09.10.2024

ძნელად მოსაგვარებელი ყარაბაღის საკითხი

მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული ცეცხლის შეწყვეტის მოსკოვის შეთანხმებამ, რომელიც 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შუამავლობით, სულ რაღაც ერთი საათი იარსება და ორივე მხარის სარაკეტო თავდასხმის შედეგად სული დალია.

საბრძოლო მოქმედებების „თეატრში“ გაცილებით რთული ვითარება შეიქმნა, ვიდრე მოლაპარაკებამდე იყო. თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა მსხვერპლით და ნგრევით, ვერბალური ომის თანხლებით. მხარეები ერთმანეთს აბრალებენ შეთანხმების დარღვევას.

რთულ მდგომარეობაში იყო შუამავალი რუსეთიც. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ლავროვს ძალა არ დაუშურებია ორივე ქვეყნის დიპლომატებთან სატელეფონო საუბრებში. თავისი სიტყვა თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ აზერბაიჯანელ, სომეხ და თურქ კოლეგებთან საუბარში, თუმცა ჯერ-ჯერობით გაჯიქებული მხარეების დაშოშმინება და თუნდაც დროებითი დაზავება ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების მიზნით, ჭირს.

თითქოს რაღაცა შედეგი იქნა მიღწეული გასული შაბათის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომლის მიხედვით, მომდევნო კვირიდან ცეცხლი უნდა შეწყდეს, მაგრამ შეწყდება თუ არა ძნელი სათქმელია, ისე, როგორც დაიწყება თუ არა მოლაპარაკება მთაიანი ყარაბაღის საუკუნოვანი პრობლემის გადასაწყვეტად.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რეანიმაციამ კარდინალურად დასვა კითხვა — საბოლოოდ გადაწყდება თუ არა ეს საკითხი და იქნება თუ არა შეთანხმება ისეთი, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. და არა მარტო მათ, არამედ დაინტერესებულ სახელმწიფოებსაც, უპირველეს ყოვლისა თურქეთსა და რუსეთს. და არა მარტო მათ, არამედ სხვებსაც, ტერიტორიულად საკმაო მანძილით დაშორებულებს კავკასიიდან, მაგრამ ამბიციური გეგმების მატარებლებს კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის მიმართ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტმა რახანია გადალახა ორი ქვეყნის საზღვარი და საერთაშორისო კონფლიქტად იქცა. ასე არის უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, თუმცა ნურვინ იფიქრებს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ 30 წლისაა. მას საკმაოდ ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და ჩვენი წელთაღრიცხვის 387 წლით თარიღდება, როდესაც არცახისა და უტიქის რაიონები გადაეცა კავკასიის ალბანეთს, ქვეყანას, რომელიც სპარსეთის ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა.

იქიდან მოყოლებული მიმდინარეობს ერთი და იგივე პროცესი — ეთნიკური ხასიათის ომები, ხშირად საკმაოდ „ცხელი“, გენოციდის თანხლებით. ომებში წარმატებას ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია. მიზეზი ამისა — ომის წარმოების არასაკმარისი რესურსი იყო. საომარი დაპირისპირება მაშინ წყდებოდა, როდესაც ამ ტერიტორიას სხვა უფრო დიდი და ძლიერი სახელმწიფო იპყრობდა — არაბეთი, სპარსეთი, ოსმალეთი, რუსეთი. ფორმალურად თუნდაც „დიდთა“ ქვეშ ყოფნის დროს არცახი „დამოუკიდებლობას“ თამაშობდა, თუმცა ერთობ სუსტ ფუნდამენტზე დაფუძნებულს.

საბჭოთა პერიოდში მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ერგო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლამდე იქ გაჩენილმა ეთნიკურმა დაპირისპირებამ სერიოზულად იჩინა თავი, რასაც მოჰყვა სომხეთის აქტიური სამხედრო ჩარევა და მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანიდან ჩამოშორება, არავის მიერ აღიარებულ „დამოუკიდებულ“ სახელმწიფოდ „გადაქცევა“.

კავკასიის საკითხებში გათვითცნობიერებული მეცნიერებისა და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა ისაა, რასაც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება ჰქვია, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მხრიდან, რასაც ერთიც და მეორეც კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, ბოლო დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა დაიქადნა, რომ აზერბაიჯანის ხისტი პოლიტიკის პასუხად ის იძულებული იქნება აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა.

ფაშინიანის განცხადებას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის განცხადება მოჰყვა, რომ მთიანი ყარაბაღი მისია და სომხეთის მიერ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებით ვითარება არ შეიცვლება.

ოფიციალური ბაქოს ნეგატიური დამოკიდებულება ყარაბიღის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში საფუძველს მოკლებული არ არის, ვინაიდან „დამოუკიდებელი“ მთიანი ყარაბაღი, სომხური მოსახლეობით დასახლებული და ეკონომიკურად თავიდან ბოლომდე სომხეთის ბიუჯეტზე ჩამოკიდებული, რა დამოუკიდებელი იქნება ძნელი გამოსაცნობი არ არის.

„დამოუკიდებელი“ მთიანი ყარაბაღი, კავკასიაში მეორე სომხური სახელმწიფო იქნება, ოღონდ მცირე მასშტაბებში, ერევანს დამორჩილებული. დაუშვებს ამას აზერბაიჯანი და რაც მთავარია (როგორც ალიევი ამბობს), აზერბაიჯანის ძმა და მეგობარი თურქეთი?

ცხადია, არა! აზერბაიჯანის რიტორიკა კონკრეტულია — „დავიბრუნოთ ჩვენი“, ვინაიდან მთიანი ყარაბაღი საბჭოთა კავშირის 70-წლიანი მმართველობის პერიოდში აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყო და ძალისმიერი გზით წაართვეს მას გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს.

ორიგინალურობით ან ახალი იდეებით არც სომხეთი გამოირჩევა. ისიც, ისე, როგორც აზერბაიჯანი, მთიან ყარაბაღს უყოყმანოდ სომხურად მიიჩნევს — მტკიცე რიტორიკით — ერთ გოჯსაც არ დავუთმობთ ჩვენს მტრებს, ჩვენს ისტორიულ მიწას. თუმცა იმისთვის, რომ ყარაბაღი მისი იყოს — მიერთების სახით ან თუნდაც დამოუკიდებლობის აღიარებით, არაფერს აკეთებს — საერთაშორისო რეაქციის შიშით. არადა, ყარაბაღის შენახვა ძვირი უჯდება, ვინაიდან მისი ეკონომიკა წამგებიანია, დაბალანსება მხოლოდ სომხური დოტაციით ხდება და უცხოეთში მცხოვრები სომხური დიასპორის ფინანსური დახმარებით.

საქმეს ისიც ართულებს, რომ მთიან ყარაბაღს სომხეთთან ტერიტორიულად არაფერი აკავშირებს, რაც მას, ეკონომიკური თვალსაზრისით სიცოცხლისუნარიანობას უკარგავს და პოლიტიკურ უპერსპექტივობას უსახავს. სომხეთთან საერთო საზღვრის არქონა ხელს უშლის სომხური ბიზნესის გააქტიურებას, სოციალური პრობლემების მოგვარებას. ყარაბაღის მოსახლეობის სიღარიბე ძალავს პატრიოტიზმს და ხელს კრავს ახალგაზრდობას უცხოეთისკენ.

საერთო საზღვრის შექმნის ანუ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დაკავშირების მიზნით სომხეთმა 30 წლის წინათ მოახდინა სომხეთ-მთიან ყარაბაღს შორის არსებული აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაცია და იქიდან ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობის (40000) განდევნა. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი დაუბრუნებს აზერბაიჯანს დაპყრობილ ჯებრაილს, ლაჩინს და ქელბაჯარს — აზერბაიჯანის ისტორიულ მიწებს, მთიანი ყარაბაღის გარეშე, პრობლემა არ გადაწყდება, ვინაიდან ასეთი დათმობა სომხეთის მხრიდან ისევ ტერიტორიულად დააშორებს სომხეთს მთიანი ყარაბაღიდან და მას აზერბაიჯანულ ეკონომიკურ ალყაში მოაქცევს, რაც საბოლოოდ ყარაბაღის კაპიტულაციით დამთავრდება.

ასე რომ, ერთი მხარის გამარჯვება მიიღწევა მხოლოდ მეორე მხარის დამარცხებით, რისთვისაც რესურსებია საჭირო. ასეთი კი არც ერთს არ გააჩნია. არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი ისეთი ომისთვის, რომელიც დიდი უპირატესობით გამარჯვებას ან ერთს, ან მეორეს მოუტანს, მზად არ არის და ვერც იქნება მათი ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე.

ცხადია, აზერბაიჯანი უკეთ გამოიყურება, მაგრამ სომხური შეუპოვრობის მაგალითი თვალსაჩინოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანი „ბლიც კრიგის“ გზით 5 დღეში განახორციელებდა რევანშს და რახან ვერ მოახერხა, კონფლიქტმა ქრონიკული სახე შეიძინა ანუ ის, რაც მას ომის დაწყებამდე ჰქონდა. ასეთ დროს უნდა გაიმარჯვოს მოწოდებამ — დიპლომატიური მოლაპარაკების აღსადგენად. და ალბათ ამას ექნება ადგილი, ვინაიდან ძალის გამოყენების გზით გამარჯვების მოპოვება ან ერთის, ან მეორის მიერ მიუღწეველ ოცნებად რჩება.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება რომ მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანზე იყოს დამოკიდებული, სხვა შედეგი გვექნებოდა. მაგრამ ეს კონფლიქტი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გაცდა ორი ქვეყნის საზღვრებს და საერთაშორისო სახე შეიძინა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ანალოგიური კონფლიქტის ნასახიც არ იქნებოდა და დაპირისპირების გაჩენისთანავე ძირშივე მოისპობოდა. მაშინ არც გარე ძალების ავადმყოფური ინტერესი იყო — კონფლიქტის გასაღვივებლად, ვინაიდან კრემლის შიშით ამას ვერვინ გაბედავდა.

მაგრამ საბჭოეთის დაშლამ და კავკასიის მიმართ ინტერესების გაჩენამ მეზობელი სახელმწიფოების და შორეულთა მხრიდან, აგრეთვე მსოფლიო პოლიტიკაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, ამჯერად დამოუკიდებელი ქვეყნების გამოჩენამ, მათ მიერ შემუშავებული ახალი პოლიტიკური ვექტორის განსაზღვრამ, ხშირად მოუფიქრებლად, სხვათა კარნახით, მძიმე შედეგები გამოიწვია. გაჩნდა ერთმანეთის საწინააღმდეგო, კონფლიქტის მომასწავებელი გლობალური დაპირისპირება, რომლის ასაგიზგიზებლად ისეთი ლოკალური ომიც კმარა, როგორიც ყარაბაღია.

პირველ რიგში აღსანიშნავია აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთი, რომელსაც ყარაბაღთან ომი, აზერბაიჯანელი მოძმის მიერ წარმოებული, კავკასიაში ძველი დიდების დაბრუნების პერსპექტივას უქმნის და არა მარტო კავკასიაში, არამედ  კასპიის ზღვის გავლით, ცენტრალურ აზიაში.

დიდი ოსმალეთის აღდეგენის სურვილით შეპყრობილი თურქეთის პრეზიდენტი არ ერიდება რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას. იმ რუსეთთან, რომელიც მას ხელს უწვდის როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ-ენერგეტიკული თვალსაზრისით. ანკარა ცალსახად ეხმარება აზერბაიჯანს და მოუწოდებს იომოს გამარჯვებამდე, რაც დიპლომატიური მოლაპარაკებების აღდგენას უდავოდ ეწინააღმდეგება.

აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ისრაელს, რომელიც აზერბაიჯანს ჰყიდის უპილოტო საფრენ აპარატებს, სხვა სამხედრო ტექნიკას. უფრო მეტიც, ისრაელს აზერბაიჯანში საფრენი აპარატების ქარხანაც აქვს გახსნილი. ისრაელის მიზანი ისაა, რომ აზერბაიჯანი დაიგულოს ირანის წინააღმდეგ კონფლიქტში, თუკი ასეთს ექნება ადგილი. აზერბაიჯანიდან თეირანამდე მოკლე მანძილია და ისრაელის სარაკეტო სისტემებისთვის იოლად დასაძლევი.

ისრაელს ნეგატიური, დაძაბული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანის სტრატეგიულ  მოკავშირე თურქეთთან, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის საკუთარი გეგმების განხორციელებაში, რომლის ისრები თეირანისკენ არის მიმართული.

ოფიციალური ანკარის დამოკიდებულება ისრაელის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, მტრულია. პრეზიდენტი ერდოღანი იერუსალიმს თავისად მიიჩნევს, აფინანსებს პალესტინაში არსებულ ორგანიზაცია „ჰამასს“, რომელიც სისხლს უშრობს ისრაელს, … .

რეგიონის მეორე დიდი ქვეყანა ირანი, ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტით შემოიფარგლება, თუმცა ხშირად მხარს სომხეთს უჭერს. თეირანის დამოკიდებულება აზერბაიჯანთან დღეს ისეთი დაძაბული არ არის, როგორც ადრე, როდესაც ალიევი ირანის აზერბაიჯანთან (20 მილიონი) მჭიდრო თანამშრომლობას და შემოერთებას ქადაგებდა. ეს და სხვა საკამათო საკითხები ჩამცხრალია. ამ ორ ქვეყანას მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ ერთმანეთთან, ისე, როგორც საკომუნიკაციო. აზერბაიჯანზე გადის სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტი, რომლის წყალობით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსული ტვირთები ირანის, აზერბაიჯანის, რუსეთის გავლით ევროპისკენ მიედინება.

ირან-რუსეთის პოზიცია მთიან ყარაბაღთან მიმართებაში იდენტურია და განსხვავდება თურქეთისგან.

თურქეთ-აზერბაიჯანის პოზიციას იზიარებს უკრაინა, რაც დადასტურდა პრეზიდენტ ზელენსკის თურქეთში ვიზიტის დროს. მან მხარდაჭერა მოიპოვა ყირიმისა და დონბასის დაბრუნების საკითხებში. პრეზიდენტმა ერდოღანმა პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა, რომ აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ვერ შეეგუება რუსეთის მიერ ყირიმის მითვისებას.

ზელენსკიმ მხარდაჭერა აღუთქვა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით და სურვილი გამოთქვა თურქული უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვის და თურქეთის მიერ უკრაინაში ამ აპარატების ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით. უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რუსეთის საწინააღმდეგოდ. ამ თვალსაზრისით თურქეთთან „მეგობრობა“ მისთვის ზედმიწევნით ხელსაყრელია.

მთიანი ყარაბაღის თემით „გულგრილი“ არც ევროკავშირი და არც ნატოა, თუმცა მათი მოწოდება მშვიდობისკენ გულწრფელობის ელემენტებს არ შეიცავს. ანდა რატომ უნდა იყვნენ გულწრფელნი, თუკი ეს კონფლიქტი რუსეთის საზღვრების სიახლოვეს მიმდინარეობს, რითაც ამ ქვეყანას სერიოზული პრობლემები ექმნება?

დასავლეთის მიზანიც ხომ ისაა — ბელარუსის, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, ყირგიზეთის, ყარაბაღის სახით რუსეთს პრობლემები ჰქონდეს და ნაცვლად დასავლეთისკენ ყურებისა, მის საზღვრებს ირგვლივ არსებული პრობლემებით იყოს დაკავებული?!

დასავლეთის სტრატეგიული კონცეფციის მიხედვით მთავარია რუსეთის დასუსტება და მსოფლიოში მისი მზარდი როლის შეჩერება.

დასავლეთს აქვს პრობლემები თურქეთთან — რუსეთისგან C-400 ანტისარაკეტო სისტემების შესყიდვით გამოწვეული; კვიპროსთან ახლოს გაზის საბადოების უკანონო მოპოვებისთვის გეოლოგიურ-სამძებრო საქმიანობის წარმართვისთვის; რუსეთის წყალობით გაზის „სამხრეთის ნაკადის“ აშენებისთვის და სხვა, მაგრამ ერდოღანი, მიუხედავად სიჯიუტისა, მაინც მისია ანუ როგორც ამერიკელები ამბობენ „მისი ძაღლის შვილია“ — ასეთის რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოყენება უდავოდ მისწრებაა, თანაც ვითარება ყარაბაღის კონფლიქტის სახით ზედმიწევნით ხელსაყრელია.

რას მოიმოქმედებს რუსეთი, რომელიც ორ ცეცხლს შორის არის მოქცეული?

მას კონფლიქტში მონაწილე აზერბაიჯანთან და სომხეთთან ისტორიული, მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ორივეს, პარიტეტულ საფუძველზე ჰყიდის იარაღს; აწარმოებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს; მასპინძლობს აზერბაიჯანულ და სომხურ დიასპორებს ორ-ორი მილიონი ადამიანის სახით; აქვს გახსნილი სამხედრო ბაზა სომხეთში და ა.შ. რუსეთი ვერ დაუშვებს კავკასიაში თურქეთის დომინირებას. რუსეთის ხელისუფლებას ამას საკუთარი ხალხი არ აპატიებს.

თურქეთის სურვილი — გახდეს კავკასიის და ცენტრალური აზიის სულთანი, მარტო ამით არ იწურება. ერდოღანს რუსეთში მცხოვრები 25 მილიონი მუსლიმანის სულთანობაც სურს და ყირიმის მის დაქვემდებარებაში მოქცევაც, რაც უდავოდ გამოიწვევს დაპირისპირებას არა მარტო ვერბალურის სახით, რაც დასავლეთისთვის სრულიად მისაღებია.

რუსეთისთვის მთავარია მოწინააღმდეგე მხარეთა მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა — დასაწყისში ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების საბაბით, შემდგომში, არცთუ შორეულში, საუკუნეთა განმავლობაში გადაუწყვეტელი პრობლემის მოგვარების მიზნით.

რუსეთის წინაშე ურთულესი ამოცანაა — არც ერთი მხარისკენ გადაუხრელად ბეწვის ხიდზე გავლა. თუ ვერ გაივლის, კავკასიას დაკარგავს, თან სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის გულისწყრომას დაიმსახურებს, შესაძლოა საკუთარი ხალხისაც, დაემშვიდობება საერთაშორისო არენაზე სუპერსახელმწიფოს სახელს.

სასწორზე რუსეთის ხელისუფლებისა და მისი პრეზიდენტის რეპუტაცია დევს. საით გადაიხრება პინა, მომავალი გვიჩვენებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი