აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

სანქციების თემა ჩვენი მკითხველისთვის არახალია. მისი სულისჩამდგმელი აშშ-ი ბეჯითად იყენებს ამ სადამსჯელო ოპერაციას მრავალი ათეული წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. საბჭოთა კავშირსა და კუბის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ შემოღებული სანქციები შავი ასოებით არის ჩასაწერი გინესის რეკორდების წიგნში, თუმცა ავტორს ნაკლებად ადარდებს სხვათა ნეგატიური დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლის მიმართ. მთავარია მოწინააღმდეგის დათრგუნვა, დაჩოქება და ისეთი ზეგავლენის მოპოვება, სანქცირებულმა რომ სანქციების ავტორის ყველა ბრძანება შეუსრულოს.

სანქციები არაფრით ჩამოუვარდება ომს, ვინაიდან შედეგი არცთუ განსხვავებულია. თუ ომი დიდ მსხვერპლს იწვევს, თანაც სწრაფს, ეკონომიკური სანქციები შედარებით ნაკლები მსხვერპლით გამოირჩევა, მაგრამ მსხვერპლი არის – დროში გაწელილი, სანქციების შედეგად გამოწვეული დუხჭირი ცხოვრების გამო.

და არა მარტო. სანქციები იწვევს სანქცირებულის აღელვებას, ბუნტს – შიდა დაპირისპირებას ანუ დუხჭირი ცხოვრების შედეგად ხალხის გულისწყრომის ზრდას საკუთარი ხელისუფლების მიმართ.

თანამედროვე ისტორიის გაკვეთილებმა არაერთხელ შეგვახსენეს სანქციების ძალა და გავლენა მოსახლეობის სხვადასხვა ფენებზე. ასე რომ, აშშ-ის პოლიტიკოსთა განცხადება – ეკონომიკური სანქციები, სანქცირებული ქვეყნის მოსახლეობის საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებისთვის არ არის მოწოდებული, მტკნარი სიცრუეა.

თანამედროვე ამერიკა არა მარტო თვით უწესებს სანქციებს მეტოქეებს, არამედ მოკავშირეებსაც აიძულებს იგივეს და არა მარტო მათ, არამედ ბიზნესსაც. მაგალითად, ირანის წინააღმდეგ შემოღებული ამერიკული სანქციების ფრანგული, გერმანული ან სხვა ქვეყნის ბიზნესის მიერ უგულებელყოფა და ირანთან ბიზნესურთიერთობების გაგრძელება, გამოიწვევს ამერიკულ ბაზარზე მოქმედი იმავე ბიზნესის დასჯას.

კუბა ნახევარ საუკუნეზე მეტია იმყოფება მძიმე ამერიკული სანქციების ქვეშ, მაგრამ შედეგი ისეთი, რაც ვაშინგტონს მოაწყობს, მიღწეული არ არის. ანუ აშშ-ა ვერ გატეხა კუბელები და ვერ აამხედრა ისინი კასტროს კომუნისტური წყობის წინააღმდეგ. ცხადია, კუბას უჭირს ეკონომიკურად, სოციალურად, მაგრამ არა სულიერად.

სხვა ვითარებაა ირანში – 80-მილიონიან ქვეყანაში, სადაც საკუთარი მრეწველობა, განათლების სისტემა, მეცნიერება, სოციალური ყოფა გაცილებით უკეთ არის წარმოდგენილი, ვიდრე კუბაზე. სანქციები ამ ქვეყნისთვის ახალი რამ არ არის. ამერიკული „საჩუქრებით“ ის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ „გაანებივრეს“. ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას დიდი თავის მტვრევა არ დაუწყია გზის გასაკვალად. მან ჩათვალა, რომ სანქციები პერმანენტული და ხანგრძლივია და დაიწყო ყველაფრის შინ წარმოება.

თანამედროვე ირანი სამაგალითო ქვეყანაა იმ რეგიონში, სადაც ის მდებარეობს. ეს ქვეყანა მდიდარია ენერგომატარებლებით – გაზითა და ნავთობით, სხვა წიაღისეულით, რომლითაც ის ვაჭრობს. სწორედ ენერგეტიკა აღმოჩნდა სანქციების ძირითად სამიზნედ. აშშ-ა მოუწოდა მოკავშირე ქვეყნებს მიბაძონ მას და გაიზიარონ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციები.

ცხადია, ახალი სანქციები – ძველთან ერთად, შეაფერხებს ირანის ეკონომიკურ განვითარებას, მაგრამ ვეჭვობ, რომ მან ხალხი გამოიყვანოს ქუჩებში, ხელისუფლების შესაცვლელად. აშშ-ის პოლიტიკოსები აღარ მალავენ, რომ ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მიმართულია რევოლუციისკენ და ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობისკენ.

სანქციების ერთ-ერთი და მთავარი სამიზნე რუსეთია. რახანია ეს ქვეყანა სანქციების შემოტევას იგერიებს და როგორც ხელისუფლება აღნიშნავს, მადლიერიც არის სანქციური შეტევისა, ვინაიდან სანქციებმა აიძულეს რუსეთი ხელი გაენძრია და იმპორტულის ნაცვლად საკუთარი წარმოების პროდუქციით დაეკმაყოფილებინა ბაზარი.

არ გამართლდა ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების გათვლები – სანქცირებული რუსეთის დაჩოქების თაობაზე. რუსეთმა გაუძლო დასავლურ შემოტევას და ეკონომიკური წინსვლაც მოახერხა. დასავლური მონაცემების მიხედვით, ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოებით რუსეთის მონაცემებმა 1.5-დან 1.8%-ი შეადგინა. სამომავლო გათვლებიც დამაიმედებელია.

რუსეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოებით დიდით ვერაფრით გამოირჩეოდა და იმპორტზე იყო დამოკიდებული. დღეს – ექსპორტიორია. რუსეთი თავის ხორბალსა და მარცვლეულს 140 ქვეყანაში ყიდის. საექსპორტოდ გააქვს საქონლის და ქათმის ხორცი, თევზი, სხვა პროდუქტები.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების უცხოეთში გაყიდვით შემოსული ვალუტა აჭარბებს სამხედრო იარაღით ვაჭრობიდან შემოსულ მილიარდებს. სოფლის მეურნეობაში მოპოვებულმა წარმატებამ, განსაკუთრებით ხორბლის დარგში, ისე დააფრთხო აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ სერიოზული მსჯელობა გააჩაღა სოფლის მეურნეობის განვითარების შესაფერხებელი სანქციების შემოსაღებად.

როგორც ჩანს, სანქციებმა ვერც ეკონომიკური ვითარება გააუარესა რუსეთში და ვერც რუსეთის მოსახლეობა დარაზმა პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა ვაშინგტონი შტამპავს და შტამპავს ცხელ-ცხელ სანქციებს – ხან ჯაშუშ სკრიპალის ვითომ მოწამლასთან დაკავშირებით, ხან ყირიმის „მიტაცების“ გამო, ხან დონბასში შექმნილი ვითარებისთვის, ხან კიბერთავდასხმებისთვის.

მოკლედ, არ ილევა საბაბი, მაგრამ რუსეთი დგას იმდენად მყარად, რომ პუტინის პირით აცხადებს – ერთად დააწესეთ ყველა სანქცია, რაც თავში მოგივათ, დროს ნუ წელავთ – ჩვენ გავუძლებთ შემოტევასო.

სანქციების თემამ ჩინეთამდეც მიაღწია, რამაც არა მარტო ჩინეთზე, არამედ მსოფლიოზე, მათ შორის აშშ-ზეც იმოქმედა. საკითხი ვაჭრობას ეხება. აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ორი ქვეყნის ვაჭრობით ჩინეთი მეტს იგებს, ვიდრე აშშ-ი. აქედან გამომდინარე ა.წ. ივლისში აშშ-ა 25%-იანი გადასახადი დააწესა ჩინეთის 818 სახის საქონელზე, რომელიც აშშ-ს ბაზარზე შედის. საერთო ჯამში მან წლიურად 34 მილიარდი დოლარი შეადგინა.

პეკინმა უყოყმანოდ უპასუხა ანუ მანაც დაუწესა ამერიკულ საქონელს გადასახადი. აგვისტოში აშშ-ა ახალი სანქციები დააწესა, რამაც 16 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამაზეც შესაბამისი რეაქცია მიაყოლა ჩინეთმა. სექტემბერში აშშ-ა ახალი სანქციები დაუწესა ჩინეთს „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობისთვის, რაც გულისხმობს ჩინეთის მიერ „СУ-35“ საბრძოლო თვითმფრინავებისა და სარაკეტო სისტემა С-400 -ის შეძენას.

ვაშინგტონის ქმედება მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის საგარეო უწყებამ, მინისტრის მოადგილის პირით: „ამერიკული სანქციები ნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების უხეშ დარღვევას“, – განაცხადა მან.

საკითხი ამ განცხადებით არ ამოიწურა, მას სხვაც მოჰყვა. „რუსეთ-ჩინეთის ერთიანი ძალისხმევა იძლევა აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების დაძლევის შესაძლებლობას“, – თქვა კომერციის მინისტრის მოადგილე ფუ ძინმა.

ასე, რომ აშშ-ის ძალისხმევით მივიღეთ სამი სანქცირებული ქვეყანა რუსეთ-ჩინეთ-ირანის სახით, რომლებიც რახანია ერთმანეთთან წარმატებით თანამშრომლობენ. მაგალითად, რუსეთ-ირანი სირიაში ტერორიზმთან ომში; რუსეთმა ირანში ააშენა ატომური ელექტროსადგური; აშენებს ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მე-2 ბლოკს. დასრულებულია ირან-აზერბაიჯან-რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზა, რომელსაც საავტომობილო გზასთან ერთად დიდი წვლილის შეტანა შეუძლია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ტვირთების ევროპაში შეტანაში. ამ გზით უკვე ისარგებლა ჩინეთმა.

რუსეთის პრეზიდენტის ინდოეთში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ აღნიშნული გზით ინდოეთის პროდუქციის ტრანსპორტირებაზე. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა მრავალმხრივია – ენერგეტიკიდან დაწყებული, სამხედრო წვრთნებით დამთავრებული. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ორი ქვეყნის ლიდერს შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკაში.

7 სექტემბერს თეირანში ვიზიტის დროს ქვეყნის მეთაურ აიათოლა ხამენეისა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის გამართული საუბრისას მასპინძელმა ბრძანა: „რუსეთ-ირანს შეუძლიათ აწარმოონ ორმხრივი თანამშრომლობა გლობალურ საკითხებში. ერთ-ერთი საკითხი არის აშშ-ის შეჩერება, ვინაიდან ის არის საფრთხე კაცობრიობისთვის და ამერიკული სანქციების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა“.

მჭიდრო თანამშრომლობაა ჩინეთსა და ირანს შორის. სულ ახლახანს ნიუ-იორკში, გაეროს 73-ე ასამბლეის მსვლელობის დროს, გაიმართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის შეხვედრა ირანელ კოლეგა ჯავად ზარიფთან, რომლის დროსაც მათ განაცხადეს, რომ გააღრმავებენ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ამერიკის ზეწოლის მიუხედავად და დოლარული სისტემის გვერდის ავლით.

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრმა ადმირალმა ალი შამხანიმ თქვა შემდეგი: „რუსეთთან და ჩინეთთან ვაპირებთ მოლაპარაკებას აშშ-ს ზეწოლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავებისთვის“.

წამოიწყო რა სავაჭრო ომი რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან – აშშ-ი არა მარტო თითოეული მათგანის მიერ კონტრპასუხს მიიღებს, არამედ ერთიანი ფრონტით განხორციელებულ შეტევას, როგორც გეოსტრატეგიული, ისე გეოეკონომიკური თვალსაზრისით. და მას ვერ შეაჩერებს აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის, ცნობილი ირანოფობის ჯონ ბოლტონის ნათქვამი:

„თუ თქვენ ჩვენს გზას გადაკვეთთ, აგრეთვე ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორებისა, თუ თქვენ ავნებთ ჩვენს მოქალაქეებს, თუ თქვენ გააგრძელებთ ტყუილებს, ფარისიველობას – ნამდვილად შეგიქმნით ჯოჯოხეთს და თქვენ მოგიწევთ დიდი ფასის გადახდა“.

ამას ეუბნებიან ირანს, რომლის ნავთობის გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა ბოლო 4 თვის განმავლობაში შეადგინა თითქმის 10 მილიარდი დოლარი, რაც 61%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ქვეყანა ყოველდღიურად ყიდის 2,3 მილიონ ბარელ ნავთობს. ირანის ნავთობის ტრადიციული მყიდველებია: ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა. ირანის ნავთობის ექსპორტის 60%-ი ამ ქვეყნებში მიდის, 40% კი – ევროპის ქვეყნებში.

აშშ-ი მოუწოდებს საუდის არაბეთს გაზარდოს ნავთობის მოპოვება, რაც თავისთავად დაწევს ნავთობზე ფასებს. თუ ნავთობზე ფასების კლება დაფიქსირდება, აშშ-ის ადმინისტრაციის აზრით, ირანის ბიუჯეტი ვერ მიიღებს ისეთ შემოსავალს, როგორიც დღეს აქვს. გარდა ამისა, აშშ-ი მოუწოდებს ირანის ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს შეამცირონ ირანიდან ნავთობის შესყიდვა და ეს მაშინ, როდესაც თვით ვაჭრობს ირანთან.

2008 წლის ივლისში აშშ-ირანის სავაჭრო მოცულობამ ნავთობის სფეროში შეადგინა 60,7 მილიონი დოლარი, საერთო ვაჭრობამ 156 მილიონი დოლარი, რაც ნიშნავს 6-ჯერ ზრდას გასული წლის ივლისთან შედარებით.

უკრძალავს რა საკუთარ მოკავშირეებს ირანის ნავთობის, გაზის და სხვა ნავთობპროდუქტების შეძენას, თვითონ ზრდის ვაჭრობას ამ ქვეყანასთან.

ანგარიშის მიხედვით, ირანში შეტანილმა ამერიკულმა საქონელმა გადააჭარბა 36 მილიონ დოლარს და მიუხედავად ამისა აშშ-ი ემზადება ირანისთვის ახალი სანქციების დასაწესებლად ნავთობით ვაჭრობის სფეროში. როგორც ჩანს ირანი, რუსეთი, ჩინეთი ამ ღონისძიებას მომზადებული შეხვდებიან.

ტრამპმა, ირანი პრეზიდენტობამდე აითვალწუნა, აკრიტიკებდა რა მას წინასაარჩევნო პერიოდში. კრიტიკა პრეზიდენტობის დროსაც გააგრძლა. ასე იყო ჩრდილო კორეასთან მიმართებაშიც, თუმცა ვითარება კარდინალურად შეიცვალა ტრამპისა და კიმ ჩენ ინის (ჩრდილო კორეის ლიდერის) შეხვედრის შემდეგ. იქნებ, ირანის გამეტებული ლანძღვა ტრამპისეული ტაქტიკის ნაყოფია?

კითხვები მრავალია. პასუხები არ ჩანს. ერთადერთი ვარაუდი რაც არის – ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებაა, რომელსაც ა.წ. ნოემბერში ექნება ადგილი. და თუ ეს მოხდა, ნავთობზე ფასები უფრო მეტი იქნება, ვიდრე დღეს, ისედაც გაზრდილთან შედარებით (ერთი ბარელი 86 აშშ დოლარია).

ნავთობზე ფასების ზრდას უმალ იგრძნობს მსოფლიო და მათ შორის ჩვენც. საკუთარი ნავთობიმპორტიორების წყალობით ბენზინზე ფასების სისტემატურმა ზრდამ გადაჭამა მოსახლეობა, რამეთუ საწვავის გაძვირება ავტომატურად იწვევს თითქმის ყველფერზე ფასების მატებას – წამლებზე, კვების პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საქონელზე, მომსახურეობაზე და ა.შ.

ინდოეთში ვიზიტის დროს რუსეთ-ინდოეთი შეთანხმდნენ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის C-400-ის გაყიდვა-შესყიდვაზე. რას მოიმოქმედებს აშშ-ი? დაუწესებს ის სანქციებს ინდოეთს, მის გამორჩეულ სავაჭრო პარტნიორს? თუ დაუწესებს, გაუარესდება მათი ურთიერთობა. თუ არა – რა დააშევეს სხვებმა, რომლებსაც აშშ-ა ემუქრება სანქციებით?

საკუთარი დაუფიქრებელი პოლიტიკით აშშ-ა ჩიხში ექცევა, ამასთანავე მსოფლიოს დიდი დილემის წინაშე აყენებს. რამდენ ხანს გააგრძელებს ის ასეთ პოლიტიკას?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი