26.12.2024

ვჭრათ და ვკეროთ კონსტიტუცია?

საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური სტრუქტურა რომ სერიოზულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს – ეჭვს არ ბადებს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ვერაფრით გაარკვიეს, სად იწყება და თავდება თავთავიანთი ფუნქციები.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს საკითხი უეჭველად მოწესრიგდება ახალი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად. ვიმედოვნებთ, ასეც მოხდება, მაგრამ მცირე ეჭვი მაინც ჩნდება, რასაც ადამიანური, მითუმეტეს ქართული ამბიციები აჩენს.

კონსტიტუცია ინსტრუქცია არ არის, რომ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მოქმედების ყველა დეტალი ზედმიწევნით, ზუსტად განსაზღვროს. დარწმუნებული ვარ, მაშინაც კი იქნება კამათი და დავა. საქმე კონსტიტუციაში კი არა, სხვაშია – პოლიტიკურ მოუმწიფებლობაში.

საქართველო მრავალპარტიულ პოლიტიკურ ცხოვრებას 1990-91 წლებში გაეცნო და იქიდან მოყოლებული ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც გაეროს წევრი 193 სახელმწიფო.

მას შემდეგ არცთუ მცირე დრო გავიდა, მაგრამ პოლიტიკური სარბიელი ვერადავერ შეივსო სულითხორცამდე პოლიტიკოსებით. პარტიების სიუხვე და ე.წ. პოლიტიკოსთა სიჭარბე, ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ამბიციებზე მიგვანიშნებს მხოლოდ და მათ უსაზღვრო სურვილებზე, იყვნენ მმართველები არა ქვეყნის, არამედ საკუთარი თავისა და ოჯახის საკეთილდღეოდ.

პოლიტიკოსთა არმიის მატებას ხელს უწყობს უმუშევრობაც. დაუსაქმებელი ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ხან ერთ პარტიას მიეტმასნება,  ხან მეორეს, ხან თვით ქმნის პარტიას – იმედით, რომ გაძვრებიან პარლამენტში, მთავრობაში, ადგილობრივ მმართველობაში, სახელმწიფო სამსახურში.

არჩევნებში გამარჯვებული პარტია, ნაცვლად პროფესიონალებისა, იძულებულია დაასაქმოს საკუთარი აქტივისტები, მათი ნათესავები და ახლობლები. ასე და ამრიგად, ხელისუფლებაში თავს იყრიან არაპროფესიონალი, მმართველობაში გაუთვითცნობიერებელი კადრები. მავნე საკადრო სენია, ფეხგადგმული ქართულ პოლიტიკაში, თანაც ისე, რომ მისი მოკვეთა შეუძლებელია.

სახელმწიფოს პოლიტიკური სტრუქტურა პოლიტიკური ცხოვრებით არის განპირობებული, პოლიტიკური ცხოვრების ავკარგიანობა – პოლიტიკური განსწავლულობით, სიბრძნით. პოლიტიკური ცოდნითა და საერთო განათლებით აღჭურვილ ადამიანს ძალუძს ისეთი მთავარი კანონის შექმნა, რომელიც გაითვალისწინებს ქვეყნისა და მასში მცხოვრები ადამიანების მოთხოვნებსა და მისწრაფებებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გუნდი ან ხელისუფლებაში ძალით მისული, საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად, ახალი კონსტიტუციის წერას იწყებს, ან არსებულის გადაკეთებას.

საქართველო ამ მხრივ ნამდვილად სამაგალითოა. ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლების მისვლისთანავე გაჩნდა აუცილებლობა ახალი კონსტიტუციის მიღებისა. დროის უქონლობის გამო ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეიმუშავა ახალი ცხოვრების სადარი კონსტიტუცია, მაგრამ მიიღო მთავარი კანონი, რომელიც თავისი შინაარსით არაფრით ჩამოუვარდებოდა კონსტიტუციას.

1992 წელს, ვადამდელი  საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, ქვეყნის ახალმა ხელმძღვანელმა, შევარდნაძემ ვერ იგუა გამსახურდიას დროს შემუშავებული მთავარი კანონი და სასწრაფოდ, პარლამენტის პირველი სხდომისთვის ახალი მთავარი კანონის შემუშავება მოითხოვა. ამ მთავარმა კანონმა 1995 წლის ზაფხულის ბოლომდე იარსება და კონსტიტუციით შეიცვალა.

1992 წელს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო საყოველთაო არჩევნები და მასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები, რაც უნიკალური მოვლენა იყო მსოფლიოში, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს და არა ხალხი. რით იყო გამოწვეული ესოდენ „საინტერესო“ გადაწყვეტილება?

უპირველესად იმით, რომ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავდა არჩეული პრეზიდენტი გამსახურდია, ვერ გაიმართებოდა საპრეზიდენტო არჩევნები. არადა შევარდნაძეს, საკუთარი ამბიციებიდან გამომდინარე, ჰაერივით ესაჭირეობოდა ქვეყნის პირველ პირად გახდომა, რაც მოახერხა კიდეც საერთაშორისო ნორმებისა და საპარლამენტო ცხოვრების წესების დარღვევით. მან ხალხს თავი პარლამენტის თავმჯდომარედ აარჩევინა, ხოლო პარლამენტის პირველსავე სხდომას – ქვეყნის მეთაურად. ცოცხალი პრეზიდენტის დროს შეუძლებელი იყო შევარდნაძის გაპრეზიდენტება, ამდენად მან სახელმწიფო მეთაურობა მოირგო.

1992 წლის არჩევნების შედეგად ერთი პიროვნების ხელში აღმოჩნდა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასარულებელი მართვის სადავეები. პარლამენტმა შეგნებული შეცდომა დაუშვა, როდესაც სახალხოდ არჩეულ პარლამენტის თავმჯდომარეს სპიკერი არ უწოდა და სპიკერად სხვა აირჩია.

საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე პარლამენტის თავმჯდომარე იგივე სპიკერია. მაგრამ ეს საყოველთაოდ აღიარებული საკონსტიტუციო ნორმა არ გაიზიარა ქართულმა უმწიფარმა პოლიტიკამ. შევარდნაძის ამბიციური სურვილების განსამტკიცებლად, არჩევნების შემდეგ, შემუშავებული იქნა კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ, სადაც ხაზგასმით ჩაიწერა სახელმწიფოს მეთაურის ცნების შემოღების თაობაზე. ამ კანონმა 1995 წლის შემოდგომამდე იარსება და გზა დაულოცა კონსტიტუციას.

1995 კონსტიტუციამ, გარკვეული ცვლილებებით, „ვარდების რევოლუციამდე“ გაძლო და გამარჯვებული ტრიუმვირატის მეცადინეობით (სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე) სერიოზული ცვლა განიცადა. საკონსტიტუციო ცვლილებებმა კიდევ უფრო განამტკიცა პრეზიდენტის ინსტიტუტი და მისი ძალაუფლება.

დადგა ჟამი სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის დასასრულისა და მასთან ერთად გაჩნდა სააკაშვილის სურვილი პოლიტიკაში, ანუ სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველ პირად დარჩენისა. საპრეზიდენტო ვადის დამთავრებამდე სააკაშვილმა შექმნა ახალი კონსტიტუციის შემმუშავებელი კომისია, რომელსაც საპრეზიდენტო მმართველობა, საპარლამენტო მმართველობით უნდა შეეცვალა, ანუ პრეზიდენტი სააკაშვილი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გააგრძელებდა ქვეყნის პირველ პირობას პრემიერ-მინისტრის ამპლუაში.

სააკაშვილის გეგმის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრად სააკაშვილს აირჩევდა და ასე დაიწყებოდა სააკაშვილის უვადო პრემიერ-მინისტრობა, ანუ ქვეყნის პირველი პირობა. ქვეყანას ეყოლებოდა პრეზიდენტი, ცხადია „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაგრამ მისი პრეზიდენტობა ერთობ ფორმალური იქნებოდა, ძლიერი პრემიერ-მინისტრის ფონზე.

სააკაშვილის მრავალჟამიერ პირველობას, პრემიერის რანგში, ვერაფერი შეეცილებოდა, რომ არა თვით სააკაშვილისა და მისი ნაცების მიერ დაშვებული უხეში შეცდომები, კრიმინალური მმართველობა, სხვა ისეთი ანტიჰუმანური მოქმედება, რომელმაც ხალხის მოთმინების ფიალა აავსო. სააკაშვილი იმ აზრსაც შეეგუა, რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის სასახლე, რომლის მშენებლობაში ასეულობით მილიონი დოლარი დახარჯა და გადასულიყო პრემიერ-მინისტრის ახალ საბრძანებელში, ათონელის 25-ში, სადაც წინათ აშშ-ს საელჩო იყო განთავსებული.

ახალი კონსტიტუციით ქვეყანას ეყოლებოდა პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე. ამ სამეულიდან რეალური ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს ექნებოდა, პრეზიდენტს კი – ფორმალური. სააკაშვილის პრემიერობის შემთხვევაში პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება არ იქნებოდა –  პარტიაში სააკაშვილის განუსაზღვრელი ძალაუფლებიდან გამომდინარე.

სააკაშვილის შორს მიმავალი გეგმები ივანიშვილმა ჩაშალა. მის მიერ შექმნილმა „ოცნების“ კოალიციამ საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება, რითაც წერტილი დაესვა „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს. ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ძალები კოალიციის სახით, ერთობ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით. პრემიერ-მინისტრობა ივანიშვილმა მოირგო, მისივე ინიციატივით პრეზიდენტობა – მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარეობა – უსუფაშვილმა.

ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენის შემთხვევაში ექნებოდა თუ არა ადგილი პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებას?

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არა, ვინაიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ შემქმნელი ივანიშვილის ავტორიტეტი არა მარტო სააკაშვილის პოლიტიკური არენიდან ჩამოშორებით განისაზღვრებოდა. პოლიტიკაში დარჩენის შემთხვევაში ის იქნებოდა ისეთი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის პირველი პირი, რომელსაც ვერც პრეზიდენტი და ვერც პარლამენტის თავმჯდომარე გადაბრუნებულ სიტყვას ვერ შეჰბედავდა.

გამოკვეთილ ლიდერებს თავისიანები, ამ შემთხვევაში „ნაცები“ და „ოცნება“, სააკაშვილსა და ივანიშვილს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების გარეშეც მოკრძალებით და სრული მორჩილებით მოეპყრობოდა. ლიდერის სიტყვა პარტიისთვის კანონია. პარტიული დისციპლინის წყალობით ერთპარტიულ ნაცურ მმართველობაში სააკაშვილის, როგორც პრემიერის პირველობას ვერავინ და ვერაფერი დაჩრდილავდა, ისე, როგორც მრავალპარტიულ კოალიცია „ოცნებაში“, კოალიციის შემქმნელის, ივანიშვილის ლიდერობას.

მაგრამ წავიდა ივანიშვილი და ქვეყნის მართვის სადავეები საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს, პირებს და არა პიროვნებებს გადააბარა. ახალი არაფერია იმაში, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, მიუხედავად ხელისუფლებაში ყოფნისა, უმაღლეს თანამდებობების დაკავების შემდეგაც, პოლიტიკოსებად, მითუმეტეს სახელმწიფო მოღვაწეებად ვერ ჩამოყალიბდნენ.

ისინი დღეს ყალიბდებიან, როგორც პოლიტიკოსები, მაგრამ სახელმწიფო მოღვაწეობამდე მათ დიდი, ძალიან დიდი გზა აქვთ გასავლელი. არც ისაა გამორიცხული, რომ მათ ისე დაამთავრონ თავიანთი სახელმწიფო-პოლიტიკური საქმიანობა, რომ სახელმწიფო მოღვაწეობას ვერ ეღირსონ.

ზოგი იტყვის, რომ კარგია, როდესაც პოლიტიკაში ახალი სახეები მოდიან, პოლიტიკური ცხოვრებით „გაუსვრელნი“. მცდარი მოსაზრებაა. პოლიტიკას ისე ესაჭიროება პროფესიონალი, როგორც ხიდის, სახლის მშენებლობას, ექიმობას და ა.შ. ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი – პოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანები, თან თანამდებობიდან გამომდინარე (შესაძლოა ბუნებიდანაც) ამბიციურები, რაც თავისთავად იწვევს დაპირისპირებას.

მხოლოდ გამოუცდელ, უმწიფარ პოლიტიკოსს შეუძლია იდავოს ისეთ პრიმიტიულ თემებზე, როგორზეც დავობენ და კინკლაობენ პრეზიდენტი და პრემიერი. მათი დავა, რომ კაბინეტში იწყებოდეს და თავდებოდეს, კიდევ არაუშავს, მაგრამ დავა კაბინეტიდან გამოდის და თანაშემწეთა ხელშეწყობით, მედიის მიერ ცეცხლზე ნავთის დასხმით ისეთ საყოველთაო განგაშს იწვევს, თითქოს ესაადა ქვეყანა დაიქცაო.

ძირითადი სადისკუსიო, საკამათო თემაა – ვინ, სად გაემგზავრება, ცხადია პრესტიჟულ და ძვირადღირებულ უცხოურ მოგზაურობაში. საქართველოს კუთხეებში გამგზავრებასთან დაკავშირებით არც ერთს თავში არ მოუვა კამათი – არა მე წავალო.

უცხოეთის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენისთვის ხოცავენ ერთმანეთს, რაც „უნახავმა, რა ნახაო“-ს ფაქტორით არის გამოწვეული, თანაც ამ სცენაზე უბრალო სტატისტის როლში ყოფნით, თორემ საქმე რომ ჰქონდეთ იქ გასაკეთებელი, ვეჭვობ გარისკონ წასვლა. დარწმუნებული ვარ, ინტენსიური, თანაც საქმიანი უცხოური ვიზიტები (როდესაც თითო სიტყვას უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს) მათ ისე გადაღლიდა, სხვას დაუწყებდნენ ხვეწნას – ჩემს მაგივრად შენ წადიო.

დღევანდელი ქართული პოლიტიკა რომ არაფერს წყვეტს საერთაშორისო არენაზე – ფაქტია. ჩვენს მაგივრად ვაშინგტონი და ბრიუსელი ფიქრობს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფალთა უცხოური ვოიაჟები სულაც არ არის დაკავშირებული ტვინის ჭყლეტვასთან. მათი მთავარი ფუნქცია – თავის ქნევასა და დათანხმებაში გამოიხატება. ვინმეს წარმოუდგენია, საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერი, შელაპარაკებული თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში?! ასე რომ, ხელისუფალთა უცხოური ვოიაჟები სალაღობოა და არა სამუშაო, ამიტომაც იკლავენ თავს იქ გამგზავრებისთვის. 

ასეთ შემთხვევაში რა შუაშია კონსტიტუცია და მასში ჩამოყალიბებული თუ ჩამოუყალიბებელი პუნქტები. კონსტიტუციაში არ არის გამოკვეთილი პრეზიდენტის ფუნქციებიო, ხმამაღლა აცხადებენ.

ვიმეორებ – კონსტიტუცია, ინსტრუქცია არ არის, მასში არ იწერება გაეროში ვინ წავიდეს – პრეზიდენტი თუ პრემიერი. მასში ზოგადადაა ნახსენები პრეზიდენტის ფუნქციები, რაც სრულიად საკმარისია დაღვინებული პოლიტიკოსის და პიროვნებისთვის, როგორ მოიქცეს.

დაუღვინებელი, ახლადგამოჩეკილი პოლიტიკოსები და არა პიროვნებები ისე იქცევიან, როგორც პრემიერი და პრეზიდენტი და როდესაც, პოლიტიკური ცოდნის სიმწირიდან გამომდინარე, ხდება სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, უმალ იწყება ლაპარაკი კონსტიტუციის დაუხვეწაობაზე და იმაზე, იქ როგორ არის – საზღვარგარეთ.

ღარიბაშვილის მხარდამჭერებს უმალ მოჰყავთ მაგალითად გერმანია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი (ბოლო არჩევნებამდე), ისრაელი და ა.შ., სადაც პრემიერ-მინისტრების ფუნქცია გაცილებით მაღალია, ვიდრე პრეზიდენტების. მაგრამ პრეზიდენტები წარმოადგენენ სახელმწიფოს. ისინი ისეთივე სიმბოლოებია, როგორც დროშა, ჰიმნი, გერბი.

იმ ქვეყნების პრეზიდენტები ყმაწვილი პოლიტიკოსები კი არ არიან, არამედ უაღრესად დამსახურებული, ცნობილი პიროვნებები, თან პრეზიდენტობისთვის შესაფერისი ასაკის. ავიღოთ იტალიის პრეზიდენტი – 89 წლის ნაპოლიტანო, იტალიაში და მის გარეთ ცნობილი პიროვნება, რომლის დაუღალავი შრომით არაერთი სამთავრობო კრიზისი იქნა დაძლეული. სწორედ მისმა ავტორიტეტმა, პიროვნულმა ძალამ და პიროვნებისადმი (შემდეგ პრეზიდენტისადმი) პატივისცემამ გადააწყვეტინა იტალიას ყოველდღიური სამთავრობო საქმიანობის მოწესრიგების საკითხები.

გავიხსენოთ, ასევე ასაკოვანი ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი, უაღრესად ავტორიტეტული პიროვნება, მსოფლიოში ცნობილი ადამიანი, მოკინკლავე პარტიების შემრიგებელი, ისრაელის მდუღარე პოლიტიკური ცხოვრების დამამშვიდებელი.

გავიხსენოთ, დიდი ბრიტანეთის ამასწინანდელი ისტორია – შოტლანდიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქემერონმა დაბეჯითებით სთხოვა დედოფალს, ჩართულიყო პროცესში და ეთხოვა შოტლანდიელებისთვის მხარი დაეჭირათ ბრიტანეთის ერთიანობისთვის. დედოფალმა ცივი უარი განაცხადა.

გავიხსენოთ, რუსეთის პრემიერ-მინისტრის პუტინის მოკრძალებული დამოკიდებულება პრეზიდენტ მედვედევისადმი და პირიქით, ანდა ჩინეთის მეთაურის სი ძინპინისა და პრემიერ-მინისტრ ლი კეციანის ურთიერთობა. ჩინეთის უახლესი ისტორიიდან ისიცაა გასახსენებელი, თუ როგორი მოკრძალებით  ეპყრობოდნენ დენ სიაოპინს ქვეყნის მეთაური და პრემიერ-მინისტრი – უმაღლესი თანამდებობების არმქონე პიროვნებას.

ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ევროპის ქვეყნების პრეზიდენტების ნაწილი, პარლამენტების მიერ არჩეული, სულაც არ გრძნობენ თავს დაჩაგრულად, როგორც კონსტიტუციის მხრიდან, ისე პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან იმ ქვეყნებში დაუწერელი კანონი მოქმედებს – ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, საკამათო საშინაო საკითხების ფართო შარაზე არ გამოტანა და სამზარეულოში გადაწყვეტა. იქ არავინ დაკრავს ფეხს და საზღვარგარეთ დაუკითხავათ არ გავარდება, როგორც თავდაცვის მინისტრი ალასანია, პრემიერ ივანიშვილის დროს.

რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ ასეთ შემთხვევაში – თითო მინისტრს თითო კონსტიტუცია დავუწეროთ?

თავში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ პოლიტიკოსად ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, ხოლო პოლიტიკოსი უნდა იყოს გამოცდილი, საერთო განათლების მქონე ადამიანი, სახელმწიფო სტრუქტურებში ნამუშევარ-ნავარჯიშევი. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ასეთი ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.

საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი და პრემიერი თავს თანაბრად თვლიან. დიდი ცოდნა-გამოცდილებით არცერთი არ გამოირჩევა. ეს თვისებები რომ  ჰქონდეთ, არ იქნებოდა შექმნილი ის აურზაური, რაც არის. მათმა ყმაწვილურმა ქცევამ ჩრდილი მიაყენა მათ შემქმნელ ივანიშვილს, თანაც მე ვიტყოდი – გამოუსწორებელი.

პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევის დროს, საზოგადოებამ არაერთხელ მოისმინა ივანიშვილის მოსაზრება. იყო რჩევებიც, მათ შორის ჩემიც, რომ ქვეყნის სიმბოლო პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებისთვის აქცენტი საშუალო ასაკს გადაცილებულ ადამიანზე, ცნობილ პიროვნებაზე, განვლილი სახელმწიფო თუ საზოგადო ცხოვრებისეული გამოცდილებით და არა უბიოგრაფიო პირზე გაეკეთებინა.

პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებულმა ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა, რასაც ის აღიარებს. მაგრამ, რა ეშველება ე.წ. პოლიტიკოსთა მიერ დაშვებული შეცდომებით ქვეყანას?

კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და შეიცვლება კიდევაც – გამოკვეთილ საპარლამენტო მმართველობაზე, მაგრამ არაფერი ეშველება პოლიტიკურ უმეცრებას, ესოდენ ფეხმოკიდებულს ქვეყნის ცხოვრებაში. პოლიტიკური უმეცრება კი ნებისმიერ დროს თავის სასარგებლოდ შეატრიალებს კონსტიტუციის მოთხოვნებს და იმასაც დაამტკიცებს, რომ თეთრი შავია, შავი კი თეთრი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.