საქართველოს სჭირდება საუნივერსიტეტო ქალაქი?
ქართული საზოგადოებისა და მედიის ყურადღება მიიპყრო ბიძინა ივანიშვილის პროექტის – საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებამ.
„საქართველოს შუაგულში, კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება“, – წერდა გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ – სათაურით „ქუთაისში დიდი განათლების მზე ამოდის“.
პროექტის მიხედვით, 60000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, 140 ჰექტარზე გაშენდება. შენობების საერთო ფართობი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობა 1 მილიარდი ევრო დაჯდება.
გრანდიოზული პროექტია და მადლობის მიეტი არაფერი გვეთქმის ბიძინა ივანიშვილისთვის. გაივლის წლები და უძველესი ქალაქი ახალი, სისხლსავსე ცხოვრებით აგუგუნდება. ხუმრობა საქმე ხომ არ არის 60000 სტუდენტის, პედაგოგების, მეცნიერების, ტექნიკური პერსონალის ერთობლივი საქმიანობის დაწყება? საქმიანობის, რომელსაც ქვეყნის მომავალი ჰქვია. მომავალი კი განათლების გარეშე წარმოუდგენელია.
ქუთაისი განაგრძობს იმ სისხლსავსე ცხოვრებას, რაც მას საქართველოს პარლამენტის თბილისიდან გადატანამ არგუნა. იმდენი რა გითხრათო, შემედავება ქუთაისელი. პარლამენტის გადატანას, პარლამენტის მომსახურე ტექნიკური პერსონალის თბილისიდან გადაყვანაც მოჰყვა. ასე რომ ადგილობრივთა დასაქმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საპარლამენტო მუშაობისთვის შეუფერებელმა შენობამ, უჰაერო სივრცემ და უამრავმა ტექნიკურმა პრობლემამ, უმალ მოპყრო საზოგადოების ყურადღება, მაგრამ მერე რა? არც არაფერი. პარლამენტმა ვერ მოახერხა ქუთაისის კლანჭებიდან თავის დაღწევა და სრული 4 წელი თბილის-ქუთაისის გზაზე მიმოსვლას მიანდომა.
ნეტავი მოგცლია. თუ პარლამენტარებს, აპარატს და ტექნიკურ პერსონალს აწყობს აქეთ-იქით ხეტიალი, იხეტიალონ, შენ რა განაღვლებსო – მეტყვის მავანი. მარტო ხეტიალი რომ იყოს და ამ „საშურ“ საქმეში სახელმწიფო ბიუჯეტის მსუყე თანხები არ იხარჯებოდეს, ხმასაც არ დავძრავდი.
სამწუხაროდ, პარლამენტის ქუთაისში გადატანამ სახელმწიფო ბიუჯეტს გამოუსწორებელი ზარალი მიაყენა, ისევე, როგორც პარლამენტის ოპერატიულ მუშაობას. 4 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ განიავებული ასეულ-ათასები სხვა პრაქტიკულ საქმეს რომ მოხმარებოდა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. 4 წლის განმავლობაში ვერც ქუთაისი იქცა საპარლამენტო ქალაქად და ვერც საზოგადოების აზრი ჩამოყალიბდა ამ მიმართულებით დადებითად, გარდა იმ ქუთაისლებისა, ვინც პარლამენტარებსა და აპარატის მუშაკებზე აქირავებს ბინებს.
სრული ჭეშმარიტებით შეიძლება ითქვას, პროექტი – ქუთაისი, საპარლამენტო ქალაქი – ჩაიშალა. და ჩაიშალა იმიტომ, რომ არავითარ მეცნიერულ გათვლას არ ექვემდებარებოდა. ეს იდეა სააკაშვილისეული იყო, ისე, როგორც ბევრი სხვა (ძველ ქალაქში გადებული ორი ლითონის მილი, გაუგებარი ფუნქციის ხიდი, ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის მაღლივი შენობა, …). იდეები კი მას უხვი ჰქონდა – შადრევნებით დაწყებული, ველოსიპედის ძეგლით დამთავრებული.
იდეები, როგორც ჩანს ღამის სიზმარს მოჰყვებოდა და უმალ, თვალის გახელვისთანავე ისხამდა ფრთებს. ამ სისწრაფეში ვიღას ახსოვდა მეცნიერული გათვლა, ტერიტორიისა და სივრცის შესწავლა – მშენებლობისთვის საჭირო ატრიბუტი. სააკაშვილის დროინდელი არქიტექტურული „შედევრები“ დღესაც გვახსენებენ თავს. შეხედავთ და გული „გაგინათდებათ“. როგორც ჩანს ეს „უნიკალური“ ძეგლები მომავალშიც მიიპყრობენ ჩვენს ყურადღებას, განსაკუთრებით ძველ ქალაქში ჩადგმული 2 „ტრუბა“ და ხიდი, ვინაიდან „საოცნებო“ ხელისუფლებას სულაც არ ანაღვლებს მათი დამანგრეველი არსებობა.
ქალაქის ერთ-ერთმა ვიცე მერმა სულ ახლახანს უპასუხა პარლამენტარობის მსურველ რურუას მოწოდებას (ან დაანგრიეთ, ან დაამთავრეთო), რომ მის დამთავრებას არაერთი მილიონი დოლარი სჭირდება და დანგრევასაც არანაკლები.
ქალაქის მერიას არასდროს ექნება ამ საშინელი ნაგებობების სხვაგან გადატანის ფული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და ქალაქში ჩამოსული სტუმარი „სამარადისოდ განწირული“ ვართ „დავტკბეთ“ ამ საშინელების ხილვით. მეც რა! თბილისის მერისა და აპარატისგან ისეთს მოვითხოვ, შეუძლებელი რომ არის. განა შეიძლება რამე მოსთხოვო მერს, რომელიც ყოველდღე, სამსახურში ყოფნისას ნახევრად დანგრეული შენობის ჩონჩხს უყურებს – სირიის ქალაქ ალეპოს ომს რომ გვაგონებს.
ყოველი დიდი პროექტის დაწყებამდე საჭიროა ღრმა შესწავლა, მეცნიერული აზრის მოსმენა, შესაბამისი დასკვნების გამოტანა, რასაც საქართველოში არ აქვს ადგილი. რასაც აქვს ადგილი მარტივი ემოციები და უცოდინრობაა. ერთ-ერთი მაგალითი ამისა არის ივანიშვილის შეკვეთილის ვილის სიახლოვეს 10000-იანი საკონცერტო დარბაზის წამოჭიმვა. პრესის მიხედვით, დარბაზის მშენებლობა ივანიშვილს 200 მილიონი ლარი დაუჯდა, რაც სოლიდური თანხაა არა მარტო გაღლეტილი საქართველოსთვის, არამედ შეძლებული ქვეყნისთვის.
მაშინაც ქართულმა აღფრთოვანებულმა მედიამ გვამცნო, რომ ეს შესანიშნავი საკონცერტო დარბაზი – თანამედროვე ელექტრონული ტექნიკით აღჭურვილი, ივანიშვილმა საქართველოს მთავრობას საჩუქრად გადასცა, თან ისიც მიაყოლა, რომ იქ სისტემატურად გაიმართება მსოფლიოს სახელგანთქმული მომღერლების კონცერტები.
ერთი შეხედვით უდავოდ დიდი საქმეა. ხუმრობა ხომ არაა 200-მილიონიანი საკონცერტო დარბაზის აშენება და შემდეგ ქვეყნისთვის ჩუქება?! მაგრამ ეს ერთის შეხედვით.
შევდივარ საქართველოს მთავრობის გამოუვალ მდგომარეობაში – ივანიშვილმა რომ ჩააყენა. ერთია შენობის აგება და მეორეა დანიშნულება, შემოსავალი, ექსპლუატაცია, მოსახლეობის შემოსავლის გათვალისწინება, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და მთავარ ობიექტთან მათი შერწყმა, სხვა მრავალი, რომელიც ნებისმიერი მშენებლობის დაწყების წინ დეტალურად უნდა იხილებოდეს. იქ, სადაც ფულის ყადრი იციან – ეს ჩვეულებრივი ამბავია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია.
ივანიშვილს დაესიზმრა ისე, როგორც სააკაშვილს, გაიღვიძა და უმალ უბრძანა მის კონტროლქვეშ არსებულ სამშენებლო კომპანიებს სიზმრის ახდენა. ივანიშვილის მიზანი მხოლოდ ერთი იყო – საკონცერტო დარბაზი საკუთარ ბაღჩაში, საკუთარი ბავშვების გასართობად, სხვა შემთხვევაში მსგავსი მასშტაბის საკონცერტო დარბაზის იქ აშენება სწორედაც რომ დაავადებული აზროვნების ნაყოფია.
ზემოთ აღვნიშნე და გავიმეორებ – ერთია აშენება, მაგრამ მეორეა მისი შენახვა-ექსპლუატაცია. 10000-იანი დარბაზის და მისი აპარატურის მოვლას უამრავი ტექნიკური მომსახურე პერსონალი ესაჭიროება – ელექტრიკოსები, დამლაგებლები, კომპიუტერული სისტემების ოპერატორები, გამხმოვანებლები, გამნათებლები, სხვები და სხვები, რომლებიც იმ რეგიონში არ მოიპოვებიან. უნდა მოხდეს მათი თბილისიდან გადაყვანა, რაც ფულთან არის დაკავშირებული.
გასათვალისწინებელია, თანაც უპირველესად, ვინ შეავსებს დარბაზს. დარბაზის შესავსებად საჭიროა მსოფლო ვარსკვლავის ჩამოყვანა, რომელსაც ასეულ-ათასობით თანხის გადახდა ესაჭიროება. საიდან უნდა შემოვიდეს თანხა? უპირველესად კონცერტიდან. კონცერტიდან შემოსული თანხა მოწვეული ვარსკვლავის გზის ხარჯებსაც ვერ აანაზღაურებს, თუნდაც მთელი დარბაზი უცხოელებით რომ გაივსოს.
პატივცემულო მკითხველო, დარწმუნებული ხართ იმაში, რომ იქ გამართულ კონცერტს უცხოელები (მრავლობითში) დაესწრებიან? საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს კონცერტზე დასასწრები ფული. ასეთები ცოტანი არიან და დარბაზის ხარჯებს ნამდვილად ვერ აანაზღაურებენ. არც უცხოელთა დიდი რაოდენობით დასწრების იმედი უნდა გვქონდეს.
ასედაამრიგად, ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი საკონცერტო დარბაზი საქართველოს ხელისუფალთა თავსატეხი გახდება. მისი შენახვის თანხები ისევ საქართველოს მწირ ბიუჯეტს დააწვება. საბოლოო ჯამში კი მოსახლეობის ისედაც გაფხეკილ ჯიბეებს – პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით.
ივანიშვილმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, დაინახა რომ დარბაზის შენახვას, პერსონალის ხელფასებსა და სხვა წვრილმან-მსხვილმან საკითხებს დიდი თანხების გაწევა დასჭირდებოდა და „ფართო ჟესტით“ სახელმწიფოს აჩუქა. სახელმწიფოს, რომელსაც პარლამენტის შენობის შენახვაც უჭირს. გაივლის ერთი წელი და თუ ვინმეს გაახსენდება შეკვეთილის „კონცერტ-ჰოლი“, თვალნათლივ დაინახავს, უპატრონობისგან რა ბედი ეწია მას.
მავანი შემედავება – კაცმა ააშენა და სახელმწიფოს აჩუქა, რა არის ამაში ცუდიო? ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კარგსაც ვერ ვხედავ, თავსატეხი კი – მთავრობისთვის თვალნათელია. 200 მილიონი დიდი ფულია, თანაც ისეთი მწირი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მოდით ვიფანტაზიოროთ, რამდენი საწარმოს აშენება შეიძლებოდა ამ ფულით. თუნდაც ლიფტების მშენებელი ქარხნის, პამპერსების დამამზადებელი ფაბრიკის ან ნაგავგადასამუშავებელი ისეთი ქარხნის, ელექტროენერგიას რომ გამოიმუშავებს. ამ დარგებზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ლიფტი, პამპერსი და ნაგავი მუდამ აქტუალური იქნება.
ივანიშვილის კომპანიები სხვა საქმით არიან დაკავებული, ისეთით, რომელიც მხოლოდ მათ ჯიბეებს გაასქელებს. ივანიშვილი რიხით აცხადებს – „მე, საქართველოში ბიზნესი არ მაქვსო“. კეთილი, მაგრამ „ქართუ ბანკი“ ქველმოქმედებაა თუ ბიზნესი? „პანორამა თბილისი“ იქნებ ლტოლვილებისთვის შენდება და არა დიდი შემოსავლისთვის? ჰიპერმარკეტი „კარფურიც“ ქველმოქმედებაა? აღარაფერს ვამბობ ათას სამშენებლო კომპანიაზე, რომლებიც მის კონტროლს ექვემდებარებიან.
ასე, რომ ამ ბედკრული ქვეყნიდან ივანიშვილის შემოსავალი ერთი თეთრი ნამდვილად არ არის. მისი ნათქვამი – საქართველოში ბიზნესი არ მაქვსო – ტყუილია. და ეს რომ მართლა ასეც იყოს – დანაშაულია და რატომ? 7 მილიარდის პატრონი სხვას მოუწოდებს ინვესტიციის ჩადებას, თვითონ კი უარს აცხადებს, რაც ეჭვს ბადებს ნებისმიერ პოტენციურ უცხოელ ინვესტორში.
როდესაც ივანიშვილი საჯაროდ ამბობს, რომ საქართველოში მას ბიზნესი არ აქვს, უნებლიედ იბადება კითხვა – რატომ? იქნებ, საინვესტიციო კლიმატი არ არის შესაფერისი? იქნებ პლიტიკური არასტაბილურობა განაპირობებს სამშობლოში ინვესტიციების განუხორციელებლობას?
ბევრი „იქნებ“ შეიძლება დაებადოს მომავალ ინვესტორს და ყველა კითხვა საქართველოს სასარგებლო ნამდვილად არ იქნება. ივანიშვილმა ერთობ ბრიყვული პასუხით თავიც მოიჭრა და ქვეყანაც მოჭრა.
ახლა რაც შეეხება ე.წ. ქველმოქმედებას – ეს ააშენა, თეატრებს რემონტები ჩაუტარა, ინტელიგენციას ფულს აძლევს და ა.შ. ივანიშვილი მილიარდერია – 7 მილიარდის პატრონი. ის მილიარდერთა კლუბის წევრია. მილიარდერობა კი როდი ნიშნავს დოლარებზე კრუხივით დაჯდომას. მილიარდერთა დაუწერელი კანონია ქველმოქმედების გაწევა, თანაც არა ათასებში, არამედ მილიონებში. თუ ჩემი არ გჯერათ, ჰკითხეთ რადიო „მაესტროს“, რომელმაც ერთი თვის წინ მსოფლიოს მილიარდერთა მიერ გაწეულ ქველმოქმედებაზე გააკეთა გადაცემა. იმ ჩამონათვლის მიხედვით, ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხა, ერთობ მოკრძალებულია.
დავუბრუნდეთ თემას, რომლითაც დავიწყე ამ სტატიის წერა – ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას. დავსვათ მარტივი კითხვა – სჭირდება თუ არა საქართველოს 60000-იანი უნივერსიტეტი? ქვეყანას, სადაც უამრავი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტია? რა ვუყოთ თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტს – უნიკალური, მაგრამ შებღალული ინტერიერ-ექსტერიერით? იქნებ ახლის აშენების ნაცვლად არსებული გაგვერემონტებინა, ახალი ტექნიკით აღგვეჭურვა, შესაბამისი გათბობა-გაციების სისტემა მოგვეწყო, სტუდქალაქის შენობაც აგვეშენებინა და ასე შემდეგ. ეს გაცილებით ნაკლები დაჯდებოდა, ვიდრე ქუთაისის მომავალი საუნივერსიტეტო ქალაქი.
თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი ავად თუ კარგად ფუნქციონირებს და რაღა საჭიროა ახლის მშენებლობა? 60000 სტუდენტისთვის გათვლილი უნივერსიტეტი საქართველოსთვის ძალიან დიდად მეჩვენება, ყველა არსებულთან ერთად ფანტასტიკურად – ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 3.5 მილიონს შეადგენს და რომელშიც დემოგრაფიული აწმყო და მომავალი საგანგაშოა. ქუთაისის მოსახლეობა ისეა შემცირებული, რომ მეორე ქალაქობა რახანია ბათუმს დაუთმო.
დემოგრაფ ანზორ თოთაძის მიხედვით, მძიმე მდგომარეობაა არა მარტო ქუთაისში, არამედ იმერეთში. იქაური მოსახლეობის დიდი ნაწილი ან საზღვარგარეთაა წასული ლუკმა-პურის საძებნად ან თბილისშია ჩამოსული. ვინ შეავსებს უნივერსიტეტს? ვინ გაუწევს მას ტექნიკურ მომსახურებას, ვინ დაალაგებს, ვინ მოუვლის სასწავლო და სტუდენტთა საცხოვრებელ კორპუსებს, საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზებს და ა.შ.?
ვინ ასწავლის ახალგაზრდებს? საქართველოს განათლების დღევანდელი „სისტემიდან“ გამომდინარე, ერთიდაიგივე პროფესურა დაოთხილი დარბის ერთი უნივერსიტეტიდან, მეორეში. იგრძნობა პროფესორ-მასწავლებელთა კადრების სიმწირე. მავანი მეტყვის – ამასაც მოევლებაო, უცხოეთიდან ჩამოვლენ სტუდენტებიც და პედაგოგებიცო.
„ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და აბრამს არქმევდნენო“ – ისეა ბიძინას საქმე. ქუთაისში რომ უცხოეთიდან სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები ჩავლენ, აღარც ბიძინა იქნება და აღარც ჩვენ. შენობას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უნივერსიტეტში მთავარი სწავლების ხარისხია, რასაც მიღწევა უნდა. რამდენი წელი დასჭირდება ქუთაისის მომავალ უნივერსიტეტს კარგი სახელის მოსაპოვებლად? ამის გათვლა ისეთივე ძნელია, როგორც საქართველოს დემოგრაფიული ვითარების ერთი ბრძანებით გამოსწორება.
ვინმემ გათვალა, რა დაუჯდება ქვეყანას ერთი პედაგოგის მოწვევა? ერთ მაგალითს მოგიყვანთ. აჭარის მეთაურს ასლან აბაშიძეს დიდი სურვილი ჰქონდა ბათუმის ერთ-ერთი სკოლის, ერთ-ერთ კლასში მოსწავლეებს ქართულთან ერთად ჩინური ენაც შეესწავლათ. ამ თემაზე თქვენს მონამორჩილს ინტენსიური მოლაპარაკებები ჰქონდა თბილისში არსებულ ჩინეთის საელჩოსთან. მათაც ბევრი შრომა გასწიეს, თუმცა არაფერი გამოვიდა. ჩინელი პროფესორ-მასწავლებლები უარზე იყვნენ. ვინც შეიძლება დათანხმებულიყო – ახალდამთავრებულები შეიძლება ყოფილიყვნენ. მათ, იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვეს – თვეში 2000 აშშ-ს დოლარი. დღეს ეს თანხა უმნიშვნელოა. თუ ჩინელი პედაგოგები ამდენს ითხოვდნენ, რას მოითხოვენ ამერიკელი ან ევროპელი პედაგოგები?
დავუშვათ ყველა ზემომოყვანილი „წვრილმანი“ მოგვარდა, რა ბედი ეწევა უნივერსიტეტდამთავრებულებს? როგორი იქნება მათი დასაქმების საკითხი? სად იმუშავებენ ისინი – არარსებულ საწარმოებში თუ ფაბრიკა-ქარხნებში? დღეს ექიმი, დეველოპერად საქმიანობს, მშენებელი – ოფიციანტად ან ტაქსის მძღოლად და ა.შ.
სასწავლებლის დაარსებას, როგორსაც ივანიშვილი გეგმავს, წინასწარი შესწავლა-გაანალიზება ესაჭიროება, რაც მეცნიერებმა (თუკი ასეთები დარჩნენ ქვეყანაში) ან უცხოელმა ექსპერტებმა უნდა გაიანგარიშონ. ერთი კაცი, თუნდაც ისეთი „გენიოსი“, როგორიც ბიძინაა, ამას ვერ შეძლებს. რასაც ის შეძლებს – ფულის გადაყრაა, ისე, როგორც საკონცერტო დარბაზის მშენებლობაში.
მავანი აქაც შემედავება – თავის ფულს ყრის და სახელმწიფოს უშენებსო. ამ სახელმწიფოს უამრავი კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს, მაგრამ არ აქვს ფაბრიკა-ქარხნები, საწარმოები, სადაც ხალხი დასაქმდება.
და კიდევ ერთი რამ – ივანიშვილი ამ ქალაქს ჩვენგან ამოქაჩული ფულით ააშენებს და არა საკუთარი მშობლების მიერ დატოვებულით. ის, არც ისეთი სულელია, თავისი ფული დახარჯოს. ისე, კაცმა რომ თქვას ქუთაისს რაც სჭირდება – გამართული საკანალიზაციო სისტემა და სასმელი წყლით მომარაგებაა. და როდესაც ეს უპირველესი აუცილებლობა არ გაქვს მოგვარებული – „ზღაპრულ“ სტუდენტთა ქალაქზე ხმა არ უნდა ამოიღო.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.