26 აგვისტოს რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა
ბატონ გურამ გოგიაშვილს
წინა სტატიებში, რომლებიც 1992/2008 წლების ომებს მიეძღვნა, ხაზგასმით აღვნიშნე აგვისტოს ავბედობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ორივე აგვისტომ, 1992-სა და 2008 წლისამ დიდი უბედურება დაატეხა თავს საქართველოს მოსახლეობას, როგორც მსხვერპლის, ისე ტერიტორიების დაკარგვის სახით და არა მარტო, მორალური, ფსიქოლოგიური დარტყმა, რომელიც ამ ორმა აგვისტომ გვაგემა უმძიმესია და ჯერაც შეუფასებელი.
შეგნებულად თუ ქვეცნობიერად მიღებული განცდა მარცხისა, უსუსურობისა, დაკარგულის აუნაზღაურებლობისა, სასოწარკვეთილებისა კარგა ხანს გაჰყვება ჩვენს თაობას. დიდი ტკივილი განიცადა ომამდე არარსებული გამყოფი საზღვრის ორივე მხარეს მყოფმა მოსახლეობამ.
1992 წლის აგვისტოს ომიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე მრავალი წელია – ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის შესაბამისი დასკვნების გაკეთების და სამომავლო შეცდომების არ დაშვებისთვის. ჩვენ „სხვა“ არ ვართ, სხვის შეცდომებზე რომ ვისწავლოთ. ჩვენ საკუთარ შეცდომებზეც არ ვსწავლობთ. ასე რომ ყოფილიყო 2008 წელს საბედისწერო შეცდომას (დანაშაულს) არ გავიმეორებდით, თანაც აგვისტოში. თუმცა თვეს რა მნიშვნელობა აქვს, დანაშაულს ადამიანი ნებისმიერ დროს სჩადის.
საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ორმა ადამიანმა, ორმა პოლიტიკოსმა, ერთმანეთისგან განსხვავებულმა – ასაკითა და განათლებით, დაბრძენებულმა და ცეტმა – ჩაიდინა დანაშაული.
მოტივაცია ორივეს ჰქონდა – პროვოკაციულ გამოწვევაზე პასუხი, პატრიოტიზმი, დაკარგულ ტერიტორიებზე ცენტრის იურისდიქციის აღდგენა, პირადი ამბიციების დაკმაყოფილება. სამწუხაროდ პირადი ამბიციების დაკმაყოფილება სჭარბობდა ყველა ჩამოთვლილს. არაფერი შეედრება ქვეყნის გამაერთიანებლის მანტიით მოსიარულე ლიდერს, ისტორიაში სიცოცხლეშივე გმირად შესულს!
სამწუხაროდ, ორივემ ძალისმიერი გზა აირჩია, ერთის შეხედვით იოლი, თუმცა ერთის შეხედვით. სიტყვიერი კონფლიქტი ცენტრსა და ავტონომიებს შორის კარგა ხნის წინათ დაწყებული, სხვაგვარ მიდგომას საჭიროებდა, რაც მთავარია ხანგრძლივ, საქმიან, პრაქტიკულ მოლაპარაკებას, მათი წინადადებების, პრეტენზიების გათვალისწინებას, გულწრფელობას, გარკვეულ დათმობაზე წასვლას, … .
რთული, დამღლელი, ტვინის საჭყლეტი იყო ეს გზა. გაცილებით იოლი და სწრაფი კი – ძალით დამორჩილება, რაც გააკეთა კიდეც, ცხადია დამორჩილების გარეშე. მაგრამ ძალით დამორჩილება რომ პრობლემებს ვერ მოაგვარებდა?
თან ძალაც რომ ისეთი არ ჰქონდა ცენტრს, შემდგომი წლების განმავლობაში აბუნტებულები მორჩილებაში ჰყოლოდა?
ძალით დამორჩილებას დადებითი პერსპექტივა არ ჰქონდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ისტორიულად აფხაზები გაცილებით იოლად პოულობდნენ საერთო ენას რუსეთთან. ცენტრი ვერაფრით იფიქრებდა, რომ აფხაზეთში მცხოვრები 300 000 ქართველი ისეთ კონტაქტში (ნათესავური მაქვს მხედველობაში) ვერ შევიდოდა 70 000 აფხაზთან, რომ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა.
1992 წლის ომმა ფაქტიურად წერტილი დაუსვა აფხაზთა დამოკიდებლად ცხოვრებას, თუმცა პატარა შანსი მაინც დატოვა პრაგმატული მოლაპარაკებისთვის, რომელიც დამარცხებულ ცენტრს, გარკვეულ დათმობაზე წასვლის შემთხვევაში, დაკარგულის დაბრუნების შესაძლებლობას გაუჩენდა – სხცა სტატუსით, სხვაგვარი სახელმწიფო სტრუქტურის ჩამოყალიბებით.
ცენტრალიზებული, ვერტიკალური მართვის სისტემის მოტრფიალე ქართულ პოლიტიკას და მის ლიდერს ფედერალური, მითუმეტეს კონფედერაციული სახელმწიფო სისტემა რატომღაც შეურაცხყოფად მიაჩნდა. არადა, უდავოდ დიდი შვება იქნებოდა საქართველოსთვის მსგავსის შემოღება, რაც თავიდან აგვაცილებდა აფხაზეთის ამ მართლაცდა მარგალიტის დაკარგვას.
1992 წლის ომამდე და მის შემდეგ აფხაზთა ლიდერი არძინბა, საქართველოს პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, მოლაპარაკების გამართვას ითხოვდა. პირველი წერილი მან 1992 წლის მარტში გამოუგზავნა მოსკოვიდან დაბრუნებულ შევარდნაძეს, რომელსაც ამ უკანასკნელმა აფხაზეთში ჯარის შეყვანით უპასუხა.
ომის შემდეგ ინგლის-გერმანიის არასამთავრობო სტრუქტურების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას, აფხაზურმა მხარემ არაერთი წინადადება წამოაყენა – გაერთიანებისკენ, ფედერაცია-კონფედერაციის ჩარჩოებში.
ცენტრმა, ტრადიციულად, ყურადღება არ მიაქცია აღნიშნულს, თუ რატომ – გაურკვეველია. უფრო სწორად გარკვეული, მაგრამ ერთობ მჩატე და ზერელე. ძნელია ომში გამარჯვებულ მხარეს, და ასეთი იყო აფხაზეთი, ცენტრალიზებული მართვის სისტემა მოახვიო თავს. ოფიციალურმა თბილისმა ვერ გააანალიზა საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პროცესები. როგორც გაეროს ახალმა წევრმა ამ ორგანიზაციის წესდების მხოლოდ ის ნაწილი წაიკითხა, სადაც ქვეყნის საზღვრების ურყეობაა აღნიშნული და არა ის, სადაც ერთა თვითგამორკვევაზეც არის მითითებული.
საბჭოთა კომუნისტური სისტემიდან ახალგამოსულებს გაგვიჭირდა მსოფლიოში არსებული მიმდინარეობებისთვის მხარის აბმა – ვიფიქრეთ, რომ ყველაფერს მოსკოვი მოგვიგვარებდა. შესაძლოა ეს ასეც ყოფილიყო, საქართველოს ხელისუფლებას ორი კურდღლისთვის დევნა არ დაეწყო და დასავლეთისთვის, კერძოდ აშშ-ს არ მიემართა. საქართველოს ხელისუფლება უდიდესი ენთუზიაზმით შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტის კლინტონის პროექტს ნატოსთან „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ წამოწყებას და ქვეყანამ დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან.
ქართული პოლიტიკა იმთავითვე დარწმუნებული იყო ამ ორგანიზაციაში გაწევრებაში. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მრავალი წლის და მჭიდრო კონტაქტების მიუხედავად ქვეყანას იქ არ მიიღებდნენ. ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯები ჯეროვნად შეფასდა რუსეთში, რამაც მოგვიანებით მძიმე შედეგი გამოიღო – დაშვებული, მეორე უხეში შეცდომის დროს – 2008 წლის აგვისტოს ომი მაქვს მხედველობაში.
1992 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე მსოფლიო საგრძნობლად შეიცვალა. გაეროს წესდების იმ ნაწილს, სადაც ერთა თვითგამორკვევაა აღნიშნული, მეტი ყურადღება მიექცა. გაჩნდა დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს და ნატოს მხარდაჭერით დაქუცმაცებული იუგოსლავია და ბელგრადიდან გამოყოფილი კოსოვო, რამაც რუსეთს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ ჰკრა ხელი ანუ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებისკენ.
თუმცა, 26 აგვისტომდე საქართველოს ხელისუფლებას საკმაო დრო ჰქონდა პრაგმატული ნაბიჯის გადადგმისთვის, მაგრამ მან ისევ მუქარის, კონფრონტაციის გზა აირჩია – თან იმის ყვირილით, რომ საქართველო მაინც შეძლებს დაკარგულის დაბრუნებას.
სააკაშვილმა სარკოზი-მედვედევის შემოთავაზებას – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, სტატუსის განსაზღვრის მიზნით მოლაპარაკების დაწყებას უარი სტკიცა, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ აღიარება.
აღიარების შემდეგ სისტემატიური პროვოკაციები, რასაც ომამდე ჰქონდა ადგილი, შეწყდა. არ შეწყვეტილა რუსეთის გინება, მისთვის ოკუპანტის, აგრესორის ძახილი, საერთაშორისო არენაზე გაშავებაა. რას იღებს ამით საქართველო? – არც არაფერს, თუ არ ჩავთვლით ე.წ. მეგობარი ქვეყნებიდან სიტყვიერ მხარდაჭერას, რასაც კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი გერმანიის კანცლერის მერკელის საქართველოში ვიზიტის დროს.
აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი, რუსეთის და რამდენიმე ქვეყნის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებულები, აგრძელებენ ცხოვრებას.
დრო კი გადის, ცხადია არა საქართველოს სასარგებლოდ. აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში იზრდება ახალი თაობა, რომელმაც საქართველოზე მხოლოდ ნეგატიური იცის. წასულთა პოლიტიკა ისეთია, ნეგატივს რომ აღვივებს და ამის საბაბიც აქვთ – ცენტრის მტრული განწყობა „სეპარატისტებისადმი“.
ამ დაძაბული პოლიტიკური ველის ფონზე მეხივით გავარდა აფხაზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შამბას ერთობ პოზიტიური განცხადება, რომ ის ქართველებს მტრად არ აღიქვამს; რომ დროა დაიწყოს მოლაპარაკება არსებული რეალობის გათვალისწინებით.
შამბას განცხადებამ დააბნია ქართული პოლიტიკა, რაც მისი მხრიდან აბდაუბდა პასუხებში გამოიხატა. მან იმდენი აბრაკადაბრა აფრქვია, შეუძლებელი გახდა აზრის გამოტანა. აი თუნდაც ასეთი, საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა რომ გვრტყოცნა: „ჩვენი პასუხი ბარიერებსა და ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა. თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის საკითხების გაზიარების კუთხით. … ვაჭრობის, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარების კუთხით, განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ევროპაში თავისუფალი გადაადგილების კუთხით“.
„ოცნების“ წევრმა პარლამენტარებმა გაცილებით ძნელად ამოსახსნელი რამ თქვეს, სადაც აქცენტი დასავლელ „პარტნიორებთან“ შეთანხმებაზე კეთდებოდა. საპარლამენტო ოპოზიციამ კი დაუფარავად თქვა ის, რასაც მუდამ იმეორებს რუსეთთან მოლაპარაკების კონტექსტში – არავითარ შემთხვევაში მარტო არ უნდა დაველაპარაკოთ აფხაზებს. ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები.
როგორც ჩანს, გვეშინია რუსეთთან მარტო დალაპარაკების, ვინაიდან დაგვჯაბნის, მაგრამ აფხაზებისა და ოსებისაც გვშინებია და დამხმარე ძალის გარეშე მათთანაც ვერ ვილაპარაკებთ?
თუ ჩვენი დასავლელი „ძმები“ გვიშლიან ხელს ჩვენს სისხლთან და ხორცთან დალაპარაკებაში, რუსეთთან ხომ კატეგორიულად წინააღმდეგნი იქნებიან? – დალაპარაკების გარეშე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება კი შეუძლებელია.
დასავლეთი მხოლოდ სიტყვით და არა საქმით აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სინამდვილეში მას აწყობს ის ვითარება, რაც დღეს არის, ვინაიდან ნოყიერ ნიადაგს ქმნის რუსეთის სალანძღავად, მსოფლიო არენაზე მისი, როგორც აგრესორის წამოსაჩენად.
შამბას განცხადებას ბევრი ჭორ-მართალიც მოჰყვა. ზოგმა თქვა, რომ ურუსეთოდ ის ამას არ იტყოდა. ვთქვათ, ეს ასეა, რა არის ამაში ცუდი! ჩემის აზრით, ნეგატივი იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ ელიტას არ ძალუძს ვითარების შემობრუნება, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რაც მთავარია რუსეთთან დიალოგის დაწყება.
ქართული პოლიტიკის მთავარი გზავნილი რუსეთის ხელისუფლებისადმი უფრო ულტიმატუმის მსგავსია, რომელსაც რუსეთი არასდროს დასთანხმდება. საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ბირთვულ ქვეყანასთან ულტიმატუმის ენით ლაპარაკი, მთავარ მიზნად ისახავს მოლაპარაკების არდაწყებას.
მოლაპარაკების მსურველი ამ ლექსიკით არ იხელმძღვანელებდა, როგორითაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე: „ჩვენ გავიგეთ, რომ არის საერთაშორისო ურთიერთობების აღდგენის სურვილი. პასუხი ჩვენი არის მარტივი – 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რუსეთს შეასრულოს ვალდებულება, რომელიც მან აიღო და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იქნება სწორი სიგნალი ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის.
10 წლის წინათ რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ განხორციელდა აგრესია, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო დიდი ტრაგედია. … ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს. ჩვენი პასუხი აგრესიას არის მშვიდობა, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, ევროპული სახის და ფილოსოფიის სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. საქართველო დაბრუნდება თავის ოჯახში, ევროპულ ცივილიზაციაში“.
ეს ლოზუნგი 20-წელიწადზე მეტია გვესმის, ხშირად ერთიდაიგივე სიტყვებით. ამის მომსმენი მეორე მხარე – რუსეთი არ დაგვეთანხმება, რომ აგრესორია. არც ტალიავინის საერთაშორისო კომისიის წევრები დაგვეთანხმებიან, ვინაიდან მათი დასკვნით აგრესორი საქართველოა.
რაც შეეხება საქართველოს აღმშენებლობას, რასაც კარგა ხანია გვპირდებიან, მაგრამ არსად ჩანს – ფინანსები, ხელისუფალთა პატიოსნება, შემართება და სურვილი სჭირდება, რაც ისეთივე დეფიციტია, როგორც წყალი მარსზე.
ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე, პირდაპირ შეიძლება ითქვას – დაბრუნება ნიშნავს რომ იყავი და ბრუნდები. საქართველო არასდროს ყოფილა ევროპაში და იქ დაბრუნებაც აბსტრაქციაა.
და ბოლოს – შამბას ნათქვამის პასუხად გაკეთებული განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს ის ვითარება, რაც არსებობს თბილისს, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს და რუსეთს შორის. ის არ არის მზად მოლაპარაკებისთვის. რისთვისაც მზად არის – რუსეთის ლანძღვაა – სწორედ ამაში იღებენ ფულს დასავლეთისგან და არა შერიგებაში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი