ტრამპის საინაუგურაციო სიტყვის ირგვლივ

დიდი აჟიოტაჟი და ემოციები, გამოწვეული ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევის შედეგად, ნელ-ნელა ცხრება. გასული წლის 8 ნოემბრიდან (არჩევნების დღე) დაწყებული, 20 იანვრით (ინაუგურაციის დღე) დამთავრებული პროტრამპულ-ანტიტრამპული მედიური რიტორიკა – ერთობ გამაღიზიანებელი, ხშირ შემთხვევაში არაკორექტული – დნობის ფაზაშია, ისე, როგორც მკაცრი ზამთრის თოვლი, გაზაფხულის მზის ქვეშ.

დაიწყო ჩვეულებრივი სამუშაო დღეები ამერიკის პრეზიდენტის და მისი გუნდისთვის. მათი სახელები, ნაკლებად ცნობილი, რამდენიმე დღის შემდეგ ყველასთვის ცნობილი გახდება. ძველი ადმინისტრაციის სახელები და სახეები ნელ-ნელა მივიწყებას მიეცება, ისე, როგორც პრეზიდენტყოფილი ობამას. ობამას და მისი გუნდის სახეები წამდაუწუმ აღარ იქნება ტელეეკრანებზე, ბეჭდურ მედიაში. ისინი ისტორიის კუთვნილება გახდება.

პრეზიდენტყოფილ ბარაკ ობამას, ტრადიციისდა მიხედვით, მუდამ პრეზიდენტად მოიხსენიებენ – მის დასამშვიდებლად, თუმცა ამ სახელის გარდა მას აღარაფერი გავლენა აღარ ექნება. ერთადერთი გავლენა დარჩება მას, როგორც პიროვნებას – პატივისცემა საზოგადოების მხრიდან, ცხადია იმ შემთხვევაში თუ მან მსგავსი, პრეზიდენტობის დროს მოიპოვა.

პრეზიდენტყოფილთა შორის არცთუ ხშირია საყოველთაო პატივით დაჯილდოვებული. ლოკალური პატივი – ოჯახის და ახლობლების დონეზე ყველას გააჩნია.  აი, რაც შეეხება საყოველთაო პატივისცემას – მხოლოდ ერთეულებს ხვდათ წილად. ასეთი, აშშ-ს ისტორიაში, თანამედროვეობა მაქვს მხედველობაში, რუზველტი, კენედი და რეიგანი იყვნენ – საყოველთაო პატივისცემის მატარებელი პრეზიდენტები, როგორც თეთრი სახლის ბინადრობის, ისე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ –  პენსიაზე ყოფნის დროს.

ობამას ყოველთვის გაიხსენებენ და გაიხსენებენ ნაკლებად სანაქებო საქმეებით, მეტადრე კანის ფერის გამო. ეს პრიორიტეტი მას სამუდამოდ გაჰყვება, როგორც იური გაგარინს პირველი კოსმონავტობა. ობამა პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი იყო აშშ-ს 200-წლიან ისტორიაში და შემდგომში რამდენი ფერადკანიანი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ამ „დემოკრატიით“ ცნობილ ქვეყანაში, ისინი მხოლოდ საყოველთაო პატივისცემის მოპოვებით და არა კანის ფერით თუ შემორჩებიან ისტორიას.

 წინამორბედის სახელის განდიდებას ან დავიწყებას უდავოდ ხელს უწყობს ახლის წარმატებული თუ წარუმატებელი მოღვაწეობა. მუყაითად იმუშავებს ტრამპი, დაიწყებს დანაპირების შესრულებას და ვიღას გაახსენება ობამა – თუ არა ისტორიას? ტრამპის წარუმატებელი სტარტის შემთხვევაში, ობამას სახელი პირზე ეკერება საზოგადოებას.

20 იანვარს, ინაუგურაციის ცერემონიალის დამთავრებისთანავე ტრამპმა ხელი მოაწერა პირველ ბრძანებულებას მედიის თანდასწრებით, რამეთუ ეს პროცედურაც ინაუგურაციის რიტუალის შემადგენელი ნაწილია. ინაუგურაციის მომდევნო სამუშაო კვირა ტრამპმა აქტიურად დაიწყო.  სამუშაო ტემპი, ერთობ ჩქარი, მეტყველებს იმაზე, რომ ახალი პრეზიდენტი, დამუხტული, შრომის სურვილით აღსავსე,  შეეგება ახალ სამუშაო კვირას., ახალ საქმეს, ბიზნესისგან შორეულს, განსხვავებულს.

მისი მოწოდება – ლაქლაქის ნაცვლად, საქმე; ცოტა ლაპარაკი, ბევრი საქმე – ახალმა პრეზიდენტმა ფიცის დადებისთანავე განახორციელა, აშშ-ს ისტორიაში ახალი პრეზიდენტის წარმოთქმული სიტყვის ლაკონიურობაში. 16 წუთში ჩაატია ტრამპმა თავისი გამოსვლა – ყოვლისმომცველში, პოლიტიკოსებისთვის შემაშფოთებელში, ბევრისთვის სასიამოვნოდ მოსასმენში, რაც მთავარია იმედის მომცემში, რევოლუციურში.

ხალხის წინაშე იდგა მილიარდერი, ვითარცა მემარცხენე სოციალისტი, ლენინელი, ხალხის, უბრალო ხალხის ინტერესების დამცველი და არა მისი შემავიწროებელი, წურბელა და სისხლისმწოველი. რას ნიშნავს ყოველივე ეს? არის თუ არა ახალი პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვები – შოუს ნაწილი, მოჩვენებითობა, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა?

ინაუგურაცია რომ წინასაარჩევნო მარათონი და კანდიდატთა პაექრობა იყოს – მსგავსი სიტყვა, ტყუილად მოეჩვენებოდა კაცს, მაგრამ ინაუგურაცია ხომ წინასაარჩევნო პაექრობის შედეგად მოპოვებული წარმატების ნაყოფია? მაშ რა გამოდის – პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპის წინასაარჩევნო სიტყვებისა და დაპირებების მთავარი აზრი, საინაუგურაციო სიტყვაში აისახა? და თუ ამას ჰქონდა ადგილი და მართლაც ჰქონდა – რასაც ის დაპირდა ხალხს, აასრულებს?

უნდა ვიმედოვნოთ, რომ ასე იქნება. ტყუილი დაპირებების შემთხვევაში ის საინაუგურაციო სიტყვაში არათუ გააჟღერებდა იმას, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატობისას აჟღერებდა,  სათოფედაც არ გაიკარებდა.

ტრამპის პირდაპირობაში არა მარტო ამერიკელი ამომრჩეველი დარწმუნდა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, არამედ ყველა ის, ვინც თვალს ადევნებდა დაძაბულ, ერთწლიან პაექრობას. სამწუხაროდ საქართველოს პოლიტოლოგიამ, რომელსაც მიკერძოება და ზედაპირულობა ახასიათებს, ნაცვლად აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების საფუძვლიანი შესწავლისა, ფსონი ჰილარი კლინტონზე დადო და მთელი წლის განმავლობაში ტყუილებით გაბერა ხალხი კლინტონის უცილობელი გამარჯვების თაობაზე. არადა, საქმეში ოდნავი ჩახედულობა გააბათილებდა აშშ-ს მედიის მიერ წინა პლანზე წამოწეული კლინტონის ყოვლისშემძლეობას. კლინტონის ფონზე, ტრამპი იყო ჯიუტი, უხეში, პირდაპირი, უტოპიური აზროვნებით გაჟღენთილი პიროვნება, მეტიჩარა მილიარდერი და შოუმენი, რომლის არჩევა დაღუპავდა ქვეყანას.

დაიღუპება თუ არა ამერიკა ტრამპის ხელში – მალე გამოჩნდება, როგორც აშშ-ია მიღებული 100 დღეში. ეს, ის პერიოდია, რომლის დროსაც ახალი პრეზიდენტი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რათა ხალხის ნდობა გაამართლოს. 100 დღე თავისებური ბარომეტრია მომავალი 4-წლიანი საპრეზიდენტო ციკლისა, და ვინ იცის იქნებ 8-წლიანისთვისაც. ამიტომაც ტრამპის ტემპიან მუშაობას აქვს თავისი გამართლება – დღევანდელი წარმატება, ხვალინდელის ხიდია. წარმატება კი დანაპირების ასრულებაა. და თუ ამ კუთხით განვიხილავთ ტრამპის პრეზიდენტობას, საინაუგურაციო სიტყვა გეგმის შემადგენელი ნაწილია ანუ თავიდათავია.

„ჩვენ გადავცემთ ხელისუფლებას ხალხს, ვუბრუნებთ ხელისუფლებას მას. საკმაოდ დიდხანს მცირე ჯგუფი ხალხისა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში მოიწევდა ნაყოფს, მაშინ, როცა უბრალო ხალხი წაგებაში იყო. ვაშინგტონი მდიდრდებოდა, მაგრამ ხალხი არაფერს იღებდა ამ სიმდიდრიდან. პოლიტიკოსები იფურჩქნებოდნენ, მაგრამ სამუშაო ადგილები მცირდებოდა. ისტებლიშმენტი, ელიტა თავიანთ თავებს იცავდნენ, მაგრამ არა ქვეყნის მოქალაქეებს. მათი გამარჯვებები არ გამხდარა თქვენს გამარჯვებად, მათი ტრიუმფი, თქვენი ტრიუმფი არ ყოფილა. როდესაც ისინი ზეიმობდნენ, თქვენ არ გეზეიმებოდათ. არამდიდარი ოჯახები ყოველდღიურად აწყდებოდნენ სიძნელეებს ყველგან. ყოველივე ეს შეიცვლება აქ და ახლა“, – თქვა ტრამპმა, რითაც ცივი წყალი გადაასხა აშშ-ს ისტებლიშმენტს – მის ზურგს უკან სავარძლებში მსხდომ ყოფილ პრეზიდენტებს, კარტერს, ბუშს, ობამას (უფროსი ბუში – ავადმყოფობის გამო ინაუგურაციას არ ესწრებოდა), სხვებს და სხვებს.

შავბნელი სურათი, რომელიც ტრამპმა დახატა ყველა მათგანის ბრალია, ისე, როგორც შემდეგი: „ჩვენ არ გვსურს სხვას მოვახვიოთ ჩვენი ცხოვრების წესი“.

ეს, როგორ? ტრამპის ამერიკა უარს იტყვის სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევაზე და მათ გადემოკრატიულებაზე?

დაუჯერებელია! და რატომ? იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ა თვითნებურად იტვირთა სხვათა მიმართ „საგანმანათლებლო კურსების“ ჩატარება – დაშინებით, იატაკქვეშა ქმედებით, სახელმწიფო ტერორით, რევოლუციური გადატრიალებით და სხვა. „ვარდების“, „ნარინჯისფერი“, „არაბული გაზაფხულის“ და სხვა დასახელების რევოლუციებით აშშ-ა მოახერხა ქაოსის შექმნა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში.

აშშ-ს ადმინისტრაციის პოლიტიკა ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეფუძნებოდა მართული ქაოსის პრინციპებს, მღვრიე პოლიტიკურ წყლებში თევზის ჭერას. საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად ისეთი „დომხალის“ შექმნას, რომელსაც უდიდესი მსხვერპლი, ლტოლვილობა, ნგრევა ახლდა თან.

ბოლო 30-40 წლის განმავლობაში „მართულ ქაოსში“ აშშ-ა 13 ტრილიონი დოლარი დახარჯა. გაცილებით მეტი მოიპოვა მან აშშ-ს გარეთ, სხვა ქვეყნებში ამერიკული წარმოების გატანით, რამაც საკუთარ ქვეყანას საბოლოო ჯამში მკვდარი საწარმოები, მკვდარი ქალაქები შესძინა. სხვა ქვეყნებში ამერიკული ტექნოლოგიების გატანით მოხვეჭილი ფულით აშშ-ს ადმინისტრაციებს ცოტა მაინც რომ საკუთარი ქვეყნისთვის გამოეყენებინათ, აღარც მკვდარი ქალაქები იქნებოდა და ვეღარც ტრამპი გააკეთებდა აქცენტს ამ თემაზე – წარსულის გასაკრიტიკებლად.

13 ომში დახარჯა ამერიკამ უცხოეთში ნაშოვნი ფული. გლობალისტებისთვის ამ ომებს ამერიკის ერთპიროვნული გლობალისტური მმართველობის განმტკიცების ძრავის ფუნქცია ჰქონდა, რამაც კარგა ხანს ატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული დღემდე. შედეგი – არცთუ დამამშვიდებელი. 30 ტრილიონი დოლარი ვალი, ზომაზე მეტად გაყოფილი ამერიკა – ერთ მუჭა მილიარდერებად და არცთუ წარმატებულ საშუალო და დაბალ ფენებად.

ძნელია ხელაღებით იმის თქმა, რომ ამერიკული ყაიდის გლობალიზმმა სული დალია, მაგრამ უდავოდ შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზმის ძრავს პრობლემები შეექმნა, რამაც ხელი შეუწყო ისეთი პოლიტიკოსების წინ წამოწევას, როგორებიც ტრამპი და პრეზიდენტობისთვის მებრძოლი დემოკრატი სანდერსია. მსოფლიოში, და იგივე აშშ-ი შექმნილმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, სოციალურმა ვითარებამ ჰკრა ხელი ტრამპს და სანდერსს ეთქვათ ის, რასაც სხვები ვერ ბედავდნენ. მართალია სანდერსმა გლობალისტ ლიბერალებთან წააგო შერკინება, მაგრამ მისმა სოციალისტურმა იდეებმა სხვაგვარად იმოქმედა საზოგადოებაზე – ხელი შეუწყო მის გამოღვიძებას.

ტრამპი, დროის მოთხოვნაა, ანტიგლობალიზმის გამომხატველი. „დღეიდან დაწყებული ჩვენ, ქვეყნის მართვისადმი ახალი პრინციპები გვექნება. ამერიკა იქნება პირველ პლანზე, პირველ ადგილზე. ყველა გადაწყვეტილება ვაჭრობის, საგადასახადო სისტემის, მიგრაციის, საგარეო პოლიტიკის დარგებში მოემსახურება ამერიკელ მშრომელს, ამერიკულ ოჯახებს. … ჩვენ არვის მოვახვევთ თავს ჩვენი ცხოვრების წესს…“

რას ნიშნავს ყოველივე ეს, თუ არა რევოლუციას? წარმოიდგენდა ვინმე აშშ-ს პრეზიდენტის მსგავს საინაუგურაციო განცხადებას თუნდაც 2 წლის წინათ?

ტრამპის ამერიკა უარს ამბობს სხვა ქვეყნებისთვის ჭკუის სწავლებაზე, საშინაო საქმეებში ჩარევაზე, თავის სასარგებლოდ იმ ადგილობრივი პოლიტიკური წრეების დაფინანსებაზე, რომლებიც პროამერიკული სახელმწიფო გადატრიალების პოტენციურ შემსრულებლად მოიაზრებიან. აშშ-ი აღარ დახარჯავს ფულს ისეთ „ნარინჯისფერ“ რევოლუციაში, როგორსაც უკრაინაში ჰქონდა ადგილი.

აშშ-ი უარყოფითად იხილავს ევროკავშირის არსებობას, რაც აშკარად გამოხატა ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მეისთან სატელეფონო საუბარში. ტრამპი მიესალმა ინგლისის გადაწყვეტილებას ევროკავშირიდან გასვლის გამო.

ტრამპი ნატოს მოძველებულ ორგანიზაციად აღიქვამს და ამბობს, რომ თუ მისი წევრი ქვეყნები არ გადაიხდიან საწევროს (ეროვნული პროდუქტის 2%), ამერიკა დატოვებს ორგანიზაციას. დღეს, ნატოს 28 წევრიდან, მხოლოდ 5 იხდის საწევროს. ნატოს დაფინანსების 68% აშშ-ზე მოდის, რაც ახალი პრეზიდენტისთვის მიუღებელია.

 საინაუგურაციო სიტყვაში – ერთობ ლაკონურში, იმდენი რამ ითქვა აშშ-ს დღევანდელ-ხვალინდელობიდან გამომდინარე, უარესს რომ ვერ იფიქრებდნენ ინაუგურაციაზე დამსწრე ყოფილი პრეზიდენტები, დღევანდელი პოლიტიკოსები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, კულტურისა და ხელოვნების მუშაკები. ვერ  იფიქრებდნენ, თუმცა უნდა ეფიქრათ, ვინაიდან ის, რაც საინაუგურაციო სიტყვაში ითქვა, ითქვა ერთწლიანი საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს. როგორც ჩანს მაშინ არ მიაქციეს ყურადღება პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებებს. შეიძლება მიაქციეს, მაგრამ არა ისე, როგორც საჭირო იყო. ალბათ  ეგონათ, რომ წინასაარჩევნო ბატალიებში ნათქვამი, გამარჯვების შემდეგ ტრადიციულად მივიწყებას მიეცემოდა. ეს ტრადიცია ტრამპმა დაარღვია, თავის საინაუგურაციო სიტყვაში, რაც იმის მაუწყებელია, რომ ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც ითქვა.

ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა ახალი რამაა აშშ-ს და მსოფლიოს პოლიტიკაში, რაც უდავოდ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკამ, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება.

იწყება ახალი ერა პოლიტიკაში – ტრამპის სახელთან დაკავშირებული, რომელიც გარდაქმნას მოითხოვს, უპირველესად იმათთვის (მათ შორის ჩვენთვის), ვინც ეჭვის თვალით უყურებდა და უყურებს აშშ-ს პრეზიდენტის პოლიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სანაგვე არ ასცდებათ.

      ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.