27.12.2024

კოქტეილი – “Made in USA”

პოლიტიკაში გათვითცნობიერებულ მკითხველს კარგად ემახსოვრება აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას აკვიატებული მუქარა სირიის დაბომბვის თაობაზე. ისიც ემახსოვრება, თუ რა შეუპოვრობით გადაეშვა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მოსალოდნელი სამხედრო კონფლიქტის მორევში. რომ არა მსოფლიო ლიდერთა (G-20) სანქტ-პეტერბურგის სამიტის მსვლელობისას პუტინის მიერ ობამას, მოლაპარაკების მაგიდიდან გვერდზე გაყვანა და გარიგების მსგავსი წინადადების შეთავაზება, აშშ-ი კარგა ხანია ჩართული იქნებოდა სირიის წინააღმდეგ ომში, თანაც პირდაპირ და არა ისე, როგორც მანამდე და შემდეგ, ირიბად. მაშინ პუტინმა იხსნა აშშ-ს პრეზიდენტის მშვიდობისმოყვარის იმიჯი, ამასთანავე, აშშ-ს გამოისობით, ახალი საომარი კერის შექმნა.

იმჟამად ვაშინგტონი და მისი დასავლელი პარტნიორები „დამაჯერებლად“ ამტკიცებდნენ, რომ სირიის სახელმწიფო არმიამ გამოიყენა ქიმიური იარაღი, მოწინააღმდეგე ძალების წინააღმდეგ.

მოგეხსენებათ, ქიმიური იარაღის გამოყენება აკრძალულია გაეროს მიერ და აქედან გამომდინარე, ბაშარ ასადის „დანაშაული“ ისეთი იყო, ჰააგის ტრიბუნალს რომ არ ასცდებოდა.

ამერიკელთა გადაწყვეტილებას ისიც უწყობდა ხელს, რომ სირიას მართლაც გააჩნდა ქიმიური იარაღის ქარხნები. თუმცა ერთია იარაღის ქონა, ხოლო მეორე, მისი საომარი მოქმედების დროს გამოყენება.

იმჟამად ოპოზიციური დაჯგუფებების წინააღმდეგ მართლაც იქნა გამოყენებული ქიმიური იარაღი, მაგრამ ბაშარ ასადი არაფერ შუაში იყო. ვინ დაუჯერა?!

საბაბის მომლოდინე, ვაშინგტონი არაფრად აგდებდა განწირული ბაშარ ასადის კივილს – დამასკო არაფერ შუაშია, ქიმიური იარაღი თვით ოპოზიციამ გამოიყენა დამასკოს დასადანაშაულებლადო.

„არაო!“ – ბრძანა ობამამ, – ქიმიური იარაღის გამომყენებელი ასადი უნდა დაისაჯოს და დასჯაც უმალ განხორციელდება სირიაზე მასირებული საჰაერო დაბომბვებითო.

ეს, არასასიამოვნო პოლიტიკური სიუჟეტი სანქტ-პეტერბურგის სამიტს დაემთხვა და სწორედ მაშინ პუტინი, მატროსოვივით, გადაეფარა ობამას ამბრაზურას – შემხვედრი წინადადებით – სირიის ქიმიური იარაღის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

მაშინ ვაშინგტონს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ვინაიდან მზაკვრულად დაგეგმილი ანტისირიული პროგრამა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საჰაერო თავდასხმის გზით ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებდა, შეჩერდა. „დამნაშავე“ ასადი დაეთანხმა პუტინის წინადადებას – ქიმიური იარაღის განადგურების თაობაზე, რამაც კმაყოფილება გამოიწვია მსოფლიო საზოგადოებაში.

ქიმიური იარაღის განადგურების პროცედურა მალევე დაიწყო და დასასრულამდეც მივიდა რუსეთ-ამერიკის ძალისხმევით. ამ ამბავმა რუსეთის პრეზიდენტის პოპულარობა, როგორც მშვიდობისმოყვრის, ერთი-ორად გაზარდა, რამაც ერთობ მძიმედ იმოქმედა აშშ-ს პრეზიდენტზე.

ანტისირიულ-ანტირუსული ამერიკული გეგმის ჩაშლის ისტორიას ცეცხლზე ნავთი დაასხა გარკვეული ამერიკული ძალებისა და მედიის გამცხადებებმა. პრეზიდენტის კრიტიკა მეტად მკაცრი და შეურაცხმყოფელიც იყო რესპუბლიკელთა მხრიდან. არადა, როგორ უნდა აიტანო ზედმიწევნით ზუსტად დაგეგმილი პროექტის ჩაშლა?

მედიაში გაშვებული PR-ი – ასადის მიერ ქიმიური იარაღით „დაბომბილი“ მშვიდობიანი მოსახლეობის დასახიჩრებული გვამებისა და დაზარალებული ადამიანების დამწვარ-დადაგული სხეულის ფუჭი ჩვენებაც ხომ წყალმა წაიღო? მაინც რამდენი დაუჯდა აშშ-ს მსგავსი სიუჟეტების დამონტაჟება?

მაშინ ყველაფერი ბაშარ ასადს დაბრალდა. ოპოზიცია კი – უმანკო კრავად მოინათლა და ამ სცენარში უდიდესი წვლილი აშშ-ს ადმინისტრაციამ შეიტანა. მთავარი მიზანი – სირიაზე საჰაერო იერიში, ასადის ჩამოგდებით, ვერ განხორციელდა.

ამ ამბვის შემდეგ უმალ დამებადა აზრი, რომ ობამა, პუტინს დამარცხებას არ აპატიებდა. ჩემს შავ-ბნელ წინასწარმეტყველებას ზურგს ამერიკელი ექსპერტების განცხადებებიც უმაგრებდა. მათი მიხედვით, ამერიკა რაღაც ისეთს ააგორებდა რუსეთის წინააღმდეგ, რომ სირიული წარმატება სრულიად გაცამტვერდებოდა.

„რაღაც ისეთი“ – უკრაინა გამოდგა – ახალი დაძაბულობის ეპიცენტრი, მოგიზგიზე ანტირუსული კოცონი რუსეთ-უკრაინის გრძელ საზღვართან.

ის, რომ ვაშინგტონი წლების განმავლობაში ამზადებდა უკრაინას ანტირუსული გამოხდომისთვის, დამტკიცებული ფაქტია და მას ვერსად გავექცევით. რევოლუცია უნდა მომხდარიყო, მაგრამ არა იმ დროს, როდესაც მოხდა, არამედ ერთი წლით გვიან, საპრეზიდენტო არჩევნების დროს. პროცესი, სირიის მოვლენებმაც დააჩქარეს. ობამას შელახული პატივმოყვარეობა მოითხოვდა ამას. და „მაიდანიც“ აგუგუნდა, არა მარტო ფუნთუშებით, არამედ იმჟამინდელი ოპოზიციისთვის – დღევანდელი ხელისუფლებისთვის მიწოდებული იარაღით, მწვანე დოლარებით, მსოფლიო მედიის PR-ით და ა.შ.

ობამამ პუტინს სირიულ ფრონტზე მოპოვებული წარმატება არ აპატია, არ შეარჩინა.

დღეს, რუსეთისთვის ყველაზე დიდი პრობლემა უკრაინაა – მზარდი ანტირუსული განწყობით, უკრაინაში, ამერიკული ხელისუფლებით – ყოველგვარი „პრო“-ს გარეშე. მაინც, როგორ უნდა აიტანოს რუსეთმა, ისტორიულად რუსულ ქალაქ ოდესაში, აშშ-ს მარიონეტის, ანტირუსი სააკაშვილის ბოგინი?!

სირია, რუსეთისთვის მეორე პლანზე გადავიდა. ამერიკისთვის ის, ისევ პირველ პლანზეა და თუ ერთი წლის წინათ სირიის წინააღმდეგ ობამამ საჰაერო შეტევა ვერ განახორციელა, ახორციელებს დღეს, თურქეთში არსებული (ინჯირლიკის) ამერიკული სამხედრო ბაზიდან. ამერიკულმა გამანადგურებლებმა უკვე არაერთი შეტევა მიიტანეს სირიის ტერიტორიაზე განლაგებული „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ბაზებზე. მოტივი – ისევ ქიმიური იარაღის გამოყენებაა, ოღონდ ამჯერად სწორედ მათი მხრიდან, ვინც ამერიკულ ვიდეო-მასალებში ტანჯვისგან იკლაკნებოდნენ, ასადის მიერ „ნასროლი“ ქიმიური ბომბების შედეგად.

მსოფლიო მედია დღეს დაბეჯითებით გაჰყვირის დამნაშავე „ისლამურ სახელმწიფოზე“, რომელიც ქიმიური იარაღს იყენებს ქურთი მეომრების წინააღმდეგ. ესენი სწორედ ის „უმანკო კრავები“ არიან, შარშან, ვაშინგტონმა რომ ასეთად მონათლა. ესენი, ისინი არიან, ვინც ამერიკელთა ძალისხმევით „ისლამურ სახელმწიფოდ“ ჩამოყალიბდნენ, უპირველესად ბაშარ ასადის ხელისუფლების დასამხობად.

უკვე მერამდენე შეცდომას უშვებს ოფიციალური ვაშინგტონი – „თალიბანი“, „ალ-ქაიდა“ ხომ მისი სპეცსამსახურების შრომის ნაყოფია, საბჭოთა ექსპანსიის წინააღმდეგ ამოქმედებული?! ისე, როგორც ეს ორი, „ისლამური სახელმწიფოც“, გაექცათ ხელიდან და თანაც როგორ!

ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, ამერიკული თვითმფრინავებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაბომბვას, მისი წარმომადგენლის სატელევიზიო გამოსვლა მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ქიმიურ იარაღს კვლავაც გამოიყენებს, ამასთანავე ტერორისტულ აქტებს განახორციელებს ამერიკელ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, თანდართული სიის მიხედვით.

ახლო აღმოსავლეთი იმ პოლიტიკურ-რელიგიური დუღილით გამოირჩევა, რომლის თავის და ბოლოს გარჩევა ჭირს. ეს, ის ამღვრეული წყალია, რომელშიც 70 წელიწადია აშშ-ი ხელს აფათურებს. წინა წლებზე არაფერს ვიტყვი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან მოახერხა ისეთი ვითარების შექმნა, რომ სირიის ტერიტორიის დაბომბვას მსოფლიო საზოგადოება აუღელვებლად შეხვდა. მხოლოდ რუსეთმა განაცხადა, რომ დაბომბვა სირიის სუვერენიტეტის შელახვაა.

ახლა, რაც შეეხება „ისლამურ სახელმწიფოს“ კავშირს უკრაინასთან. ბრიტანელი ჟურნალისტი შონ უოლკერი, რომელიც ერთი თვის წინათ იმყოფებოდა უკრაინაში, გაზეთ „გარდიანში“ წერს – „ახალს არაფერს ვიტყვი მუსლიმანური ბატალიონების შესახებ, რომლებიც უკრაინის რეჟიმის მხარეს იბრძვიან“.

ჯოხარ დუდაევის და შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები გასული წლის გაზაფხულიდან მოქმედებენ უკრაინაში. ბატალიონებში მყოფი მებრძოლების უმრავლესობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები არიან. „მუსლიმანური ბატალიონის“ შექნმის შესახებ პირველად დანიაში გამოცხადდა – 2014 წლის მარტში, „მაიდნის“ გადატრიალებიდან ერთი კვირის შემდეგ. ინიციატორი ამ ამბისა იყო ემიგრანტული ექსტრემისტული ორგანიზაცია „თავისუფალი კავკასია“, რომელმაც მხარი დაუჭირა „მაიდანს“ რუსული იმპერიის წინააღმდეგ ომში. ბატალიონის მეთაური ისა მუნაევი აცხადებდა: – „რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მტერი, ჩემი მეგობარია“.

2015 წლის თებერვალში, დებალცევოს ომის დროს, ის მოკლეს. მუნაევი ჩაანაცვლა ადამ ოსმაევმა – მდიდარი ჩეჩენის შვილმა. თუ მუნაევი რუსეთის წინააღმდეგ საომრად დანიიდან გაიგზავნა, ოსმაევი – დიდი ბრიტანეთიდან, სადაც ის 1994 წლიდან 2001 წლამდე ცხოვრობდა.

ბრიტანელ ჟურნალისტს ოსმაევმა განუცხადა, რომ ცდილობს უკრაინაში ჩაიყვანოს ჩეჩენი ბოევიკები, რომლებიც სირიაში იბრძვიან. ასეთი სირიაში 1000 კაცია.

გარდა დუდაევის სახელობის ბატალიონისა, არსებობს შეიხ მანსურის ბატალიონიც, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩეჩენი, მეტსახელად „მუსლიმანი“. ის მონაწილეობდა „ნორდ-ოსტ“-ისა და ბესლანის ტერაქტებში. მის ბატალიონში არიან სირიის ომში მონაწილენიც, რომელთა ხელიც სირიელი ქრისტიანების სისხლითაა შეღებილი.

ომამდე, სირიაში ორი მილიონი ქრისტიანი ცხოვრობდა. დღეს, მათი რაოდენობა ათასებს თუ ითვლის. ქრისტიანებს წვავენ, თავებს კვეთენ, ჯვარზე აკრავენ. სირიის ქრისტიანობა ნელ-ნელა კვდება.

ექსპერტთა მონაცემებით, სირია-უკრაინის თანამშრომლობა ჯერ ისე არ გაფურჩქნულა, როგორც ეს არის გამიზნული. გამიზნული კი გრანდიოზული გეოპოლიტიკური პროექტია, რომელშიც უდავოდ მიიღებენ მონაწილეობას ზემოთ მოყვანილი ბატალიონები, ცხადია უკრაინელებთან ერთად და ცხადია რუსეთის წინააღმდეგ. დღეს კი შეიხ მანსურის ბატალიონი და უკრაინული „მარჯვენა სექტორი“ დონბასში, ერთ ყაზარმაში ცხოვრობს.

რუსეთის წინააღმდეგ ირაზმებიან მსოფლიოს ექსტრემისტი ისლამისტები, ულტრანაციონალისტები, რასისტები, ნეონაცისტები. დავუმატოთ ამათ ქართველი ნაცისტები და თვით რუსი ანტიპუტინისტები – როგორი კოქტეილია?! ამ კოქტეილს “Made in USA” ჰქვია.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.