26.12.2024

დაილოცოს ქართული სუფრა!

ქართული მედიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანა სისხლსავსე პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობს. დღე ისე არ ჩაივლის, ელექტრონულმა საინფორმაციო საშუალებებმა საქართველოში გამართული საერთაშორისო კონფერენციებისა და სტუმრად მყოფი უცხოეთის მაღალ-დაბალი რანგის დელეგაციების შესახებ არ მოგვითხროს. მათ მიერ გამოთქმული „ბრძნული“ აზრები ცალკე ტომებად უნდა აიკინძოს და შთამომავლობას შემოენახოს.

აზრები კი უდავოდ „საინტერესო“ და „საყურადღებოა“, თუკი ჩაწვდები შინაარსს, რაც არცთუ იოლია. მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შტაინმაიერის ნათქვამი საქართველოსთვის „მაპის“ მინიჭებასთან დაკავშირებით, მართლაცდა, „შთამბეჭდავი“ იყო თავისი შინაარსით და რაც მთავარია გაუგებრობით

უცხოელ დიპლომატთა მთავარი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ილაპარაკონ, ერთობ ჩახლართულად, გაუგებრად, მაგრამ ილაპარაკონ. ასეთ ნალაპარაკებს სხვა თარჯიმანი სჭირდება, მეტადრე ფსიქიატრიული, ვიდრე ჩვეულებრივი. ბატონი მინისტრის მოსაზრება „მაპთან“ დაკავშირებით ერთობ ორიგინალურია და შორს არის საქართველოს პოლიტიკოსთა სურვილისგან. კარგი ბიჭები ვართ, ავღანეთშიაც ვიბრძვით, ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოწერისთვისაც მზად ვართ, ნატოსთან ჩახუტებისთვისაც და ევროკავშირში შესვლისთვისაც, მაგრამ …

გვიყვარს ევროატლანტიკური სივრცე, განსაკუთრებით ვაშინგტონი და უყოყმანოდ ვასრულებთ და შევასრულებთ მათ დავალებას. გვიყვარს უკრაინაც, მიუხედავად ამ ქვეყნის ხელისუფალთა ყავისფერისადმი თავდავიწყებული სიყვარულისა. გვიყვარს, ვინაიდან ასე უნდა ვაშინგტონს. არ მოგვწონს რუსეთის პოლიტიკა, ვინაიდან იქ არ მოსწონთ – იქ ვაშინგტონში. და არმოწონება ხშირად სიძულვილში გადაგვდის.

ჩვენც ისე, როგორც უკრაინის არალეგიტიმური ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი ამერიკელი პოლიტიკოსობა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინას ტერორისტულ ბუდედ მოვიხსენიებთ და იქ მცხოვრებ რუსულ მოსახლეობას სეპარატისტებად და ტერორისტებად.

ჩვენც, ისე, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ჟენევის ხელშეკრულების უპირველეს დამრღვევად რუსეთს ვასახელებთ და არავითარ შემთხვევაში უკრაინას. არადა ჟენევის მოლაპარაკება იარაღის დაყრის და უკანონოდ დაკავებული მოედნებისა და ადმინისტრაციული შენობების გათავისუფლების თვალსაზრისით ყველას ეხება – კიევსაც, დონეცკსაც და აღმოსავლეთ უკრაინის სხვა ქალაქებსაც.

„კიევს არ ეხებაო“, – ბრძანა ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილე ქალბატონმა ნულანდმა, ვინაიდან კიევის „მაიდანი“ და „მარჯვენა სექტორის“ მიერ დაკავებული შენობები უკრაინის ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული და კანონიერიაო. მაგრამ ჟენევის ხელშეკრულების ხელმომწერი რუსეთი, რომ სხვაგვარად ფიქრობს, ანუ ისე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი? რუსეთის აზრით, ჟენევის ხელშეკრულება ყველას ეხება.

ამერიკელთა აზრით, რუსეთმა რაც უნდა ის იფიქროს, მთავარია თვით როგორ ფიქრობს. თვით კი ფიქრობს, ხმამაღლა აცხადებს და მოითხოვს კიევის „მაიდნის“ გარდა ყველა „მაიდნის“ „ტერორისტებისგან“ განთავისუფლებას. კიევის „მაიდანი“ რომ იანუკოვიჩის დროს აღმოცენდა, ანუ ლეგიტიმური ხელისუფლების მოსაზრების საწინააღმდეგოდ? თუ მას (კიევის „მაიდანს“) „ტერორიზმის“ სახელი არ ჰქვია, რატომ ჰქვია მსგავსი, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქების „მაიდნებს“ – ისინიც ხომ ხელისუფალთა წინააღმდეგ გამოდიან, ისე, როგორც თავის დროზე კიევის „მაიდანი“ იანუკოვიჩის წინააღმდეგ?

საინტერესო ლოგიკა აქვს ვაშინგტონს. კიევის „მაიდანი“ და „მარჯვენა სექტორი“ ისე, როგორც უკრაინის დღევანდელი უკანონო ხელისუფლება, კანონიერია, ვინაიდან ვაშინგტონის ფულით არის შექმნილი, რის შესახებ ქალბატონმა ნულანდმა სატელევიზიო გამოსვლებშიც დაადასტურა – უკრაინის „გადემოკრატებაში“ ხუთი მილიარდი დოლარი დავხარჯეთო.

„გადემოკრატებული“ უკრაინა რომ ყავისფერი გახდა, ვაშინგტონს ნაკლებად ადარდებს. სწორედ ამ ფერის და ფაშისტური შემართების უკრაინელები იბრძოლებენ რუსეთის წინააღმდეგ. მიზანი – რუსთა ყურადღების უკრაინაზე გადატანა და ქვეყნის აღმშენებლობის შეფერხებაა.

უკრაინით დაკავებული კრემლი ვეღარ იფიქრებს სუპერსახელმწიფოობაზე, ანუ აშშ-ს მეტოქეობაზე. დიდი-დიდი, რაზეც მან შეიძლება იფიქროს – რეგიონული სახელმწიფოება იქნება. რეგიონულს კი ნებისმიერ დროს თითს დაუქნევს მარტო დარჩენილი სუპერსახელმწიფო, ისე, როგორც დღეს. სახელმწიფო მდივნის, ქერის განცხადება ამის დასტურია. თუ რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინის მიმართ ფარულ აგრესიას, სანქციებს დავაწესებთ მის წინააღმდეგო.

ვაშინგტონი, ვითარცა კლასის მკაცრი დამრიგებელი, სჯის ურჩ მოსწავლეს, ამ შემთხვევაში რუსეთს. რა უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა?

აღმოსავლეთ უკრაინაში არც რუსი სამხედრო ინსტრუქტორებია და არც რუსეთიდან გაგზავნილი საბრძოლო იარაღი. ვაშინგტონი აცხადებს – არისო, თუმცა მოსკოვის მოთხოვნაზე – ერთი ცოცხალი ფაქტი გვაჩვენეთო, აბსურდულ პასუხს იძლევა.

რა გამოდის – რუსეთს არავინ უჯერებს და ლანძღავს, თანაც სანქციებს უწესებს ჯერაც არ ჩადენილ „დანაშაულისთვის“.  და როდესაც ადგილი აქვს ცალსახა მიდგომას საკითხისადმი, სრულიად შესაძლებელია მოსკოვმა ჯარი შეიყვანოს აღმოსავლეთ უკრაინაში – მაინც მადანაშაულებენო, ანუ დაჟეჟილს, გატეხილი სჯობს – პრინციპით. არადა ყველაფერი აქეთკენ მიდის.

უკრაინის ხელისუფალთა გადაწყვეტილება – აღმოსავლეთ უკრაინაზე არმიის და ყველა ძალოვანი სტრუქტურის მისევის თაობაზე, ვითომდა ტერორიზმთან და სეპარატიზმთან ბრძოლის საბაბით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საკუთარ ხალხთან ომად იგულისხმება, რაც კანონის ძალით ისჯება. თუმცა ვინ არის ამის გამკეთებელი, როდესაც თვით სუპერსახელმწიფო მოითხოვს ამას?! ფაქტი ჯიუტია – აშშ-ს ცსს შეფის ბრენენისა და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის კიევში ვიზიტების შემდეგ მოხდა უკრაინის შეიარაღებული ძალების, მძიმე ტექნიკის, ავიაციისა და არტილერიის მიმართვა ამბოხებული აღმოსავლეთისკენ.

მაინც რა უნდა აშშ-ს? მუდმივი ცხელი წერტილის შექმნა რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან. ანალოგიური რამ სურდა მას 2008 წლის ცხინვალის ომის დროს. ჩვენდა საბედნიეროდ, რუსის ჯარმა ივაჟკაცა და სამხედრო ოპერაცია უმალ მოამთავრა. ეს, რომ არ მომხდარიყო, ვინ იცის, შესაძლოა დღესაც ომი ყოფილიყო ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია. არც ის იყო გამორიცხული, რომ ომი სრულიად კავკასიას მოსდებოდა. ამერიკა შორსაა, ცხრა მთა-ზღვის გადაღმა და აქ მიმდინარე კონფლიქტი მას ნაკლებად დააზიანებდა. აზიანებს მას ისრაელ-პალესტინელთა პერმანენტული დაპირისპირება?

ჩვენ კი, სამგლე გოჭებივით ატეხილი, რას არ ვკადრულობთ რუსეთის დასაწიხლად და აშშ-ს საამებლად. ვეღარც პოლიტიკურ ფერს ვარჩევთ და ვეღარც ყავისფერთა ფაშისტურ სწრაფვას. ვატარებთ საერთაშორისო კონფერენციებს და  ვმასპინძლობთ უცხოეთის დელეგაციებს, ვისმენთ ინფორმაციებს, უცხოელთა მიერ მოწოდებულს და თავი ისეთივედ მიგვაჩნია, როგორებიც ისინი – ისეთი ცხოვრებით, ისეთი კულტურით, ისეთი სოციალური ყოფით, ისეთი ეკონომიკით. ისე, კაცმა რომ თქვას, ეს უამრავი კონფერენციები და ვიზიტები, როგორც ჩვენში, ისე ჩვენის, უცხოეთში, რაღაცნაირად ხომ უნდა აისახოს ჩვენს ცხოვრებაზე? უნდა, მაგრამ. . .

მიუხედავად აქტიური უცხოური ჟივილ-ხივილისა, ისევ დანგრეული გზები, გაძაღლებული სოციალური ყოფა, უმცირესი პენსიები, გაძვირებული მედიკამენტები, უმუშევრობა, უცხოეთში გადახვეწის სურვილი და ა.შ. ერთის მხრივ კონფერენციები, ვიზიტები და მეორეს მხრივ, აღნიშნული ღონისძიებების სრული უმოქმედობა საქართველოს ყოფაზე.

ასე იყო უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. ასე იქნება მომავალშიც, ვინაიდან არ ჩანს არც პოლიტიკური პარტია და არც გმირი პოლიტიკოსი, რომელიც საჩვენოდ, საქვეყნოდ იფიქრებს. ჯერ-ჯერობით სათავისოდ ფიქრი და გარჯა ჯობნის, საქვეყნოდ ფიქრსა და გარჯას.

სათავისოდ მოფიქრალი, ნიშნისმოგებით გვიმტკიცებს – თქვენთვის ვფიქრობო, თქვენი კეთილდღეობისთვის ღამე არ მძინავსო. თქვენ, რომ გგონიათ ჩვენი კუჭისთვის ვირჯებით, სინამდვილეში თქვენთვის ვმუშაობთო. თქვენ, რომ გგონიათ, სახელმწიფო ფულს ჩვენი მადის დასაკმაყოფილებლად ვიყენებთ, თქვენი აწმყოსა და მომავლისთვის ვიყენებთო.

დაახლოებით ასეთი იყო ფინანსთა მინისტრის, ხადურის „გულწრფელი“ განცხადება უცხოელი სტუმრებისთვის მსუყე ბანკეტების მოწყობასთან დაკავშირებით.

მინისტრის ბანკეტომანიამ რახანია მედიის ყურადღება მიიქცია და არა მარტო ბანკეტების რაოდენობით, არამედ უხვი, ძვირადღირებული მენიუთი. მინისტრის განმარტება „მარტივი“ იყო – უცხოელთა პატივისცემისთვის ვმართავთ ბანკეტებს. სტუმარ-მასპინძლობა მოითხოვს ასეთ შესაწირავსო.

სტუმარ-მასპინძლობა კი მოითხოვს, მაგრამ შემწვარ ციკანს და უძვირფასესი თევზის კერძებს უცხოელები ითხოვენ, თუ თქვენი მასპინძლური კუჭებიო, – იყო მედიის კითხვა. როგორც ჩანს, მინისტრის კმაყოფილმა და ჩამრგვალებულმა თავ-სახემ ვერ დაარწმუნა მედია გულწრფელობაში.

უცხოელთა მასპინძლობაში დახარჯული ფული, განსაკუთრებით ბანკეტებში, რომ მცირედით მაინც ხმარდებოდეს საქმეს, რასაც ქვეყნის კეთილდღეობა ჰქვია, კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ ასე რომ არ არის ყველა ხვდება. იმასაც ხვდება, რომ სხვადასხვა კერძებით „დაძეძგილი“ სუფრა უფრო მასპინძლებზეა გამიზნული, ვიდრე სტუმარ უცხოელებზე. თითო-ოროლა უცხოელზე ხუთჯერ მეტი სახელმწიფო ფულის მჭამელი მასპინძელი მოდის.

ხელისუფლების მსგავსი „მასპინძლობა“ ახალი ხილია, თანაც გემრიელი, მაგრამ ასეთი რამ საბჭოთა პერიოდშიც არსებობდა და დამოუკიდებლობის ჟამსაც. მაშინაც და დღესაც უყვარდათ და უყვართ მასპინძელ ქართველებს „მუქთა კუბოში“ ჩაწოლა, თანაც ისე, ზომა-წონას, რომ ვერ იცავენ. არაერთხელ უკითხავთ ჩვენებური „ზღაპრული სუფრის“ სტუმარ უცხოელებს – რას უშვებით ამდენ კერძს, სუფრის მომთავრების შემდეგო. ერთმა ინდოელმა, რომელიც პრეზიდენტს ახლდა, გაოცებულმა თქვა – ამ საჭმლით მთელი თუ არა ნახევარი დელი ორი დღით გამოიკვებებოდაო.

რესპუბლიკის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში არაერთ სხვადასხვა რანგის უცხოელს შევხვედრივარ და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ მინახავს ისეთი მადის მქონე, როგორიც მათი მასპინძლები. საქართველოს ხელისუფალთა დაჟინებული განცხადებით, ევროკავშირისკენ მივდივართ, მაგრამ ამ მადით და ბიუჯეტის ხარჯვით?

ქართულ სუფრაზე უხვად დაწყობილი სხვადასხვა სახის კერძი, ხელდაუკარებლად რომ გადის სუფრიდან, ახლის შემოსვლისთანავე, სხვაგვარად აღიქმება უცხოელის მიერ. მისთვის მიუღებელია მასპინძლის განმარტება – თვალს ახარებსო.

ევროპისკენ მიმავალთ ვერაფრით შეგვიგნია, რომ დახვავებული სუფრა, შუასაუკუნეების ღრეობის მექანიკური გადმოტანაა, 21-ე საუკუნის ცივილიზაციაში. ვკითხოთ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომლებსაც კვირაში სამი დღე მაინც უწევთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ი ან სხვაგან ყოფნა, მასპინძლები ესოდენ ხელგაშლილობას იჩენენ მათ მიმართ? ვეჭვობ.

ვეჭვობ იმიტომ, რომ მინახავს მათი მასპინძლობა – ერთობ თავშეკავებული, რაციონალური, ყოველგვარი შემწვარი ციკნისა და ირმის გარეშე.

ვერადა ვერ შევეჩვიეთ ქათქათა სუფრას და თითო თავი კერძის მორთმევას. ასეთი მასპინძლობა, მე ვიტყოდი ერთობ დახვეწილი, ასლან აბაშიძემ იცოდა. არ მოსწონდათ „არაქართული“ სუფრა თბილისელებს, რომლებიც სუფრის შემდეგ ამბობდნენ – ამ კაცმა მშიერი დაგვტოვაო.

ალბათ არ ღირდა ამ თემისადმი ესოდენი ყურადღების დათმობა, მაგრამ უბრალო შეხსენებისთვის საჭიროა, ვინაიდან სუფრიდან დაწყებული, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით დამთავრებული, სამსახურისადმი დამოკიდებულებით, რაციონალურობით, შრომის ორგანიზებით, კანონისადმი პატივისცემით და ბევრი, ბევრი რამით ჩვენ სხვა პოლუსზე ვართ, ისეთზე, რომელსაც ევროპა არ ჰქვია და კარგა ხანს არც ერქმევა, მიუხედავად იმისა, გავხდებით თუ არა ევროკავშირის ასოცირებული წევრები.

ჩვენ, ჩვენი გვაქვს, რაც უნდა დავხვეწოთ, გადავაკეთოთ, გავათანამედროვოდ და ისე ავაწყოთ, სხვას დარჩეს ჩვენზე თვალი. სხვისის ბრმად გადმოღება, გაუაზრებლად მითვისება, ნეგატიური შედეგის მომტანია. ნუთუ დასავლეთთან ურთიერთობის 23-წლიანი გამოცდილება საკმარისი არ არის იმის დასადგენად, რას მოგვცემს სხვისი ცხოვრების ბრმად გადმოღება?

გასული საუკუნის 20-იან წლებში მენშევიკების მთავრობის სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე წერდა: „გაბატონებული ერი ცდილობს გაანადგუროს დაპყრობილი ხალხი, მაგრამ არა უშუალო ფიზიკური მოსპობით, არამედ ეროვნულად სპობს, აგვარებს და არჯულებს მას. ბატონი ერი ცდილობს, ყმა ერის ჯიშის მოსპობას, მის შეხორცებას და თავის წიაღში გათქვეფას. ერთი სიტყვით  მძლეველი ლამობს, რომ ძლეული გამოიყენოს თავისთვის, როგორც გამაპოხიერებული სასუქი მასალა და ამ საქმეს აწარმოებს ერი კოლონიზატორი უმთავრესად პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ძალდატანებით“.

ის, რომ გადაგვარების მცდელობას აქვს ადგილი, არახალია. „სტრატეგიული პარტნიორი“ ქვეყნის სტუმარი შენს საკუთარ ქვეყანაშიც მასპინძელია. ის უზის სუფრას თავში და გმოძღვრავს როგორც აქ, შენს ქვეყანაში, ისე შორეულ ამერიკაში. კიევში ჩასული აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, მაგიდის თავში მჯდომი, ბავშვებივით ჭკუას არიგებდა გონებით დავრდომილ უკრაინელ მასპინძლებს. თუმცა უკრაინელების რა გვიკვირს, ჩვენც იგივე დღეში არ ვართ?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.