21.12.2024

რუსეთ-სამხრეთ-ოსეთის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსაზრება

რუსეთმა და სამხრეთ-ოსეთმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ „მკაცრი“ განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. აბობოქრდა ქართული ოპოზიცია, მედია, პოლიტოლოგია, საზოგადოება. იყო და არის ერთი ვიშ-ვიში, მკერდზე მჯიღის ცემა, რუსეთის გინება და რაც „მთავარია“, მიმართვა მსოფლიოს საზოგადოებისადმი – SOS-ის მსგავსი – გვიშველეთ, გვიშველეთ, ძახილით.

საქართველოს დასამშვიდებლად გვესმის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ერთობ „ბრძენი“ წარმომადგენლის ფსაკის განცხადება – აშშ-ი გმობს რუსეთის ქმედებას, ხელშეკრულებას და მიიჩნევს, რომ ის არის ფარატინა ქაღალდი – მოკლებული ყოველგვარ ლეგიტიმურობას.

მოკლედ, როგორც ყოველთვის, აშშ-ა, ნატომ, ევროკავშირმა, სხვა ორგანიზაციებმა დიდი შეშფოთება გამოთქვეს, დაგმეს რუსეთის გადაწყვეტილება და ა.შ. ჩვენც გლოვა-რისხვის ზარები შემოვკარით და . . . და ცხოვრება გაგრძელდა ისე, როგორც ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული. აგვისტოში კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ომს, დავადანაშაულებთ რუსეთს აგრესიაში, აღვნიშნავთ სრულიად დასავლეთის ჩვენთან დგომას. ისიც არ დაიშურებს დასამშვიდებელ სიტყვებს.

და ვიქნებით ასე 2016 წლის აგვისტომდე, იმის შემდეგ და იმის შემდეგ აგვისტომდე. ამასობაში რუსეთ-აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთის კავშირები, „არალეგიტიმური“, შედუღაბდება, შეიკვრება და ისეთი გახდება, ერთი სახელმწიფო რომ ჰქვია. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში – დღევანდელი ხელისუფლება და ოპოზიციაა.

ხელისუფლების მიკვირს, ესოდენი გულუბრყვილობის გამო, მაგრამ არ მიკვირს ოპოზიციის. ის, ასეთი უნდა იყოს, ოპტიმისტური განცხადებები აკეთოს, გადაფაროს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაული ქვეყნის და ერის წინაშე. 2008 წლის ომი, „ნაცური“ ხელისუფლების მიერ წამოწყებული – იყო და ყოველთვის იქნება ღალატი ქვეყნის წინაშე. ღალატი, რომელიც „ლმობიერმა“ ქართველმა ხალხმა ღალატად არ შეაფასა, რითაც საშუალება მისცა იმჟამინდელ ხელისუფლებას და ქვეყნის პრეზიდენტს წელშიც გამართულიყო და აქეთაც დაედოთ ვალი.

დაუსჯელი პრეზიდენტი, თავისი „ნაცური“ გუნდით, უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების სამსახურში ჩადგა, წარა-მარა აშშ-ი, ევროპის ქვეყნებში დაძრწის, აბრუებს ყველას და ყველაფერს და მყარ საფუძველს იქმნის სამშობლოში დასაბრუნებლად. სამშობლოში დარჩენილი „ნაცები“ იმედს არ კარგავენ, უკრაინაში მყოფი ბელადის ნებისმიერ დავალებას მოჭარბებული პასუხისმგებლობით ასრულებენ, რისი დასტურიც 21 მარტს გამართული მიტინგი იყო.

საქართველო რომ გამორჩეული ქვეყანაა, 2008 წლის ომის შემდეგაც დადასტურდა. ხალხმა ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილება – ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით, არაჯეროვნად შეაფასა, რითაც დათვური სამსახური გაუწია საკუთარ ქვეყანას და საკუთარ თავს.

ცუდი მაგალითი (დაუსჯელობის) მისცა მომავალ ხელისუფლებას, რომელიც „წარმატებით“ განაგრძობს წინამორბედთა ტრადიციას – ხალხის თვალში ნაცრის შეყრას. თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში არაერთი ფაქტია იმისა, თუ როგორ დაისაჯა ომის გამჩაღებელი ხელისუფლება. ერთი მაგალითიც კმარა – არგენტინის. ფოლკლენდის კუნძულებისთვის ომის გაჩაღების გამო არგენტინის მაშინდელი სამხედრო ხუნტა, მრავალი წლით ციხეში გამოამწყვდიეს.

საქართველოში კი პირიქით. პრეზიდენტმა უპრობლემოდ დაასრულა საპრეზიდენტო ვადა და რომ არა, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებში ბიზნესმენ ივანიშვილის ლიდერობა, უდავოდ გამოჰკრავდა ხელს პრემიერ-მინისტრობას. და გამოჰკრავდა არა ერთი და ორი წლით, არამედ მრავალი წლით, ვინაიდან „ნაციონალური“ პარტია მუდამ გამარჯვებული იქნებოდა.

თუ ვინმე შემედავება – დასავლეთი ამას არ დაუშვებდაო, სხვა ქვეყნების გამოცდილებისკენ მივუთითებ, მათ შორის იაპონიის, აშშ-ს მოკავშირის, სადაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხანგრძლივმა მმართველობამ ყველა რეკორდი მოხსნა. იმარჯვებსო – იტყოდა ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორი“ და ჩვენ რა ვქნათო.

ქვეყანაში დანაშაულის შენდობა რიტუალად არის ქცეული, რამაც ისედაც მცირემიწიანი ქვეყანა, საგრძნობლად შეკრიჭა. პირველი „შენდობა“ 1992 წლის აგვისტოს (იმ დროსაც აგვისტო იყო) მოხდა, აფხაზეთში შეჭრის და ომის გაჩაღების შემდეგ. მაშინდელი ლიდერი, შევარდნაძე,  გაცილებით მდგარი გამოდგა და „თავისი“ ომი კარგა ხნით გაახანგრძლივა, რასაც ვერ ვიტყვით სააკაშვილზე, რომელმაც ელვის სისწრაფით მოამთავრა რუსეთთან ჭიდილი (3-5 დღეში).

ომის სწრაფ წარმართვაში და „გამარჯვებაში“ (როგორც თვით და „ნაცები“ თვლიან) დაგროვილ „მდიდარ“ გამოცდილებას სააკაშვილი უკრაინელ „ძმებს“ უზიარებს – ხშირი სატელევიზიო გამოსვლების დროს. მისი განცხადებით, უკრაინის ჯარს თავისუფლად შეუძლია 2 თვეში მოსკოვის აღება, აშშ-ს კი  – 20 დღეში, ოღონდ აშშ-ა ე.წ. მომაკვდინებელი იარაღით უნდა აღჭურვოს უკრაინის არმია.

შევარდნაძეს, უდავოდ ვერ შეედრება სააკაშვილი – თვალში ნაცრის შეყრის თვალსაზრისით, ვინაიდან საკაშვილის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები, ბაგა-ბაღის ბავშვებშიც კი ღიმილს იწვევდა და იწვევს, რასაც შევარდნაძეს ვერ ვაკადრებთ – მაინც იგრძნობოდა პოლიტბიუროს გამოცდილება, თუმცა საქმეში ჩახედულთათვის მისი მოსაზრებებიც ისეთივე გულუბრყვილო იყო, როგორც მისი მემკვიდრის.

მაგალითად, ისევ აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთის ამბებიც კმარა. აფხაზეთთან ომის დამთავრების შემდეგ, თითქოს ის და მისი მთავრობა დღენიადაგ იღვწოდა ურთიერთობების დარეგულირებისა და განაწყენებული ავტონომიების შემორიგებისთვის. მრავალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, მათ შორის ფართომასშტაბიან სახალხო დიპლომატიას, აფხაზი და ქართველი საზოგადო მოღვაწეების საზღვარგარეთის შეხვედრებს, სხვადასხვა ჯურის პოლიტიკურ ფორმატებს. მოკლედ, იყო გამუდმებული ნაცრის შეყრა და ისეთი ბუღის დაყენება, ვერც ქართველი და ვერც აფხაზი გზა-კვალს რომ ვერ გაიკვლევდა.

შევარდნაძის ერთ-ერთი „დადებითი“ თვისება ისიც იყო, ნებისმიერ საკითხზე კომისიის შექმნა რომ ჰქვია. იქმნებოდა კომისიები, „სერიოზული“ შემადგენლობით (რაოდენობის თვალსაზრისით) და ამ კომისიებში შემავალი თითქმის ერთიდაიგივე პირების შემადგენლობით. შედეგი კი არ ჩანდა, თუ არ ჩავთვლით, რომ შედეგი კომისიის შექმნა იყო და სხვა არაფერი. კომისიების შექმნა – ნიშნავდა მუშაობას, რომლის შედეგს არც არავინ ითხოვდა. აფხაზეთის საკითხი კი ისევე, როგორც სამხრეთ-ოსეთის, ძველებურად თვითდინებას მიჰყვებოდა.

ხალხი ნელ-ნელა შეეგუა კომისიების „პროდუქტულ“ მუშაობას და შედეგის მოთმინებით ლოდინს. მისგან რა მიდიოდა?! აქ მხედველობაში არ მყავს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, რომელიც დღემდე მძიმე პრობლემაა ქვეყნისთვის, თავისი დასახლებით, დასაქმებით, ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნით, სოციალური მდგომარეობით და სხვა.

აფხაზეთიდან გამოქცეულ ელიტას რომ ხმა არ ამოეღო, უმალ უბოძეს საქართველოს პარლამენტის პერმანენტული წევრობა, თბილისში შექმნილი აფხაზეთის უზენაეს საბჭოსა და მინისტრთა საბჭოში, სამინისტროებში სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა. ელიტა ჩაცხრა. მისი ფუნქცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეპიზოდური, უგეგმო და რაც მთავარია უპერსპექტივო განცხადებებით შემოიფარგლა.

 აფხაზეთის დეპუტაციის საქართველოს პარლამენტში „მოღვაწეობას“ წერტილი სააკაშვილმა დაუსვა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ერთ დროს აფხაზეთში არჩეულები, სამარადისო არჩეულებად არ გამოდგებოდნენ. და მართლაც აფხაზეთის დეპუტაციის კავშირები აფხაზეთთან, ნოლის დონეზე დავიდა, ისე, როგორც თბილისში არსებული აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების. მათ არავითარი კავშირები არ ჰქონდათ ავტონომიასთან, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ. ეს გაურკვევლობა დღესაც გრძელდება.

„შესანიშნავი“ საჩუქარი უძღვნა შევარდნაძემ საქართველოს ბიუჯეტს, ზემოთაღნიშნული ორგანოების ჩამოყალიბების სახით. მაგრამ მისი ფანტაზია, ნაცრის გამოყენებით, მარტო ამით არ შემოიფარგლა. შევარდნაძემ ახალი საკენკი დაუყარა გულუბრყვილო და „ანაღვლე“ ქართულ საზოგადოებას – ახალი სამინისტროს დაარსების სახით. ყოფილ ავტონომიებთან ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და გასაღრმავებლად შეიქმნა სამინისტრო, რომელსაც არაერთხელ შეეცვალა სახელი და რომელსაც დღეს პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობს.

სამინისტროს პირველი ხელმძღვანელი, საგარეო უწყების ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი კაკაბაძე იყო. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ შევარდნაძემ სწორედ კაკაბაძის დასაქმებისთვის შექმნა სამინისტრო და არა პრობლემის მოგვარებისთვისო. ასეათუისე, სამინისტრო შეიქმნა, რითაც ზოგიერთ მოუწუნეს პასუხიც გაეცა – ხომ ხედავთ, აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი არ დაგვიწყებია – სამინისტროც შევქმენით მათი სწრაფი ინტეგრაციისთვისო.

თუ რა სისწრაფის იყო სამინისტროს მიერ გაშლილი მუშაობა – შედეგიდანაც ჩანს. და როდესაც სამინისტრომ ვერაფერი გაუგო, ვერც შევარდნაძეს და ვერც მთავრობას – რა უნდოდათ – ალღო ვერ აუღო ვითარებას, ახლა მან (სამინისტრომ) დაუწყო ხალხს თვალში ნაცრის შეყრა. ისევ დადგა კორიანტელი სიცრუისა და განდეგილებთან სამომავლო ურთიერთობების კეთილად დასრულებისა.

და როდესაც ვიღაც-ვიღაცეებმა უხერხულად წამოიკნავლეს – ლაპარაკი მეტია, ვიდრე საქმეო, შვარდნაძემ ახალი რამ გამოიგონა, ცხადია არა საქმის, არამედ სიტყვისთვის. და ეს გამოგონება პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის დანიშვნა იყო. პრეზიდენტის ნდობის მანდატი აჭარის ავტონომიის მეთაურს ასლან აბაშიძეს გადაეცა.

 ასლან აბაშიძის დაუზარელი და მოუსვენარი ხასიათიდან გამომდინარე, უმალ გამოცოცხლდა მიძინებული საკითხის განხილვა მისკოვის პოლიტიკურ წრეებში, სადაც აბაშიძე დიდი პატივითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. ყინულმა იწყო ლღვობა. გაჩნდა კონკრეტული წინადადებები. აბაშიძე-მოსკოვის კონტაქტებით სერიოზულად დაინტერესდა სოხუმი, რომელიც აჭარის მეთაურისადმი სიმპათიით იყო განწყობილი. ყოველივე აღნიშნულმა შურის გრძნობა გაუჩინა სამინისტროს და მისი აქტიური მოქმედებით, გარკვეული პრობლემებიც შეიქმნა აბაშიძის დიპლომატიური მისიის ჯეროვან შესრულებაში.

„ვარდების რევოლუციამ“ წერტილი დაუსვა აბაშიძის დიპლომატიურ ძალისხმევას და აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით მოსკოვთან მოლაპარაკებას. სამინისტრო კი აგრძელებდა ფუნქციონირებას – ძირითადად პატარ-პატარა საქმეებით იქცევდა თავს, დაახლოებით ისეთით, რასაც დღეს აქვს ადგილი.

„საოცნებო“ ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლით საზოგადოებას ახალი იმედი გაუჩნდა ყოფილი ავტონომიების საქართველოს შემადგენლობაში შემობრუნებასთან დაკავშირებით, რაც არ იყო გასაკვირი, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ, არჩევნებამდე არაერთხელ განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა ივანიშვილმა. „საოცნებო“ ხელისუფლებამ სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციაში გამოცდილი ზაქარეიშვილი ჩაუყენა სათავეში, რომელსაც განდეგილებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება ჰქონდა.

ივანიშვილმა არ უღალატა შევარდნაძისეულ პრაქტიკას და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაც გააჩინა რუსეთთან ურთიერთობებში.

ორ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც „მეოცნებე“ ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, მაგრამ განდეგილ, ყოფილ ავტონომიებთან მიმართებაში თუ რამე შეიცვალა – მხოლოდ ნეგატიურია. დღეს, ყველა ერთად მოვთქვამთ რუსეთ-აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს შორის დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ვლანძღავთ რუსეთს. ვეხვეწებით უცხოეთს – ზომების მისაღებად. მაგრამ არაფერს ვთხოვთ საკუთარ თავს.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ კრემლი ინტერესით ელოდა საქართველოს ახალი ხელისუფლების მოქმედებას. ელოდა, ელოდა, მაგრამ როდესაც მოლოდინი გაუცრუვდა, განცხადებაც გააკეთა – ამათგან არაფერი გამოვაო და გააგრძელა აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან ინტეგრაციის გაღრმავება.

ახალმა ხელისუფლებამ, ნაცვლად კარდინალური, სწრაფი ზომების მიღებისა, პოლიტიკურ კურსში კორექტივების შეტანისა, განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების მიერ აღებულ საგარეო კურსს უცილებლად გააგრძელებს, ანუ ნატოშიც გაწევრდება (თუკი ამის შანსი მიეცემა); აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან არავითარ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას არ გააფორმებს; არც დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენს რუსეთთან, ვიდრე სოხუმსა და ცხინვალში იქნება რუსეთის დიპლომატიური მისიები და სამხედრო ბაზები; საქართველოში გახსნის ნატოს სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს და ა.შ.

ერთი სიტყვით, „საოცნებო“ ხელისუფლებას ნაბიჯიც არ გადაუდგამს მოსკოვ-სოხუმ-ცხინვალის მიმართულებით, თუ არ ჩავთვლით აბაშიძე-კარასინის პრაღის შეხვედრებს, რომელიც, ფორმატიდან გამომდინარე, ფრთაშეჭრილ ფრინველს გვაგონებს ანუ აბაშიძეს შეუძლია მწვანილზე, ხილზე, სატრანსპორტო კომუნიკაციებზე ლაპარაკი, მაგრამ არა პოლიტიკურ საკითხებზე.

ღირს კი, ესოდენ მარტივი საქმეებისთვის გამოცდილი დიპლომატის დაკავება? ალბათ, ღირს, ვინაიდან, როდესაც სხვა კავშირები  არ გაქვს – პრაღის კავშირებიც, კავშირებია.

ჟენევის მოლაპარაკებები სრულიად უაზროდ მიმაჩნია, ვინაიდან არაფრის მომტანია. მხოლოდ თბილის-მოსკოვს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები თუ უშველის საქმეს და არა შემოვლითი გზებით საქმის კეთება. ზაქარეიშვილის სამინისტროს ერთი რამის გაკეთება მაინც შეეძლო – კოლეგების დარწმუნება პირდაპირ მოლაპარაკებებში. არ გააკეთა ან ვერ გააკეთა. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მაშ, რას ვერჩით რუსეთს?

რუსეთის საშუალო და მაღალმა პოლიტიკურმა წრეებმა ხომ არ იციან, რა უნდა საქართელოს ხელისუფლებას? მისთვის ეს ინფორმაცია არავის მიუწოდებია. საქართველოში რომ რუსეთის საელჩო ყოფილიყო – სხვა ვითარება იქნებოდა. ჩვენი ხელისუფლება თუ არა, ის მაინც მიაწვდიდა ინფორმაციას ცენტრს და იმ განწყობას, რაც საქართველოში არსებობს განდეგილ ავტონომიებთან მიმართებაში. და რახან თბილისიდან – „არსაიდან ხმა, არსით ძახილის“ – მსგავსი პოზიციაა, მოსკოვიც აკეთებდა და აკეთებს იმას, რაც მას აწყობს.

ჩვენ აქ ვასკდებით ერთმანეთს, გულებს ვიხეთქავთ, მაგრამ მთავარს არ ვაკეთებთ – პირდაპირ დიალოგს. და რომ არ ვაკეთებთ, შედეგსაც ვიმკით – სავალალოს, ხელშეკრულების სახით.

რუსეთთან ურთიერთობა არის შესაცვლელი – კარდინალურად, პრაგმატულად, რაც მიგვიყვანს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის საკითხებამდე. მაგრამ ერთია – დადებულ ხელშეკრულებებს აღარავინ გააუქმებს, ისე, როგორც უახლოეს მომავალში არავინ დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.

ტყუილი იმედი აქვს საქართელოს პოლიტიკას – ნატოში ან ევროკავშირში შესვლით, რომ ამ საკითხებს მოაგვარებს. პირიქით.

 და ბოლოს, ისმის ასეთი კითხვა, როდესაც სამინისტრო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ უპირველეს მოვალეობას, უნდა არსებობდეს თუ არა ის?

მესმის მავანის პასუხი – სხვა რომელი სამინისტრო ასრულებს თავის მოვალეობას, ამან რომ შეასრულოსო. მავანი მართალია. ჰოდა, რომ არავინ ასრულებს თავის მოვალეობას, იმიტომაც არის ქვეყნის საქმე სავალალოდ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.