პუტინის ბლიც-ვიზიტები – პოლიტიკური შტორმი

Russian President Vladimir Putin waves while walking along Red Square after a military parade on Victory Day, which marks the 76th anniversary of the victory over Nazi Germany in World War Two, in central Moscow, Russia May 9, 2021. REUTERS/Evgenia Novozhenina

აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციისა და კონგრესის დამოკიდებულება რუსეთისადმი რომ ქვეყნებს შორის ყოველგვარი ურთიერთობების, მათ შორის თუნდაც დაძაბულის საზღვრებს გასცდა, ეჭვს არ იწვევს. დღე ისე არ ჩაივლის, აშშ-ს პოლიტიკურმა ელიტამ ახალი ანტირუსული დოკუმენტი არ მიიღოს ან ანტირუსული ქმედება არ განახორციელოს.

მკითხველი უდავოდ შემეკითხება – მერე ჩვენ რა, რუსეთი ჩვენი მტერია და ახია, რასაც მას აშშ-ი უკეთებსო. თითქოს, ერთის შეხედვით, ჩვენ კი არ უნდა გვწყინდეს, არამედ უნდა გვახარებდეს ამერიკელთა ქცევა, მაგრამ ეს ერთის შეხედვით, ზერელედ.

საკმარისია ღრმად ჩავხედოთ მსოფლიო პოლიტიკას და „დიდთა“ ჭიდილს, უმალ გაგვიჩნდება მოსაზრება, რომ პირველი ქვეყნის ძალისხმევა სულაც არ არის მიმართული რუსეთის „გაკეთილშობილებისკენ“ ანუ ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევისკენ, რომელიც სულით-ხორცამდე დემოკრატიული იქნება. მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში არიან კი ასეთნი? ან თვით პირველი სახელმწიფო მოიაზრება ასეთად?  გარდა ამისა, რუსეთის შევიწროებით გამოწვეული დისკომფორტი მის მეზობლებზეც, მათ შორის ჩვენზეც აისახება.

ერთია, როდესაც პირველობიდან გამომდინარე თავს უფლებას აძლევ სხვას ასწავლო ჭკუა და მეორეა, შენი შემყურე,  ის სხვა, მიიღებს თუ არა შენს დარიგებას ისე, როგორც საჭიროა?

არათუ რუსეთი, არამედ ბევრი მასზე ნაკლები ქვეყანაც კი აღარ ღებულობს ამერიკული დემოკრატიის „აბებს“ – თვლის რა ვადაგასულად და ქვეყნისთვის მავნედ. ბოლო ოცი წლის განმავლობაში აშშ-ა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, იმ სახის დემოკრატიული ნიშნები გამოავლინა, მიბაძვას რომ არ ექვემდებარება.

პირველი ქვეყნის უპირველეს მოთხოვნილებად იქცა სხვათა, მათ შორის რუსეთის დასჯა. სწორედ ამის მომასწავლებელია სენატის მიერ მიღებული დოკუმენტი, სადაც პირდაპირაა აღნიშნული – თუ რუსეთი ენერგომატარებლებს არ მიაწვდის ქვეყნებს (იგულისხმება მეზობელი სახელმწიფოები, ვინც კარგა ხანია რუსულ გაზზე არიან ჩამოკიდებული), აშშ-ი მკაცრ სანქციებს გამოიყენებს.

არც ერთი სიტყვა – რატომ არ უნდა მიაწოდოს რუსეთმა მეზობლებს გაზი? არც ერთი სიტყვა უკრაინის თავხედური მოქმედების მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში არც გაზის ფულს იხდიდა და არც სათანადო გაზს აწვდიდა ევროპულ ქვეყნებს, ანუ ტრანზიტად გამავალი გაზიდან მნიშვნელოვან მოცულობას იპარავდა.

სენატის მიერ მიღებულ დოკუმენტში მოხსენიებული წინადადება „პოლიტიკური ნიშნით“ (გაზის მიწოდების გამოყენება) სრულიად უადგილოა და ნამდვილად შეუსაბამო ქურდობასთან, დახარჯულ გაზში ფულის გადაუხდელობასთან.

პირველი ქვეყნის ესოდენ მიკერძოებული, არაობიექტური მიდგომა ამ და სხვა საკითხებისადმი გარკვეულ აღმაფრენას იწვევს ისეთი შეუმდგარი ქვეყნების ხელისუფლებაში, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ევროკავშირის ქოლგის ქვეშ შეყუჟული ბალტიისპირა ქვეყნები, პოლონეთი, სხვები. ამერიკელთა არაობიექტური ქცევით გათამამებული ამ ქვეყნების პოლიტიკოსები დამრიგებლებზე მეტად მკაცრ პოლიტიკას აფიქსირებენ რუსეთის მიმართ. მარტო ლიტვის პრეზიდენტი გრიბაუსკაიტე რად ღირს?!

„ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაცილებით შერბილდა ანტირუსული რიტორიკა, მაგრამ შესაბამის ნორმალურობას ვერადავერ მიაღწია. როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველომ ბევრი გააკეთა რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად, მაგრამ ნაცვლად ამისა რუსეთმა აფხაზეთთან ხელშეკრულება გააფორმაო, არასწორი განცხადებაა. არასწორია ისიც, როდესაც ვამბობთ, საქართველომ ბევრი იღონა სავაჭრო ურთიერთობათა აღსადგენად – ღვინოც გააგზავნა, ხილიც და მწვანილიცო.

დიახ! გავაგზავნეთ, მაგრამ უფასოდ? ქვეყანამ ხომ ამაში მოგება ნახა? და რომ არა რუსული ბაზარი, გაიზრდებოდა ღვინოს ექსპორტი იმ რაოდენობით, რაც დღეს არის? გარდა ამისა, ინიციატორი ეკონომიკური კავშირების აღდგენისა ანუ ეკონომიკური კარის გაღებისა, ხომ რუსეთია?

ალბათ სხვა კავშირებიც სწრაფად და სარგებლიანად აღდგებოდა, რომ არა საქართველოს ხელისუფალთა გაუგებარი სიჯიუტე, პოლიტიკური ალღოს უქონლობა, მსოფლიოში და რაც მთავარია რეგიონში შექმნილი ვითარების დაუნახაობა. პოლიტიკოსს თავი მარტო იმისთვის არ უნდა ჰქონდეს, ამერიკელთა ნებისმიერ განცხადებას უქნიოს.

სენატის გადაწყვეტილებას უმალ მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ და მისმა ლიდერმა საგანელიძემ, რომელმაც დაგმო რუსეთის მიერ გაზის პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების მაგალითები. ისე, როგორც ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა არაფერი თქვეს, რა იწვევს რუსეთის მიერ გაზის გადაკეტვას. არც საქართველოს პარლამენტარებს გასჩენიათ მსგავსი კითხვა.

საინტერესოა, რას იტყოდნენ ისინი რუსეთს, რომ მიწოდებული ღვინისა და მინერალური წყლის საფასური არ გადაეხადა? ჩვენი ყვირილი ხომ შორს გასცდებოდა საქართველოს?! „ავი“ ქმედება, მითუმეტეს ქვეყნებს შორის, რაღაცით არის გამოწვეული და იმ „რაღაცის“ მოხსენიების შემდეგ არის შესაძლებელი დამადანაშაულებელი რიტორიკის გამოყენება.

საბაზრო ურთიერთობების პირობებში ნებისმიერი საგნის, ნივთის, კვების პროდუქტის თუ ბუნებრივი აირის, საერთოდ ენერგომატარებლების ექსპორტს, იმპორტიორებისგან ფულის გადახდა ესაჭიროება და თანაც ისეთის, რაც საერთაშორისო ბაზარზე ან ხელშეკრულებითაა დაფიქსირებული. ასე, რომ უკრაინა სისტემატურად არღვევდა ხელშეკრულებასაც, საბაზრო ეკონომიკის ნორმებსაც და ამას აკეთებდა ე.წ. დამოუკიდებლობის წლებში.

უკრაინელთა არაკეთილსინდისიერმა ქცევამ აიძულა რუსეთი, უკრაინის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვის გავლით, გაზი შეეყვანა ჩრდილო ევროპის ქვეყნებში. „ჩრდილოეთის ნაკადის“ უმთავრესი დანიშნულება, ევროპელ მომხმარებლამდე  რუსული გაზის არატრანზიტული გზით მიწოდება იყო.

 „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებით პოზიტიურმა გადაწყვეტილებამ, თავისთავად გააჩინა სურვილი „სამხრეთის ნაკადის“ შესაქმნელად, ანუ გაზის იმ ნაკადის უკრაინის გაზსადენიდან „სამხრეთის ნაკადში“ გადატანა, რომელიც უკრაინის ტრანზიტით მიედინება ევროპაში.

პროექტის დამუშავება 2007 წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით, გაზი წავიდოდა ბულგარეთში, სერბეთში, უნგრეთში, ხორვატიაში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ავსტრიაში, საბერძნეთში, იტალიაში – წლის განმავლობაში 63 მილიარდი კუბური მეტრი. გაზსადენის მშენებლობის ღირებულება – 16 მილიარდი დოლარი. მშენებლობა, ნაცვლად დაგეგმილი 2013 წლისა, 2012 წელს დაიწყო. 2014 წელს მშენებლობა უნდა გაგრძელებულიყო შავ ზღვაზე ანუ შავი ზღვის ფსკერით. გაზსადენი ბულგარეთის პორტ ვარნაში ამოვიდოდა.

„სამხრეთის ნაკადი“ უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდა ჯერ კიდევ 2009 წლის ივლისში აშშ-ს მხრიდან. სწორედ ვაშინგტონის ზეწოლით ბულგარეთმა, მიუხედავად დადებული ხელშეკრულებისა, უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე, მეორე პროექტის „ნაბუკოს“ სასარგებლოდ.

„ნაბუკოს“ პროექტს აშშ-ი ლობირებდა და ლობირებს. მისი მიხედვით, აზერბაიჯანისა და ირანის სამხრეთ ფარსის გაზს უნდა შეევსო „ნაბუკოს“ გაზსადენი ევროპისთვის.

2010 წელს ბულგარეთი ისევ დაუბრუნდა „სამხრეთ ნაკადის“ პროექტს, თუმცა მაშინ ევროკავშირმა რუსეთისგან მოითხოვა „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობის შეჩერება – უკრაინის გაზსადენის სასარგებლოდ.

2014 წლის აპრილში აშშ-ს ზეწოლით ევროკავშირმა მიიღო „სამხრეთ ნაკადის“ მშენებლობის საწინააღმდეგო რეზოლუცია. იმავე წელს, ივნისში ამერიკელი კონგრესმენების მოთხოვნით, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა შეაჩერა გაზსადენის მშენებლობა – „ევროკომისიის შენიშნების გათვალისწინებამდე“. მიმდინარე წლის სექტემბერში კი ევროპარლამენტარებმა უარი თქვეს „სამხრეთ ნაკადზე“, მიუხედავად უკვე ჩატარებული სამუშაოებისა და გაწეული ხარჯებისა.

აღნიშნული ისტორიიდან განსაკუთრებით სავალალოა ბულგარეთის ხელისუფალთა არასერიოზული დამოკიდებულება პროექტისადმი, რომლის განუხორციელებლობა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას. მაგრამ რა გაეწყობა, როდესაც დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არა მარტო ევროკავშირის შედარებით ახალ წევრ ბულგარეთს აქვს დაკარგული, არამედ ისეთ ქვეყნებსაც, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, სხვები.

სენატორ მაკკეინის თითის ქნევით შეშინებულმა ბულგარეთის ხელისუფლებამ ცარიელზე დასვა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა – ისედაც გაწამებული ევროკავშირში ყოფნით გამოწვეული სოციალური სიდუხჭირით. პროექტის დასრულების შემთხვევაში ბულგარეთი, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ყოველწლიურად მიიღებდა 2.5 მილიარდ ევროს.

ბულგარეთის გარდა ზარალდება სერბეთი და უნგრეთი, რომლებმაც რახანია დაიწყეს გაზსადენის მშენებლობა თავიანთ ტერიტორიებზე. თუმცა მათი დანაკარგი სრულად ანაზღაურდება რუსეთ-თურქეთის ახალი ხელშეკრულებით და პროექტით, რომელიც ნაცვლად „სამხრეთის ნაკადისა“ გამოიყენებს შავ ზღვაში არსებულ „ცისფერი ნაკადის“ გაზსადენს, ოღონდ მისი გაფართოების შემდეგ.

„ცისფერი ნაკადის“ სიმძლავრე გაიზრდება 63 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამ მოცულობიდან თურქეთი მიიღებს 16 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, დანარჩენი თავს მოიყრის თურქეთის გაზსაცავში – საბერძნეთის საზღვართან, იქიდან კი სრულიად შესაძლებელი იქნება სერბეთ-უნგრეთის დაკმაყოფილება „სამხრეთ ნაკათის“ უკვე მშენებარე გაზსადენით.

რა მოიტანა ვაშინგტონის მზაკვრულმა ზეწოლამ ევროკავშირზე, განსაკუთრებით ბულგარეთზე? ცუდის მეტი არაფერი.

2014 წლის 1 დეკემბრის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებამ ძირფესვიანად შეცვალა ძალთა განაწილება ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

ენერგეტიკული უსაფრთხოება, უფრო სწორად უზრუნველყოფა თანამედროვე მსოფლიოში სხვაგვარად აღიქმება. ქვეყანა, რომელსაც ენერგომატარებლები გააჩნია, უდავოდ ითვლება მყარი ფუნდამენტის მქონე ქვეყნად. მართალია, შიგადაშიგ ადგილი აქვს ენერგომატარებლებზე ფასების ცვლას, მაგრამ საერთო ჯამში ფასები მაინც იმ ნიშნულზე ფიქსირდება, რაც ენერგომატარებლების მქონე ქვეყანას დიდ შესაძლებლობებს აძლევს.

დღეს, ნავთობის ფასების კლება და აქედან გამომდინარე რუსეთის ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება თვალშისაცემია, მაგრამ პერსპექტივაში ფასების სტაბილიზაციას უნდა ველოდეთ. ფასების ხელოვნური გზით დაწევა, რასაც აშშ-ს პოლიტიკურ ავანტიურას უკავშირებენ, მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელია. ამით არა მარტო ნავთობექსპორტიორი ქვეყნები ზარალდებიან, არამედ იმპორტიორებიც.

რუსეთი ამჯერადაც გაექცა აშშ-ს კლანჭებს და ნაცვლად ევროკავშირისა და მისი წევრი ბულგარეთისა, თურქეთს შეეკრა, რაც არა მარტო ეკონომიკურ ალიანს ნიშნავს, არამედ პოლიტიკურსაც.

პროტოკოლში ოდნავ ჩახედულმა პოლიტიკოსმა ან ექსპერტმა უმალ მიაქცია ყურადღება არცთუ უმნიშვნელო ნიუანსს, რასაც ადგილი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის თურქეთში ვიზიტის დაწყების წინ. პუტინის ვიზიტი, თანახმად ადრე მიღწეული შეთანხმებისა, უნდა ყოფილიყო ოფიციალური, სამუშაო ვიზიტი, მაგრამ მასპინძელთა თხოვნით, „სამუშაო“, შეიცვალა მაღალი რანგის „სახელმწიფო“ ვიზიტით. მასზე უმაღლესი აღარ არსებობს. სტუმრის მსგავსი მიღება თითო-ოროლა ქვეყნის მეთაურს თუ ღირსებია. მასპინძელთა მხრიდან ესოდენი ყურადღების გამოვლინება სულაც არ იყო მოულოდნელი, რამეთუ პუტინი იმ საჩუქრით ჩადიოდა თურქეთში, რასაც ბევრი ქვეყანა ინატრებდა.

ხელშეკრულებამ, თურქეთი აქცია უდიდეს ტრანზიტორ სახელმწიფოდ და არა მარტო ტრანზიტორ, არამედ საკუთარი მოსახლეობისთვის 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიმწოდებლად.

„ცისფერი ნაკადის“ გაფართოება ძირს უთხრის ვაშინგტონ-ბრიუსელის მიერ ლობირებულ პროექტ „ნაბუკოს“. მართალია, „ნაბუკოს“ პროექტი გასულ წელს დაიხურა, მაგრამ დროდადრო, ისევ ამერიკელთა ძალისხმევით ხდება მასზე ლაპარაკი. გარდა ამისა „ცისფერი ნაკადი“, მეორე პროექტს, TANAP-ს ტრანსანატოლიის გაზსადენის პროექტს უპირისპირდება. ეს გაზსადენი აზერბაიჯანის გაზის ევროპისთვის მიწოდებას გულისხმობს, თუმცა მისი ბედი საბოლოოდ გადაწურული არ არის. ის შეიძლება „ცისფერ ნაკადს“ შეუერთდეს, ისე, როგორც ირანის „სამხრეთ ფარსის“ გაზი.

„სამხრეთის ნაკადის“ პროექტზე უარის თქმით, რუსეთმა სამხრეთ ევროპისთვის მისაწოდებელი გაზის მოცულობა შეინარჩუნა, იმავდროულად მიიღო სტრატეგიული უპირატესობები ისეთი, როგორიცაა რეგიონის ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანა თურქეთთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა, გამორიცხა აზერბაიჯან-ირანული გაზის ექსპორტი ევროპაში – პროექტი, რომელსაც აშშ-ი ლობირებდა.

გაზის პროექტის ხელშეკრულებასთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი რამ მოხდა თურქეთში პუტინის ვიზიტის დროს. თურქეთმა, მიუხედავად აშშ-სა და ევროკავშირის მიერ შემოღებული ანტირუსული სანქციებისა, მხარი არ დაუჭირა მას და მზადყოფნა გამოთქვა კვების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რუსეთში ექსპორტზე.

რუსეთის საწინააღმდეგო ეკონომიკურ სანქციებს მხარი არც ინდოეთმა დაუჭირა. პუტინის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა თანამშრომლობას ენერგეტიკის დარგში. რუსეთი ინდოეთში ააშენებს ატომურ ელექტროსადგურებს და წლის განმავლობაში ამ ქვეყანას მიაწვდის  10 მილიონ ტონა ნავთობს.

ინდოეთი, ისევე, როგორც რუსეთი „ბრიკს“-ის წევრია (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). ეს, ის ქვეყნებია, სწრაფ განვითარებადად რომ მოიხსენიება და რომლებიც მრავალპოლარულ მსოფლიოს უჭერენ მხარს – ერთპოლარულის საწინააღმდეგოდ.

როგორც ანკარაში, ისე დელიში გამოითქვა აზრი საბაჟო კავშირთან ურთიერთობის თაობაზე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ კავშირის შემქმნელი ქვეყნებისთვის -რუსეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის და სომხეთის სახით.

რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებამ სწრაფი რეაქცია გამოიწვია დასავლეთში. პუტინის ვიზიტი გაციებულიც არ იყო, როდესაც ევროკავშირის სოლიდური დელეგაცია ქალბატონ მოგერინის მეთაურობით ეწვია ანკარას. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო თურქეთის გადაბირება და ანტირუსულ სანქციებში ამ ქვეყნის დაყოლიება, ნაცვლად – თურქეთის ევროკავშირში ასოცირებული წევრის სტატუსის, წევრობაზე შეცვლაზე.

ნახევარი საუკუნეა თურქეთი ელოდება ევროკავშირის წევრობას, მაგრამ ამაოდ. ამჯერად მას გაუჩინეს ასეთი შანსი, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის რუსეთთან დაახლოებაზე იტყვის უარს. თურქული წყაროების მიხედვით, ევროკავშირის დელეგაცია უარით გაისტუმრეს.

ზეწოლა იყო ინდოეთზეც აშშ-ს მხრიდან. ეს უკანასკნელი დაბეჯითებით ითხოვდა ინდოეთისგან თავი შეეკავებინა რუსეთთან ურთიერთობაზე, თუმცა ამაოდ.

რას ნიშნავს ყოდველივე ეს? უპირველესად თურქეთ-ინდოეთის, და არა მარტო მათ, დამოუკიდებელ პოლიტიკას. მართალია, პატარა საქართველო რა მოსატანია ამ გიგანტებთან შედარებით, მას ნამდვილად არ აქვს თავი დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებისა, მაგრამ იმის თავი მაინც უნდა ჰქონდეს, არ დაძაბოს ვითარება. იმის თავი მაინც უნდა ჰქონდეს, არ გააკეთოს ისეთი ბრიყვული განცხადება, რასაც ოპოზიციის მხრიდან ჰქონდა ადგილი – ანტირუსული სანქციებისადმი შეერთება. საბედნიეროდ, ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო „ნაცთა“ მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს ჩვენი სანქციებით არაფერი დაუშავდებოდა, ჩვენ კი, ისედაც დაუძლურებულებს, შავი დღე დაგვადგებოდა.

პუტინის მიერ განხორციელებული ორი ბლიც-ვიზიტი, ენერგეტიკული კავშირებით აღსავსე, არა მარტო ენერგეტიკულ ალიანსად უნდა იქნას აღქმული, არამედ გეოპოლიტიკურადაც. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობათა ისტორიაში 2001 წლის ნოემბრის ხელშეკრულებაა გასახსენებელი, რომელიც ე.წ. საგზაო რუკად იქნა აღქმული და რომლის მიხედვითაც, მხარეები შეთანხმდნენ – რაც არ უნდა მოხდეს, ერთმანეთთან კონფლიქტში არ შევიდნენ. 2010 წელს კი აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით, სხვა ხელშეკრულებები გაჩნდა. 2014 წლის 1 დეკემბრის დოკუმენტი წინა დოკუმენტების გაგრძელებაა.

დასავლური პრესის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით ადგილი აქვს ისეთ კავშირს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა გლობალურ ბალანსს. რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებით, რუსეთი იძენს თურქეთს, თან ინარჩუნებს გაზზე მონოპოლიას. ეჭვგარეშეა, რომ დასავლეთის ენერგოუსაფრთხოება, თურქეთის გარეშე, შეუძლებელია. თურქეთის გარეშე გაჭირდება ენერგოუსაფრთხოება კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთზე, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით, შავ ზღვაზე, ირანში, ავღანეთში, აზიის ქვეყნებში.

სავარაუდოა ისიც, რომ ენერგეტიკულ პროექტს და არა მარტო ენერგეტიკულს,  შეიძლება ირანიც შეუერთდეს. ასე, რომ პუტინის ხანმოკლე ანკარულ ვიზიტს, გამიზნულს ენერგოუსაფრთხოებაზე (მარტივად გაზის გაყიდვაზე), ისეთი გეოპოლიტიკური ძვრები შეიძლება მოჰყვეს, ახალ მსოფლიო ბალანსს რომ შექმნის.

ცხადია, მსგავსი გეოპოლიტიკური ცვლილება დასავლეთის მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩება. ის მაქსიმალურად შეეცდება შორსმიმავალი გეგმების ჩაშლას ან ათასი მაქინაციებით, მის შეფერხებას. ეყოფა თუ არა მას ძალები და რაც მთავარია გონებაგამჭრიახობა – მომავალი გვიჩვენებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.