„რბილი ძალა“ და ჩიხში მოქცეული ქვეყანა
ბატონ გურამ გოგიაშვილს
ტერმინი „რბილი ძალა“ მეტად პოპულარულია თანამედროვე პოლიტიკაში. არ არის თოქ-შოუ, საგაზეთო სტატია, განცხადება, სადაც ნახსენები არ იყოს ეს ტერმინი. ქართული პოლიტიკა აღნიშნულს უმთავრესად მაშინ ხმარობს, როდესაც რუსეთის თემას იხილავს. ჩვენი დასავლელი „პარტნიორებიც“ იმავე გზას ადგანან, უფრო სწორად — ჯერ ისინი და შემდეგ ჩვენ.
რატომღაც ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში არსებული პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები, რუსული ტელეგადაცემები, რუსთა მიერ დაფინანსებული გაზეთები ტვინს უბურღავენ ხალხს და რუსეთის მიმართ პოზიტიურად განაწყობენ. არის მოწოდებაც, რომ შეიზღუდოს ან საერთოდ აიკრძალოს ასეთი, ვინაიდან შიშველი პროპაგანდაა და დასავლურად განწყობილ მოსახლეობას, ჩრდილოეთისკენ უბიძგებს.
დასავლელი „პარტნიორები“, მათი აქაური შემსრულებლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის სახით, რომლებსაც პირზე აკერიათ სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია და რაღაც „კრატია“— წამითაც არ ფიქრობენ, რომ სიტყვისა და აზრის გამოთქმის აკრძალვა ვერ ჯდება სიტყვის თავისუფლების ან დემოკრატიის მცნებაში და დიქტატურის მომასწავლებელია.
რაც შეეხება რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ არასამთავრობო ორგანიზაციას ან ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიას — სად მოელანდათ ასეთი? თუ ისინი თითო-ოროლა ჟურნალის სტატიასა ან ტელეგადაცემაში გაჟღერებულ ობიექტურ მოსაზრებას, ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ნათქვამს, თვლიან რუსულ „რბილ ძალად“, ძალიან ცდებიან. გარდა ამისა, ნუთუ ერთი პატარა ჭუჭრუტანიდან შემოჭრილი სხივი შეძლებს დასავლური პროპაგანდით გაჟღენთილი საზოგადოების ანტიდასავლურად შებრუნებას?
საქართველოში არსებული თითქმის ყველა ტელეკომპანია და ბეჭდური მედია, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკა ხომ პროდასავლურად ღაღადებს?
როგორც ჩანს რუსეთის შიში იმდენად ძლიერია, მათ, თავსაც ავიწყებს, სიტყვის თავისუფლებასაც და დემოკრატიასაც. მაგრამ მარტო რუსეთის შიშით არის განპირობებული აშშ-ს ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარის გამოყოფა რუსეთის „რბილი ძალის“ წინააღმდეგ საბრძოლველად?
როგორც საქმეში ჩახედული ექსპერტები ამბობენ — ამ თანხებიდან (100-ზე მეტი მილიონი) არა მარტო 8 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიაზე ნაწილდება, არამედ ამერიკაში არსებულ ე.წ. არასამთავრობო — „მაკკეინის ინსტიტუტის“ ან „რუსეთის თავისუფლების ფონდის“ მსგავს ორგანიზაციებზე — ანტირუსული კონფერენციების, ღონისძიებების გასამართად. ერთი ასეთი, სულ ახლახანს გაიმართა თბილისში, რომელმაც დაგვანახა ამერიკული ორგანიზაციების აშკარა არადემოკრატიული სახე — სხვას ვერაფერს იტყვი ვიცე-სპიკერ ინაშვილის მიმართ გამოვლენილ საქციელზე.
„რბილი ძალის“ აშკარა გამოვლინებაა აჟიოტაჟის ატეხვა ჯერაც დაუმთავრებელი საქმიდან. მხედველობაში მაქვს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება, რომელიც გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევას.
კანონპროექტი აცხადებს, რომ ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთვის, რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებაც იქნება.
კანონპროექტს, კანონად გადასაქცევად ორი საფეხური აქვს გასავლელი — აშშ-ს სენატი და პრეზიდენტი.
წინასწარი აჟიოტაჟი ამ გამოთქმას მაგონებს — „ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო“. სწორედ ამას ჰქვია „რბილი ძალა“, შიშველი პროპაგანდა და ხალხის გამოთაყვანება. არვის შეუძლია იწინასწარმეტყველოს სენატისა და პრეზიდენტის ბარიერების ჩვენთვის სასარგებლოდ დაძლევა, თუმცა პოლიტელიტისთვის, ისე, როგორც აშშ-ს მიერ დაპურებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
მათ შეასრულეს ოკეანისგადაღმელთა დავალება, რომლის მთავარი მიზანი არის საქართველოს დარწმუნება იმაში, რომ აშშ-ს ხელისუფლება დღენიადაგ ზრუნავს საქართველოს კეთილდღეობაზე, რუსეთის ოკუპაციის კლანჭებიდან ქვეყნის დახსნაზე, რუსული „რბილი ძალის“ განეიტრალებაზე და ა.შ.
ნეტავ, რამდენჯერ უნდა გვასმენინონ მოწოდება — რუსეთმა სრულად შეასრულოს 2008 წლის მედვედევ-სარკოზის შეთანხმება? ან ის, რომ აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
თუ როგორ უჭერს — ნათლად გამოჩნდა „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ თბილისში ჩატარებულ კონფერენციაზე, როდესაც ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა მოგვიწოდა ნატოში შესვლის საფასურად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „დავიწყება“.
კონფერენციაზე რასმუსენის მოსაზრებას სხვებიც იზიარებდნენ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ფრთხილად უდგებიან ამ თემას. რამდენიმე მათგანის პოზიცია გამოაქვეყნა გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“, რითაც შესაძლებლობა მისცა მკითხველს რეალურად შეეხედა საკითხისათვის და შესაბამისი დასკვნები გაეკეთებინა.
აი, რას ამბობს დოქტორი ნილ მაკფარლეინი — ოქსფორდის უნივერსიტეტი: „რასმუსენი ყოფილი გენერალური მდივანია და მის წინადადებას არაფერი აქვს საერთო ნატოს დღევანდელ პოლიტიკასთან. ამ წინადადების მიღება, ფაქტობრივად იქნებოდა რუსეთის პოზიციის აღიარება, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს „ახალი რეალობა“.
რუსეთს არ სურს ნატოს ჯარების განლაგება მის საზღვრებთან. თუ ნატო ამას გააკეთებს, თბილისის ქუჩებში რუსი ტურისტების ნაცვლად, შესაძლოა სხვა ტიპის რუსები მივიღოთ — შეიარაღებული და უნიფორმაში. მე-5 მუხლის წევრი ქვეყანა (გაწევრების შემთხვევაში) გახდება აგრესიის მსხვერპლი“.
დოქტორი რობერტ ჰამილტონი — აშშ-ს არმიის საბრძოლო კოლეჯი: „მე-5 მუხლთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული წევრი ინდივიდუალურად წყვეტს, როგორი იქნება მისი პასუხი ნატოში გაწევრებული საქართველოს წინააღმდეგ, რუსული აგრესიის შემთხვევაში. ომში ჩართვა ავტომატურად არ ხდება“.
ასე, რომ ჩვენი პოლიტიკის თავდაჯერებული ლაპარაკი ნატოს მე-5 მუხლის მიერ საქართველოს უყოყმანო დაცვის თაობაზე — უფრო ილუზიაა, ვიდრე რეალობა. ლოზუნგი — „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ თანამედროვე ვითარებაში, მითუმეტეს რუსეთის წინააღმდეგ, თვითმკვლელობის მომასწავებელია, რისი სურვილიც არც ერთ ნატოს წევრ ქვეყანას არ ექნება.
დოქტორი დანიელ ჰამილტონი — ავსტრიის „მარშალის გეგმის ფონდის“ პროფესორი: „საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, თუ ნატოს წევრი ქვეყნების პოზიციებში კარგად გაერკვევა და თავს არ ჩაიგდებს ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ალიანსის მხარდაჭერას. … ნატოს შიგნით არ არსებობს კონსენსუსი საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. რომც არსებობდეს, ქართველები მაინც უნდა დაფიქრდნენ, მისაღებია თუ არა ეს გზა თავიანთი ქვეყნისთვის“.
დოქტორი ტრეისი ჯერმანი — ლონდონის კინგსის კოლეჯი: „ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი მიიღებს საქართველოს ნატოში გაწევრებას — საპასუხო ქმედების გარეშე და მაშინ საქართველოს ნატოში გაწევრება აღიქმება როგორც პროვოკაცია“.
გახსოვთ ალბათ რასმუსენის და სხვა მისთანების განცხადებებს რა ჟრიამულით შეხვდნენ ნაციონალები, განსაკუთრებით მათი შვილობილი „ევროპული საქართველოს“ წევრები — ბოკერია, ბაქრაძე, სხვები. „TV-1“-ის ეთერში ბოკერია აღფრთოვანებას ვერ მალავდა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით. პატრიოტობაც ამას ჰქვია.
არა მგონია ზემომოყვანილ მეცნიერებს, ნაკლები ცოდნა ჰქონდეთ ნატოსთან მიმართებაში ან შეუსაბამო დასკვნებს აკეთებდნენ საქართველოს ნატოში გაწევრების კუთხით, ვიდრე ქართველ პოლიტიკოსებს, მაგრამ, ვინ უგდებს მათ ყურს?!
სამწუხაროდ, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია, არც საზოგადოების გარკვეული ნაწილი. მათთვის საქართველო საჯილდაო ქვაა, უფრო სწორად ქვეყანა, რომლიდანაც საკუთარი ჯიბისთვის მოგება უნდა მიიღონ.
მათთვის ბრაისას ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ექსპერტის. სწორედ ბრაისას რჩევებმა დაღუპა საქართველო წინა ხელისუფლების დროს. ის არც ახლა დუმს, პირიქით აქტიურობს და მოგვიწოდებს ახალი პროვოკაციისკენ: „თუ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რუსეთი ვერაფერს გააკეთებს. არ მგონია რუსეთმა გამოიყენოს ძალა“.
ბრაისას ვარაუდს გადავაყოლოთ ქვეყანა?
ქართული პოლიტიკა, როგორც ჩანს სიღრმისეულად არ იხილავს ნატოს ქარტიის მე-5 მუხლს, რომელიც მკაცრად არ ავალდებულებს სამხედრო დახმარების გაწევას წევრ სახელმწიფოებს, თუკი რომელიმე მათგანი აღმოჩნდება აგრესიის ობიექტი.
ყველას გვახსოვს თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ისტორია — თურქეთის მიმართვა ბრიუსელისადმი მოსალოდნელი რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. მაშინ ბრიუსელმა ანკარას ურჩია თვით მოეგვარებინა საკითხი მოსკოვთან.
არ ჩანს ნატოს პოზიცია სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ნატოს აქტიური წევრი თურქეთი ისე კვეთს სირიის საზღვარს და იწყებს სამხედრო ოპერაციას ქურთების წინააღმდეგ, ბრიუსელმა არც კი იცის ამის შესახებ.
თურქეთმა აუცილებლად მიიჩნია აღნიშნული თემის მოსკოვთან განხილვა და არა ბრიუსელთან ან ვაშინგტონთან. ვაშინგტონი თვით ეახლა ანკარას და არა პირიქით. თურქეთის მოქმედებამ გააღიზიანა „თეთრი სახლი“. პრეზიდენტმა ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა. რა შეიძლება დავარქვათ ამას, თუ არა ქაოსი ნატოს წევრებში?!
ღირს კი ასეთ ორგანიზაციაში თავის შეყოფა?
ღირსო — აცხადებს ქართული პოლიტიკა და ისეთ პროპაგანდისტულ ქარბუქს ახვევს მოსახლეობას, თითქოს ის დღენიადაგ ნატოში გაწევრებაზე ფიქრობდეს. ხალხს სხვა საფიქრალი აქვს — ლუკმა-პურის შოვნა, საკუთარი თავისა და ოჯახის გამოკვება. ის თვლის, რომ გაუარესებული სოციალური ყოფა არა მარტო ხელისუფლების არაპროფესიონალური მართვის შედეგია, არამედ ნატოში და ევროკავშირში შესვლისთვის ენერგიისა და სახსრების ფუჭი ხარჯვა. ხალხმა იცის, რომ გაშმაგებული პროდასავლური პროპაგანდის მთავარი მიზანი შინაური ეკონომიკურ-სიციალური მოუწესრიგებლობის გადაფარვაა, მაგრამ იძულებულია უკეთესის არქონის ჟამს შეეგუოს არსებულს.
„რბილი ძალის“ მორიგი დემონსტრირების მაგალითია საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილი ამერიკელი ექსპერტის კოფის გამოჩენა. მკითხველს ემახსოვრება მისი „ბრძნული“ რჩევები ნატოში აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გარეშე შესვლასთან დაკავშირებით.
ისე, როგორც ადრე, ექსპერტი ცდილობს აგვიხსნას რამდენად არის შესაძლებელი საქართველოს შესვლა ნატოში მაშინ, როდესაც მე-5 მუხლი არ გავრცელდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. მას მოჰყავს აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მაგალითები. პირველ შემთხვევაში, მე-5 მუხლი არ ვრცელდება ჰავაისა და გუამზე. მეორე შემთხვევაში — ფოლკლენდის კუნძულებზე. ასე, რომ სრული შესაძლებელია ანალოგიურის საქართველოზე გავრცელება, თან იმასაც ამატებს, რომ თვით ქარტიაში მე-5 და მე-6 მუხლები იქნება შესაცვლელი და მეტი არაფერი.
კოფის აბსტრაქტული წინადადება მხოლოდ ერთზე მიგვანიშნებს — ხშირად ვილაპარაკოთ ამ თემაზე, დავზაფროთ საკუთარი ხალხი, ისე, როგორც რუსეთის ხელისუფლება.
კოფი ურჩევს ხელისუფლებას დაითანხმოს ნატო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველოს გაწევრებაზე. ფართო პროპაგანდა აწარმოოს საკუთარ ხალხში ამ პროექტთან დაკავშირებით, დაარწმუნოს ის ამ ნაბიჯის სარგებლიანობაში.
„სანამ ის ამას არ გააკეთებს, არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, ვაშინგტონი, ლონდონი თუ პარიზი ამ საკითხს აიტაცებენ“, — აცხადებს კოფი.
კოფის ინტერვიუდან გამომდინარე უმალ დაგებადებათ ეჭვი — საქართველოს ნატოში ოდესმე გაწევრების თაობაზე. ტერიტორიული მთლიანობის საკითხს კოფიმ ახალი ინიციატივა დაამატა — სირიიდან გამოყვანილი ამერიკული ჯარის ახალქალაქში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განლაგება.
„საქართველოში უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ერაყშიო“ — ბრძანა მან.
კოფის ნათქვამი მაჩვენებელია იმისა, თუ რა მბრძანებლური დამოკიდებულება აქვს მის ქვეყანას „პარტნიორების“ მიმართ.
ვიდრე კოფი ამას იტყოდა, ჰკითხა საქართველოს ხელისუფლებას?
ვეჭვობ, რომ ასე ყოფილიყო. მაშ რამ უბიძგა მას ამ განცხადებისკენ? იმან ხომ არა, ჩვენი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ოპოზიცია, მუდამ რომ ეხვეწებიან აშშ-ს სამხედრო ბაზის გახსნას?
კოფი მიიჩნევს — სტრატეგიულმა პარტნიორმა დახმარება უნდა გაუწიოს ამერიკას და კონგრესის მიერ შემუშაბებული კანონპროექტის საპასუხოდ გადადგას ეს ნაბიჯი.
„მუქთი ყველი, სათაგურშია“ — ასე რომ, პარტნიორი, რომელიც სისტემატურად რაღაცას გიკეთებს, თავისთავად გავალდებულებს საპასუხო მოქმედებას. ვინც ამას არ გაიზიარებს — შენს გასაკეთებელს, ის გააკეთებს — ყოველგვარი შეთანხმების გარეშე.
კოფი, აშშ-ს სამხედრო ძალების ექსპერტია და დაუფიქრებლად, ამერიკელ სამხედრო ჩინოსნებთან, პოლიტიკოსებთან შეუთანხმებლად არაფერს იტყოდა. ეს მოსაზრება, უფრო სწორად გადაწყვეტილება „ზემოდან“ მოდის.
როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი