მორიგი სახელისუფლებო ცვლა
ბატონ გურამ გოგიაშვილს
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს — გახარიას სახით. ძველმა პრემიერმა ბახტაძემ, რომელიც, ჭორების მიხედვით, საზოგადოებას დიდხანს ყოფნით ამშვიდებდა — თანამდებობა დატოვა.
ივანიშვილისეული როტაცია სახეზეა. დროის მცირე მონაკვეთში სახელმწიფოს 3 საჭეთმყრობლის ცვლა უდავოდ მიგვანიშნებს ქვეყანაში მმართველობითი სისტემის მძიმე, ღრმა კრიზისზე, საიდანაც გამოსვლა არცთუ იოლი იქნება.
აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობის სისტემატიური ცვლა არც პოლიტიკური თვალსაზრისით დაღვინებულ ევროპაშია იშვიათი, თუმცა იქაურსა და აქაურს შორის განსხვავება დიდია. თუ იქაური, გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების მოუგვარებლობით, აქაური, მხოლოდ სუბიექტურ მოსაზრებას უკავშირდება — ერთი პირის, ერთი კაცის გუნება-განწყობილებას და მას არავითარი კავშირი არ აქვს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან.
თუ როგორ ხდება ქვეყნის ანუ მთავრობის მეთაურის მიერ თანამდებობიდან გადადგომა დემოკრატიულ ევროპაში, მკითხველისთვის ცნობილია, მაგრამ თავს უფლებას მივცემ შევახსენო — საპარლამენტო სისტემის ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ინიციატორი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტია.
საქართველოში მსგავსს არასდროს ჰქონია ადგილი. პარლამენტი, პრემიერის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ყველაზე გვიან იგებს — ქუჩაში მოარული ჭორების წყალობით, რომელსაც შესანიშნავ ფონს უქმნიან ჟურნალისტები. მოსალოდნელი ცვლილების თაობაზე სანდო სახელმწიფო პირი „საიდუმლო“ ინფორმაციას აწვდის მედიას და ისიც პირნათლად „ინახავს“ საიდუმლოებას.
ასედაამგვარად, როდესაც პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი ჟურნალისტის შეკითხვაზე, გადადგომის შესახებ პასუხობს, რომ მან არაფერი იცის, მართალია. მან მართლაც არაფერი იცის. რომ სცოდნოდა, ამდენს და ასეთი ენთუზიაზმით ილაპარაკებდა სამომავლო პროექტებზე?
გაიხსენეთ წინა პრემიერების ღარიბაშვილის, კვირკაშვილის გადადგომამდე გაკეთებული განცხადებები ქვეყნის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და მათში მთავრობისა და პირადად მათი ვალდებულებების თაობაზე.
ანდა ბახტაძის განცხადება, რომელიც მან წინა თვეს გააკეთა საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ნახევარი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე. განცხადებაში ძირითადი ყურადღება გამახვილდა ახალი სწრაფმავალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რუსეთთან.
„პროექტს ხელი მოეწერება რამდენიმე დღეში და წლის ბოლოს დაიწყება მეორე პროექტი — ისტორიული მნიშვნელობისა, კობი-გუდაურის სწრაფმავალი მაგისტრალი. ეს იქნება ევროპაში ყველაზე რთული საინჟინრო პროექტი. ცხადია, მშენებლობა საჭიროებს შესაბამის ინვესტიციას, რაც მოზიდული და ხელმოწერილი გვაქვს“, — განაცხადა ბახტაძემ.
მართლაც საინტერესო და საქართველოსთვის აუცილებელი პროექტია. უნდა ვიმედოვნოთ, რომ პრემიერის შეცვლა მასზე არ იმოქმედებს. აღნიშნული პროექტის განხორციელება პოლიტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და დასავლური ანტირუსული გეგმების მარცხის აშკარა დემონსტრირებაა.
საბჭოთა კავშირის დაშლით გათამამებულმა დასავლეთმა, დაშლის მორიგი სამიზნე შეამზადა — რუსეთის ფედერაციის სახით. მის ადგილას რამდენიმე პატარა სახელმწიფო უნდა დაჩეკილიყო, დაახლოებით ისეთი, როგორიც ყოფილ იუგოსლავიაშია.
რუსეთის დაშლის გეგმა — საიდუმლოდ შემუშავებული, უპირველესად ამ ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ იზოლაციას ქადაგებდა და მასში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა — სატრანსპორტო დერეფნის სახით. დასავლეთ-აღმოსავლეთის მარშრუტს სერიოზული კონკურენცია უნდა გაეწია რუსეთის ანალოგიური უკვე არსებული ფუნქციისთვის და საბოლოო ჯამში მთლიანად წაერთმია მისთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.
არც მაშინ და არც დღეს დასავლეთი არ ფიქრობდა და ფიქრობს ამიერკავკასიის ქვეყნების კეთილდღეობაზე. ის თავის თავზე და მის მიერ შემუშავებულ გეგმაზე ფიქრობს — რუსეთის იზოლაციაზე.
არ გამოვიდა! ძნელია, თუნდაც ერთად აღებული დასავლეთისთვის მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის დაჩოქება, რომლის ტერიტორია მილიონობით კვ.კილომეტრს ითვლის, ხოლო მოსაზღვრე ქვეყნების რაოდენობა თვრამეტს.
გავიხსენოთ რამდენი ენერგეტიკული პროექტი ჩაბარდა ისტორიას. მარტო „ნაბუკო“ რად ღირს. მას, ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის ენერგომატარებლებით უნდა მოემარაგებინა ევროპა, ნაცვად რუსული ენერგომატარებლებისა; ანდა ავიღოთ ახლახანს დასრულებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. აღნიშნული პროექტების წარმატებით ამუშავებისთვის რომ პოლიტიკური კეთილდღეობაა საჭირო, ეჭვს არ იწვევს. სწორედ ასეთის არარსებობამ შეუშალა ხელი ეკონომიკური პროექტების წარმატებას.
ბახტაძის მიერ გაჟღერებული სამხრეთ-ჩრდილოეთის საავტომობილო სწრაფმავალი მაგისტრალი ისეთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომლის განხორციელება უდავოდ წაადგება საქართველოს.
ვეჭვობ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს ისეთი ენთუზიაზმით ელაპარაკა აღნიშნული პროექტის თაობაზე, როგორითაც მან ილაპარაკა, თანამდებობიდან წასვლა რომ ჰქონოდა გეგმაში. ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვებიც წასვლის თაობაზე მისთვის ისეთი რამ იყო, ჭორს რომ უფრო ჰგავდა, ვიდრე სინამდვილეს.
ე.ი. რა გამოდის, პრემიერი, რომელიც თვით უნდა წყვეტდეს თანამდებობიდან წასვლა-დარჩენას, არაფერს წყვეტს. მაშ ვინ წყვეტს?
ჩრდილში მყოფი კაცი, გვარად ივანიშვილი, ოფიციალურად არც ერთ სახელმწიფო დოკუმენტზე ხელის არმომწერი, ოფიციალურად არც ერთ სახელმწიფო საქმეზე პასუხისმგებელი.
მილიარდერი ივანიშვილი უგვირგვინო იმპერატორია — ყველა საქმის გადამწყვეტი — სხვისი, ანუ მის მიერ დანიშნული საკანონმდებლო-აღმასრულებელი ხელისუფლების სახით.
მერვე წელია „დემოკრატიული“ საქართველო ასეთ პოლიტიკურ სინამდვილეში ცხოვრობს. ქვეყანას ჰყავს „არჩეული“ პარლამენტი, ამ „არჩეული“ პარლამენტის მიერ არჩეულ-დანიშნული აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ორგანოები და ა.შ. მაგრამ არც ერთი მათგანი თავის საქმეს არ და ვერ ასრულებს — „ერთი კაცისკენ“ გახედვის გარეშე. რა ჰქვია ასეთ ქვეყანას?
დემოკრატიულს რომ მას ვერ ვუწოდებთ — ფაქტია. ვერც ადამიანის უფლებების დამცველს, ვერც სუვერენულს, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, ვინაიდან სუვერენულობის მას არაფერი სცხია.
სუვერენულობის დარგში ის ანუ საქართველო „სტრატეგიული მოკავშირის“ დაკვეთების უსიტყვო შემსრულებელია, რაც შორს არის სუვერენიტეტის არსიდან.
აი, ასეთი გაუგებარი სახელმწიფო მმართველობის ქვეყანას, ამ ქვეყნის მეტიჩარა „პოლიტიკოსები“ რეგიონის და არა მარტო, უდემოკრატიულეს ქვეყნად თვლიან და მასთან შედარებით არც ერთ მეზობელს ასეთად არ მიიჩნევენ. განსაკუთრებულ აქცენტს რუსეთის არადემოკრატიულობაზე აკეთებენ. მაგრამ ამ საქმეში მარტო შინაური ე.წ. პოლიტიკოსები სცოდავენ?
არა! ისინი მხოლოდ იმათ ნათქვამს იმეორებენ, ოღონდ უფრო მონდომებით, დასავლეთი რომ ჰქვია. გახსოვთ, აშშ-ს პრეზიდენტის შეფასება სააკაშვილის საქართველოს მისამართით გამოწერილი?
შეგახსენებთ — „დემოკრატიის შუქურა“. ჰოდა, თუ ასეთ „შუქურას“, ასეთი სახელმწიფოებრივი მმართველობა აქვს, მაინც „დემოკრატიის შუქურად“ ითვლება?
რა კავშირი აქვს ყბადაღებულ დემოკრატიას იმ მმართველობასთან, აქ რომ არის?
არც არაფერი! ტყუილად თავს ნუ ვიტყუებთ, უფრო სწორად თავს ნუ ვატყუებინებთ ე.წ. დასავლელ, განსაკუთრებით ამერიკელ „პარტნიორებს“. რა დემოკრატიაზე ან ადამიანის უფლებებზეა ლაპარაკი, როდესაც საზოგადოებას არვინ არაფერს არ ეკითხება, თუნდაც ისეთ მარტივ საქმეში, როგორიცაა ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა.
ხელისუფლების ნებართვით, ორ კვირზე მეტი ხნით გადაკეტეს ვაჟა-ფშაველას გამზირი და მიმდებარე ქუჩები, რითაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენეს საბურთალოს მოსახლეობა. ხელისუფლებამ ისინი იმით „გაახარა“ — პოლივუდი ფილმს იღებს და ფულს გვიხდისო. თითქოს ეს ფული ხალხამდე მიდიოდეს!
ორი კვირის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში, გადაღებაში მონაწილე ავტომანქანების გამაყრუებელი გრიალის თანხლებით უწევდა გაუბედურებულ მოსახლეობას ცხოვრება. აღარაფერს ვამბობ ქუჩების გაუთავებელ თხრასა და ე.წ. რეკონსტრუქციაზე. ანდა ავიღოთ აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნა საქართველოში.
ა.წ. აგვისტოს მეორე დეკადაში თავდაცვის მინისტრმა იზორიამ დააანონსა აშშ-ნ სამხედრო თანამშრომლობის 3-წლიან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.
იზორია, ისე, როგორც ბახტაძე ისტორიის კუთვნილება გახდა. რას მოიმოქმედებს ამ დარგში ახალი მინისტრი ღარიბაშვილი — მალე გამოჩნდება, თუმცა ვეჭვობ მას სხვა მოსაზრება ჰქონდეს, რამეთუ გადაწყვეტილება „იმ კაცის“ მიერ არის მიღებული.
ამერიკული ბაზების თემა ისეთია, ღმერთის განკარგულება რომ ესაჭიროება, ასეთად კი „დემოკრატიულ“ სახელმწიფოში ივანიშვილი მოიაზრება.
ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნასთან დაკავშირებით კარგა ხანია ლაპარაკობენ სამხედრო მოსამსახურეები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. მათი აზრით ასეთის აუცილებლობა მოსალოდნელი რუსული საფრთხით არის გამოწვეული.
რუსული მოსალოდნელი აგრესიის თემა რახანია მუსირებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ვითომ შეშინებულები ეხვეწებიან აშშ-ს, თავდაცვის მიზნით, ჯარი ჩააყენოს მათ ქვეყნებში და ის, ანგარიშის გაწევით, იძულებულია დაეხმაროს მათ. ასე გაჩნდა ამერიკული ბაზები ბალტიისპირა ქვეყნებში, პოლონეთში — ნატოს წევრ სახელმწიფოებში. ასე მოხდება არაწევრ უკრაინაში — ოჩაკოვოს სამხედრო-საზღვაო ბაზა; მსგავსს აპირებენ საქართველოშიც — ორ სახმელეთოს და ერთ საზღვაოს.
შეეკითხა ვინმე ამ ქვეყნის მოსახლეობას — სურს თუ არა მას რუსეთის ბირთვული რაკეტების სამიზნედ გახდომა?
არც არავინ!
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მთავარ თემაზე მიწეპებულ ე.წ. რეფერენდუმს ასახელებენ — მაშინ გადაწყვიტა საქართველომ ნატოში შესვლაო.
მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ხალხმა შეიცვალა აზრი და ის დიამეტრალურად განსხვავდება ხელისუფალთა, პოლიტიკოსთა აზრისგან. არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება ახალი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან ხელისუფლება შიშობს — შედეგი ნატოს საწინააღმდეგო იქნება.
ქართველი პოლიტიკოსების მიხედვით — ნატო, ის დამცავი ქოლგაა, რომელიც გადაგვარჩენს რუსეთის ბირთვული რაკეტების კოკისპირული წვიმისგან. არვინ სვამს კითხვას — აქვს თუ არა რუსეთს ასეთი „წვიმით“ საქართველოს გამასპინძლების სურვილი?
რომ ჰქონოდა, ძვირადღირებული რაკეტების გამოყენების გარეშე აიღებდა თბილისს 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მისი ტანკები თბილისიდან 20-25 კილომეტრში იდგნენ. იქნებ ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ დაასახელოს ბოლო 30 წლის განმავლობაში მეზობელ ან სხვა სახელმწიფოში რუსეთის შეჭრის ერთი მაგალითი?
ობიექტურობის გათვალისწინებით არც უკრაინა და არც მოლდოვა ასეთ მაგალითად არ გამოდგება, მითუმეტეს საქართველო, ვინაიდან ყველა ამ სამ შემთხვევაში რუსეთმა პასუხი გასცა მეზობელი ქვეყნების უნიათო, აგრესიული ხელისუფლების პროვოკაციულ გამოხდომას.
არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — არ დაეწყო ომი სააკაშვილს და არ იქნებოდა რუსეთის „აგრესია“, მითუმეტეს ოკუპაცია.
რუსეთს სურს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების ქონა, რისი დამადასტურებელია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, რომელმაც გასულ წელს 1,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საქართველოს ღვინოების ორმა მესამედმა ისევ მოიპოვა სტაბილური რუსული ბაზარი. ხოლო რუსი ტურისტების ნაკადმა საქართველოს ბიუჯეტს 2018 წელს 3,2 მილიარდი დოლარი (ქვეყნის ბიუჯეტი 4,7 მილიარდი) შესძინა.
და ეს ხდება მაშინ, როდესაც ორ ქვეყანას შორის 2008 წლიდან გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა. მაშ, ვინ ძაბავს ატმოსფეროს? ვინ გაჰკივის რუსულ მოსალოდნელ აგრესიაზე?
ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, რომელთაც არც ხელისუფლება ჩამორჩება. წივილ-კივილის რეჟისორი და დირიჟორი კულისებშია, თუმცა ხანდახან თავს გამოჰყოფს რაიმე საწამლავის სათქმელად, გუნდის სიმღერაში ისეთი კორექტივების შესატანად, მას რომ გაახარებს.
და გუნდიც წარბშეუხრელად მიჰყვება დირიჟორის ხელის მოძრაობას — ავტომატურად, დაუფიქრებლად, შეუგნებლად, იმ სიმღერის შესასრულებლად, ქვეყანას რომ სიკეთეს არ მოუტანს.
ასეა ბოლო 30 წლის განმავლობაში და როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების დროსაც, ვინაიდან იქ დაგეგმილი მარტივად და იოლად არ იცვლება. მას სხვა ძალა და შემართება სჭირდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი