21.12.2024

სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები

სულ ახლახანს, ჩემი ყურადღება (ალბათ სხვებისაც, ვინც რუსეთის ტელეარხებს უყურებს) მიიპყრო ტელეკომპანიების „НТВ“-ს, „Россия-1“-სა და „Россия-24“-ის გადაცემებმა ჩვენს „სასიქადულო“ პრეზიდენტყოფილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ტელეკომპანია „НТВ“-ს პროდუქცია ძირითადად იმ ნიუ-იორკელ „ყმაწვილთან“, მაპატიეთ „გოგონასთან“ ვრცელ ინტერვიუზე იყო დაფუძნებული, მაშინ, როდესაც „Россия-24“ ვიდეო-ფილმი და ო.სკაბეევას „თოქ-შოუ“ (მასში სხვებთან ერთად მონაწილეობდა ნ.ბურჯანაძე) სააკაშვილის მამაკაცურ თავგადასავლებს და მის პოლიტიკას მიეძღვნა.

საქმეში გათვითცნობიერებულმა ქართულმა საზოგადოებამ გაცილებით მეტი იცის იმ ქალთა შესახებ, ვინც დაკავშირებული იყო პრეზიდენტ სააკაშვილის წელს ქვევითა ქავილთან. მათი ჩამონათვალი გრძელია და ყველა მათგანის ვიდეო-ფილმში მოხსენიება, შეუძლებელი.

რუსი ჟურნალისტი ქალის მიზანიც არ ყოფილა სააკაშვილის ამურული თავგადასავლების ტანშემწყოფთა (ხელშემწყობიდან გამომდინარე) სკრუპულოზური ჩამოთვლა. ზოგი რამ შემოიტოვა. ვიდეო-სიუჟეტი შორს არის ფალსიფიკაციისგან. არადა, ალბათ რა გულისყურით ნახეს საქართველოს ტელეარხების მესვეურებმა რუსული ტელეარხების პროდუქცია, რათა ერთი ხინჯი მაინც აღმოეჩინათ  და რომ ვერ, არც ერთმა, თუნდაც კრიტიკული კომენტარებით, არ გარისკა მათი ქართულ ტელესივრცეში გაშვება.

ტელეკომპანიები, ჩვენს შემთხვევაში, მაგალითად არ გამოდგება. ჩვენ ხომ ვიცით, ვის და რას ემსახურებიან ისინი? მაგრამ ბეჭდვითი სიტყვა სადღაა? ჯერ-ჯერობით არც ერთ გაზეთს კომენტარი არ გაუკეთებია აღნიშნულ გადაცემებზე, გარდა „საქართველოს რესპუბლიკისა“, რომლის რედაქტორმა ალეკო ასლანიშვილმა, მისთვის ჩვეული სხარტი იუმორითა და შეპარული „ვაი ჩვენს თავს“ – გრძნობით, ერთგვერდიანი სტატია მიუძღვნა ამ თემას. არადა, „პოსტ ფაქტუმ“ მაინც კარგი იქნებოდა, რომელიმე გაზეთის მოსაზრება რუსულ ვიდეო-ფილმებზე.

ვინც ვნახეთ, ვნახეთ, გავიცინეთ, „ვიკაიფეთ“, გული მოვიფხანეთ და . . . არაფერი – აბა, ჩვენ მეტი რა შეგვიძლია? საინტერესოა, ჩვენი „სანაქებო“ ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, ე.წ. ცნობილმა სახეებმა, ნახეს რუსული ტელეკომპანიების ნამუშევრები? და თუ ნახეს, რატომ დუმან, რატომ არ გვანდობენ საკუთარ მოსაზრებას ნანახთან დაკავშირებით?

ფილმში მოთხრობილი ამურული თავგადასავლებიც ჩავლილია, „ნაცებიც“ ხელისუფლებაში არ არიან, მითუმეტეს მათი ბელადი გაქცეულია და რისი შიში აქვთ? იქნებ სირცხვილის გრძნობა თრგუნავთ – ეს, რა დღეში ვყოფილვართო? მაგრამ ეჭვი მეპარება ასეთ გრძნობას შეეპყროთ. როგორც ჩანს, ისინი სამომავლოდ ფიქრობენ – რა იცი რა ხდება. სააკაშვილი ახალგაზრდა პოლიტიკოსია და უკრაინაში რეაბილიტირებული, საქართველოში არ დაგვიბრუნდესო.

არადა, ეს, ავი გრძნობები აქვს ამ საზოგადოებას, ხელისუფალთა უგერგილო მუშაობიდან და ორპირული საქმიანობიდან გამომდინარე. შიშის გარდა, იქნებ სხვასთანაც გვაქვს საქმე და რა არის ის სხვა? ის, „სხვა“ საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობაა, პოლიტიკური უცოდინრობაა და რაც მთავარია, „საზოგადოების“ არსის არცოდნა.

სახელმწიფომ, რომელიც თავს „დემოკრატიულად“ აღიქვამს, არ იცის რა არის დემოკრატია, არ იცის რა არის საზოგადოება და არ იცის საზოგადოების როლი სახელმწიფოში. 25 წლის განმავლობაში ჩვენ ჩაგვიჩიჩინებენ, რა დემოკრატიულები ვართ. ჩაგვიჩიჩინებენ ევროატლანტიკოსები, არა იმიტომ, რომ მართლაც ასეთები ვართ, არამედ იმიტომ, რომ მათ მოწოდებას, სიტყვას ჰაერში ვიჭერთ და მიწაზე დაშვებამდე ვცდილობთ მის შესრულებას. მონურად დამჯერები ვართ და ამიტომ გვიწოდეს „დემოკრატიის შუქურა“. მაპატიეთ, ჩვენ არა, ჩვენს პრეზიდენტს.

ვიდრე სრული მასალა გავიდოდა რუსულ ტელეარხებზე, ანონსები იყო და ვიდეო-ფილმის ფრაგმენტები, „ახალი ამბების“ უწყვეტ ნაკადში – მეორე სიუჟეტად დემონსტრირებული. პირველი, კომის გუბერნატორის გაიზერის სენსაციური დაპატიმრება იყო.

„Россия-24“ ერთ დღეში სამჯერ უჩვენა სააკაშვილზე მიძღვნილი ვიდეო-ფილმი. კაციც ამას ჰქვია ანუ იმ სიმღერისა არ იყოს – „კაცი ვარ და ქუდი მხურავს, ქედს არ ვუხრი არვის…“. ვერ დავეთანხმები ბატონ ალეკო ასლანიშვილს იმაში, რომ: „9 წელი იპრეზიდენტა და იბაირამა. ამ ცხრა წელიწადში არაფერი დაიკლო… იხმაურა, იბობოქრა, მაგრამ… ბოლოს ყველაფერი წააგო, რის წაგებაც შეიძლებოდა – ომიც კი“.

ბატონი ალეკო თავისი გადმოსახედიდან, პატიოსნებიდან იხილავს ნაპრეზიდენტალს და არა სააკაშვილის გადმოსახედიდან. სააკაშვილის გადმოსახედი კი ის იყო და არის, რასაც გამორჩენა ჰქვია, სახელმწიფოს, საკუთარი ხუშტურების სფეროში მოქცევა, სახელმწიფო ბიუჯეტის ისე ფლანგვა, როგორც საკუთარის, თუმცა დარწმუნებული ვარ საკუთარ ფულს ასე არ მოექცეოდა. თუ როგორ უფრთხილდებოდა საკუთარ ფულს, კარგად გამოჩნდა გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის იტალიაში ვიზიტის დროს. სამივლინებო თანხებს ყელსაბამზე ჩამოკიდებულ „ტოპრაკში“ ინახავდა – შიშით, ვინმემ ჯიბიდან არ ამომაცალოსო.

სააკაშვილის უახლოესი წრიდან გამოვიდა მისი ნათქვამი – „აქეთ-იქით ვივლი, საქმეს პრემიერი გაუძღვებაო“. სააკაშვილის ავხორცობისა და ხელმრუდობის შესახებ მის გაპრეზიდენტებამდეც იყო ცნობილი. მითუმეტეს ცნობილი იყო უგონო მოქმედებებიც, მაგრამ ხალხმა მოიწონა ის და გააღმერთა. როდესაც მან ცნობილ ტელჟურნალისტებს, აპარატის თანამშრომლებს ზურგიდან ჩამოუარა – „ახია მაგათზეო“, – თქვა საზოგადოებამ.

საზოგადოებამ არაფერი თქვა მისი პირადი დაცვის მიერ ახალ-ახალი გოგონების მიგვრის გამო – პრინციპით, მწიფე ხილი, ღორისააო. და რახან ყველაფერი გაუვიდა, ახალ შეტევაზე გადავიდა. კარგად მახსოვს ის პერიოდიც, როდესაც „სანაქებო ინტელიგენციის“ ოჯახები სპერმამომდგარ პრეზიდენტს წინ უტარებდნენ საკუთარ ქალიშვილებს, იქნებ თვალი დაადგასო. იყო გამონათქვამიც – ახალგაზრდა კაცია – შეერგოსო და ა.შ.

ავხორცმა პრეზიდენტმა 9 წელიწადი ისეთ ბედნიერებაში გაატარა, სამოთხეშიც რომ არ იქნება. გაატარა და ხახვივით შერჩა. დღესაც იგივეს აკეთებს უკრაინაში. იქ გაცილებით დიდი მასშტაბია, გაცილებით ლამაზი და მიმზიდველი ქალებით. კორუფცია იცოცხლეთ. არავინაა მისი დამსჯელი. ვიდრე უკრაინა აზრზე მოვა, ის სხვაგან, სხვა ქვეყანაში იქნება, სრული შესაძლებელია საქართველოში და დაიწყება ახალი ძალით და ენერგიით ნგრევა იმისა, რაც 9 წლის განმავლობაში ვერ შეძლო.

არ მითხრათ – ხალხი გამოვაო. ცხრა დამანგრეველი წლის განმავლობაში არ გამოსულა და შემობრუნებისას გამოვა? ქართულმა საზოგადოებამ აიტანა ის უბედურება, რაც სააკაშვილმა მას არგუნა. დანგრეული განათლება, დანგრეული სოფელი, ქალაქი, მრეწველობა, სული, პატიოსნება, რომელი ერთი ჩამოვთვალო.

საზოგადოებამ ვერ გაიგო, რომ მეძავი პრეზიდენტი, მითუმეტეს მძარცველი, ქვეყნის შეურაცხყოფაა და არა პრეზიდენტის. ავხორც მამაკაცებს არვინ იჭერს, არვინ ქოლავს, არვინ აკრიტიკებს, მაგრამ პრეზიდენტს? პატარა გადაცდომაც საკმარისია ასეთის წინააღმდეგ სერიოზული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის დარაზმვის. ამიტომ იმ ევროატლანტიკურ სივრცეში პრეზიდენტის წელსქვევითა სქესობრივი ხვანცალი, იმპიჩმენტით თავდება, შესაძლოა ციხით. გავიხსენოთ ისრაელის გასამართლებული პრეზიდენტი.

ის, რის უფლებას რიგითი მავანი მისცემს თავს, ქვეყნის მეთაური – ვერა. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ყველა ნაპრეზიდენტალი რა შურით შეავლებდა თვალს სააკაშვილის ოინებს, ისე, როგორც ჩვეულებრივი მავანი აქ ან იქ. აქ განსაკუთრებით, თანაც ასეთი სიტყვებით – კაციც ეგ ყოფილა, შეერგოსო.

საზოგადოებას არც მაშინ და არც დღეს პროტესტი არ გამოუხატავს, რაც იმის ნიშანია, რომ მას მოსწონს. და მოსწონს იმიტომ, რომ არ იცის თავისი ადგილი, რაც მთავარია დანიშნულება. „Россия-24“-ის მიერ გადაღებული ფილმი ერთის მხრივ სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ გამომხატველია, ხოლო მეორეს მხრივ დავრდომილი საქართველოს საზოგადოების უსუსურობის.

და კიდევ ერთი რამ, სააკაშვილი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც დედის რძესავით შეირგო აშშ-ს ყოფილი პოლიტიკოსის ალენ დალესის მზაკვრული შეგონებანი. მისი მიხედვით, ისეთ სახელმწიფოებში, როგორიც საქართველოა, ყველა სხვა „სიკეთესთან“ ერთად ამერიკას უნდა შეეტანა დიდი ფული საყოველთაო გარყნილებისთვის, საზოგადოების გახრწნისთვის.

დალესი დიდი ხანია საიქიოსაა წასული, მაგრამ მის ნაშრომს ზედმიწევნით, კარგად ასრულებს აშშ-ს ადმინისტრაცია, სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადო ორგანიზაციები. მათი მიზანი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არის საზოგადოების გარყვნა და იმ დონემდე დაყვანა, როგორიც დღევანდელი საქართველოა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში ამერიკის საელჩოსა და სხვადასხვა სახის ორგანიზაციების მხრიდან უდავოდ იქნებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის აღვირახსნილობის საწინააღმდეგო ქმედებები, ნაცვლად ამისა ოფიციალურმა ამერიკამ მას „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა. სააკაშვილი დღესაც ამერიკის დირექტივებით მოქმედებს. ახლა ის უკრაინას რყვნის. და როდესაც ამ საქმეს მორჩება, ალბათ ისევ დაგვიბრუნდება.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.