22.12.2024

„ღმერთის“ დაბრუნება

ა.წ. 11 მაისს საქართველოს დაუბრუნდა ლამის ღმერთთან გათანაბრებული მამა-მარჩენალი. „ოცნების“ რიგგარეშე მე-5 ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ისევ ბიძინა ივანიშვილი აირჩია.

სიტყვა, რომლითაც მან „გაგვახარა“, ტაშის გრიალის ფონზე მიმდინარეობდა, რაც უდავოდ მეტყველებს იმ „ჭეშმარიტ დემოკრატიაზე“, მილიარდერმა რომ დაამკვიდრა საკუთარ პარტიასა და ქვეყანაში.

დარბაზში შეკრებილებს რომ ტაში დაეკრათ, გასაკვირი არაფერია. ისინი ხომ მას და მხოლოდ მას უნდა უმადლოდნენ მსუყე თანამდებობებს და აქედან გამომდინარე სიკეთეებს?! თუ არა ის, ვინ მიაქცევდა ყურადღბას ისეთ მეტიჩარა „პოლიტიკოსებს“, როგორებიც არიან კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძე, ჩუგოშვილი, სხვები – ქვეყნის ტელესივრცე, მთლიანად ქვეყანა რომ დაიპყრეს?!

არც მათ და არც სხვა „ოცნებელებს“ ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ, რომ უმაღლეს თანამდებობებს დაპატრონებოდნენ ყოველგვარი დამსახურების, გამოცდილების, პროფესიონალიზმის გარეშე.

როგორც მათ, ისე მათ „მშობელ“ მილიარდერს შევახსენებ, რომ თანამედროვე საქართველოს განსაკუთრებული სენი, სხვა დაავადებებთან ერთად, მაღალ თანამდებობებზე თინეიჯერების წამოსკუპებაა. სახელმწიფო თანამდებობების მიმართ ესოდენ ქარაფშუტულმა მიდგომამ, ადრეულ ასაკში გააღვივა ქედმაღლობა, არაჯანსაღი ატმოსფერო თანატოლებში (თუ ის არის, მე რატომ არ უნდა ვიყო?!), ამპარტავნობა, თანამდებობით გამოწვეული სხვა ნეგატიური თვისებები, უფროსი ასაკის ადამიანებისადმი დამცინავი დამოკიდებულება, უპასუხისმგებლობა და ა.შ.

სხვა ქვეყნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დასამშვიდებელს ვერაფერს ვნახავთ. იქით, საითკენაც სიტყვით და არა საქმით მივდივართ (ევროატლანტიკური სივრცე), იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერსად ნახავთ ქორფა ასაკის მაღალი რანგის მოხელეებს. იქ პატივს სცემენ ასაკს, გამოცდილებას, განვლილ გზას, სახელმწიფო მოხელისთვის საჭირო ისეთ თვისებებს, რომლებსაც ახალგაზრდულ ასაკში ვერაფრით შეიძენ.

ასეთი, ტაშს დაგიკრავს, მაგრამ ხელებს არ გადაიტყავებს, უფრო მეტიც, ასჯერ დაფიქრდება „სავალდებულო“ პროცედურის ჩატარების წინ. ასეთი, ხშირ შემთხვევაში მიუღებელია ისეთი ფილოსოფიის მატარებელი ადამიანისთვის, როგორიც ივანიშვილია. მას ხიბლავს მორჩილება, ყველაზე ზევით, ღრუბლებში დგომა, ერის მხსნელის ტიტული.

მილიარდერი, რომელიც პატარა ქვეყნის საპატიო კონსულობას დათანხმდა, პირად ავტომანქანაზე დიპლომატიური ნომრის მიმაგრების მიზნით, არც ტაშზე იტყვის უარს, არც ღმერთთან გატოლებაზე და არც ბრძენკაცობაზე.

დარბაზში შეკრებილი „ოცნებელების“ მქუხარე, ხანგრძლივი ტაში გასაკვირი არ არის, მაგრამ გასაკვირია საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილის ხბოს მსგავსი აღტაცება მილიარდერის პერსონით. პრესის ფურცლებზე ხშირად წააწყდებით ასეთს, იმ საქველმოქმედო საქმეებისთვის, რასაც ივანიშვილი აკეთებს.

ივანიშვილის ქება, სააკაშვილის გაგდებით იწყება – პრეზიდენტის, რომელმაც ხალხისადმი უსასტიკესი მოპყრობით მოიპოვა მტარვალის სახელი. ივანიშვილის მიერ სააკაშვილის გაძევება, ერის ხსნის ტოლფასია და საქართველოს ისტორიაში დიდი ასოებით შევა. ის აღარ საჭიროებდა გაგრძელებას პრემიერ-მინისტრობის და უამრავი დაპირებების სახით. და რაც მთავარია ქვეყნის კულისებიდან მართვას.

მილიარდერმა სხვა გზა აირჩია, ისეთი, რომელსაც მის ადგილას მყოფი ნებისმიერი ფულიანი აირჩევდა – ქვეყნის ბატონობა. ივანიშვილმა ვერ დაძლია საკუთარ თავში ჩაბუდებულ „პატარა კაცობას“ – მოულოდნელად ბუმბერაზად რომ იქცა, განუსაზღვრელი უფლებებით.

უგვირგვინო მეფობის სურვილით შეპყრობილმა, ქვეყნის მართვის სადავეები მორჩილ, უწიგნურ ყმაწვილებს ჩააბარა. შედეგი? – სავალალო, ისეთი, ხალხმა რომ მტარვალი სააკაშვილი ინატრა.

რატომ „დაბრუნდა“ ივანიშვილი?

ამ კითხვას მან თავის მოხსენებაში გასცა პასუხი. მანამდე კი შემდეგი ქებადიდებით შეამკო საკუთარი ხელისუფლების მოღვაწეობა: „ბოლო ხუთი წლის მონაცემებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო ლიდერობს რეგიონში, ხოლო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, მომავალი ექვსწლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია არათუ რეგიონში, არამედ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორისაც“.

ამაზე იტყვიან – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.

საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური ვითარების შემხედვარეს, მართლაც მაგარი გული უნდა ჰქონდეს, მსგავსი ტყუილის გაჟღერებისთვის. ცხადია, ყველა პოლიტიკური ლიდერი ცდილობს საკუთარი გუნდის მოღვაწეობა მხოლოდ დადებით ფერებში წარმოაჩინოს, მაგრამ ხომ უნდა იყოს რაღაც ზღვარი?

ქვეყანა, რომელსაც წარმოება სავალალო დონეზე აქვს, ვერ შეძლებს 6 წლის განმავლობაში ისეთი გიგანტური ნაბიჯის გადადგმას, ევროპის ქვეყნები რომ უკან ჩამოიტოვოს.

ქების გარდა ახალი დაპირებაც იკვეთება ანუ ახალი სატყუარა იმის მოლოდინში, ხალხი რომ იტყვის – დავაცადოთ, მივცეთ საშუალება მუშაობისა.

როგორც ჩანს ქართველების „უკვდავი“ სიტყვა – „დავაცადოთ“ კარგად აქვს გათვითცნობიერებული ივანიშვილს. მაინც რა ჯადოსნური ჯოხი აქვს მას, რომ მოხსენებაში ნათქვამი: „სიღარიბე მასობრივ მოვლენად იქცა, დღემდე მწვავეა უმუშევრობის, ხოლო დასაქმებულთათვის არასაკმარისი ხელფასის, აგრეთვე პენსიების პრობლემა, სამწუხაროდ ძვირდება ცხოვრება“, კარდინალურად შეცვალოს?

გაუსაძლის ცხოვრებას ივანიშვილი გასული საუკუნის 90-იანი წლების აბურდულობას აბრალებს. მიკვირს, ოციანი წლები რომ არ გაიხსენა. ერთაერთი ნაკლი მისი პარტიისა თურმე ისაა, რომ ფუჭ კინკლაობაში ხარჯავს დროს, ენერგიას და რესურსს.

„დაუშვებელია პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო, საერთო პარტიული და მითუმეტეს ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა“ – აცხადებს ის.

აი, სწორედ ამ ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად „დაბრუნებულა“  ის და კიდევ იმისთვის, რომ აღმოფხვრას ქვეყანაში არსებული კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტი.

„ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი ხელისუფლებასთან არგუმენტირებული მეტოქეობის გონივრული, უკეთესი ალტერნატივების შეთავაზების და დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად, შეპყრობილია მხოლოდ ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით. ისინი ერთმანეთს ქვეყანაში უპერსპექტივობისა და უიმედობის ატმოსფეროს დანგრევაში ეჯიბრებიან, რადგან ვერ ხედავენ დემოკრატიული პროცედურებით ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას“ – აცხადებს ივანიშვილი.

უპერსპექტივობა და უიმედო ატმოსფერო ხელისუფლების არაკვალიფიციურმა მართვამ გამოიწვია და არა ოპოზიციის ძალისხმევამ. ხალხმა დაინახა, რომ „ოცნების“ მთავარი ამოცანა ქვეყნის კეთილდღეობა კი არა, საკუთარი კეთილდღეობაა – მსუყე ხელფასებიდან, ხელფასზე დანამატებიდან, პრემიებიდან დაწყებული, საზღვარგარეთ ძვირდ ღირებული მოგზაურობებით დამთავრებული. რაც არ უნდა ათეთროს საკუთარი პარტია და მთავრობა ივანიშვილმა, არაფერი გამოვა.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაიმსახურა ხალხის მიერ გულწრფელად მინიჭებული სტატუსი – საკუთარ თავზე მზრუნავი თვალთმაქცი, ქარაფშუტა, გაღორებული ხელისუფლება, რომელსაც ვერაფერი შეცვლის, თუნდაც ასი ივანიშვილი დაადგეს თავზე.

ხალხის აზრით, თვით ივანიშვილია შესაცვლელი, ვინაიდან მისი ზიგზაგური აზრები, საკუთარი თავის უბრძენესად და უძლეველად წარმოჩენა იძლევა ისეთ შედეგს, როგორსაც საქართველოში აქვს ადგილი.

არც ივანიშვილამდე და არც მისი ზეობის დროს ქვეყანაში არ ყოფილა დაამებული ცხოვრება, თუნდაც ისეთი, მილიარდერი რომ პირდებოდა ხალხს, მაგრამ იყო იმედი, უკეთესი ცხოვრებისა.

დღეს, სამწუხაროდ იმედიც გაქრა. უიმედო ადამიანი კი ვერაფრით შექმნის ისეთ წარმტაც ცხოვრებას, მსოფლიოს სავალუტო ფონდი რომ წინასწარმეტყველებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი