23.12.2024

„თვითგამორკვევა“ ლაღად დააბიჯებს მსოფლიოში

უკრაინის მოვლენებმა უსერიოზულესი რყევა გამოიწვია მსოფლიო პოლიტიკაში. მართალია, ეს მოვლენა გაცილებით ადრე დაიწყო, მაგრამ საქართველოდან საკმაო მანძილით დაშორებულ კოსოვოში მომხდარი ამბავი აქ არაჯეროვნად აღიქვეს. მაშინ იყო ქართული პოლიტიკისა და პოლიტოლოგიის განცხადებები, ერთობ უმარილო, რეალობის გრძნობას მოკლებული და რაც მთავარია, ზედაპირული – ქართული პოლიტიკა – ექსპერტობისთვის დამახასიათებელი.

ვაშინგტონის იმჟამინდელმა ადმინისტრაციამ ბევრი იღონა იუგოსლავიის დასაშლელად, კოსოვოს, ბელგრადისგან ჩამოსაშორებლად. იუგოსლავიის ისტორია, ცხადია გასული საუკუნის 90-იანი წლები მაქვს მხედველობაში, რომ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აქტი იყო, ამას არც ამერიკელი ექსპერტები უარყოფენ.

ვაშინგტონმა, იუგოსლავიის დაშლით, რუსეთს ხელიდან გამოაცალა ევროპაში არსებული დასაყრდენი. მაშინდელი რუსეთი, საბჭოთა კავშირის დაშლით დასუსტებული, იარებს იშუშებდა და ამდენად ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ამერიკული პროექტის ცხოვრებაში გატარებას. მიუხედავად ამისა, პუტინის რუსეთმა მტკიცედ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია – კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაშიო.

დააფიქსირა, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა, მათ შორის არც ვაშინგტონმა და არც ბრიუსელმა.

კოსოვო – უნიკალური მაგალითია და მისი სხვა ქვეყნებზე გავრცელება არ ეგებისო, – ამბობდა ვაშინგტონი. ამბობდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დარწმუნებული იყო საკუთარი არგუმენტის სისუსტეში. რა გაეწყობა, პირველი ქვეყნის პროექტი, სხვათა ხელისგრეხით, გავიდა.

კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს და არა ერთმა ქვეყანამ.

თუ კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებთ, რა დააშავეს აფხაზეთმა და სამხრეთ-ოსეთმაო? – იყო შეკითხვა კრემლიდან. პასუხი კი ძველებური, უნიათო, არადამაჯერებელი, იმავე ამერიკა-ნატო-ევროკავშირის მხრიდან.

უნიათო პასუხმა სხვა რეაქცია გამოიწვია, დაახლოებით ასეთი – თუ კოსოვოსთვის შეიძლება დამოუკიდებლობა, რატომ არ შეიძლება აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთისთვის? ამ შემთხვევაში დასავლურმა განმარტებამ ვეღარ იმუშავა და ასე და ამრიგად რუსეთმა აღიარა საქართველოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობა.

რუსეთის გადაწყვეტილება დასავლეთმა არ გაიზიარა, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და დღემდე აცხადებს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წლის ცხინვალის ომის შემდეგ ჰქონდა ყოველივე ამას ადგილი. დღეს, 2014 წელია, მაგრამ დასავლეთის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არაფერი შემატებია.

და ვერც ვერაფერი შეემატება, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიო სხვაგვარად ვითარდება. აშშ-ს მიერ ბოთლიდან ჯინის გამოშვებამ, სერიოზულად იმოქმედა თვითგამორკვევის იდეით შეპყრობილ ქვეყნებზე და დაიწყო ტალღა სახელმწიფოთა დაშლისა, ანუ სეპარატიზმისა.

გაეროს მთავარ დოკუმენტში აღნიშნული მიძინებული პუნქტი „ერთა თვითგამორკვევა“, რომელიც თავს მოკრძალებულად გრძნობდა, მეორე პუნქტთან – „ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობასთან“ შედარებით, ომს აცხადებს. მიძინებული პუნქტი გამოვიდა საღათას ძილიდან და ისეთი ენერგიით დაიწყო კანონიერი უფლებების – თვითგამორკვევის მოპოვებისთვის ბრძოლა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მცირედიც კი არ დაუტოვა.

უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩატარებულმა რეფერენდუმმა მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ ქვეყნების დაქუცმაცების პროცესი ახალ ფაზაში შედის და ყველა სუსტ ქვეყანას შეეხება. პოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინა უაღრესად სუსტი ქვეყანა აღმოჩნდა. სრულიად თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა, მიუხედავად დიდი მოსახლეობისა, წიაღისეული სიმდიდრისა და საბჭოური წარმატებული მრეწველობა-სოფლის მეურნეობისა, უსუსურია..

პოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინამ ვერაფერი გააკეთა, გარდა მოჩვენებითი დემოკრატიისა და რადაში სისტემატური ხელჩართული ჩხუბისა. არადა რუსი ლიბერალები შურით შეჰყურებდნენ უკრაინას – აი, სად არის ნამდვილი დემოკრატიაო – ხმამაღალი განცხადებით.

დამოუკიდებლობის წლებში, რასაც ამ ქვეყანამ მიაღწია – ქვეყნის დოვლათის ძარცვა და მილიარდერთა კორპუსის შექმნაა. დედამიწაზე იშვიათად მოიძებნება ქვეყანა ესოდენ დაბეჩავებული, თუ საქართველოს არ მივიღებთ მხედველობაში, ვიდრე უკრაინა. უღარიბესი ქვეყანა და მრავლობით რიცხვში მყოფი უკრაინელი მილიარდერები.

პოლიტიკურად სუსტი ქვეყანა უმალ მოექცა აშშ-ს ყურადღების ცენტრში. დიდი ფული ჩადო ოფიციალურმა ვაშინგტონმა უკრაინელთა გადასაბირებლად, რუსეთის წინააღმდეგ ასამხედრებლად. ნაწილობრივ გამოუვიდათ, მაგრამ არა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. იქაური მოსახლეობა კიევის ფაშისტურ მთავრობაზე საძულველად აშშ-ს მიიჩნევს.

აშშ-ი დიდი ქვეყანაა, თანაც პირველი მსოფლიოში, როგორც ეკონომიკით, ისე სამხედრო თვალსაზრისით. რაც შეეხება ჯაშუშურ საქმიანობას, მას ბადალი არ ჰყავს და მიუხედავად ამისა, ვერ გათვალა უკრაინის მოვლენები. ვერ გათვალა ის, რომ ფაშისტურად მოაზროვნე უკრაინელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და არა მარტო ფინანსურის, უკუშედეგს გამოიწვევს.

მართალია აშშ-ა, უკრაინის თავსატკივრით, უსერიოზულესი პრობლემები შეუქმნა რუსეთს, მაგრამ მან ვერ მიიღო მთლიანი ტორტი, უნიტარული უკრაინის სახით. დიდი-დიდი რასაც შექმნილი ვითარება მოუტანს მას, დასავლეთი და ცენტრალური უკრაინაა.

აშშ-ა, მზაკვრული პოლიტიკის შედეგად, ააღორძინა უკრაინული ფაშიზმი, რამაც თავისთავად გამოიწვია რუსული ნაციონალიზმის გამოღვიძება. გამოღვიძებული რუსი, შიშველი ხელებით ტანკს ებრძვის. მართალია, ხშირად მარცხდება, მაგრამ რუსული პატრიოტიზმი, მტრისადმი შეუპოვარი ომი, დღითი დღე იზრდება.

კიევის დროებითი ხელისუფლება და მის მიერ უკან მდგომი ამერიკა-ევროპა დონეცკ-ლუგანსკის რეფერენდუმს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ეს, რომ ასე იქნებოდა, წინასწარ იყო ცნობილი, მაგრამ რეფერენდუმი სანთელ-საკმეველს არ დაკარგავს. აკი არ დაკარგა. დასავლეთის პრესაში უკვე გამოჩნდა სტატიები ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით, გაცილებით ობიექტური, ვიდრე მანამდელი.

სიმართლე არ იმალება, ხალხი ხვდება, რომ ოდესის მოვლენები თვით ოდესელებმა  კი არ მოუწყეს საკუთარ თავს, როგორც ამას ამერიკელები ამბობდნენ, არამედ კიევის ხელისუფლების მიერ გაგზავნილმა „მარჯვენა სექტორის“ ბანდიტებმა.

როგორც ჩანს, დონეცკი და ლუგანსკი ბოლო არ იქნება. ახლადარჩეულმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ოფიციალურად მოითხოვა უკრაინაში მცხოვრები 200 ათასი უნგრელისთვის ავტონომია. მეორე მსოფლიო ომამდე ეს ტერიტორია უნგრეთს ეკუთვნოდა.

უკრაინის დაქუცმაცების პროცესი დაიწყო და მალე ეს ქვეყანა სულ სხვა საზღვრებში იქნება. ასე იცის პოლიტიკის არქონამ, სხვისმა მოიმედეობამ, ამ შემთხვევაში აშშ-ს. აშშ-ა, ნებით თუ უნებლიეთ, ხელი შეუწყვეს უკრაინის დაშლას და ეს ფაქტია. დაშლილი უკრაინა – რუსეთ-ევროკავშირს შორის გაჩხერილი, მძიმე ასატანი იქნება ორივესთვის. აშშ-ს რა უჭირს, ის შორსაა.

უკრაინით, ვაშინგტონმა ისეთი მუდმივი ცეცხლი გააჩინა ევროპა-რუსეთს შორის, უარესს რომ ვერავინ ინატრებდა. ერთის შეხედვით, თითქოს ვაშინგტონს არ უნდა აწყობდეს ევროპაზე პერმანენტულად გადაკიდებული რუსეთი – ბოლოსდაბოლოს ევროკავშირი ხომ ამერიკის მოკავშირეა? დიახ! მოკავშირეა, მაგრამ ვაშინგტონს რომ არ უყვარს ერთიანი, მძლავრი მოკავშირე? მას დაქუცმაცებული, სუსტი ქვეყნები უფრო იზიდავს. ასეთნი იოლი სამართავია.

უკრაინის პრობლემა დაიწყო. თუ როდის დამთავრდება, არავინ იცის. მას, არც პრეზიდენტის აღჩევა უშველის და არც ფინანსური ინექციები. ლოგინს მიჯაჭვული მომაკვდავი, უნიტარული უკრაინა სულს ღაფავს და ამ საქმეში წვლილი ამერიკელებისა განუზომელია.

საბჭოთა კავშირის დაშლამ თუ ვინმეზე მომაკვდინებლად იმოქმედა საქართველო, მოლდოვა, უკრაინაა. პრობლემებია აზერბაიჯან-სომხეთს შორის ყარაბახიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი იყო ის შემაკავშირებელი ძალა, რამაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში უზრუნველყო რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობა.

საბჭოთა კავშირის დროს ხმას ვერავინ დაძრავდა ერთი რესპუბლიკიდან გამოყოფისა და მეორესთან მიერთების თაობაზე. როგორც ამბობენ, იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც აფხაზებმა საქართველოდან გამოყოფა და რუსეთთან შეერთება მოითხოვეს, პასუხად კი მიიღეს – ციმბირში მოხდება შეერთებაო. მართალია, მაშინ ტერიტორიების „ზემოდან“ გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა ადგილი, მაგრამ „თვითგამორკვევას“ – არა.

კაცმა რომ თქვას, თუ პიროვნების დისკრიმინაცია არის მიუღებელი და აქედან გამომდინარე საშუალო სქესის, წვერ-ულვაშშეყრილი (ქალია თუ კაცი) ადამიანი პირველ ადგილს იღებს ევროვიზიის სიმღერის ფესტივალში, რატომ უნდა იყოს გამართლებული სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები მილიონობით ადამიანის მიმართ დისკრიმინაცია? 

დისკრიმინაციაა, როდესაც მილიონობით ადამიანს აიძულებ იცხოვროს იმ მთავრობის პირობებში, რომელშიც მას არ სურს ცხოვრება.

დისკრიმინაციაა, როდესაც ხალხთა კრებულს უარს უცხადებენ თვითგამორკვევაზე.

თვითგამორკვევის თემა ჩვენთვის შორი სამზერი არ უნდა იყოს, ვინაიდან ამ თვალსაზრისით საქართველო ნოყიერი ნიადაგია, თანაც ისეთი, დიდი შრომა-გარჯა რომ არ დასჭირდება მავანს თემის გასაღვიძებლად. არის საქართველო დაზღვეული მსგავსი პერსპექტივისგან? ნამდვილად არა.

საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა, თანაც კომპაქტურად ჩასახლებულმა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა თუ იხუვლეს და ერთ მშვენიერ დღეს თქვეს თვითგამორკვევა გვინდაო, რას ვიზამთ? რეფერენდუმი რომ ჩაატარონ, უკრაინის ხელისუფლებასავით, ტანკებით ჩავახშობთ? ფიქრობს თუ არა ხელისუფლება იმ პრობლემების მოგვარებაზე, რასაც მათთან დაკავშირებით აქვს ადგილი?

ეჭვი მეპარება, რომ ფიქრობდეს. მართალია, დღეს ეს პრობლემა არ დგას, მაგრამ მოვლენები სწრაფად ვითარდება. თვითგამორკვევა გადამდები რამ არის და უკრაინაში დაწყებული, მალე სხვაგან ამოჰყოფს თავს.

უკრაინა, უკრაინელებისთვის! – ბრძანეს კიეველმა ნეოფაშისტებმა და ლამის დანაწევრებულ უკრაინას იღებენ შედეგად. ეროვნული მოძრაობის ზეობისას აქაც იყო მსგავსი პატრიოტული ლოზუნგი, საქართველო ქართველებისთვის, რასაც აზერბაიჯანელთა, ცხადია საქართველოში მცხოვრებთა, ისეთი რეაქცია მოჰყვა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა საქართველოს ავის მსურველი. მაშინ პატარა ნაპერწკალმა გამოიწვია უკმაყოფილება. ვართ თუ არა დაზღვეული მსგავსი ინციდენტისგან?

სომხებით დასახლებული სამხრეთი ხომ სისტემატურად გვახსენებს თავს სხვადასხვა „პატრიოტული“ თემებით? აქეთ აჭარა, მოჭარბებული თურქული გავლენით და ჩასახლებული თურქებით, თურქული ბიზნესით და ათასობით საქართველოს მოქალაქე თურქით – სააკაშვილმა რომ ხელგაშლილად ჩამოურიგა მათ. დავუმატოთ ამას ევროპელთა დაბეჯითებული მოთხოვნა რეგიონულ ენებთან, სხვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, ქართულ წისქვილზე რომ არ ასხამს წყალს და დავინახავთ ჩვენს ნაკლებად წარმტაც ხვალინდელ დღეს.

საქართველოს პოლიტიკისთვის სრულიადაც მიუღებელი უნდა იყოს აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობის სრული ინდიფერენტიზმი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი. მთავრობის მიერ ჩვეულებრივად აღიქმება მათი პასიურობა პარლამენტის განსახილველი კანონპროექტებისადმი. ავიღოთ თუნდაც ყბადაღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი.

არავინ იცის, მოსწონთ თუ არა მათ პარლამენტის გადაწყვეტილება. არავინ იცის მათი პოზიცია ასოცირებულ წევრობასთან, მითუმეტეს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით. რაშია საქმე? სძინავთ მათ? იქნებ სულაც არ სძინავთ, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას არაფრად აგდებენ? იქნებ მთელი გულისყურით ისინი ბაქო-ერევანს არიან მიჩერებული? ეს, რომ ასეა, ფაქტია. საქართველოს ხელისუფლება კი, ნაცვლად იმისა აქტიურად ზრუნავდეს მოსახლეობის (თითქმის მილიონის) ქართულ პოლიტიკაში ჩასართველად, ფუქსავატური საქმიანობით არის დაკავებული.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება სერიოზულად იხილავდეს დარჩენილი საქართველოს მთლიანობის საკითხს, დღენიადაგ თავის მართლებაშია – მე არ ვაწარმოებ ფარულ მოსმენებსო. თითქმის ერთი კვირაა, ყველა ტელეკომპანია ამ თავისშესაქცევი თემით არის დაკავებული და არა მარტო თვითონ, სხვასაც აკავებს.

ქვეყანა თავზე გვექცევა – ისინი კი მოსმენებზე ლაპარაკობენ. ტელეარხებზე ერთმანეთს ცვლიან „სერიოზული“, „ძალიან სერიოზული“ და „ზე სერიოზული“ არასამთავრობოების ბრიყვი წარმომადგენლები, მათ ფეხის ხმას აყოლილი „ოცნებელები“ და ამ ისტორიის ამგორებელი „ნაცები“. ღორმა, ღორს უთხრა – შე დრუნჩიანო, ასეა „ნაცთა“ საქმე.

ფარული მოსმენების დამფუძნებლები, ხელისუფლებას ადანაშაულებენ ამ საქმეში – ეს როგორ შეიძლებაო – ვიშვიშებენ ისინი და მათი მხარდამჭერები. ძალიანაც კარგად. შეხედეთ თქვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს და თუ მაშინაც ვერ მიხვდებით, რასთან გვაქვს საქმე, აღარაფერი გვეშველება. აშშ-ი, განუწყვეტელ რეჟიმში, უსმენს მთელს მსოფლიოს და წუთითაც არ ფიქრობს პოზიციის შეცვლას. „მე, ევროპის საკითხებში აშშ-ს წარმომადგენელმა, დიახაც უნდა ვიცოდე, რას ლაპარაკობს გერმანიის კანცლერიო“, – განაცხადა საქართველოს პოლიტიკოსების საყვარელმა ქალბატონმა ნულანდმა.

ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სულაც არ წითლდებიან სნოუდენის ახალ-ახალი ფაქტების გამომზეურებაზე. არც იმით არიან შეფიქრიანებულები, რომ მათ მიმართ ნდობა კლებულობს. აშშ-ს, შენს „ძმას“ და „მეგობარს“ რომ ესოდენ ცინიკური დამოკიდებულება აქვს მოსმენებისადმი, შენ რა გაღელვებს? გგონია, რომ იმაზე უმანკო ხარ?

მოსმენის თემამ ჩვენი ცხოვრებიდან რამდენიმე სანუკვარი, უკან დაუბრუნებელი საათი და დღე წაიღო. რამდენი ასეთი დღე, საათი და წელი დავკარგეთ ბედოვლათი ხელისუფლების პირობებში?

საქართველოს პოლიტიკოსთა ყურადღება უმნიშვნელო საკითხებით გაფანტული – ხან მოსმენები, ხან ანტიდისკრიმინაციული კანონი, ხან უკრაინის ხელისუფლების გამართლება, ხან საფრანგეთის პრეზიდენტის ოლანდის ვიზიტი და ხან ალასანიას დასავლეთისადმი ხვეწნა-მუდარა საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების თაობაზე, ხან კიდევ რა. . . მაგრამ არა მთავარი, მნიშვნელოვანი – ქვეყნის ყოფნა-არყოფნა.

საქართველოს პოლიტიკას ჰგონია, რომ ამ საკითხში (ყოფნა-არყოფნა) მუდამ წარმატებული ვიქნებით, ვინაიდან ჩვენთან არს ევროპა და ამერიკა. უკრაინასთანაც იყვნენ. შედეგად – დაშლილი ქვეყანა.

ნათქვამია – „ცუდი მაგალითი გადამდებიაო“, იქნებ ამაზე გვეფიქრა და არა მესამეხარისხოვან თემებზე? მაგრამ ფიქრი, როგორც ჩანს, მას შეუძლია, ვისაც თავი მარტო ქუდის დასახურად არ აქვს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.