26.12.2024

დაბომბვა, რომელმაც შეიძლება მსოფლიო კატასტროფამდე მიიყვანოს

აშშ-ს მიერ სირიის სამხედრო აეროდრომის დაბომბვამ ძველი ანეკდოტი გამახსენა – „სეროჟა ცოლს ცემს. გაოგნებული ცოლი ეკითხება – სეროჟ, რაზე მცემ, „პრიჩინა“ რა არის? სეროჟა პასუხობს – „პრიჩინა“ რომ იყოს, დედას მოგი…ვდიო“.

აშშ-ი და სირია უდავოდ არ არიან პოლიტიკური ცოლ-ქმარი. ვინც არის – რუსეთია ანუ რუსეთ-სირია და კიდევ ირან-სირია. უფრო სწორად, რუსეთ-ირან-სირია. ამ ტრიოს ერთი აკლია გაკვარტეტებისთვის, ასეთს ხომ აშშ-ს დაბომბვამდე ჰქონდა ადგილი.

დაბომბვისთანავე თურქეთმა უმალ გააკეთა ანტიასადური განცხადება, ერთობ მკაცრი, ისეთი, როგორსაც ის აკეთებდა რუსეთ-ირან-თურქეთის სამთა კავშირამდე, რომელიც სირიის ხელისუფლება-ოპოზიციის მოსალაპარაკებელ მაგიდასთან დასასმელად შეიქმნა.

სამთა მცდელობას უქმად არ ჩაუვლია. ასადის ხელისუფლებისა და მისი ოპოზიციის არაერთი შეხვედრა გაიმართა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში და ჟენევაში. გაგრძელდება თუ არა ეს მოლაპარაკება ზემონახსენები სამეულის ეგიდით, ძნელი სათქმელია.

სირიის აეროდრომის დაბომბვა უდავოდ შეიტანს თავის კორექტივებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. უპირველეს ყოვლისა გამოსარკვევია, რამდენად გადახარშავენ რუსეთი და ირანი მესამე პარტნიორის თურქეთის არაკორექტულ ნაბიჯს – ასადის ხელისუფლების დაგმობას, ვითომდა ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის.

დღეს, მთელი მსოფლიო გაჰყვირის, რომ ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღით დაბომბა იდლიბის პროვინციის ქალაქი ხან-შეიხუნი, რასაც მოჰყვა 75 მშვიდობიანი სირიელის, მათ შორის ბავშვების მსხვერპლი. დასავლური მედიასაშუალებები შეუჩერებლად ატრიალებენ დაზარალებული ქალაქის შემზარავ კადრებს, დახოცილ ბავშვებს, აქვითინებულ მშობლებს – შესაბამისი კომენტარებით და ბაშარ ასადის – ჯალათის, პირსისხლიანი დიქტატორის ლანძღვით. ასადთან ერთად აგინებენ რუსეთს, მის პრეზიდენტ პუტინს, ბაშარ ასადის მხარდაჭერისთვის. აქებენ და მხარს უჭერენ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სირიის სამხედრო აეროდრომის დაბომბვისთვის.

„დღეს, მე გავეცი ბრძანება სირიის იმ ავიაბაზის დასაბომბად, საიდანაც განხორციელდა ქიმიური შეტევა“, – განაცხადა ტრამპმა გასულ ხუთშაბათს ფლორიდაში, სადაც ის მასპინძლობდა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს.

„ეს არაშორსმჭვრეტელი გადაწყვეტილებაა, რომლის შედეგი იქნება მშვიდობიან მოსახლეობაში ახალი მსხვერპლი, ახალი ლტოლვილები, „ალ-ქაიდას“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების გაძლიერება და შესაძლოა ბირთვული ომი აშშ-სა და რუსეთს შორის“, – განაცხადა კონგრესმენმა ტულსი გაბარდმა – დემოკრატიული პარტიიდან.

აი,  რა თქვა „დამნაშავე“ ხელისუფლების საგარეო საქმეთ მინისტრმა ვალიდ მუალემმა: „სირიის სამთავრობო ძალებს არასდროს გამოუყენებიათ და არც მომავალში აპირებენ ქიმიური იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის ან ტერორისტების წინააღმდეგ“.

რუსეთის, ირანის და ზოგიერთი სახელმწიფოს, ზოგიერთი პოლიტიკოსის ან ექსპერტის გარდა, სირიის ხელისუფლების განცხადების არ სჯერათ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაშლილმა ფართომასშტაბიანმა ანტისაბჭოურმა, ანტირუსულმა პროპაგანდამ თავისი ბინძური საქმე გააკეთა და რაც არ უნდა ილაპარაკოს რუსეთმა, მისი ნათქვამიც ტყუილად აღიქმება. რუსეთი კი აცხადებს, რომ სირიის ავიაციას ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია. ვიდეოკადრები, რომლებიც დასავლურ ელექტრონულ მედიაში არის გამოყენებული, მეტწილად ბინძური მონტაჟია, ვინაიდან ქიმიური შეტევის შემდეგ მაშველთა სპეცტანსაცმლის გარეშე მუშაობა შეუძლებელია.

პარასკევს, გამთენიეს, 4 საათზე, აშშ-ს სამხედრო გემმა „არლი ბიორკმა“, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში იმყოფებოდა, გაისროლა ათობით ფრთოსანი რაკეტა სირიის სამთავრობო ძალების აეროდრომის „შაირათის“ მიმართულებით, საიდანაც, პენტაგონის ვერსიით, განხორციელდა შეტევა იდლიბის პროვინციაზე.

ამერიკელთა შეტევა გრძელდებოდა 2-4 წუთის განმავლობაში. სულ გაშვებულ იქნა 59 რაკეტა, რომელთაგან მხოლოდ ნახევარმა მიაღწია მიზანს, თუმცა გამოიწვია 6 სირიული გამანადგურებელი თვითმფრინავის მოსპობა, ნაწილობრივი ნგრევა, 7 სამხედრო მოსამსახურისა და 2 მშვიდობიანი სირიელის სიკვდილი.

„ფოქს ნიუსის“ მიხედვით, ტრამპი არ დალაპარაკებია პუტინს, მაგრამ NBC-ის თქმით, ამერიკის მხარემ გააფრთხილა რუსეთი, რომ სირიაში არსებული რუსული სამხედრო ბაზები მიზანში არ იქნებოდა ამოღებული.

თავის გამოსვლაში ტრამპმა განმარტა, რომ დარტყმა განხორციელდა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მან მოუწოდა მსოფლიოს ცივილიზებულ ხალხებს მხარი დაუჭირონ აშშ-ს, რომლის მიზანია სირიაში მიმდინარე სისხლისღვრის შეჩერება.

პრეზიდენტ ტრამპს უმალ გამოეხმაურენ გერმანიის კანცლერი მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი მეი, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ, სხვები და სხვები, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებაც, საგარეო უწყების განცხადების სახით. ყველა მათგანმა დაგმო ასადის ხელისუფლება მშვიდობიანი ქალაქის ქიმიური იარაღით დაბომბვისთვის და მხარი დაუჭირა ტრამპის გადაწყვეტილებას საპასუხო დაბომბვასთან დაკავშირებით.

ტრამპის მხარდამჭერთა რაოდენობა გაცილებით აჭარბებს იმათ რაოდენობას, ვინც დაგმო ტრამპის გადაწყვეტილება, მათ შორის არიან რუსეთი, ირანი, … ჩინეთი, რომელმაც, როგორც ყოველთვის, განსხვავებული პოზიცია დაიკავა – ასეთი განცხადებით – მწვავე საკითხები პლიტიკური მოლაპარაკების გზით უნდა წყდებოდეს და არა ძალით.

როგორ შეხვდა აშშ-ს პოლიტიკური ელიტა ტრამპის გადაწყვეტილებას?

ცხადია, დადებითად, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთთა განცხადებას. მაგალითად ისეთის, როგორიც სენატორი რენდ პოლია: „ტრამპმა თავდასხმის საკითხი არ შეათანხმა კონგრესთან, რითაც დაარღვია აშშ-ს კონსტიტუცია“.

პოლი იშვიათი გამონაკლისია იმათ შორის, ვინც ხოტბას ასხამს ტრამპს ამ გადაწყვეტილებისთვის. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ტილერსონის თქმით, ამერიკული სარაკეტო დარტყმა არის იმის დემონსტრაცია, როდესაც ქვეყნები გადადიან წითელ ხაზებს. მან ისიც თქვა, რომ რუსეთმა ვერ უზრუნველყო თავისი პასუხისმგებლობის შესრულება სირიაში.

რაც შეეხება სენატორ მაკკეინს, მან შეაქო ტრამპი და თქვა, რომ რუსეთი არ წავა აშშ-ნ კონფრონტაციაზე და თუ წავა, წააგებს, აშშ-ს სამხედრო უპირატესობიდან გამომდინარე.

ტრამპის გადაწყვეტილებამ გააუმჯობესა მისი რეიტინგი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტთან შედარებით ყველაზე დაბალია – 34%-დან 43%-მდე გაიზარდა ტრამპის რეიტინგი. გარდა ამისა, რესპუბლიკელები და დემოკრატები შეკრიბა პრეზიდენტის ირგვლივ. ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტის მიხედვით, ტრამპის სახიფათო ნაბიჯმა მას ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით პოლიტიკურ ელიტაში წარმატება მოუტანა, მაგრამ  რამდენ ხანს გასტანს ეიფორია, არვინ იცის.

ისინი იმასაც ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო გამოწვეული, სირია საჯილდაო ქვა იყო. არის რაღაც ამ განცხადებაში საყურადღებო. მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკოსები საშინაო პრობლემების მოუგვარებლობას საგარეო საკითხებით აგვარებენ, ხშირ შემთხვევაში აგრესიით, ომით და ა.შ.

ტრამპის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჟანდარმს მიჩვეული მსოფლიო იოლად ვერ დაძლევს მონურ ფსიქოლოგიას, ისეთს, როგორიც აქვთ აშშ-ს მოკავშირეებს. მათ წამითაც არ უფიქრიათ გადაწყვეტილების ლეგიტიმურობაზე და უმალ მხარი დაუჭირეს ჟანდარმს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მათ გარკვეული სიმპათიები აქვთ პუტინის მიმართ – ყოველ შემთხვევაში ამას გამოხატავდნენ ისინი რუსეთში ოფიციალური ვიზიტების დროს. ამ თვალსაზრისით გამოვყოფდი თურქეთს, რომლის პრეზიდენტმა დაგმო სირიის „ბარბაროსული“ აქტი და მოუწოდა რუსეთს თავი დაანებოს ბაშარ ასადის მხარდაჭერას, მხარში ამოუდგეს აშშ-ს ტერორიზმთან ბრძოლაში. რას ნიშნავს ეს?

უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური აზროვნების სწრაფ ცვალებადობას,. სულ ახლახანს, რუსეთთან და ირანთან ერთად თურქეთი არეგულირებდა სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებას. თურქეთს, ცხადია თავისი მიზნები აქვს სირიასთან მიმართებაში. ის ყოველთვის ანტიასადურ პოზიციაზე იყო, მაგრამ პუტინის აქტიური შეგონების შედეგად შეცვალა პოზიცია, როგორც ჩანს ცოტა ხნით და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის დროს, უმალ გაყიდა მოსკოვი.

თურქეთის ქმედებამ ეჭვის ქვეშ დააყენა რუსეთ-ირან-თურქეთის ერთობლიობა სირიის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. მაგრამ ყველაზე უფრო შემაშფოთებელია აშშ-ს პრეზიდენტის ფერიცვალება. სირიის დაბომბვის შედეგად მსოფლიომ მეორე ტრამპი მიიღო – პირველისგან ძალიან განსხვავებული.

პირველი ტრამპი არჩევნებამდე იყო – იმ პოლიტიკური მოსაზრებებით, განცხადებებით აღსავსე, რომელმაც დიდი სიმპათია გამოიწვია რიგით ამერიკელში, მსოფლიოში. ტრამპი, რომელიც აცხადებდა, რომ აშშ-ი არ უნდა ერეოდეს სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, არ უნდა ცდილობდეს ძალისმიერი გზით საკუთარი გავლენის გაფართოებას, მეტოქე რუსეთთან მოლაპარაკების გზით მოაგვაროს საკითხები და სხვა. სწორედ ამიტომაც ამერიკის მოსახლეობის 44%-მა გალანძღა ტრამპი და მას მატყუარა უწოდა დაპირებების შეუსრულებლობის გამო. ამას იტყობინება საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვა.

მეორე ტრამპი ანუ პრეზიდენტი, სულ სხვა ადამიანია, ისეთივე, როგორიც მანამდელი პრეზიდენტები – ძალისმიერი გზით საკუთარი მოსაზრების სხვისთვის თავის მომხვევნი, გაეროს უშიშროების საბჭოს ფეხებზე დამკიდებლები, კონგრესის არაფრად ჩამგდებნი – დიქტატორული ხასიათის გამომვლინებლები. ტრამპის გადაწყვეტილება სირიის დაბომბვასთან დაკავშირებით „ნამდვილ“ პრეზიდენტად ნათლობა იყო. ასეთი პრეზიდენტი აწყობს აშშ-ს პოლიტიკურ წრეებს და არა რუსეთთან მოკურკურე, პუტინისადმი სიმპათიის მქონე.

ამერიკამ მიიღო ის პრეზიდენტი, რომელიც მას აწყობს და რომელიც არაფრად აგდებს სიმართლეს. მისი ტყუილი სიმართლეა და ამ „სიმართლით“ უნდა იაროს მსოფლიომ. სირიის მთავრობა „დამნაშავეა“. არადა, სირიის ქიმიური იარაღი 2013 წელს გაანადგურეს რუსეთ-ამერიკის ძალისხმევით. ამ ღონისძიებას გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაცია ახორციელებდა, რომელიც ნობელის პრემიითაც დააჯილდოვეს. გარდა ამისა ამ ორგანიზაციამ შეამოწმა სირიის ტერიტორია და განაცხადა, რომ იქ ქიმიური იარაღი არ არის.

მაშ, რა ქიმიური იარაღი გამოიყენა სირიის ავიაციამ?

არც არაფერი, მაგრამ – ქიმიური იარაღი. ასე ამტკიცებენ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები. და რაც არ უნდა იძახონ სირიამ, რუსეთმა და ირანმა, რომ სირიას ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია, ვინაიდან არ ჰქონდა, არავინ დაიჯერებს. მათ უნდათ, რომ ბაშარ ასადი იყოს დამნაშავე, როგორც პუტინი. უნდათ და რახან უნდათ, ასეც იქნება მათი აზრით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.