30.12.2024

მეზობელი ახლო აღმოსავლეთის პრობლემები

საშობაო და საახალწლო ღონისძიებებმა დიდი ტერორისტული გამოხდომების გარეშე ჩაიარა, თუმცა მისმა შიშმა საგრძნობლად იმოქმედა სახალხო დღესასწაულზე, რომელსაც წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აქვს ადგილი. ტერორისტული აქტების შიშმა ხელი ააღებინა საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის, სხვა ევროპული ქვეყნების მთავრობებს მასშტაბური საზეიმო ღონისძიებების გამართვაზე.

„ტერორიზმის საფრთხე ჯერაც აქტუალურია, წინდახედულობა და გაფრთხილება გვმართებს“ – ბრძანა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

ბელგიის დედაქალაქის მთავარი მოედანი, შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლებით, მრავალი წლის განმავლობაში ტრადიციული თავშეყრის ადგილად მიჩნეული, სიწყნარისა და სიმშვიდის ოაზისს წააგავდა, რომელსაც იქ ჩასული ტურისტების უკმაყოფილო ბუზღუნი არღვევდა. „ამ მოედანზე ახალი წლის ღამის შესახვედრად ჩამოვედით, მაგრამ გვიკრძალავენო“, – ამბობდნენ ისინი.

რა გაეწყობა. ძალა აღმართს ხნავსო, რომ იტყვიან, ისეა საქმე. პარიზის ტერაქტის ჩამდენმა ექვსმა ტერორისტმა მსოფლიოს 7 მილიარდამდე მოსახლეს შიშის ჟრუანტელი მოჰგვარა, თანაც ისეთი, მრავალი წლის განმავლობაში რომ გაჰყვება მას. შიშის წყარო ე.წ. ისლამური სახელმწიფოა და მასთან ერთად სხვა ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციები „ჯებხატ ან-ნუსრა“, „ალ-ქაიდა“, „თალიბანი“, „ჯეიშ ალ-ისლამი“, …

მსოფლიოს დიდმა სახელმწიფოებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადეს ტერორიზმს, განსაკუთრებით მის სათავე „ისლამურ სახელმწიფოს“, თუმცა ჯერ-ჯერობით წარუმატებლად. მიზეზი წარუმატებლობისა მრავალია, რაც ამ დაავადების განკურნების ნაკლებ შანსს იძლევა. რომ არა ობიექტურ-სუბიექტური მიზეზები, ბირთვული სახელმწიფოების მიერ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მოშთობას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. მაგრამ სწორედ სუბიექტურმა მიზეზებმა აიძულეს სუპერსახელმწიფოები თითი მოეკაკვათ „ისლამური სახელმწიფოს“ წინაშე და ეღიარებინათ მისი სიძლიერე.

ჩვენს წარმოდგენაში რკინის მკვნეტელი აშშ-ი, არანაკლებ „შეუპოვარი“ ნატო – „ისლამური სახელმწიფოს“-გან მომავალი საფრთხის წინაშე, მუყაოსგან დამზადებულ ქვეყნებად იქცნენ. მხოლოდ რუსეთი აღმოჩნდა იმ „სუპერთაგან“ ყველაზე გულადი, რომელმაც ვერბალურ ომს და ისლამისტების მიმართ რევერანსულ დამოკიდებულებას, პირდაპირი ომი ამჯობინა, რითაც გვერდში ამოუდგა სირიის ომში რახანია ირიბად ჩართულ ირანის ისლამურ რესპუბლიკას.

თითქმის სამი თვეა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ავიაცია წარმატებით ახორციელებს „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ბაზების, ტყვია-წამლის საწყობების, ნავთობმზიდების ქარავანის, ტერორისტთა საწვრთნელ ბაზების დაბომბვას.

საჰაერო თავდასხმებმა საგრძნობი ზიანი მიაყენა „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებს, გზა გაუხსნა სირიის სამთავრობო ძალებს სახმელეთო შეტევის განხორციელებაში. სირია-ერაყის სახელმწიფო ძალებს დიდ დახმარებას უწევენ ირანის „ისლამური რევოლუციის დამცველ გუშაგთა“ სამხედრო სპეციალისტები, ლიბანის ორგანიზაცია „ჰესბოლას“ მეომრები. ადგილი აქვს სოფლებისა და დასახლებული პუნქტების „ისლამური სახელმწიფოს“ დაქვემდებარებისგან განთავისუფლებას.

მაგრამ არის რაღაც უხილავი ძალა, რომელიც გვაფიქრებინებს „ისლამური სახელმწიფოს“ მდგრადობაზე. ამ ძალას ორპირობა, ორმაგი „სტანდარტობა“ ჰქვია.

თანამედროვე მსოფლიო, რომ ერთი მიზნისთვის იყოს მომართული – მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის და არა ერთპიროვნული ლიდერობის, ჰეგემონიზმისთვის, შედეგიც არ დააყოვნებს. სწრაფვა პირველობის შენარჩუნება-განმტკიცებისთვის იმდენად მომხიბლველია, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა მეორე პლანზე გადადის.

რუსეთის საჰაერო თავდასხმების დაწყებამდე, აშშ-ს მიერ ჩამოყალიბებული ანტიტერორისტული კოალიცია ახორციელებდა საჰაერო შეტევებს. თუმცა, ნაკლები შედეგით. პირიქით, „დაბომბილ-განადგურებული“ „ისლამური სახელმწიფო“ დღითიდღე აფართოებდა დაპყრობილ ტერიტორიებს და მასთან ერთად სირისთვის მოპარული ნავთობის ექსპორტს, რომ აღარაფერი ვთქვათ უნიკალური ისტორიული ძეგლების ნამსხვრევებად ქცეულ არტეფაქტების ექსპორტზე.

ყიდი, როდესაც მყიდველია და თანაც ისეთი, რომელიც საგრძნობლად მოგითბობს ხელს. ასეთი, თურქეთია – სირიის მეზობელი ქვეყანა – ნატოს წევრი, აშშ-ს მოკავშირე. ეს, ის ქვეყანაა, რომელმაც ბევრი იღვაწა მეზობელი სირიის ანტისახელისუფლებო ამბოხის ასაგორებლად, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დასამხობად და სირიის, საკუთარი გავლენის ქვეშ მოსაქცევად.

თურქეთი მარტო არ არის. მას ზურგს აშშ-ი, ევროკავშირი უმაგრებს, რომელთა უმთავრესი მიზანი არის მსოფლიოს ამ ბობოქარ რეგიონზე ზეგავლენის შენარჩუნება, მეტოქე ძალების დასუსტება და საბოლოო მიზნის მიღწევისთვის, მათი სირიულ-ერაყული სივრციდან განდევნა; ისეთი ქაოსის შექმნა, „მართვადს“ რომ უწოდებენ.

მაინც ვის თვლიან აშშ-ი, მასთან ერთად მისი მოკავშირეები – ევროკავშირი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ყატარი მეტოქეებად სირია-ერაყის ფრონტზე? უპირველესად რუსეთს, ირანს და მათთან ერთად ლიბანის ორგანიზაცია „ჰესბოლას“, პალესტინის ორგანიზაცია „ჰამასს“. სწორედ აღნიშნული ქვეყნები და ორგანიზაციები ივლებიან აშშ-ს და მისი მოკავშირეების უმთავრეს მტრებად და არა „ისლამური სახელმწიფო“.

პრეზიდენტ ობამას საჯარო განცხადებაში რუსეთ-„ისლამურ სახელმწიფოს“ ერთ სიბრტყეში ხსენება, ამის დასტურია. აშშ-სა და მის მოკავშირეებს, გარდა ერთი მიზნისა – იბრძოლონ საერთო მეტოქეების (რუსეთი-ირანი) წინააღმდეგ, საკუთარი მიზნებიც აქვთ – რეგიონში ლიდერობა და პოზიციების განმტკიცება. ამ საქმეში ერთმანეთს უპირისპირდება თურქეთი და საუდის არაბეთი. ორივე მათგანს ისრაელი აქეზებს – ტაქტიკურად, პრაქტიკულად, იატაკქვეშურად. მისი პოლიტიკა არაფრითაა განსხვავებული აშშ-ს პოლიტიკისგან, რაც გულისხმობს რეგიონის ქვეყნების ერთმანეთზე წაკიდებას და აქედან გამომდინარე მღვრიე წყალში თევზის ჭერას.

ისრაელს მძიმე დამოკიდებულება აქვს თურქეთთან, მას შემდეგ, რაც საზღვაო ინციდენტს ჰქონდა ადგილი პალესტინასთან მიმართებაში, მაგრამ გაცილებით მძიმე ირანთან, რომელსაც მთავარ მტრად მიიჩნევს.

რეგიონში შექმნილმა ვითარებამ თურქეთ-ისრაელს ერთმანეთის ჩახუტებისკენ უბიძგა. ერაყი, სირიასთან ერთად გახდა ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური კონკურენციის კვანძი, რომელშიც თურქეთმა საკუთარი მოქმედების სცენარი წარმოადგინა. მასში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების მთავარი მიზეზი ანკარაში შედგენილი გეგმის ჩაშლა იყო.

ანკარული გეგმის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო სირიის ტერიტორიაზე არსებული თურქმენული სამხედრო ბრიგადების და ტერორისტული ორგანიზაცია „ჯებხატ ან-ნუსრას“ შეტევა ლატაკიაში არსებულ სამთავრობო ძალებზე. მიზანი – ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა და ლატაკია-ანტაკიის (თურქეთი) სტრატეგიულ გზაზე კონტროლის დაწესება. ოპერაცია 24-25 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რუსული ავიაციის შეტევამ ჩაშალა ის.

ქურთისტანის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის რიზა ალთენის განცხადებით: „ეყრდნობოდა რა აშშ-ს, ანტიტერორისტულ კოალიციას და ნატოს და მოქმედებდა რა პროვოკაციულად, თურქეთი ცდილობდა ერთმანეთს დაეჯახებინა რუსეთი და ნატო“.

გარდა ამისა თურქეთმა გადადგა მილიტარისტული ნაბიჯი – შეიყვანა რა ჯარი ჩრდილო ერაყში. აღნიშნული ქმედება, ერთობ აღმაშფოთებელი სუვერენული ერაყის მიმართ, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა მშვიდად მიიღეს, ისევე, როგორც ერაყის ქურთისტანის შესვლა ე.წ. სუნიტურ ბლოკში შემდეგი შემადგენლობით – თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყატარი, საუდის არაბეთი და იორდანია. მათ მხარს აშშ-ი უჭერს. მიზანი ბლოკისა – ახლო აღმოსავლეთის არსებული საზღვრების მოშლა, მართული ქაოსის შექმნა, რაც ეწინააღმდეგება რუსეთ-ირანის ინტერესებს.

ამ მიზნისთვის შეიქმნა „ისლამური სახელმწიფო“, რომელთანაც ვაჭრობს არა მარტო თურქეთი, არამედ ერაყის ტერიტორიაზე არსებული ქურთების ავტონომია.

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“-თვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „რუსეთ-ირან-სირიის კავშირი ცდილობს მთელს რეგიონში დაამყაროს თავისი რეჟიმი, რომელიც ხელს შეუწყობს კონფესიათა შორის დაპირისპირებას. ერაყის ხელისუფლებაში სუნიტები მეორეხარისხოვნად ითვლებიან“.

ანკარა ცდილობს ერაყში სამოქალაქო ომის გაღვივებას, რაც საშუალებას მისცემს მას შეიჭრას იქ, სუნიტების დასახმარებლად და ირანის წინააღმდეგ ასამხედრებლად. დირიჟორი იატაკქვეშა პოლიტიკური ინტრიგებისა – აშშ-ია.

ოფიციალური ვაშინგტონი, რომელიც სიტყვით ებრძვის ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს სირია-ერაყში, თვალს ხუჭავს იემენში, სამთავრობო ძალებთან ერთად, „ისლამური სახელმწიფოსა და „ალ-ქაიდას“ ჯიჰადისტების მონაწილეობაზე. ამბოხებული ჰუსიტების (შიიტების) წინააღმდეგ. ჰუსიტების გასანადგურებელ კამპანიას საუდის არაბეთი და მის მიერ შექმნილი კოალიცია აწარმოებს.

საუდიტებმა შიიტი ღვთისმსახური ნიმრ ალ-ნიმრი სიკვდილით დასაჯა და მასთან ერტად 47 შიიტი. მიზეზი – ვითომდა ტერორისტული მოქმედება, სინამდვილეში ანტიმონარქიული პროპაგანდა. ამ ამბავმა შიიტურ სამყაროში დიდი რისხვა გამოიწვია. თეირანში, დემონსტრანტებმა ცეცხლს მისცეს საუდის არაბეთის საელჩო. ირანის ისლამური რესპუბლიკის მეთაურმა აიათოლა ალი ხამენეიმ დაგმო საუდის მონარქიის გადაწყვეტილება, ხოლო „ისლამის რევოლუციის გუშაგებმა“ განაცხადეს, რომ საუდიტები შურისძიებას ვერ ასცდებიან.

აშშ-ა ოფიციალური ერ-რიადის ქმედება მშვიდად მიიღო, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა შიიტების გულისწყრომა. „ჩვენი მოწინააღმდეგენი საკუთარი ავის მომასწავებელი ზრახვების განსახორციელებლად არ თაკილობენ არანაირ დანაშაულსა და გამცემლობას;  არ ცნობენ არც მტერსა და არც მოყვარეს ძალაუფლების მოპოვების გზაზე. მათ სათავეში უდგას ამერიკა – თავისი არსით ტერორისტული და მთელს მსოფლიოში ცეცხლის გამჩაღებელი ქვეყანა, ხოლო მისი მოკავშირე გახლავთ საერთაშორისო სიონიზმი, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადის, რასაც ვერც კალამი აღწერს და ვერც ენა გადმოსცემს“, – წერს ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელი იმამი ხომეინი უკანასკნელ ეპისტოლეში.

ისრაელ-ირანის ურთიერთობა, რომ წლების განმავლობაში უაღრესად დაძაბულია, მტკიცება არ სჭირდება. ისრაელი მზად იყო ნებისმიერი გზით ხელი შეეშალა „ექვსეულ“-ირანის (გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი და გერმანია) მოლაპარაკებისთვის, ვერ მოახერხა, თუმცა ფარხმალი არ დაუყრია. დაბეჯითებით უმტკიცებს მსოფლიოს, რომ ირანი, მიუხედავად ვენაში მიღწეული შეთანხმებისა, მაინც დაამზადებს ბირთვულ იარაღს; რომ ირანი ტერორისტული სახელმწიფოა და ა.შ.

ისრაელის ანტიირანული ქმედება მარტო მუქარას არ შეიცავს. ის წარმატებით იყენებს პროპაგანდასაც. სულ ახლახანს ისრაელის სპეცსამსახურების ჩაწყობით სააგენტო „როიტერმა“ (Reuters) გაავრცელა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ირანის მეთაურის ხამენეისთან დაკავშირებით. თითქოს, ექსპერტთა ასამბლეამ დაიწყო 76 წლის მეთაურის შემცვლელის ძებნა; თითქოს მეთაური, რომელმაც გადაიტანა პროსტატის კიბოს ოპერაცია, შეუძლოდ გრძნობს თავს; თითქოს ეს ინფორმაცია მოდის ირანის ყოფილი პრეზიდენტის, ცნობილი ლიბერალის ხაშემი რაფსანჯანისგან. ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიკ“-ის (Newsweek) მიხედვით, უმაღლესი ლიდერის შერჩევაში მონაწილეობას იღებს ასამლეის წევრი 82 ღვთისმსახური.

უმაღლესი ლიდერის თანამდებობა სიცოცხლის ბოლომდეა. პირველი იყო ხომეინი, მეორე ხამენეია, რომელიც 1989 წლიდან მართავს ქვეყანას. ინფორმაციის მედიაში გაშვების მიზანი ერთია, თვით ირანში პოლიტიკური ვითარების დაძაბვა კონსერვატორების წინააღმდეგ, ლიბერალთა დაპირისპირება, ქაოსის შექმნა, საბოლოო ჯამში არსებული კლერიკალური მმართველობის დამხობა.

ისრაელის პოლიტიკასთან დაკავშირებით ჟურნალი „დიფენს ნიუს“-ში (Defense news) თავისი აზრი გამოთქვა თავდაცვის მინისტრმა მოშე იალონმა. „ნაციონალურმა იდეოლოგია ნასერიზმმა, ბაასიზმმა მარცხი განიცადა ისრაელთან ბრძოლაში. ის ჩაანაცვლა „რადიკალურმა ისლამმა“, რომელიც აქცენტს ტერორიზმზე და რაკეტების სროლაზე აკეთებს. ტერორისტული ომის შედეგად, რომელსაც აწარმოებს „ჰამასი“, „ისლამური ჯიჰადი“, „ჰესბოლა“ და „ისლამური სახელმწიფო“ ჩვენს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს წინააღმდეგ არის მიმართული“.

მინისტრის განცხადებაში ჩამოთვლილი ორგანიზაციები ერთადაა მოხსენიებული, რათა დასავლელთა პოლიტიკურ თვითშეგნებაში ჩანერგოს „ისლამური სახელმწიფოსა“ და ირანის პოლიტიკური ერთობლიობა. „ჰამასი“, „ჰესბოლა“, „ისლამური ჯიჰადი“ ხომ ირანის მოკავშირეებია. ყველა ისინი, ირანთან ერთად ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს“.

ისრაელის რთული დამოკიდებულება ირანის მიმართ საქართველოს პოლიტიკაზეც აისახება. საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ისრაელთან, გახშირებული სახელმწიფო ვიზიტები, ბიზნეს-ურთიერთობები, სხვა კავშირები აღნიშნულის დასტურია. და მისასალმებელია ისევე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა, მათ შორის ირანთან, თუმცა 80-მილიონიან ქვეყანასთან ურთიერთობა რომ გაფართოებას მოითხოვს, ფაქტია.

ირანს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, მაგრამ პოლიტიკურ მიზეზთა გამო, ქართული მხარე ყოყმანობს. ზოგი ამას აშშ-ს შიშით ხსნის, ზოგიც ისრაელისა და თურქეთის. თუ რა არის ირანის ინვესტიციების განხორციელების შეყოვნების მიზეზი, ძნელი გამოსაცნობი არ არის.

დიპლომატიის მთავარი დანიშნულება ის არის – დაუღალავი შრომით, შეგონებით და თანმიმდევრული ნაბიჯებით საერთო ენის გამოძებნა ყველა მეზობელთან, რეგიონის ქვეყნებთან, შორეულ სახელმწიფოებთან. პატარა ქვეყნის მთავარი იარაღი ენა უნდა იყოს – არა უაზროდ მოტლიკინე, არამედ სიღრმისეულ ფიქრსა და განსჯაზე დაფუძნებული.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.