ერთი წელი კიევის „მაიდნიდან“

კიევის ხელისუფლებამ „მაიდნობა“ აღნიშნა. ერთი წელი გავიდა იმ შემზარავი მოვლენიდან, რასაც ადგილი ჰქონდა უკრაინის დედაქალაქში და არა მარტო იქ. იანვრის პირველი დღეებიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა მაშინდელი პრეზიდენტის იანუკოვიჩისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ – საბაბი ყველასთვის ცნობილია, თუმცა შეხსენება ღირს, ვინაიდან არა მარტო უკრაინელებს დასჩემდათ გულმავიწყობა, არამედ მათ გულშემატკივარ ქართველთა ნაწილსაც. ის დაბეჯითებით ამტკიცებს (ისე, როგორც უკრაინელთა დიდი ნაწილი, ევროპა და ამერიკა), რომ უკრაინის მოვლენებში ლომის წილი რუსეთზე მოდის.

„რუსეთი დამნაშავეა, როგორც უკრაინის, ისე საქართველოს წინაშე და ამას წყალი არ გაუვა“, – აცხადებენ ისინი. ცხადია, ამ ფონზე ჩემს მიერ ნათქვამი – შეაყარე კედელს ცერცვის მსგავსი იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ შეყრილი ცერცვის ერთი მარცვალი მაინც სხვაგვარ ყურადღებას დაიმსაურებს და ცოტაოდენ ეჭვს მაინც დაბადებს ჩაბეტონებულ ანტირუსულ განწყობაში.

სწორედ, სიმართლე იძლევა იმის იმედს, რომ დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ ქართველი და უკრაინელი ხალხები გაიგებენ იმ მზაკვრული გეგმის დეტალებს, რომლებიც თავს მოახვიეს მათ.

უკრაინის მოვლენების კულმინაცია გასული წლის იანვარ-თებერვალზე მოდის – კულმინაცია, 23 წლის განმავლობაში მიმდინარე ანტირუსული პროექტისა. თვით ამერიკელთა განცხადებით, 5 მილიარდი დოლარი – სახელმწიფო ფული (კერძო სხვა იყო) დაიხარჯა უკრაინის „გადემოკრატების“პროექტში.

პროექტმა მოიცვა ყველა სფერო, განსაკუთრებით განათლების სისტემა, სამხედროზე რომ არაფერი ვთქვათ. 23 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა რუსეთის სიძულვილზე დაფუძნებული ახალი უკრაინა – ისეთივე ფაშისტური, როგორიც სამამულო ომის „გმირები“ – ბანდერა და შეხევიჩი.

ექნებოდა თუ არა 2014 წლის „მაიდანს“ ადგილი, იანუკოვიჩი რომ ლაყედ არ მოქცეულიყო? ცხადია, ექნებოდა, მაგრამ არა 2014 წელს, არამედ 2015 წელს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამერიკელები სწორედ არჩევნებისთვის ამზადებდნენ „მაიდანს“, თუმცა მოულოდნელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანეს ამერიკულ პროექტში.

მაინც, რა მოვლენებმა გადაწყვიტა „მაიდნის“ დაჩქარება? – ვილნუსის სამიტზე იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირის ასოცირებული წევრობის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარის თქმამ.

რას ნიშნავს, ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, ვინ მოიგონა და რისთვის მოიგონა „აღმოსავლეთის პარტნიორობა“?

„აღმოსავლეთის პარტნიორობა“ – ევროკავშირის მიერ გამოგონილი პროექტია, რომლის მიზანი მარტივია – რუსეთის გავლენისგან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უკრაინის, მოლდოვის, ბელორუსის და სამი ამიერკავკასიის ქვეყნის გამოყვანა. ერთის შეხედვით, პროექტი ეკონომიკური ფაქტორის მატარებელია და ევროკავშირთან დაახლოებით აღნიშნულ ქვეყნებს შანსი ეძლევათ შევიდნენ ევროკავშირის ბაზარზე, ისე, როგორც ევროკავშირი ამ ქვეყნების ბაზარზე.

„ასოცირება“  ითვალისწინებს, როგორც თავისუფალ ვაჭრობას (ამისთვის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციას), ისე მოქალაქეთა თავისუფალ მიმოსვლას და ა.შ.

მოკლედ, ასოცირებული წევრობა არის ევროკავშირში გაწევრების მოსამზადებელი „კურსები“, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, ამ პროცედურას (გაწევრებას) წინ აღარაფერი დაუდგება. კეთილშობილური პროგრამაა უდავოდ, რომ არ იყოს პროგრამის შესრულებისთვის ხელის შემშლელი წყალქვეშა რიფები.

ევროკავშირის მაშინდელმა შეფმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, თბილისში ყოფნის დროს, ისე მომხიბლველად განაცხადა – „პატარა ქვეყანას, ნახევარმილიარდიან დიდ ევროპულ ბაზარში შესვლის შესაძლებლობა გიჩნდებათო“. არც არავის მოსვლია თავში მარტივი კითხვა – კი, ბატონო, შანსი გვიჩნდება, მაგრამ რა შევიტანოთ ევროკავშირის ბაზარზე? საქართველო, ისე, როგორც უკრაინა არაფერს ისეთს არ აწარმოებს, რომ ევროპის ბაზარზე გასაღდეს. აი, რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობას – უდავოდ ისარგებლებს ევროკავშირი და საკუთარი პროდუქციით გატენის ორივე ქვეყნის ბაზარს, რაც თავისთავად ჩაკლავს საკუთარი პროდუქციის წარმოებას.

ევროკავშირთან ასოცირება ნიშნავდა რუსეთთან უკრაინის ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას. არადა, 500-ზე მეტი უკრაინული ქარხანა რუსეთის სამხედრო შეკვეთებს ასრულებდა და აქედან გამომდინარე, მსუყე ფულსაც იღებდა. იანუკოვიჩი დააფიქრა ბაროზუს ხისტმა ნათქვამმა – „ან ევროკავშირი, ან რუსეთი“ და ვილნუსის ხელმოწერა გადადო, შემდეგი სახის თხოვნით – მოვილაპარაკოთ „სამეულმა“ – უკრაინამ-ევროკავშირმა და რუსეთმაო.  ევროკავშირმა უარი თქვა და ბაროზუს პირით აღნიშნა: – „არაუშავს, ამ ხელშეკრულებას უკრაინის სხვა პრეზიდენტი მოაწერს ხელსო“.

განცხადება ავის მომასწავებელი იყო, მუქარას უფრო ჰგავდა, ვიდრე მოლაპარაკებას. რუსეთთან კავშირების გაწყვეტით, უკრაინა არა მარტო დიდ შემოსავალს კარგავდა, არამედ დიდ უმუშევრობასაც გამოიწვევდა. უკრაინამ საკომპენსაციოდ 175 მილიარდი ევრო მოითხოვა, რაც ევროკავშირისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

რუსეთმა არაერთხელ მიანიშნა, როგორც ევროკავშირს, ისე უკრაინას, რუსეთ-უკრაინის ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის პრობლემატურობაზე, მაგრამ ამაოდ – ევროკავშირმა უკუაგდო მოსკოვის თხოვნა მოსკოვ-ბრიუსელ-კიევის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. აშშ-ი, რომელიც კულისებიდან უმზერდა მოსკოვ-ბრიუსელ-კიევის პოლემიკას, უმალ გადაწყვიტა იანუკოვიჩის წინააღმდეგ ასაგორებელი ტალღის მომწიფება, ლოზუნგიც მოიძებნა – იანუკოვიჩი ხალხის მტერი, უკრაინის გაევროპელების მოწინააღმდეგე და ა.შ.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამზადებული ბუნტი ერთი წლით ადრე განხორციელდა. ვითარების დამძიმებისთვის მომიტინგეებიც დაიხოცნენ და მილიციელებიც. ორივენი, დაქირავებული სნაიპერების მიზანში მოექცნენ. დამქირავებლები კი ისინი იყვნენ, ვინც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან.

მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევისა და დახოცვის სცენარი არაერთხელ იქნა გამოყენებული ტუნისში, ლიბიაში, ეგვიპტეში და რახან იქ ამ მზაკვრულმა გეგმამ გაამართლა, უკრაინაშიც გამოიცადა. კიევის ‘მაიდნის“ ამბოხს წინ უძღვოდა გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კიევში და იანუკოვიჩ-ოპოზიციასთან მოლაპარაკება; უკრაინის პრეზიდენტის დაყოლიება ყველა იმ მოთხოვნაზე, რასაც ოპოზიცია აყენებდა, მათ შორის იყო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, ნაცვლათ 2015 წლისა, 2014 წელს.

კიევში მიღწეული შეთანხმება არ მიიღო კულისებში მყოფმა აშშ-ა და მოუწოდა ამბოხებულებს სწრაფი მოქმედებისკენ. რადიკალებმა დაიკავეს სამთავრობო შენობები. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ძლივს გაასწრო შეიარაღებულების რისხვას.

კიევის „მაიდანს“ წინ უძღვოდა სხვა ქალაქებში ე.წ. ამბოხებულთა მიერ ადგილობრივ ხელისუფალთა საჯარო ცემა-ტყეპა, ცივ ზამთარში  გაშიშვლება და ყინულიანი წყლის გადასხმა, კაბინეტების აჭედვა, „ბერკუტელთა“ დაჩოქება და შეურაცხყოფა, მართლმადიდებლური ეკლესიებისა და სინაგოგების რბევა და ა.შ. ყველაფერ ამას უკრაინაში აშშ-ს საელჩო უწევდა კოორდინაციას. იმჟამად უკრაინის ხშირი სტუმრები იყვნენ ამერიკელი სენატორები, დიპლომატები, სამხედრო სპეციალისტები, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი. თავი დაგვამახსოვრეს სენატორმა მაკკეინმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ნულანდმა, ელჩმა პაეტმა, სხვებმა.

იანუკოვიჩი იძულებული შეიქმნა კიევი და უკრაინა დაეტოვებინა. უკრაინაში ახალი ხელისუფლება მოვიდა – ამერიკაში ნავარჯიშები და ამერიკულად მოაზროვნე ადამიანებისგან შემდგარი, რაც მთავარია უაღრესად ანტირუსულად განწყობილი -„უკრაინა-უკრაინელებისთვის! სახელმწიფო ენა უკრაინული! ტელეგადაცემები უკრაინულ ენაზე!“ და ა.შ.

უკრაინის დედაქალაქი და სხვა ქალაქები სვასტიკიანთა მარშებით დაიფარა. ყველა ისინი, ვინც ახალი ხელისუფლების ფაშისტურ გამოხდომებს ეწინააღმდეგებოდნენ, ციხეში აღმოჩნდნენ, როგორც მოღალატეები.

ცენტრის მიერ შექმნილმა ძალისმიერმა, სადამსჯელო პოლიტიკამ თავისთავად შვა წინააღმდეგობა რუსებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. ხალხმა საკუთარი ოჯახის, ენისა და სარწმუნოების დასაცავად ხმა ამოიღო, რასაც უმალ მოჰყვა კიევის სადამსჯელო რაზმების აღმოსავლეთში გადასროლა. დაიწყო შეხლა-შემოხლა შეიარაღებულებსა და უიარაღო მოსახლეობას შორის. მოსახლეობამ იძალა და ჯოხებ-კეტებიდან თოფებსა და მოგვიანებით მძიმე შეიარაღებაზე გადასულმა, კიევის მიერ გაგზავნილი ჯარი ალყაში მოაქცია და ტყვედაც აიყვანა.

საბრძოლო მოქმედებასთან ერთად დონეცკმა და ლუგანსკმა პოლიტიკურსაც მიხედა, გამართა რა საყოველთაო არჩევნები. ასე და ამრიგად გაჩნდა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, თავიანთი პარლამენტებითა და მთავრობებით.

გაცილებით ადრე რეფერენდუმი ჩატარდა ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომლის მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ, 97% თავი, დამოუკიდებლად გამოაცხადა, ხოლო შემდეგ რუსეთთან შეერთება მოითხოვა.

მსგავსს ექნებოდა ადგილი ქ.ოდესაში, რომ არა მშვიდობიანი მოსახლეობის პროფკავშირების სასახლეში შეყრა და ცოცხლად გამოწვა. ეს საშინელი აქტი, ისევე, როგორც დანარჩენი, უკრაინის ახალი ხელისუფლების ინიციატივით განხორციელდა.

სულ ახლახანს, გერმანელმა ჟურნალისტმა, ამ ვანდალური აქტის მოწმემ, თავის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი წარუდგინა გერმანელ მაყურებელს. გერმანელები გაოცებული უყურებდნენ საზარელ კინოკადრებს. ფილმის ნახვის შემდეგ კი ამბობდნენ – ჩვენ გვითხრეს, რომ ოდესაში ფეხბურთის ფანები შეასკდნენ ერთმანეთს და მეტი არაფერიო.

დასავლურმა „მედია-თავისუფლებამ“ ყველაფერი იღონა სინამდვილის დასამალად. დასავლეთმა ჯერაც არ იცის, რა ხდებოდა და ხდება უკრაინაში. მას წარმოდგენაც არ აქვს, რომ უკრაინა ნეოფაშიზმმა დაიპყრო. დასავლეთმა არ იცის, რომ უკრაინის სადამსჯელო არმია მიწასთან ასწორებს დონეცკსა და ლუგანსკს. მიზანი მისი მარტივია – რუსი მოსახლეობის გენოციდი. რუსი მოსახლეობის განდევნა მშობლიური მიწა-წყლიდან. მილიონამდე რუსული წარმოშობის ადამიანმა მიაშურა რუსეთს, დანარჩენი უკრაინის სადამსჯელო არმიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ჩაერთო. ჩაერთო და მეორე გამარჯვება მოიპოვა – მოაქცია რა ალყაში 7000-იანი უკრაინელი დამსჯელი.

„მაიდნის“ წლისთავზე კიევის ხელისუფლებამ, მისმა დამხმარე ამერიკა-ევროპამ შედეგად მიიღეს ტყვედ ჩავარდნილი უკრაინული ჯარი, დემორალიზებული მეომრები, დანგრეული, მიწასთან გასწორებული სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქები და სოფლები, გაჩანაგებული ეკონომიკა, გაუფასურებული გრივნა, წყალშეყენებული პრეზიდენტი და ხელისუფლება.

რომ არა რუსეთის კეთილი ნება, უკრაინის მოსახლეობას ცივ ზამთარში, გაყინვა არ ასცდებოდა.

დაცემული უკრაინის გადასარჩენად მოეწყო მინსკის „ოთხეულის“ შეხვედრა, მაგრამ შექმნილი ვითარება გვიკარნახებს, რომ ამერიკელი მრჩეველები არ მოისვენებენ და საქმეს ისე წაიყვანენ, რომ კიდევ ერთ სამხედრო ოპერაციას ჰქონდეს ადგილი.

სულ ახლახანს, „თეთრმა სახლმა“ განაცხადა, რომ უკმაყოფილოა უკრაინაში მიმდინარე პროცესებით; რომ ირღვევა მინსკის შეთანხმება და დამნაშავე ამაში მოსკოვია; რომ მოსკოვი დაისჯება ახალი სანქციებით და უკრაინა მიიღებს შეპირებულ შეტევითი სახის ამერიკულ იარაღს.

ვაშინგტონის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინის სამხედრო მოქმედების „თეატრი“ ხანგრძლივი იქნება და არა ხანმოკლე, რაც თავისთავად ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ ომს. აშშ-ი მზადაა იომოს რუსეთთან უკრაინის ბოლო ჯარისკაცამდე, ცხადია, უკრაინის და არა ამერიკის.

უკრაინა, აშშ-ს ანტირუსული მოქმედების პოლიგონია. აშშ-ს სულაც არ ანაღვლებს დაღუპულ უკრაინელთა რაოდენობა, არც დანგრეული სოფელ-ქალაქები. ადარდებს ერთი – შეშინებულმა პოროშენკომ არ შეწყვიტოს ომი და ეს რომ არ მოხდეს, მზადაა ახალი იარაღი მისცეს მას.

არც უკრინის ფაშისტურ ხელისუფლებას ადარდებს უკრაინის მძიმე მდგომარეობა. მან თითქმის ყველაფერი გააკეთა სტრატეგიული პარტნიორის საამებლად. მომავალში უფრო მეტის გაკეთებას შეეცდება, თუ ვითარება შეუწყობს ხელს. კიევის ხელისუფლებას არც დახოცილი უკრაინელი მეომრები ადარდებს და არც დონეცკელ-ლუგანსკელი მშვიდობიანი მოსახლეობა. რომ ადარდებდეს, „მაიდანის“ წლისთავის გახსენებას არ მოაწყობდა.

მაინც რამხელა ცინიზმია ჩაქსოვილი პოროშენკოს მიერ უკრაინის ჯარის მეთაურებისთვის ორდენების გადაცემაში. რაში?  დამარცხებაში? იმაში, რომ ჯარისკაცები მიატოვეს და ფრონტის ველიდან გაიქცნენ?

როგორც ჩანს, კიევის ხელისუფლებისთვის მთავარი ის იყო, რომ „მაიდნის“ მოვლენებში მონაწილე რეაქციული ახალგაზრდობა აღმოსავლეთის ომში „დასაქმებულიყო“ და კიევის ხელისუფალთათვის ხელი არ შეეშალა. „დასაქმდნენ“, უმეტესობა მათგანი სამარადისოდ, იმ ქვეყნად.

კიევის ხელისუფალთა მეორე მიზანი – აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის გენოციდი იყო. ამაშიც გაუმართლდათ. მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი დაიხოცა, ნაწილი რუსეთში გაიხიზნა. ასე, რომ პოროშენკო „გამარჯვებულია“ და სრული უფლება აქვს „მაიდნის“ წლისთავიც აღნიშნოს, საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციებიც მიიღოს – მერე რა ქვეყნების, მაშინაც და დღესაც რომ უკიჟინებენ – „მიდი, მიდი, რუსეთს ეკვეთეო“.

კიევის ზეიმში საქართველოს მოქალაქეებიც, თუმცა უკვე უკრაინის, იღებდნენ მონაწილეობას. ისინი ხომ აშშ-ა გაამწესა უკრაინაში სამუშაოდ. მიზანი – დროებით თავშესაფარში გამოზამთრება, დისკვალიფიკაციის თავიდან აცილება და საქართველოს სამომავლო ბრძოლებისთვის მომზადებაა – პოლიტიკური თუ ნამდვილი, თვითონ განსაზღვრეთ.

განვლილმა ერთმა წელმა კარდინალურად შეცვალა მსოფლიო. გამოკვეთა დასავლეთის ნამდვილი სახე, განსაკუთრებით აშშ-ს. ერთმანეთს დაუპირისპირა დასავლეთი და რუსეთი. მთელს მსოფლიოში შექმნა აგრესიული რუსეთის სახე, სხვისი მიწების მიმტაცებლის.

არადა, არავითარ „მიტაცებას“ ადგილი არ ექნებოდა, რომ კიევის ახალ ხელისუფლებას არ აერჩია საკუთარ ხალხთან ომი; არ გაეტარებინა მილიტარისტული, სადამსჯელო პოლიტიკა. ვერავითარ სიზმარში (რაც არ უნდა ტკბილი ყოფილიყო ის) პუტინი ვერ ინატრებდა ყირიმის შეერთებას, თვით უკრაინის ხელისუფალთა პრიმიტიულ პოლიტიკას რომ არ შეეწყო ხელი.

წყლის ორი წვეთივით წააგავს უკრაინა-საქართველოს ხელისუფალთა ქმედება და აქედან გამომდინარე ქვეყნის ბედიც.

ევროპა, რომელიც დასაწყისში მოჭარბებული მტრობით იხილავდა უკრაინის თემას და თავიდან-ბოლომდე რუსეთს ადანაშაულებდა, ნელ-ნელა ცვლის პოზიციას. საფრანგეთის ორმა ყოფილმა პრეზიდენტმა სარკოზიმ და ჟისკარ დესტენმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის მიერთება სულაც არ არის ანექსია. სარკოზის აზრით, ყირიმში მცხოვრები მოსახლეობის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს მსოფლიომ. მან ასეთი კითხვაც დასვა – თუ კოსოვოს დამოუკიდებლობა შეიძლება, რატომ არ შეიძლება ყირიმის რუსეთთან მიერთება?

ჟისკარ დესტენმა კი თქვა, რომ ყირიმი ეკატერინე მეორემ გამოგლიჯა თურქეთს ხელიდან, მაშინ უკრაინა, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა. ორივე მათგანმა განაცხადეს, რომ უკრაინა არ შეიძლება იყოს არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი. ის უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო ევროპა-რუსეთს შორის.

სარკოზი-ჟისკარ დესტენის ობიექტური მოსაზრება მკვეთრად განსხვავდება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის მოსაზრებისგან, რომლის მიზანი მარტო უკრაინა-რუსეთს დატაკება როდია, არამედ ევროპა-რუსეთის, რაც ნაწილობრივ მოახერხა კიდევაც.

სარკოზი-ჟისკარ დესტენის ნათქვამი უკრაინასთან მიმართებაში მარტო უკრაინას ეხება და ჩვენ არა? საქართველოს გუშინდელ და დღევანდელ ხელისუფალთა, აგრეთვე მათ ირგვლივ შემოკრებილთა მისამართით უნდა ითქვას, რომ უკრაინასთან ერთად ჩვენც გვეხება. საქართველო, ვერც ნატოს ეღირსება და ვერც ვეროკავშირს. რასაც ეღირსება – ნატოს ე.წ. სამხედრო-სასწავლო ცენტრია, რომელიც ძვირად დაუჯდება ქვეყანას.

„ეს ცენტრი, არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული“, – აცხადებენ ე.წ. ქართველი პოლიტიკოსები. მსოფლიოში ჯერ არ შექმნილა არც ერთი სამხედრო-სასწავლო ბაზა, მტრედების მოშენებით რომ იყოს დაკავებული. მაინც რამდენად ბრიყვად თვლის დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ ხალხს ან მეზობელ რუსეთს, რომ ესოდენ დაუფიქრებელი, მჩატე განცხადება გააკეთოს. საქართველოს ხელისუფლებამ იცის რა დანიშნულების იქნება ე.წ. ნატოს სასწავლო ცენტრი? ეტყვის მას ვინმე, ამის თაობაზე? ისეთი საიდუმლოებით მოსილი ხომ არ იქნება მომავალი ცენტრი, როგორც ლუგარის ბიოლოგიური ცენტრი, დღესაც რომ არვინ იცის მისი რეალური დანიშნულება?

რუსეთის წინააღმდეგ საწვრთნელ პოლიგონად ქცეულმა უკრაინამ, ერთი წლის განმავლობაში მომაკვდინებელი დამარცხება იგემა. ეკონომიკაც გაჩანაგდა და სოციალური ყოფაც. მეორე „მაიდანი“, ნარინჯისფერისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საშინელი გამოდგა, მიუხედავად ამ ქვეყნის დიდი ტერიტორიის და მოსახლეობის სიდიდისა. იქნება თუ არა ეს საბედისწერო გამოცდა ბოლო, უკრაინისთვის? ხელისუფალთა მოქმედებიდან გამომდინარე, ალბათ არა.

უკრაინის მოვლენები ჩვენთვის სამაგალითოდ უნდა იქცეს. მაგრამ როდესაც ჩვენი წარსული გაკვეთილები სამაგალითოდ არ გვექცა, სხვისი გახდება სამაგალითო?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.