უიდეო საზოგადოების შექმნა – დასავლეთის მიზანი

რაც უფრო სისტემატურად ეცნობი უცხოურ პრესას, განსაკუთრებით დასავლურს, სულ უფრო გინმტკიცდება აზრი, რომ მან ნაკლებად იცის საბჭოთა კავშირის და მისი მემკვიდრის რუსეთის, მითუმეტეს საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკებისა და დღევანდელი დამოუკიდებელი ქვეყნების შესახებ.

ის მიზერული ცოდნა, რომელიც დასავლეთს  რუსეთისა და დღევანდელი დამოუკიდებელი ქვეყნების – ყოფილი საბჭოელების მიმართ გააჩნია, შეზავებულია მიკერძოებასა და სუბიექტივიზმთან, ფაქტების დამახინჯებასა და თეთრის შავად წარმოჩენასთან. მიზანი ერთია – პოლიტიკური. როგორც ჩანს, ვიდრე იარსებებს ერთპოლუსიანი სისტემა – აშშ-ს ლიდერობით, იარსებებს დაპირისპირება მასსა და იმათ შორის, ვინც ფსონებს მრავალპოლუსიანობაზე დებს.

სიმართლე უნდა ითქვას – ერთპოლუსიანობამ, მძიმე დაღი დაასვა მსოფლიოს. მან ხელი ჰკრა დემოკრატიულად წოდებულ აშშ-ს დიქტატურისკენ. ერთპოლუსიანობამ ვაშინგტონის პოლიტიკური ხმა სავალდებულოდ აქცია, როგორც მოკავშირე, ისე არამოკავშირე ქვეყნებისთვის. მოკავშირეთათვის – ძალისმიერი შეგონებით, არამოკავშირეთათვის ძალისმიერი, მაგრამ არა შეგონებით, არამედ მოქმედებით.

ორივე შემთხვევაში ვაშინგტონური სიტყვის უკან დიდი ქვეყნის, დიდი სამხედრო ძალების სუნთქვა ისმის, ამასთანავე სრული ფინანსურ-ეკონომიკური ზეგავლენა. სხვას ვერაფერს იტყვი, აშშ-ს მიერ შექმნილ მსოფლიო მონეტარულ სისტემაზე – სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკზე, დოლარზე, რომელიც მსოფლიო საფინანსო სისტემის განმსაზღვრელი ბარომეტრია, ტრანსნაციონალურ  კომპანიებზე, რომლებიც წარმართავენ მსოფლიო ეკონომიკას.

მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაოსებულმა სახელმწიფოებმა, მათ შორის უპირველესად საბჭოთა კავშირმა, დანგრეულის აღდგენისთვის კოლოსალური ენერგია და სახსრები დახარჯეს მაშინ, როდესაც განზე მდგარმა აშშ-ა, ძალთა მობილიზაციისა და ნგრევას გადარჩენილი ქვეყნის და მისი ეკონომიკის ხარჯზე, წინ, დიდი ნახტომი გააკეთა. 70 წელი დასჭირდა მსოფლიოს, სერიოზულად ეფიქრა ამერიკულ ჰეგემონიზმთან დაპირისპირებაზე, თუმცა ჯერ-ჯერობით ნაკლები წარმატებით, მაგრამ შექმნილი ვითარება გვაფიქრებს, რომ დისბალანსს, ბოლო მოეღება.

მეცნიერ-ანალიტიკოსების აზრით, ცვლილებას ხვალ არ ექნება ადგილი, მაგრამ ზეგ – უდავოდ, ვინაიდან „პირველთან“ მოპაექრეთა ბანაკი ისეთი ქვეყნებითაა წარმოდგენილი, როგორებიცაა მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი – მზარდი ეკონომიკით, განსწავლული კადრებით, დიდი მოსახლეობით.

ბრძოლა პირველობისთვის, ამ შემთხვევაში მრავალპოლუსიანობისთვის ახალ ფაზაში გადადის, სადაც ყურადღება ე.წ. გავლენათა სფეროების მოპოვებას შეეხება. აშშ-ს წამოწეული სახელმწიფოები, მათ შორის რუსეთი, ცდილობენ გავლენათა სფეროების მოპოვება-გაფართოებას, აშშ-ი კი – უკვე მოპოვებულის განმტკიცებას.

საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია იმ ბალანსის დარღვევა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. აშშ-ა თავი ერთპიროვნულ ლიდერად იგრძნო და ისეთ „დახურულ ზონებსაც“ მიაკითხა, რაზეც „ცივი ომის“ პერიოდში ფიქრსაც ვერ გაბედავდა. დასუსტებულმა რუსეთმა, საბჭოეთის მემკვიდრემ, მხოლოდ შურის თვალით შეხედა მადამოსული ოკეანისგადაღმელის თავხედობას – საკუთარ ბოსტანში ბოდიალს. სხვა ვერაფერი შეძლო – არამყარი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო სისტემის შემხედვარემ.

აშშ-ის სწრაფ შეღწევას ყოფილ „აკრძალულ ზონაში“, თვით ამ „ზონის“ გაუთვითცნობიერებლობამ შეუწყო ხელი. დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი, „აკრძალულ საბჭოთა ზონაში“ მცხოვრებთა საოცნებო რამ იყო – იქაური ცხოვრება სანატრელი, ყოფა – საარაკო. მკაცრი ზედამხედველის მზერამოკლებულმა, თავდავიწყებული ნახტომი – ძველისგან შორს – განახორციელა და სიხარულით გაუღო, უდარაჯოდ დარჩენილი კარი შორეულ ქვეყანას. მანაც არ დააყოვნა. ბრჭყვიალა სათამაშოებს და საღეჭ რეზინებს დახარბებულ ხალხს, უმალ ისეთი ცხოვრება არგუნა, უარესს რომ ვერ ინატრებდა ყოფილი „ზონელები“.

და ეს, არ არის გასაკვირი, რამეთუ შორიდან მოსული, ძლიერი და ქედმაღალი აკეთებდა იმას, რასაც ისტორიული კოლონიზატორი, ოღონდ სხვა ფორმით, სხვა ლოზუნგით, ადამიანის უფლებების ყასიდი დაცვით და ყასიდი დემოკრატიით. მას არ აინტერესებდა ხალხი, მისი კულტურა და ისტორია, ყოფა. მას საკუთარი თავი აინტერესებდა ყოფილ აკრძალულ „ზონაში“, საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა, რისთვისაც ჰქმნიდა საკუთარი ინტერესების გამტარებელ ადგილობრივ ელიტას. ასწავლიდა, აჭმევდა და ასმევდა მას, ავარჯიშებდა შინ და გარეთ, უზრუნველყოფდა ხელისუფლებით, ძალაუფლებით, ბიზნესით და ყოველივე იმით, რაც საჭირო იყო დახარბებული ადგილობრივის სათავისოდ განსაწყობად და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პოტენციური მტრის და მეტოქის დასაპირისპირებლად.

სწორედ ამ თვალსაზრისით გადაიქცა საქართველო აშშ-ს ხელშინაგოგმანები ქვეყანა – ყველაზე მეტად „დემოკრატიული“ პოსტსაბჭოთა სივრცეში. არა მრეწველობა, არა სოფლის მეურნეობა, არა სოციალური ყოფა, მაგრამ ჭარბი პოლიტიკური ჭიდილი, პროდასავლური მედია, პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები, პროდასავლური ოპოზიცია, პროდასავლური საჯარო ლაქლაქი.

დასავლეთმა, კერძოდ აშშ-ა შეძლო აშკარა პროდასავლური პოლიტიკის ჩამოყალიბება, ისეთის, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს, მიუხედავად უნიათო მმართველობისა, უმოქმედობისა, არაპროფესიონალიზმისა. მან იცის ერთი და მთავარი – ამერიკელისთვის ფეხსაცმელის ლოკვა, მისი ბრძანების შესრულება. ამ უკანასკნელის მიზანიც ეს არის – ამგვარი პოლიტიკის წახალისება, მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ზერელობაზე, უსაქმურობაზე თვალის დახუჭვა, ვინაიდან იცის, რომ სწორედ ასეთი და არა მოაზროვნე, იქნება მისი პოლიტიკის გამტარებელი.

ზემოყვანილმა მიდგომამ ანტიდასავლური ბზარი გააჩინა – განსაკუთრებით იმათ შორის, ვინც შორს არის დასავლური ზრუნვისგან, რამაც გაკვირვება გამოიწვია აშშ-ში. „ეს, როგორო“, – თქვა მან და უმალ მიმართა ნაცად მეთოდს – სხვის დადანაშაულებას. კლასიკური მაგალითი გაღმით შედავებისა კანადურ გამოცემა „The Toronto Star“-ში გამოქვეყნებული სტატიაა. „2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის სწრაფმა დაპყრობამ და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების სეპარატისტულმა გამოხდომებმა დაგვარწმუნეს, რომ რუსული დათვი სანადიროდ გამოვიდა და მისი მადა ტერიტორიების მიმართ იზრდება“.

არც არაფერი იმასთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია ყოველივე ეს, რამ გამოიყვანა „რუსული დათვი“ ბუნაგიდან, რა მოიტანა აშშ-ს მიერ ინსპირირებულმა „ნარინჯის რევოლუციამ“, რატომ განუდგა ყირიმი ცენტრს, რამ გამოიწვია აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ანტიკიევური ბუნტი.

კითხულობ საგაზეთო სტატიას და ფიქრობ ავტორმა ოლივია უორდმა (Olivia Ward) ან არაფერი იცის უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ან იცის და რუსეთის გაშავების მიზნით თხზავს სტატიას. ერთიც და მეორეც დანაშაულია და არა შეცდომა, ვინაიდან არაპროფესიონალ მკითხველს ხელს სიძულივილისკენ კრავს ამ შემთხვევაში – „ეშვებიანი“ რუსეთისკენ.

გაცილებით თავშეკავებულად გამოიყურება ამერიკული გაზეთი „The Washington Post“-ი, რომელიც „ეშმაკურად“ წერს: „მოექცა საქართველო კრემლის პოლიტიკური ინტრიგის ქვეშ“? გაზეთის მიხედვით, სოციალური გამოკითხვები დემონსტრირებენ მზარდ მხარდაჭერას მოსკოვის ლიდერობით არსებული ევრაზიული კავშირის მიმართ.

„პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, საქართველო – ყველაზე სტაბილური დემოკრატიაა. აქ აშშ-ა და ევროპამ მილიარდობით დოლარი ჩადეს დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველოს მთავრობა თითქმის ყველაფერს აკეთებს სწორად, მაგრამ სხვათა პრობლემებით დაღლილმა აშშ-ა და ევროპამ ბოლომდე ვერ გამოიჩინეს ყურადღება, რამაც გამოიწვია მისი მხრიდან იმედგაცრუება და შეძლო ანტიდასავლური განწყობის შექმნა.

თუ საქართველო ზურგს შეაქცევს დასავლეთს, ეს იქნება ლახვარი ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიის ზურგში და შეიკვრება ევრაზიული წრე, რომელიც გზას გაუხსნის რუსეთს ახლო აღმოსავლეთისკენ, მოწყვეტს დასავლეთს ევრაზიული ენერგოწყაროებიდან და ჩაკლავს რეგიონის დემოკრატიზაციის პროცესს“.

დასკვნა ნაკლებად დამამშვიდებელია დასავლეთისთვის – უპირველეს ყოვლისა, აგრეთვე ე.წ. მედასავლეთელთათვის, ამერიკელთა ხელშეწყობით გაზულუქებულთათვის. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს – „NDI”-ის და “IRI”-ის გამოკითხვების მიხედვით, ვითომ 30% (რეალურად 50%-ზე მეტს) კარგა ხანია თვალი ევრაზიული კავშირისკენ უჭირავს. მიზეზი ამისა ბევრია, მათ შორის დუხჭირი ცხოვრება, შეპირებული დასავლური სამოთხის არარსებობა, დასავლეთზე აყოლილი საკუთარი ხელისუფლების უნდობლობა, ტყუილის, სიმართლედ გასაღება და ა.შ.

„The Washington Post“-ი აღნიშნავს, რომ აშშ-ა და ევროპამ მილიარდები ჩადეს „დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებისთვის“, მაგრამ ამ თანხიდან რამდენი ცენტი მივიდა საქართველოს მოქალაქემდე? ვირტუალური მილიარდები ჩაიდო ქართულ ეკონომიკაში, თორემ რეალურის შემთხვევაში ცოტა რამ ხომ დაეტყობოდა მას?

გაზეთი თავსაც იტყუებს და მკითხველსაც ატყუებს, თორემ, საქართველოს ეკონომიკის შემხედვარემ, როგორ შეიძლება თქვას, რომ მასში მილიარდები ჩაიდო? რაღაც, ცხადია ჩაიდო, მაგრამ ის „ჩადებული“ რომ აშშ-ს მიერ გაზრდილმა საქართველოს ხელისუფლებამ „ჩაიდო“? რა აზრი აქვს „ჩადებას“, თუკი „ჩადებულით“ ეკონომიკა არ ამოქმედდება? არც არაფერი.

თუ რაღაც „ჩაიდო“ – მას სხვა მიზანი ჰქონდა და არა ეკონომიკის ამოქმედება. მისი მიზანი იყო საქართველოს ხელისუფალთა გახრწნა. გახრწნილთან ურთიერთობა გაცილებით იოლია. ეს მეთოდი წარმატებით მოქმედებს პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, რუსეთის ოპოზიციაში. სხვაგანაც იმოქმედებდა, რომ არა იქაურ ხელისუფალთა ნაკლები დემოკრატიულობა.

ელიტარული კორუფციიდან გამომდინარე საქართველოს ყოფილი ხელისუფალთა წარმომადგენლები ციხეს „ხეხავენ“. მათი რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა დღევანდელი ხელისუფლების მიერ გამოგონილი „კოჰაბიტაცია“, უფრო ზუსტად აშშ-ს და ევროპის მიერ თავსმოხვეული.

დემოკრატიაში დახარჯულმა მილიარდებმა, რომ დიქტატურა შექმნა – ამის შესახებ გაზეთი დუმს. ანალოგიურმა ამერიკულმა ქმედებამ ანუ ვითომ დემოკრატიულობისთვის ბრძოლამ გადააქცია უკრაინა ფაშისტურ სახელმწიფოდ, ოღონდ ანტირუსულად განწყობილად. ანალოგიური პროცესებია მოლდოვაშიც.

სამივე ქვეყანა ევროკავშირის ასოცირებული წევრია, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ამ ორგანიზაციის წევრობას ვერ ეღირსება. სამივე ქვეყანაში განადგურებული ეკონომიკაა, მიწაზე დაცემული სოციალური ყოფა, გაღატაკებული მოსახლეობა, გაზიზინებული ხელისუფლება, ანტირუსული განწყობა და ა.შ. ამის შემხედვარე, ძლიერ შეუგნებელი უნდა იყოს (ასეთებიც არიან) ხალხი, რომ დასავლეთს, ევრაზიული კავშირი არ ამჯობინოს. ხალხი ყოველთვის საკუთარი გადარჩენის დღევანდელ გზას ირჩევს და არა ხვალინდელს ან ზეგინდელს, „დემოკრატია“ და „პროდასავლურობა“ რომ მოუტანს. მითუმეტეს, როდესაც იმ „დემოკრატიას“ ძალადობის სურნელი რომ ასდის. ძნელია რაღაცის, მითუმეტეს ვირტუალურის, მშირ-მწყურვალე ლოდინი.

ეს, კომუნისტებმაც იცოდნენ და შეპირებულ კომუნიზმამდე ყოველწლიურად ხელფასების მომატებას ახერხებდნენ. აქ, მხოლოდ ლოზუნგია და მშიერი კუჭი, რომელსაც შიგადაშიგ გულს უკეთებს „თავისუფალი ბაზარი“, „ვიზალიბერალიზაცია“, ევროკავშირსა და ნატოში შესვლა და ა.შ. არადა, ყველა ჩამოთვლილი რომ კომუნიზმში შესვლასავითაა, ხალხმა უკვე გაიგო, ამიტომაც არარეალურს, ის რეალური ურჩევნია ევრაზიული კავშირი რომ ჰქვია.

შექმნილი მდგომარეობა გვიკარნახებს ვთქვათ – ვართ კი ევროკავშირში შესვლის ღირსნი? თუ ევროკავშირს ისე განვიხილავთ, როგორც საქველმოქმედო ორგანოს, უდავოდ ვართ, ვინაიდან „ღმერთის წილხვედრ“ ქვეყნად წარმოგვიდგენია თავი. მაგრამ ევროკავშირი რომ საქველმოქმედო ორგანო არ არის? და რომ ეს ასეა, თავის ზურგზე გამოსცადა ევროკავშირში ლამის 10 წლის სტაჟიანმა ბულგარეთ-რუმინეთმა. მათი ნაწარმი არ სჭირდება ევროკავშირს, რაც ნიშნავს არსებული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის გაჩერებას. სხვის შესაქმნელად, არც ევროკავშირს და არც ამ ორ უბედურს, ფული არ აქვს.

ევროკავშირში სხვაც ბევრია მისახედი. ისინიც არ გრძნობენ თავს ბედნიერად. ასე იცის ეკონომიკის ნაცვლად პოლიტიკის გამოკიდებამ. პოლიტიკურმა ბრიუსელმა, რუსეთის ჯიბრზე გააფართოვა საზღვრები, რაც დღეს თავსატკივრად ექცა. პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიგონა „ასოცირება“, თორემ ქართულ პროდუქციას ვინ შეუშვებს ევროპის ბაზარზე? შეუძლია თუ არა შრომაგადაჩვეულ საქართველოს ისეთი პროდუქციის დამზადება, რომელიც ევროპულ კონკურენციას გაუძლებს? არ შეუძლია და რახან არ შეუძლია, რა უნდა შეიტანოს ევროპის ბაზარზე?

ჯერ-ჯერობით ქართული პროდუქცია შეიძლება ევრაზიულ კავშირში გასაღდეს და ისიც ჯერ-ჯერობით, ვინაიდან ხვალ იქაც მკაცრი მოთხოვნები იქნება. დღეს შეიძლება და რახან ასეა, არც ერთი დღე, საათი და წუთი არ უნდა დაიკარგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღარც დასავლეთი იქნება და აღარც ქვეყანა.

„ქვეყნის მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ევროპასთან ინტეგრაცია არ არის ცხრა მთას იქით და უმტკივნურად წარიმართება, მაგრამ რაც შორს, მით ძლიერად ჩანს, რომ საქართველო შორსაა ევროკავშირსა და ნატოში შესვლიდან“, – წერს გაზეთი და ასკვნის, რომ საქართელოს, ხვალინდელ ქათამს, დღევანდელი კვერცხი ურჩევნია.

სწორია გაზეთი, ვინაიდან სურვილი საქართველოს მოსახლეობისა დღეს გადაირჩინოს თავი არახალია მსოფლიო ისტორიისთვის. ასე იქცევა ყველა ერი, ვისაც რეალური ხედვა გააჩნია. ასე, მოიქცეოდა ქართული პოლიტიკა, არასამთავრობო სექტორი, ელიტარული ბიზნესი, აშშ-ს წახალისებით რომ მართლაცდა ის მილიარდები არ ეძოვათ, რაზეც გაზეთი ამახვილებს ყურადღებას. ისინი გაცილებით მეტად კრიტიკულები იქნებოდნენ იმავე დასავლეთის და მის მიერ აღზრდილი ხელისუფლების. არავითარი დემოკრატია ან პროდასავლურობა მათ არ ხიბლავთ. ხიბლავთ დასავლური ფული. არ იქნება ის და იქნება თავდავიწყებული ლანძღვა დასავლეთისა.

რა გაეწყობა, უიდეო საზოგადოება შექმნა დასავლეთმა, მხოლოდ ფულზე აგებული, ისეთი, როგორიც თვით აქვს.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.