26.12.2024

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაციის შესახებ

საქართველოში ამასწინათ ჩატარებულმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალი სტიმული მისცა ქართულ პოლიტიკას – გამუდმებით ილაპარაკოს ამ ორგანიზაციაში შესვლაზე, თუმცა არც მანამდე აკლებდა ხელს და ყოველდღიურად გვახსენებდა საქართველოს მოსახლეობის „მტკიცე“ გადაწყვეტილებას – გახდეს ნატოს წევრი.

რამდენი ითქვა და დაიწერა ნატოზე, ცხადია დადებითი, მაგრამ არავის უკითხავს არის თუ არა საჭირო საქართველოს ნატოში შესვლა; რას მოუტანს ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოს; ნატოში შესვლით, გამთლიანდება თუ არა საქართველო; რა პრობლემებს წააწყდება ქვეყანა ნატოში შესვლით; როგორი დამოკიდებულება ექნება ნატოში შესულ საქართველოს მიმართ მის მეზობელ ქვეყნებს, განსაკუთრებით რუსეთს; იქნება თუ არა მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი; ნატოში შესული საქართველო, შეძლებს თუ არა საკუთარი ეროვნული შემოსავლის 2%-ის გადახდას საწევროს სახით; საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი უჭერს მხარს ნატოში შესვლას და არის თუ არა საჭირო რეფერენდუმის ჩატარება ზუსტი რაოდენობის დასადგენად. არის სხვა მნიშვნელოვანი კითხვებიც, რომლებიც განმარტებას მოითხოვენ.

ნატოსთან დაახლოების თემა ქართულ პოლიტიკას 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ჰქონდა. გაუთვითცნობიერებლობის გამო ის მიიჩნევდა, რომ ამ ორგანიზაციაში შესვლა მხოლოდ ქვეყნის სურვილზე იყო დამოკიდებული. იმჟამინდელი ქართული პოლიტიკის ცოდნა ნატოს საქმიანობასთან დაკავშირებით – მხოლოდ სახელის ცოდნით შემოიფარგლებოდა. დღევანდელ პოლიტიკას მეტი ინფორმაცია აქვს ნატოს თაობაზე, თუმცა ღრმა ანალიტიკური აზრის დეფიციტის გამო, მისი ცოდნა დამოუკიდებელი ქართული პოლიტიკის პირველი პლეადის „ცოდნის“ დონეზე დარჩა.

ნატოს თაობაზე არ იცის პოლიტიკამ და არ იცის ხალხმა. მიუხედავად ნატოს საინფორმაციო ცენტრის გახსნისა და მრავალწლიანი „მოღვაწეობისა“ საქართველოს მოსახლეობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ნატოზე. ეს წარმოდგენა ნეგატივისკენ გადაიხარა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ. სწორედ უცოდინრობამ აფიქრებინა ხალხს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართულ საქართველოს ნატო უნდა დახმარებოდა, ცხადია აშშ-ს თაოსნობით.

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში მოქმედმა ამერიკულმა ორგანიზაციებმა NDI-იმ და IRI-იმ არაერთხელ ჩაატარეს მოსახლეობის გამოკითხვა და იმავე მოსახლეობას ამცნეს, რომ ის მხარს უჭერს ნატოში შესვლას, თანაც დიდი პროცენტით.

ძალს ეს ორგანიზაციები – თავიანთი ცრუ გამოკითხვების შედეგებით და ძალს ურწმუნო თომებად ქცეული მოსახლეობა, რომლის სურვილი – იყოს ნატოში, შარშანწინდელი თოვლივით დნება. ერთ-ერთმა ამერიკულმა ორგანიზაციამ „გელაპმა“ გამოკითხა საქართველოს მოსახლეობას – სურს თუ არა ნატოში ყოფნა და დაადგინა, რომ ასეთთა რაოდენობა 36%-ს არ აღემატება. ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია ზემომოყვანილი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ პროცენტებთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „გელაპი“ უფრო რესპექტაბელური ორგანიზაციაა, ვიდრე IRI და NDI, საქმე არცთუ დამამშვიდებელია ქართული პოლიტიკისთვის და მათი დასავლელი გულშემატკივრებისთვის.

შექმნილი ვითარება გვიკარნახებს, რომ ნატოში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით ახალი რეფერენდუმი უნდა გაიმართოს, მანამდე კი მედიის დახმარებით ფართო გასაქანი უნდა მიეცეს ნატოში შესვლისა და არშესვლის მსურველთა მოსაზრებას. ორივე მხარემ უნდა აუხსნას ხალხს – რას მოუტანს მას ნატოში შესვლა.

ზემომოყვანილი კითხვებიდან უპირველესად სწორედ ისაა გასარკვევი – რამდენ პროცენტს სურს ნატოში შესვლა. თუ რაოდენობა 50%-ზე ნაკლები იქნება, მაშინ დანარჩენ კითხვებზე პასუხის გაცემა აღარ იქნება აუცილებელი.

არის თუ არა ნატო უსაფრთხოების ქოლგა?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, რუსეთი რომ თავზე დასხმოდა ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანას. ფაქტის წინაშე დამდგარი ბრიუსელი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა – არვინ იცის. არც ის იცის – ავტომატურად ამოქმედდებოდა თუ არა ნატოს წესდების მე-5 პუნქტი – „ყველა ერთისთვის, ერთი- ყველასათვის“.

ამ პუნქტის სიმტკიცე უდავოდ გამოჩნდებოდა, რუსეთს რომ თურქულ გამოწვევაზე (რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოგდება) ეპასუხა. მაგრამ რუსეთმა სხვა ზომებს მიმართა და არა თვითმფრინავის ჩამოგდებას, რომლებმაც დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენეს თურქეთს.

ძველი ურთიერთობები, მიუხედავად ორი ქვეყნის პრეზიდენტების ძალისხმევისა, ჯერაც არ აღმდგარა. დრო არის საჭირო. რუსეთს რომ თურქეთივით, სამხედრო თვითმფრინავი (თურქული) ჩამოეგდო, მოჰყვებოდა თუ არა ბრიუსელის მკაცრი რეაქცია? ძნელი სათქმელია, თუმცა გასათვალისწინებელია ნატოს შტაბ-ბინის განცხადებაც – რუსეთ-თურქეთმა თვით მოაგვარონ საქმეო.

ნატომ უარი თქვა ორთა კონფლიქტში ჩარევაზე და ირიბად არ გაიზიარა ნატოს წევრი თურქეთის პოზიცია. არადა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან ერთად მთელი თურქეთის პოლიტიკა ნატოს შტაბ-ბინას მიაწყდა – დახმარებისთვის, საიდანაც ცივი შხაპის გარდა ვერაფერი მიიღო. თუ თურქეთისთვის ნატო ვერ იღებს გადაწყვეტილებას – ქვეყნისთვის, რომლის სამხედრო ძალები მეორეა აშშ-ს შემდეგ ნატოში, ახალგაწევრებული მონტენეგროსთვის მიიღებს ან მითუმეტეს საქართველოსთვის?

რუსეთს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას ნატოში შესვლას ეწინააღმდეგება, მაგრამ არ ანაღვლებს თუკი სამივე ევროკავშირში შევა. რა ბერკეტი აქვს რუსეთს ისეთი, ნატოს წევრები რომ ანგარიშს უწევენ?

ოფიციალური ბრიუსელის განცხადებით ნატოში შესვლა – ნატოსა და საქართველოს საქმეა და არა რუსეთის ანუ მესამე მხარის, რაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში: „ნატოში გაწევრება არის მოკავშირეებისა და ასპირანტი ქვეყნის მიერ მისაღები გადაწყვეტილება და მასზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია მესამე ქვეყანას“.

დიახ! ყველაფერი ასეა, მაგრამ რეალობაში – არც ისეთი, როგორიც ნატოს დოკუმენტებშია. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და მას ანგარიში ეწევა, რაც უნდა გაითვალისწინოს საქართველოს პოლიტიკამ. ჩვენი მეზობლებიდან, გარდა რუსეთისა, ნატოში შესული საქართველო ნაკლებად სასურველია აზერბაიჯან-სომხეთისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი მეზობლის-მეზობელ ირანისთვის, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები ამიერკავკასიაში.

ნატოში შესული საქართველო უდავოდ მურმანის ეკალივით იქნება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის, იქ მიმდინარე დაპირისპირებიდან გამომდინარე. ნატოში შესული საქართველო ერთობ უხერხულ პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდება, ნატოსთან არცთუ კარგ ურთიერთობაში მყოფ მეზობლებს შორის.

 საქართველოს ნატოში შესვლა ვერ მოაგვარებს საქართველოს ტერიტორიულ საკითხებს, ვერ შეძლებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. რატომ? – იკითხავს მკითხველი. უპირველესად იმიტომ, რომ ნატო არ იხილავს მისი წევრი ქვეყნების ტერიტორიულ საკითხებს, ვინაიდან არ თვლის მას ნატოს გადასაწყვეტ თემად. სწორედ ამიტომაც ნატო თავის რიგებში არ მიიღებს ისეთ ქვეყანას, რომელსაც აწუხებს ტერიტორიული პრობლემები.

ერთი სიტყვით – ნატო თავს არ აიტკივებს ასეთი პრობლემით. საქართველოს კი ასეთი 2 აქვს – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. გარდა ამისა, მას არცერთ მეზობელთან, გარდა თურქეთისა, საზღვრები არ აქვს შეთანხმებული, კონფლიქტურ დამოკიდებულებაშია თუნდაც ერთ მეზობელთან (რუსეთი). რა გამოდის? ნატოში შესვლამდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა ვაღიაროთ?

თუ ნატო გვინდა, ასე უნდა მოვიქცეთ. ღირს კი ნატოში შესვლა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დაკარგვად?!

მართალია დაკარგულ ტერიტორიებს ვერც დღეს და ვერც უახლოეს პერიოდში ვერ დავიბრუნებთ, თუნდაც რუსეთთან ჩახუტებით, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკის დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა მომავალ თაობებს წაართვას დაკარგულის დაბრუნების შანსი.

აღნიშნულის ფონზე ერთობ ქარაფშუტულად აღიქმება პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის სესიაშვილის განცხადება – ნატოს სურს რუსეთის ცივილიზებულ ჩარჩოებში მოქცევა და მისი იძულება გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც ბრიუსელიდან ეტყვიან, მათ შორის დააბრუნოს საქართველოს ტერიტორიები; უკრაინას დაუბრუნოს ყირიმი და ა.შ.

როგორც ჩანს ქართველ „პოლიტიკოსებს“ ავიწყდებათ მათივე ნათქვამი, რომ ნატოში შესული საქართველო ან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას. იგივეს აცხადებს ნატოც, მაგრამ რუსეთს ამის არ სჯერა და მართალიც არის. ძნელია დაიჯერო დასავლეთის, კერძოდ ნატოს, როდესაც სიტყვა და საქმე დაშორებულია ერთმანეთისგან. დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი დაბეჯითებით უმტკიცებდა სსრკ-ს, რომ ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. დაპირება არ შესრულდა. ნატომ არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოცქვეყნები მიიღო თავის რიგებში, არამედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ჯერი უკრაინა, საქართველო, მოლდოვაზე მიდგა.

მაინც რა ემუქრება რუსეთს, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის ნატოში გაწევრებით?

ძალიან მარტივი რამ, ნატოს სამხედრო პოტენციალის რუსეთის საზღვრებთან განლაგება, ომის შემთხვევაში გამოიწვევს რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული ობიექტების და ქალაქების სწრაფ განადგურებას. რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისთვის გაჭირდება სწრაფი რეაგირება, ვინაიდან გასროლის შემდეგ წამები დარჩება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ასამოქმედებლად.

სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური სამიტის ფარგლებში მსოფლიო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მარტივად ახსნა რუსეთის პოზიცია სამხრეთ კორეაში და ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებასთან დაკავშირებით. მისი აზრით, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას და რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს, რუსეთი იძულებულია გამოიგონოს ახალი იარაღი მოსალოდნელი თავდასხმის გასანეიტრალებლად ან თვალი დახუჭოს ყოველივეზე, დანებდეს დასავლეთს და შეასრულოს მისი ნებისმიერი ბრძანება, როგორც მარიონეტმა.

სესიაშვილისეული „ცივილიზებულ ჩარჩოებში მოქცევა“ რუსეთისთვის, ისე, როგორც დასავლეთისთვის ნიშნავს კაპიტულაციას, რაც გიგანტი სახელმწიფოსთვის მიუღებელია. გორბაჩოვ-ელცინის დროს დაშვებულ უხეშ შეცდომებს რუსეთის ხელისუფლება აღარ გაიმეორებს, რაც თავისთავად წინა პლანზე წამოწევს შეიარაღების ზრდას, კონფრონტაციას. ასეთ ვითარებაში სიბეცეა ქართული პოლიტიკის გამუდმებული ლაპარაკი ნატოში შესვლასთან დაკავშირებით. ქართული პოლიტიკა ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რაც უდავოდ მოჰყვება საქართველოს ნატოში გაწევრებას. საქართველოს პოლიტიკას ჰგონია, რომ ნატოში შესვლით ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი ერთხელდასამუდამოდ გადაწყდება, რაც აბსურდია, ვინაიდან პროვოკატორად გადაქცეულ საქართველოს მოსარჯულებლად რუსეთი არც სამხედრო ძალას დაიშურებს და არც სხვას.

საქართველოს ხელისუფალთათვის საგანგაშო უნდა ყოფილიყო ბრიუსელის შტაბ-ბინაში ტრამპის სიყრუე – აგრესიის შემთხვევაში ნატოს წესდების მე-5 პუნქტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები – პოლონეთი, ბალტიისპირა სახელმწიფოები სწორედ ამას ელოდნენ ტრამპისგან. მან კი სიჩუმე ამჯობინა. მართალია, მას არ უთქვამს წინასაარჩევნო მარათონში არაერთხელ ნათქვამი, რომ ზემომოყვანილი ქვეყნები ავანტიურისტები არიან და მათ შეუძლიათ წაჰკიდონ ერთმანეთს აშშ და რუსეთი, მაგრამ სიჩუმე იმის მომასწავებელი იყო, რომ ამერიკა თავს არ გასწირავს არც მათთვის და არც დავუშვათ ნატოში შესული საქართველოსთვის.

პრეზიდენტობამდე ტრამპი აცხადებდა, რომ ნატო მოძველებული ორგანიზაციაა და აღარ უნდა არსებობდეს, ვინაიდან ვის საწინააღმდეგოდაც შეიქმნა (სსრკ), ის აღარ არსებობს. პრეზიდენტად გახდომის შემდეგ მან აზრი შეიცვალა, მაგრამ შეიცვალა? იქნებ სხვა გზით უტევს ნატოს? და ეს გზა საწევროს გადახდაა. ანუ ეროვნული შემოსავლის 2%. ნატოს 29 წევრი სახელმწიფოდან, მხოლოდ 4 იხდის საწევროს, დანარჩენი აშშ-ს ხარჯზე ცხოვრობს, რაც აღიზიანებს ტრამპს და აცხადებს, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში ამერიკა დატოვებს ნატოს.

მართალია, ტრამპს ნატოს დატოვების შესახებ ბრიუსელში არ უთქვია, მაგრამ გადახდაზე კატეგორიულად თქვა და აიძულა პარტნიორები ფიცი გადახდისა დაედოთ. შეძლებს ტრამპი ნატოს წევრების დაყოლიებას, ძნელი სათქმელია, ვინაიდან 2% ეროვნული შემოსავლისა საკმაო თანხაა, თუნდაც ისეთი წარმატებული ქვეყნისთვის, როგორიც გერმანიაა. ასე რომ, ნატოს ყოფნა-არყოფნის თემა ისევ მწვავედ დგას დღის წესრიგში, ისე, როგორც პარიზის ხელშეკრულება კლიმატთან დაკავშირებით.

ტრამპმა აუსრულა დაპირება ამომრჩეველს და გამოვიდა ხელშეკრულებიდან, მიუხედავად მთელი მსოფლიოს საწინააღმდეგო გნიასისა, ტრამპმა არ გაიზიარა სხვების აზრი. ხომ შეიძლება იგივე მოხდეს ნატოსთან მიმართებაშიც?

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღება, რაღაცას ნიშნავს, მაგრამ არა მთავარს, ვინაიდან ასამბლეა თვით არ არის ისეთი ორგანიზაცია, სერიოზულ გავლენას რომ ახდენდეს ნატოს შტაბ-ბინაზე, მითუმეტეს მის ისეთ ბობოლა წევრებზე, როგორებიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი და ა.შ., მაგრამ სამგლე გოჭივით ატროკებული ქართული პოლიტიკისთვის,  საკუთარი თავისა და ხალხის მოსატყუებლად უძვირფასესი დოკუმენტია.

თვით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმაც კარგად იციან რისი მაქნისები არიან, მაგრამ რუსეთისთვის კიდევ ერთი არასასიამოვნო ჩხვლეტა მათ უდიდეს კმაყოფილებას გვრის. ვერც ისინი და ვერც საქართველოს ხელისუფალნი ვერ ხვდებიან, რომ მსოფლიოში სხვა პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც მრავალპოლუსიანობის მომტანია. მას უდავოდ ექნება ადგილი და მაშინ ვინღა იფიქრებს ნატოზე ან გლობალიზაციაზე. ეს თემები დავიწყებას მიეცემა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.