ბარაკ ობამას სამხედრო აკადემია „ვესტ-პოინტ“-ში გამოთქმული მოსაზრებები
აშშ-ს სამხედრო აკადემია „ვესტ-პოინტ“-ში პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამოსვლას საყოველთაო მედიური ყურადღება მოჰყვა, მაგრამ არც ისეთი, რასაც თეთრი სახლი და ადმინისტრაცია მოელოდა. დღენახევრის განმავლობაში ამერიკულ-ევროპული ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები თითქმის განუწყვეტლივ აშუქებდნენ პრეზიდენტის გამოსვლას, თუმცა შემდეგ შეწყდა ვიდეო-კადრების ჩვენება, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან როგორც ამერიკულმა, ისე სხვა ქვეყნების საზოგადოებამ ჩათვალა, რომ გამოსვლა იყო პოპულისტური და მისი თეზისების ცხოვრებაში გატარება გაუჭირდება მსოფლიო ჰეგემონს.
მაინც, რა ისეთი ითქვა „ვესტ-პოინტ“-ში, რის განხორციელებაც გაჭირდება? „ვესტ-პოინტ“-ის გამოსვლა ძირითადად აშშ-ს ჰეგემონიზმის განმტკიცების დიდი სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასული საუკუნე აღსანიშნავი იყო მსოფლიო ამერიკული დომინირებით; რომ მსოფლიო პირველობა მიმდინარე საუკუნეშიც გადმოჰყვა აშშ-ს და ასე იქნება მომავალში, ანუ 21-ე საუკუნესა და მომდევნო საუკუნეებში.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ი შეუცვლელი ქვეყანაა; რომ ამერიკული იდეალებისადმი პატივისცემა და, რაც მთავარია, გაზიარება დაამყარებს წესრიგს მთელს მსოფლიოში, ისეთს, როგორიც აშშ-ს სურს.
პრეზიდენტმა რუსეთიც არ დაივიწყა და თქვა, რომ აშშ-ა შეძლო რუსეთისთვის დაენახებინა ძალა, რომელმაც მოახდინა რუსეთის ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის წერტილის დასმა. რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს გვერდში ამოუდგნენ მოკავშირე ქვეყნები და საერთო ძალით აიძულეს რუსეთი აგრესიული ნაბიჯის დამუხრუჭებაში.
„ვესტ-პოინტ“-ის გამოსვლა იმითაა ყურადსაღები, რომ აშშ-ი ისევე, როგორც ადრე, იბრძოლებს ერთპოლუსიანი მსოფლიოს განმტკიცებისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს მრავალპოლუსიანობის იდეის მატარებელ ქვყნებთან პერმანენტულ დაპირისპირებას.
21-ე საუკუნის მეორე დეკადის დასაწყისში აშშ-ს, ერთპიროვნულ მსოფლიო მმართველობას, რომ სერიოზული პრობლემები აქვს გაჩენილი, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ეკონომიკურ-სამხედრო პოტენციალით გაძლიერებული ჩინეთ-რუსეთი, „ბრიკსის“ სხვა წევრების სახელმწიფოები ტოლს არ უდებენ ჰეგემონს და მზად არიან თვალწინ ააცალონ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მოპოვებული პირველობა.
აქვთ თუ არა რუსეთ-ჩინეთს სურვილი ჩაანაცვლონ აშშ-ს მსოფლიო პირველობა? ორი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების სურვილი არ განისაზღვრება ჰეგემონიზმით. არც ერთ მათგანს, არ აქვს მსოფლიო ჟანდარმის როლის შესრულების მიზანი. რასაც ისინი მოითხოვენ – არის მსოფლიო საკითხების პარიტეტულ საფუძველზე გადაჭრა, ურთიერთპატივისცემა და თავშეკავებული ქმედება.
„ვესტ-პოინტ“-მა ნათლად გამოავლინა ის, რომ აშშ-ი არათუ მზად არ არის მსოფლიო თანაბრობისთვის, არამედ პირიქით – მოითხოვს ამერიკული ჰეგემონიზმის დაკანონებას დღეს და მომავალშიც. ერთის შეხედვით, თითქოს მსოფლიო ბატონობას წინ არაფერი ეღობება, ვინაიდან მეტოქეები, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, ჩამორჩებიან აშშ-ს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთის შეხედვით. თვით აშშ-ს სპეციალისტების აზრით, აშშ-ს მთავარი მეტოქე ჩინეთი, 5 წლის შემდეგ მსოფლიოს პირველი ეკონომიკა გახდება და გვერდით ჩააჩოჩებს აშშ-ს.
არანაკლებ პოტენციალს ავლენს ინდოეთი, ბრაზილია, სხვა ქვეყნები. რაც შეეხება რუსეთს და მის სამხედრო ძალას – ერთადერთია, რომელიც სრულ თანაფარდობაშია აშშ-ს სამხედრო მანქანასთან. სწორედ, ეს იწვევს აშშ-ს ადმინისტრაციის შეშფოთებას, ვინაიდან მსოფლიო პირველობის მთავარი გარანტი ძლიერი სამხედრო მანქანაა. სამხედრო მშენებლობის საქმეში მოპოვებული წარმატება მრავლის მეტყველია. სწორედ, ამიტომაც მილიონობით დოლარი იხარჯება როგორც ერთის, ისე მეორის მიერ.
ამ დარგში ყურადღების მოდუნება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. იქმნება ახალი იარაღი, იხვეწება ძველი, ფართოვდება გავლენის სფეროები და იქმნება ახალი სამხედრო ბაზები. სამხედრო ბაზების თვალსაზრისით, აშშ-ს ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში. მსოფლიო ოკეანებში დაცურავენ ამერიკული ავიამზიდები. ნებისმიერი ამერიკული ეკონომიკური წარმატება სამხედრო პოტენციალით არის გამაგრებული. ამ საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებულ სამხედრო ბაზებს.
უკრაინის კრიზისმა ხელ-ფეხი გაუხსნა აშშ-ს სამხედრო გაფართოების გეგმას, განსაკუთრებით ბალტიისპირა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში. აღნიშნულ ქვეყნებში მოსალოდნელია აშშ-ს სამხედრო ბაზების შექმა, რომელთა მთავარი მიზანი რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შეკავებაა.
რუსული სამხედრო პოტენციალის იმპოტენციისკენ არის მიმართული ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების პოლონეთ-რუმინეთში განთავსება. აღნიშნული სისტემების ევროპაში განთავსების წინააღმდეგ რახანია გამოდის რუსეთი. 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსკოვ-ვაშინგტონს შორის ამ საკითხზე, მაგრამ უშედეგოდ. დღეს, მოლაპარაკება შეწყვეტილია, ვინაიდან აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ევროპაში განთავსება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ალასანიას განცხადებამ, გაკეთებულმა აშშ-ი, კიდევ ერთხელ წამოსწია წინ ამ თემის აქტუალობა და დაგვანახა, რომ ქართული პოლიტიკა ან შორს არის „რეალ პოლიტიკისგან“, ან პროვოკაციულია თავისი შინაარსით და შეგნებით. შესაძლოა ამ ორივესთან გვქონდეს საქმე, რაც მეტად სავალალოა, ვინაიდან ორივე შემთხვევაში დაზარალებული სახელმწიფო გამოდის და არა მინისტრი.
ის, რომ საქართველო 2004 წლიდან მოყოლებული, 2012 წლის ოქტომბრამდე, სააკაშვილისა და ნაცების პროვოკაციების გენერატორად იყო მიჩნეული, ფაქტია. ისიც ფაქტია, რა გამოიწვია მსგავსმა პროვოკატორობამ – ტერიტორიების დაკარგვა და დაკარგულზე ორი რუსული სამხედრო ბაზის გახსნა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, თითქოს წერტილი უნდა დასმოდა წინა ხელისუფლების პროვოკაციულ გამოხდომებს, მაგრამ სამწუხაროდ, არ დაესვა, რაც იმის მაუწყებელია, რომ სააკაშვილის ავანტიურისტული პოლიტიკა დღესაც მოქმედებს სრული წარმატებით, რამაც სერიოზული ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას.
აშშ-ი ვიზიტად მყოფმა ალასანიამ, თხოვა მასპინძლებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საქართველოში განლაგების თაობაზე. თხოვა, თუ ათხოვნინეს? არც ერთია გამორიცხული და არც მეორე. სრული შესაძლებელია, ანტირუსულად აქოჩრილმა ამერიკულმა პოლიტიკამ, ათქმევინა მინისტრს „ბრძნული“ სიტყვები – საჰაერო თავდაცვითი სისტემების საქართველოში განლაგების თაობაზე.
უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, აშშ-ს ადმინისტრაცია ყველაფერს იყენებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ალასანიას ნათქვამის ავტორიც თვითონ იყოს. თუმცა არსებობს ლოგიკაც – მტკიცე და შეუვალი – აშშ-ი არ განალაგებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს რუსული სამხედრო ბაზების სამკუთხედში – აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, სომხეთი, ვინაიდან მსგავსი გადაწყვეტილება კრახისთვის არის განწირული. რჩება ერთი რამ – მინისტრის უმეცრება ან განცხადება გაღიზიანებისთვის.
არც ერთია გამორიცხული და არც მეორე. დავუშვათ და ვაშინგტონი გაგიჟდა და დადგა თავისი სისტემები საქართველოში, ვინ მოემსახურება მას? უპირველეს ყოვლისა ამ საქმეში გაწვრთნილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები. ანუ იქ, სადაც ეს სისტემა განლაგდება, ქართველი სამხედროს ჭაჭანება არ იქნება. საქართველო იქნება გეოგრაფიული ტერიტორია, უფრო სწორად, პოლიგონი. ამერიკელი სამხედროების საქართველოში გამოჩენა ნიშნავს სამხედრო ბაზას, რაც უაღრესად გამაღიზიანებელი იქნება რუსეთისთვის.
ბოლოდროინდელ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ წინააღმდეგია უკრაინა-საქართველოს ნატოში შესვლის. და ასეთ დროს ანტისარაკეტო სისტემები საქართველოში?!
სულ ახლახანს, აშშ-ა ამცნო მსოფლიოს ჰავაის კუნძულებზე სახმელეთო ბაზირების სისტემა Aegis გამოცდის თაობაზე. სწორედ ეს სისტემა, იმავე დასახელების საზღვაო სისტემებთან ერთად, განთავსდება რუმინეთსა და პოლონეთში და შექმნის რაკეტსაწინააღმდეგო ქოლგას. შედეგი – ვაშინგტონი შეძლებს დაიჭიროს კონტინეტთაშორისი რუსული ბალისტიკური რაკეტები ფრენის დაწყების სტადიაში. აღნიშნული სისტემის წარმატებულმა გამოცდამ რეალური გახადა ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რეალიზაცია.
თერთმეტი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს გამოცდები, დაიხარჯა 800 მილიონი დოლარი. ამჟამად არსებობს Aegis სისტემები – ხმელეთზე და სამხედრო გემებზე ბაზირების. ორივე შემთხვევაში მოქმედებს დამჭერი რაკეტები SM-3. სახმელეთო Aegis ერთდროულად აქვს 24 რაკეტა. მომავალში შესაძლებელია რაკეტების რაოდენობის გაზრდა.
ეს სისტემა განთავსდება რუმინეთის სამხრეთით დევესელუს სამხედრო ბაზაზე. რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსდება 24 რაკეტსაწინააღმდეგო SM-3. პოლონეთში განთავსდება 24 სისტემა, ქალაქ სლუცსკის სიახლოეს. რუმინეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ამოქმედდება 2015 წელს, პოლონეთში – 2018 წელს. 48 რაკეტა არის ნაწილი სისტემებისა, რომლებიც განთავსდება ევროპაში. ამას ემატება აღნიშნული რაკეტების მატარებლები 13 საბრძოლო გემი.
აშშ-ა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში უკვე განალაგეს 5 სამხედრო ბაზა. მათი დანიშნულება ძირითადად რუსული სარაკეტო სისტემების განეიტრალებაა, ანუ ვიდრე კონტინენტშორისი რაკეტა, გაშვებიდან ნელ-ნელა ადის ჰაერში და იწყებს დიდი სისწრაფით ფრენას.
რას მისცემს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა აშშ-ს? უპირველესად, რუსული ბალისტიკური რაკეტების ფრენის დასაწყისში განეიტრალებას და საპასუხო დარტყმის განხორციელებას. რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებში უპირატესობის მოპოვება ნიშნავს რუსული ბალისტიკური კონტინენტშორისი რაკეტების სრულ იპმოტენციას და საბოლოო ჯამში ქვეყნის დამარცხებას, თანაც ყოველგვარი ომის გაჩაღების გარეშე.
ომის წარმოება აზრს დაკარგავს, ვინაიდან ფრენის დაწყების პროცესში განადგურებული ბალისტიკური რაკეტა, მიზანს ვერ მიაღწევს, ხოლო მოწინააღმდეგე, რომელიც გაანეიტრალებს მას, შეძლებს პირველი დარტყმის განხორციელებას და რუსული სამხედრო ობიექების განადგურებას.
რას მოიმოქმედებს რუსეთი? უპირველეს ყოვლისა, ყველა იმ ობიექტის მიზანში ამოღებას, სადაც განლაგებული იქნება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. კულმინაციურ მომენტში მათი სხვა რაკეტებით განადგურება იქნება მისთვის ნომერ პირველი ამოცანა. გარდა ამისა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო მშენებლობაში დასაქმებულმა რუსმა მეცნიერებმა შეძლეს ისეთი დამკვრელური ბალისტიკური რაკეტის შექმნა, რომელიც გადალახავს რაკეტსაწინააღმდეგო ამერიკულ ქოლგას და გაანადგურებს მიზანში ამოღებულ ობიექტებს.
როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები მზად არიან ახალ-ახალი გამოგონებებით მიიპყრონ ერთმანეთის ყურადღება. საკმარისი იქნება, რომელიმე მათგანის ოდნავი ჩამორჩენა, რომ სამხედრო ძალთა ბალანსი დაირღვეს. დარღვევა კი, როგორც ეშმაკის მაცდური ძალა, ისე იმოქმედებს ორივეზე, რამაც შეიძლება მსოფლიო კატასტროფა გამოიწვიოს. ორივე მხარის მიერ დაგროვილი იარაღი, მათ შორის ბირთვული, სრულიად საკმარისია დედამიწის არაერთხელ განადგურებისთვის.
და ყოველივე აღნიშნული მსოფლიოს პირველობისთვის. „ვესტ-პოინტ“-ში წარმოთქმული სიტყვა სწორედ ამ გეგმის მაუწყებელია, ანუ იმისა, რომ 21-ე საუკუნეშიც აშშ-ი იბრძოლებს ჰეგემონის პოზიციების შენარჩუნებისთვის, ანუ იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო თვალებში შესციცინებდეს აშშ-ს, იზიარებდეს მის ნებისმიერ მოწოდებას, იყოს ისეთივე იდეალების მატარებელი, როგორიც თვითონ არის.
მაგრამ ცხოვრება იცვლება, მასთან ერთად იცვლება არა მარტო პატარა ქვეყნების დამოკიდებულება ერთმანეთთან და დიდ ქვეყნებთან, არამედ დიდთა ერთმანეთთან დამოკიდებულება. მართალია, აშშ-ი ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს მსოფლიო ჟანდარმის პოზიციებს, მაგრამ მხოლოდ ჯერ-ჯერობით.
უჭირთ სხვა დიდებს ამერიკული დიქტატის ატანა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ერთად შეკრულნი, ყველაფერს იღონებენ ჰეგემონის ამბიციების მოთოკვისთვის, საბოლოო ჯამში მისი განეიტრალებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვით ისინი აღმოჩნდებიან მარად მორჩილი სახელმწიფოს როლში. ის, რომ მსგავსი პერსპექტივა სულაც არ ხიბლავთ ჩინეთს, რუსეთს, ირანს, სხვებს, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ამერიკა მუდამ პირველობას აპირებს; რომ ის წინააღმდეგია მრავალპოლარული მსოფლიოს; რომ ის უძლეველი იმპერიაა და ასეთად დარჩება მრავალი ათეული წლის, საუკუნის განმავლობაში.
კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე არაერთი იმპერიის აღმოცენებას, განვითარებას და დაქცევას ჰქონდა ადგილი. მარტო რომის იმპერია რად ღირს. ყველა მათგანს თავი მარადიულად წარმოედგინა, რამაც გამოიწვია სრულიად საწინააღმდეგო ძვრები.
თვალი შევავლოთ სპარსეთის, ჩინეთის, თუნდაც რუსეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, განვლილ ქარტეხილებს, ომებს, ნგრევას და აღმშენებლობას. სწორედ განვლილმა ცხოვრებამ ასწავლა მათ ის, რომ მარადიული მსოფლიო ბატონობა ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც მარადიული ბედნიერება.
ხანმოკლე ისტორიის მქონე ახალგაზრდა ამერიკა, განვითარების ზენიტში მყოფი, ვერაფრით ითავისებს იმპერიული მარადისობის აბსურდულობას, რაც მის სრულ ისტორიულ გამოუცდელობაზე მეტყველებს. მაგრამ ერთია, დიდი ქვეყნის, თანაც ჰეგემონის გამოუცდელობა და აქედან გამომდინარე ამბიციები, და მეორეა, სხვათა ისტორიული გამოცდილება და სურვილი ჰეგემონის შეჩერებისა. ამ საქმეში ძალთა ბალანსი ჰეგემონის საწინააღმდეგო მხარეს არის გადახრილი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.