ობამა – „კოჭლი ბატის“ მდგომარეობაში

ნობელის პრემიის ლაურეატი აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა სამთვენახევარში დატოვებს „თეთრ სახლს“ და ისტორიას ჩაბარდება. 8 წელიწადი იღვაწა პირველმა აფრო-ამერიკელმა პრეზიდენტმა იმ ქვეყნის საჭეთმპყრობლად,  რომელიც მსოფლიოს ჰეგემონ სახელმწიფოდ ითვლება.

„თეთრი სახლიდან“ წასვლის წინ პოლიტიკოსები და ექსპერტები ბევრს მსჯელობენ ობამას მმართველობის თაობაზე. ბევრი დასკვნებსაც აკეთებს, ერთობ ნეგატიურს, ზოგიც თავს იკავებს განვლილი რვაწლედის შეფასებისგან, ზოგიც დადებითად იხილავს ობამას ხანას – შესაბამისი ფაქტების მოშველიებით. ასეთუისე, ობამას მმართველობის პერიოდის შეფასება მომავალი წლის იანვრის შემდეგაც გაგრძელდება ანუ ძველ პრეზიდენტთან გამომშვიდობების და ახლის ინაუგურაციის შემდეგ.

ამერიკული დაუწერელი კანონის მიხედვით, ინაუგურაციის შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე ყოფილ პრეზიდენტს ისე მოიხსენიებენ, როგორც „თეთრ სახლში“ მყოფს. მას არც გააკრიტიკებენ, მითუმეტეს არც გალანძღავენ, ისე, როგორც ამას სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთში აქვს ადგილი და არც პასუხისგებაში მისცემენ ისე, როგორც ზოგ ქვეყანაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტები კორუპციის, უფლებამოსილებათა გადამეტების, წვრილმან-მსხვილმანი დანაშაულისთვის ხანგრძლივი პერიოდით იხდიან სასჯელს. ასეთს არასდროს ჰქონია ადგილი აშშ-ი და ალბათ არც ექნება.

ობამას წინამორბედი ბუში (უმცროსი) უდავოდ იმსახურებდა საზოგადოებრივ და რაც მთავარია მოწინააღმდეგე დემოკრატიული პარტიის რისხვას იმ გადადგმული ნაბიჯებისთვის, რომლებმაც არა მარტო ამერიკას, მთელს მსოფლიოს ენით აუწერელი უბედურება მოუტანა. მარტო ერაყ-ავღანეთში გაჩაღებული ომები რად ღირს, სხვას რომ თავი დავანებოთ, მაგალითად, მსოფლიოს ეკონომიკურ ვარდნას.

ობამა თითო-ოროლა მოკლე კრიტიკით შემოიფარგლა წასული პრეზიდენტის დასახასიათებლად. ანალოგიურს ექნება ადგილი ახლის მხრიდან. ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში – ნაკლებად, დონალდ ტრამპის შემთხვევაში –  მეტად. დღეს კი, ვიდრე ობამა „თეთრ სახლშია“, კრიტიკაც და ლანძღვაც დაშვებულია.

ობამას ამჟამინდელი მდგომარეობა ნაკლებად სახარბიელოა. ის არის პრეზიდენტი, მაგრამ არ არის ანუ მის ნათქვამს ისეთ ყურადღებას აღარ აქცევენ, ვიდრე ერთი წლის წინათ. აშშ-ს სახელმწიფო ინსტიტუტები თავის საქმით არიან დაკავებული, განსაკუთრებით იქ მომუშავე მოხელეები. მათი უპირველესი საზრუნავი ახალი ადმინისტრაციის პირობებში „მზის ქვეშ“ სამუშაო ადგილის შენარჩუნება ან პოვნაა.

ამერიკაში ასეთ პერიოდს „კოჭლი ბატის“ პერიოდს უწოდებენ. „კოჭლი ბატობის“ პერიოდი მტკივნეულად მოქმედებს ყველა „ლაფათქაზე დადებულ“ პრეზიდენტზე, მაგრამ ობამას შემთხვევა გამორჩეულია, რაც პირდაპირ აისახება აშშ-ს, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაზე.

ორიოდ მაგალითს მოვიყვან. პირველი, ფილიპინების ახალმა პრეზიდენტმა დუტერტემ ერთ-ერთი სამიტის წინ, ობამას მიერ გამოთქმული კრიტიკა – ფილიპინებზე ნარკომომხმარებელთა და მოვაჭრეთა წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ ფართოდ გაშლილ უმკაცრესი ღონისძიებათა თაობაზე – შეურაცხყოფად მიიღო და საჯაროდ განაცხადა – „მე, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ვარ და ვასრულებ ხალხის დავალებას, რაც კარგად უნდა გაიგოს ბოზიშვილმა ობამამო“.

ობამამ გადაყლაპა დუტერტეს სიტყვები, მას „ცხელი ყმაწვილის“ გამოხდომა უწოდა და დაგეგმილი პირისპირი შეხვედრა გააუქმა, თუმცა იმავე სამიტზე მაინც გამოძებნა დრო დუტერტესთან დასალაპარაკებლად.

71 წლის დუტერტე ის პრეზიდენტია, რომელიც ჯიბეში ხელს არ იყოფს სხვათა გასალანძღად, მაგალითად რომის პაპის (ფილიპინები კათოლიკური ქვეყანაა), ევროკავშირის და ა.შ. როდესაც პრეზიდენტს მოახსენეს ერთ-ერთ ქალაქში უცხოელი ქალის გაუპატიურების თაობაზე და დაზარალებულის ფოტოც აჩვენეს, პრეზიდენტმა „შავად“ იხუმრა – მე ამ ქალაქის მერი ვიყავი და ქალის გაუპატიურების რიგში მდგომთა შორის, როგორც მერს, პირველობა მეკუთვნოდაო.

მართალია, ობამას მისამართით ნათქვამი დუტერტემ ინანა – გაცხარებით მომივიდაო, მაგრამ ისიც დაამატა – „ამერიკა ფილიპინებზე ვეღარ იბოგინებს და ყურებზე ხახვსაც ვერ დამაჭრის, ვინაიდან რუსეთთან და ჩინეთთან მეგობრობას ვგეგმავო“.

და მართლაც, ლაოსის სამიტის დროს, ის დაელაპარაკა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს მოსკოვში ვიზიტის დაგეგმისთვის, რომელიც მალე გაიმართება.

ობამასთვის ეს ვიზიტი გაცილებით ძნელი ასატანი იქნება, ვიდრე დუტერტეს გინება, ვინაიდან ვიზიტი წყალს შეუყენებს აშშ-ფილიპინების მჭიდრო ურთიერთობებს სამხედრო-ეკონომიკურ დარგებში.

ფილიპინებს, აშშ-ს ყოფილ კოლონიას, როგორც ჩანს აღარ სურს ვაშინგტონის გავლენის ქვეშ ცხოვრება. ის პოლიტიკური ვექტორის შეცვლას ითხოვს, თანაც საით – რუსეთ-ჩინეთისკენ, აშშ-ს აშკარა მოწინააღმდეგეებისკენ. და თუ ეს მოხდა, აშშ-ი დაკარგავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უდიდეს დასაყრდენს, 100 მილიონზე მეტი ფილიპინელის სახით, რაც უდავოდ დიდი დანაკარგი იქნება აშშ-ს და ობამასთვის.

მეორე მაგალითი, ისრაელში, გარდაცვლილი პრეზიდენტის შიმონ პერესის დაკრძალვაზე მყოფი ობამა და ყოფილი პრეზიდენტი კლინტონი ერთობ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ტრაპზე ასული ობამა დიდხანს უძახდა ტრაპთან მდგომ კლინტონს, რომელიც ლაპარაკში იყო გართული -„ამოდი, გვაგვიანდებაო“, მაგრამ კლინტონი არ ჩქარობდა. არადა, პროტოკოლის მიხედვით, პრეზიდენტის თვითმფრინავში ასვლის შემდეგ კარი იკეტება.

მესამე მაგალითი, ჩინეთში „დიდი ოცეულის“ შეხვედრის დროს ობამას არც ტრაპი მიართვეს და არც წითელი ხალიჩა გაუფინეს, ისე, როგორც ყველა დანარჩენ სტუმარს, არც ამერიკელი ჟურნალისტები მიუშვეს ტრაპთან ჩინელმა მასპინძლებმა. და როდესაც ამერიკელებმა, ლამის ჩხუბით, უსაყვედურეს მასპინძლებს, პასუხი იყო მოკლე და მკაცრი – „ეს ჩინეთია და ჩვენ, ჩვენი წესები გვაქსო“.

მკითხველს მოყვანილი შეურაცხმყოფელი მაგალითები ისეთად არ მოეჩვენება, რამაც პოლიტიკაზე შეიძლება იქონიოს გავლენა, მაგრამ პრეზიდენტიც, პაპიც, მეფეც და დედოფალიც ადამიანები არიან. მათ შეიძლება წყენა არ აგრძნობინონ საზოგადოებას, მაგრამ გულის კუნჭულში დაიტოვონ და როდის გამოავლენენ, ღმერთმა იცის, თუმცა პრეზიდენტ ობამას წყენის გამოვლინება გაუჭირდება დარჩენილი საპრეზიდენტო ვადის სიმცირის გამო.

ზემომოყვანილ ფაქტებს ნაკლებად ექნებოდა ადგილი, ობამა რომ თავისი საქმიანობის დასაწყისში იყოს. დღეს კი სხვა ვითარებაა – „კოჭლი ბატის“ პერიოდი, რაც კარგად მოეხსენება ობამას და ისიც ცდილობს ისეთი სახელი დატოვოს, კარგად რომ გაიხსენონ – მაგალითად არა სუსტ პრეზიდენტად, როგორსაც მას მოიხსენიებენ, არამედ მაგარ პრეზიდენტად. აი, სწორედ ამ „სიმაგრის“ ძიებაში სრულიად შესაძლებელია ისეთი შეცდომის დაშვება, რომელმაც მსოფლიო კატასტროფა შეიძლება გამოიწვიოს.

მსოფლიოში მრავლად არის საკამათო ე.წ. ცხელი წერტილები, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან დიდი სახელმწიფოები – აშშ-ი და ჩინეთი, აშშ-ი და რუსეთი. პირველ შემთხვევაში განხეთქილების ვაშლად არის ქცეული სამხრეთ ჩინეთის ზღვა და იქ ჩინეთის აქტიურობა. მეორე შემთხვევაში – სირია და ახლო აღმოსავლეთი, სადაც ერთმანეთს ეჯახება ამერიკა-რუსეთის ინტერესები.

სირიის თემა არახალია. ის ხუთი წელიწადია გრძელდება და იმ ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია, „არაბული რევოლუციები“ რომ ჰქვია. ერაყი, ეგვიპტე, ტუნისი, იემენი, ლიბია, ავღანეთი – ის მოკლე ჩამონათვალია, სადაც ამერიკის პოლიტიკამ აშკარად გამოავლინა თავისი სახე და მიზნები. ამ ჯაჭვში შედის უკრაინაც – ერთ დროს წარმატებული საბჭოთა რესპუბლიკა, დღეს, განადგურებულ-გამათხოვრებულ-გაფაშისტებული, ცხადია ამერიკელთა წყალობით.

ხუთი წელიწადია აშშ-ს  სპეცსამსახურების ძალისხმევით, სირიის კანონიერი პრეზიდენტის ბაშარ ასადის წინააღმდეგ იბრძვის ე.წ. ოპოზიცია. ამ ომმა ლამის ნახევარი მილიონი ადამიანი გაჟლიტა, ნანგრევებად აქცია სირიის ქალაქები, გააჩინა მილიონობით ლტოლვილი, მარტო 3 მილიონი თურქეთის ტერიტორიაზე კარვებში ცხოვრობს ანუ ერთი საქართველო.

სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ ლამის მთელი მსოფლიო დარაზმა აშშ-ს ადმინისტრაციამ, მაგრამ ბაშარ ასადი მაგარი გამოდგა. მან შეინარჩუნა პრეზიდენტობა, თუმცა ქვეყნის დიდი ნაწილი ტერორისტების ხელში აღმოჩნდა. ერთი წლის წინათ რუსეთმა გადაწყვიტა დახმარება გაეწია სირიელი მოკავშირეებისთვის. მას შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობს ტერორისტების ბაზების საჰაერო დაბომბვა.

აშშ-ა ნეგატიურად აღიქვა სირიის ფრონტზე რუსეთის გამოჩენა. ის-ის იყო ტერორისტებს ასადის ხელისუფლება უნდა დაემხოთ, რომ რუსეთი ჩაერთო პროცესში. რუსეთის სამხედრო საჰაერო-კოსმოსური ავიაციის მხარდაჭერამ, სამხედრო მოქმედების თეატრში მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. სირიის არმია შეტევაზე გადავიდა და 600 ქალაქი და დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი  პალმირა გაათავისუფლა ტერორისტებისგან. ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს ქ.ალეპოში. ქალაქის მთელი რიგი უბნები გათავისუფლებულია ტერორისტებისგან. ზოგი ისევ მათ ხელშია.

სირიის სახელმწიფო არმიის გვერდში იბრძვიან ლიბანის ორგანიზაცია „ჰესბოლას“ მეომრები და დასავლური წყაროების მიხედვით – ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა მებრძოლები. ორივე, სირიის პრეზიდენტის დიდი ხნის მოკავშირეები არიან. საჰაერო იერიშებში აქტიურად არის ჩართული რუსეთის ავიაციაც.

სირიის ფრონტზე ერთ მხარეს არიან სირია, ერაყი, ირანი, „ჰესბოლა“ და რუსეთი. მეორე მხარეს – აშშ-ი და მის მიერ შექმნილი კოალიცია 60-ზე მეტი ქვეყნით.  აშშ-სთვის სირია ახლო აღმოსავლეთში პოზიციების გამყარების ადგილია. ბაშარ ასადის დამხობა აშშ-ს და მისი მოკავშირეებისთვის უპირველესი მიზანია და რომ არა რუსეთი – ეს გეგმა მიღწეული იქნებოდა.

რუსეთის გამოჩენამ ვითარება კარდინალურად შეცვალა. აშშ-ს გეგმა ეჭვქვეშ აღმოჩნდა. აშშ-ი სიტყვით იბრძვის ტერორისტების წინააღმდეგ, საქმით – ტერორისტებს წვრთნის, აიარაღებს და ეხმარება სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.

აშშ-ი იძულებული შეიქმნა მოლაპარაკება ეწარმოებინა რუსეთთან. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მრავალი საათი მიუძღვნეს სირიის პრობლემების დარეგულირებას. ბოლო შეხვედრამ, რომელიც 14 საათს გაგრძელდა, ისე დააახლოვა მხარეები, სკეპტიკოსებმაც კი მიიჩნიეს, რომ სირიას ეშველა, მაგრამ …

სწორედ მაშინ მოხდა ამერიკელთა მიერ სირიის არმიაზე საჰაერო იერიშის მიტანა და 80-მდე სირიელი სამხედრო მოსამსახურის განადგურება. მართალია, ამერიკელებმა ბოდიში მოიხადეს – შეგვეშალაო, მაგრამ სირიელთა გულში არსებული უნდობლობა უდავოდ გააღრმავეს. დაბომბვამ რუსული მხარის გულისწყრომაც გამოიწვია.

ამ დაბობმვას, სამი დღის შემდეგ ახალი იერიში მოჰყვა – გაეროს ჰუმანიტარული ტვირთის მატარებელ სატვირთო ავტომანქანებზე. თავდასხმას 20 კაცი შეეწირა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა უმალ რუსეთი დაადანაშაულა. რუსეთმა – პირიქით. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ წყვეტს რუსეთთან მოლაპარაკებას. ამგვარად, ქერი-ლავროვს შორის მრავალსაათიანი მოლაპარაკებათა არაერთი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

რუსი ექსპერტები – ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ღრმად ჩახედულნი, იმთავითვე ამბობდნენ, რომ სირიასთან დაკავშირებით ამერიკასთან მოლაპარაკება წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი. ოფიციალურ მოსკოვსაც შესაძლოა დიდი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ ომს მაინც მოლაპარაკება ამჯობინა. ამასთანავე ანგარიში გაუწია ჩინეთში „დიდი ოცეულის“ ფარგლებში ობამა-პუტინის შეხვედრას, სადაც ხაზგასმით აღინიშნა სირიის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება.

მკითხველი უმალ იკითხავს – მაშ რაშია საქმე, რამ დააპირისპირა მხარეები (აშშ-რუსეთი) ესოდენ სერიოზულადო. პასუხი მრავალ თემას უკავშირდება, მათ შორის აშშ-ს მსოფლიო ლიდერობას. თუ ხარ ლიდერი, ლიდერი უნდა იყო ახლო აღმოსავლეთშიც, მათ შორის სირიაშიც. სირიაში პოზიციების დაკარგვით, აშშ-ი კარგავს გავლენას ახლო აღმოსავლეთში, იმ რეგიონში, სადაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში უცილობელი ჰეგემონის სტატუსი ეპყრა ხელთ.

სირიის ხელში ჩასაგდებად აშშ-ს სპეცსამსახურებმა შექმნეს ე.წ. ისლამური სახელმწიფო – ტერორისტული ორგანიზაცია და მიუსიეს სირიის ოფიციალურ ხელისუფლებას, პრეზიდენტ ბაშარ ასადს. აშშ-ი და მისი მოკავშირეები 5 წლის განმავლობაში სიტყვით ებრძოდნენ სირია-ერაყში ფეხმოკიდებულ ტერორისტულ ორგანიზაციებს, საქმით, ეხმარებოდნენ მათ – ფულით, იარაღით, საჭირო ინფორმაციით, სხვა საშუალებებით.

აშშ-ს და მის მიერ შექმნილი კოალიციის ფარული ხელშეწყობით ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირია-ერაყის ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიკავა. მხოლოდ რუსეთის სირიაში გამოჩენის შემდეგ განხორციელდა ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის უკან დაბრუნება. ამჯერად მიმდინარეობს სირიის მეორე ქალაქის ალეპოს უკან დაბრუნებისთვის ომი.

ალეპოს დიდი ნაწილი გათავისუფლებულია ტერორისტებისგან, მაგრამ ქალაქის აღმოსავლეთში ისევ ტერორისტები არიან. სწორედ აღმოსავლეთ ალეპოში მიმდინარეობს ომი – ყოველი ქუჩის და სახლისთვის. ტერორისტთა კონტროლქვეშ იმყოფება 250000 ალეპოელი. ტერორისტები მათ ცოცხალ ფარად იყენებენ.

სახელმწიფო ჯარის მიერ ალეპოს აღება ნიშნავს ტერორისტებისთვის მძიმე დარტყმის მიყენებას, რასაც სირიიდან მათი განდევნა შეიძლება მოჰყვეს. ეს კი ნაკლებად აწყობს აშშ-ს.

აშშ-სთვის სირიის დაკარგვა ნიშნავს ახლო აღმოსავლეთში არა მარტო პოზიციების შესუსტებას, არამედ პირადად ობამას პოლიტიკის მარცხს. ობამას არ სურს პოლიტიკიდან დამარცხებული წასვლა. ის ორჭოფობს და აშშ-ს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის აქეთ-იქით იხრება. დავუმატოთ ამას „კოჭლი ბატობის“ მომენტიც, რაც იწვევს გარკვეულ დაუმორჩილებლობას პენტაგონის და ცსს მხრიდან. სწორედ მათი ზეგავლენით მოხდა ქერი-ლავროვის შეთანხმების გვერდზე გაწევა და ვაშინგტონ-მოსკოვს შორის ვითარების ისე დაძაბვა, რომ ექსპერტებმა კარიბის ზღვის კრიზისიც გაიხსენეს.

მოსკოვისთვის ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი სირიის პრობლემის გადასაწყვეტად აამოქმედებს გეგმა „ბ“-ს, რომლის შესახებაც იმთავითვე აცხადებდა ის. ეს გეგმა გულისხმობს სამხედრო გზას ანუ სირიის არმიაზე დასავლეთის მიერ საჰაერო იერიშების მიტანას. და რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს, რუსეთი სირიაში C-300-ს მოდერნიზებულ ანტისარაკეტო სისტემას ანთავსებს. სწორედ ამ იარაღით უნდა მოხდეს აშშ-ს ფრთოსანი რაკეტების და ბომბდამშენი თვითმფრინავების განადგურება. თუ რა მოჰყვება ამას – მკითხველისთვის ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს – ორი ბირთვული სახელმწიფოს სამხედრო დაპირისპირება ანუ მესამე მსოფლიო ომი.

„ატომური“ ბურთი ობამას ნახევარზეა, თუ როგორ ითამაშებს ის, მასზე და მის გუნდზეა დამოკიდებული. სუსტი თამაში არც „თეთრ სახლს“ აწყობს და არც „კრემლს“, მითუმეტეს „თეთრ სახლს“, რომელსაც კიდევ ერთი პრობლემა აქვს – ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები.

სირიაში დამარცხებული ობამა ცუდი მაგალითი იქნება დემოკრატების კანდიდატ ჰილარი კლინტონისთვის, რომელსაც ესოდენ ენერგიულად უჭერს მხარს პრეზიდენტი ობამა.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.