რას ნიშნავს ე.წ. რუსული პროპაგანდა?

ბატონ გურამ გოგიაშვილისთვის

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის უმთავრესი თემები ნატოში, ევროკავშირში შესვლაზე, ვიზალიბერალიზაციაზე და რაც მთავარია რუსეთის საინფორმაციო ომზე გადის. დღე ისე არ ჩაივლის, რომ ელექტრონულმა და ბეჭდურმა მედიამ, რამდენჯერმე არ შეგვახსენოს გზა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობამ „აირჩია“ და რომელსაც ევროატლანტიკური ჰქვია.

ნატო-ევროკავშირში შესვლა, რომ აბსტრაქტულად არ მოგვეჩვენოს, პრაქტიკულ „შედეგსაც“ გვიდებენ წინ – ვიზალიბერალიზაციას და ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას, თუმცა ორივეს, როგორც ჩანს პრობლემები აქვს და არც ისეთი იოლი მისაღწევია, როგორსაც ხელისუფლება გვიყვება. აი, რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას და მასთან ბრძოლას – სხვა განზომილებაა.

რუსული თემა ისეთია, ყველა პოლიტიკური პარტია (ზოგიერთთა გამოკლებით) რომ უსწრაფეს შეთანხმებაში მოდის. რუსეთი არის „მტერი“, „აგრესორი“, „ოკუპანტი“ და ა.შ.

რუსეთი ის ქვეყანაა, რომლისგანაც ცუდის მეტს არაფერს უნდა ელოდე, მაგრამ, როგორც ჩანს ამ ანტირუსულ შეგონებასაც გაუჩნდა ბზარი და რაც დრო გადის, ის უფრო ფართოვდება. მედია-პოლიტიკის მხრიდან აგორებულ, თითქმის 25-წლიან ანტირუსულ გაკვეთილებს, დამჯერი მოსწავლე ანუ ხალხი უკვე არასერიოზულად აღიქვამს, რაც არ არის გასაკვირი. გასაკვირი ისაა, რომ მან გაცილებით ადრე არ გამოავლინა უინტერესობა ამ თემასთან მიმართებაში.

ხალხს აღარ სჯერა „ცუდი“ რუსეთი. და თუ მაინც სადღაც გულის კუნჭულში ისევ გაუელვებს რუსეთის „ცუდობა“, უმალ გადახედავს მის მიერ განვლილ 25-წლიან ისტორიას, არა რუსეთთან, არამედ სხვებთან ურთიერთობისას და უკმაყოფილო, იმედგაცრუებული ისევ, რუსეთისკენ გაიხედავს.

რუსეთის გულშემატკივართა რიცხვი იზრდება, თანაც არა მცირე დოზით, არამედ პირიქით, რამაც საგონებელში ჩააგდო ქართული პოლიტიკა, მისი ევროატლანტიკური ჭკუის დამრიგებელიც. და არის ატეხილი ერთი ვაიუშველებელი, არიქა, რუსეთის პროპაგანდა მოდისო – გაჰყვირიან ისინი და მილიონობით დოლარს ფლანგავენ რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად, ანუ ანტირუსული პროპაგანდის გასაძლიერებლად.

დასავლური განგაში, რომ მარტო დასავლეთში დარჩენილიყო, არა გვიშავდა რა, მაგრამ ის რა განგაშია, თუ სხვაზეც არ იმოქმედებს?! და იქ (ევროატლანტიკურ სივრცეში) ადუღებული პროპაგანდისტული ლავა მოედინება ჩვენსკენ, ჩვენისთანა ქვეყნებისკენ ერთი მესიჯით – იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ მართალია და უნდა დაიჯეროთო. არავითარი არჩევანი – მარტივი დემოკრატიისთვის დამახასიათებელი – გინდ დაიჯერე, გინდ არა. პირდაპირი ბრძანება – უნდა დაიჯერო. და ჩვენც ვიჯერებთ, უფრო სწორად ისინი, ვინც იმ დასავლეთის საკენკით იკვებება და პირჩატკბარუნებულები გვაწვებიან „რუსული პროპაგანდის“ გაძლიერების თაობაზე.

ერთ-ერთ ასეთს თვალი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1 აპრილის ნომერში მოვკარი. ავტორი იგორ რუსიშვილი, უფრო სწორედ ამ გვარის და სახელის (იქნებ ფსევდონიმის) მატარებლის მიერ „მომზადებული“ ვრცელი წერილია, ვრცელი მტკიცებებით, რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით. აი რას წერს ის: „ისტორიულად მოსკოვი თავის სამეზობლოს „საკუთარი ინტერესების“ განსაკუთრებულ სფეროდ განიხილავს, სადაც სხვა ქვეყნებს ჩარევის უფლება არ აქვთ. ამის ნათელი დასტურია ბოლო წლებში მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები. სამივე ქვეყანაში, მოსკოვი საკუთარი გავლენის განსამტკიცებლად ძალისმიერ სამხედრო მეთოდებს იყენებს და ამავდროულად ცდილობს გაატაროს ე.წ. „რბილი ძალის“ პოლიტიკა“.

„უტყუარი“ არგუმენტებია – არაფრით განსხვავებული სახელმწიფო პოლიტიკისგან, რომელმაც თავისი უნიათობით უკეთესი და დამაჯერებელი ვერაფერი მოიგონა. ავიღოთ თუნდაც ეს მოსაზრება: „საკუთარი ინტერესების განსაკუთრებულ სფეროდ თვლის“. რა არის ამაში გასაკვირი ან გასაკრიტიკებელი? რუსეთი, რომ ერთადერთი იყოს მსოფლიოში ამ თვალსაზრისით, მაშინ კიდევ არაუშავს, მაგრამ ის ერთ-ერთია, თანაც არა პირველი. პირველობას, გავლენათა სფეროთა დარგში ის ვერაფრით შეეცილება ვერც აშშ-ს, ვერც ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი, სხვები, რომლებიც თავიანთ ყოფილ კოლონიებს ისეთივე მენტალიტეტით უდგებიან, როგორც წინათ.

თუ აშშ-ი კასპიის ზღვის აუზს, კავკასიას, საკუთარი ეროვნული ინტერესების სფეროდ აღიარებს, ტერიტორიებს, რომლებიც ათეულ-ათასობით კილომეტრითაა დაშორებული აშშ-ნ, რუსეთს რომ ჰქონდეს მსგავსი ამბიციები, გასაკვირია?

რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, ამასთანავე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. ტერიტორიის თვალსაზრისით – უდიდესი სახელმწიფო მსოფლიოში. მას ჰყოფნის ის ტერიტორია, რაც აქვს, სხვისი არ უნდა, მაგრამ ვერ ეგუება მის საზღვრებთან ნატოს სამხედრო ბლოკის დასადგურებას. რომელი სახელმწიფო, მითუმეტეს „სუპერი“ შეეგუება ამას?

აშშ-ა ყველაფერი იღონა გაკომუნისტებული კუბის მოსასპობად – თავდასხმა, ეკონომიკური სანქციები და ა.შ. გაავებულმა, ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, როდესაც მისი საზღვრების სიახლოვეს საბჭოთა რაკეტები გამოჩნდა. ამერიკელთა გამძვინვარება მსოფლიოს ახალ ისტორიაში „კარიბის ზღვის კრიზისი“-ის სახელითაა შესული.

მარტივად დავსვათ კითხვა – თუ აშშ-ს შეიძლება, რატომ არ შეიძლება რუსეთისთვის? პირველს, არაფერი აკავშირებს მოლდოვასთან, უკრაინასთან, მითუმეტეს კავკასიასთან, გარდა „ეროვნული ინტერესებისა“. რუსეთს კი მრავალსაუკუნოვანი კავშირები აქვს კავკასიასთან, მათ შორის საქართველოსთან – მარტო ერთად ცხოვრება რად ღირს, რომ აღარაფერი ვთქვათ ნათესავურ კავშირებზე.

„საქართველოსთან მიმართებაში რუსული მედიასაშუალებები იყენებენ რამდენიმე სტერეოტიპიულ მიდგომას. ეს, პირველ რიგში აპელირებაა ქართველი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ფასეულობებზე, როგორებიცაა რელიგია, ოჯახი და ტრადიციები. რუსული მედიასაშუალებები ცდილობენ, ქართველ საზოგადოებას მოახვიონ აზრი, რომ სწორედ რუსეთი არის ამ ფასეულობების დამცველი. … ამ გზით მოსკოვი ცდილობს დაარწმუნოს საქართველო, რომ პროდასავლური კურსი და მისწრაფებები ქვეყნის „გადაშენებას“ გამოიწვევს“.

ბარაქალა ავტორის აღმოჩენას, რომ არა ეს (აღმოჩენა), არ „გადავშენდებოდით“?!

თქვენი მონა-მორჩილი ის პიროვნებაა, რომელიც სისტემატურად უყურებს მთავარ რუსულ ტელეარხებს. აქვს გამოწერილი რუსული პრესა, პარალელურად უსმენს და უყურებს დასავლურ ტელეკომპანიებს და ვერ იხსენებს ვერც ერთ რუსულ სპეცგადაცემას, რომელიც მიმართული ყოფილიყო საქართველოზე ზეწოლისთვის.

ამ თემაზე რუსული ტელეარხების პროდუქცია თვით რუსეთის შიდა ბაზრისთვის არის მიმართული – იმ პრობლემების საწინააღმდეგოდ, რომლებიც დასავლური „ცივილიზაციის“ შეჭრამ განაპირობა. „რელიგია, ოჯახი, ტრადიციები“ ის სათუთი თემებია, რაზეც სახელმწიფო აკეთებს აქცენტს. და არა მარტო აკეთებს, კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს მათ დასაცავად. რუსეთი, ის ქვეყანაა, რომელმაც აკრძალა გეი-ცხოვრების პროპაგანდა, მითუმეტეს გეი-პარადები, თუმცა გეი-ცხოვრებისთვის მას ზიანი არ მიუყენებია.

დიახ! რუსეთი ერთადერთია მსოფლიოში, ვინც კბილებით იცავს მართლმადიდებლობას, საერთოდ რელიგიას. იცავს ახალგაზრდებს არასასურველი გადახრებისგან. ეს, ის ქვეყანაა, რომელიც აშენებს ეკლესიებს, მეჩეთებს, მაშინ როდესაც „დემოკრატიული“ ევროპა აშენებულ ეკლესიებს ხურავს, ხშირ შემთხვევაში კერძო სექტორზე ყიდის, რომელიც თავის მხრივ ყოფილ ეკლესიებში კაფეებსა და ბარებს ხსნის. აი, რაც შეეხება მეჩეთებს – მათმა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მეჩეთების მშენებლობაში იქაურ მთავრობებს წვლილი არ მიუძღვით. მეჩეთებს მუსლიმი თემის მიერ შეგროვილი და საუდის არაბეთის, ყატარის ფულით აშენებენ.

საქართველოს მოსახლეობა ხედავს და აფასებს რუსეთის მაგალითებს, აქედან გამომდინარე აკეთებს დასკვნებს და არა რაღაც არარსებული, საქართველოს მოსახლეობის „გადასაგვარებელი“ ვიდეო-ფილმების ნახვით.

ახლა, რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის „დარწმუნებას“, რომ პროდასავლური კურსი და მისწრაფებები „ქვეყნის გადაშენებას გამოიწვევს“. 1991 წლის დეკემბერში, როდესაც საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა გორბაჩოვმა საჯაროდ, ტელევიზიით განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყველამ საკუთარ თავს მიხედეთო, თავისთავად იგულისხმებოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლად განვითარება – დამოუკიდებული საშინაო და საგარეო პოლიტიკით. საქართველოც ამ გზას დაადგა და ნაცვლად თავისი საკუთარი პოლიტიკის წარმოებისა – სხვისი აწარმოა, სხვას ჩაეხუტა, თანაც ისეთს, რომელიც მაშინაც და დღესაც რუსეთის დაკნინება-დასუსტებაზე, ამასთანავე დაქუცმაცებაზე ოცნებობდა და ოცნებობს.

მიუხედავად ამისა, რუსეთს არასდროს უთქვამს, ვისთან უნდა ვიმეგობროთ და ვისთან არა. მან რაც თქვა მარტივი გასაგებია – არ შემოუშვათ სხვა ქვეყნის ჯარი  თქვენს ტერიტორიაზე. რუსეთს არასოდეს უთქვამს, რომ საქართველოს ან მოლდოვის ევროკავშირთან ასოცირების წინააღმდეგია. რაც მან თქვა არის მარტივი – არ სურს მოლდოვის, საქართველოს, უკრაინის ნატოში ყოფნა.

ანალოგიურად მოიქცეოდა აშშ-ი, რომ მექსიკა, კანადა, კარიბის ზღვის ქვეყნები „ვარშავის პაქტში“ გაწევრიანებულიყვნენ. უფრო მეტიც, სანქციებს დაუწესებდა მათ ევრაზიულ კავშირში შესვლა რომ გადაეწყვიტათ. მაგალითი კუბაა, ნახევარსაუკუნოვანი ამერიკული ეკონომიკური  ბლოკადის მსხვერპლი. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთს წინააღმდეგობა არ გაუწევია ამ ქვეყნის ასოცირებული წევრობისთვის, მაგრამ განაცხადა, რომ ასოცირებას ხელი არ უნდა შეეშალა რუსულ-უკრაინული ეკონომიკური კავშირებისთვის.

ევროკავშირის მაშინდელმა შეფმა ბაროზუმ, აშშ-ს კარნახით, მკვახედ განაცხადა – ან ევროკავშირი, ან რუსეთი. მოგვიანებით, თვით ბრიუსელმა უარყო არაპრაგმატული მიდგომა და თქვა, რომ ასოცირება არ შექმნის რუსეთთან ეკონომიკური კავშირების პრობლემებს, თუმცა ახლა ახალმა უკრაინულმა ხელისუფლებამ ჰყარა ტლინკი, გაწყვიტა რა საუკუნოვანი კავშირები რუსეთთან, რითაც უაღრესად გააუარესა საკუთარი ქვეყნის ყოფა.

რუსეთის ამგვარი პოლიტიკა კიდევ ერთხელ დადასტურდა რუსეთისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პრეს-კონფერენციაზე, სადაც ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლი წინააღმდეგი არ არის სერბეთის ევროკავშირში შესვლაზე.

„რუსული პროპაგანდა ცდილობს დააჯეროს ქართველი საზოგადოებას, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საშუალებას არ მისცემს ქვეყანას, ევროპულ ბაზარზე თავი დაიმკვიდროს და ალტერნატივად უსაზღვრო რუსულ ბაზარს სთავაზობს“, – წერს ავტორი.

აი, ეს კი ნამდვილი პროპაგანდაა, ვინაიდან ამტკიცებს იმას, რაც სინამდვილეში არ არის. არც ერთ რუსულ ტელეარხს არ მიუმართავს მსგავსი ხერხისთვის ზემომოყვანილი სამეულის დასარწმუნებლად. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკას, პოლიტოლოგიას, მედიას ისეთი წარმოდგენა აქვს, თითქოს კრემლი წამსაც არ უშვებს ხელიდან, რათა საქართველო დასავლეთში არ გაექცეს. ვიმეორებ, მოსკოვმა არ გაგვიშვა?

ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ ის, რაც არის. განა დალაგებული ცხოვრებაა იმ ქვეყნებში, რომლებიც 10 წელიწადია ევროკავშირის წევრებია? ბულგარეთის, რუმინეთის, სხვა ახალი წევრების ცხოვრებას გადაავლეთ თვალი და თქვით, თუ ისინი ვერადავერ შეეგუენ ევროკავშირს, საქართველო შეეგუება? არადა, ეს ქვეყნები გაცილებით განვითარებული იყვნენ (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა), ვიდრე ჩვენ. მაგალითად, ბულგარეთის სამრეწველო პოტენციალი აჭარბებდა თურქეთისა და საბერძნეთის პოტენციალს. მათი „განვითარება“ ევროკავშირს არ სჭირდებოდა და ამდენად გაჩანაგდა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ყველა ის დარგი, რითაც ცნობილი იყვნენ ისინი. უმუშევარმა მოსახლეობამ ევროპას მიაშურა – დააცარიელა რა საკუთარი სახლი.

„დაიმკვიდრებს“ თუ არა თავს ევროპულ ბაზარზე საქართველო? კითხვა მარტივი საპასუხო არ არის. იმისთვის, რომ საქართველომ თავი დაიმკვიდროს ევროპულ ბაზარზე, ერთი რამ უნდა გააკეთოს – პროდუქცია შექმნას. პროდუქციის შექმნას დიდი ინვესტიციები სჭირდება. გარდა ამისა, საწარმოების გახსნა, კვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური კადრების მოძიება, გასაღებაზე ფიქრი და რეკლამაში დიდი ფულის ხარჯვა. არის სხვა ფაქტორებიც, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. მარტო ჩამოთვლილის არ არსებობა ნიშნავს თუ არა ევროპის ბაზარზე არ დამკვიდრებას?

მავანი უმალ მეტყვის – ღვინო და მინერალური წყალიო. ერთიც და მეორეც უხვადაა ევროპაში. ჩვენი „დახმარება“ მას არ სჭირდება. გარდა ამისა, არსებობს კვოტები, რომლის მიხედვით შენ უფრო ნაკლებს შეიტან იმ ბაზარზე, ვიდრე გეგმავ. ასე დაემართა უკრაინას. ნაცვლად ათასისა, შეიტანეს ასი. მაშ რა ვქნათ, რა ვიღონოთ, დაველოდოთ ინვესტიციებს, ახალი კადრების აღზრდას და ა.შ. და მანამდე ქამრები შემოვჭიროთ?

რამდენი ველოდოთ? რუმინეთი და ბულგარეთი (უკვე ევროკავშირის წევრები)10 წელიწადია ელოდებიან, ამაოდ. როდესაც შენი პროდუქცია ჯერ-ჯერობით დსთ-ს ბაზრისთვის მისაღებია, როდესაც იქ გაყიდული პროდუქციით აქ, დარგის განვითარების შანსი გიჩნდება – არ უნდა გამოიყენო?

ტყუილია ის, რომ რუსეთი თავისკენ გვექაჩება. მან ანგარიში გაგვიწია და დაგვრთო ნება მის ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და მინერალური წყლების შეტანის. თვალი გადაავლეთ სტატისტიკას – საით მეტი ქართული პროდუქტი მიდის – რუსეთში თუ ევროკავშირში? ნაცვლად იმისა რუსეთში, დსთ-ში შესატანი პროდუქციის გაფართოებაზე ვიფიქროთ, სხვაზე ვფიქრობთ და წამითაც არ ვიზიარებთ ჩვენი მეზობლების აზერბაიჯანისა და სომხეთის გამოცდილებას.

„რუსული პროპაგანდისტული მანქანა განსაკუთრებით გააქტიურდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როდესაც წამყვანი რუსული მედიასაშუალებები ფაქტებს მასობრივად ამახინჯებდნენ და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მსოფლიო საზოგადოება, რომ კონფლიქტის დაწყების ინიციატორი სწორედ ოფიციალური თბილისი იყო …“, – წერს ავტორი. და ამტკიცებს იმას, რაც უკვე კარგა ხანია დამტკიცებულია.

ევროკავშირის სპეცკომისიამ გამოიძია და დაამტკიცა ის, რომ პირველი, თბილისმა გაისროლა. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ცხადია აშშ-ს მხრიდან, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ტალიავინმა გვერდი ვერ აუარა ფაქტს ანუ ომის დამწყებ საქართველოს. სამწუხაროდ, როგორც ავტორს, ისე ბევრ სხვას ჰგონია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, რაც აშკარა პროპაგანდაა, თანაც ისეთი, იმ დასავლეთშიც რომ არ იზიარებენ. ამ თემასთან დაკავშირებით ავტორისეული მტკიცება სირაქლემის პოზაში დგომას ნიშნავს. პოზა კი ისეთია, უკანალის მსურველის ვნებას რომ აღძრავს და მეტს არაფერს.

რაც შეეხება ავტორის წინადადებას „რუსული ავიაციის მიერ ქალაქ გორის დაბომბვის შემზარავი შედეგებია ასახული“ – განმარტებას საჭიროებს. დაბომბვა ნიშნავს ერთი ან მეტი სახლის ნგრევას. ამ კუთხით გორის ერთ საცხოვრებელ სახლზე შემთხვევით მოხვედრილი ჭურვი ვერ ჩაითვლება „დაბომბვად“.

ავტორს შევახსენებ, რომ „დაბობვიდან“ რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატები მიიწვია გორში. ჩემს შეკითხვაზე გორის „დაბომბვასთან“ დაკავშირებით ერთ-ერთმა დიპლომატმა გულახდილად მითხრა – დაბომბვა და ომი, გუბერნატორის კაბინეტში იყოო. არ იქნებოდა მძინარე ცხინვალზე „გრადების“ დაყრა და არ იქნებოდა რუსული კონტრშეტევა.

„კრემლი ცდილობს, საქართველოდან ახლო აღმოსავლეთში ერთეულების წასვლა წარმოაჩინოს „საფრთხედ მთელი კავკასიის რეგიონისთვის“. ამავდროულად, რუსული მედია, როგორც წესი, „მოკრძალებულად“ იკავებს თავს იმაზე საუბრისგან, რომ ФСБ-ს ოფიციალური მონაცემებით, „ისლამურ სახელმწიფოში“ რუსეთის 7000 მოქალაქეა გაწევრიანებული“, – წერს ავტორი და რომ იტყვიან თავისსავე სიცრუეში ყურებამდე ჩაფლული ვერ ხედავს, რომ დაუკრეფავში გადადის.

დასავლური სტატისტიკის მიხედვით, „ისლამურ სახელმწიფოში“ 300-დან 400-მდე საქართველოს მოქალაქეა. პატარა ქვეყნისთვის ეს „თითო-ოროლა“ ნამდვილად არ არის. რაც შეეხება რუსულ მედიას, სულ იმის ძახილშია, რომ იქ რუსეთის მოქალაქეთა დიდი რაოდენობა იბრძვის. ოფიციალური მოსკოვი კი სირიაში შესვლას იმით ამართლებს, რომ იქ მისი მოქალაქეები იბრძვიან, რომლებიც შემდეგ რუსეთს დაუბრუნდებიან, ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, ისინი იქ უნდა განადგურდნენ.

და ბოლოს რუსულ „დესანტზე“ საქართველოში ანუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე, რომლებიც პრორუსულად ღაღადებენ. ავტორის მიერ მოყვანილი, თითზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციები ვერაფრით შეეპაექრება ოფიციალური ვაშინგტონის მიერ საქართველოში გახსნილ და მსუყედ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ინსტიტუტებს, მედიას და ა.შ. ხაზს ვუსვამ, აშშ-ს სახელმწიფო ფულით დაფინანსებას. „რუსული ორგანიზაციები“ კი რუსული სახელმწიფო ფულით არ არის დაფინანსებული. ისინი იმ ქართველი ბიზნესმენების მიერ ფინანსდებიან, რომლებიც კარგახანია რუსეთში მოღვაწეობენ. ხელისუფალთა მანკიერმა პოლიტიკამ გადახვეწა ისინი სამშობლოდან.

სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ ესეც საკმარისია ურწმუნო თომა ავტორისთვის, რომელიც რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში, თვით გადაიქცა პროპაგანდად – თანაც ისეთად შავით, თეთრზე კერვა რომ ჰქვია.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.