26.12.2024

უმადურობა — ავი სენი

თემას, რომელსაც გთავაზობთ, არცთუ დიდი ხნის წინ გავაჟღერე, სადაც შეძლებისდაგვარად აღვწერე უმადურობა, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე რომ დასჩემდათ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. 30 წელი გავიდა ამ ისტორიული მოვლენიდან დღემდე, მაგრამ, როგორც ჩანს არასაკმარისი — საბჭოთა 70-წლიანი ცხოვრების ობიექტური შეფასების, სათანადო დასკვნების გაკეთების და დამოუკიდებლობის შედეგად მოტანილი „წარმატებების“, ძველთან შესადარებლად.

თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დამოუკიდებლობის 30-იან პერიოდში დაშვებულ შეცდომებს, პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჩავარდნებს, ხალხისთვის შეპირებული ჯანსაღი სოციალური ყოფის გაუარესებას საკუთარ თავს კი არა, არამედ სხვას, განსაკუთრებით იმას აბრალებს ვისთანაც ერთად გაატარა საბჭოური 70 წელი. ასეთი ე.წ. დიდი ძმა, რუსეთია, რომელიც თავის მხრივ იგივეს აკეთებს, როგორც ყოფილი „პატარა ძმები“, კომუნისტური წარსულის დაწიხლვის თვალსაზრისით.

კომუნისტური ცხოვრების ნეგატიური შეფასების პროცესში შიგადაშიგ პოზიტიურსაც იხსენებენ — გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილები და მას (პოზიტიურს) შემთხვევითობას მიაწერენ. წარსულის განქიქების პროცესი 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობს და როგორც ჩანს კარგა ხანს გაგრძელდება, ვიდრე ახალი თაობა საბოლოოდ არ დაივიწყებს მას (საბჭოთა პერიოდს), ხოლო ისტორიკოსები მსუყე წერტილს არ დაუსვამენ საბჭოურ იმპერიას, როგორც ანტიჰუმანურს, ანტიდემოკრატიულს, ადამიანის უფლებების დამრღვევს და ა.შ.

ცხადია, ჩემს მიერ შემოთავაზებული თემის სრულყოფილ, სიღრმისეულ განხილვა-გაანალიზებას არათუ ერთი სტატია, ტომები არ ეყოფა, მაგრამ ზოგიერთი მაგალითის თქვენთვის გაცნობა, ინფორმაციის მოწოდების სახით, მოგცემთ იმის შესაძლებლობას თვით გამოიტანოთ დასკვნა, არის თუ  არა ჩემს მიერ ნახსენები სიტყვა „უმადურობა“, მართლაცდა უმადურთა ქცევის ზუსტი ამსახველი.  ვიმეორებ, ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დაავადებულია უმადურობით, მაგრამ ყველა მათგანს ამჯერად ვერ შევეხები. ვიტყვი ზოგიერთზე — თვალშისაცემსა და სანანებელზე, ვინაიდან სწორედ მათგან არ ეკუთვნის აუგი  სიტყვა განვლილ საბჭოურ ცხოვრებას. უპირველესად საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთისგან. რა გაეწყობა, ყოფილ საბჭოთა სივრცეში მცხოვრები რესპუბლიკებისა და მათი მოსახლეობისთვის წარსულის ლანძღვა ისეა გამჯდარი ძვალსა და რბილში — ამოძირკვა შეუძლებელია.

ყოფილმა საბჭოელებმა წარსულის ლანძღვით დავამტკიცეთ, რომ ასი თავით ჩამოვრჩებით დიდი ისტორიისა და კულტურის ქვეყანას ჩინეთს, რომელმაც მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ 180 გრადუსით ისე შეაბრუნა ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრება, ერთი მისხალი საყვედურიც, არათუ ლანძღვა არ უთქვამს მაო ძედუნის კომუნისტური წარსულისთვის.

ახალმა მმართველმა, მაო ძედუნის მიერ რეპრესირებულმა დენ სიაოპინმა, 1979 წელს დაწყებული რეფორმების თავშივე გააკეთა განცხადება, რომელიც ჩინეთის კომპარტიის, სახელმწიფო მოხელის, ბიზნესმენისთვის კანონად იქცა — მაო ძედუნი იყო ხელისუფალი, რომელმაც დაუშვა შეცდომები, მაგრამ მის მიერ გაკეთებული დადებითი, მრავალჯერ აღემატება უარყოფითს, დადებითი 74%-ია, დანარჩენი უარყოფითი.

მაო ძედუნი დღესაც ჩინეთის აღიარებული ბელადია, რომლის უზარმაზარი პორტრეტი დაჰყურებს პეკინის მთავარ მოედანს, ირგვლივ განთავსებული ადმინისტრაციული შენობებით, ძველი პეკინის ისტორიული უბნებით. მაო ძედუნი ცოცხალია, მას ყველა ჩინელი ეთაყვანება. რა გვაქვს ყოფილ საბჭოეთში?

საპირისპირო ვითარება, რომელმაც გამოუსწორებელი დაღი დაასვა საბჭოურ ცხოვრებას და საბოლოო ჯამში დაშალა მსოფლიოში უდიდესი, უპირველესი, უმძლავრესი კომუნისტური იმპერია — მასში მცხოვრები ხალხების თანაბრობის პრინციპზე აგებული.

უმძლავრესიო, — იკითხავს მკითხველი, — თუ უმძლავრესი იყო, რამ დაშალა? სახლის, ქვეყნის, სისტემის დაშლას დიდი დრო არ სჭირდება. ერთი შეძახილია საჭირო და ძლიერი, ბეჭებზე აღმოჩნდება. განა ამის მაგალითი არ არის მსოფლიოს ჰეგემონ ქვეყანაში გასულ წელს მიმდინარე, ლამის სამოქალაქო ომად ქცეული ქაოსი და უბედურება: ხოცვა-ჟლეტვით, მაღაზიების დაწვა-დაბუგვით, ვაშინგტონში, კაპიტოლიმზე მიტანილი იერიშით?

თითქმის ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს არ ჰყავდა არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლება. ვაშინგტონელი პოლიტიკოსები, ისე, როგორც შტატების, ზანგებს არათუ ბოდიშის მოხდით უჩოქებდნენ, არამედ საჯაროდ ფეხებსაც ბანდნენ და კოცნიდნენ. სამოქალაქო ბუნტს „კოვიდ-19“ პანდემიაც დაერთო, რომელმაც გამოაშკარავა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის უსუსურობა, კრიზისული პერიოდის შეუფასებლობა, ხელისუფლების მხრიდან დანაშაულებრივი უმოქმედობა. შედეგი? სავალალო — ასეულ-ათასობით მკვდარი, მილიონობით დაავადებული, უმუშევართა რეკორდული მაჩვენებელი, ეკონომიკური დაცემა, სოციალური ვითარების სრული დეგრადაცია.

ყოველივე აღნიშნულს დაერთო წარმოუდგენელი სიცივეები, ყინვების სახით ისეთ თბილ შტატში, როგორიც ტეხასია, რომელიც თითქმის ორი თვე (იანვარ-თებერვალი) გრძელდებოდა. სიცივისგან შეწუხებული ამერიკელები ავტომანქანებში ათევდნენ. არ ჰქონდათ წყალი, შუქი, გათბობა. გათბობის აგრეგატები და მილები ყინვამ ჩრდილოეთ პოლუსად, ყინულის ლოდებად აქცია.

რა იღონა ხელისუფლებამ? არც არაფერი!

სენატორმა შახინმა ტეხასის შტატიდან, მალულად, ოჯახთან ერთად მექსიკის თბილ კურორტს შეაფარა თავი და როდესაც ჟურნალისტებმა ამხილეს მისი მართლაცდა ცუდი საქციელი, ნიანგის ცრემლები აღვარღვალა — შევცდი, მაპატიეთ, მეტს აღარ ვიზამო.

შახინი ახლახანს სტუმრობდა საქართველოს და ისეთი შეხვედრა მოუწყვეს საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, ღმერთსაც რომ შეშურდებოდა. შახინისგან ველით სიკეთეებს?!

სენატორისგან, რომელმაც საკუთარი ამომრჩეველი, შტატი დაიკიდა ფეხზე და საკუთარი თავის გდასარჩენად (გასათბობად) მექსიკას მიაშურა? ვაი, ჩვენს თავს!

30 წელია ფიანდაზად ვეგებით უცხოელ სტუმრებს, განსაკუთრებით ევროატლანტიკური სივრციდან. ვინ არ იმყოფებოდა საქართველოში — პრეზიდენტებით დაწყებული, კონგრესმენებით, ევროპარლამენტარებით, ექსპერტებით დამთავრებული, მაგრამ საქართველოს საშველი არ ჩანს. ჩამოვლენ, გაისეირნებენ, ჭამენ, დალევენ, დაგვპირდებიან და წავლენ.

ასე გრძელდება 30 წელი. არავითარი შვება ქვეყანას ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით. მხოლოდ მცოცავი სიღატაკე, მოსახლეობის დაბეჩავება, დამშევა.

თუ 30-წლიანი ციკლის დასაწყისში ხალხს კომუნისტური ცხოვრების დანაზოგის ხარჯვა ინახავდა, დღეს ბრტყელი დაპირება, უმუშევრობა, შეუჩერებელი ინფლაცია, ფასების კატასტროფული ზრდა უმოკლებს სიცოცხლეს. სასოწარკვეთილებაში მყოფი ხალხის დამოკიდებულება ხელისუფალთა მიმართ რომ უკიდურესად უარყოფითია, არის ამაში რამე გასაკვირი?

ხელისუფლებამ იცის ყოველივე და თავის გადასარჩენად გარე ძალას იშველიებს — შახინების და სხვათა სახით. ისინიც არ აყოვნებენ და უმალ აქ ჩნდებიან — რეჟიმის და არა ხალხის, ქვეყნის გადასარჩენად. განა ამის მაგალითი არ არის შახინის განცხადება, რომელიც მან თბილისში ჩამოსვლამდე გააკეთა?

„რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა-საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. საქართველოში ჩვენი ვიზიტის მიზანი არის გავამხნეოთ პოლიტიკური ლიდერები, გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები, რომლებიც გააძლიერებს დემოკრატიას ამ ქვეყნებში“.

„პოლიტიკური ლიდერები გავამხნეოთო“ — თქვა შახინმა და არა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ხალხიო. სენატორი, რომელიც განსაცდელის ჟამს საკუთარ ხალხს არ ამხნევებს, ათეულ-ათასობით კილომეტრით დაშორებულ ხალხს გაამხნევებს?

შახინის ვიზიტი ისეთი სიტყვებით შეაფასა ქართულმა პოლიტიკამ — ოპოზიცია-პოზიციამ, უკეთესს რომ სტუმარიც ვერ ინატრებდა.

ხალხს, ლუკმა-პურის ძიებაში, დატანჯულს, არც კი გაუგია „ღმერთის“ დონის კაცის სტუმრობა. მაინც რამდენი „ღმერთი“ არსებობს ქართული ხელისუფლება-ოპოზიციისთვის?

შარლ მიშელიც „ღმერთია“ და დეგნანიც — საქართველოში აშშ-ს ელჩიც?

ყველას ჩამოთვლას სტატია ვერ დაიტევს. რაც ვიცით, ვიცით! სახელმწიფოს ხარჯზე სტუმრისთვის დახუნძლული სუფრის გაშლა, სადაც მასპინძელთა რაოდენობა ათჯერ აჭარბებს სტუმართა რაოდენობას. რა სჯობს მუქთა ჭამა-ყლაპვას? საინტერესოა, რამდენი მილიონი დაუჯდა ქვეყანას შახინის სტუმრობა?

მას შემდეგ, რაც შახინმა დაგვტოვა კარგა დრო გავიდა, მაგრამ ვიზიტით გამოწვეული ეიფორია არ კლებულობს, ალბათ სხვათა მომავალ ვიზიტამდე. შახინი დარწმუნდა, რომ საქართველო არ გადაუხვევს ევროატლანტიკური კურსიდან და დაარწმუნა მასპინძლები, რომ არც ამერიკა აიღებს ხელს ამ კურსის გაპიარებისგან.

საქართველოს პოლიტიკამ დაარწმუნა შახინი, რომ საქართველო მუდამ იქნება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე. შახინმაც დაარწმუნა ქართული პოლიტიკა, რომ საქართველოს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ი მუდამ დაუჭერს მხარს.

შეხმატკბილებული პოლიტიკაც ამას ჰქვია! მაგრამ სად არის ამ პოლიტიკაში ქვეყანა და ხალხი?! მკითხველი თუ აღმოაჩენს, ნუ დამიმალავს, შემატყობინოს!

ამერიკელი სენატორების მეორე ჯგუფს „ნეზალეჟნი“ უკრაინაში ჰქონდა ვიზიტი. იქ უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე აქ, ვინაიდან მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე საქართველოს. არც ამ შემთხვევაში გაგვიმართლა! რა გაეწყობა, ევროატლანტიკურ სივრცეში უკრაინა-საქართველოს ერთად ხსენება სულაც არ გამორიცხავს ამ ტანდემიდან უკრაინის პრიორიტეტულობას, რაც არა მარტო ამ ქვეყნის მოსახლეობისა და ტერიტორიის სიდიდით არის  გამოწვეული, არამედ ამერიკული პროგრამის სრული რეალიზაციითაც.

არც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ისე არ გადაგვარებულა, როგორც უკრაინა. აშშ-ა ისეთი რა აჭამა ამ ქვეყნის პოლიტიკას, ერთი სისხლი და ხორცი, სამკვდრო-სასიცოცხლოდ რომ დააპირისპირა? დღე ისე არ ჩაივლის, უკრაინის ანტირუსულმა ხელისუფლებამ, რაღაც ანტირუსული არ ჩაიდინოს. მან ისიც მოახერხა, უკრაინაში მცხოვრები ლამის 20-25 მილიონი რუსი კანონგარეშად გამოეცხადებინა.

ის, რომ უკრაინის „არმია“ — მეამბოხე ლუგანსკ-დონეცკს მიყენებული, სისტემატურად ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, ახალ კიევურ ინიციატივებთან შედარებით არაფერია. გადასავლეთებული უკრაინა — განახევრებული მოსახლეობით, ეკონომიკადაცემული, მათხოვრულად ხელგაწვდილი აშშ-ს, ევროკავშირის მიმართ ისე, როგორც მისი ძმადნაფიცი საქართველო, ფიანდაზად არის გაგებული ნებისმიერი ამერიკელ-ევროპელი სტუმრის ფეხთქვეშ.

ყოჩაღ, ამერიკავ! თითზე ჩამოსათვლელ წლებში როგორ მოახერხე ერთი ძმის მეორესთან დატაკება ან მთელი თუ არა ნახევარი უკრაინის ფაშისტური ყავისფერი სამხედრო ფორმებით შემოსვა?

უკრაინა-საქართველოს ძულს საბჭოური პერიოდი და საბჭოთა კავშირის შთამომავალი რუსეთი. ორივენი თავგადაკლულნი ვლანძღავთ მას. არადა თუ რამე სიკეთე მივიღეთ — საბჭოურ პერიოდში იყო.

უკრაინის სსრ-ა მოწინავე იყო ევროპაში — განვითარებული მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, ავიამშენებლობით, მეცნიერებით, … . არც საქართველო იყო ხელწამოსაკრავი საბჭოთა რესპუბლიკა, პირიქით ერთ-ერთი მოწინავე საბჭოთა კავშირში, მოსახლეობის ცხოვრების დონით, პირველი.

რა მოგვცა 30 დამოუკიდებელმა წელმა დაქცევის გარდა. არც არაფერი და რუსეთთან დაპირისპირება. დასავლეთთან ჩახუტების გარდა, საქართველო ისეთ მეზობელს ეხუტება, როგორიც თურქეთია. ოღონდ რუსეთისკენ არ გავიხედოთ, ვაშინგტონი მზადაა თურქეთთან ჩვენს ჩახუტებაზე თვალი დახუჭოს.

თურქეთი, აშშ-ს ნატოელი მოკავშირე, მტერი რუსეთი არაა. ის „თავისი ძაღლის შვილია“. მასთან, მიუხედავად პრეზიდენტ ერდოღანის სიჯიუტისა, ყოველთვის გამონახავს საერთო ენას. ერდოღანის თურქეთი, რუსეთთან ჩახლართული საჭადრაკო პარტიის მოთამაშე, თანმიმდევრულად მიჰყვება ამორჩეულ — „დიდი თურანის“ აღორძინების გზას, რომელიც აღმოსავლური ცბიერი დიპლომატიის წყალობით, ზოგჯერ სამხედრო კუნთების თამაშით, ახერხებს სანუკვარი მიზნის მიღწევას.

თურქეთის პოლიტიკა ნათლად იყო ჩამოყალიბებული თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის დავუთოღლუს წიგნში, რომელშიც იყო მოწოდება — „ნოლი პრობლემა“ მეზობლებთან. თურქეთის იდეოლოგი გიულენი, ერთ დროს პრეზიდენტ ერდოღანის მეგობარი, ამჯერად მტრადქცეული, წერდა, რომ თურქეთს ძველი პოზიციების აღსადგენად იარაღი არ სჭირდება. პატარა ნოხი და ლოცვა არის საჭირო მეზობლებში ნდობის მოსაპოვებლად.

თურქეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული მცოცავი ანექსია, დამშვიდების შეგრძნებას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, სწრაფი და რეალური დასკვნების გაკეთება რომ შეგვეძლოს. აჭარის, ნამახვანის, პლეხანოვის პროსპექტის,  თურქული ბიზნესის მიერ ქართული ეკონომიკის დაპყრობის შემხედვარეს უდაოდ უნდა გვქონდეს საწინააღმდეგო რეაქცია.

საქართველოს უსაზღვროდ უხარია, როდესაც ერდოღანი „უცხელეს“ სიტყვებს ხარჯავს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მისამართით და ისეთ პროტოკოლურ დახვედრას უწყობს, ნებისმიერი ქვეყნის ლიდერი რომ ინატრებდა. რა არის ეს, თუ არა აღმოსავლური, ცბიერი დიპლომატია?!

ერდოღანის ნათქვამმა ხომ მთლად ჭკუიდან გადააქანა საქართველოს ხელისუფლება, სრულიად ქართული პოლიტიკა: „თურქეთი საქართველოში ხედავს რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს“.

80-მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან ასეთი შეფასება ეიფორიის მომგვრელია. ერდოღანს ამჯერად ხაზი არ გაუსვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხისთვის, რასაც თურქეთი უჭერს მხარს, მაგრამ ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა საერთაშორისო ფორუმზე აცხადებს ამას.

რატომაც არა! მას შემდეგ, რაც თურქეთმა შევარდნაძის მხარდაჭერით ორი ქვეყნის ხელშეკრულებით დაიკანონა საქართველოს წართმეული ტერიტორიები, სხვას რას იტყვის? თურქეთი მხარს უჭერს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოსთვის დაბრუნებას, მაგრამ არა მის მიერ მიტაცებულის!

შევარდნაძის წყალობით, ის მიტაცებული  თურქეთმა თავისად ჩათვალა. მასაც ისე ეფერებოდნენ თურქეთის მმართველები, როგორც ღარიბაშვილს. ასეთი მასპინძელი ცხენოსანთა ესკორტსაც გამოყოფს და ქვემეხების სროლითაც გაახარებს სტუმარს, თან სიცილ-კისკისში რიონის ხეობასაც ისესხებს ერთი საუკუნით და იქ ისეთს დაატრიალებს, ნამდვილ პატრონს რომ დააფიქრებს — ჩემია თუ არაო?

როდესაც პრეზიდენტი ერდოღანი ერთ-ერთ ოფიციალურ გამოსვლაში იტყვის, რომ თურქეთის უსაფრთხოება იწყება არა მარტო მისი საზღვრებიდან, არამედ ბათუმიდან, ალეპოდან. ხოლო მეორე გამოსვლაზე: „ჩვენი საზღვრები განსხვავდება ჩვენს გულებში არსებულისგან, შეიძლება განვასხვაოთ თურქეთის ქალაქი რიზე ბათუმისგან“? ქართველებს და მათ ხელისუფლებას მთლად დასამშვიდებელი განწყობა არ უნდა ჰქონდეთ.

ზემოთ ვახსენე მცოცავი პოლიტიკა. აი, ამ ცოცვის შედეგად აჭარაში 180 მეჩეთი და 60 მედრესე ფუნქციონირებს. 25000 თურქი ატარებს საქართველოს პასპორტს. პატარა აჭარისთვის საკმაოდ დიდი ციფრია, თან მზარდი.

ის, რომ თურქულმა ბიზნესმა აჭარა და ნახევარი საქართველო დაიპყრო უკვე აღარავის უკვირს, არც არავინ ღელავს. ვისაც ეს საკითხი აღელვებდა — აჭარის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს, აჭარა იძულებით დავატოვებინეთ. ერთადერთი თურქი ბიზნესმენი მუშაობდა მაშინ ბათუმში, შენერ არდა, რომელიც საბორნე გადასასვლელს აშენებდა. სხვა თურქის ჭაჭანება იქ არ იყო.

თუ ვინმეს გაუხარდა აჭარიდან აბაშიძის იძულებითი წასვლა უპირველესად ნაცმოძრაობას და სააკაშვილს, ისე, როგორც თურქეთს. სააკაშვილმა თავისი „გულუხვობით“, ერთ ლარად ურიგა და ურიგა თურქებს მიწა, თან საქართველოს მოქალაქეობა. ვითომ გაქართველებული თურქები დღეს არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ხვალ კი თავის კანდიდატს გაიყვანენ „დამკაში“. და ასედაამრიგად, ტყვიის გასროლის გარეშე ჩაიბარებენ საქართველოს, იმ საქართველოს, რომელიც რუსეთის იმპერიის წყალობით სწორედ მუსლიმი, თურქეთის, ისე, როგორც ირანის ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა.

საქართველომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა რუსეთის მომდურებით, რომელიც წყალდამცავი ჯებირივით იდგა საქართველოს, თურქეთის და სხვათა ტერიტორიული სიხარბისგან დასაცავად.

თურქული პროექტი, გარდა კავკასიისა, ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც მოიცავს. თურქული ბიზნესი, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს თავს იქ არსებულ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ცენტრალური აზია, დღიდან დამოუკიდებლობის მიღებისა, აშშ, ჩინეთის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, სხვათა ფარული დაპირისპირების ცენტრად იქცა. წარმატებით მუშაობენ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები, თან ისე, რომ ქვეყანა, რომელმაც მათ სახელმწიფოებრიობა, მეცნიერება და განათლება არგუნა, ლამის მტრად გამოაცხადონ.

ანტირუსული პროპაგანდა შეინიშნება ყველგან, მათ შორის ყაზახეთში, განსაკუთრებით ლიბერალური პრეზიდენტის ტოკაევის მმართველობის დროს. არასამთავრობოთა მოთხოვნა გაითვალისწინა ხელისუფლებამ და სწრაფი ტემპით დაიწყო რუსული ალფავიტის ლათინურით ჩანაცვლება. ფაქტიურად შეტევა მიიტანეს რუსულ ენაზე, ქვეყანაში, რომელიც რუსულენოვანია და სადაც რუსული წარმოშობის ადამიანები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ.

რუსულ ენაზე შეტევით დაიწყეს უკრაინელებმა და რა სავალალო შედეგს მიაღწიეს, ვხედავთ. ყაზახეთში მცხოვრები რუსები იძულებული არიან დატოვონ სამშობლო და ისტორიულ სამშობლოს მიაკითხონ მუდმივ საცხოვრებლად. იკვეცება რუსული სკოლები და მასთან ერთად იზრდება ყაზახური ნაციონალიზმი. ხელისუფლება გუნდრუკს უკმევს „ეროვნულად“ განწყობილ, პროდასავლელ არასამთავრობოებს, ასრულებს რა მათ დავალებას. ერთ-ერთი, ყაზახეთის სამხრეთში მცხოვრები ყაზახების ჩრდილოეთში ჩასახლებაა, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც მცხოვრები უმრავლესობა რუსული წარმოშობისაა. მიზანი?

ყაზახი რუსების განეიტრალება და ნამდვილი ყაზახებით რუსეთის საზღვრებთან არსებული ტერიტორიების გამაგრება. მიზანი? — რუსეთის მოსალოდნელი აგრესიისგან დაცვა. რუსეთის აგრესიას ჩასჩიჩინებს ყაზახ არასამთავრობოებს მამა-მარჩენალი ამერიკელი და ისიც იჯერებს, ისე, როგორც სომხებმა დაიჯერეს რუსეთის მზაკვრობა. სომხეთი, რომელიც საქართველოსთან ერთად, რუსეთის იმპერიამ გადაარჩინა ფიზიკური განადგურებისგან. მაინც რა ძალა აქვს ამ ამერიკას, ათეულ-ათასობით კილომეტრზე დაშორებულს რომ ტვინს ურევს და ისტორიულ მოკეთესთან აპირისპირებს?

დასავლეთმა მოახერხა და სომხეთის სათავეში მიიყვანა პირწავარდნილი დასავლელი ფაშინიანი და მისი მთავრობა. არაპროფესიონალმა, გამოუცდელმა პრემიერმა ჯერ რუსული სკოლები დახურა, შემდეგ საყოველთაო ანტირუსული კამპანია გააჩაღა, შემდეგ იარაღი შეისხა და მტერ აზერბაიჯანს ეკვეთა. და დაიწყო ყარაბაღის მორიგი ომი. ფინალი?

სავალალო სომხების და ფაშინიანისთვის. და ისევ რუსეთი, რომლის პრეზიდენტის პუტინის ძალისხმევით სომხეთი სრულ განადგურებას გადაურჩა.

მოსკოვში ჩასულმა ფაშინიანმა პუტინისთვის მადლობის თქმისას იატაკს თავი ურტყა, მაგრამ სინამდვილეში მას სხვა რამ ჰქონდა გულში, რაც დავინახეთ მისი პარიზში ვიზიტისას. კრემლში წელში მოკაკვული ფაშინიანი, ელისეის სასახლეში წელგამართული წარმოგვიდგა — დასავლეთის ხოტბა-დიდებით და რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთის მიერ გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების გაბიაბურებით.

ფარატინა ქაღალდად მონათლა ფაშინიანმა ხელშეკრულება და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს სთხოვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ფრანგი სამშვიდობოების ჩაყენება. მაკრონსაც რა უნდოდა, უმალ მხარი აუბა სტუმარს და სულ ტყუილ-ტყუილი დაპირებებით გამოკვება. ცხადია, საფრანგეთს არც ძალა და არც შესაბამისი ფინანსები აქვს სომხეთში სამშვიდობოების გასაგზავნად, მაგრამ ერთი მორიგი კენჭი ისროლა რუსეთის ბაღჩაში.

მკითხველი იკითხავს — ეს ყველაფერი სომხეთის ლიდერმა განახორციელაო? დიახ! ბატონებო, სომხეთის ლიდერმა. ისეთივე უმადურმა, როგორც საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთის, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების. მაგრამ მარტო ისინი არიან უმადურები?

არამცდაარამც, რუსეთის ბრალიც არის. მისი უმოქმედობის, ზერელეობის, სახელმწიფო პოლიტიკის, რომელიც 1953 წლიდან დაწყებული ანგრევდა ქვეყანას და დაანგრია კიდევაც 1991 წლის დეკემბერში. ნგრევა ხრუშჩოვმა დაიწყო. მან უპირველესად სტალინი მოთხარა, შემდეგ ქვეყანას მიადგა და როდესაც მისმა იმჟამინდელმა კოლეგებმა დაინახეს, რომ ის დაუკრეფავში გადავიდა, ხელისუფლებას ჩამოაშორეს.

ჩამოაშორეს, მაგრამ ქვეყანას ვეღარ უშველეს. ის ნელ-ნელა ხელში შემოადნათ. დაიშალა უდიდესი ქვეყანა ხალხთა თანაფარდობის მქადაგებელი, ხალხთათვის კეთილდღეობის მომტანი, შრომისა და გარჯის დამფასებელი და მის ნაცვლად დაბრუნდა კაპიტალიზმი — ყოველივე ჩამოთვლილის საწინააღმდეგო სისტემა, ერთი მუჭა მილიარდერებით, მილიონობით ღარიბ-ღატაკით.

პუტინის რუსეთი რის ვაივაგლახით შეუდგა ძველი რუსული დიდების დაბრუნებას. რაღაც გამოუვიდა, რაღაც არა. ანდა როგორ გამოუვიდოდა, როდესაც ანტირუსმა ლიბერალებმა გაიდგეს ფესვები ყველა დარგში, მათ შორის პოლიტიკაშიც?

ლიბერალებს მიჰყავთ ვითომ არარსებული იდეოლოგია რუსეთისა. ეს იდეოლოგია  ხრუშჩოვიდან დაწყებული, გორბაჩოვ-ელცინით გაგრძელებული პერმანენტულად თხრის 70-წლიან საბჭოთა ისტორიას, მის შემქმნელებს ლენინსა და სტალინს. ამ უკანასკნელს რეციდივისტად, ხალხის მტრად, ჯალათად, მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებლად მოიხსენიებს. ფაშიზმის გამანადგურებელს, ფაშიზმის მოკავშირედ აცხადებს.

რუსი ლიბერალების გამონათქვამებიდან შეიქმნა ევროატლანტიკური ისტორია, რომ ომი აშშ-ა, ინგლისმა და საფრანგეთმა მოიგეს და არა საბჭოთა კავშირმა. ამას წინათ აშშ-ა დაამზადა საიუბილეო მედალი, რომელზეც სამი დროშა ამოტვიფრა — გამარჯვებული სამი ქვეყნის აშშ-ინგლისის-საფრანგეთის. საბჭოთა კავშირი გამორჩათ? იქნებ გამოტოვეს — შეგნებულად, სამარცხვინოდ?!

გამოტოვეს ქვეყანა, რომელმაც დაამარცხა ფაშიზმი. ვისი ინიციატივით მოხდა ეს თუ არა რუსი ლიბერალების, რუსეთის მტრების?!

რუსეთის ხელისუფლებისგან შესაბამისი პასუხი არ ჩანს. და რახან ასეა, ევროპარლამენტიც, გათამამებული რუსეთის ხელისუფლების დუმილით და წარსული 70-წლიანი საბჭოთა ისტორიის შეურაცხყოფით, 2019 წელს იღებს რეზოლუციას: „მომავალი ევროპისთვის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების მნიშვნელობის თაობაზე“, სადაც წერს, რომ მეორე მსოფლიო ომი იყო პირდაპირი შედეგი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა, რომლის მიხედვით, ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა, მთელი მსოფლიოს დასაპყრობად, პირველ ეტაპზე დაყვეს ევროპა გავლენათა სფეროებად“.

რეზოლუცია ერთ სიბრტყეზე აყენებს ნაციზმს და სტალინიზმს და გმობს მას. ესეც თქვენ, პატივცემული რუსეთის ხელისუფლებავ. კაცი, რომელიც იმ ტოტს ჭრის, რომელზედაც ზის, ძირს ენარცხება. მსგავსი რამ არ დაგემართოთ.

თავში ვახსენე ჩინეთი და მისი რეფორმატორი ხელისუფლების გადაწყვეტილება — წერტილი მაო ძედუნისა და მისი ეპოქის გინებას. ვაშა, მის დადებითად მოხსენიებას. ასეთის წაქცევა ძნელია. ასეთი შიგნიდან არ გატყდება. გატყდა შიდა მტრებით გაჯერებული საბჭოთა კავშირი. გატყდება თუ არა რუსეთი — დრო გვიჩვენებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი