დაუვიწყარ 8 აგვისტოსთან დაკავშირებით
ა.წ. 3 ივლისს სააგენტო „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა: „ჩვენ არ მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას, მაგრამ ვთვლით, რომ ხელშეკრულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ გზას გაუხსნის დიალოგს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, სხვა საკითხებში“.
ბჟანიამ აღნიშნა, რომ „აფხაზეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების ქონით, მაგრამ პრობლემა აფხაზეთში არ არის. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სახელმწიფოს. სხვა ამბავია, რომ ჩვენ არ გვაღიარებენ. არ ვიცი, რას მოიტანს ასეთი პოლიტიკა. ვფიქრობ, ის არის არაკონსტრუქციული“.
აფხაზეთის პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა ქართველი ექსპერტების შეფასებაც — „რიტუალური ჟესტი“. მათი აზრით, არსებულ ვითარებაში წარმოუდგენელია საუბარი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე. ამ ორი მოსაზრების გაცნობისთანავე უდავოდ გაჩნდება კითხვები — რატომ არის წარმოუდგენელი არსებულ ვითარებაში ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბარი და ვინ უნდა შეცვალოს ის ვითარება, რომელიც არსებობს?
პასუხი ორივეზე არის მარტივიც და რთულიც. მარტივი, ყველაფერს შეიცავს ძნელსაც, მიუღებელსაც, საკუთარ „მეზე“ მაღლა დადგომასაც, პიროვნული ამბიციების გადალახვასაც, ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმასაც და მრავალ სხვას, რომელიც მოჰყვება ურთიერთობის დათბობას.
რაც შეეხება რთულს — რთულია და მორჩა, ვინაიდან ამ თემაზე ლაპარაკი ნიშნავს აფხაზეთის სახელმწიფოს ცნობას, მის დამოუკიდებლობას.
ასეთ შეფასებას იძლევიან აქაური პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებსაც აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ უსაუბრიათ. ეს ხომ არ იყო საფუძველი იმისა, რაც ბჟანიამ განაცხადა? „ჩვენ არ მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას“. განაცხადა და „სერიოზული“ საყრდენი, რომელზეც აქაური ექსპერტობა საკუთარი პოზიციის ურყეობას უკავშირებდა, ხელიდან გამოაცალა.
მოკლედ და კონკრეტულად, ბჟანია არ მოითხოვს აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას. ის გვთხოვს თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას, რითაც საერთაშორისო საზოგადოების თვალში „მშვიდობის მტრედის“ სახელის მოხვეჭას ცდილობს.
მართალია ამ გზით საქართველოს დასავლელი პარტნიორების გულს ვერ გაალღვობს — ასე ფიქრობს ჩვენი ხელისუფლება და ოპოზიცია, მაგრამ ვინ იცის, რა მოხდება ხვალ?
საქართველოს კარგად უნდა ახსოვდეს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიები და რაც მთავარია ომის გამოწვევის მიზეზები, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის სპეცკომისიის დასკვნა, გაეროს ნეგატიური (ჩვენთვის) დოკუმენტი, სადაც ომის ინიციატორად საქართველოა მოხსენიებული — აკრძალული კასეტური იარაღის, ქვეყნის შიდა პრობლემების მოსაგვარებლად სამხედრო ძალის გამოყენება და სხვა. აღნიშნულით დასავლეთმა უკვე დაგვანახა თავისი თავი. ასე, რომ დიდი იმედის მასზე დამყარება სარისკოდ მოსჩანს.
არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ქვეყნებს შორის არის საკითხები, რომელთა გადაჭრა სწრაფად უნდა მოგვარდეს. გაჭიანურება საქმეს არ უხდება, თან ახალი პრობლემების გაჩენის საწინდარი ხდება და არის საკითხები, რომელთა სწრაფი გადაჭრა შეუძლებელია. უმეტესად მაშინ, როდესაც საკამათო საკითხები სწრაფად არ გვარდება და მარადისობაში გადადის.
მაგალითად ისევ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საკითხებიც კმარა. საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილს, რომ თანხმობა განეცხადებინა სეპარატისტულად განწყობილ ავტონომიებთან, საქართველოს შემადგენლობაში მათი სტატუსის განსასაზღვრად მოლაპარაკებების დაწყება (ეს პუნქტი ჩაწერილი იყო მედვედევ-სარკოზის შეთანხმებაში), რუსეთი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებდა. მოლაპარაკებები დაიწყებოდა და შესაძლოა დღემდე გაგრძელებულიყო — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნით.
სააკაშვილმა საქართველოსთვის დამღუპველი გზა აირჩია ანუ უარი მოლაპარაკებებზე და საკუთარი ხელით ხაზი გადაუსვა მოლაპარაკებების დაწყების შემცველ პუნქტს. ეს, იყო ზედიზედ მეორე უხეში შეცდომა, ღალატის ტოლფასი, დაშვებული ერთიმეორის მიყოლებით ცხელი აგვისტოს დღეებში.
ზემოთ აღვნიშნე, რომ სტრატეგიული პარტნიორების მიერ, მათ შორის გაეროს, აღიარებულია აგრესორი ანუ ომის დამწყები. ეს სააკაშვილის რეჟიმია. დუკუმენტზე სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ ხელი მოწერილი, მაგრამ იგივენი, უტიფრად, ქვეყნის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრით, დღიდან საკუთარი აღიარებისა, მუდმივად ამტკიცებენ საწინააღმდეგოს — ომი რუსეთმა დაიწყო და არა სააკაშვილმა.
გააჩინეს სხვა ვერსიაც — სააკაშვილმა ვერ გამოიჩინა თავშეკავება და რუსულ პროვოკაციას წამოეგო; რომ რუსეთი წლების განმავლობაში გეგმავდა საქართველოში შემოჭრას, რასაც ხელი შეუწყო სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, სუსტმა პოლიტიკურმა ალღომ.
პოსტსაბჭოთა სივრცე მთლად დამშვიდებული ვითარებით ნამდვილად არ გამოირჩევა. მაგალითები ბევრია — მთიანი ყარაბახის, დნესტრისპირეთის, უკრაინის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ერთმანეთთან დაპირისპირების სახით, მაგრამ ვერც ერთ მათგანში რუსული აგრესია, შეჭრის სახით არ შეინიშნება, რაღა მაინცდამაინც საქართველო ამოიღო ნიშანში „მზაკვარმა“ რუსეთმა, რომლის იმჟამინდელ ახალ პრეზიდენტს მედვედევს უამრავი თავსატეხი პრობლემა ჰქონდა გადასაჭრელი? გარდა ამისა, დამოუკიდებლობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს 1991 წლის დეკემბერში კრემლმა არ არგუნა?
დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების მსურველი რუსეთის ხელისუფლება, ახალი პრეზიდენტის სახით, თავის მოღვაწეობას ომით იწყებს? „ომის პრეზიდენტის“ „ტიტული“ რომ აშკარად შეუფერებელი იყო მედვედევის პიროვნებასთან, პოლიტიკაში ჩახედულთათვის ხომ ცნობილი ფაქტია?!
ეს, აქაც კარგად იცოდნენ და ამიტომაც ომის წამომწყებად პრემიერ-მინისტრი პუტინი გამოაცხადეს — პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც მაღალი თანამდებობა კი ეკავა, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც ომის დაწყება შეეძლო. ასეთი იყო და არის ქვეყნის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. დავუმატოთ ამას პუტინის პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ყოფნაც და მედვედევის მასთან სატელეფონო კავშირის, მხოლოდ ომის დაწყების შემდეგ დამყარება.
„ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურებით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის უმძიმესი კრიზისი აეცილებინა, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა.“ — ეს სიტყვები სულ ახლახანს ბიძინა ივანიშვილმა წარმოთქვა.
კომენტარი ზედმეტია, მაგრამ მაინც …
ეს დიპლომატიური წინადადება — „ქვეყნისთვის უმძიმესი კრიზისი აეცილებინა“ — ძალიან რბილად ნათქვამია და ერთობ განსხვავებული მისივე პირდაპირი ნათქვამისგან — „ომი სააკაშვილმა დაიწყო“. ალბათ მთელი აბზაცის შინაარსი მოითხოვდა შერბილებულ წინადადებას, თორემ ომის გამჩაღებელის ვინაობა ხომ ყველასთვის ცნობილია?! ცნობილია და მერე რა?
ომის გამჩაღებელი მშვენივრად გრძნობს თავს. დასეირნობს ქვეყნიდან-ქვეყანაში, ამჯერად უკრაინაში ჩაუშვა ღუზა, ცხადია დროებით და ახალი ავანტიურისთვის ემზადება — საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ არის კი საქართველო, მისი სამშობლო? ეჭვი მეპარება და არა მარტო მე, სხვასაც. მისი სამშობლო იქაა, სადაც კარგად მოძოვს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. საქართველო მისთვის და მისნაირებისთვის ის მეწველი ძროხა იყო და არის, რომლის ცურსაც ვერაფრით მოშორდებიან.
დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს ძვირად დაუჯდა ქვეყანას — ახალგაზრდათა ხოცვით, რომელთა სიცოცხლეც აღარ დაბრუნდება და დაკარგული ტერიტორიებით, რომელთა დაბრუნება ლამის უტოპიას უკავშირდება. ასეთს (ასეთებს) ტანსაცმლის ყიდვაში გაფლანგული ფულის გამო კი არ უნდა ასამართლებდნენ, სამშობლოს ღალატისთვის. მისი ადგილი უკრაინა კი არ უნდა იყოს, არამედ ციხე.
მისი თანამებრძოლები პარლამენტში კი არ უნდა ქმნიდნენ ქარიშხალს, არამედ ციხეში უნდა ისხდნენ, ისე, როგორც თავის დროზე არგენტინელი გენერლები, რომლებმაც ომი გააჩაღეს ინგლისის წინააღმდეგ ფოლკლენდის კუნძულებისთვის. მაგრამ იქ არგენტინელი ხალხი აღმოჩნდა თავის სიმაღლეზე. მათ ბუენოს-აირესში ცეკვა-თამაში არ გაუმართავთ პარლამენტის შენობის წინ, საკუთარი ხელისუფლების მხარდასაჭერად და აგრესორი ინგლისის დასაგმობად, ხალხმა საკუთარი ხელისუფლების გადადგომა და დასჯა მოითხოვა და გააკეთა კიდეც. ჩვენ? ჩვენ, დღესაც გვეხამუშება სიმართლის თქმა.
ამასწინათ ერთი ყმაწვილი „ჭკუას მარიგებდა“ — მიუხედავად იმისა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, მაინც უნდა ვთქვათ, რომ რუსეთმა დაიწყოო ასე მოითხოვს პატრიოტობაო.
არა მეგობრებო, პატრიოტობა მოითხოვს სიმართლეს და არა სიცრუეს. რა ფასი აქვს იმ ცრუ „სიმართლეს“, რომელიც ყველამ ვიცით, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებამ?
ბჟანიას ნათქვამი, ჩვენი ექსპერტების შეფასებით „რიტუალური ჟესტი“, ყურს სიამოვნებს. მსგავსი, მის არც ერთ წინაამორბედს არ უთქვამს. იქნებ, ჩვენც გაგვეჟღერებინა ანალოგიური „რიტუალური ჟესტი“? რიტუალური გამონათქვამისთვის ჯერ არვინ დასჯილა. იქნებ ასეთით მათი გული მოგვეგო და თუ ამას ექნებოდა ადგილი, „რიტუალურიდან“, რეალურში გადასვლაც გვეხილა?
მარტო იმის ძახილი, რომ „აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას“ — არაფრის მომტანია. საინტერესოა, რას გულისხმობენ პოლიტიკოსები „ტერიტორიული მთლიანობის“ აღდგენაში? ტერიტორია თავისით გამთლიანდება თუ ხელის შეშველებით?
ისტორიის მიხედვით, „თავისით“ გამთლიანებული ტერიტორია უცნობია. ისტორიამ იცის, რომ ომით დაკარგული, ომით ბრუნდება, რაც უმოკლესი გზაა, მაგრამ სარისკო, მითუმეტეს ჩვენთვის. ძალისმიერი გზით დაკარგულის დაბრუნება შეუძლებელია, ამის საშუალებას არც ჩვენი შეიარაღებული ძალების „სიძლიერე“ მოგვცემს, არც მეზობელი რუსეთი და არც დასავლელი პარტნიორები. გვრჩება ერთადერთი გზა — დიპლომატიური მოლაპარაკება — ხანგრძლივი, მძიმე პროცესი და ბოლომდე გასვლამდე, ყველა დარგში, კავშირურთიერთობების აღდგენა-დამყარება, რომელიც გააჩენს საერთო ინტერესებს; შორეულად გადაქცეულ სოხუმსა და ცხინვალს დაგვაახლოვებს, მათთვის კი თბილისი ისეთ ქალაქად გადაიქცევა, სადაც თავისუფლად ჩამოესვლებათ. ღირს თუ არა ამისთვის ბჟანიას წინადადების გაზიარება თავდაუსხმელობის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით?
უდავოდ, ღირს. ამისთვის ვირტუალურ აზროვნებას უნდა შევეშვათ, იმაზე ფიქრსაც, რომ დასავლელი პარტნიორები დაგვიბრუნებენ დაკარგულს. ვიფიქროთ რეალურად, ვინაიდან თითოეული გასული წელი, ჩვენს ხალხებს შორის არსებული უფსკრულის კიდევ უფრო გაღრმავების წელია და არა პირიქით.
ვიფიქროთ იმაზე, რომ ყოველი წლის 8 აგვისტო მარტო გლოვის დღე არ იყოს. ის, რაც მოხდა ძნელი დასავიწყებელია, მითუმეტეს მისატევებელი, მაგრამ ვეცადოთ მწუხრში ისეთის შეტანა, რომელიც მას გადაფარავს და ახალი ცხოვრებისკენ გაგვიხსნის გზას. განა ფინეთ-სსრკ-ს, გერმანია-რუსეთის მაგალითები ამას არ გვიკარნახებენ?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი