22.12.2024

მიუნხენის კონფერენციის ფარისიველური სულისკვეთება

მიუნხენის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რუსეთთან ანგარიშსწორების სცენად რომ გადაიქცა, ფაქტია. დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები არაფერს იშურებდნენ ამ ქვეყნის ლანძღვა-შეურაცხყოფისთვის. თავიდათავი – უკრაინა,  იქ მიმდინარე სამოქალაქო ომი და „კრავი“ უკრაინის ხელისუფლებისთვის დასავლური მხარდაჭერის გამოვლინების სურვილი იყო.

შეიძრა დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ-ი – უკრაინას უჭირს და უნდა დავეხმაროთო; უკრაინას, რუსეთი უტევს, ჩაგრავს და საკუთარ საზღვრებში არსებობა-განვითარების საშუალებას არ აძლევსო და ა.შ.

მიუნხენის კონფერენციამდე, ვაშინგტონის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში განიხილეს საკითხი ერთობ შემაშფოთებელი და მსოფლიო მშვიდობისთვის საზიანო – უკრაინისთვის შეტევითი შეიარაღების მიწოდება. მართალია, ჯერ-ჯერობით, აშშ-ს პრეზიდენტ ობამას საბოლოოდ არ გადაუწყვეტია ეს საკითხი, მაგრამ, როდესაც ესოდენ ინტენსიური ლაპარაკია, პრაქტიკიდან გამომდინარე, საკითხიც დადებითად წყდება.

უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების თემამ მიუნხენშიც გაიჟღერა და თანაც ისე, სამსჯელოდ რომ იქცა. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ევროპა წინააღმდეგია ვაშინგტონის ინიციატივის. განსაკუთრებით აქტიურობენ გერმანია-საფრანგეთის ლიდერები მერკელი და ოლანდი. ორივენი თვლიან, რომ ამერიკული იარაღით უკრაინის შეიარაღება, საკითხს ვერ გადაწყვეტს. უკრაინის პრობლემა დიპლომატიურმა მოლაპარაკებამ უნდა გადაწყვიტოს.

მერკელმა თავის პოზიცია ვაშინგტონში ხანმოკლე ვიზიტის დროსაც დააფიქსირა. პრეზიდენტთან შეხვედრისას მან მოახერხა ობამას დაყოლიება, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს მერკელის „შელოცვა“, ძნელი სათქმელია.

აშშ-ს ადმინისტრაციისა და პოლიტიკური წრეების მიხედვით, უკრაინას აუცილებლად უნდა მიეწოდოს „მომაკვდინებელი“ იარაღი თავდაცვის მიზნით. მხოლოდ პრეზიდენტი ობამაა წინააღმდეგი ამისა, მაგრამ რამდენ ხანს გაძლებს ის ასე, ძნელი სათქმელია.

ერთობლივ პრს-კონფერენციაზე მან განაცხადა, თუ რუსეთი არ გადადგამს კონსტრუქციულ ნაბიჯს, სანქციებიც გამკაცრდება და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხიც დადებითად გადაწყდება. მერკელის დიპლომატიამ როგორც ჩანს ჯერ-ჯერობით გაჭრა, თუმცა არცთუ მყარად უკრაინის მოვლენებს რომ ეკადრება.

როდესაც ლაპარაკია კიევის ხელისუფლებისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების თაობაზე, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ იარაღის თავდასხმისთვის გამოყენება სრულიად თავისუფლად შეიძლება. როდესაც აშშ-ი უკრაინას ვითომ თავდაცვისთვის აწვდის იარაღს, შემდეგი კითხვა იბადება – ვისგან იცავს თავს კიევის ხელისუფლება, ამბოხებულებისგან, რომლებიც კიევის მისადგომებთან არიან?

აშშ-ს და მის ევროპელ პარტნიორებს ისეთი სურათი აქვთ დახატული, თითქოს ამბოხებული დონეცკი და ლუგანსკი ხარკოვს, კიევს და სხვა ქალაქებს ალყაში აქცევდეს. სინამდვილეში, სწორედ დასავლეთის მხარდაჭერითა და დახმარებით უკრაინის არმია „სტუმრობს“ აღმოსავლეთ უკრაინას და მიწასთან ასწორებს მის ისტორიულ საცხოვრისს. კიევის სადამსჯელო ოპერაციის შედეგად 50000 ადამიანია დახოცილი (გერმანიის სპეცსამსახურების ცნობით).

რაც შეეხება ევროკავშირს – მისი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ქალბატონი მოგერინი ისე თვლის, როგორც მერკელი და ოლანდი, თუმცა ამასთანავე ახცადებს, რომ არც ამერიკული იარაღის მიწოდებით დაშავდება. მოგერინის განცხადება, თავისთავად ნიშნავს რევერანსს, როგორც ვაშინგტონის, ისე ევროპისკენ, რაც ამტკიცებს ამერიკელთა რწმენას უკრაინის მილიტარიზაციასთან დაკავშირებით.

ვაშინგტონი სკეპტიკურადაა განწყობილი რუსეთ-გერმანია-საფრანგეთ-უკრაინის მინსკის შეხვედრის მიმართ. სიტყვით, თითქოს ის მხარს უჭერს მოლაპარაკებას, მაგრამ საქმით წინააღმდეგია. ვაშინგტონის პოზიცია გამოიხატება შემდეგში – რაც ცუდია, უკეთესია. მსგავსი პოზიცია ხელს უწყობს აშშ-ს მსოფლიო პირველობას; არ აძლევს შესაძლებლობას სხვა ქვეყნებს, გადაჭრან საკუთარი საშინაო და საგარეო პრობლემები.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით არა მარტო ერაყის, ავღანეთის, სირიის, უკრაინის, სხვა ქვეყნების მდგომარეობა უარესდება, არამედ იმ ქვეყნებისაც, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არიან დაკავშირებული ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებთან. მათ შორისაა რუსეთიც.

“ჩვენ ვერასდროს შევეგუებით ერთი ქვეყნის სურვილს, გავლენის სფეროებთან დაკავშირებით“, – განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა მიუნხენში, რასაც რუსეთის წინააღმდეგ არადიპლომატიური ლექსიკაც მიაყოლა – „გაეთრიოს უკრაინიდან“.

რეაქციულად ჟღერდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ჰეიგელის განცხადებაც: „რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის თაობაზე, რომლის თანამედროვე და ბრძოლისუნარიანი არმია ნატოს კარიბჭესთან დგას“.

ხელქვეითებდან შედარებით, პრეზიდენტი ობამა უფრო შორს მიდის. მას სურს რუსეთის სრული იზოლაცია, მსოფლიო პოლიტიკიდან განდევნა, რასაც ემსახურებდა „დიდი რვიანის“ და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებები. ტელეკომპანია „CNN”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: – „აშშ-ი შეეცდება დიდი ზარალი აგემოს რუსეთს, დიპლომატიური ზეწოლა განახორციელოს ამ ქვეყანაზე“.

როგორც ბაიდენი ამბობს – არ მიესალმება რუსეთის აჩემებას გავლენის სფეროებთან დაკავშირებით. ის თვლის, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს და მასში გამარჯვება ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა იზეიმოს. შემდეგ კი ამ ხელისუფლებამ თვით უნდა აირჩიოს ქვეყნის განვითარების ვექტორი.

შესანიშნავი იდეაა, მაგრამ ამერიკული პოლიტიკიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე – მოჩვენებითი. ერთის შეხედვით, არსად ჩანს ამერიკული „ხელი“; არსად ჩანს ამერიკული სპეცსამსახურები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასეულ-ათასობით დოლარს ხარჯავენ ამათუ იმ ქვეყნის პოლიტიკოსთა, საზოგადო მოღვაწეთა მოსაქრთამად, გადასაბირებლად.

23 წელიწადია, რაც აშშ-ი აქტიურადაა ჩართული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საშინაო საქმეებში. ძირითადი ყურადღება არის გადატანილი ახალგაზრდა სპეციალისტების გადაბირებაზე, მათთვის სხვადასხვა სახის არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნაზე, მსუყე დაფინანსებაზე, აშშ-ი სისტემატურ სტაჟირებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებში ამერიკულად გაზრდილი ახალგაზრდა კადრებით აღმასრულებელ-საკანონმდებლო ორგანოების დაკომპლექტებაზე.

ცხადია, ამერიკული მეთოდი, დროში გაწელილი პროგრამაა, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი ნაყოფის მომტანი თვით აშშ-თვის. შორს წასვლა არ დაგვჭირდება მაგალითების მოსაყვანად, მარტო საქართველო და უკრაინა კმარა. ამ ქვეყნებში ამერიკელთა დაბეჯითებული მეცადინეობით არასამთავრობოებიც შეიქმნა, ახალგაზრდებმა სტაჟირებაც გაიარეს აშშ-ი, ყოფილმა არასამთავრობოებმა მთავრობაც დააკომპლექტეს, პარლამენტიც, ოპოზიციაც და მედიაც.

რაც შეეხება ხალხს, საზოგადოების დიდ ნაწილს, მათ აზრს და სურვილებს – ისინი დათრგუნული არიან. მათ აზრს არავინ იზიარებს, თუნდაც არჩევნების დროს, ვინაიდან საარჩევნო მანიპულაციები, მუდამ დამკვეთის მიერ ხორციელდება. დამკვეთი კი ისაა, ვინც ოკეანის წყალი დალია, იქ ეზიარა სტაჟირებას.

ერთის შეხედვით, ამერიკულ პროექტში აგრესიის ნასახი არ ჩანს, არც ტანკი  და არც რაკეტა. რაც ჩანს – ფულია, მოქრთამვით, ხალხის გარკვეული წრის გადაბირება და გადაბირებულთა მხრიდან საკუთარი ხალხის მართვა, ისე, როგორც გადამბირებელს სურს.

მართალია ბაიდენი, როდესაც აცხადებს, რომ აშშ-ი ვერ შეეგუება რუსეთის სურვილს გავლენის სფეროებთან დაკავშირებით. და რატომ? – იმიტომ, რომ ეს გავლენის სფეროები მას უკვე მოპოვებული აქვს ე.წ. „Soft power“-ით (რბილი ძალით) და არა რუსულად, ტლანქად – „Hard power”-ით (ძალისმიერი გზით).

აი, სწორედ „Soft power“-ით მოახერხა აშშ-ა უკრაინელთა და ქართველთა გადაგვარება (ქვეყნის ხელმძღვანელები და მათი მხარდამჭერები მყავს მხედველობაში), მაგრამ ვერ მოახერხა მთლიანობაში ხალხის გადაგვარება – დრო არ ეყო. და როდესაც დრო არ ეყო, „Soft power“-იდან უმალ გადავიდა „Hard power”-ზე ანუ სისხლიან სახელმწიფო გადატრიალებაზე, რომელსაც „მაიდნის“ აჯანყება უძღვოდა წინ, აშშ-ს საელმწიფო მდივნის თანაშემწის, ქალბატონი ნულანდის ფუნთუშებით – მომიტინგეთათვის ჩამორიგებულით.

აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობამ არ გაიზიარა ახალი ფაშისტური ხელისუფლების მოთხოვნები. პასუხად, კიევმა, ამერიკელთა კარნახით, ჯარი აფრინა ამბოხებულთა დასათრგუნად. „ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა უკრაინის ხელისუფლების ცვლაში“ – საჯაროდ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ნუთუ უკრაინის მაგალთი არ არის ერთი ქვეყნის, მეორეზე გავლენის დასტური? თუ აშშ-ს შეუძლია უკრაინის ხელისუფლებაში მისთვის საჭირო მოხელეების მიყვანა – ათი ათასობით კილომეტრზე დაშორებულ რეგიონში, რატომ არ შეუძლია რუსეთს, საკუთარი ინტერესების საზიანოდ აბობოქრებულ უკრაინისთვის სხვაგვარად შეხედვა?

ან, რას ნიშნავს ჰეიგელის ნათქვამი – „რუსეთი თავისი არმიით ნატოს კარიბჭესთან დგას“.

რუსეთის ჯარი, კანადაში ან მექსიკა-ამერიკის საზღვარზე რომ იდგეს – კიდევ მესმის, მაგრამ, როდესაც ნატო, მიუხედავად აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტების დაბეჯითებული მტკიცებისა – აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა – რუსეთის საზღვრებს მყარად მიებჯინა, სხვა განმარტებას საჭიროებს და არა ჰეიგელისეულ დემაგოგიურ ახსნას.

ყოველივე აღნიშნული ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავზე ხდება. მაშინ „დიდი სამეული“ – საბჭოთა კავშირი, აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი – „ყავისფრის“ შიშმა გააერთიანა. ფაშიზმი მთელს მსოფლიოს ემუქრებოდა დამონებითა და განადგურებით. 1941 წლის 22 ივნისს ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ჩერჩილმა ბრძანა: – „არვინ ყოფილა კომუნიზმის ისეთი თანმიმდევრული მოწინააღმდეგე, როგორც მე, მაგრამ საბჭოთა კავშირზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმა ნიშნავს მსოფლიოზე თავდასხმას. საფრთხე, რომელიც რუსეთს ემუქრება, არის საფრთხე ჩვენთვის და აშშ-სთვის“.

ანალოგიური აზრისა იყო რუზველტიც, აშშ-ს პრეზიდენტი. მისი აზრით, ფაშიზმი აბსოლუტური ბოროტებაა, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობა – „ჩემთვის მიუღებელია კომუნიზმი, მაგრამ იმისთვის, რომ გავიარო ამ ხიდზე, ხელს ეშმაკსაც ჩამოვართმევ“.

რა ხდება დღეს? აშშ-ს პრეზიდენტი მხარს უჭერს კიევის ნეოფაშისტურ რეჟიმს, იმათ შვილებს და შვილიშვილებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ ფაშისტებთან, იბრძოდნენ ბანდერასა და შუხევუჩის მხარდამხარ საბჭოთა, ევროპისა და მსოფლიოს ხალხთა წინააღმდეგ

ძალიან, ძალიან შორს წავიდა ობამას ამერიკა, რუზველტის ამერიკისგან, ისე, როგორც ქემერონის ინგლისი, ჩერჩილის ინგლისიდან. თვალშისაცემია მაშინდელ პოლიტიკურ ფიგურათა და დღევანდელთა შორის განსხვავება. თუმცა, რა გასაკვირია, როდესაც ამერიკა-ინგლისის დღევანდელი ლიდერები და მათი თანაშემწეები მსოფლიო რუკასაც არ იცნობენ, ისე, როგორც მსოფლიოს ისტორიას. „ბედაურნი დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ ქვეყანაო“.

მიუნხენში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა. მანაც, ისე, როგორც სხვებმა „Soft“-ად (რბილად) დაწიხლა რუსეთი, მხარი დაუჭირა უკრაინას. და ისიც აღნიშნა, 2008 წელს, მსოფლიოს, რუსულ აგრესიაზე ისეთი რეაქცია რომ ჰქონოდა, როგორც დღეს, უკრაინის მოვლენებს ადგილი არ ექნებოდა. ღარიბაშვილმა სინანულით თქვა, რომ ქართულმა მხარემ კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა რუსეთის მიმართ, ის კი ძველ პოზიციაზეაო.

კეთილი და პატიოსანი. ღარიბაშვილი, ისე, როგორც მისი წინამორბედნი, ევროატლანტიკური ვექტორის მიმდევრები, მთელ მსოფლიოს უმტკიცებს, რომ ეს კურსი საქართველოს მოსახლეობამ აირჩია.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიტმასნილი ე.წ. რეფერენდუმი ფალსიფიკაცია იყო და მეტი არაფერი. დავუშვათ, ყველაფერი კარგად ჩატარდა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მოსაზრებაც შეიცვალა და ხალხის განწყობაც. ეს, რომ ასეა, ევრაზიული ინსტიტუტის კვლევამაც ცხადჰყო. მისი მიხედვით, ხალხის განწყობა ნატოს მიმართ – ხალხურად, ასეთია – რა ნატო, რის ნატო. მაგრამ საქართველოშიც ხომ ის ამერიკული მანქანა მოქმედებს, რაც უკრაინაში?

2008 წელს დასავლეთს რომ ისე ამოეღო ხმა, როგორც დღეს – ბრძანა ღარიბაშვილმა – უკრაინის მოვლენებს ადგილი არ ექნებოდაო. კეთილი, მაგრამ ალბათ უმჯობესი იქნებოდა ეთქვა – ჩვენს უკრაინელ ძმებს – საქართველოს სავალალო მაგალითი რომ არ გაემეორებინათ, არც ყირიმს დაჰკარგავდნენ, არც დონეცკსა და ლუგანსკს.

უმჯობესი იქნებოდა, მაგრამ არის ვინმე ქართველ პოლიტიკოსთაგან სიმართლის მთქმელი და არა მარტო ქართველთაგან. სიმართლე არავის უყვარს და უპირველესად უკრაინა-საქართველოს ჭკუის დამრიგებელსა და ზედამხედველს – აშშ-ს.

აი, ასეთი სიმართლე სუფევდა მიუნხენის დარბაზში – ტყუილით, ფარისიველობით, მოჩვენებითი ღიმილით და მოჩვენებითი სიკეთით გაჯერებული.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.