულ ჭამა-სმას — ამაში დასაძრახი არაფერია. პირიქით! რაშიც ვიყავით და ჯერ-ჯერობით ვართ (გავრილოვ-პოზნერის შემდეგ, რომ ეჭვის ქვეშ დგება) „მაგრები“ ესაა — ხაჭაპური, ჩურჩხელა, ბორჯომი, ღვინო, ჩაქაფული, ჩაშუშული და ა.შ.

სხვაში ჩავისვარეთ ანუ თავი ვერ გავართვით საბჭოთა კავშირისგან ნაბოძებ ქარხნებს, საწარმოებს, მეცნიერებას, სხვა საკითხებს, რომელთა შესახებ არა მარტო უკიდეგანო საბჭოთა კავშირში იცოდნენ, არამედ უცხოეთშიც. რაც შემოგვრჩა ხინკალი და ქართული სუფრაა და მათაც შემთხვევითი მზარეულების წყალობით ისე ვეღარ ვაკეთებთ, როგორც წინათ, საბჭოთა კავშირის დროს.

მრავლობით რიცხვში გაჩენილმა კვების ობიექტებმა, იაფი და იორღას გამოდევნებამ, სწრაფი ფულის კეთებამ, კერძების გაიაფებამ კატასტროფამდე მიიყვანა ქართული სუფრა. ცოტაც და ისიც აღარ გვექნება და ვიქნებით სრულიად გაევროპელებულები. გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ ვის გაუგია ქათმის „ბიფსტროგანი“?  ბიფ — საქონლის ხორცია და ეს კერძი საქონლის ხორცისგან უნდა იყოს დამზადებული და არა ქათმის, მაგრამ ასეთი, მიუწვდომელი იქნება მომხმარებლისთვის.

ასე რომ, არათუ ცუდი, არამედ წასახალისებელი მაგალითია საჭმელ-სასმელად საქართველოში ჩამოსვლა. მე თუ მკითხავთ, ასეთი ტურებიც უნდა იყოს რუსი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტურისტებისთვის.

მსოფლიოში არსებული პრაქტიკის მიხედვით ქვეყნის რესტორანი, სადაც გემრიელ კერძებს ამზადებენ, მიშლენის ბრენდის მატარებლად არის მიჩნეული. რაც უფრო მეტია ამ ბრენდის მქონე ქვეყანა, მით უკეთესი ტურიზმის განვითარებისთვის. მდიდარნი ამაქვეყნისანნი ხშირად მიშლენის მიხედვით არჩევენ დასასვენებელ ადგილს, ისე, რომ არცკი იციან ქვეყნის შესახებ. მხოლოდ ვიზიტის შემდეგ უჩნდებად მათ ქვეყნისადმი ინტერესი.

ახლა რაც შეეხება პოზნერისა და მისი თანმხლები პირების მიერ საკარანტინო წესების დარღვევას. არც ერთ მათგანს, გარდა რესტორანში ყოფნისა, ის არ დაურღვევია. თბილისის აეროპორტი გადმოკვეთეს ყველა წესის დაცვით, თვით პოზნერმა, როგორც აშშ-ს მოქალაქემ — ამერიკული პასპორტით.  ღამის საათებში რესტორანში ვახშამისთვის სტუმრებს დიდი ჯარიმები გადაახდევინეს, რასაც ვერ ვიტყვით საპროტესტოდ მივარდნილ, ეგზალტირებულ ბრბოზე, რომელმაც გააპროტესტა პოზნერის ადრე ნათქვამი აფხაზეთთან დაკავშირებით.

ბურჯანაძის კომენტარი აქციასთან მიმართებაში იწვევს ერთგვარ პროტესტს თვით ბურჯანაძისადმი. აი, მისი სიტყვები: „ხელისუფლება ისე უნდა იქცეოდეს, რომ ახალგაზრდებს არ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ მთავრობამ ეს ქვეყანა გადააქცია რესტორნად. ახალგაზრდებს აღეძვრებათ შეგრძნება, რომ არავინ ჩამოვა ქვეყანაში, სადაც დედაქალაქიდან 20 წუთის სავალზე რუსული ტანკები დგანან“.

ქალბატონო  ნინო! ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ თბილისიდან ოცი წუთის სავალზე რუსული ტანკებია?

ისევ სიტყვის კონა, გაუაზრებლად გამოთქმული, მითუმეტეს ახსნა-განმარტებას მოკლებული — თუ რატომ დგანან რუსული ტანკები იქ, სადაც დგანან. არ იქნებოდა სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძის სამეულიდან ერთ-ერთის, სააკაშვილის აგრესია ღამის ცხინვაზე და არ იქნებოდნენ რუსული ტანკები თბილისიდან 20 წუთის სავალზე.

ბურჯანაძეს ხმაც არ ამოუღია გრიბოედოვის ძეგლის წაბილწვაზე, რომელსაც იმ ღამეს ჰქონდა ადგილი. რუსი მწერალი და დიპლომატი ხომ ქართველთა სიძე იყო და მთაწმინდის პანთეონში განისვენებს, მის მეუღლე ნინო ჭავჭავაძესთან ერთად?!

ახლა რაც შეეხება თვით პოზნერის ადრეულ განცხადებებს: „გასული საუკუნის 70-იან წლებში ხშირად ვიყავი აფხაზეთში და ვიცი საშინელი დამოკიდებულების თაობაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველები ამბობდნენ, რომ აფხაზები ჯერაც არ ჩამოსულან ხეებიდან, არიან არასრულყოფილები. ორ ხალხს შორის არ ყოფილა მეგობრობა“.

„სააკაშვილს უნდოდა როკის გვირაბის ბლოკირება და იმედოვნებდა, რომ ნატო დაეხმარებოდა. ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედება? ეს, საიდუმლო არ არის. ჩვენ ვიცით ვინ არის ის. ის, ფიქრობდა, რომ მოვიდოდნენ ამერიკელები და დაბომბავდნენ რუსებს. რუსები არ  დასხმიან საქართველოს“.

პოზნერს ეკუთვნის ასეთი ნათქვამიც — აფხაზეთი არასდროს დაუბრუნდება საქართველოს. თუ რამდენად შესრულდება პოზნერის ნათქვამი დრო გვიჩვენებს, მაგრამ შექმნილი ვითარება და საქართველოს, როგორც გუშინდელი, ისე დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობა ხომ პესიმისტურად გვაწყობს?!

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, თუკი ჩვენ უცხოელს ვადანაშაულებთ კარანტინის დარღვევაში და მსუყე ჯარიმასაც ვახდევინებთ არა მარტო მას, არამედ რესტორანსაც, რატომ არ ვართ პრინციპულები ბობოლა ქართველების, მათ შორის პარლამენტის წევრების, სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების მიმართ, რომლებიც სისტემატურად არღვევენ კარანტინით დადგენილ წესებს — რესტორნებში თუ კერძო სახლებში გამართული ღრეობებით?!

პოზნერის „თავგადასავალი“ ზოგიერთმა ტვინნაღრძობმა ქართველმა — ასეთები ცოტანი როდი არიან, რუსეთის მიერ მოწყობილ პროვოკაციად შეაფასეს — საქართველოს დისკრედიტაციისთვის. ვის-ვის და პოზნერს, რომელიც მამალ ლიბერალად არის მიჩნეული რუსეთში, რუსეთის ხელისუფლების მიმართ აუგ სიტყვას არ იშურებს და თონეში გამომცხვარ ლავაშივით ცხელ-ცხელი გამოაქვს ტელეეკრანზე მის გასაშავებლად, ვერაფრით დაიყოლიებდა ხელისუფლება პროვოკაციაზე. შეთქმულების თეორიებით დაავადებულებმა არათუ პოზნერის პიროვნება არ იციან, არამედ ფერმკრთალი წარმოდგენაც არ აქვთ თანამედროვე რუსეთზე.

რას მოუტანს საქართველოს „პოზნერისეული“ პატრიოტიზმი? იმას, რაც „გავრილოვისეულმა“ მოუტანა. გავრილოვის შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ჩიხში შევიდა და ისედაც დამძიმებული, ისე დამძიმდა, როგორც არასდროს — სატრანსპორტო კომუნიკაციების, განსაკუთრებით საჰაეროს შეწყვეტით; ვაჭრობის გამკაცრებით; რუსი ტურისტების ნაკადის მკვეთრი შემცირებით და ა.შ.

ის იყო და რუსეთმა ჩვენი თხოვნით დაიწყო ფიქრი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და პოზნერი. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის პესკოვის განცხადებით — საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სახიფათოა. ეს განცხადება გაფრთხილებაა ყველა რუსის, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა საქართველოს რესტორნებსა და სახინკლეებში ჭამა-ყლაპვა, დასვენება. თუ „გავრილოვმა“ ტუსრიზმის თვალსაზრისით 180 მილიონი დოლარით გვაზარალა, რა იქნება „პოზნერის“ შემდეგ?

საქართველოში ჩამოსული ყოველი ოთხი ტურისტიდან ერთი ხომ რუსია?!

„პატრიოტთა“ აქციით არა მარტო რუსი ტურისტების ფეხი ამოკვეთეს ამ ქვეყნიდან, არამედ მასპინძლებიც დააშინეს — შემთხვევით აქ მოხვედრილი რუსეთის მოქალაქის მიღებისთვის. გახსოვთ ალბათ რა აჟიოტაჟი მოჰყვა რუსი ჟურნალისტის შევჩენკოს ვიზიტს თბილისში.

ხელოვნურად ჩანერგილი რუსოფობია და რადიკალიზმი განსაზღვრავს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რაც შემაშფოთებელია და კარგს არაფერს მოიტანს არც ეკონომიკური, არც ფინანსური, არც სოციალური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით. დასავლეთზე აყოლილი და მისი დავალებების უყოყმანო შემსრულებელი ქართული პოლიტიკა ვეღარ ზომავს და გიგანტი მეზობელი რუსეთი ბუზადაც არ მიაჩნია. არადა, საკმარისია მეზობლის ცხვირის ერთი დაცემინებაც, რომ საქართველო თავის დასავლელ პარტნიორებიანად ქარმა წაიღოს.

„პოზნერის ღამემ“ დაგვარწმუნა საქართველოს ხელისუფლების იმპოტენტობაშიც. როდესაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ამბობს — რა ვქნათ, ეს პროვოკაცია სააკაშვილმა მოგვიწყოო, ყველაფერი ნათელია, ანუ წყვდიადი, ანუ ჩიხში შესული მთავრობა, უსუსური და უნიათო. ასეთი ვერც სტუმარს დაიცავს და ვერც ქვეყანას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი