21.12.2024

ვაშინგტონო, გვიშველეთ — რუსეთის „რბილი ძალა“ მოდის! (11.06.2021)

2008 წლის ომს, რომელიც ცხინვალის ომის სახელით არის ცნობილი, ევროკავშირის სპეციალურმა კომისიამ, დიპლომატ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, საფუძვლიანი კვლევა მიუძღვნა. კომისიის დასკვნა — მრავლფურცლიანი და დეტალური, ისეთი, რომელიც ანეიტრალებდა მთავარს — ვინ დაიწყო ომი, ვერ ასცდა სინამდვილეს — ჩვენთვის არასასიამოვნოს და დასაღონებელს, აი ასეთს — აგრესია თბილისმა განახორციელა.

სიახლე ამ აღიარებაში არაფერი იყო, არც მცდელობა საქართველოს დადანაშაულებისა. სწორედ ამის გამო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ყოველგვარი პროტესტის გარეშე დაეთანხმა ბრიუსელის დასკვნას, რაც ხელისმოწერითაც დაადასტურა. მოგვიანებით, გაერომაც მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს არა მარტო ომის დაწყებაში ადანაშაულებდა, არამედ აკრძალული იარაღის, მათ შორის „კასეტურის“ გამოყენებაში.

გაეროს დოკუმენტში დეტალურად აღიწერა ომის დაწყების, ომამდელი, ომის მსვლელობის და ომის შემდგომი პერიოდები, რომლებიც ყველა წინადადებაში ადანაშაულებს საქართველოს.

აღნიშნული დოკუმენტიდან ამონარიდი გამოაქვეყნა გაზეთმა „საქართველო და მსოფლიო“-მ — კარგა ხნის წინათ და ვინაიდან ქართველებს გულმავიწყობა შეგვეყარა, თავს უფლებას ვაძლევ შეგახსენოთ, რომ ასეთი არსებობს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი მოძიება ინტერნეტში.

ომთან დაკავშირებით პრეზიდენტყოფილმა სააკაშვილმაც არაერთი განცხადება გააკეთა — ყველა, თავისმართლებით, მაგრამ იყო ერთი, უცხოელი ჟურნალისტისთვის მიცემული, სადაც აცხადებს, ცხინვალზე შეტევის ბრძანება მან გასცა.

ორი რესპექტაბელური ორგანიზაცია საერთაშორისოს სახელს ატარებს და იმ „მამალ“ დასავლეთშია განთავსებული, დემოკრატიის აკვანი რომ გვგონია — გაერო, ე.წ. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექაში, ქ. ნიუ-იორკში; მეორე, შუაგულ ევროპაში — ქ.ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბ-ბინაში.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთსაც და მეორესაც რუსეთისადმი სიმპატიები ამოძრავებდათ, ალბათ პირიქით, მაგრამ სინამდვილეს ვერც ერთი ვერ გაექცა. გაეროს დოკუმენტიც წინასწარ გააცნეს სააკაშვილის ხელისუფლებას და თანხმობის ნიშნად, ხელიც მოაწერინეს. მაშ, რას ვამტკიცებთ დღევანდელები?

ვამტკიცებთ საწინააღმდეგოს — ომი რუსეთმა დაიწყო და ა.შ. ამას ამტკიცებენ ისინი, ვინც ომში აქტიურად იყვნენ ჩართულნი — ბოკერია, უგულავა, სხვები და სხვები და ამტკიცებენ პოლიტიკაში ახალფეხადგმული ყმაწვილი გოგო-ბიჭები. და როდესაც მათ ფაქტებით ელაპარაკები, უმალ პატრიოტიზმს იშველიებენ — სიტყვას და მცნებას, რომელსაც მათივე ძალისხმევით ყავლი აქვს გასული და მათი მხრიდან სასაცილოდ ისმინება, თან დამნაშავეთაგან.

დიახ! დამნაშავეთაგან, ვინაიდან, ის, ვინც დამნაშავეს ამართლებს, დამნაშავეა. გერმანული ფაშიზმის საჯაროდ გამთეთრებელი ციხით ისჯება, მაგრამ ჩვენ ხომ გერმანელები არ ვართ?! არც გერმანიაში ვცხოვრობთ და რახან ასეა, ვამართლებთ ომის გამჩაღებელს, აგრესორს, აკრძალული იარაღით ომის მწარმოებელს?

რატომ ვიხსენებ აგვისტოს ომს? მარტივი მიზეზის გამო, რასაც მორიგი ანტირუსული ისტერია ჰქვია, გაჟღერებული გვარამიას ტელევიზიით, გულისამრევი „ვაი-ჟურნალისტის“ გაბუნიას მიერ. საუბრის მთავარი თემა პოლიტოლოგ ჭაჭიას ანტიქართულ საქმიანობას ეხებოდა და რახან ის რუსეთში მოღვაწეობს და ქართველობას მოუწოდებს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობისკენ — ჭაჭია მტერია. გარდა ამისა, ჭაჭია იმიტომაც არის მტერი, რომ საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში.

გაბუნიას არგუმენტების გასამყარებლად, ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ქალბატონმა კინწურაშვილმაც გამოიდო თავი და არა მარტო ჭაჭიას, არამედ სხვასაც დასდო ბრალი რუსეთის აგენტობაში — კვარაცხელიას, ოთარაშვილს, გაზეთებს „საქართველო და მსოფლიო“-ს, „ილორს“, სხვებს: აი, ესენიო ებრძვიან დემოკრატიულ დასავლეთს და დემოკრატიის გზაზე მავალ საქართველოსო. ესენი გვიწამლავენ ცხოვრებას და ტყუილებით კვებავენ საქართველოს მოსახლეობასო. მათი მიზანი მარტივია — არ შეგვიშვან ნატოსა და ევროკავშირშიო და სხვა მისთანები.

ზემოჩამოთვლილი „მოღალატეები“, რომ გაეროსა და ევროკავშირის დოკუმენტების შინაარსს იმეორებენ, ამაზე არც გაბუნიას და არც კინწურაშვილს არაფერი უთქვამთ. კინწურაშვილმა რაც თქვა, ისაა, რომ თურმე რუსული „რბილი ძალა“ აქტიურად მუშაობს საქართველოში და დღითიდღე იფართოებს მომხრეთა რიგებს.

კინწურაშვილის განცხადებით, კატასტროფულად იზრდება რუსეთის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების რაოდენობა, ისე, როგორც საინფორმაციო საშუალებები. ამ „ზღვა“ პრორუსული ორგანიზაციებიდან ვერც ერთს რომ ვერ დაასახელებ, გარდა ორი კინკილა გაზეთისა („საქართველო და მსოფლიო“, „ილორი“) და ტელეკომპანია „ობიექტივისა“, ნიშნავს საწინააღმდეგოს — უსაფუძვლო აჟიოტაჟს, ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას — დასავლეთის ყურადღების მისაპყრობად.

გვიშველეთ, რუსული „რბილი ძალის“ შემოსევისგან დაგვიცავითო. და დასავლეთიც გვიცავს — მსუყე თანხების გამოყოფით, რომელიც მასა და „აგრესიის ობიექტს“ შორის იყოფა.

88 მილიონი დოლარი გამოყო აშშ-ა საქართველოსთვის — რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად — დამშეული საქართველოს მოსახლეობისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი თანხა, მის კეთილდღეობას რომ მოხმარებოდა, ნამდვილად კარგი რამ იქნებოდა. მაგრამ არა, მოხმარდება იმას, რასაც ტყუილი წიოკი ჰქვია და მოხმარდება არა სრულად, არამედ ნახევარი. დანარჩენი გაიყოფა — ხელი-ხელს ბანს პრინციპით. აი, ასე „პატრიოტულად“ ვებრძვით რუსეთს ისინი და ჩვენ — დასავლელები, ხელისუფლება და არასამთავრობოები მყავს მხედველობაში.

ცნობილი პოლიტოლოგი ჭაჭია იმ საუკუნიდან მიყოლებული გვიხასიათებს საქართველოს ხელისუფალთა პოლიტიკას, რომელმაც 30 „დამოუკიდებელი“ წლის განმავლობაში უფრო მეტი უარყოფითი მოუტანა საქართველოს, ვიდრე დადებითი.

ეს, რომ ასე იქნებოდა, წლების წინათ იწინასწარმეტყველა ჭაჭიამ თავის ნაშრომებში, გამოქვეყნებულში გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ში. ჭაჭია მეცნიერია და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არავითარი კავშირი არ აქვს ბიზნესთან. არადა, გაბუნიამ სულ ბიზნესმენ-ბიზნესმენი უძახა და დასტურად ორი გაზეთის დაფინანსება მოიყვანა. ორივე, კვირაში ერთხელ გამოდის, მოკრძალებული ტირაჟით — უსახსრობიდან გამომდინარე. მოდით დავსვათ კითხვა — რა საფრთხე უნდა შეუქმნას ამ ორმა გაზეთმა „დემოკრატიულ“ საქართველოს? ან რა „ზიანი“ უნდა მიაყენოს „დემოკრატიულ“ დასავლეთს?

თუ გაბუნია-კინწურაშვილი დაგვიდგენენ „საფრთხის“ დოზას, მაშინ დავიჯერებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა, ვინაიდან  საქართველოს ყველა ელექტრონული მედია, ისე, როგორც ბეჭდური, არათუ პროდასავლურია, არამედ ზეპროდასავლური, ზეანტირუსული, ზემატყუარა, ფალსიფიკაციის გამავრცელებელი. რას გახდება მათთან ორი გაზეთი?

შესანიშნავი პუბლიცისტი კვარაცხელია, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, 30 წლის განმავლობაში გველაპარაკება თანამედროვე დასავლეთის „სიკეთეებზე“, რომელმაც საქართველო ლამის მიწასთან გაასწორა; გველაპარაკება საქართველო-რუსეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე, ლამის ნათესაურში გადაზრდილზე; გველაპარაკება ნამდვილ სიკეთეებზე, რომელიც მოჰყვება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას; გველაპარაკება სოციალიზმის სიკეთეებზე, ჩვენ რომ ზურგი შევაქციეთ და კაპიტალიზმს ჩავეხუტეთ; გველაპარაკება და გვაფრთხილებს 2008 წლის შეცდომა არ გავიმეოროთ, რომ მთლად უმიწო „ბომჟებად“ (უსახლკაროდ) არ გადავიქცეთ და ამიტომაა ის მოღალატე?

კვარაცხელია იატაკქვეშეთიდან არ გვმოძღვრავს, ისე, როგორც ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორები. ის, პირდაპირ ტელეეკრანიდან და გაზეთის ფურცლებიდან გველაპარაკება, საკუთარ სიმართლეში და არა მარტო საკუთარში, ნამდვილ სიმართლეში დარწმუნებული — დოკუმენტებით, ფაქტებით და არა ისე, როგორც ცოცხალი „კლასიკოსი“ ტურაშვილი, რომლის ისტორიული წიაღსვლები ისეა დაშორებული სინამდვილისგან, როგორც დედამიწა, ჩვენი გალაქტიკის მიღმა მყოფ პლანეტისგან. ტურაშვილის „სიმართლე“, რუსეთის ლანძღვაშია — გასალანძღად არარსებული, ვითომ ისტორიების გახსენებით.

კინწურაშვილმა ბრძანა, ზემოჩამოთვლილი „აგენტები“ ცდილობენ საქართველოს შეაძულონ დასავლეთიო. რა ძალა ჰქონიათ თითო-ოროლა საღად მოაზროვნეს?!

პატივცემულო იმანოებო! ამერიკა-ევროპას ისე ვერვინ ავნებს, როგორც საკუთარი პოლიტიკური სისტემა. ამ სისტემის გაუმართაობამ, არაჰუმანურობამ, სისასტიკემ მიიყვანა დასავლეთი და მისი ფლაგმანი დაშლამდე. ის, რაც ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა და ხდება აშშ-ი ან ევროპაში რუსეთის პროპაგანდის ბრალია, თუ ჭაჭია-კვარაცხელიას მიერ დასავლეთის კრიტიკის?!

დასავლეთი ჩვენ ამას გვიკეთებს და იმასო — ბრძანა კინწურაშვილმა. ის, რაც გაგვიკეთა სახეზეა, რომ იტყვიან — ტარანი თვლით არის და დავთვალოთ! მარტო ერთი მაგალითიც კმარა დასავლეთის მიერ, ჩვენს მიმართ გამოწვდილი სიკეთის გასახსენებლად — ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს დაკარგვა.

საქმეში ჩახედულთათვის ცნობილია, რომ სააკაშვილი, აშშ-ს ადმინისტრაციის უსიტყვო თანხმობის გარეშე ომს ვერ გაბედავდა. ავანტიურაზე ბუშის ადმინისტრაციამ უბიძგა, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან მუდმივი ცხელი წერტილის გასაჩენად, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს უკრაინაში, ჩვენდა ბედად არ ავყევით ვაშინგტონის მზაკვრულ გეგმას, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო ტერიტორიის 20%-ს დავკარგავდით, არამედ ქვეყანას, ხალხს.

სხვა „სიკეთეებს“ აღარ ჩამოვთვლი, ფურცლები არ მეყოფა.

გაბუნია-კინწურაშვილის მიერ ჭაჭიას, კვარაცხელიას, სხვა „მოღალატეების“ გახსენება შემთხვევით არ მომხდარა — პუტინ-ბაიდენის ჟენევის შეხვედრა მოითხოვს ამას. მოითხოვს „პატრიოტი“ ქართველების რუსული „რბილი ძალის“ წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის. აკი ბაიდენმა ბრძანა — ამ ორ საკითხზე გავამახვილებ პუტინის ყურადღებასო. მსოფლიოს პირველი არადემოკრატი ქვეყანა, რომ „დემოკრატიას“ მოიშველიებს, როგორც ჭეშმარიტების საკუთარ დროშად, სიტყვა „დემოკრატიის“ ხარისხი საგრძნობლად მცირდება.

პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, პუტინმა გაიხსენა ე.წ. ამერიკული დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის ერთი მაგალითი — ვაშინგტონში კაპიტოლიუმში შეჭრა და იმ შეჭრილთაგან ჯერ-ჯერობით 400 კაცის დაპატიმრება. თითქმის ნახევარი წელია აყურყუტებს მათ აშშ-ს მართლმსაჯულება წინასწარი დაკავების ადგილებში, განაჩენი კი არ ჩანს.

პუტინის თქმით, ისინი კაპიტოლიუმში საძარცვად არ შეჭრილან, მათ პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდათ — საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება. როდესაც აშშ-ს ამომრჩევლების თითქმის ნახევარი დღემდე თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, რის საფუძველზეც დემოკრატებმა გაიმარჯვეს და დაიწყეს მოწინააღმდეგე რესპუბლიკელების რეპრესირება — დემოკრატიის ხსენება სამარცხვინო საქციელია.

გაბუნიას გადაცემას მთავარი „გმირიც“ ჰყავდა, ჭაჭიას ვაჟიშვილის სახით, რომელიც მამის პოლიტიკას ანტიქართულად მიიჩნევს, ვინაიდან მამას სურს სამეგრელოს-აფხაზეთთან შეერთება და ორივეს რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ძნელია დაიჯერო შვილის ნათქვამი, რომელსაც მამა გადაქანებულად თვლის, თანაც არათავისი ოჯახის წევრად.

ისე, კაცმა რომ თქვას, ოჯახის ბინძური საცვლების გამომზეურება არც ერთ ტელევიზიას, არც ერთ ჟურნალისტს კეთილშობილებას, მითუმეტეს პროფესიონალიზმს არ მატებს. პრიმიტიულ სენსაციურობას — უდავოდ. ამ პრიმიტვიზმზეა აგებული არა მარტო ეს ტელევიზია, არამედ ყველა სხვაც.

გაბუნიას გადაცემაში კვლავ ვიხილეთ „პირწავარდნილი“ რუსოფილი ვასაძე, დუგინის მეგობარი და თურმე პუტინის მეგობარიც. გაბუნიას მიხედვით, ჭაჭიაც პუტინის მეგობარი ყოფილა, ვინაიდან პუტინს დაუჯილდოებია. რუსეთის პრეზიდენტი წლის განმავლობაში უამრავ ადამიანს აჯილდოებს, რაც გაბუნიას აზრით მეგობრობას ნიშნავს!

ქართულ მედიაში სისტემატურად ისმის დუგინის სახელი, როგორც კრემლის იდეოლოგის. მათდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ არც კრემლის და არც რუსეთის ელექტრონული მედიისთვის დუგინი ავტორიტეტი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთხელ მაინც გამოჩნდებოდა ტელეეკრანზე, რუსეთის ტელესივრცე გადაჭედილია პოლიტიკური თოქ-შოუებით, რომლებშიც უხვად იღებენ მონაწილეობას არა მარტო რუსი ექსპერტები, ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი ლიბერალები, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც.

არ ჩანს დუგინი. მას არვინ იწვევს. დუგინს გაუხარდებოდა ქართული მედიის ყურადყება მის მიმართ, მაგრამ მისთვის ეს არაფრის მომტანია.

რუსოფილი ვასაძე, რომელიც ჩვენი მედიის მიერ გაშიფრულია, როგორც ქვეყნის მოღალატე, ჩემთვის გამოცანას წარმოადგენს. რახანია მისი სახელი ტრიალებს საქართველოში, როგორც „კრემლის კაცის“, მაგრამ არც ერთი მტკიცებულება ამისა არ არსებობს. რუსეთში მცხოვრები ნებისმიერი ქართველი, ისე ლაპარაკობს რუსეთის მიმართ, როგორც ის. ნებისმიერი რუსეთში მცხოვრები ქართველი, რუსეთის მიმართ საკუთარი სიყვარულის დასამტკიცებლად ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ან გაზეთს მაინს დააარსებდა, აქაურთა რუსოფობური განწყობის რუსოფილურზე შესაცვლელად, მაგრამ არა. ასეა ვასაძეც.

მაინც, როგორ აპირებს ის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას ბეჭდური ან ელექტრონული მედიის შექმნის გარეშე, ჩემთვის გამოცანაა. მაგრამ მასზე და ზემოჩამოთვლილ თითო-ოროლა რუსოფილზე სისტემატური ლაპარაკი — ისტერიკაში გადასული, დასავლური დაფინანსების წყაროა, რაზეც ზემოთ ვთქვი.  მაშ, ვიყვიროთ, ვიბღავლოთ, ვიწივლოთ, სახე ჩამოვიხოკოთ რუსეთის „რბილი ძალის“ შემოტევის საბაბით, რათა აშშ-ს მიერ გამოყოფილი 88 მილიონი დოლარიდან „საყველპურო“ თითო მილიონი შეგვხვდეს. ნეტავი,  იცის რიგითმა ამერიკელმა, რაში ხარჯავს მისი ჯიბიდან ამოღებულ ფულს მისივე მთავრობა?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი