სააკაშვილის ფენომენი

მკითხველს ემახსოვრება საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის ნათქვამი – საქართველო მსოფლიოს მე გავაცანიო. მაშინ ვაიპატრიოტებმა ისეთი ხმაური ატეხეს – რა სჭირს საქართველოს, უდიდესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანას, სააკაშვილის გასაცნობიო, რომ ნებისმიერ მტერს თვალი დაუდგებოდა. არადა მართალი იყო მაშინდელი პრეზიდენტი, ვინაიდან თანამედროვე, დახვეწილი საკომუნიკაციო საშუალებების წყალობით, ინტერნეტსა და ტელეეკრანს მუდამ „პირველ გვერდზე“ ჰქონდათ გამოტანილი საქართველოს „ამბები საგმირონი“.

მსოფლიოს დღესაც ახსოვს 2003 წელს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე შევარდნა, მოქმედი პრეზიდენტის შევარდნაძის დარბაზიდან „გაპარება“, ტრიბუნაზე გამარჯვებული სააკაშვილის მიერ პრეზიდენტ შევარდნაძისთვის განკუთვნილი ჩაის მოსმა და პატრიოტული სიტყვა.

ახსოვს, უკვე პრეზიდენტობის დროს აჭარის შტურმი, აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ბათუმიდან იძულებითი წასვლა; სამხრეთ ოსეთის დაბრუნებისთვის ქართველ სამართალდამცავთა პირველი მარცხი ცხინვალში და დაჩოქება, 2008 წლის აგვისტოს ომი –  ყოფილი ავტონომიის დასაბრუნებლად, დამარცხება და ჰალსტუხის ღეჭვა, გორთან მიწაზე ხოხვა.

სხვაც ბევრი ახსოვს სასაცილოც და დამამცირებელიც. თავისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ბევრი იყო ისეთი, რომლის გახსენება ჟრუანტელს გვგვრის და ცუდ განწყობაზე გვაყენებს, მათ შორის ცოცხის ტარებს გამორჩეული ადგილი უკავია. გვახსოვს სექსმოძალებული პრეზიდენტის ნადირობა ადგილობრივ თუ უცხო ქვეყნის ქალთა სქესზე, შემდეგ უხვად გავრცელებული ჭორ-მართალი, უფრო მეტად მართალი.

ისიც გვახსოვს ადგილობრივ ლამაზმანებთან ერთად, პრეზიდენტის თვითმფრინავით, სპონტანურად, რომელიმე სახელმწიფოში დროის სატარებლად გაფრენა. გვახსოვს მისი გამოუცნობი „მუშაობის“ სტილი – ღამის ორ საათზე, კარგად ნაქეიფარზე მეტროს გახსნა და სააკაშვილისა და მისი თანმხლები პირების გაღიმებული სახეები ესკალატორზე.

სხვაც ბევრია გასახსენებელი, უდავოდ „საამაყო“ და ქვეყნისთვის „დადებითი“ იმიჯის მომტანი. იმ ცხრაწლიან პერიოდში ყველა, ვისაც რაღაცის თქმა შეეძლო, განსაკუთრებით ინტელიგენციას, თავს იკავებდა და ისე იქცეოდა, თითქოს ვერაფერს ხედავდა. იშვიათი გამონაკლისი თუ სადმე წამოიკნავებდა, რასაც უმალ მოსდევდა „საჯარო გაროზგვა“. ყოველივე ამის შემხედვარეს ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორსაც არაფერი ჰქონდა სათქმელი.

არვინ ხმას არ იღებდა, ისინიც კი, ვინც შემდეგ თავდავიწყებით ლანძღავდნენ სააკაშვილს. ასეთთა რიცხვში ბიძინა ივანიშვილიცაა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა – სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში მაშინ ჩავერთე, როდესაც დავინახე, რომ სამშობლოს ვკარგავდიო.

დიახ! მართალია ბიძინა, სააკაშვილის ქცევა სამშობლოს დაკარგვის ტოლფასი იყო, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ბიძინამ ყველაზე გვიან შენიშნა ნგრევა. და შენიშნა მას შემდეგ, როდესაც სააკაშვილთან გაუუარესდა ურთიერთობა. მანამდე კი დიდძალი ფული დაახარჯა სააკაშვილსა და მის ოჯახს, ისე, როგორც სამართალდამცავ ორგანოებს.

ივანიშვილი ფიქრობდა, რომ ის იქნებოდა ქვეყნის უგვირგვინო მეფე – ისე, როგორც დღეს არის, ხოლო სააკაშვილი მისი სურვილების შემსრულებელი და ბიძინაზე დამოკიდებული უმაღლესი მოხელე, ისეთები, როგორებიც დღეს არიან კვირიკაშვილისა და სხვათა სახით.

ბიძინას ჩანაფიქრი სააკაშვილის მიმართ არ ასრულდა და არც ასრულდებოდა თვით სააკაშვილის პიროვნებიდან გამომდინარე. სააკაშვილი თუ ვინმეს უღელს დაიდგამდა აშშ-ი იყო და არა ივანიშვილი ან სხვა ვინმე.

ასეა დღესაც. სააკაშვილი თვითნაბადი ბაჯაღლოა აშშ-ს გარკვეული წრეებისთვის, იმათთვის, ვისზეც პრეზიდენტებისა და ადმინისტრაციების ცვლა არ მოქმედებს. ეს უნდა ცოდნოდა მილიარდერს, მაგრამ შეზღუდულმა განათლებამ და აზროვნებამ ამის საშუალება არ მისცა.

ივანიშვილი იყო ის პიროვნება, ვინც ხელი გაუმართა სააკაშვილს „ვარდების რევოლუციაში“ და შემდეგ, და რომ არა ივანიშვილის ფინანსები, სააკაშვილის მმართველობა „ვარდების რევოლუციის“ წლისთავზე სულს დალევდა. სააკაშვილის ხელისუფლების შენარჩუნება მარტო ივანიშვილის დამსახურებაა?

ნამდვილად არა! სააკაშვილის გამარჯვებაც და ხელისუფლების შენარჩუნებაც სააკაშვილის დამსახურებაა. სწორედ მან შეძლო ბიძინა ივანიშვილის დაყოლიება დამაჯერებელი ლაპარაკით. სწორედ მან შეძლო სხვათა დაყოლიება და ხალხის თვალში ნაცრის შეყრა გაუთავებელი სატელევიზიო შოუებით, მუდამ ტელეეკრანზე ყოფნით და ა.შ.

ერთი წლის წინ ცნობილი დიპლომატი, „ოცნების“ პარლამენტის წევრი, ამჟამად პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე წერდა, რომ სააკაშვილის ფენომენი დროით არის განპირობებული. ანუ იყო ისეთი დრო, რომელიც სააკაშვილმა სათავისოდ „შეირგო“. ძნელია დაეთანხმო პატივცემულ თედოს. დროს და გარემოს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მათ, მილიონში ერთი თუ ირგებს სათავისოდ. გარდა ამისა, სააკაშვილმა თვით შექმნა „დროც და გარემოც“ – რევოლუციის, რომელსაც სათავეშიც ჩაუდგა და გაიმარჯვა კიდევაც.

აი, გამარჯვების შემდეგ, რა გააკეთა ქვეყნისთვის – ეს არის საკითხავი. ამ კითხვას უდავოდ გაეცემა პასუხი – არაემოციური, აკადემიური, მაგრამ დღევანდელთა დიდი ნაწილისთვის სააკაშვილის მმართველობის ეპოქა იყო აუტანელი, სადამსჯელო ოპერაციებით აღსავსე, განუკითხაობით სახელგანთქმული.

სად აისახა ყოველივე ეს? არსად. მხოლოდ სააკაშვილის თანამედროვეთა თავებში. იქ, სადაც უნდა ასახულიყო დანაშაულის სახით – მსგავსი არაფერი მომხდარა. უმნიშვნელო დარღვევებმა გაიქროლეს ჩვენს გონებაში, ნაცვლად სერიოზული დანაშაულისა, რომელთა რაოდენობას ვინ მოთვლის?

ვინც უნდა „მოითვალოს“, იმდენად ჩლუნგი, გამოუცდელი და ბიძინას მორჩილია, რომ მისგან ბევრს არაფერს უნდა მოველოდეთ (პროკურატურა). რით არის ეს გამოწვეული, მარტო ზემომოყვანილი თვისებებით? არამცდაარამც. სააკაშვილის მეცადინეობით, მისი მარიფათით, მისი პიროვნებით და დამსახურებით ამერიკელი ბოსების წინაშე.

საქართველოდან გაქცეული სააკაშვილი იმ ამერიკაში აღმოჩნდა, რომელმაც ასწავლა, დააპურა, გაზარდა და გზაზე დააყენა. შემდეგ იყო ხეტიალი სხვა ქვეყნებში და ბოლოს ადგილი გამოუნახეს ჩვენსავით გონგამოცლილ უკრაინაში.

აშშ-ა ახალი უკრაინული პროექტი წამოიწყო – „მაიდნის რევოლუცია“, რომელსაც სათავეში ჩაუყენა აშშ-ს სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირები, მათ შორის იყო სააკაშვილის თანაკურსელი პოროშენკო.

რატომ უკრაინა?

ვისაც ბჟეზინსკის წიგნი აქვს წაკითხული საჭადრაკო დაფაზე პაექრობასთან დაკავშირებით, მისთვის ნათელია – რატომ. უკრაინა სწორედ ის ქვეყანაა, რუსეთის მოსაზღვრე და მტრულად განწყობილი, რომელმაც წყალი უნდა შეუყენოს რუსეთს, როგორც სუპერსახელმწიფოს. სააკაშვილი კი ის პიროვნებაა, რომელიც 24 საათის განმავლობაში რუსეთს ლანძღავს და აგინებს.

სააკაშვილისეული „ვარდების რევოლუციის“ უკრაინელთათვის გაცნობაში დიდი წვლილი მიუძღვნის აშშ-ს, მაგრამ არანაკლები სააკაშვილსა და მის „ნაცებს“ – შედეგი „ნარინჯისფერი რევოლუცია“, პირველი პროამერიკული მთავრობა იუშჩენკო-ტიმოშენკოს სახით, უკრაინის ეკონომიკური დეგრადაცია და ქვეყნის ძარცვით გაჩენილი მილიარდები.

ვითომ მარტო დროს უნდა დავაბრალოთ სააკაშვილის იუშჩენკოსთან დანათესავება? არამცდაარამც, მხოლოდ სააკაშვილის მარიფათს. რომელი პრეზიდენტი გააკეთებდა იმას, რაც სააკაშვილმა გააკეთა?

ის, ახალ არჩევნებში გამარჯვებულ იანუკოვიჩს ყირიმში მოულოდნელად მიადგა და გამარჯვება მიულოცა. მანამდე კი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა. და არა მარტო ლანძღავდა – სპეცჯგუფიც გაგზავნა საქართველოდან უკრაინის საარჩევნო კამპანიის ასარევად.

„მაიდნის რევოლუციის“ შემდეგ მოსულ ხელისუფლებას აშშ-ს მრჩევლებმა შესთავაზეს უცხოელი მოხელეების, მათ შორის საქართველოს გამოყენება. ასე გაჩნდნენ პოროშენკოს კარზე სააკაშვილი და საქართველოში შეძულებული „ნაცი“ მოხელეები. სამწუხაროდ, ისე, როგორც სააკაშვილმა, ვერც ერთმა მათგანმა ვერაფერი არგო ახალ „სამშობლოს“.

სააკაშვილი არ არის ის პოლიტიკოსი, რომელიც მაგიდას მიუჯდება და გულდასმით გაეცნობა საქვეყნო მასალებს. მისთვის უცხოა კაბინეტური მუშაობა, ვინაიდან საჭიროებს სიდინჯეს, დაფიქრებას, საკითხებში ჩაღრმავებას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. მისთვის კაბინეტში ყოფნა უჰაერო აკვარიუმში ყოფნის ტოლფასია. ის, ქუჩის, არეულობის, რევოლუციის დიდოსტატია. ის ვერ ეტევა ქვეყნის ჩარჩოებში და ამიტომაც საზღვრის გარეთ გაჭრას ლამობს. ხან სად არის და ხან სად.

სააკაშვილი რევოლუციონერი, უფრო სწორად ამრევია, რაც კარგად იციან მისმა აღმზრდელმა ამერიკულმა სპეცსამსახურებმა. სწორედ ამიტომაც მას იყენებდნენ და მომავალშიც გამოიყენებენ – ვითარების დაძაბვისთვის. სწორედ ასეთის დრო მოვიდა უკრაინაში, ამიტომაც გადაისროლეს იქ სააკაშვილი.

საერთოდ სააკაშვილის უკრაინაში დასახლებას პოროშენკოს აბრალებენ, რაც არასწორია. პოროშენკომ უბრალოდ გაიზიარა აშშ-ს მოთხოვნა – სააკაშვილისა და მისი გუნდის სასარგებლოდ. ე.წ. რეფორმატორები, სწორედ ის პოლიტიკური ძალა იყო და არის, რომელსაც უკრაინა ამერიკულ რელსებზე უნდა შეეყენებინა. სააკაშვილმა ეს მოახერხა, ნაწილობრივ. ამჯერად შეუსრულებელი მეორე ნაწილის შესრულების პროცესია.

მცდარია ყველა მოსაზრება, რომ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია. თუ ეს ასეა, მაშინ აშშ-ი არის პოლიტიკური გვამი, ვინაიდან იმას, რასაც სააკაშვილი აკეთებს, თავისუფლად შეიძლება დავარქვათ ამერიკული საქმე. სადაც სააკაშვილია უნდა ვიგულისხმოთ აშშ-ს სპეცსამსახურები, რაც თვალნათლივ დამტკიცდა პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთის დროს.

სააკაშვილის გვერდით არა მარტო ცნობილი პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემოქმედი ტიმოშენკო იდგა, არამედ აშშ-ს ცსს თანამშრომელი, უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსანი ნალივაიჩენკო. ეს არ არის შემთხვევითობა. ეს წინასწარ დადგმული პროექტია, რომელიც პოროშენკოს ჩამოგდებას ისახავს მიზნად. სააკაშვილი ამ გეგმის მთავარი შემსრულებელია, ვინაიდან მას და მხოლოდ მას ხელეწიფება ისეთი ვითარების შექმნა, რასაც ადგილი ჰქონდა უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს. დაისჯება, ამისთვის სააკაშვილი?

მხოლოდ ჯარიმის გადახდით, მეტით არაფრით. ოფიციალურმა ვაშინგტონმა ხომ გვაუწყა, რომ თვალს ადევნებს სააკაშვილის მოქმედებას. რაც შეეხება პოლონეთს, ის სააკაშვილის მხარეზეა, ისე, როგორც ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები.

უკრაინის თავზე ახალი რევოლუციური ღრუბლები გამოჩნდა, რასაც უდავოდ მოჰყვება კოკისპირული წვიმა დღევანდელი ხელისუფლების დამხობით და ახლის მოსვლით. ასე სურს აშშ-ს, რომელიც რახანია ზრდის უკრაინას. ამ რევოლუციას სააკაშვილი წარმართავს – აშშ-ს სპეცსამსახურების ჯილა.

საქართველოში ხშირად ამბობენ სააკაშვილის ტაკიმასხარაობაზე, ჩამოწერილ პოლიტიკოსობაზე და ა.შ. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. პოლიტიკური არენიდან ჩამოწერა ისეთი პოლიტიკოსის, როგორიც სააკაშვილია, საქართველოს საქმე არ არის – აშშ-ს საქმეა. ჩამოწერს ის სააკაშვილს – ჯანღონით სავსე ადამიანს, პოლიტიკური თამაშებისა და ცხოვრების გაფურჩქვნის ასაკში შესულს?

არ ჩამოწერს, ვინაიდან მისგან ბევრს ელიან. სწორედ სააკაშვილმა შეძლო საქართველოს ძირფესვიანი გარდაქმნა ისეთ ქვეყნად, დასავლეთს რომ სურს. მან შეასრულა ალენ დალესის თითქმის ყველა მოწოდება და საქართველო შეაბრუნა უკეთესობისკენ – მათი გაგებით, ჩვენით – უარესობისკენ. მაგრამ ჩვენი აღქმა ქვეყნისა ვიღას სჭირდება – ჩარეცხილებს, საიქიოდ გამზადებულებს?

რაც შეეხება ახალ თაობას – სულ სხვაა, თითქოს აქ კი არა, აშშ-ი დაიბადნენ და გაიზარდნენ. აი ეს გააკეთა სააკაშვილმა, ამისთვის უმადლიან მას აშშ-ს გარკვეული წრეები, ამისთვის ხუჭავენ თვალს სააკაშვილის ავხორცობაზე, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებზე, რეპრესიებზე და ყოველივე ნეგატიურზე, რასაც საქართველოში მისი მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი.

სააკაშვილს უფრო დიდი გააკეთებინეს, ქვეყნის თვითშეგნების დაშლა, რომელთან შედარებით ყველა დანარჩენი წვრილმანია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.