22.12.2024

ტყუილი დაპირებები და გაუარესებული ყოფა

სულ რამდენიმე დღეც და ახალი წელი შემოაბიჯებს ჩვენს სახლებში. 2018 წლის დადგომასთან ერთად ახალი იმედებიც ჩნდება ნებისმიერი ადამიანის, ოჯახის, ქვეყნისთვის. იმედით შევხვდით 2017, 2016, 2015, … წლებს. ასე იყო, არის და იქნება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს.

ახალი წელი სიახლის მომტანად აღიქმება ადამიანში. ეს კი გარკვეულწილად სახელმწიფოსაც ეხება, მის დამოკიდებულებას საკუთარი ხალხისადმი. ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება მუდამ ძიებაშია საკუთარი ხალხის მოთხოვნების, დანაპირების შესასრულებლად. ძნელად მოიძებნება ხელისუფლება, დანაპირებს სრულად, დროულად, პირნათლად რომ ასრულებდეს. თუმცა არის ისეთი, რომელიც მრავლიდან ნახევარს ან მცირედს მაინც ასრულებს. საქართველოს ხელისუფლება ის იშვიათი გამონაკლისია, მცირედსაც რომ არ ასრულებს. მან მარტო დაპირება იცის – მსუყე, მრავალმხრივი. განა განვლილი 6 წელი ამის დასტური არ არის?!

დაპირებასა და შესრულებას შორის დიდი ზღვარია. მისი ამოვსება მუყაითი შრომით, ნიჭით, თავდადებით, პროფესიონალიზმით არის შესაძლებელი. თუ ამ ჩამონათვალიდან ერთი გამოგაკლდა, დაპირება სრულად ვერ შესრულდება. თუ ყველა გამოგაკლდა – ზედმეტია შესრულებაზე ლაპარაკი.

„საოცნებო“ ხელისუფლებამ ყველა კომპონენტი გამოტოვა, მაგრამ ჯიქურ გაიძახის – დანაპირებს ვასრულებო. და როდესაც ხალხმა საწინააღმდეგო თქვა, „ოცნების“ დამფუძნებელმა შეუსრულებელი, შესრულებულად გამოაცხადა და ხალხს დაუნახაობაში დასდო ბრალი.

რა გაეწყობა, რომ იტყვიან – ძალა აღმართს ხნავს. „ოცნების“ აზრით, ხალხი ვერ ხედავს ეკონომიკურ წინსვლას, ეროვნული ვალუტის სიმყარეს, აგუგუნებულ ფაბრიკა-ქარხნებს, საწარმოებს, აბიბინებულ ველ-მინდვრებს,  … . მაინც რა დაუნახაობის სენმა შეგვიპყრო?

ნუთუ ვერ უნდა მივხვდეთ, რომ „ის“ ჩვენზე უკეთ ხედავს, ჩვენზე ბევრი იცის და ჩვენზე ზრუნვაში ათენებს და აღამებს?

და რახან მას ჩვენზე უკეთესი მხედველობა აქვს და შორსმჭვრეტელიცაა, უნდა დავუჯეროთ და ვაღიაროთ, რომ საქართველო პენსიების მიხედვით (66 აშშ-ს დოლარი) ყოფილ საბჭოთა სივრცეში ბოლო ადგილზე კი არა, პირველ ადგილზეა ანუ ესტონეთზე (434 აშშ-ს დოლარი) მაღლაა. გაცილებით უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე ჩვენი მეზობლები – აზერბაიჯანი (117 აშშ-ს დოლარი), სომხეთი (84 აშშ-ს დოლარი), რუსეთი (216 აშშ-ს დოლარი), თურქეთი (465 აშშ-ს დოლარი). საშუალო ხელფასიც მეტი გვაქვს, ვიდრე მეზობლებს. საქართველო საშუალო ხელფასის მხრივ მსოფლიოს აუტსაიდერი ქვეყნების რიგებშია. მას არა მარტო მეზობლები უსწრებენ, არამედ მონღოლეთი – 458 აშშ-ს დოლარი, კოსოვო – 415 აშშ-ს დოლარი, განა – 316 აშშ-ს დოლარი, ეთიოპია – 237 აშშ-ს დოლარი, … .

საქართველოს „მყარმა“ სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ გვიკარნახა თბილისის საახალწლო ილუმინაციისთვის 3 მილიონი ლარი დაგვეხარჯა, იტალიიდან ჩამოტანილ განათებაში. სხვა ღონისძიებები ხომ უფასოდ არ გაიმართება? – კონცერტები მაქვს მხედველობაში. მთელი წლის განმავლობაში გაწეული „ნაყოფიერი შრომის“ შემდეგ, დასვენებაც ხომ არის საჭირო?!

ჰოდა, საახალწლოდ მსუყედ დავისვენებთ – ზოგი სად და ზოგიც სად – უცხოეთი მაქვს მხედველობაში. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მსხვილი შემოსავლები ამის სრულ შესაძლებლობას იძლევა. „2017 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია 40 ათას ლარზე მეტ შემოსავალზე 29346-მა კაცმა შეავსო; 100 ათას ლარზე მეტ შემოსავალზე – 8764-მა. ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, მაგალითად მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2016 წელს პრემია-დანამატი 18-ჯერ მიიღო, მისმა მოადგილეებმა – 21-ჯერ. მათი წლიური შემოსავალი 110 ათასი იყო. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა 2016 წლის თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომელიც წელიწადში 32640 ლარია, 41-ჯერ მიიღო სხვადასხვა დანამატი – 11265 ლარი. სულ – 145,2 ათასი ლარი.“ – წერს ნიკა კორინთელი გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“.

თბილისში მოკალათებული მაღალჩინოსნებისა და მოხელეების შემოსავლებს ტოლს არ უდებენ რეგიონების მოხელეები – არჩეულ-დანიშნული, რაც უდავოდ გვაფიქრებინებს, რომ „საოცნებო“ ხელისუფლებამ არათუ შეასრულა დანაპირები, არამედ გადააჭარბა კიდევაც, ოღონდ საკუთარი თავისთვის და არა ხალხისთვის.

„საოცნებო“ ხელისუფლების დაპირება ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ისეთივე მყარია, როგორც 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ოღონდ ერთია – აღნიშნული ორგანიზაციების აკადემიური თავშეკავებულობა გაწევრებასთან დაკავშირებით არის თვალშისაცემი. მაინც რამდენჯერ უნდა ითქვას დასავლელი მაღალჩინოსნების მხრიდან, რომ საქართველოს და უკრაინას არც ხვალ, არც ზეგ ანუ უახლოეს მომავალში ვერ ხედავენ ვერც ნატოში და ვერც ევროკავშირში.

ინტეგრაციასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ –  ახლა კი ტანკსაწინააღმდეგო იმ იარაღის შესახებ, „ჯაველინი“ რომ ჰქვია. აშშ-ს კონგრესმა მზადყოფნა გამოთქვა ჩვენთვის „ჯაველინის“ 400 რაკეტისა და მისი 70 გასაშვები აპარატის მოყიდვის თაობაზე, რაც საქართველოს 75 მილიონი დოლარი დაუჯდება. ამერიკული მხარის გადაწყვეტილებამ ისეთი ეიფორია გამოიწვია „საოცნებო“ ხელისუფლებაში, თითქოს საქართველოს ტერიტორია გამთლიანდა.

რა გამთლიანება, რის გამთლიანება, როდესაც სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკამ პატივი დაგვდო და იარაღს გვაძლევს, თანაც როგორს, მსოფლიოში ბადალი რომ არ ჰყავს. ასე ახასიათებს მას „ოცნებელები“ და არა მარტო ისინი, „ნაციონალებიც“ კი. აწი ნახეთ რუსებო, თუ სატანკო შეტევას განახორციელებთ, ყველა თქვენი ტანკი განადგურებული იქნება.

ბარაქალა ამერიკელებს. მათი „ხელგაშლილობა“ მისასალმებელია, ვინაიდან ომის დაწყებამდე რუსი დაფიქრდება და „ჯაველინების“ შიშით აგრესიას გადაიფიქრებს. ასე მარტივად ფიქრობს ხელისუფლება და ნაფიქრალს ვერბალურად გვანდობს. „ჯაველინები“ დასაფიქრებელია, მაგრამ რუსებს ტანკების გარდა სხვა იარაღიც რომ აქვს?

ნუთუ ძნელი იყო სირიის დაბომბვიდან გამომდინარე, ჩვენს პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს რეალური დასკვნები გაეკეთებინათ?

რუსეთმა კასპიის ზღვაში მცურავი სამხედრო გემებიდან განახორციელა სირიის ტერიტორიაზე განლაგებული „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ბაზების დაბომბვა. ანალოგიურს ჰქონდა ადგილი ხმელთაშუა ზღვაში მცურავი წყალქვეშა ნავებიდან და სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავებიდან.

სირიის სამხედრო მოქმედების თეატრი გაცილებით შორს არის რუსეთის სახმელეთო-სამხედრო და საზღვაო ბაზებიდან, ვიდრე ყურისძირში მდებარე საქართველო, ამდენად მისი პირისაგან მიწისა აღგვა ნამდვილად არ გაუჭირდება. გარდა ამისა, რუსეთს სხვა იარაღიც აქვს, ისეთი, რომელიც შეასრულებს იმ დავალებას, რასაც მოწინააღმდეგის (ომის დაწყების შემთხვევაში) შეიარაღებული ძალების სწრაფი განადგურება ჰქვია.

როგორც ჩანს, ოპტიმიზმით მოლაპარაკე „პატრიოტებს“ შესაბამისი დასკვნები არ გაუკეთებიათ 2008 წლის აგვისტოს ომიდან. მაშინ რუსეთის არმიაში ახალდაწყებული იყო სამხედრო რეფორმები და მიუხედავად ამისა ცხინვალის ომში ჩართვიდან თითზე ჩამოსათვლელ საათებში მოახერხა ქართული არმიის განეიტრალება.

დღეს, რუსეთის არმია სულ სხვაა – თანამედროვე იარაღით აღჭურვილი, დისციპლინირებული სამხედრო პერსონალით და საბრძოლო შემართებით გაჟღენთილი, რაც აშშ-ს სამხედროებისა და პოლიტიკოსების დიდი თავსატკივარია. აღნიშნულიდან გამომდინარე იბადება კითხვა – რა დავუშავეთ აშშ-ს, რომელიც ხელს გვკრავს და გვაქეზებს გოლიათთან შესარკინებლად?!

პასუხი – მარტივია. კარგახანია აშშ-ი  დაეჩვია ნაკვერჩხლიდან შემწვარი წაბლის სხვისი ხელით გამოღებას. ერთხელ უკვე გამოგვაღებინა – ცხინვალის ომის სახით, რამაც ქვეყანას, ისედაც მცირე ტერიტორიის 20% დააკარგვინა, რომ აღარაფერი ვთქვათ მსხვერპლზე.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ვაშინგტონის მიერ გადადგმული ნაბიჯი „ჯაველინების“ მოყიდვის თვალსაზრისით მცდარი პოლიტიკაა და ემსახურება რევანშისტული მოსაზრების ანუ რუსეთის პროვოცირებას. იქნებ, ეს უნდა აშშ-ს, ისე, როგორც 2008 წელს?

ეს, ის შეკითხვაა, რამაც ხელისუფლება, ნაცვლად ეიფორიული განცხადებებისა, სერიოზულად უნდა დააფიქროს. არანაკლებ დასაფიქრებელია „ჯაველინების“ შესასყიდი თანხაც – 75 მილიონი დოლარი და ეს მაშინ, როდესაც ფულის დაზოგვის მიზნით სამინოსტროებს აუქმებენ?

რა გამოდის – მარჯვენა ხელმა არ იცის, მარცხენა რას აკეთებს?

იქნებ ხელისუფლება ფიქრობს, რომ „ჯაველინების“ შესყიდვით, ამერიკელების გულს მოიგებენ (მერამდენედ) და ისინიც კატეგორიულად დაჰკრავენ ნატოს მაგიდას ხელს და საქართველოს მიაღებინებენ ნატოში?

ასე ფიქრობდა სააკაშვილიც, რომელსაც ეგონა, რომ ვაშინგტონი წყვეტს ყველაფერს – ნატოში შესვლაც და ევროკავშირშიც, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ნატოს წესდებიდან გამომდინარე პრობლემებიანი ქვეყანა, მითუმეტეს ტერიტორიული თვალსაზრისით, ვერ გახდება ორგანიზაციის წევრი. თუ ამას დავუმატებთ სხვა პრობლემებსაც – ნატომდე დიდი და გრძელი გზაა გასავლელი, რაც ხელისუფლებამ იცის, მაგრამ თავს ისულელებს და ცდილობს ხალხიც გაასულელოს დაპირებით – რომ ნატოშიც შევალთ და ევროკავშირშიც. თუმცა ხალხი არ სულელდება და სულ უფრო ხშირად აცხადებს, რომ ნატოში შესვლა ზღაპარია.

ხალხის ნეგატიურ პოზიციასთან მიმართებაში, დასავლეთმა შემდეგი „დასამშვიდებელი“ აბი გამოიგონა: „საქართველომ ჯერ ის უნდა გადაწყვიტოს, დაბალანსების პოლიტიკა უნდა აწარმოოს თუ მიტმასნების. თუ მთავრობას ბალანსის პოლიტიკა სურს, მაშინ ნატო საუკეთესო მოკავშირეა რუსეთის დასაბალანსებლად. რუსეთთან მიტმასნების შემთხვევაში კი, ქვეყანამ ის უნდა გაითავისოს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილი არასდროს იქნება და საქართველოს მთავრობა მოსკოვის მარიონეტი გახდება. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს საზოგადოებას ეს უნდა“, – აცხადებს ჯეიმს კოლი „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი.

რას ნიშნავს ეს, თუ არა მოწოდებას – რუსეთისკენ არ გაიხედოთ, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ დაგიბრუნებთ და თქვენც მისი დიქტატის ქვეშ აღმოჩნდებითო. „მეგობრული“ დარიგება უდავოდ იმის მაუწყებელია, რომ საქართველოს მოსახლეობის სოლიდურ ნაწილს რუსეთთან ურთიერთობა სურს. მასთან კეთილმეზობლური კავშირების დამყარება, რაც ეწინააღმდეგება კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკას.

ევროკავშირში შესვლას ისეთივე პრობლემები ახლავს, როგორც ნატოში, ერთის განსხვავებით – ამ შემთხვევაში თვალშისაცემია მათი (პრობლემების) სიუხვე. დასავლეთმა პრობლემების მოსაგვარებლად თითქოს გადადგა ნაბიჯები, მათ შორის ისეთი, „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ რომ ჰქვია, მაგრამ წარუმატებლად.

ეს გამოგონება 2008 წელს უკავშირდება. სწორედ მაშინ გაჟღერდა ამ უნიკალური პარტნიორობის შესახებ. უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სახით ევროკავშირს ისეთი მოკავშირეები უნდა შეეძინა, რომლებიც ხელს აიღებდნენ რუსეთთან ურთიერთობებზე და თავდავიწყებით ჩაეხუტებოდნენ ევროკავშირს. ეს უკანასკნელი, გამადიდებელი შუშით შეაფასებდა მათ ეკონომიკურ და სხვა სახის რეფორმებს, „დიდსულოვნად“ ურჩევდა კორექტირებას და ხანგრძლივი პერიოდით ევროკავშირში შესასვლელ რიგში ჩააყენებდა.

ასეც მოხდა, მაგრამ ევროკავშირში შესვლის მსურველებმა რატომღაც იფიქრეს, რომ ინტეგრაციის პროცესი მალე დასრულდებოდა და შვებით ამოისუნთქავდნენ, მაგრამ არა. ევროკავშირს, უკვე პრობლემებიანს და ლტოლვილების მოძალებისგან დასუსტებულს, სულაც არ ეპიტნავება ახალი წევრების მიღება, თანაც ისეთის – ეკონომიკა რომ დაბალ დონეზე აქვთ. მაშ რა სჯის საქართველოს ხელისუფლებას ტყუილი უთხრას ხალხს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით?

მხოლოდ ერთი რამ – ევროკავშირით გაწბილებულმა ხალხმა რუსეთისკენ არ გაიხედოს. და თუ გაიხედავს, სხვა თვალით შეხედოს, მაგალითად პეტრე მამრაძის – რუსეთში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, ხალხი ქუჩებში გამოდის, პუტინი და მისი გუნდი ქურდები არიან. პუტინის სიმდიდრე ლამის არაბული შეიხების სიმდიდრეზე მეტია და ა.შ.

მამრაძეს სურს ხალხს ცუდი წარმოდგენა შეუქმნას რუსეთზე. ის, ამ თვალსაზრისით ისეთივეა, როგორც ზემონახსენები ამერიკელი ექსპერტი. თუმცა რა გასაკვირია – ორივენი და კიდევ მრავალნი ამერიკულს ძოვენ, ისე, როგორც ხელისუფლება, არასამთავრობოები, მედია, … მაინც რამდენი ყოფილან?

მათი შემხედვარე ხალხი რომ მაინც რუსეთისკენ იყურება – გასაკვირია, თუმცა არა. ხალხი იქითკენ იყურება, საიდანაც უკეთესობას მოელის. დასავლეთისკენ ყურებამ რაც მოუტანა იცის, ჯერი ისევ ძველსა და ნაცადზეა. ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.