26.12.2024

უმძიმესი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

საგანგაშო ამბები მოდის სირია-ერაყის ფრონტიდან. „ისლამური სახელმწიფოს“ „არმიამ“, წარმატებული სამხედრო ოპერაციების შედეგად, სირიის უძველესი ქალაქი პალმირა დაიკავა და მუსრი გაავლო მშვიდობიან მოსახლეობას, უმეტესად ქალებსა და ბავშვებს. პალმირას დაპყრობის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ „არმია“ 240 კილომეტრით დაუახლოვდა სირიის დედაქალაქ დამასკოს.

დღეს, „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორიის ნახევარს აკონტროლებს, ხოლო ერაყის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს – ნავთობის საბადოებით რომ არის ცნობილი. ტერორისტებს ბაღდადიდან 140 კილომეტრი აშორებთ.

„ისლამური სახელმწიფოს“ გეგმებში არა მარტო სირიის ხელისუფლების განადგურებაა, არამედ ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აღება და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. ბაღდადი ხომ ისტორიული სახალიფოს დედაქალაქი იყო. ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილია ამბიციური გეგმისა, რომლის მიხედვით „ისლამური სახელმწიფოს“ დაქვემდებარებაში უნდა იყოს ლიბანი, იორდანია, საუდის არაბეთი, ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები.

წარმატებული სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში „სახალიფო“ გააგრძელებს ამბიციურ პროგრამას, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებით. „ისლამური სახელმწიფოს“ გეგმაში კავკასია და საქართველოც შედის, რაც თავისთავად დასაფიქრებელია არა მარტო ჩვენი ხელისუფლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ხელისუფლებას სერიოზული შრომის გაწევა მოუწევს ქვეყნის დაცვის განხორციელების მიზნით და აქედან გამომდინარე, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაც, რაც კარდინალურად ეწინააღმდეგება პოლიტიკურ მოსაზრებებს და იმ პოლიტიკურ ორიენტაციას, საქართველოს ხელისუფლებას რომ აქვს არჩეული.

„ისლამური სახელმწიფო“ სწრაფად მზარდი ტერორისტული ორგანიზაციაა, თანაც არა ქაოტურად, არამედ სისტემურად ჩამოყალიბებული, რომელთან ბრძოლაც უჭირს ომში გამოწრთობილ სირია-ერაყის არმიებს. მტკიცე დისციპლინა, რელიგიური ფანატიზმი, მოჯახედთა ფულადი ანაზღაურება, თანამედროვე სამხედრო ტექნიკა და სხვა მრავალი – საწინდარია იმ წარმატებისა, რასაც მან მიაღწია და მომავალში მიაღწევს.

სულაც არ მსურს „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლებლობების გაზვიადება, მაგრამ არც დაკნინება ვარგა და თან არხეინად ყოფნა. მარტო სატელევიზიო ვიშვიში ან საქართველოდან სირიაში საომრად წასული ახალგაზრდების მშობლებთან ინტერვიუები კმარა, ვითარების სერიოზულად აღსაქმელად.

„სახალიფოს“ „არმიაში“ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად არ გამოდგებიან საქართველოს მხსნელებად, პირიქით კი შეიძლება ვივარაუდოთ. არიან თუ არა ისინი საქართველოს საშინაო ცხოვრებით კმაყოფილნი? ცალსახად შეიძლება ითქვას – არა! გარდა რელიგიური ფანატიზმისა, რაც ნაკლებად დასაჯერებელია 15-18 წლის ასაკის ბავშვებში, ცუდი ყოველდღიური ყოფა, დაუსაქმებლობა, დუხჭირი ცხოვრება არის ის მაიძულებელი ფაქტორი, რამაც ხელი კრა პანკისელ, ქართლელ, აჭარელ ახალგაზრდებს „სახალიფოსკენ“. დარწმუნებული ვარ ყველა მათგანის ოცნებაა სამშობლოში ტრიუმფალური დაბრუნება, ყოფილ თანამემამულეთა თვალბში სიამაყით ჩახედვა და იმ ძალის გამოვლინება, რომლის შანსიც მათ არ ექნებოდათ იქ წასვლის გარეშე.

საქართველო, მსოფლიოს იმ რეგიონშია, რომელსაც ცოტა თუ აშორებს ახლო აღმოსავლეთის მუდამ მოგიზგიზე ცხელი წერტილისგან, თანაც მუსლიმანური სახელმწიფოებით შემოფარგლული, რომლებიც ძნელად, მაგრამ მაინც გაუძლებენ „ისლამური სახელმწიფოს“ შემოტევებს. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც რელიგიური თვალსაზრისით საქართელოს მონათესავეა – რუსეთია, მაგრამ მასთან, მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, მესამე ძალის აგრესიაზე რომ ველაპარაკოთ.

არადა, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, რუსეთის გარდა საქართველოს დამცველი არავინაა. არავინაა, არა იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი ლანძღვა-გინებისა, ეს ქვეყანა შეყვარებულია საქართველოზე. საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ ფეხის მოკიდება თვით რუსეთისთვის არის სერიოზული გამოწვევა და საწინდარი ჩრდილო კავკასიის არაქრისტიანი მოსახლეობის ანტირუსული აბუნტებისა.

ჩემის აზრით, უპრიანი იქნებოდა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც ერთ ძალად შეადუღაბებდა ქართულ-რუსულ მართლმადიდებლობას, სომხურ გრიგორიანიზმს და შიიტურ ირანს საერთო საფრთხის – „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო ბერკეტის შესამუშავებლად. ვერც საქართველო და ვერც სომხეთი ცალ-ცალკე ვერ გაუძლებენ „ისლამური სახელმწიფოს“ შემოტევას. რუსეთ-ირანის დახმარებით კი ეს გაცილებით იოლი დასაძლევი იქნება. ამ კავშირში აზერბაიჯანის ჩართვა აუცილებელია, ვინაიდან ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არაერთი იატაკქვეშა ორგანიზაცია მოქმედებს, როგორც ჩვენში, რომელთა მეშვეობით ხორციელდება ახალგაზრდათა გადაბირება და სირიაში საომრად გაგზავნა.

რუსეთი სწორედ ის სახელმწიფოა, რომელსაც განუწყვეტლივ ემუქრება „ისლამური სახელმწიფო“. ემუქრება, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ რუსეთი მხარში უდგას სირიის ხელისუფლებას, ისე, როგორც ერაყის. მართლმადიდებლური რუსეთი მტრად ჰყავს გამოცხადებული „ისლამურ სახელმწიფოს“, ისე, როგორც შიიტური ირანი, ასევე ბაშარ ასადის მომხრე და დამხმარე.

რუსეთ-ირანის სამხედრო ტანდემი უნდა გამოიყენოს საქართველომ თავის დასაცავად. სხვა დამცველი, არც ახლო სამეზობლოში და არც შორეულში, არ მოიძებნება. ვიღაც იკითხავს თურქეთიო? თურქეთს სხვა რამ აღელვებს, მეტადრე რეგიონის ლიდერობა და ბაშარ ასადის დამხობა. ამ შემთხვევაში ის უფრო იქითა გადახრილი, ვიდრე აქეთ.

ა.წ. თებერვალ-აპრილში ჩამოყალიბდა ანტიასადური სამკუთხედი – თურქეთის, საუდის არაბეთისა და ყატარის შემადგენლობით. სირიის ჩრდილოეთით შეიქმნა სამთა სამხედრო კავშირის ორგანიზაცია. მას „ჯებხატ ფათეხი“ დაერქვა. ეს ორგანიზაცია არამარტო სამხედრო ოპერაციებს უწევს კოორდინაციას, არამედ „ბოევიკებს“ შორის ნადავლის განაწილებას, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევას.

„ჯებხატ ფათეხის“ შტაბ-ბინა ქ.იდლიბშია და მჭიდრო კონტაქტშია ისლამურ ორგანიზაციებთან – „ჯებხატ ან ნუსრასთან“, „ახრარ აშ-შამთან“, სხვებთან.

სამთა კავშირში ფუნქციები შემდეგნაირადაა განაწილებული: საუდის არაბეთი – ფინანსები და იარაღის მიმწოდებელი; ანკარა – შტაბის მუშაობა, დაზვერვა, ინფორმაციის მიწოდება. გარდა ამისა თურქეთმა გამოჰყო ტერიტორია, სადაც მომზადებას გადიან „ისლამისტთა არმიის“ მებრძოლები. მათ თურქი სამხედრო ოფიცრები წვრთნიან. თურქეთი ახორციელებს თურქეთ-სირიის საზღვრიდან, სირიის ტერიტორიაზე იარაღისა და გაწვრთნილი მეომრების შეგზავნას. ყატარი გამოდის მეორე დამფინანსებლის როლში, ამასთანავე ყატარელი ოფიცრები წვრთნიან ისლამისტებს.

რაც შეეხება აშშ-ს, ის, თურქეთისა და იორდანიის ტერიტორიებზე წვრთნის ნაკლებად რეაქციულ „ბოევიკებს“. გასულ წელს ამ პროგრამის განსახორციელებლად აშშ-ა დახარჯა 500 მილიონი დოლარი. და მოამზადა 400-ზე მეტი „ბოევიკი“. ამერიკული პროგრამის მიხედვით, 2017 წლისთვის 15000 „ბოევიკი“ უნდა მომზადდეს.

თუ აშშ-ს ადმინისტრაციისთვის ბაშარ ასადის ჩამოგდება ისეთი აქტიური აღარ არის, როგორც ადრე იყო, საუდის არაბეთის, თურქეთისა და ყატარისთვის – ეს სტრატეგიული მნიშვნელობისაა. თუ სამეულმა დასახული მიზანი განახორციელა, ფაქტის წინაშე დადგება აშშ-ი და რაც მთავარია შესუსტდება ირანის მზარდი გავლენა რეგიონში. ასადის დამხობის შემდეგ, საუდის არაბეთს შეეძლება ძალთა კონცენტრაცია რეგიონში შიიტური ძალების წინააღმდეგ – ჯერ იემენში, შემდეგ კი თვით ირანში.

სამკუთხედის გეგმით, ბაშარ ასადი წლის ბოლოს უნდა დაემხოს, რისთვისაც დასაწყისში თურქეთმა უნდა დააწესოს „არასაფრენი ზონა“ სირიის ჩრდილოეთში – 300 კილომეტრის სიღრმეზე, შემდეგ დაიწყოს შეტევა ალეპოზე, ლატაკიაზე, ტარტუსსა და ბანიაზე, სამხედრო ავიაციის თანხლებით, არტილერიის გამოყენებით. პარალელურად განახორციელოს სამხრეთის შეტევა, რათა დამასკო მოწყვიტოს ლიბანს. დამასკოში შედის ყატარის „სპეცნაზი“, აგრეთვე „ისლამისტების“ არმია. ბაშარ ასადი ირანში გაიქცევა, ხოლო „ჰესბოლა“ და ირანელი ინსტრუქტორები დატოვებენ სირიას.

სამკუთხედი ვარაუდობს, რომ ირანი და რუსეთი ომში არ ჩაერთვებიან. დასავლურმა პრესამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ქერის სოჭში ვიზიტის დროს, თითქოს შედგა გარიგება – სირიის დათმობით, ყირიმის რუსეთის კუთვნილებად აღიარება.

ოფიციალურმა რუსეთმა კატეგორიულად უარყო გარიგება. მოლაპარაკებაში მონაწილე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიაბკოვმა განაცხადა, რომ გეოპოლიტიკურ გარიგებას უკრაინა-სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია. “მოსკოვს უკრაინა-სირიის საკითხებში აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც არც კონიუნქტურულია და არც რაღაც გასაცვლელი მონეტა“.

„ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო წარმატებებმა, სირიისა და ერაყის ჯარების მარცხმა სერიოზული საფიქრალი გააჩინა, უპირველესად ის, რომ სირია-ერაყს ძალა არ შესწევთ საკუთარი პოზიციების დაცვისთვის. დღეს, უკვე აღარ მოქმედებს პატრიოტული მოწოდება – დავიცვათ სამშობლო. სირიის ხელისუფლება – თითქმის ყოველი მხრიდან შეტევის მომგერიებელი, გადაიღალა გამუდმებული ომისგან, ღალატისა და ფლიდობისგან. მიწასთან გასწორებული, ერთ დროს აყვავებული ქალაქები, ჩონჩხებადაა ქცეული, მოსახლეობისგან დაცლილი და განადგურებული.

არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა ერაყში, რომელსაც მინიმუმ სამ ნაწილად ემუქრება დაშლა – სუნიტურ, შიიტურ და ქურთულ ნაწილებად. მსგავსი რამ ემუქრება სირიასაც. ახლო არმოსავლეთში გეოპოლიტიკურ ძვრებს ექნება ადგილი, არცთუ სასარგებლოს და სამშვიდობოს, რაც თავისთავად იმოქმედებს მსოფლიო პოლიტიკაზე.

ყოველივე აღნიშნულს კი სათავე აშშ-ა დაუდო. ერაყში შეჭრით, სადამ ჰუსეინის დამხობით და მისი ჩამოხრჩობით. ეს იყო დასაწყისი იმ უდიდესი ტრაგედიისა, რასაც ახლო აღმოსავლეთში აქვს ადგილი და რაც ესოდენ აბობოქრებული დარჩება მრავალი წლის განმავლობაში. ვაშინგტონის პოლიტიკამ ერთმანეთს არა მარტო ქვეყნები დააპირისპირა, არამედ რელიგია – შიიტები გადაჰკიდა სუნიტებს, სუნიტები ალავიტებს (იგივე ქრისტიანებს), ქრისტიანებს და ა.შ.

ა.წ. 16 მაისს ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლის დროს, ირანში აკრედიტებული უცხოეთის დიპლომატების დასწრებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ განაცხადა: „დღეს, მსოფლიო ისლამს მრავალი პრობლემა აქვს. შეხედეთ ისლამური ქვეყნების მდგომარეობას ჩვენს რეგიონში: პაკისტანი, ავღანეთი, სირია, ლიბანი, პალესტინა, იემენი, ლიბია. ისლამურ ქვეყნებს დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, არანაკლები პრობლემები აქვთ, ესენია: უსაფრთხოება, ძმათამკვლელობა, იმათი დომინირება, ვინც არაფერი იცის ღმერთის შესახებ. ამის უკან დგას დიდი სახელმწიფოების ამბიციური ინტერესები, ამ ქვეყნებს აშშ-ი ხელმძღვანელობს. ისინი აკეთებენ ყველაფერს თავიანთი უზნეო სურვილების დასაკმაყოფილებლად. ისინი კლავენ უდანაშაულო ადამიანებს, მხარს უჭერენ დამნაშავე ორგანიზაციებს. მათი პროპაგანდა ფართომასშტაბიანია.

ჩერჩილი, ინგლისელი პოლიტიკოსი – მისი სახელი კარგადაა ცნობილი ჩვენთვის, ამბობდა: „სიმართლე იმდენად ძვირფასია, რომ მას ყოველთვის თან უნდა ახლდეს სიცრუის დამცველები“.

დღეს, ამერიკელები ამტკიცებენ, რომ უნდათ ებრძოლონ ტერორიზმს. და ეს მაშინ, როდესაც თვით შექმნეს ყველაზე სახიფათო ტერორისტული დაჯგუფებები. ვინ შექმნა „ისლამური სახელმწიფო“? ისინი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ ორგანიზაციის შექმნაში. ვინ მიმართა ეს  და სხვა ორგანიზაციები სირიისა და ერაყის წინააღმდეგ? საიდან აქვთ ამ დამნაშავეებსა და მკვლელებს ტყვიები, იარაღი, დოლარები? საიდან აქვთ ფული? ვინ არის ის ხალხი, ვინც ეხმარება ამ მრავალრიცხოვან და საშიშ ტერორისტულ დაჯგუფებებს?

როდესაც შევხედავთ რეგიონს, დავინახავთ მტრების თითების ანაბეჭდს, რომლებმაც შექმნს ტერორიზმი. ვინ ეხმარება ცრუ სიონისტურ რეჟიმს, რომელიც მასირებულ ზეწოლას ახორციელებს პალესტინელებზე ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე? ვინ ეხმარება მას? ვინ დგას მის უკან? – დასავლეთის სახელმწიფოები, აშშ-ს მეთაურობით. და ეს მაშინ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ არიან ტერორიზმის წინააღმდეგნი, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ისინი ცრუობენ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ტერორიზმს. ჩვენ ვიბრძოდით ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ პირისპირ ვიდექით ტერორიზმთან. ირანელმა ხალხმა კუდით ქვა ასროლინა ტერორიზმს. და ის მუდამ ასე მოიქცევა“.

აიათოლა ხამენეის გამოსვლა პირდაპირი მხილება იყო აშშ-ს და მისი პოლიტიკის ახლო აღმოსავლეთში და არა მარტო იქ. ამ პოლიტიკის შესახებ დღეს ბევრი იწერება, მაგრამ დიდი ქვეყანა აინუნშიც არ აგდებს ამას. მისი მიზანი, საკუთარი პოზიციების განმტკიცებაა და ამ გზაზე ის, არც ფლიდობაზე იტყვის უარს, არც საეჭვო სახის გარიგებაზე, არც ტერორიზმთან კავშირებზე და არც ტერორიზმის დაფინანსებაზე. მისთვის მეგობრობა, სასაცილო რამ არის. მისთვის მთავარი – საკუთარი მიზნების მიღწევაა.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.