22.12.2024

უაზრო მარშები

საკითხები, რომლებმაც ბოლო დროს მეტნაკლებად მიიპყრეს ჩვენი ყურადღება, სათანადო შეფასებას საჭიროებენ, თან იმის გარკვევას, რამდენად აქტუალურია თითოეული მათგანი  ჩვენთვის – ცხადია მხედველობაში არა ინდივიდი მყავს, არამედ ქვეყანა.

პირველი, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია – „ქართველთა მარში“ იყო. ერთის შეხედვით ამ მართლაცდა პატრიოტულ სვლაში დასაძრახი არაფერია – პირიქით, საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მიესალმა ამ ღონისძიებას – იმედითა და შემართებით, რომ ის (მარში) შეცვლის ქვეყანაში არსებულ ვითარებას უკეთესობისკენ.

მაგრამ იყო მეორე მარშიც – იმავე ადგილას და არანაკლებ ხალხმრავალი. ისიც ქართველთა მარში იყო, ოღონდ არა ამ სახელწოდებით, არამედ რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო ლოზუნგით.

აქვე ვიტყვი – რა „ბედნიერია“ საქართველოს პოლიტიკა, რომ მტრის ძებნისთვის ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება. რას სჯობს იმას, როდესაც რაღაც ნეგატიური საკითხი გაქვს გასაჟღერებელი და ნეგატივის წყაროს საძებნელად ტვინი არ გაქვს საჭყლეტი.

რუსეთი, უკვე 25 წელიწადია ასეთი ნეგატივის საწყისია, ბუდეა მისი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მეორე მარშმა, გამართულმა, „ნაციონალთა“ დანაწევრებული გუნდის ნაწილაკის მიერ. მათი ერთ-ერთი ლიდერის ხოშტარიას განცხადებით, სწორედ რუსეთის ფაშიზმია ის ძალა, რომელიც არც ფულს და არც ენერგიას არ იშურებს ისეთი მსვლელობის მოწყობაში, როგორიც „ქართველთა მარში“ იყო.

ელენე ხოშტარიას ბრიყვულ განცხადებებს სერიოზულად ვერ აღიქვამს ჭკუათმყოფელი კაცი, მაგრამ ასეთთა რაოდენობა რომ კატასტროფულად შემცირებულია? და რომ ეს ასეა, თვით საპროტესტო მარშმაც დაამტკიცა.

25-წლიანმა გამუდმებულმა რუსული აგრესიის ძახილმა და რუსეთის უმოწყალო ლანძღვა-გინებამ შედეგი გამოიღო, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ტვინში ჩაუდო რუსეთის მტრული განწყობის შესახებ ჩვენი ქვეყნის მიმართ. და რახან ეს უკვე შემდგარი ფაქტია, მეორე საკითხზე გადასვლაც იოლია, ანუ რუსეთის „ფაშიზმზე“.

როდესაც ბრმა ხარ და თანაც ყრუ, როდესაც ინფორმაცია არ გაქვს და არც მისი მოპოვების სურვილი გამოძრავებს, ხოშტარიას ნაბოდვარიც ჭეშმარიტებად მოგეჩვენება, ხოლო ბოკერიას – თანამედროვე ბიბლიად. მაგრამ ერთია თქმა, პოლიტიკოსის მხრიდან შუბლის ძარღვის გაწყვეტა და ისეთი ქვეყნისთვის ფაშისტობის დაბრალება, როგორიც რუსეთია, რომელმაც ფაშიზმთან ომს ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შესწირა. ამ შეწირულთა შორის ქართველებიც იყვნენ – 300000 დაღუპული ადამიანის სახით. ეს, ის რაოდენობაა, აშშ-ა მეორე მსოფლიო ომში რომ გაიღეს.

ვიმეორებ, ხოშტარიამ, ბოკერიამ, სხვებმა შეიძლება თქვან რუსეთის ფაშისტობის შესახებ, მიტინგიც და მსვლელობაც გამართონ ამ ლოზუნგით, მაგრამ საზოგადოებამ მტკიცე უარი უნდა სტკიცოს შუბლში მარშის ორგანიზატორებს, როგორც ისტორიის ფალსიფიკატორებს და გამყალბებლებს.

მედიამ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება უნდა გამოხატოს სიყალბისადმი. მაგრამ არა! ქართული საზოგადოება სხვაა, როგორც თვით მიაჩნია თავი – ევროპული. ქართული საზოგადოება, არაფერს ვამბობ ხელისუფლებაზე, მიეჩვია ან მიაჩვიეს მართლაცდა ფაშისტურ უკრაინასთან თანამშრომლობას, ქვეყანასთან, რომელიც დღენიადაგ აძლიერებს ბანდერელთა, იგივე ფაშისტთა მოქმედებას.

დიახ! ჩვენ დაკარგული გვაქვს ტერიტორიები ისე, როგორც უკრაინას და ამ დაკარგულს რუსეთი განაგებს, მაგრამ რა შუაშია აქ რუსული ფაშიზმი, რომელიც ისე შორსაა რუსეთისგან, როგორც მარსი ან იუპიტერი დედამიწისგან. დაკარგული რომ მის ხელშია, ვინ არის დამნაშავე ამაში? უპირველესად ჩვენ – საქართველო და უკრაინა, ვინაიდან სწორედ ჩვენ ავაგიზგიზეთ აგრესიული ლამპარი, რომელმაც ორივე „დაძმობილებული“ ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა.

„ქართველთა მარში“ იმ საპროტესტო მუხტის გამოვლინება იყო, რაც დაგროვილია საზოგადოებაში. აქ არის ყველაფერი – გაძაღლებული ყოფიდან დაწყებული, იატაკქვეშა ბორდელებით დამთავრებული. ხალხის ნეგატიურ მუხტს ამოხეთქვა ესაჭიროებოდა და ამოხეთქა კიდევაც – მარშში. მაგრამ რა იყო ის (მარში)? მართლაც არალეგალ უცხოელებთან ბრძოლის მოწოდება თუ სხვა რამ, რაზეც არ ითქვა, მაგრამ იგულისხმა?

დიახ! საქართველოში არალეგალი უცხოელები უხვად არიან, რაც არ არის გასაკვირი. ვისაც ღია საზღვრები და უვიზო მიმოსვლა ხიბლავს, მან კრინტიც არ უნდა დაძრას უკანონოდ შემოსულ უცხოელებზე. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა, რომელიც ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთს მიადგა, არალეგალია.

„ქართველთა მარშის“ ორგანიზატორებმა მსვლელობაც ქართულად მოაწყვეს ანუ დაუფიქრებლად და „ავოეს“ დონეზე, თორემ თავის გასამართლებელიც არაფერი ექნებოდათ. პლეხანოვის გამზირი და იქ განთავსებული კაფე-ბარები, რესტორნები, სასადილოები და საეჭვო სახის დაწესებულებები იყო უპირველესი სამიზნე, ვინაიდან ყველა ისინი უცხოელის ფულით იმართება, ძირითადად თურქულით. საეჭვო დაწესებულებებში კი ქართველ ბიჭებს არ უშვებენ, ქალებს კი დიდი სიამოვნებით.

არადა, ქართველებსაც ისე უჩქებთ სისხლი, როგორც თურქებს, ირანელებს, სხვებს და დისკრიმინაციას საკუთარ სახლში ვერ ეგუებიან. ვერც იმას ეგუებიან, ქართველმა ქალმა რომ უცხოელს მისცეს და არა მას, მუქთად.

ამ ისტორიის დასაწყისი პრემიერ კვირიკაშვილის უცნაური განცხადება იყო, რომელიც ნელ-ნელა „ქართველთა მარშად“ გადაიქცა. მაგრამ რა მოგვიტანა მან?

ჩემს მეზობლად პატარა „სუპერმარკეტი“, რომელიც დაიხურა, ირანელმა იყიდა და მარშის შემდეგ გახსნას არ აპირებს. ეშინია არ დაარბიონ, არ წაართვან.

უარყოფითი მაგალითები საკმაოა. ვერ გეტყვით, რა ზომებს მიიღებს ხელისუფლება არალეგალთა მიმართ, მაგრამ უცხოურმა საშუალო ბიზნესმა რომ მიიღო და მომავალშიც მიიღებს, ფაქტია, რაც ქვეყნის ეკონომიკას არ წაადგება.

საქართველოს სახელმწიფოს მიზანი თუ ტურიზმის განვითარებაა, მაშინ ე.წ. საეჭვო სახის დაწესებულებების არსებობაც არ უნდა გაგვიკვირდეს. ტურიზმი მარტო ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება არ არის, ის კარგი კვება და დროსტარებაცაა, რაშიც ქალს, როგორც გართობისა და სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საგანს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

ტურიზმი სექსსაც უკავშირდება და ეს ჭეშმარიტება ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ასეთ დროს პატრიოტული აღტყინება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. იმ რუსული ანდაზისა არ იყოს: „გიყვარს სრიალი, ციგის ტარებაც უნდა გიყვარდეს“. ვის აწყობს „ქართველთა მარშის“ მსგავსი ღონისძიება?

უპირველესად ხელისუფლებას, მთავარი საჭირბოროტო საკითხებიდან ყურადღების გადატანის მიზნით. მთავარი საკითხი კი გაუარესებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა და ხელისუფალთა უნიათობაა. ინფლაცია რეკორდს ხსნის. არ არის ნივთი, საქონელი, პროდუქტი, მომსახურეობა, მედიკამენტი – ფასები არ ჰქონდეს მომატებული. არ არის დარგი, რომელშიც ჩავარდნა არ იყოს და რომელზეც ხელისუფლებას კვალიფიციური ახსნა-განმარტება ჰქონდეს.

ხალხი რახანია გაგულისებულია ხელისუფალთა ღორმუცელობით და უნიათობით, მაგრამ სოციალური სახის მსვლელობას არ აწყობს და რახან არ, ხელისუფლებაც არხეინად არის, შიგადაშიგ „ქართველთა მარშის“ მსგავს თემას შემოადგებს და ხალხის, ხელისუფლების საწინააღმდგო აღშფოთებას სრულიად უსაგნო „მარშში“ ჩაკლავს.

„ქართველთა მარშიდან“ თუ ვინ მოიგო – ხელისუფლებაა.

და როდესაც ამ არასერიოზულ, ზედაპირულ „საქმეებში“ ჰყავს ხელისუფლებას ხალხი ჩართული, ანტიხალხურ საქმეს ფართო გასაქანი აქვს. მათ შორის გამოვყოფდი თავაწყვეტილ მშენებლობებს და მწვანე ზოლის განადგურებას. ბოლო დროს გახშირდა თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებული ვნებათა ღელვანი. ზოგი რას ამბობს და ზოგიც რას, მაგრამ ამ „ზოგთა“ განსასჯელად ისეთი ლუკმაა გადაგდებული, როგორიც „ელიავას“ ბაზრობაა.

„გენგეგმისტების“ მიხედვით, ეს ბაზრობა უნდა დაინგრეს და მის ნაცვლად რეკრეაციული ზონა, პარკი უნდა გაშენდეს. რა სჯობს ამას?!

„ელიავას“ ბაზრობას არა! მაგრამ დავფიქრდეთ და შემდეგ ვისროლოთ დიდაქტიკური იდეები. ტყე-პარკის გაშენებას არაფერი სჯობს, მაგრამ ვინ არის ამის გამკეთებელი?

ხელისუფლება, რომელსაც ჯერ მსგავსი რამ არ გაუკეთებია, თუ ახალი ხელისუფლება, რომელმაც პარკის პროექტი შეიძლება სულაც არ მოიწონოს და ნაცვლად ვითომ კარგი იდეისა, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის დეველოპერებს ხელი გაუმართოს?

„ელიავას“ ბაზრობას ქალაქის ბიუჯეტისთვის საგრძნობი მოგება მოაქვს. ხალხიც დასაქმებულია, ცხადია არა სახელმწიფოს ძალისხმევით. ბაზრობა ქალაქის მოსახლეობისთვის, ხელსაყრელი, იაფი ცენტრია და მას, გარდა უარყოფითისა, უამრავი დადებითი თვისება აქვს. ბაზრობის ქალაქგარეთ გატანის შემთხვევაში გაჭირდება მასთან კავშირი; თვით მოვაჭრეებს გაუჭირდებათ ახალ, უკაცრიელ ტერიტორიასთან შეგუება. სრული შესაძლებელია, რომ ყველა მოვაჭრემ ვერ შეძლოს შესაბამისი სავაჭრო კუთხის თავიდან მოწყობა უსახსრობის გამო, რაც თავისთავად გაზრდის უმუშევართა ისედაც დიდ არმიას.

ახლა რაც შეეხება ტყე-პარკის გაშენებას. ხელისუფლება, რომელიც თვალს ხუჭავს ვაკის პარკის გაყოლებაზე, ხელით ნაკეთი პარკის გაჩეხვაზე და იქ კორპუსების ჩადგმაზე, ახალ პარკს ვერ გააშენებს. გარდა ამისა, პარკის გაშენებას დრო უნდა. ათეული წელი, რომ დარგულმა ხემ მიკროკლიმატი შექმნას, შრიალი დაიწყოს. ნუთუ ამის შეხსენება უნდა ჭირდებოდეს გენგეგმის შემქმნელებს?

როგორც ჩანს, ისინიც ისეთივე დილეტანტები არიან, როგორიც ხელისუფლებაში ან სხვა მიზანი ამოძრავებთ, რასაც საკუთარი კუჭი ჰქვია. ასეთების არსებობა აღარ გვიკვირს, ხელისუფლების შემხედვარეებს და არა მარტო ხელისუფლების – არამედ ერთად აღებული ქართული პოლიტიკის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.