ბრიტანეთის რეფერენდუმი და საქართველო
ბატონ გურამ გოგიაშვილისთვის
20 ივნისიდან დაწყებული, 24 ივნისის ჩათვლით, მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე უსერიოზულეს ძვრებს ჰქონდა ადგილი, ისეთს, მრავალი წლის განმავლობაში რომ სერიოზულ გავლენას იქონიებს კაცობრიობაზე. მკითხველი ალბათ გადაჭარბებულად ჩამითვლის ჩემს ვარაუდს, მაგრამ საერთაშორისო ვითარებაში გარკვეული, არა. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი და ტაშკენტში გამართული შანხაის ორგანიზაციის მორიგი სამიტი („შოსი“) არის ის, რაც მაიძულებს გამოვიტანო მსგავსი დასკვნა.
დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმი, ევროკავშირში დარჩენა-გამოსვლასთან დაკავშირებით ისეთი რამ იყო, ყველა რომ ინტერესით ადევნებდა თვალს. ეს, ის შემთხვევა იყო, როდესაც მთელი ევროპა ფიქრობდა ბრიტანეთის გასვლის შესახებ, მაგრამ გულში იმედოვნებდა, რომ ამას ადგილი არ ექნებოდა.
ვარაუდი არ გაუმართლდათ. მიზეზი ბევრია და მისი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. შევეცდები აღვნიშნო მთავარი, რამაც აიძულა ბრიტანელები უარი ეთქვათ ევროკავშირისთვის. სოციალური მდგომარეობა და სუვერენიტეტი – აი ამ ორმა ფაქტორმა გადაწყვიტა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა.
1951 წელს შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის კავშირი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუმანის (Robert Schuman) ინიციატივით. მასში საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქსემბურგი შევიდნენ. შექმნის მიზანი წმინდა ეკონომიკური ხასიათისა იყო, თუმცა წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციამ სახელიც იცვალა და პოლიტიკაც, რასაც უდავოდ აშშ-ა უბიძგეს.
ბოლო 20 წლის განმავლობაში, უკვე ევროკავშირად წოდებულმა ორგანიზაციამ კარდინალურად შეცვალა სტრუქტურა, იერარქიული წყობა და რაც მთავარია პოლიტიკა. ევროკავშირი იქცა ნაკლებად ეკონომიკურ, მეტად პოლიტიკურ ორგანიზაციად – მტკიცე იარაღად აშშ-ს ხელში, რუსეთის წინააღმდეგ. ორგანიზაციამ თავის უპირველეს ამოცანად მიიჩნია არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი სოციალისტური ქვეყნების თავის რიგებში გაწევრება, არამედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისაც.
ცხადია, მათი ევროკავშირში შესვლა სუსტი ეკონომიკისა და განუვითარებული სოციალური ყოფის შედეგად, შეუძლებელი გახდა, მაგრამ დაახლოების მიზნით ასოცირებული წევრობით დაჯილდოებამ უკრაინა, საქართველ და მოლდოვა მიაბა ბრიუსელის კარს. ამ აქტით, სამივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის წასახალისებლად, ისე, როგორც დათვს ცირკში, პირში შაქარი ჩაუდეს და უთხრეს, თუ კარგად მოიქცევით, რუსეთისკენ არ გაიხედავთ და ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებთ – კარსაც გაგიღებთო.
რა იყო და არის ბრიუსელის მიზანი ამ სამთან დაკავშირებით?
რუსეთის გავლენის სფეროდან გაყვანა, მისთვის პრობლემების შექმნა. სწორედ ევროკავშირის ჯიქური პოლიტიკის შედეგად მოხდა სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში, რომელიც ომსა და ქაოსში გადაიზარდა. რომ არა ევროკავშირის ხელმძღვანელობის კატეგორიული განცხადება უკრაინასთან მიმართებაში – ან ჩვენთან უნდა იყოთ, ან რუსეთთანო – უდავოდ არ ექნებოდა ადგილი იმას, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი.
ევროკავშირის დედაქალაქი ბრიუსელი არა მარტო გეოგრაფიულ ცნებად გადაიქცა, არამედ დიქტატორულად ანუ ზეეროვნულ ცნებად. ბრიუსელმა თავი ნამდვილ ერთპიროვნულ მმართველად ჩათვალა და საკუთარი პოლიტიკა თავს მოახვია 28 წევრ-სახელმწიფოს, რითაც ხელყო მათი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება. შემთხვევით არ მოუწოდებიათ ინგლისელ პოლიტიკოსებს ხალხისთვის – ხმა მიეცით დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობასო.
როდესაც ბრიუსელელი მაღალ-დაბალი მოხელეები იღებენ გადაწყვეტილებას 28 სახელმწიფოს ნაცვლად და მათ ხელისუფლებას მხოლოდ კანონის ასრულებას თხოვენ, დიქტატია და მეტი არაფერი. როდესაც ბრიუსელი დიდ ბრიტანეთს, სხვებს საკუთარი საბაჟო სისტემის ფუნქციონირებისთვის საკანონდებლო აქტებს უქმნის და მას (მათ) მხოლოდ შესრულების კონტროლს ავალებს, დიქტატურაა.
როდესაც ბრიუსელი, აშშ-ს ბრძანებით, სანქციებს უწესებს რუსეთს და ყველა წევრ-სახელმწიფოს ავალებს ასე მოიქცეს – დიქტატურაა. როდესაც ევროკავშირის წევრები, თანაც ისეთი წონიანები, როგორებიცაა იტალია, ავსტრია, უნგრეთი, სხვები მოითხოვენ ანტირუსული სანქციების გაუქმებას, ვინაიდან მათ ბევრი იზარალეს ამით და ვერაფერს ხდებიან ბრიუსელთან, დიქტატია. როდესაც ბრიუსელი ავალდებულებს კავშირში შემავალ ქვეყნებს ათეულ-ათასობით ლტოლვილის მიღებას, დიქტატია.
ყოველივე ამან და სხვამ ინგლისელთა მოთმინების ფიალა აავსო, რამაც აიძულა ბრიტანეთის მთავრობა ჩაეტარებინა რეფერენდუმი. ინგლისი ყოველწლიურად იხდიდა ევროკავშირის წევრობის საწევროს 10 მილიარდი ევროს სახით, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა დედოფლის ქვეშევრდომთა შორის. ისინი ხშირად აცხადებდნენ – ვიხდით მონობის ფულსო.
ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ შეაზანზარა მსოფლიო. სრული შესაძლებელია, რომ ბრიტანეთის მაგალითი სხვამაც გაიზიაროს. ასეთები არცთუ ცოტაა. მათთვის უმთავრესი, საკუთარი სუვერენიტეტის და პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოუკიებლობის დაბრუნებაა. რეფერენდუმის შედეგები სერიოზულ გავლენას იქონიებს გერმანიის, საფრანგეთის, სხვა წევრი სახელმწიფოების არჩევნებზე. სრული შესაძლებელია დღევანდელი ხელისუფლების ცვლა.
რეფერენდუმი გავლენას იქონიებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზეც. ევროკავშირისა და ნატოს მოწინააღმდეგე ტრამპს მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდება. ტრამპის გამარჯვებას უდავოდ მოჰყვება დიდი პოლიტიკის ცვლა. ბრიტანეთის რეფერენდუმმა გზა გაუხსნა ახალ აზროვნებას, პოლიტიკურ არენაზე მოვლენების ახლებურ განვითარებას, რაც რევოლუციის ტოლფასია.
საქართველო რახანია ილტვის ევროპისკენ, თუმცა ნაკლები წარმატებით – მიზეზთა გამო. მთავარი მიზეზი სუსტი ეკონომიკაა. არანაკლები სუსტი სახელმწიფოებრიობა, სასამართლო სისტემა, სოციალური სიდუხჭირე და სხვა მრავალი. რაც საქართველოსთვის გაიმეტა ევროკავშირმა – ასოცირებული წევრობაა, ისეთი, როგორიც ლათინური ამერიკისა და ჩრდილო აფრიკის არაერთ ქვეყანას აქვს.
იძლევა თუ არა ასოცირება, წევრობის შანსს? როგორც ბრიუსელმა განგვიმარტა – არა! ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა საკუთარი კანონების ევროპულად გადაკეთება, რაც შრომატევადი საქმეა და წლები ესაჭიროება. ევროკავშირში შესასვლელად საჭიროა ეკონომიკის განვითარება. ეს უფრო შრომატევადი საქმეა და რაც მთავარია ხარჯებთან დაკავშირებული. ეკონომიკას ინვესტიციები ესაჭიროება. ინვესტიციას კი მაძღარი ევროპელი პატარა და არამდგრად ქვეყანაში არ განახორციელებს.
საქართველო არც ერთი პარამეტრით არ აკმაყოფილებს ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს, რაც იცის საქართველოს ხელისუფლებამ, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ხალხს სინამდვილე უთხრას – ტყუილი მოლოდინებით ბერავს. მაინც რატომ კადრულობს ამას ხელისუფლება? უპირველესად იმიტომ, რომ გულის კუნჭულში მასაც სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობის ღირსია, რაც სრული სისულელე და უტოპიაა. და მეორეც, მას სურს ევროკავშირსა და ნატოში შესვლა, ვინაიდან მისი აზრით ქვეყნის ეკონომიკას ბრიუსელს ჩააბარებს, ხოლო თავდაცვას – ასევე ბრიუსელს, ნატოს სახით.
რა სჯობია ამას. გქვია სახელმწიფო, გქვია ხელისუფლება და ეკონომიკა-პოლიტიკა-თავდაცვა სხვას აკისრია. სხვა გიქმნის კანონებს და ქცევის წესებს, შენ კი ხარ განცხრომაში, დასეირნობ ევროპაში, დიდ ხელფასს იღებ, მაგრამ პასუხისმგებლობა სხვისია. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელსაც სახელმწიფოებრიობის ოდნავი განცდა მაინც გააჩნია, ვერ შეეგუება ასეთ „დამოუკიდებლობას“. ვერ შეეგუა დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ეგუება საქართველო – წინასწარ, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებამდე.
რეფერენდუმის დროს არაერთხელ გაიჟღერა ინგლისელ მცირე და საშუალო მეწარმეთა გულისწყრომის გამომხატველმა განცხადებებმა, საკუთარი ნაწარმის ევროპის ბაზარზე შეტანის საწინააღმდეგო ბარიერების თაობაზე. განსაკუთრებული უკმაყოფილება იყო მეთევზეთა მხრიდან. საქართველოს ხელისუფალთა მიხედვით, ევროკავშირის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის.
მაგრამ რა პროდუქციაზეა საუბარი, როდესაც ვერაფერს ამზადებ? რასაც ამზადებ – ღვინოს და მინერალურ წყლებს – ევროპაში უხვადაა, რაც თავისთავად გამოიწვევს მათზე კვოტების დაწესებას. ევროპულ საქონელს კი საქართველოს ბაზარზე შეუზღუდავი ნავარდის საშუალება ექნება, რაც თავისთავად გამოიწვევს თვით ქართულ ბაზარზე კონკურენციას, ადგილობრივი წარმოების დაცემას და ა.შ.
არის თუ არა აკვიატებული ევროპული გზა ქვეყნისთვის გამოსადეგი? ქაღალდზე და ოცნებაში შესაძლებელია, მაგრამ ოცნების რეალობად გადაქცევას ბევრი დრო სჭირდება, შესაძლოა არაერთი თაობა. ამასობაში აღარც ევროკავშირი იქნება და აღარც ნატო.
რა სჯობს, რა გზის არჩევა? ამ კითხვამ, ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ, მეტი აქტუალობა შეიძინა. მსოფლიოში ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოზე ათჯერ მეტი ქვეყანაა და ისინი არცთუ ცუდად ცხოვრობენ. მთავარია ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც ნაცვლად სხვაზე ჩამოკიდებისა, საკუთარ ქვეყანაზე და შრომაზე გაამახვილებს ყურადღებას, აქცენტს გადაიტანს მეზობლებთან ვაჭრობაზე, სადაც ჯერ კიდევ გადის აქაური პროდუქცია. მეზობლების დახმარებით ისეთი ტრადიციული დარგების ამუშავებაზე, როგორებიცაა მეცხოველეობა, მეჩაიეობა, მეფუტკრეობა, მეხილეობა, გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა და სხვა. საკუთარი ნაწარმის ექსპორტისთვის მისწრებაა ევრაზიული კავშირის ბაზარი, სადაც ჩვენნაირი ქვეყნებია გაერთიანეული, სადაც საქართველოს და მის პროდუქციას კარგად იცნობენ.
ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობების დამყარებას ბევრი ქვეყანა ცდილობს, ისე, როგორც „შოს“-თან. ტაშკენტში გამართულმა მორიგმა სამიტმა იმითაც მიიქცია ყურადღება, რომ მასში გაწევრიანდნენ ინდოეთი და პაკისტანი. დღევანდელ „შოს“-ში ბირთვული იარაღის მქონე 4 სახელმწიფოა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და პაკისტანის სახით.
უდიდესია მათი ადამიანური რესურსებიც. არანაკლებია ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული პროდუქტის წარმოების დონეც. ავიღოთ ერთ-ერთი მათგანი – ჩინეთი. ეროვნული პროდუქტის წარმოებით ჩინეთმა 2014 წელს მსოფლიოში პირველი ადგილი მოიპოვა – 17,6 ტრილიონი დოლარი – მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ხოლო აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიხედვით – 18,1 ტრილიონი დოლარი. იმავე ორგანიზაციების მიერ რუსეთი მეხუთე-მეექვსე ადგილზეა გამწესებული 3,6 ტრილიონი დოლარით.
2014 წლის მონაცემებით, ჩინეთმა აწარმოა 2,5 მილიარდი ტონა ცემენტი ანუ მსოფლიო წარმოების 60%; 0,9 მილიარდი ტონა ფოლადი (49%); 0,6 მილიარდი ტონა თუჯი (54%); 3,9 მილიარდი ტონა ქვანახშირი (47%); 1,5 მილიარდი ტონა რკინის მადანი (50%); 24 მილიონი ტონა ალუმინი (46%).
იბადება კითხვა – რისთვის სჭირდება ყოველივე ეს ჩინეთს? – ყველაზე სწრაფი გზების, ცათამბჯენების, ხიდების, რკინიგზის სადგურების, აეროპორტების, ქალაქების, ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად.
2011-დან 2013 წლამდე ჩინეთმა იმდენი ცემენტი დაამზადა, რამდენიც აშშ-ა 100 წლის განმავლობაში. მსოფლიოში 330000 კილომეტრის სუპერ თანამედროვე გზებია, რომელთაგან 112000 კმ ჩინეთშია, 77000 კმ – აშშ-ი; 32000 კმ სწრაფი რკინიგზიდან 15300 ჩინეთშია, აშშ-ი – 362 კმ, რუსეთში – არც ერთი. 2018 წელს დამთავრდება პეკინის აეროპორტის მშენებლობა, რომელიც წლიურად 45 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ჩინეთმა ააშენა ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიგანე 2 კილომეტრია, კაშხლის სიმაღლე 182 მეტრი. სხვა მონაცემების მოყვანაც შიძლება, თუმცა ესეც კმარა.
რამ გამოიწვია 30 წლის წინათ ჩამორჩენილი ქვეყნის, მსოფლიოს პირველ ეკონომიკად გადაქცევა? უპირველესად კერძო და სახელმწიფო სექტორების გონივრულმა შერწყმამ.
ქვეყნის შიდა მოწყობასთან ერთად, ჩინეთმა დაიწყო უცხოეთში ინვესტიციების ჩადება, რომელიც დღევანდელი 744 მილიარდი დოლარიდან 2 ტრილიონამდე გაიზრდება 2020 წლისთვის. სად არ ნახავთ ჩინურ ინვესტიციებს. ჩინეთმა 2009 წლიდან დაიწყო აქტივების ინტენსიური შეძენა აშშ-ი. თუ 2009 წელს ის ამ საქმეში 100 მილიონ დოლარს ხარჯავდა, 2016 წელს – 5 მილიარდს. ჩინეთი აწვდის აშშ-ს სამხედრო მრეწველობას მილიონ დეტალს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩინეთი ავითარებდა რეალურ სექტორს, აშშ-ი კი ზრდიდა საგარეო ვალს, ბირჟებზე სპეკულაციას.
დღევანდელი ამერიკის ექსპორტი, ორჯერ ჩამოუვარდება იმპორტს და საერთო მოცულობით ის არა მარტო ჩინეთს ჩამოუვარდება, არამედ გერმანიას. თუ წინათ აშშ-ში წარმოება იძლეოდა 80% მოგებას, დღეს იძლევა მხოლოდ 50% და ისიც საფინანსო სექტორის წყალობით.
ჩინეთზე ბევრის თქმა შეიძლება, ვინაიდან ფაქტი წარმატებისა სახეზეა. წარმატებული ქვეყნების რიცხვშია ინდოეთიც. „შოს“-ში ამ ორი გიგანტის არსებობა ბევრს ნიშნავს. უპირველესად კი იმას, რასაც ეკონომიკური წინსვლა ჰქვია. მაინც რაოდენ ბრმა უნდა იყოს ხელისუფლება, გვერდით მიმდინარე პროცესები ვერ დაინახოს და ცხრა მთას იქით იმზირებოდეს. ხომ არ დადგა ჟამი ასეთი ხელისუფლების დათხოვნის და რადიკალურად განსხვავებული კურსის ამოქმედების?
20 წელიწადზე მეტია სადღაც მივექანებით, ნაკლები დაფიქრებით და გააზრებით. რა მოგვიტანა მან, სახეზეა – გაპარტახებული ქვეყანა, დაგლახავებული ხალხი. სადამდე უნდა გაგრძელდეს უკომპასო ბოდიალი?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.