ახალი სამიზნე – ირანი
ბატონ გურამ გოგიაშვილს
საერთაშორისო სარბიელზე შექმნილი ვითარება გავარვარებულ ტაფაზე მოშიშხინე ხორცს წააგავს, წამიც და რომ დაიწვება. კულმინაციური მომენტები ელვის სისწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს. ის-ის იყო ჩრდილო კორეასთან გამიზნული ომი, ძლივძლიობით სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩარჩოებში მოექცა, ახალმა წამოჰყო თავი. თუმცა ირანთან დაკავშირებულ საკითხებს ახალს ვერ დავარქმევთ. ის ძველია, 1979 წლიდან მომდინარე, ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ.
შაჰის ირანი – აშშ-ს მოკავშირე და როგორც ამბობენ, მის მიერ ახლო აღმოსავლეთში ჟანდარმად გამწესებული, რევოლუციურმა ირანმა – აიათოლების მმართველობამ ჩაანაცვლა – შესაბამისი მსოფმხედველობითა და პოლიტიკით. ირანის შაჰის მუჰამედ რეზა ფეჰლევის დამხობისთანავე, დაემხო აშშ-ს გავლენა ამ ქვეყანაზე და არა მარტო გავლენა, არამედ ყველა სახის, მათ შორის დიპლომატიურიც.
საკმაო დრო გვაშორებს ირანის ისლამური რევოლუციიდან, მაგრამ ცვლილება ამერიკა-ირანის ურთიერთობაში ისეთივე უცხო და წარმოუდგენელია, როგორც წყალი მთვარეზე. რაც წარმოსადგენია და რასაც ადგილი აქვს – არის ღია თუ დახურული მტრობა, უმეტესად აშშ-ს მხრიდან.
წლების განმავლობაში აშშ-ა მილიონობით დოლარი დახარჯა ანტიირანული გამოხდომებისა და პროპაგანდის საქმეში. მან არც ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე თქვა უარი, პირიქით რამდენჯერმე აიძულა გაეროს უშიშროების საბჭო მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. გაეროს სანქციებს თავისიც დაუმატა, გარდა ამისა აიძულა მოკავშირე ევროპის სახელმწიფოები მოქცეულიყვნენ ისე, როგორც აშშ-ი. შედეგი – სავალალო.
ირანმა, იზოლირებულმა და დასავლეთის მხრიდან დაწიხლულმა, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით შეძლო ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რეგიონში თითით საჩვენებელი სახელმწიფოს აშენება. ცხადია, დასავლურმა ეკონომიკურმა სანქციებმა ხელი შეუშალა ირანს განვითარებაში, მაგრამ აიძულა ირანელი, ტვინი და ხელი გაენძრია თავის გადასარჩენად, ქვეყნის წელში გასამართად.
80-მილიონიანი ირანი – სტაბილური მმართველობითი სტრუქტურით, განვითარებული მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, განათლების სისტემით, სამხედრო მშენებლობით, რეგიონის ის ქვეყანაა, რომელსაც ავტორიტეტული სიტყვა ეთქმის. მის ნათქვამს ყურადღებით უსმენენ არა მარტო ახლო აღმოსავლეთში.
ირანი სერიოზულ როლს ასრულებს ტერორიზმთან ბრძოლაში – გაცილებით მეტს, ვიდრე აშშ-ი და მის მიერ შექმნილი კოალიცია – 64 ქვეყნის შემადგენლობით. დიდია ირანის გავლენა სირიასა და ერაყში, სადაც ირანი რუსეთთან ერთად, პირისპირ ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“, სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს. შედეგიც სახეზეა, რაც თავისთავად უარყოფითად აღიქმება როგორც ისრაელში, ისე აშშ-ი, ევროკავშირში.
სირია-ერაყში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ, მოსალოდნელია სხვა პოლიტიკური ცხოვრების დაწყება. რამდენად არის შესაძლებელი ირანის მიერ საომარი მოქმედებების დროს ჩაშვებული ფესვების განმტკიცება სირია-ერაყში, ძნელი სათქმელია.
ვითარების ბუნებრივობა გვეუბნება რომ ის, ვინც სირია-ერაყში სისხლი ღვარა, მშვიდობიან ცხოვრებაში დაფასებული იქნება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ირანს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ერაყ-სირიის ხელისუფლებებთან, რაც ევროატლანტიკური სივრცისთვის ერთობ დისკომფორტულია. განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს აშშ-ს ადმინისტრაცია, რაც არ არის გასაკვირი. მან ხომ მილიარდობით დოლარი დაახარჯა ერაყ-სირიის ავანტიურას?!
როგორი ასატანია, ომი გააჩაღო და საბოლოო ნაყოფი სხვამ, ამ შმთხვევაში ირანმა, მოიწიოს?!
აშშ-ს ყოფილი ადმინისტრაციები დარწმუნებული იყვნენ, რომ ერაყსა და სირიაში სწორედ მათ ეთქმოდათ სიტყვა, ისინი უნდა ყოფილიყვნენ ნებისმიერი საკითხის მომწესრიგებლები, განსაკუთრებით ენერგეტიკის. წლების განმავლობაში ირანი აქტიურად მოქმედებდა ერაყსა და სირიაში. მჭიდრო კავშირებს ამყარებდა იქ მცხოვრებ შიიტებთან, პოლიტიკურ წრეებთან.
აშშ-ს ადმინისტრაციამ ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო ისეთ თემას, როგორიც მუსლიმური სულიერებაა, მითუმეტეს შიიტური. ამ სულიერი სამყაროსთვის ამერიკული პოლიტიკა მუდამ თავსმოხვეული, უცხო იქნება ირანულთან შედარებით – სულით-ხორცამდე ღვიძლთან. ერაყ-სირიისთვის თანამედროვე ირანი მარტო სულიერება როდია. ის არის ეკონომიკურ-ფინანსური დახმარება, სამხედრო პოტენციალი, სხვა „ის“, რითაც „დიდი“ მომხიბლველია.
ირანის პოზიციებს ზურგს უმაგრებს რუსეთთან ურთიერთობა, კარგი დამოკიდებულება ჩინეთთან, რომელიც სულ უფრო ეფექტურად ერთვება ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. ასე რომ, ირანი მარტო არ არის, ასეთი კი შემაშფოთებელია, როგორც ვაშინგტონის, ისე ბრიუსელისთვის, რაც სულ ახლახანს გამოვლინდა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაში. ის, რომ ირანი აშშ-ს მტერი და ტერორიზმის „დამხმარე“ ქვეყანაა, ტრამპი წელიწადზე მეტია ლაპარაკობს. ლაპარაკობს იმაზეც, რომ აშშ-ი დატოვებს შეთანხმებას, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს, გერმანიასა და ირანს შორის პრეზიდენტ ობამას დროს ხელმოწერილს, თუ ის ძირფესვიანად არ გადაკეთდება. ტრამპი იმასაც აცხადებს, რომ ირანის გაჯიუტების შემთხვევაში გამორიცხული არ არის ძალისმიერი მოქმედებაც.
ერთი სიტყვით, ჩრდილო-კორეულმა მილიტარისტულმა კულმინაციამ ირანისკენ გადმოინაცვლა – დაახლოებით იგივე რიტორიკით, რასაც კორეასთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი. როდესაც აშშ-ს მმართველობის საჭესთან ისეთი ბიზნესმენ-„პოლიტიკოსია“, როგორიც ტრამპი, მილიტარისტული ნაბიჯი გამორიცხული არ არის.
მარტო სირიის 2-ჯერ დაბომბვა რად ღირს. მართალია ორივეჯერ რუსეთის სამხედრო კონტიგენტს არაფერი შეხებია, მაგრამ არც ეს იყო გამორიცხული. მფრინავ რაკეტას, რაც არ უნდა „ჭკვიანი“ უწოდო, რკინაა და არვინ იცის ფრენისას როგორ შეიცვლის კურსს, რასაც ჰქონდა კიდევაც ადგილი.
ტრამპი – ირანთან საომრად დამუხტული, მარტო არ არის, მას აგულიანებს მრჩეველი სიძე კუშნერი, ორთოდოქსი იუდეველი, უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ბოლტონი, თავდაცვის მდივანი მეტისი და სახელმწიფო მდივანი პომპეო. რეაქციონერთა უკეთეს გუნდს ვერ ინატრებს კაცი. ეს, ის ბოლტონია, პრეზიდენტ ბუშს რომ ურჩია ერაყში ომის გაჩაღება.
ზემომოყვანილს, ცეცხლზე ნავთს ასხამს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, რომელმაც ძველი ამბავი ახლად გაასაღა და მსოფლიოს ელექტრონული მედიის საშუალებით გვაუწყა, რომ ირანი ყველას ატყუებს და მიუხედავად ხელშეკრულებისა, ფარულად აწარმოებს ბირთვულ იარაღს.
ტელეკომპანიებმა BBC-მ, CNN-მა, Euronews-მა, სხვებმა ნეთანიაჰუს სიუჟეტი პირველ ნომრად გაუშვეს, რასაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მოჰყვა ტრამპის განცხადებაც – ხელშეკრულებიდან გამოსვლის თაობაზე (თუ არ შეიცვლება ხელშეკრულება).
ნეთანიაჰუ-ტრამპის სინქრონულ განცხადებას რომ წინასწარ მომზადებულის სუნი ასდიოდა – ფაქტია, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც ვერ ერკვევა ახლო აღმოსავლეთის, განსაკუთრებით ირანის საკითხებში, ნეთანიაჰუს „სენსაციური განცხადება“ სინამდვილედ აღიქმება. ამ ფონზე ატომური ენერგიის მაკონტროლებული ორგანოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება უფრო თავის მართლებას ჰგავს. მან თქვა, რომ ნეთანიაჰუმ ძველი ვიდეო-მასალა გამოიყენა, რაც სრულიად არ შეეფერება დღევანდელობას.
ეს ორგანიზაცია სისტემატურ მონიტორინგს უწევს ირანის კვლევით ლაბორატორიებს და პირნათლად შეუძლია განაცხადოს, რომ ირანი ასრულებს ხელშეკრულების მოთხოვნებს. იგივეს ამბობენ ხელშეკრულების ხელმომწერი რუსეთი, ჩინეთი, ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია.
ვაშნგტონში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა მერკელმა განუცხადეს ტრამპს, რომ პრეტენზიები არ აქვთ ირანთან – თუმცა არც ის გამორიცხეს, გაუმჯობესების მიზნით გადახედონ ხელშეკრულებას. რაც შეეხება სირია-ერაყში და ახლო აღმოსავლეთში ირანის პოლიტიკას, სამივენი შეთანხმდნენ, რომ არის მიუღებელი და ნეგატიური.
ევროკავშირის მიხედვით, ირანთან დადებული ხელშეკრულება პოლიტიკურია და შეცვლას არ საჭიროებს. მაშ რა აღელვებს ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს?
ირანის პოზიციების განმტკიცება სირია-ერაყში, რაც მას შესაძლებლობას აძლევს ფეხი მოიკიდოს ხმელთაშუა ზღვის აუზში. ირანი ძალაა და მისი ხმელთაშუა ზღვაში მუდმივი ყოფნა ნაკლებად მისაღებია მათთვის. თუ ამას დავუმატებთ რუსეთის სამხედრო ბაზებს სირიაში და მის თანამშრომლობას ირანთან, ევროატლანტიკური სივრცისთვის ერთობ არასახარბიელო ვითარებაა შექმნილი. და ის, რაც რამდენიმე წლის წინათ იყო დაანონსებული, რეალობად შეიძლება იქცეს. მაშინ ახლოაღმოსავლური პრესა წერდა სამხედრო წვრთნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ რუსეთს, ჩინეთს, ირანს და სირიას.
სავარაუდო წვრთნები მასშტაბური შეიძლება ყოფილიყო. მასში მონაწილეობა უნდა მიეღო 90 000 ჯარისკაცს, 400 თვითმფრინავს, ათას ტანკს, ასობით რაკეტას, მაგრამ მაშინ წვრთნები არ გაიმართა, თუმცა, თუნდაც არშემდგარმა, მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა აშშ-ს ადმინისტრაციაზე. ეს იყო თავისებური გაფრთხილება კვარტეტის მხრიდან, რომ აშშ-ს ქმედებას ახლო აღმოსავლეთში მკაცრი თვალი გააკონტროლებს და მას არ მისცემს საშუალებას ისე იპარპაშოს, როგორც ადრე.
ჩინეთის გამოჩენა ახლო აღმოსავლეთში, მეტადრე სირიაში, გასაკვირი არ არის. სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ ორგანიზაციაში ჩინეთის სინცზიან-უიგურის ავტონომიის ექსტრემისტებიც იღებდნენ მონაწილეობას. პეკინი შეშფოთებულია მათი ანტიჩინური მოქმედებით თვით ჩინეთში, ამიტომაც ჩინელი ძალოსნების გარკვეული რაოდენობა ისლამისტ ტერორისტებსაც ებრძოდა სირიაში და მათ დამხმარე უიგურებსაც.
პეკინს აშფოთებს ვაშინგტონის პოზიცია უიგურ რადიკალებთან მიმართებაში. მათი იარაღით დახმარება და პეკინის წინააღმდეგ მიმართვა. სინცზიან-უიგურის ავტონომიურ რეგიონში სეპარატისტული განწყობის გაღვივება ის დასავლური მზაკვრული ნაბიჯია, რასაც თავისუფლად შეუძლია ცეცხლი შეუნთოს ჩინეთის სტაბილურობას.
რუსეთის აქტიურმა ჩარევამ სირიაში შედეგი გამოიღო ანუ წყალი შეუყენა დასავლურ გეგმას, რომელიც გამიზნული იყო სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დასამხობად და მის ნაცვლად პროდასავლური რადიკალების ქვეყნის სათავეში მოსაყვანად. სირია უნდა გადაქცეულიყო რადიკალური ისლამის დიდ საწვრთნელ ბაზად, საიდანაც აფრენილი ტერორისტები კურსს აიღებდნენ ჩეჩნეთისკენ და სინცზიან-უიგურის ავტონომიისკენ.
რუსეთის ტელესივრცეში ხშირად გვსმენია საყვედური პუტინის მიმართ, რომ რუსეთს არაფერი ესაქმება სირიაში და მან იქაურობა უნდა დატოვოს. სირიაში ომი დასასრულს უახლოვდება, რაც შეუძლებელი იქნებოდა რუსეთის ჩარევის გარეშე.
აშშ-ა დაკარგა სირია, მაგრამ ის ამ მარცხს ვერ ეგუება, ამდენად ეძებს საბაბს შეაბრუნოს ვითარება სირიაში. ამისთვის იდგმება სპექტაკლი – ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელშიც ბრალს დებენ როგორც ასადს, ისე პუტინს და ირანს.
გულუბრყვილო და საქმეში ნაკლებად ჩახედულ მსოფლიო საზოგადოებას იმ „ჰუმანიზმით“ კვებავენ, რასაც ვითომ აშშ-ი და მისი მოკავშირეები ავლენენ სირიელი ხალხის მიმართ. არადა, სინამდვილეში სწორედ აშშ-ი და მისი მოკავშირეები არიან იმ შვიდწლიანი ტრაგედიის ავტორები, რასაც სირიაში აქვს ადგილი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი