საით მივყავართ ამერიკელთა მიერ გაწვრთნილ ქართველობას?

ვინც, რუსეთთან დაკავშირებით, აშშ-ს კონგრესის სხდომა იხილა, კონგრესმენთა მკვახე, ანტირუსულ-ანტიპუტინური გამოსვლებით, უდავოდ დამერწმუნება, რომ „ცივი ომის“ ჟამი დაიარება დედამიწაზე.

ვერაფრით გავიზიარებ ე.წ. ოპტიმისტთა მოსაზრებას, ცხადია უცხოელები მყავს მხედველობაში, რომლებიც დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ამრიკა-რუსეთს შორის არის დაძაბულობა, მაგრამ არ არის „ცივი ომი“; რომ „ცივი ომი“ დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის იყო იდეოლოგიიდან გამომდინარე და მისი დღევანდელობისთვის მისადაგება შეცდომაა.

ოპტიმისტთა მოსაზრებას, მათ შორის რუსთა, მიუღებელია, რამეთუ დღეს არა მარტო იდეოლოგიურ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე, არამედ ეკონომიკურთან, სამხედროსთან, გეოპოლიტიკურთან და ა.შ.

საბჭოეთის დაშლის შემდეგ ყველას ეგონა, რომ კაპიტალიზმის გზაზე შემდგარი რუსეთი საინტერესო იქნებოდა დასავლეთისთვის. შეცდნენ. გაკაპიტალისტებული რუსეთი, რომელმაც კარგა ხანია გავლენა დაკარგა ყოფილ უმცროს (საბჭოთა რესპუბლიკები) ძმებზე, 20 წელიწადზე მეტია ცდილობს რაღაც კავშირების აღდგენას მათთან, რაც უდავოდ დიდ განგაშს იწვევს ამერიკელ პოლიტიკოსებში.

საპირისპიროდ, ისინი ძალას არ იშურებენ ახალი, მზაკვრული, ანტირუსული პროექტების შემუშავება-განხორციელებაში. ყველა მათგანი (პროექტები) აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ გუშინდელი „ცივი ომი“, დღევანდელთან შედარებით, ედემის ბაღია. მაშინ, საბჭოთა კავშირს ვინ გაუბედავდა მოსკოვის საწინააღმდეგ „უბატონო“ სიტყვას. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გავლებული იყო ზღვარი, წითელი ხაზი, რომლის გადალახვა ორივესთვის დაუშვებელი  იყო.

რუსეთთან უწინდელ თავშეკავებულ დამოკიდებულებას ადგილი არ აქვს. კაპიტალისტური რუსეთი ამერიკისთვის იმაზე მეტი მტერია, ვიდრე საბჭოეთი. როდესაც  მსოფლიოში პირველობის ამბიციები ჩნდება, იქ აღარავინ აქცევს ყურადღებას მეტოქის იდეოლოგიას ანუ კომუნისტურობას, მთავარია მისი გაბარიტები, წიაღისეული სიმდიდრეები, პოტენციური შესაძლებლობა და დამოკიდებულება მსოფლიო პოლიტიკისადმი.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორიისა და წიაღისეული სიმდიდრეების მფლობელი რუსეთი, შურს აღძრავს თუნდაც ლიდერ სახელმწიფოში, რომელიც ყველანაირად შეეცდება ასეთისთვის რაღაცის წართმევას, მისი სიმდიდრეების დაპატრონებას, მსოფლიოში, მეტოქის მზარდი ავტორიტეტის განქიქებას, გავლენის სფეროთა შემცირებას და სხვა.

რომ არა ბირთვული იარაღი, რახანია ომი იქნებოდა ატეხილი დასავლეთის სანუკვარი მიზნების განსახორციელებლად. თავის გადარჩენაში ბირთვულ ბომბს უნდა უმადლობდეს კაცობრიობა. რომ არა ის, წარმოიდგინეთ, რას მოიმოქმედებდნენ განრისხებული ამერიკელი კონგრესმენები, ისინი, ვინც ანტირუსული რეზოლუცია მიიღეს, რუსეთის დასაჩმორებლად?

არ შევუდგები კონგრესმენთა გამოსვლების ციტირებას, რამეთუ ყველა მათგანი ერთ ტონალობაში იყო ჩამოყალიბებული, სხვადასხვა სიტყვებით – არადემოკრატი, აგრესორი, უკრაინის ომის გამჩაღებელი, მეზობელი ქვეყნების მოლდოვის, საქართველოს, უკრაინის საშინაო საქმეებში ხელის მოფათურე, შიშის მომგვრელი, მსოფლიოს დაძაბულობის კერა, ერთი სიტყვით ყველაფერი ის, რაც სრულიად თავისუფლად და რაც მთავარია დამსახურებულად შეიძლება ეწოდოს აშშ-ს.

აშშ-ი, რუსეთის კრიტიკოსი, ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებში, თვით გვევლინება ამგვარ ქვეყნად. თვალი შეავლეთ იმ მასობრივ, მრავალათასიან მიტინგებსა და მსვლელობებს, რასაც აშშ-ს ქალაქებში აქვს ადგილი. გაიხსენეთ რამ გამოიწვია ეს და დაინახავთ ამერიკულ დემოკრატიას – პოლიციელთა მიერ უდანაშაულო ზანგი ბიჭების მასობრივ ხოცვას ამერიკის ქალაქების ქუჩებში. „დამნაშავე“ მხოლოდ შავკანიანია. აშშ-ს ციხეებში შავკანიანთა რაოდენობა, გაცილებით სჭარბობს თეთრკანიანებს, ისე, როგორც თეთრკანიანი მილიარდერ-მილიონერები შავკანიანებს.

ამერიკას, რომელსაც, კანის ფერიდან გამომდინარე, პრობლემები გააჩნია და თანაც სერიოზული, სხვა ქვეყნის ანტიდემოკრატიულობაზე სიტყვას არ უნდა ძრავდეს. ამერიკელი სენატორი მაკკეინი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს ნეოფაშისტს არ უნდა ეძახდეს, ხოლო რუსეთს – აგრესორს. ქვეყანა, რომელმაც 23 წელიწადის განმავლობაში მილიარდობით დოლარი ჩაყარა უკრაინული ფაშიზმის აღორძინებაში და რუსეთთან დაპირისპირებაში, სიტყვას არ უნდა ძრავდეს რუსეთის აგრესიაზე.

ქვეყანა, რომელმაც ყველაფერი იღონა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების და რუსეთის საზღვრებთან ნატოს ბაზების განთავსებისთვის, თავს მშვიდობის მტრედად არ უნდა წარმოაჩენდეს. ქვეყანა, რომელიც თვალს ხუჭავს უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გაჩაღებასა და ენით აუწერელ დანაშაულზე, რუსეთს არ უნდა ადანაშაულებდეს მეამბოხეთა იარაღით და ცოცხალი ძალით დახმარებაში.

ისმენ ამერიკელ პოლიტიკოსთა ტყუილებით გაბერილ, აშკარა პროპაგანდისტულ განცხადებებს და უმალ გებადება სურვილი დაიცვა რუსეთი, შენი ქვეყნის ტერიტორიების მიმტაცებელი. თუმცა ამ მიტაცებაშიც ხომ ვაშინგტონის უდიდესი წვლილია? როდესაც კავკასიიდან ათი ათასი კილომეტრით დაშორებული აშშ-ი, რუსეთის საპირისპიროდ, აპირებს სამხედრო ბაზის გახსნას, რა შეიძლება ეწოდოს ამას?

და რატომ არის რუსეთი დამნაშავე იმაში, რომ თავის დასაცავად 2 ბაზა გაიკეთა საქართველოს ტერიტორიაზე? რატომ აძლევს თავს უფლებას ვაშინგტონი იყოს ყველას და ყველაფრის არბიტრი? რატომ აძლევს თავს უფლებას განაცხადოს შემდეგი – არ გაიყვანს რუსეთი საქართველოდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან თავის სამხედრო ბაზებს და ჯარისკაცებს – დავსჯით ეკონომიკური სანქციებით.

მაშინ, როდესაც მსოფლიოს 15 ქვეყანაში 600 ამერიკული სამხედრო ბაზაა. აშშ-ი არა მარტო რუსეთისკენ იშვერის ხელს, ირანისკენ, ჩინეთისკენ და ყველა იმ ქვეყნისკენ, სადაც აშშ-ს პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. არ შეწყვეტთ ბირთვულ კვლევებს და დაგიწესებთ ეკონომიკურ სანქციებს – ეუბნებიან ისინი ირანელებს.

რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულმა სანქციებმა სერიოზული ეკონომიკური ზარალი მიაყენა როგორც რუსეთს, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, სხვებს, მათ შორის საქართველოს. გლობალიზაციის ჟამს დიდი ქვეყნის დაცემინება დანარჩენი ქვეყნების, განსაკუთრებით პატარების და სუსტების ფილტვების ანთებას იწვევს. სწორედ, ამ ანთებასთან გვაქვს საქმე საქართველოს მაცხოვრებლებს და არა მარტო საქართველოს.

ლარის კურსის დაცემაში, ეკონომიკური ვითარების გაუარესებაში პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციებია – ნავთობზე ფასების ხელოვნური დაწევა, ნავთობის წარმოების ძველ დონეზე შენარჩუნება, სხვა ღონისძიებები. რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული ღონისძიებების ბრალიცაა საქართველოში ეკონომიკური და საფინანსო ვითარების მკვეთრი გაუარესება.

ჩვენ კი ისევ ამერიკულ სიმღერას ვმღერით; ისევ ნატოში შესვლისკენ გვიჭირავს თვალი; ისევ დავრბივართ ბრიუსელში პროცესის დასაჩქარებლად; ისევ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში მიგვიღებენ და როდესაც ეს მოხდება, გვგონია,  უმალ სამოთხეში აღმოვჩნდებით.

ვაშინგტონ-ბრიუსელის ტყუილი ლაყბობა – დაპირებებს აყოლილი საქართველოს ხელისუფლება არაფრად აგდებს მეზობელი ქვეყნების სარგებლიან შემოთავაზებას და ნაცვლად ამისა, სხვის გასახარად (ამ შემთხვევაში აშშ-ს), კეთილი საქმით მოსულ მეზობელს წიხლს თავაზობს. რა შეიძლება ვუწოდოთ ამას, თუ არა უმადურობა?

ბოლო ორი წლის განმავლობაში ირანმა არაერთი საინტერესო პროექტი წარუდგინა საქართველოს ხელისუფლებას. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ვიტყვი მთავარს – გაზსადენისა და ნავთობსადენის მშენებლობა ირან-საქართველოს შორის. შავ ზღვაზე ნავთობგადამამუშავებელი კომბინატის მშენებლობა. ნავთობითა და გაზით საქართველოს მომარაგება. საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, ენერგომატარებლების გატარების თვალსაზრისით. ზაფხულის თვეებში საქართველოს ჭარბი ელექტროენერგიის შესყიდვა და ნაცვლად – ზამთრის თვეებში ირანის ელექტროენერგიის მოწოდება; მტკვრის წყლის წყალსადენი მილებით გატანა; სოფლის მეურნეობის აღორძინების პროექტის წარმოდგენა და განხორციელება. ყოველივე აღნიშნულში მილიარდობით დოლარის დაბანდება.

დღეს, როდესაც უცხოური ინვესტიციებისთვის ყველა ქვეყანა მზადაა შეუძლებელი შეძლოს, ქართველი არხეინადაა და კარზე მომდგარ ირანულ ინვესტიციებს დაცინვით, ალმაცრად უყურებს, თავსაც არ იწუხებს პასუხი მაინც აცნობოს ინვესტიციების პოტენციურ ჩამდებს.

მავანი უმალ იკითხავს – რატომ? იმიტომ, რომ აშშ-სა და ისრაელს არ აწყობთ ირან-საქართველოს დაახლოება. არადა არც ერთი მათგანი არ აკეთებს იმას, რაც საქართველოს ეკონომიკისთვისაა საჭირო. მათი პროექტები მსუბუქია და ვერაფრით მოვა ირანის გიგანტურ პროექტებთან, რომლებიც დამშეული და უმუშევარი საქართველოს გამოკვებვასა და დასაქმებაზეა ორიენტირებული.

დაასახელეთ თუნდაც ერთი სერიოზული პროექტი აშშ-ს კაპიტალით ამოქმედებული. დიახ! არის ასეთი ლუგარის სახელობის საეჭვო დანიშნულების კვლევითი ცენტრი, რომლის არსებობის ვარგისიანობა ჯერაც დასადგენია.

არავინ ამბობს, რომ აშშ-ი ფულს არ დებს საქართველოში. დებს და მერე როგორ?! მოჭარბებულად, მიზანმიმართულად – არასამთავრობო ორგანიზაციებში, ლოიალურად განწყობილ პოლიტიკოსებში, მათ გაწვრთნა-ჩამოყალიბებაში და ამერიკულად მოქცევაში.

მილიონობით დოლარია დახარჯული ქართველთა გაამერიკულებაში და ყოველივე იმისთვის, რომ მას (ამერიკას) მტკიცე პლაცდარმი ჰქონდეს შექმნილი საქართველოში. აშშ-ს არ აინტერესებს ქარხანა, საწარმო, დასაქმება. მას აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციები, მორჩილი ჟურნალისტიკა, მორჩილი ექსპერტობა, რაც გაცილებით ბევრის მომტანია ამერიკისთვის და არა საქართველოსთვის.

გაამერიკულებული ქართველი, ამერიკელზე მეტად ამერიკელია. ასეთს სადაც გინდა, იქ გამოიყენებ. მაგალითი უკრაინაა – გაამერიკულებული კვიტაშვილი და ზღულაძე უმალ შეელიენ საქართველოს მოქალაქეობას და უკრაინისა მიიღეს მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პორტფელების სანაცვლოდ. რამდენი ასეთი იქნება მომავალში?

ამერიკელთა გაწვრთნილი ქართველობა თუ თოფით ხელში იბრძვის ავღანეთში, არ შეიძლება კალმით ხელში იბრძოდეს უკრაინაში? თუმცა უკრაინაში ე.წ. სეპარატისტების წინააღმდეგ იმ ათასზე მეტ უცხოელთან ერთად ქართველებიც იბრძვიან.

დავუბრუნდეთ მსუყე ირანული ინვესტიციების თემას. ამერიკელთა შიშით, საქართველოს ხელისუფლება უარზეა, უფრო მეტიც, ისეთ სავიზო წესებს ამოქმედებს, რომელიც შეურაცხყოფის ტოლფასია. შეურაცხყოფაა ის, როდესაც ორ ქვეყანას შორის არსებულ უვიზო მიმოსვლას ერთი (საქართველო) შლის და მეორეს სავიზო რეჟიმად უქცევს. მეორე კი ძველებურად ტოვებს ყველაფერს.

შეურაცხმყოფელია, როდესაც მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეს, ვიზების მისაღებად მისულს, თეირანში, საქართველოს საელჩოში კარს არ უღებენ. არათუ კარს, ტელეფონსაც არ იღებენ. შეურაცხყოფაა, როდესაც ირანში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად ექცევა ქართველთა სისხლსა და ხორც ფერეიდნელებს. ტყუილიაო, უმალ იტყვიან საელჩოსა და სამინისტროში. არა, ბატონებო, სანდო ირანულმა „ჩიტებმა“ მოგვიტანეს ეს ამბავი და თანაც არა ერთ დღეს. ყველა როგორ ალაპარაკდა საელჩოს „პურმარილიან მასპინძლობაზე“? მაგრამ მარტო საელჩოს ბრალია ესოდენ „კორექტული“ ქცევა? არამც და არამც – ხელისუფლებაა შუაში, უფრო სწორად თავში.

წყალს გაჰყვა ირანში ყოფილი ელჩის ჯანჯღავას მცდელობა ორი ქვეყნის ხალხთა დაახლოების, ბიზნესის განვითარების, ტურიზმის გაფართოების საქმეში. ან რა ტურიზმზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც თბილის-თეირანს შორის წინათ არსებული საჰაერო რეისებიდან არცერთი არ მოქმედებს. ვიზის მისაღებად მხოლოდ ინტერნეტით უნდა ისარგებლოთ, პასუხსაც იქიდან გაიგებთ – „სწრაფად“ ანუ 2-3 კვირის შემდეგ.

საქართველოში, სადაც მეტნაკლებად მოქმედებდა ირანული ბიზნესი, დღეს ირანელს ვერ დალანდავთ. არა ტურისტი, არა ბიზნესმენი, არა საბანკო ოპერაციები, ირანელს ეს უფლებაც წაართვეს, ისე როგორც კერძო საკუთრების უფლება.

ორი წლის წინათ არსებული მჭიდრო ურთიერთკავშირებიდან გამომდინარე ირანელმა ბიზნესმენებმა, საქმიანმა ხალხმა ბინები, ავტომანქანები, ოფისები შეიძინეს თბილისში, სხვაგან. დღეს, ისინი ირანში არიან ჩარჩენილი, ვერ შემოდიან საქართველოში; ვერ შემოაქვთ კაპიტალი; ვერ ხარჯავენ მას აქ.

„უცხოური კაპიტალის, განსაკუთრებით დოლარის, ევროს დეფიციტიაო საქართველოში“, – ამბობენ.  დეფიციტზე უარესი იქნება, როდესაც ესოდენ უჭკუო მიდგომა გაქვს შენს მეზობელ ირანთან. და ყოველივე ეს ამერიკელთა საამებლად, ისრაელის წინაშე კოჭის საგორებლად. არავინ ითხოვს ამ ქვეყნებთან ურთიერთობის გამკაცრებას, მაგრამ როდესაც ისინი გაძალებენ ამას, შენ ხომ უნდა გამოიტანო შესაბამისი დასკვნები?

სავიზო შეზღუდვებმა მძიმედ იმოქმედეა ერაყელებზეც. კვირა ისე არ ჩაივლიდა, ასობით ერაყელი ტურისტი არ ჩამოსულიყო თბილისში. ერაყელებმა სასტუმროც გახსნეს ბელინსკის ქუჩაზე. თითო ერაყელი მნიშვნელოვანი ფული იყო საქართველოს ბიუჯეტისთვის. ერაყელთა მიერ აქ დახარჯული ფული, ისე, როგორც ირანელთა, მალამოსავით ედებოდა ნაიარევ ქართულ ბიუჯეტს.

არაო! ბრძანა ვიღაცამ ზევიდან და ერთ დღეს, ერთ საათში შეწყდა ტურიზმიც, უძრავ-მოძრავი ქონების შესყიდვაც, ირანელთა და ერაყელთა მიერ საქართველოს კაფეებში, რესტორნებში, სხვა კვების თუ გასართობ ობიექტებში ფულის ხარჯვა; შეწყდა ბიზნესი, საბანკო ოპერაციები, ყველა ის საქმიანობა, რასაც ფული შემოჰქონდა.

დაწესდა სავიზო რეჟიმი, გაუქმდა საჰაერო მიმოსვლა. თბილისში მოსახვედრად ირანელმა მესამე ქვეყანა უნდა გაიაროს. იქ მინიმუმ 15 საათი უნდა იყურყუტოს, თბილისისკენ მომავალი თვითმფრინავის ლოდინში და ეს მაშინ, როდესაც თბილის-თეირანის საჰაერო მარშრუტს სულ ერთი საათი სჭირდება.

ქართველთა მხრიდან განაწყენებულმა ირანულმა ბიზნესმა სხვას მიაგნო ანუ სამხრეთ-ოსეთთან დაიწყო ბიზნესური ურთიერთობების ჩამოყალიბება. სულ ახლახანს, საინფორმაციო სააგენტო „REGNUM“-ი იუწყებოდა ცხინვალში ირანელი ბიზნესმენების ჩასვლის თაობაზე. „სამხრეთ-ოსეთის მეწარმეთა კავშირის“ თავმჯდომარის მარინა ძიგოევას მიხედვით, ირანელი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ ცხინვალში, სადაც გამართეს ოს კოლეგებთან შეხვედრა.

პირველი შეხვედრა უფრო გაცნობის ხასიათს ატარდებდა, თუმცა ირანელებს აინტერესებდათ სოფლის მეურნეობის საკითხები. მხარეები შეთანმხდნენ კონკრეტული პროექტების შემუშავებაზე. ირანელმა მეწარმეებმა მოიწვიეს ოსი კოლეგები ირანში სამეწარმეო საკითხების, ახალი ტექნოლოგიების და ბიზნესის წარმოების გაცნობის მიზნით.

დარწმუნებული ვარ ირანული ბიზნესი გზას გაიკვალავს სამხრეთ-ოსეთისკენ, რაც ნეგატიურად აღიქმება თბილისში. არადა საზრიანი, ბალანსირებული პოლიტიკის შედეგად ირანული ინვესტიციებიც განხორციელდებოდა და სხვაც, მაგრამ ამისთვის ის მინიმუმია საჭირო, რომელსაც გეოპოლიტიკური ვითარების აღსაქმელი მექანიზმი ჰქვია ანუ ჭკუა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.