NDI-ს გამოკითხვის ირგვლივ
ბატონ გურამ გოგიაშვილისთვის
NDI-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევის შედეგებმა, ისე, როგორც ყოველთვის დაზაფრა საქართველოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკითაა გატაცებული. ვისაც პოლიტიკა ნაკლებად ან საერთოდ არ აინტერესებს, ამ ამერიკული ორგანიზაციის კვლევაც ფეხებზე ჰკიდია, ისე, როგორც ე.წ. ქართული პოლიტიკა. თუ რით არის ესოდენ დიდი „დაკიდება“ გამოწვეული, მკითხველმაც კარგად იცის, მაგრამ მაინც ვიტყვი – უპირველესად თვით პოლიტიკის მხრიდან საზოგადოების „დაკიდებით“.
დიდია ხალხის იმედგაცრუების ხარისხი პოლიტიკოსთა მიმართ და მასთან ერთად განუზომელია იმ უცხოური ორგანიზაციების მიერ საქართველოში გაწეული „შრომისადმი“ ეჭვი 25-წლიანმა ტყუილებმა, უხვმა დაპირებებმა, ე.წ. დემოკრატიისკენ სწრაფვამ და ვითომ ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემამ რომ მიიყვანა საზოგადოება ნიჰილიზმამდე.
ხალხს, აღარც NDI-ის სჯერა და აღარც IRI-ს, აღარც მათი მშობელი აშშ-ს და აღარც ევროპის. უსასრულო დაპირებებმა და არშესრულებამ იცის ყოველივე ეს, რაშიც ბრალი არა მარტო აქაურ პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიუძღვით, არამედ დასავლურ ორგანიზაციებს, რომლებიც „ნაყოფიერად“ მოქმედებენ საქართველოში.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო კვლევის შედეგებმა ზემოაღნიშნული ამერიკული ორგანიზაციების მიმართ კიდევ ერთი უარყოფითი წვლილი შეიტანა მათდამი ნდობაში, თუმცა ისე, როგორც ყოველთვის ამით ვერ გატეხა ის ძლიერი სულისკვეთება, რაც მათ გააჩნიათ, ვინაიდან კარგად იციან ქართული საზოგადოების ხასიათი – უცბათ აფეთქება და უმალვე ჩაქრობა რომ ჰქვია.
საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკითაა გატაცებული – აფეთქდა და მასთან ერთად განაწყენებული პარტიებიც, თავიანთი თავი რომ ვერსად ნახეს NDI-ის მონაცემებში. „და სხვაში“ მოხსენიება, სიკვდილის მომასწავლებელი იყო მათთვის. და არის ერთი ამბავი ატეხილი მედიაში. გამოკითხვის შედეგებით დათრგუნულები ბევრი რამით ხსნიან „რესპექტაბელური“ ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკვლევას – უმთავრესად ქართული პარტნიორის ცუდი შერჩევით, გამოკითხულთა ვიწრო წრით, ნათესაურ-მეგობრულ-პარტიული გამოკითხვით და ა.შ.
ყველასთვის ცნობილია, რომ NDI-ი და IRI გამოკითხვის ჩასატარებლად ადგილობრივ ინსტიტუტებს ქირაობს, რომლებიც ატარებენ გამოკითხვას და შედეგებს დამკვეთის მაგიდაზე დებენ. „დაჩაგრულ“ პოლიტიკურ პარტიებს ეჭვი აქვთ, რომ ადგილობრივი ინსტიტუტები პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული. ასე იყო ბოლო გამოკითხვის დროს, როდესაც „ნაციონალი“ თარხნიშვილის მეუღლის ორგანიზაცია ამოირჩია NDI-იმ გამოკითხვის ჩასატარებლად. მაგრამ, ვითომ მარტო მან გადაწყვიტა ისეთი შედეგების „მიღება“, როგორიც მიიღო? ვითომ მარტო მან აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა?
განაწყენებული პარტიები შემსრულებელს ლანძღავენ – გაკვრით დამკვეთსაც, თუმცა ისე, როგორც წინა გამოკითხვის დროს, თავს იკავებენ ამერიკული ორგანიზაციების პირდაპირ დადანაშაულებაში, მოტივით – მაინც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინსტიტუტებია და მათი წყენა არ შეიძლება.
ყველა განაწყენებული პარტია თავის სიტყვას ასე იწყეებს – „ჩვენ პატივს ვცემთ NDI-ის, IRI-ის. ეს ორგანიზაციები უდავოდ კარგ საქმეს აკეთებენ“ და ა.შ. და შემდეგ გადადიან მთავარზე ანუ გამოკითხვის საეჭვო შედეგებზე და იმ ქართული ორგანიზაციების ლანძღვაზე, ვინც უშუალოდ შეასრულა დაკვეთა.
განაწყენებული მხარის მიხედვით, დამნაშავე არამცდაარამც არ უნდა იყოს ამერიკული ორგანიზაცია, თუნდაც დამნაშავე იყოს. დამნაშავე – ქართული დაბალი ღობეა მუდამ, რაც თავისთავად აგულიანებს „სტუმარ“ ორგანიზაციას და ისიც, იალაღებზე გასული, ყოველ ახალ გამოკითხვას ისე ატარებს, როგორც უნდა. ცხადია, ადგილობრივი შემსრულებლის წვლილი გაყალბებულ გამოკითხვაში დიდია. სწორედ, ის არჩევს გამოსაკითხ ხალხს და არა NDI-ი. სწორედ, ის სვამს კითხვას, ისე, რომ პასუხი სხვა არ მიიღოს.
გამოკითხვის მეთოდიკიდან გამომდინარე, სამ ათასზე მეტი გამოკითხულიდან ერთს მაინც უნდა ეთქვა, რომ გამოკითხეს. თბილისი და საქართველო მთლიანად არც ისეთი დიდია, ვინმეს (გამოკითხულს) რომ არ ეთქვა – დამირეკეს და მკითხესო. წლების განმავლობაში გამოკითხვაში მონაწილეობამიღებულმა არც ერთმა ადამიანმა არ „გათქვა“ საიდუმლოება და არ თქვა – გამომკითხესო, განა ეს საეჭვო არ არის?!
დავუშვათ, მართლაც, პირნათლად შეასრულა ქართულმა ორგანიზაციამ ამერიკელთა შეკვეთა და რესპონდენტს გარკვევით აუხსნა შეკითხვის არსი – მივიღებთ თუ არა ობიექტურ პასუხს? ძნელი დასადგენია, ვინაიდან თვით საზოგადოება ზერელედ უდგება გამოკითხვას ანუ არ პასუხობს გულწრფელად. ზოგს ჰგონია, რომ სწორი პასუხით საკუთარ თავს და ოჯახს ავნებს – სააკაშვილის თითქმის ათწლიანი რეჟიმის „სიტკბო“ დღესაც გამოყოლილი აქვს. ზოგი დაუფიქრებლად პასუხობს და ა.შ. სამწუხაროდ, საქართველოს საზოგადოება ჯერაც არ არის იმ დონეზე, რომ გააზრებული პასუხი გასცეს. სხვაგვარად ვერ ახსნი გამოკითხვის იმ შედეგს, რომ მოსახლეობის საკმაო ნაწილს ეშინია რუსეთის და თან მასთან უნდა ურთიერთობა.
გამომკითხავ-გამოკითხულის ზერელეობა იძლევა ისეთ შედეგს, რომლითაც არვინაა კმაყოფილი, გარდა იმ პარტიებისა, ვინც გამოკითხვის მიხედვით მეტ ქულებს აგროვებს. არის კიდევ ერთი მხარე, რომელიც უდავოდ კმაყოფილია მიღებული შედეგით. ეს ამერიკული ორგანიზაციებია – გამოკითხვის დამკვეთი. მიზანი მათი, გამადიდებელი შუშის გარეშეც კარგად ჩანს – სასურველის, რეალურად წარმოსახვა.
IRI-ი და NDI-ი შეკვეთას აძლევენ ადგილობრივ ორგანიზაციას და იმავდროულად თავიანთ გულისნადებსაც უმხელენ – როგორი შედეგის მიღება სურთ. ამერიკული ორგანიზაციები მარტო უბრალო ორგანიზაციები არ არის. ისინი საზოგადოებრივი აზრის ჩამომყალიბელი ორგანიზაციებია, ისეთები, როგორებიც გავლენას ახდენენ ფართო მასების ტვინებზე. ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ისინი, მათ მიერ შექმნილ „ნაციონალურ მოძრაობას“, „თავისუფალ დემოკრატებს“ და მათ მსგავსებს გამოკითხულთა ფავორიტებად არ მოიხსენიებენ?
ეს ორგანიზაციები ისეთებს წამოწევენ წინ, აშშ-ს პოლიტიკას რომ აწყობს. მათ ისე უნდა დახატონ აქაური პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება, როგორც ვაშინგტონს სურს. რა ფასი აქვს ასეთ გამოკითხვას? გაიხსენეთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და ორივე ორგანოზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგები – „ნაცების“ მოსალოდნელი წარმატებით, არადა მაშინ „ოცნება“ ლიდერობდა, გამოკითხვა კი სრულიად საწინააღმდეგოს გვახვევდა თავს.
ციხის კადრებმა იხსნა ქვეყანა, თორემ „ნაცებს“ გამარჯვება განაღდებული ჰქონდათ და ეს არვის გაუკვირდებოდა, ვინაიდან არჩევნებამდე თითქმის ერთი წლის განმავლობაში IRI-ი და NDI-ი შავი ყორანივით გამოუდმებით დაგვჩხაოდა – ხალხს ასე სურს გამოკითხვის მიხედვითო. და როდესაც ასეთ გამომკითხველებთან გვაქვს საქმე, გამოკითხულიც შესაბამისად იქცევა. ანუ ზერელედ, ვინაიდან კარგად იცის, რომ მის მიერ გაცემული „ნამდვილი“ პასუხი სადღაც გაქრება.
NDI-ი აცხადებს, რომ მისი მიზანი დემოკრატიისთვის ბრძოლაა. ძნელია დაიჯერო განცხადების ჭეშმარიტება, როდესაც თვით მისი ქვეყანა და პოლიტიკა ძალიან შორსაა დემოკრატიისგან. აშშ-ს ყველაზე დიდ დემოკრატად მოაქვს თავი და ცდილობს ასეთი დემოკრატია სხვას მოახვიოს. მარტო ერთი მაგალითის გახსენებაც კმარა. რამდენიმე წლის წინათ მან გაუკეთა ორგანიზება ლიბიაზე თავდასხმას. დაინგრა ქვეყანა, წამებით მოკლეს მისი ლიდერი კადაფი. ლიბია ტერორისტების ბუდედ იქცა.
ლიბიის განადგურების შემდეგ, წლების განმავლობაში, აშშ-ს ადმინისტრაცია აცხადებდა „შავზე“ თეთრიაო – ყველამ კი იცოდა „შავი“, „უშავესი“ რომ იყო. და ბოლოს, სიმართლე მაინც ვერ დამალა, თვით გამოტყდა, რომ ლიბიაზე შეტევა დიდი შეცდომა იყო. პრეზიდენტმა ობამამ აღიარა ეს, მაგრამ ამით ეშველა მიწასთან გასწორებულ ლიბიას?
ობამას ქმედება (მონანიება) „დემოკრატიულობით“ აიხსნებაო – ბრძანეს ზოგიერთებმა. ვის უნდა ასეთი დემოკრატია?
2012 წლის არჩევნებში, რომ არა ციხის ვიდეო-კადრები, „ნაცები“ გაიმარჯვებდნენ ანუ NDI-სა და IRI-ის, აშშ-ს ადმინისტრაციის ჯილები და იქნებოდა საქართველოში პრემიერ სააკაშვილის აღვირახსნილი ჯირითი.
თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი ისეთი გამოკითხვის ჩატარებაში, როგორსაც უკვე მერამდენედ ჰქონდა ადგილი – NDI-ი, IRI-ი, აშშ-ს ადმინისტრაციაა, მათ მიერ დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საკუთარი პოლიტიკური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, სხვები და სხვები.
ეს გამოკითხვები მუდამ „იტყვიან“, რომ საქართველოს მოსახლეობის 70 ან მეტ პროცენტს მზე და მთვარე ნატოზე და ევროკავშირზე ამოსდის, ძულს რუსეთი, მოსწონს „ნაცები“ და „თავისუფალი დემოკრატები“. ოცნებობენ „ნაცების“ გამარჯვებაზე და შენც უნდა დაიჯერო. მეტი რა გზაა, მაგრამ გზაც არის – მას პროტესტი ჰქვია. უპირველესად „დაჩაგრული“ პოლიტიკური პარტიების მხრიდან დამნაშავე NDI-სა და IRI-ს ისე მოხსენიება, როგორსაც ისინი იმსახურებენ. არავითარი კოჭის გარება. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მტკიცე პოზიციის დაკავება.
ცნობისთვის, ასე მოიქცა აზერბაიჯანის ხელისუფლება და ორივე ამერიკული ორგანიზაცია ქვეყნიდან მიაბრძანა. მაგრამ ჩვენ ამის თავი არ გვაქვს და რახან ასეა, უნდა შევეგუოთ ისეთ გამოკითხვებს, როგორსაც გვიტარებენ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.