27.12.2024

პენსის ვიზიტიდან გამომდინარე

პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერით დასრულდა „ესე ამბავი“, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს საზოგადოების, განსაკუთრებით ამერიკულის ყურადღების ცენტრშია. იძულებითი ხელმოწერა – ასე შეიძლება ეწოდოს ანტირუსული (ანტიირანული, ანტიჩრდილო კორეული) სულისკვეთებით გაჟღენთილ კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერის შემდეგ კანონად იქცა.

ჩვენთვის, ისე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, აშშ-ი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის მხარდამჭერი ქვეყნის განსახიერებაა, თუმცა, ამერიკელი კანონმდებლებისა და პოლიტიკოსების ძალისხმევით, მან რახანია დაკარდა მომხიბლველობა იმ საკითხებში, რასაც თავისუფლება, დემოკრატია, სუვერენობა ჰქვია.

ხელის მოწერის დროს, როდესაც პრეზიდენტი იტყვის, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს აწერს ხელს, რომელიც გააუარესებს რუსეთთან ურთიერთობას და არა მარტო მასთან, არამედ აშშ-ს მოკავშირე სახელმწიფოებთანაც, უპირველეს ყოვლისა ევროკავშირთან, ნიშნავს ერთ მარტივ რამეს – კონსტიტუციის ფეხებზე დაკიდებას ანუ იმ დედა-კანონის, რომლითაც ასერიგად მოაქვს თავი აშშ-ს.

ტრამპის, უმაღლესი აღმასრულებლის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ – კანონის, უკანონობის შესახებ ყველაფერი თავის ადგილას დააყენა და ურწმუნო თომებს, აშშ-ს სულით-ხორცამდე გულშემატკივრებს უნდა დაანახოს, რა ქვეყანაა აშშ-ი – სიტყვით კანონის დამცველი, საქმით – ფეხებზე დამკიდებელი.

ტრამპის განცხადებას, უკანონობის თაობაზე, უმალ უნდა მოჰყოლოდა იმავე კონგრესის მკაცრი რეაგირება, მაგრამ საზაფხულო არდადეგების ტალღაზე აწყობილს, სულაც არ ანაღვლებს, რას იტყვის ტრამპი ან კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტს რა დონით შეეძლება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების ესკალაცია.

კონგრესი მრავალი ადამიანის საკრებულოა და გამორიცხავს ვინმე ერთის პასუხისმგებლობას. კოლექტიური ორგანო, კოლექტიურად აგებს პასუხს ანუ ამ კოლექტიური ორგანოს ნებისმიერი წევრის პერსონალური პასუხისმგებლობის გარეშე. პასუხს აღმასრულებელს აგებინებენ, თანაც პერსონალურად. ეს პროცედურაც შორს არ არის. ის, ვინც დაბეჯითებით მოითხოვდა პრეზიდენტის ხელმოწერას, ხვალ გვერდზე გადგება, ისევ აღმასრულებელს შეახოცავს ხელს და მართალიც იქნება, ვინაიდან აღმასრულებელს, ამ შემთხვევაში ტრამპს, ნაცვლად ნიანგის ცრემლების ღვრისა, ის მაინც უნდა გაეკეთებინა, ზომაზე მეტად აგრესიული პუნქტები სხვაგვარად ჩამოეყალიბებინა და კონგრესისთვის დაებრუნებინა, შესაბამისი ცვლილებების კანონპროექტში შესატანად.

ტრამპს შეეძლო კანონპროექტის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებაც, თუმცა მან ბრძოლის ნაცვლად, შეგუების პოზიცია ამჯობინა, რითაც სერიოზული ზიანი მიაყენა აშშ-ს აღმასრულებელ ორგანოს, ადმინისტრაციას და პრეზიდენტის ინსტიტუტს.

აშშ-ი უსერიოზულესი დაპირისპირებას აქვს ადგილი – კონგრესისა და პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის სახით. ამ ბრძოლაში კონგრესი იგება, რაც იმის მომასწავებელია, რომ აშშ-ი ანტიკონსტიტუციურ ქმედებას აქვს ადგილი ანუ საპრეზიდენტო მმართველობიდან, საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას. პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური ბრძოლის ველიდან უბრძოლველად გასვლამ, გზა გაუხსნა სისხლის მოყვარულ, რეაქციულ სენატს და წარმომადგენელთა პალატას ერთპიროვნული მმართველობისკენ.

ტრამპმა პრეზიდენტის ინსტიტუტი გააფერმკრთალა თავისი ხელმოწერით და რაც არ უნდა სანანებელი სიტყვები თქვას, საქმეს არ ეშველება.

ტრამპის ხელმოწერიდან დაწყებული, მინიმუმ მომავალი სამწელიწადნახევრის განმავლობაში (ტრამპის დარჩენილი საპრეზიდენტო ვადა), ტრამპი დაკოდილი პრეზიდენტი იქნება. ასეთთან კი სახელმწიფოებრივი ურთიერთობა გაჭირდება. მხედველობაში არა მარტო რუსეთი მყავს, არამედ დანარჩენი მსოფლიო. ტრამპმა ვერ დაიცვა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რაც სავალალოა არა მარტო აშშ-თვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ახლა, რაც შეეხება მთავარ შემოქმედს – აშშ-ს პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალის „გამომცლელ“ რუსეთს. ამ ქვეყანას ერთთან ანუ აშშ-ს პრეზიდენტთან ურთიერთობა უფრო აწყობდა, ვიდრე მრავალ კონგრესმენთან. არ გაუმართლა. ის ვერაფრით გათვლიდა, რომ ანტირუსული კამპანია, აგორებული აშშ-ს გარკვეული წრეების მიერ, ესოდენ მძლავრი იქნებოდა და კონგრესის ორივე პალატას, ორივე პარტიას ერთმანეთთან დააკავშირებდა და ანტირუსულ კანონპროექტს უდიდესი უმრავლესობით კენჭს აყრევინებდა. ერთზე, აშშ-ის პრეზიდენტზე იყო აქცენტი გაკეთებული, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ასე იყო მრავალი წლის განმავლობაში, თვით აშშ-ს კონსტიუციიდან გამომდინარე.

აშშ-ს გარკვეული თუ გაურკვეველი წრეების, ინსტიტუტების, ჯგუფების ძალისხმევით და მედიის გამოყენებით ისეთი ანტირუსული კამპანია აგორდა, უკეთესს, რუსეთის დღევანდელი მტერი, უკრაინის ხელისუფლებაც რომ ვერ ინატრებდა.

რუსეთი გახდა  (გახადეს) ამერიკის დემოკრატიის წინააღმდეგ მებრძოლ ძალად, რომელიც ერევა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში და ეხმარება ტრამპს. ამ შემთხვევაში სასაცილოა იმის მოთხოვნა, რომ დამდანაშაულებელმა არჩევნებში ჩარევის ფაქტები გამოამზეუროს. პოლიტიკურმა ელიტამ ბრძანა – რუსეთის ჩარევის თაობაზე და მორჩა. მას სხვა მტკიცება არ სჭირდება. არადა სხვა ქვეყანას, რომ გაეკეთებინა მსგავსი რამ, პირველი, ვინც დამადასტურებელ დოკუმენტებს მოითხოვდა, აშშ-ი იქნებოდა. რახანია აცხადებს რუსეთი, რომ აშშ-ი ერევა, თანაც უხეშად, რუსეთის ნებისმიერი დონის არჩევნებში, მათ შორის პრეზიდენტის, მაგრამ ვინ უგდებს ყურს?

მილიარდობით დოლარი რომ იყოფა რუსეთში დემოკრატიის განსავითარებლად, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში – არ ნიშნავს ჩარევას?

როდესაც უკრაინაში, მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ა 5 მილიარდი დოლარი დახარჯა უკრაინელთა გადასაგვარებლად და ბანდერელთა ამოსატივტივებლად, არჩევნებში ჩარევა არ არის?

ანალოგიური ვითარებაა მოლდოვაში, საქართველოში, სხვაგან, სადაც ამერიკელები არათუ ფინანსებით ერევიან ქვეყნების საშინაო საქმეებში, არამედ ძალოვანი სტრუქტურებითაც. ასეთი ქვეყნისგან დემოკრატიაზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, წმინდა დემაგოგიაა.

რას მოიტანს ანტირუსული სანქციები?

ყოველივე უარყოფითს, რასაც ჰქვია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. ამ შემთხვევაში სანქციები ლახავს ორი ქვეყნის საზღვრებს და სხვა ქვეყნებსაც ეხება. სანქციები გაართულებს, დაძაბავს ისედაც გართულებულ და დაძაბულ მსოფლიო ვითარებას, რაც საგანგაშოა. რუსეთი შეეცდება გადადგას შესაბამის ნაბიჯები, ისეთი, რომლებიც არა მარტო ამერიკაზე, სხვაზეც იმოქმედებს, მაგალითად ჩვენზეც.

ფუჭია ის მოლოდინი, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დაიცავს საქართველოს. დაიცვა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის ვიზიტმა ჩვენი ქვეყანა ან აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა? მითუმეტეს ობამას ადმინისტრაცია გაცილებით მყარად გამოიყურებოდა შიდაპოლიტიკურ ბატალიებში, ვიდრე ტრამპის. დაიცვა აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის, მაღალი პათოსით გაჟღენთილმა სიტყვამ, წარმოთქმულმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან?

ვერც ერთი ქვეყანა, მათ შორის თუნდაც აშშ-ი, ვერ დააბრუნებს საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს, რის დაკარგვაშიც ლომის წილი საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლებისა და მთლიანად საზოგადოების სინდისზეა. რომ ვყოფილიყავით სხვანაირები, სხვაგვარნი, პრაგმატულად მოაზროვნეები, საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნენი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არაფერი დაემუქრებოდა.

ეს, მაშინ – 2008 წლის აგვისტოს ომამდე. დღეს? ჰოი, საოცრებავ, დღესაც ისეთივენი ვართ, როგორიც მაშინ. ჩვენს აზროვნებაზე ჟამთა სვლამ არ იმოქმედა? ისეთივე გონებადახშულნი ვართ ამ საკითხში, როგორიც მაშინ. უფრო მეტიც – უფრო აგრესიულები.

ზოგიერთი პოლიტიკოსი, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ აშშ, დასავლეთმა კოლექტიური ძალისხმევით ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რუსეთის ჯარი თბილისში არ შემოსულიყო. რამდენად გაუთვითცნობიერებელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ასეთი სისულელე თქვას. რუსეთი არვის გაუჩერებია. ის თვითონ გაჩერდა. მის გეგმებში არ შედიოდა თბილისის აღება.

 პენსმა თქვა, ის, რაც უნდა ეთქვა სტუმარს – მხარში დგომა, ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური დახმარება და ა.შ. ეს სიტყვები ხშირად გვსმენია, მაგრამ საქმე არ ჩანს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტერიტორიის გამთლიანებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები – ლოზუნგებია და მეტი არაფერი, მაგრამ ეკონომიკური დახმარებაც რომ ასეთია? ის, რასაც აშშ-ი გვაძლევს, საქართველოს ამერიკულ ხელისუფლებას არ ჰყოფნის სახრავად და ხალხამდე რა დავა? პენსსა და მის წინამორბედებს, ხომ კონკრეტულად არ უთქვამთ, ამ ფულს ხალხისთვის გაძლევთ და თუ დანიშნულების მიხედვით არ გამოიყენებთ, მომავალში არაფერს მოგცემთო? ან რაში  ანაღვლებს აშშ-ს საქართველოს მოსახლეობა?

მისი მთავარი საზრუნავი ხელისუფლების დაპურებაა – მეტი ამერიკულობისთვის. ხელისუფლება, რომელსაც ხელში ჰყავს ქვეყანა და აკეთებს იმას, რაც გაუხარდება, აწყობს აშშ-ს, ვინაიდან მის მიერ არის გამოზრდილი და მის დავალებებს ასრულებს.

ასე, რომ, პენსის ვიზიტი გაუხარდა იმას, ვისაც უნდა გახარებოდა ანუ ხელისუფლებას, ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს და ყველას, ვინც აშშ-ზეა დამოკიდებული. მათი ლოიალური განწყობა საქართველოში ამერიკის ინტერესების განმტკიცების გარანტიაა. იქით ამერიკას, აქეთ საქართველოს პოლიტიკას საერთო ინტერესები ამოძრავებთ, რომელშიც ქვეყნის ინტერესი არ იკითხება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.