სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები

„რევოლუციურმა“ კულმინაციამ ჩაიარა, თუმცა არაერთი კითხვა გააჩინა, რომლებიც პასუხს ელიან. მთავარი კითხვა ისევდაისევ ქვეყნის ყოფილ პირველ პირს სააკაშვილს უკავშირდება, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან სწორედ ის იყო „რევოლუციის“ ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი, ცხადია „ნაცმოძრაობის“ იმ ბობოლა წევრებთან ერთად, საქართველოში რომ არიან დარჩენილნი.

სააკაშვილ-ბოკერიას, სააკაშვილ-გვარამიას სატელეფონო საუბრები სერიოზული დაფიქრების საგანია და დიდ სიფრთხილეს მოითხოვს ხელისუფალთა მხრიდან, მაგრამ კოალიციაში არსებული, კარდინალურად განსხვავებული აზრი ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, გვაფიქრებინებს, რომ სააკაშვილის გეგმებთან ბრძოლაში მას (ხელისუფლებას) სამწუხაროდ ნაკლებად მყარი პოზიციები აქვს.

სააკაშვილ-ადეიშვილის საუნაში გამართულმა ლაპარაკმა და ჩვენთვის კარგად ცნობილი „რესპუბლიკური“ გვარების ხსენებამ, თავისთავად გააჩინა ეჭვი „ოცნების“ კოალიციის ერთსულოვნების თაობაზე. უსუფაშვილ-ხიდაშელის პოლიტიკური და ოჯახური ტანდემი, რომ წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სააკაშვილთან, ცნობილი ფაქტია. მარტო ის რად ღირს, როდესაც „ნაცთა“ მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების (2003 წელი) ერთ-ერთი დამკვრელური ძალა „რესპუბლიკელები“ და ზემონახსენები ტანდემი იყვნენ.

გუშინდელივით მახსოვს, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, ხმაური, პარლამენტის დარბაზის ცენტრალური კარის ძალით გაღება და სხდომაზე სააკაშვილის შემოჭრა ბღავილით – გადადექით! სააკაშვილს მხარს უმშვენებდნენ მომავალი მინისტრები, სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის ხიდაშელი. მაშინ „ვარდების რევოლუციამ“ გაიმარჯვა და პარლამენის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო თანამდებობების განაწილებაც განხორციელდა. სააკაშვილის „რევოლუციაში“ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის „ნაცთა“ ბელადმა დაუფასა „რესპუბლიკელებს“ და ერთობ გავლენიანი თანამდებობებიც არგუნა.

2003 წლიდან მოყოლებული „რესპუბლიკელები“ და „ნაცები“, მიუხედავად გარკვეული კინკლავისა, მაინც ახერხებდნენ საერთო ენის პოვნას, რაც არ იყო გასაკვირი, ვინაიდან საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მთავარ საკითხებში მათი მსოფმხედველობა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს.

ძველი ნაცნობობა, უფრო სწორად თანამშრომლობა – ამჯერად არასაჯარო, არ დაჟანგულა, რის დამადასტურებელია თუნდაც ცოლ-ქმრის კიევში ვიზიტის დროს სააკაშვილის მონახულება. ამ ფარული შეხვედრის შესახებ უკრაინულმა მედიამ გვაუწყა, რამაც მრავალი კითხვა გააჩინა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ მათ პასუხი არ გასცემია. კითხვები ასეთი იყო – შეხვდნენ თუ არა ცოლ-ქმარი სააკაშვილს და რაზე ილაპარაკეს; ფარული ჩანაწერი შეეფერება თუ არა სინამდვილეს და ა.შ.

ურთერთის „ტრფობის“ სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მათ შორის უსუფაშვილის საახალწლო მილოცვა სააკაშვილისთვის, რაც თავისთავად გვაფიქრებინებს „ოცნების“ კოალიციის ნაკლებ სიმტკიცეზე.

კოალიციის განსხვავებულმა აზრმა გამოიწვია „ნაციონალების“ პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივება, ე.წ. კოჰაბიტაცია, რამაც საბოლოო ჯამში ერთობ გაუმაგრა ფუნდამენტი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ბელადს და არათუ გაუმაგრა, იმაზეც აფიქრებინა, რომ „გადატრიალების“ შემთხვევაში, ისინი („ნაცები“) „ოცნების“ კოალიციაში თანამოაზროვნეებს დაეყრდნობიან. სხვას ვერაფერს იფიქრებ სააკაშვილის სატელეფონო ლაპარაკიდან გამომდინარე – ჯარი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს (გადატრიალების დროს) და ნაკლებ პრობლემებს გაუჩენს გადამტრიალებლებს.

„რევოლუციურმა“ კულმინაციამ ჩაიარა, მაგრამ ისეთი კითხვა გააჩინა, რომელმაც უპირველესად ხელისუფლება უნდა დააინტერესოს. მაინც რა არის ეს კითხვა? არის თუ არა „რუსთავი-2“-ს არშემდგარი „რევოლუცია“ უკანასკნელი და დაესმება თუ არა სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას წერტილი.

სააკაშვილი, არც ასაკით და არც აგრესიული ავანტიურიზმით არ ჩამოუვარდება  მსოფლიოს არც ერთ ავანტიურისტს – ისტორიულს თუ თანამედროვეს. ამ პიროვნებას ავანტიურიზმთან ერთად დიდი ბოროტებაც აქვს. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც მის სატელეფონო ჩანაწერს მოისმენ – მეტი მსხვერპლით, განსაკუთრებით ქალით, დედით, მრავალშვილიანით.

ეს, ის ავანტიურისტია, რომელიც მიზნის მისაღწევად ყველა ხერხს გამოიყენებს, მათ შორის არაადამიანურსაც. სწორედ, ამ თვისებებით შემკული ავანტიურისტი ხიბლავს აშშ-ს. ის ხომ სააკაშვილის აღმომჩენი, გამზრდელი, დამრიგებელია. სააკაშვილის სახით, აშშ-ს გარკვეულმა წრეებმა მიაგნეს პიროვნებას, რომელიც გაცილებით მეტი ამერიკელია (ავანტიურიზმის თვალსაზრისით), ვიდრე თვით ამერიკელი. სააკაშვილი არის პირი, რომელიც მუდამ შეასრულებს ვაშინგტონის შეკვეთას რუსეთის წინააღმდეგ და არა მარტო რუსეთის და შეასრულებს იმაზე მეტად კარგად, ვიდრე თვით ვაშინგტონი ითხოვს.

სააკაშვილი უდიდესი მიგნებაა აშშ-ს პოლიტიკური წრეებისთვის, საგანძური, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე და მაშინ ააკაშკაშო, როდესაც გიჭირს. ასე და ამრიგად ვაშინგტონმა სააკაშვილი უკრაინაში ააკაშკაშა, მოლდოვასთან ჩაახუტა, სირიაში მებრძოლ ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დააკავშირა.

სააკაშვილის გვარამიასთან ლაპარაკში სააკაშვილის მხრიდან ითქვა „ბოევიკების“ გამოყენების თაობაზე. ბევრმა შეიძლება არც კი მიაქცია ყურადღება – რა „ბოევიკებზე“ მიანიშნებდა სააკაშვილი ე.წ. რევოლუციის დროს. არადა ეს ფრაზა უდავოდ იმსახურებს ყურადღებას მრავალ მიზეზთა გამო.

სიტყვა „ბოევიკს“ ხმარობენ მაშინ, როდესაც ტერორისტულ საქმიანობაზე ლაპარაკობენ. ამჯერად „ბოევიკების“ მოხსენიება უკავშირდება სირიაში არსებულ ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“. ცნობისთვის, მოგახსენებთ, რომ ამ „სახელმწიფოს“ იარაღქვეშ ასობით საქართველოს მოქალაქე იბრძვის პანკისიდან დაწყებული, აჭარით დამთავრებული.

რადიკალ ისლამისტებთან „ნაცთა“ ბელადის და ზოგიერთი „ნაცის“ კავშირი, ცნობილი ფაქტია, რის შესახებაც დაწვრილებითაა აღწერილი ამერიკელი მეცნიერის, ექსპერტის ჯატრასის წიგნში, რომელიც წელიწადნახევრის წინ გამოიცა აშშ-ი.

ბატონი ჯატრასი მოურიდებლად აღწერს სააკაშვილის ხელისუფლების მჭიდრო ურთიერთობებზე ისლამისტ ტერორისტებთან. აღწერს იმაზეც, რას წარმოადგენს საქართველო სხვადასხვა ჯურის ტერორისტებისთვის. უპირველესად, ხაზგასმით აღნიშნავს სატრანზიტო მარშრუტზე, უცხოეთიდან საქართველოს გავლით, ჩრდილო კავკასიაში გადასვლაზე.

ჩეჩნეთში მეომარი „ბოევიკების“ გზა სააკაშვილის დროს არ გახსნილა – შევარდნაძის მმართველობისას დაიწყო, მაგრამ სააკაშვილმა ამ მარშრუტს მეტი აქტუალობა შესძინა. გახსოვთ ალბათ, თუ რაოდენ გამწარებით აცხადებდნენ რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები არაბი „ბოევიკების“ პანკისის გავლით ჩეჩნეთში შესვლის თაობაზე. ისიც გემახსოვრებათ, რა ურცხვად გაიძახოდა „ნაცმოძრაობა“ რუსების მიერ გამოგონილ „ტყუილებზე“. არადა მოსკოვი მართალი იყო,  მას უტყუარი ფაქტები ჰქონდა.

ამერიკელი მკვლევარი წერს – „ბეივიკებთან“ „სასიყვარულო“ თამაშს სააკაშვილის ხელისუფლება კურირებს, პირადად შს მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე. გარდა ამისა, წიგნში ნახსენებია თბილისში გამართული ფარული თათბირების შესახებ, რომელშიც სხვა ტერორისტებთან ერთად მონაწილეობას „ალ-ქაიდას“ წარმომადგენლებიც იღებდნენ.

ძველი ამბის გახსენება ურიგო არ არის, მითუმეტეს, როდესაც ეს არცთუ ისე ძველი, ახალს უკავშირდება. „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ „შავმა“ მოქმედებამ არაერთხელ იჩინა თავი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის წინააღმდეგ, ცენტრალური ხელისუფლების (კიევის) მიერ გაჩაღებულ ომში.

სირიიდან უკრაინაში გადასროლილი „ბოევიკები“ უცხოური ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუებში დაუფარავად აცხადებდნენ მათი ბრძოლის მიზნებზე – რუსეთის წინააღმდეგ. დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ ომში, მათ გვერდით ქართველი „ბოევიკებიც“ იბრძოდნენ, ზოგი აქედან, ზოგიც იქიდან ანუ „ისლამური სახელმწიფოდან“.

სირიაში ომი ახალ ფაზაში შედის. რუსეთის საჰაერო ძალების მიერ დაბომბილ ტერიტორიებს, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ „არმიაა“ გამაგრებული, უტევს სირიის სამთავრობო ჯარი, „ჰესბოლას“ მეომრები, ქურთთა შეიარაღებილი ძალები. „ისლამური სახელმწიფო“ უკან იხევს. ადგილი აქვს დეზერტირობას.

ომის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ მეზობელ ქვეყნებს მიაშურებენ. ბევრი მათგანი სამშობლოს დაუბრუნდება და იქ გააგრძელებს „მოღვაწეობას“.

„ისლამური სახელმწიფო“ რომ სახელმწიფო იყოს, მსგავს მიგრაციას ადგილი ნაკლებად ექნებოდა, მაგრამ „ისლამური სახელმწიფო“ ტერიტორიის გარეშე არსებული „სახელმწიფოა“. მართალია, ამ „სახელმწიფოს“ სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორიები აქვს დაკავებული – თანაც ნავთობით მდიდარი, მაგრამ ეს, ის არ არის, ვისთანაც ომის დამთავრების დროს ხელი მოეწერება უსიტყვო კაპიტულაციის აქტს.

ტერორისტები დატოვებენ სირიის ტერიტორიებს და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება, ნაწილი კი იქ „იმოღვაწებს“, სადაც ცხელი წერტილია და სადაც მას თავს უკრავს აშშ-ს სპეცსამსახურები.

არის თუ არა საქართველოში დაბრუნებული ისლამისტი „ბოევიკების“ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში ჩართვა შესაძლებელი? – რატომაც არა! თუ გავითვალისწინებთ „ნაცთა“ მჭიდრო კავშირებს საერთაშორისო ტერორიზმთან. იქნებ სწორედ ამ „ბოევიკებზე“ ამბობდა სააკაშვილი სატელეფონო საუბარში?

გარდა ამ სატელეფონო საუბრებისა, რომლებმაც საქართველომდე მოაღწიეს, რუსეთის ტელეარხებმა სხვა სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნეს – სააკაშვილ-კეზერაშვილის, სადაც ნახსენები იყო უკრაინელი მაღალჩინოსნის გერაშჩენკოს და ამერიკელი სენატორის მაკკეინის გვარებიც. საუბარი შეეხება ტერორისტულ აქტს, რომელიც უნდა განხორციელდეს სირიის ტერიტორიაზე, უკრაინელი სამხედრო სპეციალისტების მიერ. ისინი ჩამოაგდებენ აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავს და დააბრალებენ რუსეთს.

სააკაშვილ-კეზერაშვილს უკვე ჰქონდათ სატელეფონო საუბარი „ისლამურ სახელმწიფოში“ მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებთან, „ისლამურ სახელმწიფოს“ მმართველობაში მყოფებთან, რომლებიც გზას გაუხსნიან უკრაინელ „ბოევიკებს“ ოპერაციის განხორციელებაში. თუ რა მოჰყვება ამ „ღონისძიებას“, თქვენ თვითონ განსაჯეთ.

აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება რომ დააპირისპირებს ვაშინგტონ-მოსკოვს – ფაქტია. ვაშინგტონი, რომელიც რახანია ეძებს რუსეთთან დაპირისპირების შესაფერის მომენტს, თვითმფრინავის ჩამოგდებას, წინასწარ დამზადებული ვიდეო-კადრებით, რუსეთის დასაგმობი მასალით შეხვდება. დღესაც კი, აშშ-ს მედია და პოლიტიკოსები რუსებს ადანაშაულებენ სირიის საავადმყოფოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, რაც სრული სიცრუეა.

ამერიკა-რუსეთის ისედაც მძიმე ურთიერთობის კიდევ უფრო დამძიმება ხელს აძლევს როგორც სააკაშვილს, ისე აშშ-ს გარკვეულ ძალებს, უკრაინის ხელისუფლებას. ყველა მათგანი რუსეთის წინააღმდეგ არის შემართული და დივიდენდებს მოელის.

ზემომოყვანილი მაგალითები სულაც არ არის სტატიის ავტორის ავადმყოფური აზროვნების ნაყოფი, ის უფრო პრეზიდენტყოფილის, აშშ-ს გარკვეული წრეებისა და უკრაინის ხელისუფლების ავადმყოფური აზროვნების ნაყოფია, რომლის ცხოვრებაში განხორციელება, მძიმედ დაუჯდება მსოფლიოს.

ორმაგი სტანდარტი აშშ-ს პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ერთი ხელით ის აწარმოებს მოლაპარაკებას ვენაში – სირიის საკითხის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად, მეორის მხრივ – „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს ამარაგებს იარაღით, ე.წ. ზომიერი „ბოევიკების“ დასახმარებლდ 50 ამერიკელ სამხედრო ექსპერტს აგზავნის სირიის ჩრდილოეთში; თვალს ხუჭავს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ნავთობით ვაჭრობაზე. „ტერორისტული ნავთობი“ დღისით, მზისით სირიის ტერიტორიის გავლით შედის თურქეთში, იქიდან გემებით სხვა ქვეყნებში. ხიბლი დიდია – 15 დოლარი ბარელზე.

რუსეთის სირიაში გამოჩენის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური ვითარება იცვლება, ცხადია არა ვაშინგტონის სასარგებლოდ. ამდენად, ის მზადაა ნებისმიერ ავანტიურაზე წავიდეს და თუ ამ საქმეში მას სააკაშვილი და „ნაცები“ გაუწევენ დახმარებას, მათი წვლილი დაფასდება.

სააკაშვილის უზომო მადლიერი იქნება უკრაინის ხელისუფლებაც, რომელსაც ყოველღამ ესიზმრება ერთმანეთზე გადაკიდებული ამერიკა-რუსეთი.

ძნელია ვარაუდი იმისა, რა სიზმრებს ნახულობს საქართველოს ხელისუფლება ან საერთოდ ნახულობს თუ არა. მან ვერადავერ შეიმუშავა სააკაშვილ-„ნაცებთან“ საბრძოლო მოქმედების გეგმა; ვერადავერ მიანიშნა უკრაინის ხელისუფლებას აშკარა ანტიქართულ პოლიტიკაზე, თუ არ ჩავთვლით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მისამართით გაგზავნილ წერილს, სადაც ის მოუწოდებს მას ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს ოდესის გუბერნატორის სააკაშვილის საჯარო განცხადებებს და მოწოდებებს საქართველოს  ხელისუფლების დასამხობად.

საქართველოს ხელისუფლებამ, დარწმუნებული ვარ განაწყენებულმა, ისიც ვერ მოახერხა საკუთარი გულისწყრომის გამოსახატავად, დიპლომატიაში მიღებული მეთოდი გამოეყენებინა – დროებით გამოეწვია საქართველოს ელჩი უკრაინაში და ატაშეს დონემდე დაეყვანა საელჩოს ფუნქციონირება. მაგრამ რა გაეწყობა, ძალა აღმართს ხნავს, რომ იტყვიან – ისეა მისი საქმე. მან იცის, ელჩის გამოწვევით ვაშინგტონს გაანაწყენინებს.

სადამდე უნდა გაგრძელდეს „სუვერენული“ ქვეყნის, სხვა ქვეყნის თვალებში ციცინი?

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.