ყველას, ყოველთვის მოტყუება შეუძლებელია
ბატონ გურამ გოგიაშვილს
„მცირე ხნის განმავლობაში ბევრი ადამიანი შეიძლება მოატყუო, ნაკლები – ხანგრძლივ პერიოდში, მაგრამ ყველას, ყოველთვის მოტყუება შეუძლებელია“. ამ გამონათქვამს აშშ-ის პრეზიდენტს რუზველტს მიაწერენ, ზოგიც სხვას, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვის ეკუთვნის, მთავარია სიბრძნე, ჩადებული მასში.
კურილიის კუნძულების კუთვნილების თემამ კვლავ წამოსწია ძველი ისტორია და მასში მონაწილე პოლიტიკოსები. კვლავ გაიჟღერა გენერალისიმუსის სტალინის სახელმა, არანაკლებად ხრუშჩოვის, რომლის „ხელგაშლილობამ“ მძიმე კვალი დაამჩნია არა მარტო ისტორიას, არამედ თანამედროვეობასაც. „ლიბერალი“ ხრუშჩოვის გეგმა იყო მარტივი – ნგრევა ყოველივე იმის, რაც საბჭოეთმა შექმნა, მითუმეტეს წინამორბედის სახელის წაბილწვა.
1956 წლიდან დაწყებული, დღემდე რუსეთისა და მსოფლიოს საზოგადოებას საზარელ ამბვებს უყვებიან „პირსისხლიანი“ საბჭოთა დიქტატორის სტალინის შესახებ, რაც აშკარა დამადასტურებელია ხრუშჩოვის მიერ ჩათესილი ცრუ ისტორიის უკვდავების. თუმცა მიუხედავად ამისა, ინტერესი სტალინის მიმართ არ მცირდება, პირიქით იზრდება, ვინაიდან ზემოთ მოყვანილი გამოთქმისა არ იყოს – ყოველთვის ყველას ვერ მოატყუებ.
შეუძლებელია დამალო ის, რასაც გაკეთებული საქმე ჰქვია. ასეთი კი უამრავია ყოფილი საბჭოთა კავშირისა თუ სოციალისტური ქვეყნების წიაღში. მათი არსებობაც ხომ მის სახელს უკავშირდება, რომელსაც ვერანაირი ძალისხმევით, ფალსიფიკაციით ვერ გაანადგურებ. და როდესაც მავანი, ლიბერალი რუსი, უცხოელი თუ ქართველი ამას ვერ ახერხებს, სიძულვილის ენით ცდილობს შეურაცხყოს.
იყენებენ ისეთ ხერხებსაც, როგორიც ქილიკი, დაცინვა და იუმორია, განსაკუთრებით რუსულ და უცხოურ კინემატოგრაფიაში, ვიდეო-კლიპებში და ა.შ. შედეგი? – საწინააღმდეგო, რაზეც რუსეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებიც მეტყველებს. ძნელია დაუჯერო რეჟისორის მიერ შეთხზულ კომიკურ გმირს, როდესაც დოკუმენტურ კინოფირზე აღბეჭდილ მხედართმთავარს უყურებ – 1941 წლის ნოემბრის მოსკოვის ისტორიულ პარადზე.
მაინც რა შინაგანი ძალა, სიმტკიცე უნდა ჰქონოდა საბჭოთა მეთაურს, რომ ყოველგვარი აღელვების გარეშე ჩაეტარებინა სამხედრო პარადი ფაშისტური ურდოებისგან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ წითელ მოედანზე.
ამ დოკუმენტურმა კინოფილმმა „ოსკარის“ პრემია დაიმსახურა, ხოლო მისმა იდეურმა სულისჩამდგმელმა – ლანძღვა-გინება და რუსეთის ტელეარხებზე ჩვენებისას ტრიბუნაზე მდგომი გენერალისიმუსის არ ჩვენება.
სტატიის მიზანი არ არის უდიდესი ისტორიული პერსონაჟისთვის ხოტბის შესხმა. ხოტბა მას დიდი ხანია შეასხა საბჭოთა და მსოფლიოს ხალხებმა – ფაშიზმის განადგურებისთვის. სტატიის მიზანია იმ არაობიექტურობის გაბათილება – ნაწილობრივ მაინც, რასაც ადგილი აქვს რუსულ, უცხოურ თუ ქართულ მედიაში.
სულ ახლახანს რუსეთში ჩატარდა გამოკითხვა ამ ქვეყნის აეროპორტებისთვის ცნობილი რუსი ისტორიული პერსონაჟების სახელების მინიჭების თაობაზე. დასახელებულთა შორის იყო ყველა – პეტრე დიდიდან დაწყებული, ცნობილი მხედარმთავრებით, მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით დამთავრებული, რომლებმაც სახელი გაუთქვეს რუსეთს და დიდი წვლილი შეიტანეს მის განვითარებაში.
სტალინის სახელი არვის უხსენებია. როგორც ჩანს გამოკითხვის ორგანიზატორებმა თავიდანვე გააფრთხილეს ხალხი, რომ სტალინის სახელი არ ეხსენებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი, რომელიც ყველა გამოკითხვაში სტალინს პირველობას ანიჭებს, არც ამჯერად დაივიწყებდა მის სახელს.
დაივიწყა ხელისუფლებამ და გარკვეულმა პოლიტიკურმა წრეებმა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას მარშალ ჟუკოვს უკავშირებს და მასთან ერთად საბჭოთა ხალხს. ისტორიას არ ახსოვს ხალხის მტერზე გამარჯვება მეთაურის გარეშე.
მიუხედავად ამისა სტალინის პოპულარობა იზრდება. სოციოლოგების მონაცემების მიხედვით, სტალინმა დაიკავა პირველი ადგილი ყველაზე სახელოვან რუსთა შორის. მისმა რეიტინგმა 60%-ი შეადგინა. ერთ-ერთ რადიოეთერში ჩატარებული გამოკითხვით მსმენელთა 75% განაცხადა, რომ სტალინს დადებითად იხილავს.
ლიბერალებისთვის ლახვარის ჩაცემის მაგვარი იყო ქ. ეკატერინბურგში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. მასში სტალინმა პირველი ადგილი დაიკავა. და ეს ხდება რუსეთის პირველი პრეზიდენტის ელცინის მშობლიურ ქალაქში, სადაც ელცინის მემორიალში მომუშავეთა უდიდესი უმრავლესობა ლიბერალურად განწყობილი მოხელეები არიან. მათთან მჭიდრო კავშირი აქვს დამყარებული იქ არსებულ აშშ-ის საკონსულოს.
ელცინ-ცენტრის ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის თაობაზე არაერთხელ აღინიშნა ცნობილი კინორეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის სატელევიზიო გადაცემა „ბესოგონში“. სწორედ ამ ცენტრის წარწერა გვამცნობს, რომ „დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირმა ხალხის გმირობის წყალობით გაიმარჯვა და არა პარტიისა და ხელისუფლების წინამძღოლობით“.
ქვემოთ მოვიყვან რამდენიმე მაგალითს მიღწევებისა, რასაც ადგილი ჰქონდა სტალინის ეპოქაში. 1913 წელს რუსეთის იმპერიის წვლილი მსოფლიო ეკონომიკაში თუ 3.6% შეადგენდა, 1950 წელს მან 6.9% შეადგინა. 1949 წელს საბჭოთა კავშირი მეორე ბირთვული სახელმწიფო გახდა, ხოლო 1954 წელს შექმნა წყალბადის ბომბი.
1913 წელს მეფის რუსეთში საცხოვრებელი ფონდი თუ 180 მილიონ კვ.მეტრს ითვლიდა, 1958 წელს – 953 მილიონი შეადგინა. 1913 წელს 10000 კაცზე ორი ექიმი მოდიოდა, 1940 წელს ექიმთა რაოდენობა 5.5-ჯერ გაიზარდა. მე-20 საუკუნის ოციან წლებში სწორედ საბჭოეთში იქნა შემოღებული ჯანდაცვის პოლიკლინიკური სისტემა. 1958 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 68 წელს შეადგინა, მაშინ, როდესაც საუკუნის დასაწყისში 32-ს.
სტალინს სურდა არჩევნებში ალტერნატივის შემოღება ანუ ერთ ადგილზე რამდენიმე კანდიდატურის დასახელება. ამ მოსაზრებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რაზეც ცკ პლენუმის საარქივო მასალებიც მიგვანიშნებს. პლენუმზე ასეთი კითხვაც დასვეს – „ასე ხომ უმაღლეს საბჭოში მღვდლებსაც აირჩევენ“, რაზეც სტალინმა უპასუხა – „თუ რომელიმე რეგიონში ასე გადაწყვეტს ხალხი, ადგილობრივი პარტიული ხელმძღვანელობის უნიათობით, დაე იყოს ისე, როგორც ხალხი გადაწყვეტს“.
ლიბერალები ხშირად გაიძახიან რეპრესიების შესახებ. განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ტუხაჩევსკისა და სხვა სამხედროების დასჯაზე. ისტორიკოსების მიხედვით, ტუხაჩევსკი და მისი მიმდევრები ტროცკის მსოფლიოს რევოლუციის იდეებით იყვნენ დაავადებულები. ისინი სამხედრო გადატრიალებას გეგმავდნენ. მათი აზრით, წითელი არმია უნდა დახმარებოდა მსოფლიო რევოლუციებს, რისთვისაც საბჭოთა კავშირს წლიურად 40000 თვითმფრინავი უნდა დაემზადებინა, ხოლო გამოდნობილი ფოლადის ნახევარი ტანკების წარმოებისთვის უნდა გამოეყო. სტალინმა ტუხაჩევსკის „წითელი მილიტარისტი“ შეარქვა.
საარქივო მასალებზე მომუშავე ისტორიკოსებისთვის ცნობილია „დემოკრატი“ ხრუშჩოვის წერილობითი მიმართვა სტალინისადმი, სადაც ის ითხოვს ხალხის მტრების ლიმიტის გაზრდას და მათ წითელ მოედანზე საჯარო დასჯას. მიმართვაზე სტალინი შემდეგ რეზოლუციას ადებს – „გონს მოდი, სულელო!“
საბჭოთა რეპრესიებზე ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა ნობელის პრემიის ლაურეატის სოლჟენიცინის რომანებს. მწერალი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს რუსეთში და არა მარტო, მაგრამ მის შემოქმედებას ეჭვქვეშ აყენებს პოლიტოლოგი სერგეი კურგინიანი. ის თვლის, რომ სოლჟენიცინის ნაწარმოებების გამოყენება, როგორც ისტორიულის არ შეიძლება.
„არსებობს ისტორიკოსების მიერ გამოკვლეული ციფრები, რამდენი კაცი შეეწირა რეპრესიებს, სამოქალაქო ომს – 2 მილიონი. სოლჟენიცინის ციფრი 100 მილიონი – ბოდვაა და ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მამაჩემი ერვანდ კურგინიანი ისტორიკოსი იყო და ხშირად სვამდა კითხვას – რას აკეთებდა სოლჟენიცინი არქივებში. შემდეგ აღმოაჩინეს თვით სოლჟენიცინის ნაწერში, რომ არქივებში არ უმუშავია. სოლჟენიცინის შემოქმედება მეცნიერული ფანტაზიაა. მასში არ არის სინამდვილე. ასე, რომ სოლჟენიცინის როლი ჩვენს ისტორიაში ძალიან პრობლემატურია“.
კურგინიანის მიხედვით, სოლჟენიცინის ფანტაზიას ხალხში უნა გამოეწვია არასრულფასოვნების შეგრძნება და დაერწმუნებინა ის, რომ მსგავსი საშინელება არსად სხვაგან არ მომხდარა. „მაგრამ ეს ხომ ტყუილია. აშშ-ი სამოქალაქო ომი გაცილებით უფრო სასტიკი იყო. იქ, ამასთან დაკავშირებით არ უყვართ ლაპარაკი, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი განადგურდა. რეპრესიები იყო ესპანეთში, მექსიკაში, სხვაგან. სოლჟენიცინს, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი მოვლენები მსოფლიოს ანალოგიური მოვლენების კონტექსტში განეხილა საწინააღმდეგოს აკეთებს, თითქოს მსგავსს მსოფლიო ისტორიაში არ ჰქონია ადგილი. მას სურდა საბჭოთა კავშირის სახით ისეთი ურჩხულის შექმნა, რომელიც აფერხებდა ხალხის განვითარებას. ჩვენ გვინდა, რომ ეს ფანტაზიები შეწყდეს“ – წერს კურგინიანი.
რუსული მედია, ლიბერალებით გაჯერებული, ზედაპირულად უყურებს კურგინიანის მოსაზრებას და არა მარტო მედია, პოლიტიკური ელიტაც. არადა თანამედროვე რუსეთი სტალინის მიერ შექმნილ ფუნდამენტზე დგას. მისთვის საძირკვლის ნგრევა სისტემის და ქვეყნის ნგრევის ტოლფასი იქნება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი