31.10.2024

ღირდა თუ არა რუსეთისთვის ესოდენ დიდი რისკის გაწევა სირიაში?

ერთ კვირაზე მეტია რუსეთის ავიაცია ბომბავს სირიის იმ ტერიტორიებს, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“, სხვა ტერორისტული, ანტიასადური ძალებია განლაგებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიათავდასხმების შედეგად განადგურებულია ტერორისტთა მომზადების ბანაკები, იარაღის საწყობები, ტერორისტთა მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. საჰაერო თავდასხმების შემდეგ დაიწყო სირიის სამთავრობო არმიის სახმელეთო შეტევა. ტერორისტებისგან განთავისუფლდა მთელი რიგი დასახლებული პუნქტები.

შეტევა გრძელდება, ისე, როგორც საჰაერო თავდასხმები და უნდა ვიმედოვნოთ, რომ წარმატება მიღწეული იქნება, მაგრამ … აი, ეს „მაგრამ“ არის ის, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის გარეთ, ვინაიდან ყველას აინტერესებს საჰაერო თავდასხმების ხანგრძლივობისა და სახმელეთო შეტევის დასრულების ვადა. ცხადია, შეტევის ხანგრძლივობის წინასწარ გათვლა არცთუ იოლია, მრავალ მიზეზთა გამო, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში, როგორც შეტევის ორგანიზატორის, წარმოუდგენელია უვადო ოპერაციის გაშლა.

უვადო ოპერაცია, უპირველესად თვით რუსეთისთვის არის წამგებიანი ყველა პარამეტრებით, როგორც სამხედრო, ისე ფინანსური და იმიჯის თვალსაზრისით. გაჭიანურებული სამხედრო ოპერაცია უდავოდ დააკნინებს რუსეთის ავტორიტეტს; გააუარესებს ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას; თვით ქვეყნის შიგნით ნოყიერ ნიადაგს შექმნის ლიბერალური ძალებისთვის, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგნი არიან არა მარტო სირიის პროცესში პირდაპირი ჩართვის, არამედ აშშ-ნ, საერთოდ დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობის გაუარესების.

რუსეთის საჰაერო იერიშმა არა მარტო დასავლეთის ქვეყნებთან გააუარესა დამოკიდებულება, არამედ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის სახელმწიფოებთანაც. მხედველობაშია მისაღები ისიც, რა პირობებში დაიწყო რუსული იერიში – უკრაინაში მიმდინარე ანტირუსული პროცესები და აქედან გამომდინარე ანტირუსული პოლიტიკა, წარმართული აშშ-ს და მისი მოკავშირეების მიერ. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები დიდი ბარიერი იყო სირიაში იერიშის საწინააღმდეგოდ. მაგრამ რუსეთი ვერ შეაკავა ყოველივე აღნიშნულმა და განახორციელა ის, რაც დიდი რისკის, თავგანწირვის შემცველია.

სირიაში საჰაერო ომის დაწყება მარტო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წამოწყებული ომი ხომ არ არის? იერიში შეიცავს აშშ-ზე, მის მოკავშირეებზე იერიშსაც, ცხადია გადატანითი მნიშვნელობით. სირიის იერიშმა კიდევ უფრო დარაზმა აშშ-ს, ნატოს, საუდის არაბეთის, არაბული საამიროების, ყატარის, თურქეთის რეაქციული ძალები რუსეთის წინააღმდეგ. ყველა მათგანი გულისწყრომასა და აღშფოთებას ვერ მალავს რუსეთის ქცევით და ამ დროს გაჭიანურებული საჰაერო იერიშები.

ყველას კარგად მოეხსენიება, რომ საჰაერო იერიშები მაშინ აღწევს შედეგს, როდესაც მას სახმელეთო შეტევა მოჰყვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აშშ-ს და მის მიერ შექმნილი “კოალიციის”. ისინი ხომ ერთ წელიწადზე მეტია ბომბავენ ტერორისტების პოზიციებს. რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განცხადებით, სახმელეთო ოპერაციაში რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას. მაშ, რისი ან ვისი იმედი აქვს რუსეთს?

მარტო სირიის სამთავრობო არმია, დასუსტებული 4-წლიანი ომით, საკმარისი არ არის. იქნებ ლიბანში არსებული გასამხედროებული ორგანიზაცია „ჰესბოლა“, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა სამხედრო ნაწილები, ქურთული შეიარაღებული ძალები „პეშმერგა“, ერაყის არმია, მოხალისე სირიელთა ძალები, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილი ბაშარ ასადის მიმართ?

გამორიცხული არაფერია, მითუმეტეს, როდესაც უკვე მოქმედებს საკოორდინაციო შტაბი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში რუსეთის, ირანის, ერაყის, სირიის შემადგენლობით. თუ მართლაც მოხდა აღნიშნული ძალების მობილიზაცია და ერთ მუშტად შეკვრა, რაოდენობის (400000) და სამხედრო საქმის ცოდნის თვალსაზრისით, ისინი აღემატებიან „ისლამურ სახელმწიფოს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს: “ჯებხად ან-ნუსრას“, „ჯეიშან ალ-ფათიხს“, „ჯეიშან ალ-ისლამს“, „ახრარ აშ შამს“.

რა მნიშვნელობა აქვს სირიას რუსეთისთვის და ღირს თუ არა რუსეთის ავტორიტეტის სასწორზე შემოდება სირიისა და მისი პრეზიდენტის ბაშარ ასადის გამო?

ახლო აღმოსავლეთის ურთულეს მოვლენებში გათვითცნობიერებულთა მიხედვით, უდავოდ ღირს. რუსი ლიბერალების მიხედვით – არა.

ბაშარ ასადის დაცემის შემთხვევაში რუსეთი არა მარტო სამხედრო-საზღვაო პორტ ტარტუსს კარგავს, არამედ მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონს და მეტნაკლებ გავლენას, რაც მას აქვს იქ. ახლო აღმოსავლეთიდან რუსეთის გამოსვლა ნიშნავს ენერგეტიკულ ანუ ეკონომიკურ მარცხსაც.

სირიის ამჟამინდელი ხელისუფლების დაცემის შემთხვევაში გზა გაეხსნება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მოსისხლე მტრებს საუდის არაბეთსა და ყატარს. ეს უკანასკნელი რახანია იღვწის სირიის ტერიტორიის გავლით ევროპისკენ გაზსადენის მშენებლობისთვის. გეგმა ბაშარ ასადის ნეგატიურმა პასუხმა ჩაშალა, თუმცა საბოლოოდ თუ არა, სირიაში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს.

რას ნიშნავს ყატარის გაზსადენი (სირიის გავლით) რუსეთისთვის? რუსული გაზის მონოპოლიის დასრულებას ევროპაში. გაზის მარაგების მიხედვით, ყატარი მოწინავეა მსოფლიოში და თუ ის აიღებს თავის თავზე ევროკავშირის გაზით მომარაგებას, თანაც რუსეთის გაზთან შედარებით, შეღავათიან ფასებში, რუსეთის გაზის ექსპორტს ევროპაში უსერიოზულესი პრობლემები შეექმნება.

ცნობილი ფაქტია, რომ სწორედ საუდის არაბეთის, ყატარის, არაბული საამიროების და რაც მთავარია მათი დიდი მოკავშირისა და ჭკუის დამრიგებლის აშშ-ს წყალობით, განხორციელდა ნავთობზე ფასების კატასტროფული დაწევა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკას.

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის და მისი ხელისუფლების გადარჩენა, „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების, სხვა ტერორისტული ჯგუფების განადგურება თავისთავად გამოიწვევს ყატარული პროექტის სამარადისო დასამარებას, ვინაიდან სირიაში ბუდემოშლილი ტერორისტები თავს, საუდის არაბეთში (უმთავრესად) შეაფარებენ, იმედით – იქნებ იქ შექმნან ნანატრი „ისლამური სახალიფო“.

თუ საქმეში ჩახედულ ექსპერტებს დავუჯერებთ, „ისლამური სახელმწიფოს“ საუდის არაბეთში გადაბარგება უდავოდ გამოიწვევს არა მარტო მონარქიის მასთან დაპირისპირებას, არამედ ფუნდამენტს შეურყევს ყატარს, რომელიც როგორც სალ საყრდენს, ისე აღიქვამს საუდის არაბეთს.

მხედველობაშია მისაღები რელიგიური ფაქტორიც. ამჟამად სუნიტი ტერორისტების წინააღმდეგ იბრძვიან შიიტური ირანი, შიიტური ერაყი, შიიტური „ჰესბოლა“. საუდის არაბეთში არეულობის დაწყებასთან ერთად თავს წამოყოფს ამ ქვეყნის საგრძნობი შიიტური მოსახლეობა, რომელიც უდავოდ იტყვის თავის სიტყვას, რაც ნიშნავს შიიტებით დასახლებული რაიონების ჯიზიანისა და ნაჯრანის საუდის არაბეთისგან გამოყოფას და ისტორიულ სამშობლო იემენთან შეერთებას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ იემენში სამოქალაქო ომი მძვინვარებს ხუსიტებისა (შიიტებს) და სახელისუფლებო ძალებს შორის, რომელსაც მხარს უჭერს საუდის არაბეთი, ბომბავს რა ხუსიტების პოზიციებს. საუდის არაბეთის ჯარი დგას ბაჰრეინში, რომლის შიიტური მოსახლეობა რახანია იბრძვის სუნიტური მმართველობის წინააღმდეგ.

„ისლამური სახელმწიფოს“ საუდის არაბეთში დაბანაკება ამ მონარქიის დაქუცმაცების სრულ საფუძველს შექმნის. საუდის არაბეთის შიდა პრობლემები თავისთავად იმოქმედებს ნავთობის ფასების ზრდაზე 150-200 დოლარამდე (ბარელზე).

არანაკლებ მძიმე დღეში აღმოჩნდება ყატარიც, ვინაიდან შიდა დაპირისპირება გამოიწვევს გაზზე ფასების მატებას.

საბოლოო ჯამში, ამ რეგიონში სრულიად განსხვავებული პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ენერგეტიკული ვითარება შეიქმნება, რაც უდავოდ გამოიწვევს აშშ-ს მრავალწლიანი ბატონობის დასრულებას ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში.

რუსეთის წარმატებულმა სამხედრო ოპერაციამ, ირანთან, ერაყთან, სირიასთან, „ჰესბოლასთან“, ირანის დახმარებით, ხუსიტებთან და ბაჰრეინელ შიიტებთან ერთად, ისეთი ენერგეტიკულ-პოლიტიკური ვითარება შეიძლება ჩამოაყალიბოს ახლო აღმოსავლეთში, უარესს რომ ვერ იფიქრებდა აშშ, ნატო, ევროკავშირი – ნავთობსა და გაზზე ფასების დაწესებიდან დაწყებული, პოლიტიკური გავლენით დამთავრებული.

ღირდა თუ არა რუსეთისთვის ესოდენ დიდი რისკის გაწევა? უდავოდ ღირდა. ჯერი კოორდინაციაზეა ანუ რამდენად შეხმატკბილებულად იმოქმედებენ რუსეთი, ირანი, ერაყი, სირია. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ირანის გაწვრთნილ სამხედრო ძალებს და მის სახმელეთო მოქმედებას სირიაში და თუ ეს განხორციელდა, წარმატებაც არ დაახანებს.

სირიის ომი, მარტო სირიის ომი არ არის, ის ახლო აღმოსავლეთის ომია. ომი პოლიტიკური, ომი ენერგეტიკული, ომი ეკონომიკური და რაც მთავარია ომი აშშ-ს და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი უდგას სათავეში. მისი გამარჯვების შემთხვევაში კარდინალურად შეიცვლება ომისშემდგომი 70-წლიანი ამერიკული ჰეგემონიზმი, ერთპოლუსიანობა, დემოკრატიული მრავალპოლუსიანობით, რაც მისასალმებელია.

ოფიციალური რუსეთი სირიულ იერიშს, იქ მებრძოლი, რუსული წარმოშობის ჯიჰადისტებით ხსნის. რუსეთს სურს მათი განადგურება საკუთარი საზღვრებიდან შორს, სირიაში. ჯიჰადისტების რუსეთში დაბრუნება უდავოდ შეუქმნის ამ ქვეყანას სერიოზულ პრობლემებს. ოფიციალური განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლა ლამის წმინდა საქმედ არის აღქმული, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა საკითხები, რომელიც სირიულ ეპოპეას ეხება.

ზემომოყვანილი წინასწარმეტყველება ზოგს ვირტუალურად შეიძლება მოეჩვენოს. რა გაეწყობა, ეს მათი საქმეა, მაგრამ ვგონებ ანალოგიურად შეიძლება აზროვნებდეს კრემლი, თუმცა საჯაროდ ის ამერიკასა და დასავლეთს კორექტურად ეპყრობა, უწოდებს რა მათ „პარტნიორებს“, ქალაქ სოჭში საუდის არაბეთისა და არაბული საამიროების მაღალჩინოსნებს შესაბამისი პროტოკოლური მასპინძლობით ხვდება. ამას მოითხოვს საერთაშორისო არენაზე არსებული დიპლომატიური წესები, რომლის უკან ბევრი რამ იმალება, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკა.

სირიული მოვლენები, მასში რუსეთის აქტიური ჩართვით, ისეთი შანსია ნახსენები წინასწარმეტყველების რეალურად ქცევისთვის, რომ არც ერთი პოლიტიკური მოღვაწე უარს არ იტყოდა მათზე. ამისთვის საჭიროა თანმიმდევრობა და რისკი. კასპიის ზღვის აკვატორიიდან სირიისკენ ნასროლი ფრთოსანი რაკეტები სწორედ იმ რისკის ნაწილია, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა გადადგა. სრული შესაძლებელია სხვა რისკსაც ჰქონდეს ადგილი ანუ ახლო აღმოსავლეთში პირველობის მოპოვებისთვის ბრძოლას.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.