ირანის ისლამური რესპუბლიკის ზეიმი
„დიდი ისლამური რევოლუცია წარმოადგენს მილიონობით ძვირფასი ადამიანის, ათასობით ცოცხალი წამებულისა და დასახიჩრებულის მონაპოვარს, ანუ მარად ცოცხალ მოწამეთა მონაპოვარს, ვინც მილიონობით მუსლიმანისა და მსოფლიოს ჩაგრულთა იმედია. ამ დიდი რევოლუციის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ მისი კალმით აღწერა და გადმოცემა შეუძლებელია.“ — წერს თავის ანდერძში ირანის ისლამური რევოლუციის სულისჩამდგმელი, უძველესი სახელმწიფოს კულტურასა და ტრადიციებზე დაფუძნებული, ახალგაზრდა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელი, სულიერი ლიდერი, ქვეყნის მეთაური, აიათოლა რუჰოლა მუსავი ხომეინი.
თებერვალში ირანის ისლამური რესპუბლიკა ზეიმით ეგებება უმნიშნელოვანეს თარიღს, რომელმაც არა მარტო ირანის და მისი ხალხის ცხოვრება შეცვალა, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთის. საკმაო დრო გავიდა იმ რევოლუციური, ბობოქარი დღეებიდან, შაჰის რეჟიმის მიერ სამშობლოდან გადასახლებული იმამ ხომეინის თეირანში დაბრუნებიდან, დედაქალაქის ქუჩებში გასული მილიონობით ირანელის გულმხურვალე დახვედრიდან.
განვლილი წლები ისტორიისთვის ერთი გაელვებაა, მაგრამ ქვეყნისა და მისი ხალხისთვის თავდადებული ბრძოლის, შრომის, პატრიოტული სულისკვეთების გამოვლინების, ახალი ქვეყნის მშენებლობის წლებია. ირანელმა ხალხმა სულიერი ლიდერის იმამ ხომეინის და მისი საქმის გამგრძელებლის აიათოლა ხამენეის წინამძღოლობით წარმატებით გაართვა თავი ქვეყნის წინაშე წამოჭრილ ყველა გამოწვევას და ირანის ისლამური რესპუბლიკა რეგიონის, მსოფლიოს თითით საჩვენებელ ქვეყნად აქცია.
გამოწვევები კი უხვად იყო, განსაკუთრებით დასავლეთიდან, მაგრამ ირანელმა ხალხმა, სულიერი ლიდერის მოწოდების მიმდევარმა, შეძლო მათთან გამკლავება. იმ მრავალ მოწოდებათა შორის, რომელიც სულიერმა ლიდერმა დაუტოვა ხალხს, არის ასეთიც: „ამჯობინეთ პატიოსანი, თუნდაც გაჭირვებული, ადამიანური ცხოვრება, გადამთიელთა მონობის სამარცხვინო ყოფას, თუნდაც მას ხორციელი სიამოვნება მოჰქონდეს თქვენთვის. უნდა იცოდეთ, რომ ვიდრე თქვენ გაკლიათ განვითარებული მრეწველობა, სამოწყალოდ ხელს იშვერთ და მათხოვრულად ცხოვრობთ, თქვენში არ გაიფურჩქნება ინიციატივისა და გამომგონებლობის ძალა. თუ მთავრობა და არმია ბოიკოტს გამოუცხადებენ აგრესორთა საქონელს და თავიანთ ინიციატივას მეტ გასაქანს მისცემენ, ქვეყანა შეძლებს საკუთარი თავის დაკმაყოფილებას, თავს აარიდებს მტრების მიერ გაღებულ მოწყალებას“.
აშშ-ს პარტნიორის შაჰ რეზა ფეჰლევის ირანი — მჭიდროდ დაკავშირებული ვაშინგტონთან, ახლო აღმოსავლეთში მისი ინტერესების დამცველად და გამტარებლად მოიაზრებოდა. აშშ-ს და მისი მოკავშირე ქვეყნებისთვის შაჰის ირანი სახელმწიფო მზრუნველობის, სიმტკიცის ეტალონი იყო — დასავლური ორიენტაციის მიმდევარი. ამერიკა-ირანის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთდაკავშირებას ემსახურებოდა აშშ-ს პრეზიდენტის კარტერის ვიზიტი ირანში — რევოლუციამდე ერთი წლით ადრე.
ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა. მაშინ ვერც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა და ვერც დიპლომატიამ ვერ გამოიცნეს ქვეყნის წიაღში დაწყებული რევოლუციური დუღილის ტემპერატურა. აშშ-ს იმჟამინდელი უშიშროების საბჭოს მდივანს ბჟეზინსკის აშკარად უღალატა ინტუიციამ, ნათელმხილველობამ, რაც ძვირად დაუჯდა ამერიკას.
კარტერის ვიზიტის შემდეგ, სწრაფად განვითარდა მოვლენები. ვაშინგტონმა დაკარგა ირანში მიმდინარე პროცესებზე კონტროლი — საბოლოო ჯამში ქვეყანა. ირანის შაჰი ფეჰლევი, დამხობილი და შერცხვენილი ამერიკაში გაემგზავრა, თუმცა მასპინძელმა, არცთუ დიდი ხნის წინ შაჰის ირანის სტრატეგიულმა პარტნიორმა, მას მხოლოდ დროებითი თავშესაფარი არგუნა.
ახალ, რევოლუციურ ხელისუფლებასთან კონტაქტების დამყარების მოიმედეობამ, აიძულა სტუმარი დაეტოვებინა ამერიკა. ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის აიათოლა ხომეინისა და სხვათა მიერ, აშშ-ი მსოფლიოს პირველ “სატანად” გამოცხადდა, ხოლო თეირანში არსებული აშშ-ს საელჩო 444-დღიან ალყაში მოექცა. ალყის შემკვრელმა ირანელმა ახალგაზრდებმა, შაჰისა და მისი რეჟიმის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილმა, არ დაივიწყეს შაჰის რეჟიმის მხარდამჭერის, აშშ-ს ნეგატიური როლი, რაც ხანგრძლივი ალყის პირობებში გამოვლინდა.
„ირანის ისლამურმა რევოლუციამ, რომელიც ღვთის ნებით გამარჯვებით დამთავრდა, ხელები დაუმოკლა მსოფლიოს მჩაგვრელებსა და აგრესორებს და დაიხსნა მათგან დიდი ირანი. თუ არა ღვთის ნება, 36-მილიონიან მოსახლეობას (იმჟამინდელი აღრიცხვით, დღევანდელ ირანში 83 მილიონი ადამიანია) ისეთი ანტიისლამური პროპაგანდის პირობებში, რომელსაც ეწეოდნენ მწერლები და ორატორები, ასეთი დარაზმულობის გარეშე შეძლებდა აჯანყების მოწყობას.
ზნედაცემული შაჰი და მისი უმეცრი მამა, მათი მორჩილი მთავრობები, პარლამენტები, დიდი სახელმწიფოების საელჩოები თავს ახვევდნენ ხალხს უზნეობასა და გულგრილობას. უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში სამუშაოდ ღებულობდნენ პროდასავლურად განწყობილ მასწავლებლებს, რომლებიც ასი პროცენტით ისლამის წინააღმდეგ, ისლამური და თვით ეროვნული კულტურის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი, თუმცა გარეგნულად ერისა და პატრიოტიზმის სახელით მოქმედებდნენ“, — წერს იმამი ხომეინი.
1979 წლიდან იწყება უძველესი ირანის ახალი ცხოვრება — წინააღმდეგობებით, დასავლეთთან, კერძოდ აშშ-თან დაძაბული ურთიერთობებით აღსავსე. აშშ-ა დახურა თავისი საელჩო ირანში, გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა, დაიწყო ანტიირანული, ძირგამომთხრელი მუშაობა, ხელი მიჰყო სახელმწიფო ტერორიზმს, წააქეზა ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი ირანთან ომის წამოწყებაში.
თითქმის 10 წელი მიმდინარეობდა ომი ორ მეზობელ ქვეყანას შორის. ერაყის მხარეს იყვნენ აშშ-ი, მისი მოკავშირეები, არაბული სახელმწიფოები, ისრაელი, რომლებიც იარაღით, მატერიალურად ეხმარებოდნენ მას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ირანმა შეძლო ომის წარმატებით დამთავრება.
ომმა, რომელმაც უდიდესი ნგრევა, მსხვერპლი მოუტანა ირანს, გამოწრთო ქვეყანა და მისი შეიარაღებული ძალები, აამაღლა პატრიოტიზმი, ერთ მუშტად შეკრა ერი. 10 წლის განმავლობაში ებრძოდა ახალგაზრდა რევოლუციის სახელმწიფო ერაყს, ამასთანავე ეკონომიკურ სანქციებს, რომელთა სულისჩამდგმელი აშშ-ი იყო.
ეკონომიკური სანქციები დღესაც გრძელდება. ირანს უკრძალავენ ყველაფერს, რისი აკრძალვაც არ შეიძლება, მათ შორის ენერგომატარებლების ექსპორტზე გატანას. ეკონომიკური სანქციების შემოღებას ადგილი ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით. მისი ინიციატორი აშშ-ი იყო. თვით აშშ-ა დაუწესა ირანს საკუთარი სანქციები და მოუწოდა მის ევროპელ და არა მარტო, მოკავშირეებს ანალოგიური ქმედებისკენ. გარდა ამისა აშშ-ა დააშინა მსოფლიო ბიზნესი, რომ ირანთან ურთიერთობის შემთხვევაში მათაც დაუწესებდა სანქციებს.
მიუხედავად ამისა, ირანმა შეძლო საშინაო და საგარეო პოლიტიკის ისე აწყობა, რომ წარმატებით დაპირისპირებოდა პრობლემებს. მძიმე ეკონომიკური სანქციების ქვეშ მყოფმა ქვეყანამ განავითარა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მეცნიერება, ხელოვნება. განსაკუთრებული მიღწევებია მედიცინის, განათლების, სამეცნიერო კვლევების დარგებში. რაც შეეხება ენერგომატარებლების მოპოვებას და მის საზღვარგარეთ გატანას — ირანი მოწინავე ქვეყანაა.
განვლილი წლების განმავლობაში ირანმა შექმნა საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო არმია — რეგიონში გამორჩეული დისციპლინითა და ბრძოლისუნარიანობით. ირანის ისლამური რესპუბლიკა საკუთარ ჯარს, საკუთარი იარაღით ამარაგებს. ირანი თვით ამზადებს მძიმე სამხედრო ტექნიკას, იარაღს, საშუალო და მცირე მანძილის ბალისტიკურ რაკეტებს. ამ იარაღის მოქმედების სიზუსტე და დამანგრეველი ძალა საკუთარ თავზე იწვნია ერაყში განლაგებულმა ამერიკულმა ორმა სამხედრო ბაზამ. თვით ამერიკელთა განცხადებით ირანის სარაკეტო თავდასხმამ ნანგრევებად აქცია ბაზების ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ნაგებობები, ხოლო 11 ამერიკელმა სერიოზული დაზიანება, კანტუზია მიიღო. ისინი გადაყვანილი იქნენ ახლო აღმოსავლეთში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზების ჰოსპიტალში.
რომ არა ირანელთა საზრიანობა და პასუხისმგებლიანი მოქცევა, ირანულ სარაკეტო თავდასხმას დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა. ოფიციალურმა ირანმა აღნიშნულ თავშეკავებული თავდასხმით, რომელიც წინასწარ გახდა ცნობილი ამერიკელი მხარისთვის, დაანახვა მოწინააღმდეგეს ძლიერება და სამხედრო შემართება, რომ ირანი აღარ აპირებს აშშ-სთვის დათმობას.
ირანის ხელისუფალთა გონივრულმა გადაწყვეტილებამ არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიო იხსნა ახალი სამხედრო კონფლიქტისგან. თვით აშშ-ა, დარწმუნებულმა ირანის სამხედრო ძლიერებასა და ხალხის დარაზმულობაში, ვეღარ გაბედა პასუხის გაცემა.
აშშ-ს მიერ წამოწყებული პროვოკაციული აქტი — ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა მეთაურის გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობა, სახელმწიფო ტერორიზმად შეფასდა. აშშ-ს ადმინისტრაციისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ გენერალ ყასემ სოლეიმანის განადგურებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს დაანახა აშშ-ს ავანტიურისტული სახე და უზნეობა; მის მოკავშირეებშიც გააჩინა საწინააღმდეგო მოსაზრება, უკმაყოფილება, რასაც მოჰყვა აშშ-ს ადმინისტრაციის ცრუ განცხადებები და თავისმართლება, რომ გენერალი ყასემ სოლეიმანი ტერორისტულ აქტებს გეგმავდა ამერიკა-ევროპაში, რომ მისი ხელები ამერიკელთა სისხლით იყო დასვრილი და ა.შ.
გაიშალა ფართო ანტიირანული პროპაგანდა, რომელშიც ამერიკელთა მოწოდებით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არსებული ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალებიც ჩაერთო — სინამდვილისგან შორს მყოფი, ცრუ განცხადებებით, რომ ისლამური სახელმწიფოს გუშაგთა ორგანიზაცია ტერორისტულია; რომ ეს ორგანიზაცია საქართველოში ფულის გათეთრებით არის დაკავებული; რომ ირანელები მასიურად ყიდულობენ ბინებს; რომ ირანელთა მიერ საქართველოში შეძენილმა ბინების რაოდენობამ 134000 გადააჭარბა.
ანტიირანულ პროპაგანდაში ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები აქტიურობენ, მათთან ერთად მედია და მათთადმი ლოიალურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი, რომლებიც მოითხოვენ ირანთან მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას.
ირან-საქართველოს მდიდარი ისტორიული კავშირურთიერთობები აქვთ ჩამოყალიბებული, რომელიც არაერთ საუკუნეს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში კარგიც იყო და ცუდიც, ისე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის ურთიერთობაში. თანამედროვე ირანი, რეგიონის მძლავრი სახელმწიფო, ტერორიზმთან მებრძოლი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ეკონომიკური, ენერგეტიკული პოტენციალით, ინვესტიციებით, საქართველოსადმი კეთილი განწყობით, იყო და იქნება საქართველოსთვის საინტერესო ქვეყანა.
ირანი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, რაც დასაფასებელია. აშშ-ნ სტრატეგიულმა ურთიერთობამ ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველოს დამოკიდებულებას რეგიონის მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის ირანთან.
აშშ-ირანის დაძაბული ურთიერთობები ძირს უთხრის რეგიონის მშვიდობას და არა მარტო რეგიონის. გამომწვევი კი ოფიციალური ვაშინგტონია — ირანის წინააღმდეგ შემუშავებული პროვოკაციული გეგმებით. სხვას ვერაფერს ვიტყვით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრის და გერმანიის მიერ ირანთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლაზე.
აღნიშნული ხელშეკრულება ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების ნაყოფია და მისი უგულებელყოფა კარგს არაფერს მოუტანს სამყაროს. ხელშეკრულებიდან ამერიკელთა გასვლას, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, ირანმა მკაცრად უპასუხა ანუ სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების მიერ ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებაზე, უარის თქმით.
სპეციალისტთა აზრით, ირანს შეეძლება ბირთვული იარაღი მიმდინარე წლის ბოლომდე დაამზადოს და თუ აშშ-ი არ დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების რაოდენობა ერთით გაიზრდება. სწორედ აშშ-ს ძალისმიერი ანტიირანული პოლიტიკა გამოიწვევს ირანელთა მხრიდან იძულებითი ნაბიჯის გადადგმას, მიუხედავად ირანის ხელისუფლების არაერთი განცხადებისა, რომ მიზანი მისი არ არის ბირთვული იარაღის დამზადება.
აშშ-ს ადმინისტრაცია, სახელმწიფო მდივანი პომპეო დაუფარავად, საჯაროდ აცხადებენ, რომ ირანში, ადრე თუ გვიან შეიცვლება რეჟიმი. აშშ-ს გეგმის მიხედვით ირანის ჩრდილოეთში ორი რესპუბლიკა — აზერბაიჯანის და ქურთების უნდა შეიქმნეს, დანარჩენ ირანში კი აშშ-ს დამჯერი მარიონეტული მთავრობა.
რომ იტყვიან — ოცნებას ვერვის დაუშლი, მაგრამ როდესაც მის აღსასრულებლად ავანტიურისტული ნაბიჯები იდგმება, ირანის ხელისუფლებაც იძულებულია იმოქმედოს შესაბამისად. გენერალი ყასემ სოლეიმანის მკვლელობამ, ამერიკელთა ვარაუდი გააცამტვერა. ნაცვლად ამერიკული ოცნებისა — ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხი არ შედგა, პირიქით ქვეყანა კიდევ უფრო მონოლითური გახდა.
ირანის ისლამური რესპუბლიკა მტკიცე სულისკვეთებით შეეგება საყოველთავო, სახალხო დღესასწაულს, ისეთით, როგორიც შეეფერება ნამდვილად დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას, ქვეყანას, რომელსაც ძალუძს პასუხი გასცეს მსოფლიოს ჰეგემონს, აშშ-ს. ასეთი კი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი