აღმოსავლეთში დაწყებული მეორე მსოფლიო ომი, აღმოსავლეთშივე დამთავრდა
1945 წლის 3 სექტემბერს, მილიტარისტული იაპონიის კაპიტულაციასთან ერთად წერტილი დაესვა მეორე მსოფლიო ომს, რომელიც აღმოსავლეთში დაიწყო და აღმოსავლეთშივე დამთავრდა. დასაწყისი კი ასეთი იყო: 1937 წლის 7 ივლისს პეკინის სიახლოვეს ადგილი ჰქონდა ჩინელ და ჩინეთში დისლოცირებულ იაპონიის სამხედრო გარნიზონებს შორის შეტაკებას, რაც იაპონიამ ჩინეთს დააბრალა. სინამდვილეში (იაპონური დოკუმენტების მიხედვით), ეს ინციდენტი იაპონიის ხელმძღვანელობამ მის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოიყენა. გეგმა ჩინეთის დაპყრობას ითვალისწინებდა.
დასავლეთმა ისეთივე წაყრუების მეთოდი აირჩია, როგორიც ევროპაში ფაშისტური გერმანიის აგრესიული პოლიტიკის განხორციელების დროს. ჩინეთს მხარი მხოლოდ სსრკ-მ დაუჭირა, გააფორმა რა მასთან (1937 წ. 21 აგვისტო) თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობდა იაპონელი ინტერვენტების წინააღმდეგ ერთმანეთის დახმარებას.
1937 წ. 3 ნოემბერს სსრკ-მ ერთა ლიგაში გააკეთა შემდეგი განცხადება: „აზიის მატერიკზე ომის გამოუცხადებლად, ყოველგვარი საბაბის გარეშე ერთი სახელმწიფო თავს ესხმის მეორეს — ჩინეთს“. საბჭოთა წარმომადგენლები მოითხოვდნენ იაპონიის აგრესიის შესაჩერებლად ერთობლივი, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, თუმცა ამაოდ. დასავლეთმა მხარი არ აუბა მათ.
ამ ისტორიის გახსენება შემთხვევითი არ არის. მკითხველმა, რომლის ყურადღება იყო და არის მიმართული დასავლეთის ფრონტისკენ, ნაკლებად იცის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე და იმ მსხვერპლზე, რაც ჩინეთმა გაიღო მეორე მსოფლიო ომში. 35 მილიონი ჩინელი შეეწირა იაპონიის ოკუპაციას და მის წინააღმდეგ ომს — მეტი, ვიდრე საბჭოთა კავშირში — 26 მილიონი.
აღმოსავლეთის მოვლენების გახსენებასთან ერთად საჭიროა სსრკ-ს მიერ მოკავშირეებისთვის მიცემული დაპირების პირნათლად შესრულების გახსენებაც. დაპირებას კი იალტისა და პოტსდამის კონფერენციების მსვლელობის დროს ჰქონდა ადგილი.
დაპირება, თხოვნის შედეგი იყო, თან მთხოვნელის მხრიდან საბჭოთა მხარის სურვილის გათვალისწინებაც. აშშ-ს პრეზიდენტ რუზველტს, 1941 წლიდან დაწყებული, სურდა სსრკ-ს მიერ იაპონიის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება, რაზეც მან სტალინისგან უარი მიიღო, ორი მიზეზის გამო — ფაშისტურ გერმანიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომი და სსრკ-იაპონიის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მხარეები ცდილობდნენ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას.
იყო თუ არა სტალინი დარწმუნებული იაპონიის ნეიტრალიტეტში? ცხადია, არა, მაგრამ მას არ სურდა პირველს დაერღვია ხელშეკრულება. რაც შეეხება იაპონიას — მზად იყო ომის დასაწყებად იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის ფრონტზე სსრკ წაიბორძიკებდა.
გერმანელების მიერ სტალინგრადის აღება ნიშანი იქნებოდა აღმოსავლეთში საომარი ფრონტის გასახსნელად. მხოლოდ იალტის კონფერენციაზე დათანხმდა სტალინი იაპონიის წინააღმდეგ ომის დაწყებას იმ პირობით, რომ სახალინისა და კურილიის კუნძულების იაპონელთა ოკუპაციიდან გათავისუფლების შემდეგ იქ საბჭოთა კავშირის იურისდიქცია აღდგებოდა.
1945 წლის 9 აგვისტოს წითელმა არმიამ მანჯურიაში დაიწყო საომარი მოქმედებები, მაგრამ იაპონიისთვის ომის დაწყება მოულოდნელი არ იყო. 1945 წლის 5 აპრილს მოსკოვმა იაპონიას შეატყობინა სსრკ-იაპონიას შორის 1941 წლის 13 აპრილს დადებული ნეიტრალიტეტის ხელშეკრულების დენონსაციის თაობაზე. საბაბი — ხელშეკრულება დაიდო გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმამდე, აგრეთვე სსრკ-ს მოკავშირე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთზე იაპონიის თავდასხმამდე.
1945 წლის 26 ივლისს გამოქვეყნდა პოტსდამის დეკლარაცია იაპონიის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნებისა, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო იაპონიის კაპიტულაციის პირობები. მიუხედავად ამისა, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა არ ცნო პოტსდამის დეკლარაცია და განაცხადა, რომ გააგრძელებს ომს.
იაპონიის ხელისუფლებას აშშ-თან და ინგლისთან საერთო ენის გამონახვის იმედი ჰქონდა თან მოსკოვის შუამავლობის. ის მზად იყო სსრკ-სთვის დაებრუნებინა სამხრეთ სახალინი და კურილიის კუნძულები. ტოკიო მზად იყო მოსკოვში მისიის გასაგზავნად, მაგრამ სტალინმა, სამოკავშირო ვალდებულებიდან გამომდინარე, უარი თქვა მისიის მიღებაზე. იაპონიას სურდა ტაივანისა და კორეის შენარჩუნება.
იაპონიასთნ ომში წითელი არმიის პირისპირ 1.3-მილიონიანი კვანტუნის არმია იდგა კბილებამდე შეიარაღებული და ბრძოლებში გამოცდილი. 1945 წლის 9 აგვისტოს საბჭოთა არმია გადავიდა შეტევაზე. სამი მიმართულებით მიმდინარეობდა შეტევა. ფრონტის ხაზი 4000 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ოპერაციას ხელმძღვანელობდა მარშალი ვასილევსკი. კვანტუნის არმიამ ვარ გაუძლო დასავლეთის ფრონტზე გამობრძმედილი წითელი არმიის შეტევას. 1945 წლის 14 აგვისტოს იაპონიის ხელისუფლებამ თავი დამარცხებულად ცნო.
რომ არა წითელი არმიის ჩართვა იაპონიის წინააღმდეგ ომში, ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდებოდა იაპონელთა წინააღმდეგობა. ზოგს ჰგონია, რომ ამერიკელთა მიერ ხიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბობმების ჩამოყრამ დაუსვა წერტილი იაპონიის წინააღმდეგობას.
იაპონიის საარქივო მასალების მიხედვით ჩანს, რომ ტოკიო ომის გაგრძელებას აპირებდა.
აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი, რომელმაც იალტაში კვლავ დასვა სტალინის წინაშე იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩართვა, ითვალისწინებდა იმასაც, რომ აშშ-ს და ინგლისს გაუჭირდებოდა საბჭოთა დახმარების გარეშე იაპონიის დამარცხება.
ვითარება პოტსდამის კონფერენციაზე შეიცვალა, რომლის მსვლელობის დროს აშშ-ა გამოსცადა ბირთვული ბომბი. პრეზიდენტი ტრუმენი, ატომური ბომბით ზურგგამაგრებული, სსრკ-ს იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩართვას ნაკლები ენთუზიაზმით უყურებდა. მას არ ხიბლავდა ის პერსპექტივა, რომელიც უდავოდ მოჰყვებოდა წითელი არმიის გამარჯვებას შორეულ აღმოსავლეთში, თუმცა იაპონიის კვანტუნის არმიის სიძლიერე და მოსალოდნელი მსხვერპლი აშშ-ს მხრიდან, აიძულებდა მისი წინამორბედის რუზველტის თხოვნის გამეორებას სტალინისადმი.
რა მოიგო საბჭოთა კავშირმა იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩართვით?
სტალინმა აიღო რევანში პორტ-არტურისა და ცუსიმას მიტაცებისთვის იაპონიასთან 1904-05 წლებში წაგებული ომის დროს; დაიბრუნა სამხრეთ სახალინი და კურილიის კუნძულები, პორტ-არტური; დაიბრუნა შორეულ აღმოსავლეთსა და წყნარ ოკეანეში დიდი სახელმწიფოს სახელი; ჩინეთსა და კორეაში გაიჩინა მეგობარი მთავრობები, … . გააკეთა ის, რასაც ამერიკა-ინგლისის ხელისუფალნი ვარაუდობდნენ.
მოკავშირეებს შორის არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ აქტიური სახე მიიღო პოტსდამის კონფერენციის მსვლელობის დროს, როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან, ნაცვლად გარდაცვლილი რუზველტისა, პრეზიდენტი ტრუმენი იჯდა — ბირთვული იარაღით ზურგგამაგრებული. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ხელმძღვანელობა მზად იყო ნებისმიერი საკითხის მოკავშირეებთან შეთანხმებით გადაეწყვიტა — გაეგრძელებინა მათთან საქმიანი, ურთიერთსასარგებლო კავშირურთიერთობები. ამის დასტური იყო სტალინის მიერ საბჭოთა კავშირში ამერიკელი გენერლის, მოკავშირეთა მიერ ევროპაში გახსნილი მეორე ფრონტის მთავარსარდლის დუაიტ ეიზენჰაუერის მიწვევა.
გენერალი 1945 წლის აგვისტოში ეწვია მოსკოვს — იაპონიასთან ომის დროს.
მეორე მსოფლიო ომის გმირებს შორის მოკავშირეთა მხრიდან თუ ვინმე იყო პოპულარული — ეიზენჰაუერი იყო, რომელმაც ევროპაში ბრძოლებამდე თავი გამოიჩინა ფაშისტების წინააღმდეგ ჩრდილო აფრიკასა და იტალიაში მიმდინარე ბრძოლებში. ის დაჯილდოვებული იყო სუვოროვის პირველი ხარისხისა და გამარჯვების ორდენებით. გენერალი ეიზენჰაუერი მოგვიანებით აშშ-ს 34 პრეზიდენტი გახდა.
თავის მოგონებებში ის წერს, რომ 12 აგვისტოს წითელ მოედანზე გაიმართა ფიზკულტურის დღესასწაული, რომელსაც სტალინი და საბჭოთა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. „გენერალისიმუსმა სტალინმა მიმიწვია ლენინის მაუზოლეუმზე აშშ-ს ელჩთან ავერელ ჰარიმანთან და გენერალ დინთან ერთად. ასეთი პატივი არც ერთ უცხოელს არ რგებია.
სპორტული დღესასწაული 5 საათი მიმდინარეობდა, რომლის დროს სტალინის სახეზე წამითაც არ შემინიშნავს დაღლილობა. შემდეგ გაიმართა ხანგრძლივი საუბარი სტალინთან, რომელმაც გამოთქვა აშშ-ნ მჭიდრო თანამშრომალობის სურვილი მანქანათმშენებლობასა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში“, — წერს ეიზენჰაუერი.
აშშ-ი დაბრუნებისთანავე ეიზენჰაუერმა მიიწვია მარშალი ჟუკოვი, რომელიც მას მეგზურობას უწევდა სსრკ-ი ვიზიტის დროს, მაგრამ მიზეზთა გამო ის ვერ ჩავიდა აშშ-ი.
1959 წლის 15 სექტემბერს, ამერიკა-სსრკ-ს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის სურვილით პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა აშშ-ი მიიწვია საბჭოთა ლიდერი ხრუშჩოვი, რომელმაც 12 დღე დაჰყო ამერიკაში. ვიზიტი, მიუხედავად ხრუშჩოვის ექსცენტრული გამოხდომებისა, უნდა გამხდარიყო ორი ქვეყნის დაახლოების ხიდი.
მოსკოვში დაბრუნებულმა ხრუშჩოვმა დაავალა ხელქვეითებს ეიზენჰაუერის საპასუხო ვიზიტის მოსამზადებელი გეგმის შედგენა მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის, შორეული აღმოსავლეთისა და ბაიკალის მონახულებით, მაგრამ 1960 წლის პირველ მაისს აშშ-ს ჯაშუში თვითმფრინავის U-2-ს ჩამოგდებამ ეიზენჰაუერის ვიზიტსაც გადაუსვა ხაზი და სსრკ-აშშ-ს ურთიერთობებსაც. მხოლოდ 1972 წელს განხორციელდა აშშ-ს პრეზიდენტის ნიქსონის ვიზიტი სსრკ-ში. მას შემდეგ არაერთ მაღალი დონის ვიზიტებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ურთიერთობათა სრული ნორმალიზება არ მომხდარა, რაშიც ერთ მხარეს ანუ სსრკ-ს ვერ დავადანაშაულებთ.
„ცივი ომის“ დროს საბჭოთა კავშირი დასავლეთის მიერ აღქმული იყო „ბოროტების იმპერიად“, თუმცა ამ სახელის ავტორი აშშ-ს პრეზიდენტი რეიგანი სულ სხვაგვარად აღიქვამდა სსრკ-სთან დამოკიდებულებას.
„ხუთ წელზე მეტხანს ველოდი ამ დღეს. ჟენევაში ჩამოსვლამდე დეტალურად გავეცანი ინფორმაციას სსრკ-ს პოლიტიკის, ბირთვული იარაღის კონტროლის სირთულეებისა და ახალი კაცის შესახებ. წინა დღეს დღიურში ჩავწერე, ღმერთო, ვიმედოვნებ, მზად ვარ. ჩვენი შეხვედრა მსოფლიოს ორი უძლიერესი ხალხის მეგობრობის საწინდარი უნდა გამხდარიყო“.
ზოგიერთი მკითხველი ალბათ იტყვის — რაში გვაინტერესებს მეზობელი რუსეთის, მითუმეტეს მისი წინამორბედის სსრკ-ს ურთიერთობები დასავლეთთან, ჩვენ დამოუკიდებელი, რუსეთისგან შორს მდგომი ქვეყანა ვართო. ვუპასუხებ. დიახ, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ ამ დამოუკიდებლობას შენარჩუნება უნდა. შეინარჩუნებ დამოუკიდებლობას და შეინარჩუნებ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები გვექნება. მუდამ უნდა გვახსოვდეს ძლიერი მეზობელი, მისი შესაძლებლობები არა მარტო ჩვენს მიმართ, თუნდაც ერთად აღებული დასავლეთის მიმართ. ნუ ვიფიქრებთ, რომ ამერიკა-ევროპაში არსებული ანტირუსული ძალები შეძლებენ რუსეთის დაჩოქებას. მასზე ქილიკით, დაშინებით ლაპარაკი არ მოქმედებს. პრაქტიკული ღონისძიებების, განსაკუთრებით ძალისმიერის გატარება კი თვითგანადგურების მომასწავებელია.
რეიგანის ნათქვამი შემთხვევით არ მომიყვანია. ის შეიცავს პასუხისმგებლობით გამსჭვალული პოლიტიკოსის, მსოფლიოს პირველი ქვეყნის პრეზიდენტის ემოციებს, მეორე დიდი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრამდე. უზარმაზარი ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც სკოლის მოწაფე, გულისფანცქალით ელოდა შეხვედრას.
მკითხველის თვალში ამ ნათქვამით არც რეიგანი დამცირებულა და არც ამერიკა. პირიქით, ის ვინც პარტნიორს სცემს პატივს, საკუთარი თავის პატივისმცემელია და პირიქით.
დროსთან ერთად შეიცვალა პოლიტიკოსთა ერთმანეთთან ურთიერთობის ენაც — რევერანსულიდან ლამის დედის გინებამდე. უნდა ვიმედოვნოთ, რომ მსგავსი რამ დროებითია და ერთმანეთთან ურთიერთობის პოლიტიკურ-დიპლომატიური ლექსიკა მალე დაიბრუნებს მისთვის ჩვეულ სახეს. მანამდე, პოლიტიკური „შალახოს“ პირობებში, სჯობს თავს ძალა დავატანოთ და ისე ვილაპარაკოთ დიდსა თუ პატარა ქვეყნებზე, დროთა ვითარებაში რომ სანანებელი არ გაგვიხდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი