კონფერენცია თუ პოლიტიკური ქცევის გაკვეთილები

ჯონ მაკკეინის პიროვნება კარგა ხანს შეაწუხებს საქართველოს, როგორც ჩანს მაშინაც, როდესაც ამ ქვეყნიდან წასული ხანდაზმული სენატორის საქმეს მაკკეინის ინსტიტუტი შეასრულებს.

სულ ახლახანს, ამ ინსტიტუტის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის საელჩოების, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მეცადინეობით ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა მსოფლიოში არსებულ ახალ გამოწვევებთან ბრძოლით და რაც მთავარია, „აგრესული“ რუსეთის წინააღმდეგ შეხმატკბილებული განცხადებებით. თუ რა იქნება შემდგომში, კონფერენციის მონაწილეთა „პატრიოტული“ მჯიღისცემა რამდენად გადაიზრდება საქმეში, დავინახავთ. ოღონდ, რა მოჰყვება ამ „პატრიოტულ“ საქმეს, არც ერთი ორგანიზატორი ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს, მათ შორის კონფერენციის მასპინძელი მხარეც.

მათ რა ენაღვლებათ, შორს იქნებიან, ისე, როგორც 2008 წელს. დასანუგეშებლად სასმელ წყალსა და პამპერსებს გამოგვიგზავნიან. დასავლელი ექსპერტების მიხედვით, სააკაშვილის ავანტიურისტული გეგმის უკან პრეზიდენტობისთვის მებრძოლი მაკკეინის აჩრდილი იდგა და მიზანი ცხინვალზე შეტევისა იყო ის შეგინება (ქართული ფილმის „რეკორდისა“ არ იყოს), რომელსაც მაკკეინისთვის ხელი უნდა ეკრა ანტირუსული პროპაგანდის გაჩაღებაში.

მაკკეინს ამერიკელი ამომრჩევლისთვის უნდა ეჩვენებინა, თუ ვინ იქნებოდა ამერიკისა და მსოფლიოს მხსნელი რუსეთთან ჭიდილში – მაკკეინი თუ ობამა? მაშინ ცხინვალის ავანტიურამ გარკვეული ქულები შესძინა მაკკეინს, მაგრამ არა იმდენი, ობამასთვის რომ მოეგო.

თუ ზემოთთქმულს გავიაზრებთ, არის სიმართლის ნიშნები დასავლელ ექსპერტთა მაშინდელ განცხადებებში, რასაც ანგარიშის გაწევა უნდა, მაგრამ არის კი ვინმე მსგავსის გამკეთებელი?! არც არავინ და რახან ასეა, მაკკეინის ინსტიტუტიც ჩაგვიტარებს პოლიტიკური ქცევის გაკვეთილებს და მისი თანამებრძოლი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც, რასაც ჰქონდა ადგილი თბილისის კონფერენციაზე, ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის (ლინკიავიჩუსი მყავს მხედველობაში) შემდეგი განცხადებით: „არ არის აუცილებელი ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში გამოკეტოთ, შეგიძლიათ უფრო დამაჯერებლად და ნაკლებად მტკივნეულად იმუშაოთ“.

არა, ეს განცხადება არ ყოფილა, ეს ჭკუის დარიგება იყო და იმაზე მინიშნება, რომ ნატოში შესვლა, ციხეში გამომწყვდეულ „ნაცებზეც“ გადის. მოკლედ, არ დაელიათ მიზეზები. მინისტრის განცხადების მიხედვით, ქართველი ერი, „ნაცი“ თუ „ქოცი“, ყველა ერთად უნდა დაირაზმოს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კონფერენციის მთავარი მიზანიც ეს იყო, რასაც შესანიშნავად აუღო ალღო ქართულმა პოლიტიკამ. მაგალითად ზოგიერთს მოვიყვან: უსუფაშვილი – „ის, რაც ხდება საქართველოში, არ არის მხოლოდ საქართველოს ან კავკასიის პრობლემები, არამედ მთელი ევროპისა და დემოკრატიული სამყაროს პრობლემებია …“;

ხიდაშელი – „საქართველოში თუ ნატომ კრახი განიცადა, ეს იქნება კრახი ბევრი მიმართულებით. თუ ნატო გამოიჩენს სიფრთხილეს რუსეთის მიმართ, ამით მას გზას გაუხსნის …“;

ხოშტარია – „ამჟამინდელი მთავრობა, სამწუხაროდ ღიად უჭერს მხარს პრორუსულ, ანტიევროპულ გაზეთებს, ტელევიზიებს, აფინანსებს მათ, აკეთებს ისეთ გზავნილებს, რომ რუსეთთან ვაჭრობა არის ერთადერთი გადამრჩენი…“.

საქართველოს „პოლიტიკოსებს“, მათ შორის პარლამენტში მყოფთ და მის გარეთ „მოღვაწეს“, ერთი აკვიატებული იდეა აქვთ – საქართველოს პრობლემა მარტო საქართველოსი რომ არ არის და ის მსოფლიო პრობლემაა. რახანია ამის ძახილში არიან, მაგრამ ისმენს ვინმე (მსოფლიოში) მათ შეგონებას? რომ მოესმინათ, სხვა რეაქცია იქნებოდა 2008 წელს და მის შემდეგ. ჩვენ კი ისევ გავყვირით – დარწმუნებული იმაში, რომ „დემოკრატიული“ სამყარო უდავოდ გულთან მიიტანს ჩვენს გოდებას და? და დაგვეხმარება ფულით.

ფულია ამ „გოდების“ დედაარსი და არა სამშობლო. სხვათა შორის, ანალოგიურად გოდებს უკრაინის „ხელისუფლება“, როგორც ჩანს ჩვენგან ისწავლა – თუ მშვიდობა გინდათ ევროპაში, ფული და იარაღი მოგვეცით რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, თორემ უჩვენოდ რუსეთი წალეკავს ევროპასო.

თუ რა დემოკრატიულია სამყარო – ევროპაზე, აზია-აფრიკელთა სალტოლვილო შეტევამაც დაამტკიცა. დიახ! ამ ევროპას და მის მასწავლებელ აშშ-ს დემოკრატიულობას ვერ დასწამებ. დემოკრატიულობის შემთხვევაში ადგილი არ ექნებოდა ომებს, რომლებმაც ლტოლვილობა შვეს. და ეს კარგად უნდა შეიგნოს ქართულმა პოლიტიკამ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ შავ დღეში იქნება ქვეყანა, როგორც დღეს.

დემოკრატიულობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ეშმაკობა რომ ხელეწიფება დასავლეთს – ცნობილი ფაქტია. ასე, რომ ხიდაშელის ან მისი ქმრის სიტყვებზე რომ არ „ავარდება“ და რუსეთს არ მიეჭრება, ფაქტია. მაშ, რისთვის იკლავენ თავს ხიდაშელი, ალასანია, სხვები, თუ ისედაც კარგად იციან, რომ საქართველოს პრობლემა ვერც ევროპის და ვერც „დემოკრატიული“ სამყაროს უმთავრესს თემად ვერ გადაიქცევა?

„ცდა, ბედის მონახევრეაო“ – ფიქრობენ ისინი და ამ ფიქრთან ერთად უმტკიცებენ დასავლეთს უკიდეგანო ერთგულებას, იმედით, რომ მუდამ იყვნენ ხელისუფლებაში. მაგრამ დასავლეთი ბრძენია. ეს, რომ ასე არ იყოს, წარმოიდგინეთ რა თავსატეხთან ექნებოდათ საქმე საქართველოს ნატოში ყოფნით?

ხიდაშელი, რომელიც – ნატოში შემიშვითო – ისეა აწყვეტილი, ვერც აქ აკავებენ და ვერც იქ. იქ რომ ვიყოთ, ხომ მოითხოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის რუსეთზე გალაშქრებას?! იცის ნატომ რა „გოგო-ბიჭებთან“ აქვს საქმე და საფუძვლიანად გვიჭიანურებს გაწევრებას.

მავანი შემედავება – მერე რა არის ცუდი იმაში, თუ ნატო ჩვენთვის რუსეთს დაეჭიდებაო. არც არაფერი, მაგრამ ჩვენ რომ აღარ ვიქნებით?!

განსაკუთრებით შლეგური იყო ხოშტარიას ნაბოდვარი – საქართველოში რუსული პროპაგანდის გაძლიერებასთან დაკავშირებით. არადა მისასალმებელი იქნებოდა მსგავსი რამ, ვინაიდან ცალმხრივ დასავლურ პროპაგანდას რომ საწინააღმდეგო ქმედება ახლდეს, საზოგადოებას არჩევნის შანსი ექნებოდა. დღეს, ამას ადგილი არ აქვს. ხოშტარიას და მისი „ნაცი“ და-ძმების სურვილია მომავალშიც ასე იყოს – „რუსთავი-2“-ზე მიჩერებული საქართველოს სახით.

რაც შეეხება ეკონომიკას და თითქოს მთავრობის მტკიცებას, რომ საქართველოსთვის ერთადერთი ხსნა რუსეთის ბაზარია. მადლობის მეტს არაფერს ვიტყოდი ხელისუფლების მიმართ, მსგავსი რომ მომესმინა. რამდენად ბრიყვი უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში უარი თქვას უკიდეგანო რუსულ ბაზარზე და სხვას დაუწყოს ძებნა გადაკარგულში.

25 წლის განმავლობაში შორსმხედველი საქართველო სხვასთან ამყარებს ვითომ კავშირებს და არა მეზობლებთან. შედეგი? გაღატაკებული მოსახლეობა, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განადგურება, ფისკალური კრიზისი, ტერიტორიების დაკარგვა და ა.შ. დამოუკიდებლობის ჟამს, ქართული პოლიტიკის წყალობით, საქართველოში სამი სამხედრო ბაზა გაჩნდა – 2 რუსული, ერთი ნატოური.

საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ისეთივე ვირტუალურია, როგორც საბჭოეთის წლებში. დამოუკიდებლობის ჟამს ქართული პოლიტიკა, ყოველთვის შორს მომზირალი იყო და არის. არადა ამ პატარა ქვეყნის დასაპურებლად სულაც არ არის საჭირო შორს ყურება – მეზობლებით და მეზობლის – მეზობლებით მოგვარდება ეს საქმე.

თბილისში ჩატარებულ „ამბასადორიალზე“ ტრადიციულად დაისვა საკითხი – საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების მიერ, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით. სააკაშვილის ზეობის დროს გამუდმებით იყო ამ თემაზე ლაპარაკი, თუმცა უშედეგოდ. უშედეგოდ იმიტომ, რომ ვითომ დიპლომატებს და კიდევ უფრო ვითომ ეკონომიკის საქმეში გათვითცნობიერებულებს, ძნელია მოსთხოვო ის, რაც მან არ იცის.

გარდა ამისა, როგორ უნდა დაიყოლიოს მადაგასკარზე (პირობით) საქართველოს ელჩმა, მადაგასკარელი ბიზნესმენი საქართველოში ინვესტიციების ჩადებაში? უპირველესად, მას უნდა შეასწავლოს რა არის საქართველო, რაც არცთუ იოლია და მეორეც, რომ გაიგებს, ვეჭვობ მოუნდეს ინვესტიციის ჩადება უაღრესად პატარა ზომისა და მოსახლეობით მწირ ქვეყანაში.

დავუშვათ, გავაჩაღეთ ვაჭრობა, მაგალითად ბრაზილიასთან. საინტერესოა, რამდენად გაიყიდება იქაური საქონელი აქ და აქაური – იქ (თუ ასეთი გამოჩნდა), ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით. არის საქართველო ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ქონა ლათინური ამერიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან? – ეჭვი მეპარება.

არადა ხელისუფლება ავალდებულებს საქართველოს ელჩებს, შეასრულონ მისი ბრძანება. დავუშვათ, შეასრულეს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებიც გახურდა, მაგრამ მოულოდნელად, ვიღაცის ბრძანებით (დასავლეთის) აიკრძალა, რა დღეში ჩავარდება ელჩი? მსგავსს ჰქონდა ადგილი ირანთან ურთიერთობისას. ირანის მხარისა და საქართველოს ელჩის ჯანჯღავას აქტიურობის შედეგად, ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდა ბიზნესის და ტურიზმის დარგში – თქვენი მოწონებული, მაგრამ მოვიდნენ „ქოცები“ და დაწყებული საქმე ნულის დონეზე დაიყვანეს. ასეთის შემხედვარე, ვინმე გააკეთებს საქმეს?

საქართველოს სატრიალო არეალი მეზობლებშია და არა ცხრამთასა და ზღვას იქით მყოფებში. საქართველოს მთავრობა ელჩებს ინვესტიციების მოზიდვას ავალდებულებს, მაგრამ უგულებელყოფს მეზობელი ირანის მიერ შემოთავაზებულ 3 მილიარდის ინვესტიციას (სხვადასხვა დარგში). რაშია საქმე? ირანული ინვესტიცია არ შეიძლება და ავსტრალიური ან ისრაელის შეიძლება?!

ქართული პოლიტიკის ოცნებაა ამერიკული და ევროკავშირული ინვესტიციები, მაგრამ ისინი რომ შორს იჭერენ ამ საქმისგან, თავს არიდებენ და არც შენ გრთავენ ნებას იქონიო რუსეთთან, ირანთან, სხვებთან კავშირები?! სად არის ნანატრი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, დემოკრატია – ესოდენ ხმამაღლა ნათქვამი „თბილისი რუმში“? აი, ეს კითხვა უნდა დასვან ხოშტარიამ, ხიდაშელმა, სხვებმა, ვიდრე საქვეყნო საქმეებზე იმსჯელებენ.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.